Tuesday, July 6, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 114)

114. 
- დე, რატომ არის მამა, ყველაზე კარგი მოწმე? 
- რაა? - მიმი გამოფხიზლდა. - რატომ არ გძინავს?
- ჩუკიმ რომ თქვა, ფიფო მაინც ყველაზე კარგი მოწმეაო? 
- რა ვიცი. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- აბა მაშინ, ის ვინც მამას დაეხმარა, ის უფრო კარგი მოწმე არ გამოდის? 
- ალბათ. - წაიჩურჩულა მიმიმ. 
- იქნებ, მხოლოდ ბოლო მომენტში მიუსწრო? 
- ჰო, ალბათ. - ნამძინარევი ხმით მიუგო მიმიმ. - დაიძინე დეე. 
- ჰო, ალბათ. - წაილუღლუღა ბავშვმაც და თვალები მილულა. 
მიმის სადღაც ძილღვიძილში მოაგონდა, დიმეოსთვის, ჯერ კიდევ, წინა დღეებში, იმ ძველ ლურჯ ლეპტოპზე რომ უნდა ეკითხა, მაგრამ სულ გაწამაწიისა და გადარბენაში მყოფს, არც კი ახსენდებოდა. 
ბოლოს სტუმრების წასვლას უცადა. შესაფერისი მომენტი იყო საჭირო, რომ ასეთი ჭკვიანი და გონიერი ბავშვისთვის, ფრთხილად შეეპარებინა კითხვა და ბიჭსაც, სრული სიმართლე უნდა ეთქვა. 
დიმეო, სულაც არ იყო ბოროტი ბავშვი, მაგრამ მიმი ამჩნევდა, ბიჭი უფრო და უფრო, გულჩათხრობილი და სერიოზული ხდებოდა და ზოგჯერ, საკმაოდ მიამიტი სახით, ისე ტყუოდა, რომ წესიერად, ვერც კი გამოიჭერდი. 
აშკარა ტყუილზე, მიმი საყვედურობდა და დიმეო, არც თავს იმართლებდა და არც გრძნობდა თავს, დამნაშავედ. თითქოს მისთვის, სულ ერთი იყო, გამოიჭერდნენ თუ არა. 
არც ის ტყუილები იყო, დიდი სერიოზული დანაშაული, თუმცა მიმის, მაინც სწყინდა და ბრაზობდა. 
აი, თუნდაც დიმეო, წესიერად არც კი ისაუზმებდა და დედას კი დიდ მადლობას ეტყოდა, ძალიან გემრიელი იყოო. იმ საუზმეს კი ჩუმად ახვევდა და ჩანთით მიჰქონდა გარეთ. ან ძილი ნებისას უსურვებდა დედას, მერე მთქნარებით ავიდოდა საძინებელში, თავსაც მოიმძინარებდა, მაგრამ ღამით გვიან, ან რაღაცას იწერდა, ან რაღაცას კითხულობდა, ეს უკვე მაშინ, როცა დედამ, კატეგორიულად აუკრძალა საძინებელში ლეპტოპისა თუ მობილურის შეტანა. 
არ იყო, ეს ბოროტი ტყუილები, მაგრამ მაინც ტყუილი იყო და მიმი სწორედ იმაზე ბრაზობდა, რომ ბავშვი, ასე უნამუსოდ ტყუოდა და თვალებში ისე უყურებდა, არც კი ახამხამებდა. 
და საკუთარი შვილის თვალებში ღრმად ჩახედვა კი, თვითონ მიმისაც აკრთობდა, რადგან სწორედ ეს ის თვალები იყო, რამაც ერთ დროს, ასე მოხიბლა და თავგზა ისე აუბნია, რომ... 
„უჰ, გახსენებაც კი არ მინდა და არც იმის გაფიქრება, რომ დიმეო... 
არა! არა! 
არ დავუშვებ მაგას!“ 
სადღაც შორს, ვიღაც კლავიშებს შეეხო. ადრეული გაზაფხულის გრილმა ნიავმა კი, აკორდების ხმა, მიმის ღია ფანჯრებში შემოუბერა. 
მიმის ძილშივე გაეღიმა, თუმცა გამოფხიზლებისთანავე, მძიმედ ამოიხვნეშა. 
„ეჰ, ნეტა იმ დროს, გათენება რომ მიხაროდა. 
სად გაჰქრა მართლა, ის ბედნიერი წლები? 
ლაღი ბავშვობა, უდარდელი სტუდენტობა და საოცარი სიყვარული. 
ჰო! საოცარი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საოცრება იყო ჩემი ზრდასრულობაში გადასვლა. მიყვარდა ის, ვინც არ უნდა მყვარებოდა, მაგრამ ისევ ფიფომ და მისმა საოცარმა ბუნებამ ივაჟკაცა და ხელიდან გამოსტაცა ჩემი თავი იმ ურჩხულს. მე კი, მაინც ვიურჩე და ჩუმად, ჯვარიც დავიწერე იმ მონსტრზე. ისევ ფიფო ამომიდგა გვერდში და დიმეო, გაჩენისთანავე მიიხუტა გულზე. 
ყველგან ისევ ფიფო! სულ ფიფო! ფიფო! 
და ახლა? ახლა როგორ მჭირდება მისი თანადგომა, რატომ არ შეიძლება, უცებ რომ წამოდგეს და კვლავ ბედნიერები ვიყოთ? 
ღმერთო ჩემო! ყველგან სადაც თავის დროზე ის მონსტრი და ურჩხული გაერია, ყველაფერი ამერია. დაწყობილი ბედნიერი ცხოვრება, სულ თავდაყირა დამიყენა. მარტო ფიფო იყო ჩემთან, ყველაფრის მომგვარებელი. ყოველთვის ფიფოს იმედად ვიყავი და ახლა ვთხოვ ყველას, ყველა სულიერსა, თუ ზებუნებრივ არსებას, ნუ წამართმევთ მის თავს! ნუ დაუობლებ შვილებს, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მამას! 
ჰო, შვილებს! 
იცი, ფიფო! თუ ახლა ჩემი ფიქრები, შენს სულს სწვდება, ჩვენ კიდევ ერთი შვილი გვეყოლება და მართლა მიხარია, ერთი სული მაქვს, შენც რომ მალე გაიგო და გაგახარო. 
არა, დიმეომ ჯერ არ იცის. რაღაცნაირად, ვერც ვეუბნები. როგორც კი შემეტყობა, მაშინვე ვეტყვი და არა მგონია, ეწყინოს. 
ან რატომ უნდა ეწყინოს? ჩემი ბიჭი, ეგოისტი სულაც არ არის! იქნებ, იეჭვიანოს? ეგ კი, ყველა ბავშვი მასეა, მაგრამ მერე, ისე ძლიერ უყვარდებათ ერთმანეთი. 
ნეტა ამჯერად, ვის დაემსგავსება? 
დიმეო ისედაც ცხადია, ვისაც ჰგავს. ფიფო კი თავგამოდებით ამბობს, მეც ზუსტად ასეთი ვიყავიო, მაგრამ თვითონაც ხომ იცის, რომ ასე არ არის. 
ჰაჰ! ცალკე მამიდაჩემი იწელება, ბაბუაშენს ჰგავსო.
ბაბუ არასდროს მინახავს, სულ ახალგაზრდა გარდაცვლილა. მამასაც კი არ ახსოვდა. ძველი ფოტოებიდან კი თითქოს არის რაღაც მსგავსება, რადგან მაინც ჩემი შვილია და ჩემი გენით გადავიდოდა, მაგრამ მაინც პირწავარდნილი, ის არის, ვისი ოდნავი ხსენებაც კი მზარავს, მაგრამ რა ვქნა? შვილი იმისია, ვინც მას გაზრდის! ვისაც მასზე, ამაგი აქვს! ვინც სულ, გვერდში უდგას! ძილის წინ, საბანს შემოუკეცავს! ზამთარში თბილად შემოსავს და ზაფხულის ცხელ დღეებში, სიგრილეს არ მოაკლებს! 
და ეს ყველაფერი დიმეოსთვის, ყოველთვის ფიფო იყო! და რას ჰქვია, იყო?!“ 
მიმი საწოლიდან წამოიწია. 
- იყო და არის! და იქნება კიდეც! 
მიმის იმდენად ხმამაღლა მოუვიდა, რომ მის გვერდით მძინარე ბავშვი, შეიშმუშნა. 
- ჩემი ყველაზე საყვარელი, ყველაზე მაგარი პატარა დიდი კაცი. - წაიჩურჩულა მიმიმ და დიმეოს ფრთხილად მიეალერსა. 
მიმი წამოდგა, ფანჯრები უფრო ფართოდ გამოაღო. გაზაფხულის ოდნავი, ცივი სიგრილე ესიამოვნა კიდეც. ყავაც კი ეგემრიელა და ეს დილაც თითქოს, ბევრად უკეთესი ჩანდა, ვიდრე წინა დღეები, თუმცა სასიხარულოდ, მაინც არ ჰქონდა საქმე. 
- დეეე!
მოესმა მიმის ზურგიდან. 
- გაიღვიძა ჩემმა ბიჭმა? - მიმიმ გაუღიმა. 
- ეკლესიაში წავიდეთ, რაა. - თხოვნით მიმართა ბავშვმა. 
- წავიდეთ, მერე. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - შენ თუ გინდა, წავიდეთ! თორემ მე იქ დგომის თავი, არ მაქვს. 
- მერე შეგიძლია, ჩამოჯდე. კი არავინ დაგსჯის. - გაეცინა ბავშვს. 
- და საიდან გაგახსენდა ახლა შენ, ეკლესია? დაგესიზმრა რამე? - მიმი წამიერად მოიღუშა. - დიმე, ცუდი სიზმარი, ხომ არ ნახე, დეე? 
- ძანე ყოველ კვირა დილას დადის, ბებიას და ბაბუას დაჰყავს და ჩვენც ვიაროთ, რაა. 
- ვიაროთ. - გაუღიმა მიმიმ. - იცი, რომელ ეკლესიაში დადიან? მივიდეთ ჩვენც იქ, თუ სხვაგან გირჩევნია?
- რა მნიშვნელობა აქვს? - გაიკვირვა ბავშვმა. - რომელშიც გინდა, იმაში წადი! მთავარია, რა გულით შეხვალ! 
- ჰმ. - მიმის ჩაეღიმა. - მართალი ხარ, შვილო, მართალი. - და მერე ჩუმი ხმით დასძინა. - შენგან უკვე, აღარაფერი მიკვირს. 
- რომელი საათია? - დიმეო, დედას მობილურს დასწვდა. - ოო, უკვე ადგომის დროა! 
- იყავი ჯერ, საუზმეს მოგიმზადებ. 
- უზმოდ უნდა ვიყო! სპეციალურად ზიარებისთვის მოვემზადე. - მიუგო ბიჭმა და საწოლიდან წამოდგა.
- უი, მე რომ ყავა დავლიე უკვე. თუმცა, არაფერი მიჭამია და შეიძლება ასე მისვლა? 
- არ შეიძლება! წყალიც კი არ უნდა დალიო, თუმცა შენ ისედაც არ იყავი მზად, მაგრამ ეკლესიაში შესვლა, შეიძლება. 
- აჰამ. გასაგებია. - ღიმილით მიუგო მიმიმ. - და მგონი, როგორც ვიცი, სადაც გყავს შენი მოძღვარი, იქ უნდა იარო, არა? 
- საერთოდ კი, მაგრამ მოძღვარი შენ თვითონ უნდა შეარჩიო, მე კი ჯერ არ ვიცი, რომელი უფრო მომწონს, ამიტომ მინდა, ყველგან ვიყო ნამყოფი. 
- შენ სადაც მეტყვი, იქ წავიდეთ. - მიმი ყურებამდე უღიმოდა ამ ერთი ციდა, მაგრამ ბევრად ბრძენ ბიჭს.
ტაძარი დიმეომ შეარჩია. ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, ერთი უძველესი, პატარა ეკლესია იყო, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე და დედას იქ წაყვანა სთხოვა. 
- რას სიმყუდროვეა. - ღიმილით აღნიშნა მიმიმ და იქაურობას თვალი მოავლო. 
პატარა ტაძარში, ხალხიც ცოტა იყო, სულ სხვა სული ტრიალებდა, ვიდრე დიდ, უზარმაზარ გაჩახჩახებულ ტაძრებში, სადაც ყოველთვის უამრავი ხალხი ირევა და ტაძარსაც არა ერთი მღვდელი და მათი პირადი სტიქაროსანი ემსახურებოდა. ამ პატარა საყდარში კი არც იყო იმდენი ადგილი, რომ ბევრი მღვდელი და მსახური ჰყოლოდა. 
- როგორ ამოარჩიე? - გაკვირვებული ეკითხებოდა მიმი ბავშვს. 
- დედა რა გჭირს? - მხრები აიჩეჩა დიმეომ. - ინტერნეტში ვნახე. 
- ჰმ.
- იცი, ერთ დროს უმოქმედოც კი ყოფილა, თურმე. მერე აღადგინეს და ფრესკებიც თავიდან მოხატეს. 
- ყველაზე დიდი სანთელი, ჯერ ფიფოსთვის მინდა დავანთო, მას ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით და მერე კი ყველასთვის სათითაოდ. - მიმის ცრემლი მოადგა და ხატებს ჩამოუარა. შესაფერის ადგილს ეძებდა, მერე რატომღაც გულმა საითაც გაუწია, იქ უნდოდა ფიფოს სახელზე დიდი კელაპტრის დანთება, მაგრამ ხელი გაიწვდინა თუ არა, დიმეომ მაშინვე მკლავში მოქაჩა. 
- დეე. მანდ არა! მანდ მარტო მიცვალებულებს უნთებენ. - შეწუხებული ხმით დაიჩურჩულა დიმეომ. - მამა ცოცხალია! ცოცხალი! 
მიმის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. დაიბნა, ცრემლებიც გადმოსცვივდა და ერთ ადგილას გაშეშდა. ასე ეგონა მთელი ტაძარი, თუმცა მცირე ხალხი, მაინც ყველა მას საყვედურით შეჰყურებდა, ცოცხალ კაცს მიცვალებულებში, რატომ თვლიო? 
ამ დროს მოძღვარიც შემოვიდა, წირვა დაიწყო და მიმიც დამშვიდდა. დარწმუნდა, რომ ნამდვილად არავინ აქცევდა მას ყურადღებას. 
- როცა დაიღლები, შეგიძლია იქეთ ჩამოჯდე. - დაბალ ხმაზე უთხრა დიმეომ და უცებ სადღაც გაძვრა და ხალხში გაერია. 
მიმი გასასვლელთან ახლოს იდგა, ის კი შეამჩნია, რომ ბიჭი გარეთ არ გასულა, მაგრამ სად იყო, უკვე ვეღარ ხედავდა. მიმის თავბრუ დაახვია, თაფლის სანთლისა და საკმევლის სურნელმა. გული უცნაურად უცემდა, თითქოს რაღაც უხაროდა, მაგრამ არც არაფერი. თავი სიზმარში ეგონა, საგალობლის ხმები, სასიამოვნო ჰანგებად ხვდებოდა ყურს. 
მიმის ახლა, მართლა დაეხვა თავბრუ. ოდნავ შეტორტმანდა და კედელს მიეყრდნო. ცივი კედლის სიგრილემ, ოდნავ გამოაფხიზლა კიდევაც და სასიამოვნო სურნელით გაბრუებული, იქვე სკამზე ჩამოჯდა. 
დიმეო კვლავ არსად ჩანდა, თუმცა მიმი მაინც დარწმუნებული იყო, რომ ბავშვი ტაძრიდან, არსად გასულა. 
ალბათ, ხალხში არ ჩანს ბავშვი და სულაც წინ დგასო, ფიქრობდა მიმი და საგალობლის სასიამოვნო, ხმები გულში ებეჭდებოდა. მერე ვიღაც ოქროსფერ სამოსში გამოხვეული პატარა ბიჭი მიუახლოვდა. ისე წამოვიდა მისკენ, თითქოს მიწაზე ფეხს არ აკარებდა და ხელში რაღაც ჩაუდო. 
მიმის გაეღიმა. სეფისკვერი პირთან მიიტანა, მაგრამ მერე უცებ დიმეოს სიტყვები გაახსენდა, უზმოდ უნდა იყოო და დანანებით ჩაილაპარაკა: 
- მარტო ყავა რომ დავლიე, შეიძლება მაინც ამის ჭამა? 
- არ შეიძლება! - მოესმა გვერდიდან, ხნიერი ქალის, ოდნავ მკაცრი ხმა. - წყალზეც კი არ უნდა გქონდეს პირი დაკარებული! 
- შეიძლება, ორსულებისთვის შეიძლება. - მშვიდი ხმით მიუგო ოქროსფერ სამოსიანმა ბავშვმა. 
მიმი გამოერკვა და თვალები დაჭყიტა. მის წინ დიმეო იდგა, ოქროსფერი სირმებით მოქარგული თავისივე ზომის სტიქარი ეცვა. 
- მერე ცოტა, ზიარების ღვინოსაც მოგიტან. - მიუგო დიმეომ და კვლავ სადღაც გაძვრა და გაუჩინარდა.
მიმი გაოგნებული დარჩა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ საიდან უნდა გაეგო დიმეოს, მისი ორსულობა. 
„მე კი სიტყვებსა და სიტუაციას ვარჩევდი, რომ მეთქვა. არ მინდოდა ბავშვს, რაღაც სხვანაირად მიეღო და მას კი თურმე, უკვე სცოდნია. 
ჰმ, ნეტა დიდი ხანია იცის?“ 
წირვა დამთავრდა, თანდათანობით ხალხიც გაიკრიფა. ცოტა ხანში, დიმეომაც მოირბინა და პატარა ვერცხლის ჭიქით, დედას ღვინო გაუწოდა. 
- დალიე ეს და წავიდეთ. 
- დეე, საჭესთან ვარ, ღვინო როგორ დავლიო? - გაეღიმა მიმის. 
- დალიე, ეს სულ სხვა ღვინოა და თანაც, ისედაც ერთი ყლუპია, სასარგებლოა შენთვის. - სერიოზული სახით მიუგო ბიჭმა. 
მიმის ღვინო ეგემრიელა, სიამოვნებისგან თვალებიც მილულა, წასვლასაც არ ჩქარობდა. კვლავ ერთ ადგილას იჯდა და მშვიდად იღიმოდა. 
დიმეომ ისევ მოირბინა, ამჯერად უკვე სტიქარი აღარ ეცვა. 
- წავიდეთ დეე. - უთხრა დედას. 
მიმი დაემორჩილა, თავის პატარა დიდ ბიჭს და მანქანისკენ წავიდნენ. 
გზაში ბავშვმა ფულის თვლა დაიწყო. მიმი შეცბუნდა. მანქანა მაშინვე გააჩერა და საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართა: 
- დიმე! რა არის ეს?! 
- ჩემი ფულია. - მშვიდი ხმით უპასუხა დიმეომ. 
- შენი? და საიდან? 
- დღეს მსახურების დროს შემიგროვდა, ყველა მჩუქნიდა და შესაწირიდანაც მომცა მამაომ, არ დაგინახავს? 
- დედი, რატომ წამოიღე ფული ეკლესიიდან? - იწყინა მიმიმ. - განა ჩვენ ამის გაჭირვება გვაქვს? იმ შესაწირის ყუთში მეც ჩავაგდე, ისე რომ იცოდე, მაგრამ შენ თუ უკან წამოიღებდი, რას ვიფიქრებდი? 
- დედა, ჩემი ნამუშევარია, მე მეკუთვნის! - შუბლი შეკრა ბიჭმა. 
- მერე შესაწირში დაგეტოვებინა და აეღო მას, ვისაც შენზე უფრო მეტად სჭირდება. - წყენით მიმართა მიმიმ. - ნუთუ, იმის გაჭირვება გვაქვს, რომ ეკლესიიდან სახლში ფული არ წამოიღო? გშია? გწყურია? თუ გცივა? 
- გაჭირვება, რა შუაშია? - მხრები აიჩეჩა დიმეომ. - მე ჩემი ფული მინდა, ჩემი საკუთარი ნაშრომი და არა ნაჩუქარი!
- მაშინ, ხელფასს დაგინიშნავ და ის ხომ იქნება, შენი ფული? 
- და ხელფასს, რაში გადამიხდი? რაღაც ხომ უნდა გავაკეთო? 
- დიმე, შენ ფული არასდროს გითხოვნია, დეე, თუმცა თუ კი რამე გინდოდა, ყოველთვის გქონდა, უარი აბა, როდის მითქვამს? 
- ჰოდა, აბა მაშინ, რა განერვიულებს? 
- დიმე არ მომწონს, რომ ეკლესიიდან ფული წამოიღე! - მიმიმ წამით იყუჩა. - მოდი, ახლა ჩვენ უკან მივბრუნდეთ და ეგ ფული მამაოს დაუბრუნე, ან შესაწირში ჩაყარე ისევ. - მიმიმ მანქანა დაძრა, მაგრამ დიმეოს ხმამ შეაჩერა. 
- არა! - შუბლშეკრულმა მიახალა ბიჭმა. 
- რა, არა, დიმე? 
- ეს ჩემი ნაშრომი ფულია და მჭირდება! დავიმსახურე! ვიშრომე! 
- კარგი. - ამოიხვნეშა მიმიმ. - და რაში გჭირდება?
- მჭირდება და მორჩა! 
- იქნებ, მეც დაგეხმარო? დაგიმატო. 
- სხვისი ფული არ მინდა, მე ჩემი ფული მინდა! - კუშტად გამოუცხადა ბიჭმა. 
- მდაა. - მიმიმ თავი გააქნია. 
- დე, ვიცი, რომ ფული არ გვაკლია, მაგრამ ჩემი საკუთარი მინდა! არც ნაჩუქარი და არც... დეე, რა მოგდის? სხვას კი არ ვართმევ! იცის, მამაომ რომ არ მაქვს ფულის გაჭირვება. უბრალოდ, მჭირდება. 
- და არ შეიძლება, დედამაც იცოდეს, თავის უსაყვარლეს შვილს, ფული რისთვის სჭირდება? საიდუმლოა? 
- საიდუმლოა! 
- ჰმ, კარგი. - ჩაეღიმა მიმის. - იმედია, ცუდად არ გამოიყენებ. 
- ვაგროვებ. 
- ძალიან კარგი! მაშინ ხანდახან, მეც მოგეშველები შეგროვებაში. 
- არ მინდა! ჩემი ნამუშევარი მინდა! 
- კარგი, ბატონო დიმეო, როგორც თქვენ იტყვით. - გაეცინა მიმის. - და ერთი ეს მითხარით ყმაწვილო, საიდან მოიტანე რომ ორსულად ვარ? 
- მე და მამა გაკვირდებოდით, მაშინ აი, პირველად რომ ცუდად გახდი. 
- მართლა? - მიმის ლამის გული გაუჩერდა. 
„ესე იგი, ფიფომაც იქნებ, იცის უკვე? 
კი, მაგრამ როდისღა უნდა გაეგო, მე ხომ მხოლოდ...“ 
- და მერე, რაო მამამ? 
- უბრალოდ ვეჭვობდით, შენ სულ გული გერეოდა.
- ჰო, ო? - მიმიმ წარბები აზიდა.
- ისე, პირველად მე ვუთხარი მამას, მგონი დედიკო ორსულად არის და გვიმალავს მეთქი. 
- ჰმ, მართლა? და მერე რა გითხრა? 
- ძალიან გაუხარდა, ისე მაგრად ჩამეხუტა, მაგრამ მერე კაცური სიტყვა მივეცი, რომ არავის ვეტყოდი. 
- და რა იყო აქ, დასამალი? 
- უბრალოდ, სიტყვა მივეცი, რომ არავის ვეტყოდი, რაც მკითხა. 
- და რა გკითხა?! - მიმიმ კვლავ შეაჩერა მანქანა. 
- არაფერი ისეთი. - დიმეომ მხრები აიჩეჩა. 
- დიმე! - მიმიმ ხმას აუწია. - იცოდე, არ დავძრავ მანქანას, სანამ არ მეტყვი! 
- მაშინ გადმოვალ და ტაქსით წავალ, მაქვს ჩემი ფული. - ჩვეული ხმით მიუგო ბიჭმა. 
- და ვის ან რას ეხებოდა ის მიცემული სიტყვა? - არ მოეშვა მიმი. 
- მე! და მხოლოდ, მე! 
- კი, მაგრამ ჩემი ორსულობა, ან შენ, ან მამაშენს, როგორ ეხება? - გაწიწმატდა მიმი. - და საერთოდ, ჩემი ნებაა! მინდა ვიქნები ორსულად და მინდა, არა! 
- კარგი, დეე, დამშვიდდი, ხომ იცი? ნერვიულობა, შენთვის არ შეიძლება. - მშვიდად უთხრა დიმეომ. 
- ნერვების მოშლა, ხომ შეიძლება? - მიმიმ კვლავ დაძრა მანქანა. 
ერთხანს უხმოდ იმგზავრეს, არც ერთხელ არ შეუხედავთ ერთმანეთისთვის. 
- მამამ მითხრა. - დაიწყო დიმეომ. - თუ შენ არ გინდა, დედას აღარ გავაჩენინებ კიდევ ბავშვსო. 
- რაა?! - შეცბუნდა მიმი. 
- მხოლოდ არავის უთხრა, რაც გითხარიო და აი, შენ კი, დეე! მაიძულებ, რომ მამას საიდუმლო გავთქვა! 
- ჰმ. - გაეცინა მიმის. - საიდუმლო, რომელიც პირველ რიგში, პირადად მე მეხება და მერე, თქვენ ორივეს. - მიმი გაჩუმდა. 
- ჰოდა, მაგიტომაც გითხარი. - უპასუხა ბიჭმა. - შენ უფრო გეხებოდა, ვიდრე ჩვენ. 
- ესე იგი, შენ თუ მიბრძანებ გააჩინეო, მაშინ უნდა გავაჩინო, არა? - ჩაეცინა მიმის.
- დეე, კარგი რაა? - თავი გააქნია ბიჭმა. - მამას არ უნდოდა, რომ მე მეეჭვიანა, თორემ როცა ჩემი ეჭვები გავუმხილე, მგონი დედიკო ორსულად არის მეთქი, იცი მაშინ, როგორ გაუბრწყინდა თვალები? 
- მართლა? - მიმის ცრემლი მოადგა. 
- მაგრამ მაშინვე მკითხა, თუ შენ არ გინდა, არ გავაჩინოთო. 
- ნუ, მაშინ თუ შენ არ გინდა, არ გავაჩინოთ! - ეღიმებოდა მიმის. 
- მე, რა შუაში ვარ? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - იყოს, იცხოვროს ბავშვმა. 
- ჰა! ჰა! - მიმის გულიანად გაეცინა. 
- ფულსაც მაგიტომაც ვაგროვებ. არ მინდა ორსულობაში იმუშაო. მე შეგიგროვებ და სანამ მამაც ფეხზე დადგება, ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ოჯახზე.
მიმის ისეთი ტირილი აუვარდა, რომ ძლივს მოასწრო მანქანის გაჩერება. მერე ბიჭს მოეხვია. ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა და ისე ამოუჯდა გული, რომ ძლივს დამშვიდდა. 
- დიმე. - მიმიმ ცრემლები მოწმინდა და უკვე ამაყად მართავდა საჭეს. - ნუ გეშინია, დეე, ყველაფერი კარგად იქნება, საკმარისი შემოსავალი მაქვს, ჯერ კიდევ შემიძლია მუშაობა. 
- მერე, არ გიჭირს? 
- ჰმ, დედი, მძიმე ტომრებს კი არ ვათრევ. - გაეცინა მიმის. - სუფთა და ნათელ კაბინეტში ვზივარ მშვიდ გარემოში, როცა მინდა მაშინ წამოვალ სახლში. თან მართლა არ გვაქვს დეე, ფულის პრობლემა, მამას ხელფასიც ხომ გვერიცხება, ცალკე ბებოების პენსიები.
- კი, მაგრამ მამას და ბებოს რამდენი ხარჯი აქვთ ახლა საავადმყოფოში. 
- დაზღვევა ფარავს, დეე, შენ დამშვიდდი და არ გვინდა ფულის შეგროვება, შრომა ცუდი არ არის, მაგრამ ფულს ნუღარ გამოართმევ მამაოს, შესაწირში დაუტოვე, მამას სახელზე. 
- კარგი, დეე. - გაუღიმა დიმეომ. 
- აბა, სად მიგიყვანო? ძანესთან დაგტოვო ისევ თუ ჩემთან ერთად იქნები? - მიმიმ მანქანა შეანელა. 
- ძანესთან მინდა, გვიან მომაკითხე, ხვალ სკოლაა. 
- კი, მაგრამ ონლაინზე არ გადახვედით? 
- ჩემი ლეპტოპიდან მინდა შევიდე.
დიმეომ ის იყო კარი მიუხურა, რომ უცებ მიმის, ის ლურჯი ლეპტოპი გაახსენდა. 
- დიმე! 
ბიჭმა უკან მოხედა. 
- შენს ოთახში, ჩემი ძველი ლურჯი ლეპტოპი ვნახე და რატომ აიღე? 
LEX. 2021 წლის 6 ივლისი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment