Saturday, July 3, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 7)

7.
მაკა ექიმი, რამდენადაც წარმატებული იყო სამსახურში, იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, პირად ბედნიერებაში. არადა სრული ბედნიერების მისაღწევად თითქოს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც არა და არ უმართლებდა ბედში. ასეთ ქალს ბევრი ნატრობდა კიდეც. ბინა, მანქანა, აგარაკი, კარგი შემოსავალი, არც გარეგნულად იყო ცუდი შესახედავი, თავსაც კარგად უვლიდა და ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურებოდა. 
თუ ქმარი არა, ერთი კარგი კაცი გვერდში, როგორ არ უნდა ამოვიყენოო, ფიქრობდა მაკა და თვალი, ერთი უბრალო, თითქმის უკვე გაკოტრების გზაზე დამდგარ, გაზეთის რედაქტორს დაადგა. 
ოთარი, რამდენადაც სიმპათიური იყო, იმდენად უფხო აღმოჩნდა. ვერც ვერაფერი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. არც ოჯახის დათმობა სურდა და ვერც მაკას ვერ ელეოდა. თუმცა მაკას, მისი ოჯახი, დიდად არც ანაღვლებდა, მაგრამ ამ კაცის უნიათობაც, უკვე ნერვებსაც კი უშლიდა. 
თავის მხრივ, ოთარის ცოლმაც, როცა შეიტყო მეუღლის ღალატი, სახლიდან გაგდებითა და ბავშვების წართმევით დაემუქრა. ოთარი სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. შვილები, ნამდვილად არ ეთმობოდა. თუმცა ეს არჩევანი, მაინც მისი გადასაწყვეტი იყო და სიმპათიურმა, მაგრამ რბილი ხასიათის რედაქტორმა, ოჯახში დარჩენა ამჯობინა. მეუღლე ბოლომდე მაინც ვერ პატიობდა, მაგრამ სხვების დასანახად, ისევ ბედნიერ ცოლს თამაშობდა. სინამდვილეში კი ცოლ-ქმრის საძინებლიდან გამოძევებულ ოთარს, შუშაბანდში ვიწრო ტახტზე ეძინა და ხმასაც ვეღარ იღებდა. 
ამ ამბების შემდეგ, მაკა მხოლოდ ერთხელ შეხვდა სამსახურში მიმავალ ოთარს და რედაქციამდე მიიყვანა.
- მაკა, მე შვილებზე უარს ვერ ვიტყოდი. - ოთარი,  თავის მართლებას შეეცადა. 
- და მერე მე როდის გითხარი, რომ შვილებს ზურგი აქციეო? - ცხვირი აწია მაკამ. - ან თუნდაც, ცოლს გაშორდი და მე მომიყვანე ცოლადო, მითქვამს როდესმე? 
- არა, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა. 
- საითკენ, მიდიოდა, ოთარ?! საით? 
- არ გამოვა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. 
- და რა გვინდოდა ჩვენ? - ცინიკურად ჩაეკითხა მაკა. - მხოლოდ და მხოლოდ, ერთად ყოფნა. 
- იცი, ჩემი ცოლი... - ენის ბორძიკით დაიწყო ოთარმა. - ზედმეტად ეჭვიანი არასდროს ყოფილა, მაგრამ უკვე იმდენჯერ მიუტანეს ენა, იმდენჯერ ჩააწვეთეს შხამად, რომ...
- რომ, რა? - მაკამ თავი გააქნია. - ჰმ. ან რა არ გამოვიდა? განა ჩემს გვერდით, ცუდად გრძნობდი თავს? 
- არა! მაკა, არასდროს! - შეიცხადა ოთარმა. - პირიქით! ძალიან ბედნიერი ვიყავი! პატარა ბავშვივით მახარებდი, ისე მანებივრებდი, მაგრამ ოჯახი, მაინც ოჯახია და... 
- და რა? ან როდის გაიძულე, შვილების მიტოვება? 
- მაკა, არ გესმის შენ. 
- მოკლედ, რაც გინდა ის ქენი! მხოლოდ ჩემი სახელი, აღარ ახსენო! 
მაკამ რედაქციის შორიახლო გააჩერა მანქანა და ოთარს ჩამოსვლა ძლივს აცალა, ისე სწრაფად დაძრა ადგილიდან. 
სამსახურში მისულს კი სიურპრიზად, ახლა ოთარის მეუღლე დაუხვდა კაბინეტში. მაკა საშინლად განრისხდა. თუმცა, ისე ოსტატურად აიყვანა თავი ხელში, რომ თავადაც არ მოელოდა. 
ქალი თავს ესხმოდა, მაკა კი მშვიდად იგერიებდა და არც კი ცდილობდა თავის მართლებას. 
- არც კი გრცხვენია! უნამუსო ქალო! - გაკაპასებული ოთარის ცოლი, მაკას თვალებში ჩააშტერდა. - გინდა ახლა, გავიდე და მთელი დერეფნის სიგრძეზე ვიკივლო, როგორი მათხოვარი და მტაცებელი ხარ! ოჯახს ანგრევ! შვილებს, მამას ართმევ! ცოლს, ქმარს ახევ! რაო? ხმასაც ვერ იღებ, არა? ან რა უნდა გქონდეს შენ, სათქმელი? 
- უბრალოდ გელოდები, როდისღა ამოისუნთქავ. - მშვიდი ხმით მიუგო მაკამ. 
ოთარის მეუღლე შეყოვნდა, უცებ დაიბნა და შესაფერი სიტყვები ვეღარ მოიძია, თუ კიდევ როგორ უნდა გამოელანძღა ეს უსირცხვილო ქალი. 
- მომისმინე ძვირფასო. - ცინიკური ხმით დაიწყო მაკამ. - შენი ქმარი, შენთვის დაიტოვე. არც კაცად მჭირდება, არც საყვარლად და ქმრად კი, მით უმეტეს და შენ, რაღა განერვიულებს, ვერ ვხვდები? 
- აბა, რას დაწანწალებდი მის გვერდით? 
- მხოლოდ ერთი დადებითი აქვს, რომ სიმპათიურია, ვაღიარებ, მაგრამ ცარიელი სიმპათია და თანაც, სხვისი ქმარი, უფულო, გაღლეტილი, უფხო, ვის რაში სჭირდება? ძალიან მალეც მომაბეზრა თავი. 
- ჰმ! მოგაბეზრა კი არა, მე ამირჩია! - ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა. - გასაგებია?! 
- და გყავდეს, მერე? - მხრებია აიჩეჩა მაკამ. - როდის გამოვეკიდე? აი, შენ კი, მაგ უნიათოს, კუდში დასდევ! მაგას გირჩევნია სარკეში ჩაიხედო. ვარცხნილობა შეიცვალო! ჩაცმის სტილიც შეცვალო და არსადაც აღარ გაგექცევა მერე,  ეგ შენი ბუნჩულა ქმარი. 
ქალი ახლა უფრო მეტად შეცბა. კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მაკა მკაცრი სახით წამოდგა და კარისკენ მიუთითა: 
- ახლა მიბრძანდი აქედან, სანამ დაცვას დავუძახე, თორემ მერე მართლა გიჩივლებ კაბინეტში შემოვარდნისათვის!
ქალი უკან მოუხედავად გავარდა და მაკამაც, შვებით ამოისუნთქა. 
- რა უნდოდა? - კაბინეტში, მაკას ყურმოჭრილი მონა ექთანი შემოიძურწა. 
- არაფერი ისეთი. - თავი გააქნია მაკამ. - ძველი ანგარიშები გვაქვს. - მაკა წამით შეყოვნდა. - ერთ დროს, ერთი კაცი მოგვწონდა ორივეს. ერთდროულად, მაგრამ ამ ქალმა, იმდენი იცუღლუტა რომ ცოლადაც კი შეეტენა! - იცრუა მაკამ. 
- და ახლა, რაღა უნდა აქ? 
- ორჯერ, სრულიად შემთხვევით, მანქანა გავუჩერე მის ქმარს, წვიმასა და თქეშში, ქარსა თუ ავდარში და ეს კრეტინი ქალი კი, მის საყვარლობას მტენის! 
- არავის არ უნდა გაუკეთო სიკეთე, რაა, მაკა ექიმო, არავის!
- რას ვიზამთ? - ამოიხვნეშა მაკამ. - უმადურებითაა სავსე ეს ქვეყანა. 
მართალია, მაკა ოთარს საკმაოდ ხშირად და კარგა ხანს ხვდებოდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ვერ ორსულდებოდა. ბევრს ეცადა მაკა, მაგრამ ორსულობას, მაინც ვერ ეღირსა. 
ოთარის შემდეგ, კიდევ არაერთხელ სცადა მეგობარი მამაკაცის ყოლა, მაგრამ ისევ და ისევ, უშედეგოდ. შვილი, მაინც არავისგან უჩნდებოდა და ვერც ხანგრძლივმა მკურნალობამ გამოიღო დადებითი შედეგი.  
მაკა უკან მაინც არ იხევდა და მოგვიანებით, მოულოდნელად, უცებ წოლითი რეჟიმიც მოიმიზეზა და სულ მალე, დეკრეტული შვებულებაც აიღო. რამდენიმე თვეში კი კალათით, პატარა ჩვილიც შემოაფრინა სახლში და როგორც კი, მეზობლები და ახლობლები, ქმარზე ან ბავშვის მამაზე ჩამოუგდებდებდნენ სიტყვას, მაკა ისეთი მოწყენილი სახით ამოიხვნეშებდა, რომ ლამის, გულსაც ამოაყოლებდა და ამით უკვე, ყველაფერი გასაგები ხდებოდა. 
„და მერე რა? ამ ქვეყნად უამრავი მარტოხელა დედაა და დიდი ამბავი, მათ რიგებსაც, ერთი ექიმი ქალიც თუ შეემატება.“ 
ფიქრობდა მაკა და თავის პირმშოს ეალერსებოდა.
წლები გადიოდა, მაკა ექიმი, უფრო და უფრო პატივცემული, საკმაოდ გავლენიანი და ძლიერი ქალი ხდებოდა. სამშობიარო სახლშიც კარგად მოჯდა ადგილზე და ირგვლივაც, თავისი ბნელი საქმის, უამრავი მხარდამჭერიც შემოიკრიბა. მშობიარე ქალებისთვის ჩვილების აცლა, ისე ოსტატურად გამოსდიოდა, რომ საცოდავად მოტყუებული, ახალშობილის მშობლები, ზოგჯერ აქეთაც კი უხდიდნენ მადლობას. 
მაკას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და არა მარტო იმ სამშობიარო სახლში, არამედ სხვა ბევრი სამშობიარო სახლიც ჩაერთო, ამ ბოროტების ქსელში და კვალის არევის მიზნით, მიდიოდა და მოდიოდა, ერთი სამშობიარო სახლიდან მეორეში, მოპარული ახალშობილების გაცვლა-გამოცვლა. ერთ სამშობიაროში დაბადებულ ჩვილს, სხვა სამშობიროდან ჰყიდდნენ და საბუთებსაც ისე უყალბებნენ, თითქოს ბავშვი მართლაც იქ იყო დაბადებული.
ეს ბოროტების ქსელი კი, უკვე მთელს ქვეყანაში იყო გაბმული და ახალშობილებს, აქეთ-იქეთ დაარბენინებდნენ და ისე უცვლიდნენ, დაბადების ადგილსა თუ თარიღს, წარბსაც არ ირხევდნენ. და არამარტო ქალაქში, ასევე ხდებოდა რეგიონებშიც, ვითომდა სისხლის აღრევა არ მოხდესო და აღმოსავლეთში დაბადებულ ბავშვებს, ხშირად დასვლეთისკენ აშვილებდნენ და ან პირიქით, სინამდვილეში კი ამით, კარგად ფარავდნენ კვალსაც და თავსაც მშვენივრად იზღვევდნენ.
მაკას ბედი, ყოველთვის წყალობდა და ნებისმიერი სიტუაციიდან, სრულიად ადვილად იძვრენდა თავს. ყველაფერ ამას, ძალიან ხშირად კი ახალშობილის ნათესავებიც უწყობდნენ ხელს. ჩვილის გაყიდვაში ზოგჯერ, ხან ოჯახის ახლობელი იყო ჩართული, ხანაც სიდედრი ან დედამთილი. დაწუნებული რძლისა თუ სიძის გამო, საკუთარი შვილიშვილის მოშორებასაც კი არ თაკილობდნენ და მაკასაც, მეტი რა უნდოდა?
უშვილო წყვილს, შორიდან დაანახვებდა, რომელიმე, ნებისმიერ ახალ მშობიარე გოგონას და აი, სწორედ ის გოგო ყიდის შვილსო. თუმცა ის გოგონა, სულაც არ იყო იმ ახალშობილის დედა და უფრო მეტიც, ბავშვი სულ სხვა სამშობიაროდან იყო მოპარული და მაკასთან, სხვა ჩვილში გაცვლილი.
ლამაზი გოგონას დანახვაზე, შვილად აყვანის მსურველ წყვილს, გული უფრო მეტად უთბებოდა, ლამაზი შვილი გვეყოლებაო. თუმცა ძალიან ხშირად, ისედაც ასე იყო, ლამაზ გოგონებს უფრო აცლიდნენ ბავშვს და სულაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, მარტოხელა დედა იყო, თუ არა. მთავარი იყო, სარფიანი გარიგება, სუფთად და ყოველგვარი კრახის გარეშე შემდგარიყო. 
ჯერ ჩვილის დედით მოხიბლული უშვილო წყვილი, მერე შეთავაზებულ თანხაზეც, ადვილად თანხმდებოდა, მაგრამ თუ შეამჩნევდნენ, რომ ეს წყვილი, უფრო მეტის გადამხდელიც ჩანდა, მერე თითქოს უკანაც იხევდნენ და სინანულით ამცნობდნენ, რომ სამწუხაროდ, ბავშვის დედა, უარზე დადგაო. ამის მერე, გარიგება უფრო მეტ სერიოზულ სახეს იღებდა და საქმეში „ზოგჯერ“, მაკაც ერთვებოდა ხოლმე. 
- იქნებ, როგორმე დაგვეხმაროთ. - ევედრებოდნენ მაკას, უკვე გულდაწყვეტილი უშვილო წყვილი. - სამი დღეა აქ მოვდივართ, ამ პატარას კი, ისე შევეჩვიეთ, რომ სხვა ბავშვის აყვანა, ძალიან გაგვიჭირდება. 
- რას ვიზამ? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - კიდევ ვცდი მოლაპარაკებას, მაგრამ... 
- მაგრამ? - ჩაეძია ქალი. 
- ვფიქრობ, უფრო მეტ თანხას მოითხოვს. - ამოიხვნეშა მაკამ. - არადა, სწორედ ასეთი ცხვირმოუხოცავი დედებია, რომ ჯერ მეტს მოითხოვენ და მერე, თუ არ მიიღეს, არც თვითონ ზრდიან და უპატრონოდ მიაგდებენ, მერე კი საწყალი ბავშვი, თავშესაფარში იზრდება, ათასი მანიაკებისა და გარყვნილების ხელში. 
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა ქალმა და ქმარს, მუდარით გახედა. 
- გადავიხდით! - მაშინვე მიუგო ქმარმა. - რამდენსაც მოითხოვს, გადავიხდით! 
- და სწორედ ეს ბავშვი გვინდა! - დაუმატა ქალმა.
და მომავალი აღმზრდელები, უკვე ამორჩეული და თანაც, უკვე შეჩვეული ახალშობილის სურნელით გაბრუებულნი, უყოყმანოდ ამატებდნენ თანხას და მაკაც ჯიბეს, სიამოვნებით ივსებდა. 
ჯიბე ფულითა და გული სიხარულით აღვსილმა მაკამ, კლიენტები გაცილა თუ არა, შვებით ამოისუნთქა. ფანჯარასთან მდგარ, სარწეველა სავარძლის რბილ ბალიშებში ჩაეფლო და იქვე მყოფ ექთანს, ყავის მომზადება სთხოვა. 
ეს იყო, ქალაქისგან მოშორებით, ცალკე მდგარი, გარედან სააგარაკო სახლივით შენიღბული, მაგრამ შიგნიდან, რამდენიმე შიდა, სხვა ოთახებისგან ფარულად ჩაშენებული კედლებით, უფანჯრო პატარა ოთახები იყო, სადაც კარგად მალავდნენ, გასაყიდად გამზადებულ ბავშვებს. 
ზოგი მართლაც ახალშობილი იყო. ზოგი კი ცოტათი, თუ ბევრად უფროსი და ცდილობდნენ, სანამ ბავშვები წამოიზრდებოდნენ, დროულად მომხდარიყო მათი დაბინავება. თუმცა, იყო ხოლმე შემთხვევა, როცა ბავშვის შვილად აყვანას, არ დაადგებოდა საშველი და ცოტა წამოზრდილებს, თვითონვე ექთნები, მაკას ფარული თაოსნობით აბარებდნენ ბავშვთა სახლებში, როგორც თითქოს, ახლახან მიგდებული, ნაპოვნი ბავშვი. ზოგჯერ კი, გაყალბებული საბუთების მქონე „მარტოხელა დედას“, რომელსაც შვილის რჩენის სახსრები არ გააჩნდა, თავად ტოვებდა ბავშვთა სახლში, საკუთარ „პირმშოს“, რათა მომავალში უკეთესი ცხოვრებისთვის სამსახური ეშოვნა, რომ მერე, „შვილი“ კვლავ უკანვე, სახლში წამოეყვანა. 
ძირითადად უფრო მეტად, ჩვილები აჰყავდათ, მაგრამ ზოგჯერ, ისეც ხდებოდა, როცა მშვილებლებს აღსაზრდელად, შედარებით წამოზრდილი ბავშვი ერჩივნათ. ამის მიზეზი კი, მრავალი იყო. ზოგს უკვე წინასწარ აინტერესებდა, თუ რამდენად ლამაზი შვილი უნდა ჰყოლოდა. ზოგს მართლა არ შეეძლო ჩვილის მოვლა. ზოგსაც ალბათ, ეზარებოდა კიდევაც. ზოგს კი კარგი სამსახური ჰქონდა და ასე ადვილად, ვერ შეელეოდა და თანაც, ბავშვის დამტოვებელიც არავინ ჰყავდა სახლში. წამოზრდილი ბავშვი კი, საბავშვო ბაღში ივლიდა და არც სამსახური გაუცდებოდა აღმზრდელს. 
ასე იყო, თუ ისე, ეს ხალხისგან მოფარებული, სპეციალურად ცალკე მდგარი კოტეჯი, ფაქტიურად ბავშვთა სახლს წარმოადგენდა, მხოლოდ დროებითს და არა იქამდე, სანამ აღსაზრდელი, სრულწლოვანი არ გახდებოდა და როგორც კანონი ითვალისწინებდა, უკვე ზრდასრულს, პირდაპირ ქუჩაში უკრავდნენ ხოლმე თავს. აღარავის აწუხებდა ამ ბავშვების შემდგომი ბედი. ყველა თავს არიდებდა. სახელმწიფო კი მათთვის ვეღარ, ან აღარ ზრუნავდა. მაკა ექიმს კი ამ მხრივ, თავი ყოველთვის გამართლებულად მიაჩნდა. 
- ბიოლოგიური მშობლისა თუ ნათესავების მზრუნველობის მოკლებას და იქ, სადღაც მიუსაფარში, უპატრონოდ გდებას, არ სჯობს შვილს დანატრებულ ოჯახში აღზრდა? ჰა? - მიმართა მაკამ და მის ერთგულ გუნდს თვალი მოავლო. - რას იტყვით, გოგოებო? 
და რა თქმა უნდა, ყველა დაეთანხმა. წამში უამრავი დამამტკიცებელი ვერსიები და არგუმეტებიც წამოვიდა და მაკაც, ბედნიერი სახით უკრავდა კვერს.
ყოველთვის ამოწმებდა „ერთგულ მსახურებს“ და ვისაც მერყეობას შეამჩნევდა, მაშინვე თავისთან იბარებდა, რომ უფრო კარგად გამოექექა, თუ რა იყო, მისი ასეთი ორჭოფობის მიზეზი. 
- შენ, რა იყო? - ღიმილით ჩაეკითხა მაკა, თუმცა თვალები ავად უელავდა. - ფული, ხომ არ გეცოტავა? არა, ისე იქნება და რა გიჭირს და ახლა უფრო მეტიც გჭირდება? ნუ მოგერიდება, მითხარი.
მაკას წინ, მდუმარედ ჩამომჯდარმა ექიმმა, დაბნეულად აიჩეჩა მხრები 
- მომისმინე ახლა კარგად. - განაგრძო ისევ მაკამ. - აქ მთავრი, ჩვენი გუნდის ერთგულება, თორემ ფულის დედა არ ვატირე? ჰა! ჰა! ისე, თუ მართლა გჭირდება და რამე პრობლემა გაქვს, მითხარი და შენს გვერდში ვარ! 
- არა! მაკა ექიმო, არა! - შეწუხებული ხმით მიუგო ექიმმა. - მაგრამ ზოგჯერ, რაღაც  გული მეთანაღრება ხოლმე. ბავშვი, სხვას მიჰყავს და აცრემლებული დედა, შინ გულდათუთქული მიდის. 
- შენც ხომ ხვდები, რომ ეს ყველაფერი, დადგმული სპექტაკლია. - მაკა თვალებში ჩააშტერდა მოსაუბრეს. - ვითომ, ძალიან კი უნდოდა და ძლივს დათმო! აბა სახლში, იმას ხომ არ იტყვის ბავშვი, მე თვითონ გავყიდეო? და ასე ტირილი-ტირილითა და სავსე ჯიბით ბრუნდება შინ, რომ იმ ფულით, ახალი ცხოვრება დაიწყოს! 
- უი. - გაიკვირვა ექიმმა. - მაგაზე, არც კი დავფიქრებულვარ. 
- შენ რომ არ გიფიქრია, მაგაზე სხვამ იფიქრა და მორჩი ახლა დარდს და გაიღიმე! შეხედე, რა მშვენიერი დღეა და შენ, პირადად შენ! ერთი პატარა ადამიანი გადაარჩინე, ან ბავშვთა სახლში მოხვედრას ან უპატრონოდ, მოუვლელად გდებას! აბა რაა! ნახე? რა მილიონერების ოჯახმა მიიღო სანატრელ შვილად? ჩიტის რძესაც არ მოაკლებენ! ნეტა, მე ვიყო ნაშვილები. ჰა! ჰა! - ეცინებოდა მაკას, თუმცა გული, ბრაზით ევსებოდა.
მოგვიანებით კაბინეტში, ერთგული ექთანი მოიხმო და იმ ექიმზე მიანიშნა. 
- ეცადე, რომ ნაკლებად იყოს ეგეც საქმეში გარეული.
- რატომ? ჩაგვიშვა?! - ექთანმა ბრაზით დაატრიალა თვალები. 
- ვაიმე, რა სულელი ხარ! - გაეცინა მაკას. - გოგო, მაგას რომ ჩავეშვით, ან საერთოდ თუნდაც, სხვა ვინმეს, ახლა აქ არც მე ვიქნებოდი და არც შენ. ჰა! ჰა! 
- უჰ! კიდევ კარგი. - გულზე მოეშვა ექთანს. 
- ისე, არ არის ცუდი გოგო. - დაიწყო მაკამ. - მაგრამ ზედმეტად გულჩვილია. ამასთანავე, ცოტა შტერიც და გულუბრყვილოც ჩანს. საშიშია ჩვენთვის ასეთები. შეიძლება, სრულიად უნებურად, რაღაც ისეთი წამოროშოს, რომ მერე, ვეღარ გადავურჩებით, ვერც მე და ვერც შენ! 
- გაგდებით, ასე უცებაც ვერ გავაგდებთ, არა? და გინდათ, მაკა ექიმო, რაღაც გავუჩალიჩო? რაღაცის მოპარვას დავაბრალებ! ჰა?! 
- არა, არა! - თავი გააქნია მაკამ. - იყოს, მაგრამ რაც შეიძლება, ნაკლებად ჩართეთ საქმეში. უმჯობესია, როცა მართლა ტოვებს დედა ბავშვს აი, მასეთ რამეებში იყოს ჩართული, რადგან ასე ერთი ხელის მოსმით, მისი მოშორება, უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი კვლავ ჩვენთან დატოვება. 
- რა ჭკვიანი ხართ, მაკა ექიმო! - შეაქო გაბადრულმა ექთანმა. - გენიოსი ხართ! 
- ჰმ, აბა მე რომ არ გყავდეთ, რას შეჭამდით? ეს ხელფასი, სახლამდეც კი ვერ გაგწვდებოდათ! 
- რას ამბობთ, მაკა ექიმო! თქვენ მზეს ვფიცულობთ, მთელი ჩემი ოჯახი! ყოველ ეკლესიაში შესვლაზე, ერთი სანთელი, პირადად თქვენთვის ინთება! 
- ეგ, ჰო. ღმერთის წყალობა, ნამდვილად გვინდა. - მაკამ შეიფერა. - ერთი დინას დამიძახე. ისე, როგორი ექთანია? გამოსდის რამე? 
- ოოო, ეგ ისეთი დაქოქილი გოგო ჩანს. - თავი გააქნია ექთანმა. - არ ზარმაცობს, ერთგულად მუშაობს. ყველაფერში გარკვევა კი უნდა და თან, ახლო მეგობრობა არა. თუმცა, ვინც არ უნდა სთხოვოს, ყველას მაგივრად შეუძლია იმორიგეოს, არც ეზარება! ალბათ სახლში, არავინ ელოდება და დიდად არც მიეჩქარება. 
- ძალიან კარგი, მერე. - მოუწონა მაკამ. - მაგას რას სჯობს, როცა არსებობს ის, ვისაც შეგიძლია, უპრობლემოდ დაეყრდნო! 
- კი, კი, მარჯვე გოგოა. - თავი დაუქნია ექთანმა. 
- მიდი აბა, დაუძახე, ცოტა გადავამოწმოთ, რამდენად სანდო იქნება. 
ექთანი გავიდა, მაკამ კი თავისთვის ჩაილაპარაკა: 
- არ იქნება სანდო და ისევ იმ წუმპეში დავაბრუნებ, საიდანაც ამოვიყვანე, ჰმ. 
- შეიძლება, მაკა ექიმო? - დინამ მორიდებით შემოაღო კაბინეტის კარი. 
- შემოდი. შემოდი. - მაკამ სკამზე მიუთითა. - დაჯექი. 
დინა მაკას მითითებულ სკამზე ჩამოჯდა. 
- აბა? როგორ მოგწონს ექთნობა? - ღიმილით ჩაეკითხა მაკა. 
- მომწონს კი არა დაა. – თავი გააქნია დინამ. - თქვენ რომ არა, არც კი ვიცი, დღეს სად ვიქნებოდი. 
- ისე, თავიდანვე დავინახე შენში პოტენციალი. ჯერ კიდევ იქ, ბურგერებზე, როგორ ოსტატურად მოატყუე ჩემი კუსუც და ის მენეჯერიც, ჰა! ჰა! 
- უჰ. გახსენებაც არ მინდა. - დინა სახეზე წამოწითლდა. - დღემდე მრცხვენია. კუსუს რომ დავინახავ, ვიმალები. 
- ეგ, არაფერი. - ხელი ჩაიქნია მაკამ. - კუსუს, აღარც კი ახსოვს. ახლა შენ ის მითხარი, მოგწონს ეს ექთნობა? არ გინდა, ცოტა წინ წაიწიო? ექიმობაზე იზრუნო? 
- ვაიმე, მაკა ექიმო! სად შემიძლია, ამდენი სწავლა? ძლივს დავამთავრე ეს საექთნოც! რამდენადაც პრაქტიკაში, პირველი ვიყავი, იმდენად ბოლო აღმოვჩნდი თეორიაში. 
- ნუ, კარგი. - მხრები აიჩეჩა მაკამ. - შენი ნებაა. ძალათი ხომ ვერ გაიძულებ ექიმობას? ისე რაც გეხერხება ადამიანს, ის უნდა აკეთო და მორჩა! 
- რა თქმა უნდა! - თავი დაუქნია დინამ. 
- შენთან, ერთი სათხოვარი მაქვს. - შეპარვით დაიწყო მაკამ. 
- მთხოვეთ რაც გინდათ! ყველაფრისთვის მზად ვარ!
- ფანჯრიდანაც გადახტები? - გაეცინა მაკას. 
- თუ აუცილებელია და შენობას ხანძარი აქვს, მაშინ მომიწევს. - სიცილითვე მიუგო დინამ. 
- დღეს, ძალიან მჭირდება შენი დახმარება. - განაგრძო მაკამ. - სამსახურიდან, საპატიო მიზეზით გაგიშვებ. გაცდენაზე, არ იდარდო და ეს, არც შენს ხელფასზე იმოქმედებს. 
დინამ თანხმობის ნიშნად, თავი დაუკრა.
- ერთ ადგილას მინდა გაგაგზავნო. - განაგრძო მაკამ. - და მერე, თავისუფალი ხარ! წადი სახლში, დაისვენე გამოიძინე და ხვალ, ჩვეულებრივად მოხვალ სამსახურში! 
- რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა დინამ. - შეიძლება, სამსხურში მოსვლაც კი მოვასწრო. 
- არა! არ გინდა. - თავი გააქნია მაკამ. - შენგან სიზუსტე და სრული ერთგულება მჭირდება! ამაშია საქმე, ამიტომ როცა გეტყვი, დაისვენეო, უნდა დაისვენო, რადგან ხვალ, შეიძლება უფრო მძიმე დღე გვქონდეს. 
- კარგი. - თავი დაუქნია დინამ. 
- ახლა კი ყურადღებით მომისმინე. - განაგრძო ისევ მაკამ. - ამას არც ყველას დავავალებ და ვერც ყველას ვეტყვი და ვენდობი. - მაკამ წამით იყუჩა და ისევ განაგრძო. - ახლა წადი სახლში. ცოტა ხანში, ტაქსი მოგაკითხავს. შენს ნომერს გადავცემ მე თვითონ და არც ფულის გადახდაა საჭირო. ნუ, გადახდილია უკვე. მიგიყვანს ერთ სალონში, იქ გაგიკეთებენ შესაფერის მაკიაჟს და შეგმოსავენ, როგორ საჭიროა ისე. 
დინა შეიშმუშნა. 
- ნუ გეშინია, პანელზე კი არ გიშვებ! - ჩაეღიმა მაკას, როცა დინას აშკარად ფერი წაუვიდა. - არაფერი მოგივა. უბრალოდ, ბევრად უფრო კოხტად გამოგაწყობენ და მერე, ისევ ის ტაქსი მოგიყვანს აქ, მხოლოდ უკანა გასასვლელიდან შემოვა. ისე იქნები გამოპრანჭული, რომ ვერავინ გიცნობს. ტაქსიდან არ ჩამოხვალ. დაიცდი. გამოვა რომელიმე ჩვენი ექთანი, არც გამოეცნაურები. ის ზედაც არ შემოგხედავს, არც შენ გამოეკიდო და რაღაც ჩანთას გაგატანს. მხოლოდ, ძალიან ფრთხილად უნდა ატარო და რაც მთავარია, ჩანთა არ უნდა გაიხსნას! მანქანა მიგიყვანს ერთ ადგილას და იქიდან მერე, ისევ იმ სალონში დაგაბრუნებს, საიდანაც ისევ ის დინა გამოხვალ და სახლშიც იგივე  ტაქსი წამოგიყვანს! აი, სულ ეს არის! 
- ჰმ. - არც იმდენად რთული ჩანს. 
- რთული, ნამდვილად არ არის, მაგრამ... - მაკამ თვალებში ჩახედა. - აქ, ერთგულებას, უფრო მეტად უნდა მოუმატო და ზედმეტად ცნობისმოყვარეობის პრინციპი, ბოლომდე უნდა ჩაახშო! 
- გასაგებია. - ჩაეღიმა დინას. - არასდროს არ უნდა მოიკვეთო ის ხელი, რომლთაც ჭამ! 
- აი, ყოჩაღ! - შეაქო მაკამ. - და ჩათვალე, რომ ბონუსიც გექნება!  არა, კი არ ჩათვალო, ნამდვილად გექნება!
- არა, მაკა ექიმო! როოგრ გეკადრებათ! - უხერხულად იგრძნო თავი დინამ. - თქვენი სიკეთის მერე, ერთ თხოვნას, როგორ ვერ შეგისრულებთ და არაფერი ბონუსი არ არის საჭირო.
- მომისმინე, ძვირფასო. - მაკა კვლავ თვალებში ჩააშტერდა. - ეს სულ სხვა ბონუსია. არც ხელფასში შედის და არც ზე განაკვეთის ანაზღაურებაში. თანაც უკმაყოფილო, ნამდვილად არ დარჩები, რადგან არც იმდენად ცოტაა. 
- მშვენიერია! - გაუხარდა დინას. 
- მანქანაში, უკან ჩაჯექი და მხოლოდ, წინ იყურე. გვერდითაც არ გაიხედო. ასეა საჭირო და ნურც მკითხავ, თუ რატომ.
დინამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ახლა კი, წადი სახლში და ალბათ, ასე ორმოც წუთში, მოგაკითხავს ტაქსი. იცის თვითონ, სადაც უნდა წაგიყვანოს. 
დინა ფრთებშესხმული გამოფრინდა სამშობიაროდან. რაღაც ყურმოკვრით კი ჰქონდა გაგონილი, რომ მაკა ექიმი, რაღაცას კიდევ ჩალიჩობდა, მაგრამ ზუსტად არაფერი იცოდა.
„ალბათ, კიდევ სხვაგანაც მუშაობს და იქნებ, იქ უფრო მეტსაც უხდიან, მაგრამ მთავარი ექიმის თანამდებობის ფონზე, რცხვენია და არ ამხელს. 
და მერე რა? რა ჩემი საქმეა?“ 
ფიქრობდა დინა და მაკა ექიმის დავალების შესასრულებლად გამზადებული, მოუთმენლად ელოდა ტაქსის გამოჩენას. 
მანქანა, ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა და დინა, სილამაზის სალონში მიიყვანა. მაკას გამოგზავნილს, სალონის გოგოები, სიხარულით შემოეხვივნენ. დინა მაკიაჟით დაამშვენეს და თავზე, სულ სხვა ფერის პარიკიც მოარგეს და სულ სხვა სტილის ტანსაცმლითაც შემოსეს და ბოლოს, დიდი ჩამუქებული სათვალეც დაუმატეს.
თავიდან დინას სარკეში ჩახედვა, თითქოს ცოტა ეუცხოვა, ბევრად უფრო დიდი ასაკის ქალს ჰგავდა, თუმცა მაინც მოეწონა.  
„დამაბერეს, მგონი.“ 
ეღიმებოდა დინას, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია. პირიქით, ასეთმა გარდასახვამ, უფრო გაართო. მანქანამ ახლა სამსხურში მიიყვანა. სამშობიაროს სათადარიგო შესასვლელიდან, მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ექთანი გამოვიდა, თუმცა მკაცრი უცხო სახით. მანქანის კარიც ცივად გამოაღო და დინას მუხლებზე დიდი ზომის, ტყავის ჩანთა დაუდო. მერე მძღოლს მითითება მისცა, ფრთხილად ატარეო. მანქანის კარიც თავადვე, ძალიან ფრთხილად მიუხურა და ისე შეაქცია ზურგი, რომ უკან არც მოუხედავს.
LEX. 2021 წლის 3 ივლისი, შაბათი.

No comments:

Post a Comment