Sunday, April 28, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 165)

165.
პიპა გულგახეთქილი გარბოდა და გამორბოდა ოთახებში, თუმცა სახეზე უფრო საქმიანი იერი ეწერა, ვიდრე დამფრთხალის და შეშინებულის. არაფერს იმჩნევდა, მაგრამ ნერვიულობისგან ლამის გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სოფლად გადმოაბარგებდა მიმის ოჯახს, მეგობარ ქირურგთან შეთანხმებით გინეკოლოგის პრაქტიკა მის კლინიკაში გაიარა. ამასთან ერთად, პედიატრიაც მშვენივრად აითვისა და ახლა, ასეთ სიტუაციაში, სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი, ყოველგვარი დამხმარეს გარეშე, სულ მარტოს, დამოუკიდებლად უნდა მიეღო მიმის მშობიარობა.
მიმი თან მოვლითი ტკივილებისგან წუხდა და თანაც, სასტიკად აპროტესტებდა პიპას დახმარებას. მაინც იმედი ჰქონდა, რომ რადგან ქირურგი თავის ექიმთა ბრიგადით უკვე გზაში იყო, დროულად ჩამოუსწრებდა.
სინამდვილეში კი არავინ მოდიოდა. რომც წამოსულიყვნენ ამხელა თოვლის გამო, ვინ იცის როდისღა ჩამოაღწევდნენ და ასეთ საშინელ ქარბუქსა და თოვაში, არც ვერტმფრენის იმედი ჩანდა.
- და როდისღა ჩამოაღწევენ? - კვლავ აწუწუნდა მიმი. - ან ამხელა თოვლში როგორია აქამდე მოსვლა.
- რეგიონამდე კი მოაღწევენ უფრო ადვილად და მერე ცოტა სხვა კომფორტით მოუწევთ მგზავრობა, მაგრამ რაც მთავარია, უკვე გზაში არიან. - გაღიმებული სახით დაამშვიდა პიპამ, თუმცა სულაც არ ეღიმებოდა.
- კიდევ კარგი. - მიმის ცოტა გულზე მოეშვა.
პიპას მიმის უჩუმრად უკვე ჰქონდა დარეკილი ქირურგთან. მშობიარობაზე ქირურგის მეგობარი გინეკოლოგი გაუწევდა ონლაინ დახმარებას. სანამ ამინდი, ოდნავ მაინც არ გამოსწორდებოდა, მანამდე სხვა საშველი არ იყო. მიმიმ კი ამის შესახებ არაფერი იცოდა.
„ეს ჩვენი ვეტერინარი ბაბუც, რაღა ახლა წაიყვანეს ან როდისღა დაგვიბრუნებენ?“
საშინლად წუხდა პიპა, თუმცა სახეზე სრული სიმშვიდე ეწერა და ხშირად ცდილობდა, მიმისთვის თვალის არიდებას. რაღაც მომენტში ინანა კიდეც ასე მარტომ როგორ ითავა ამდენი რამ, თუმცა ოჯახის განადგურება გარდაუვალი ჩანდა და მხოლოდ ის გზა იყო დარჩენილი, იქაურობას დროულად უნდა გასცლოდნენ. ფიფოს მდგომარეობაც უფრო მძაფრად უნდა წარმოედგინათ და ის სახლი დაეცალათ სადაც ცხოვრობდნენ. მხოლოდ მხატვარი რჩებოდა ქალაქის ბინაში, რომელიც გამთენიამდე არ ბრუნდებოდა სახლში. ყველა ოთახში, ლამის ყოველ კუთხესა თუ კუნჭულში, როგორც პიპამ დაარიგა, სწორედ ისე ტოვებდა ფარულ სანიშნეებს, დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის. ძილისგუდა მხატვარს შუა დღემდე ეძინა, მაგრამ გაღვიძებისთანავე, თავის დაგებულ ფარულ მახეებს მოინახულებდა, რომელიც უკვე აღარ ხვდებოდა. რაც დრო გადიოდა, უკვე თავადაც რწმუნდებოდა, რომ პიპა მართალი იყო. სახლში უჩუმრად შემოდიოდნენ და რაღაცას ეძებდნენ, ამიტომაც გახდა საჭირო ოჯახის წევრებისთვის, იმ სახლის თუნდაც დროებით დატოვება.
- და რას ეძებენ ასეთს? - უკვე შეშფოთებული კითხულობდა მხატვარი.
- აშკარად ფიფოს რაღაც აქვს გადამალული. - მიუგო პიპამ.
- სავარაუდოდ, კომპრომატი უნდა იყოს. - ჩაურთო გალეომ.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - შესაძლებელია, მეხსიერების ბარათიც კი იყოს და მიდი ახლა და ეძებე ასეთი პატარა ნივთი.
- ამიტომაც ასე გულმოდგინედ ჩხრეკენ სახლს, თანაც ისე, რომ არაფერი იყოს შესამჩნევი. - გალეომ ამოიხვნეშა.
- ეძებონ მერე. - თავი გააქნია მხატვარმა.
უცებ ჩუკი და გალეო ერთდროულად, ორივე პიპას მიაშტერდა და ისიც მიუხვდა.
- მეც ვეძებდი. - მიუგო პიპამ. - მართლა ვერაფერი ვნახე სახლში, ვერც ბანკის სეიფებში, ვერც ვერსად სხვაგან.
- ჰმ. - გალეო მოიღუშა. - შეიძლება ნახე კიდევაც, მაგრამ...
- არა, არა! - მტკიცედ მიუგო პიპამ. - რომ მენახა, მივაშავებდი! ისეთ ადგილას დავუდებდი, რომ დროულად ეპოვნათ და ეს ოჯახიც ამოისუნთქავდა.
- ჰო. აბა... - დაეთანხმა ჩუკი.
- აბა, რა სიგიჟეა ამხელა გზაზე, ორსული ქალისა და ფიფოს ასეთ მდგომარეობაში გადმოხვეწა. - განაგრძო პიპამ. - ყველანაირად უნდა აჩვენოს მიმიმ, რომ აღარაფერი აქვს საერთო იმ ძველ ცხოვრებასთან.
- და თუკი ვერასდროს იპოვნიან? - კვლავ დამფრთხალი ხმით იკითხა მხატვარმა.
და ისევ ჩუკიმ და გალეომ, პიპას მიაპყრეს მზერა.
- თუ იპოვნეს, გაიხარებენ და ოჯახიც დაისვენებს, შეეშვებიან საბოლოოდ და თუ ვერ იპოვნეს. - პიპა შეყოვნდა. - მაინც ყურადღებით იქნებიან, სადმე რამემ რომ არ გაჟონოს.
- ესე იგი, სჯობს რომ იპოვნონ? - იკითხა ჩუკიმ,
- მეც მასე ვფიქრობ. - დაეთანხმა პიპა.
გალეომ უხმოდ დააქნია თავი.
- და თუ იპოვნეს უკვე, ჩვენ მაინც როგორ გავიგებთ? - ისევ კითხვის თვალით შეხედა მხატვარმა.
- ნუ, თუ დღეს ჯერ კიდევ არ უპოვნიათ. - ირონიულად მიმართა პიპამ. - მაშინ ხვალ კიდევ დაგდებენ პატივს და გესტუმრებიან იმ დროს, როცა სახლში არ იქნებით, ჭაბუკო.
პიპა ფიქრებში იყო ჩაძირული. წინა საღამოს საუბარი გაახსენდა. ნეტა მართლა, რას მალავდა ფიფო ასეთს ან სად? ან კი ჰქონდა მართლა დამალული?
- ვაიმე, ახლა საშინლად ამტკივდა! - წაიკრუსუნა მიმიმ.
პიპა მაშინვე ოთახში შევარდა და საკმაოდ მშვიდი სახით მიმართა:
- ასე იცის, გაგივლის. - დაამშვიდა პიპამ. - ჯერ ადრეა.
- ჰო, უკვე გადამიარა, ცოტა-ცოტა. - მიმიმ ამოიხვნეშა და მერე მკაცრი ხმით მიმართა პიპას. - და შენ რა იცი, ადრეა თუ გვიან?
- ქირურგმა მითხრა! - მყისვე მიუგო პიპამ. - წეღან ველაპარაკე. გზაში არიან! ძლივს გამცა ხმა, ასეთ ქარბუქში ტელეფონიც კი არ იჭერდა, სანამ შემოსასვლელთან არ გავედი.
- იმედია, არ მატყუებ. - მაინც ეჭვი შეეპარა მიმის.
- თუ გინდა, ნუ დაიჯერებ!
პიპა მიმის დასამშვიდებლად, კვლავ ტყუოდა. ქირურგი არც გზაში იყო და ვერც ტელეფონით უკავშირდებოდა, რადგან ოპერაციაზე იყო. მის მაგივრად, მხოლოდ რამდენჯერმე შეეხმიანა გინეკოლოგს, თუმცა მალევე წყდებოდა კავშირი.
- ისე მეც რა შტერივით გამოგყევი! - აწუწუნდა მიმი. - რას გამომაქცუნე ასე ქვეყნის დასალიერში?! ახლა ექიმიც გვერდით მეყოლებოდა და წესიერად მაინც ვიმშობიარებდი.
- მიმი, იმაზე არ გიფიქრია, რომ ახლა შესაძლებელი ცოცხლები არც ყოფილიყავით არ შენ, არც ფიფო და არც დიმეო?!
- და აქ ვითომ ვერ მოგვაგნებენ?
- თქვენი ლიკვიდაცია არაფერს არგებთ, მანამდე სანამ...
- რა სანამ? - ვეღარ მოითმინა მიმიმ. - კვლავ რაღაცას მიმალავ! ბოლომდე ისევ არაფერს მიყვები!
- ისედაც ყველაფერი მშვენივრად იცი. - მშვიდად მიუგო პიპამ.
- და რა ვიცი ასეთი, რომ ამის გამო, ასეთ მდგომარეობაში ახლა აქ ვარ?! - კვლავ უკმაყოფილო ხმით მიმართა მიმიმ.
- უკვე მერამდენედ გიყვები, რომ ის ხალხი, მტრად წოდებულნი, დარწმუნებულნი არიან, რომ ფიფომ, რაღაც გადამალა სახლში და გამწარებულები ეძებენ დღემდე.
- ღმერთო ჩემო! - ამოიგმინა მიმიმ. - ნეტა მართლა რა არის ასეთი?
- წარმოდგენაც კი არ მაქვს, თუმცა...
- რა თუმცა?
- იქნებ, შენ მაინც გაიხსენო.
- და რა უნდა გავიხსენო? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ჩემთვის არაფერი მოუბარებია და არც არასდროს მჯდარა ჩემს ლეპტოპთან, ესეც თუ გაინტერესებს.
- არც უჩვეულო არაფერი შეგინიშნავს?
- რა ვიცი... არა მგონია... - წაიჩურჩულა მიმიმ და მოულოდნელად თვალები გაუფართოვდა, თუმცა არაფერი უთქვამს.
პიპას არაფერი გამოჰპარვია. აშკარა იყო, მიმის რაღაც გაახსენდა, მაგრამ რამდენად სასარგებლო იქნებოდა, ან იქნებ საერთოდაც არაფერ კავშირში იყო.
- და უჩვეულო მაინც რა შეიძლება ყოფილიყო? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა მიმიმ.
- ათასი რამ. - მიუგო პიპამ და თვალი გაუსწორა. მშვენივრად ხვდებოდა, რომ მიმის შესაძლოა მართლა რაღაც გაახსენდა, რომლისთვისაც იქნებ ადრე სულაც არ მიუქცევია ყურადღება.
- და მაინც? - ჩაეკითხა მიმი.
- ნებისმიერი უჩვეულო რამ! - მხრები აიჩეჩა პიპამ. - შეიძლება, ავეჯის უეცარი გადაადგილებაც მოგეჩვენოს უცნაურად, იმ შემთხვევაში, თუ ეს არასდროს გაუკეთებია ფიფოს და არც როდესმე გამოუთქვამს ამის სურვილი.
- ავეჯი?.. - მიმი კვლავ ჩაფიქრდა.
- ან რემონტი, იქ სადაც სულაც არ იყო საჭირო. – პიპა მიმის სახეში ჩააშტერდა.
წამით მიმი სულ გაფითრდა, თუმცა მაშინვე გამოერკვა და პიპას გამჭოლ მზერას თვალი აარიდა.
„ესე იგი, რემონტი.“
მაშინვე გაუელვა პიპას.
„მაგრამ სად? რომელ კუთხეში? წესით არც უნდა გამომპარვოდა, მე ხომ ესეც კი გავითვალისწინე..“
პიპამ მშვენივრად იცოდა, რომ მხოლოდ ფიფოს ავადმყოფობის დროს მოუხდა მიმის მცირედი რაღაცის შეცვლა დიდ მისაღებ ოთახში. თუმცა ბევრიც არაფერი. მხოლოდ შირმა დაემატა, ერთი კუთხე გადაიკეტა და პატარა ოთახი გახდა, პალატასავით მოეწყო.
„არა, არა! ის ოთახი გამორიცხულია!“
კვლავ ფიქრობდა პიპა.
„ეს მხოლოდ ფიფოს ქმედება თუ იქნებოდა, მაგრამ სად? რომელ კუთხეში?.. თუ რომელ სახლში?
ვითომ, მშობლების სახლში? სავსებით შესაძლებელია, მაგრამ რა გარანტიაა, რომ იქაც არ დაიწყებენ ჩხრეკას, თუ უკვე არ გადაქექეს.
ან იქნებ მიმის... ჰმ, სიდედრის სახლში რემონტი ხომ არ წამოიწყო ფიფომ?“
პიპა წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ მიმიმ შეაჩერა:
- რა მოხდა?!
- არაფერი. - მხრები აიჩეჩა პიპამ.
- აბა, ასე უცებ რას წამოფრინდი? - არ მოეშვა მიმი.
- უკვე საათზე მეტია შენს ოთახში ვარ, ახლა ფიფოსაც დავხედავ და ისევ შემოვალ. განა სადმე მივდივარ.
- ჰო, კარგი. - შეწუხებული ხმით მიუგო მიმიმ.
- ისევ აგტკივდა?
- საშინლად. - წაიკვნესა მიმიმ.
- მერე შევალ ფიფოსთან, შენთან დავრჩები, სანამ ისევ არ მოგეშვება.
- არა, არა! - კვლავ წაიკვნესა მიმიმ. - ბარემ დახედე, უფრო მშვიდად ვიქნები.
პიპამ ოთახი დატოვა და მიმის უჩუმრად ჩუკის შეეხმიანა.
- გვიანია და მომიტევე თუ გაგაღვიძე.
- მოგიტევებ. - გაეცინა ჩუკის.
- გალეოსთან დარეკვა არ მინდა, მაინც სიფრთხილეა საჭირო.
- ამ ნომერზე დარეკვა, არ არის პრობლემა და რადგან აქ მირეკავ, ესე იგი, რაღაც საინტერესოს წააწყდი, არა? - ჰკითხა ჩუკიმ.
- ჯერ ვერაფერ ისეთს, მაგრამ მინდა გამიგო, ისე რომ... - პიპა შეყოვნდა. - მოკლედ, ჯერ ნურავის ეტყვი და მხოლოდ საკუთარი ინიციატივით იმოქმედე.
- გისმენ, აბა!
- მინდა გამიგო, ფიფოს მშობლებთან ბოლოს როდის იყო რემონტი. შეიძლება, სრულიად უმნიშვნელოც.
- ან 
ვინმე, დაუპატიჟებლად ხომ არ ესტუმრათ? - ჩუკი უმალ მიუხვდა. - თუნდაც ხელოსანი.
- თუნდაც! - დაეთანხმა პიპა. - და ასევე მიმის მშობლებთანაც, იქნებ სულაც, პიანინოს ამწყობი მოულოდნელად ეწვიათ? ან უკვე აღარ ვიცი, დანარჩენი შეკითხვები შენივე თვით შემოქმედებაზე იქნება დაყრდნობილი. იმედია, მიმიხვდი.
- ეს პიანინოს ამწყობი, საიდან მოგაფიქრდა? - გაეცინა ჩუკის.
- უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა და თანაც, არც არაფერი უნდა გამოვრიცხოთ!
- ყველაფერს გავარკვევ, ისე რომ ეჭვი არავის შეეპაროს. - დააიმედა ჩუკიმ. 
პიპამ ამოისუნთქა და მობილურის გათიშვისთანავე შეამჩნია, რომ მიმი უკვე თავს წაადგა.
- უი, რატომ ადექი? - გაკვირვა პიპამ.
- ვის ელაპარაკებოდი?
- დაკითხვაზე ვარ?! - ირონიულად მიუგო პიპამ.
- ვერ ვრეკავ ქირურგთან და დავურეკე გინეკოლოგს! პრობლემაა?
- არ არის, პრობლემა, მაგრამ გინეკოლოგმა არ გითხრა რომ კი არ უნდა ვიწვე სულ, არამედ მშობიარობის წინ უფრო მეტი უნდა ვიარო. შენ კი გაგიკვირდა, რატომ ადექიო.
- მერე იარე ოთახებში. თუ გინდა მეც შენთან ერთად ვივლი.
- შენც უნდა იმშობიარო? - სიცილით მიუგო მიმიმ.
- დიმეოს დაბადების დროს ფიფო გვერდით გედგა, ახლა ჩემი ჯერია. ვალდებული ვარ და...
- ფიფო მაგ დროს სულაც არ იყო ჩემს გვერდით, რადგან... - მიმი ლამის ორად მოიკეცა ისე მოუარა ტკივილმა.
პიპამ ხელი შეაშველა და საწოლამდე მიიყვანა.
- და რაო, მერე ფიფომ? სად ვიყავიო? - პიპამ ყურადღების გადატანა სცადა.
- შენს საშველად გამოვუშვი! - თითქოს ნიშნის მოგებით მიახალა მიმიმ.
- ჰო ოო? - გაიკვირვა პიპამ.
- ჰო! რატომ გიკვირს?! - უკმაყოფილოდ მიუგო მიმიმ. - ისეთი წარღვნა იყო ქალაქში და ფეხიც მაგ დროს დაიზიანა.
- მართლა? - კვლავ გაიკვირვა პიპამ.
- და შენ? - მიმი ეჭვიანად ჩაეკითხა. - შენ სად იყავი მაგ დროს?
- წარმოდგენაც არ მაქვს! - მხრები აიჩეჩა პიპამ. - არც ეგ წარღვნა მახსოვს და არც ის, თუ როგორ აღმოვჩნდი იმ მთის კენწეროს მიუვალ მონასტერში.
მიმიმ კვლავ ეჭვიანი მზერა შეავლო. დაუჯერებელი არაფერი იყო. სრულიად შესაძლებელია, რომ იმ დიდ წყალდიდობაში მოყოლილის დამართოდა ამნეზია.
- აღარც წამოწოლა მშველის და აღარც სიარული. - კვლავ მოიკრუნჩხა მიმი. - და სად არიან ამდენ ხანს?!
- ვრეკავ და არავინ იღებს, ალბათ არ იჭერს, გზაში არიან. შენ კი ამხელა გოგო ხარ და არ იცი, რომ ქალი, ბუნებრივად მშობიარობს? და დამხმარე მხოლოდ ჭიპლარის გადაჭრის დროს სჭირდება. სხვა დანარჩენი კი, ბუნებრივი გზით ხდება და რა განერვიულებს? დაიბადება ეს ბავშვი აბა, რაა! - პიპამ ყურებამდე გაუღიმა.
მიმის თითქოს ცოტა გულზე მოეშვა, მაგრამ მერე უცებ სახე შეეცვალა:
- და საკეისრო რომ დამჭირდეს?!
- არ დაგჭირდება. - მშვიდად მიუგო პიპამ. - ასე რომ ყოფილიყო, წუხელვე წაგიყვანდნენ  და წინასწარ დაგაწვენდნენ.
- ჰომ, მაგრამ ზოგჯერ ხომ ხდება ხოლმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა? - მაინც ეჭვი შეეპარა მიმის.
- ხდება, როგორ არ ხდება! - კვერი დაუკრა პიპამ. - თუმცა, მაინც არ არის ასეთი გაუთვალისწინებელი, რადგან თუ ყურადღებიანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხარ, მაშინ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც მანამდე აგიხსნა.
- მაინც, ვერ გეთანხმები. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მიმიმ. - რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ...
- დიახ! რამდენი შემთხვევა ყოფილა, ექიმების ზერელე და ზედაპირული ქცევით, მაგრამ აი, შენს შემთხვევაში კი ეგ ყველაფერი გამორიცხე და ბოლოს და ბოლოს, ნუ ფიქრობ ყველაფერ ცუდზე და უიმედოზე!
- ჰო... რა ვიცი... - ამოიხვნეშა მიმიმ.
- ასე სულ ცუდზე რომ ფიქრობ. აბა გაიხსენე ის პერიოდი, დიმეო როცა დაიბადა, როგორი ბედნიერი იყავი...
- სულაც არა! - ნერვიულად მიახალა მიმიმ. - ნერვებს მიშლიდა ის წუთები სანამ გავაჩენდი და მეზიზღებოდა და მძულდა ყველაფერი. დიმეოს დანახვაც არ მინდოდა რამდენიმე დღე, ბავშვის ტირილის ხმაზეც გული მერეოდა და ყველაზე მეტად კი ჩემი თავი მძულდა და მეზიზღებოდა!
- გასაგებია, რომ ჩემს გამო, მაგრამ ბავშვი რა შუაში იყო? - წყენით მიუგო პიპამ.
- არც არაფერი შუაში იყო, მაგრამ ყველაფერი სულ რაღაც ერთ დღეში მოხდა. სულ რამდენიმე საათში, იმდენ რამეს აეხადა ფარდა და ამ დროს ბავშვსაც ვაჩენ უკვე იმ კაცისგან, ვისზეც...  ვინც...
- ყველაზე საზიზღარი ურჩხულისგან! ბოროტმოქმედისგან! - ჩაურთო პიპამ. - სერიული მკვლელისგან! და მაინც, ბავშვი რა შუაშია?
- არა... არაფერ შუაშია, უბრალოდ ერთდროულად ყველაფერი ერთად...
- იცი? ჩემი დისგან არც გამიკვირდა ასეთი ქცევა, როცა საკუთარი შვილი გაჩენის დღიდანვე რომ მოიძულა, მაგრამ შენგან... ბავშვმა დაგიშავა რამე? თუ გაიძულებდა და გეხვეწებოდა გამაჩინეო? შენივე არჩევანი, შენვე გძულდა?
- მე... მე... - მიმის ცრემლები გადმოსცვივდა.
- მამამისიც შენ აირჩიე. - განაგრძო პიპამ. - არავის დაუძალებია და მამამისსაც ისე ძლიერ უყვარდი, შენს მიმართ სუფთა და წრფელი გრძნობით იყო და ამავე დროს გაგირბოდა, შენგან შორს იჭედა თავს, სწორედაც რომ თავისი ჩადენილი საშინელი ბოროტმოქმედებების გამო. ზუსტადაც რომ ბავშვი, რა შუაში იყო? რატომ უნდა წამოეძახათ მისთვის, რომ მამამისის ოჯახში ინცესტი იყო? მიუხედავად იმისა, რომ არავინ ვიცოდით და მაინც, იმით არავინ დაინტერესდებოდა თუ რატომ და რისთვის? საშინელი გაუბედურებული ოჯახიდან მოდიოდა და მორჩა! და ამ ყველაფერს დამატებული კიდევ სერიული მკვლელის გენები და ეს ყველაფერი ამ ერთი ბავშვის თავზე გადმოდის და ამიტომაც ვცდილობდი, რომ სიახლოვეს არ გაგკარებოდი, მაგრამ ბოლოს ვეღარ შევძელი, რადგან ყველაზე მეტად ის აზრი მაწვალებდა, მართლა ვისი იყო ბავშვი? ხან ვფიქრობდი, რომ ძალიანაც კარგი ახლა მიმი ფიფოს ცოლია, გვერდით საიმედო ადამიანი ჰყავს და ბედნიერიც იქნებოდი, მაგრამ იქნებ მართლა ჩემს შვილს ატარებდი? ეს არც არაფერს შეცვლიდა, რადგან ჩემი მომავალი უკვე განსაზღვრული მქონდა. მართლა რაში სჭირდებოდა ბავშვს ასეთი მამა?! - პიპამ წამით იყუჩა. - სიმართლის გაგება მაინც მინდოდა, თუმცა არც არასდროს გკითხავდი, რადგან არც მაშინ ვაპირებდი შენი ოჯახის დანგრევას და მაინც მაწვალებდა ის აზრი, ვის შვილს ატარებდი? ისიც კი ვიკადრე, შენ და ფიფო ცალკე როცა გადახვედით, იმ სახლში შემოვიპარე, ყველაფერი გადავამოწმე და აი, მაშინ კიდევ ერთხელ შემეპარა შენში ეჭვი, რომ მაინც ფიფოს მოგზავნილი იყავი...
- მართლა? ნუთუ ჩემზე ამას ხშირად ფიქრობდი? - იწყინა მიმიმ.
- თავიდანვე ასეც მეგონა და ბევრჯერაც ვიფიქრე, რადგან არაერთხელ წავაწყდი ამის ფაქტს.
- რა ფაქტს წააწყდი? - ახლა უფრო მეტად იწყინა მიმიმ.
- თუნდაც ის, რომ შენ და ფიფოს საკუთარი საძინებლები გქონდა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ არანაირი კვალი არ იყო თქვენი ერთად ყოფნის.
- და ეგ როგორ გაიგე?
- შენს ბალიშზე მხოლოდ შენი სურნელი იყო... – პიპას ხმა გაებზარა, თუმცა მაშინვე გამოერკვა. - ფიფოს საძინებლის აივნიდან კი ზუსტად ჩემი სახლის ფანჯრები ჩანდა. კომოდის უჯრის მიმალულ კუთხეში, პატარა ჭოგრიტიც ჰქონდა და არც ფიფოს ბალიშს ასდიოდა შენი სუნამოს სურნელი!
- ღმერთო ჩემო! შენ მთელი გამოძიება ჩაგიტარებია! - თავი გააქნია მიმიმ. - შეიძლება არც დაიჯერო, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი თუ ის ბინა, შენს სახლს უყურებდა. ფიფოს ოთახში არასდროს შევსულვარ, ჩემი ოთახის აივანი კი სულ სხვა ქუჩაზე გადიოდა და შესასვლელიც იქიდან ჰქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ შენთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ასე ამდენად... 
- ჰმ.
- და მაინც ზუსტად როდის მიხვდი, თუ ვისი იყო ბავშვი?
- თავიდან მართლა ფიფოსი მეგონა, რადგან ჩემი დისგან გავიგე, გათხოვდი და საქორწინო მოგზაურობაშიც იყავი წასული. - პიპა შეყოვნდა. - ჩემი გონების ნაწილს უხაროდა, რომ ბედნიერი იყავი, მაგრამ გულის ნაწილი მაინც საშინლად წუხდა და თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ არ ვიყავი შენი ღირსი, ბავშვი არ იმსახურებდა ჩემნაირ მამას. – პიპა გაჩუმდა.
- ისე ცუდად ვიყავი, ქალაქიდან გასვლა მინდოდა, თან არც არსად და არც არაფერი მინდოდა. ფიფომ თავად შემომთავაზა, რომ ცოტა ხნით მაინც მოვშორებულიყავი ყოველდღიურ რუტინას. ზღვაზე წავედით. იქაც ცალ-ცალკე ნომრებში გვეძინა და ეს არ ყოფილა ჩემი კაპრიზი. ფიფო ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. არასდროს არაფერს მაიძულებდა. სწორედ იქ გავიგე, რომ თურმე უკვე ორსულად ვიყავი. ისევ ფიფოს შემოთავაზება მივიღე და ამიტომ გადავედით ერთად საცხოვრებლად და ეს ყველაფერი ისევ ფიფოს იდეა იყო, ყოველთვის ბავშვის მამად დავრჩებიო.
- ფიფო საკმაოდ გამჭრიახი ბიჭია და არც სურვილი ჰქონდა, რომ ვერაგულად დაეკავებინა ვინმეს ადგილი. იცოდა, რომ სხვისი ჩანაცვლებით შენს სიყვარულს ვერ მოიპოვებდა.
და მართლა მოიპოვა. - ჩაეღიმა მიმის. - იმხელა ქირას, მარტო ფიფო იხდიდა. თუმცა, თავიდანვე მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გაგვეყო. ვიცოდი, ფინანსურად უჭირდა და არც მაგრძნობინებდა. ბოლოს უკვე ძლივს დავიოდი და მთელი დღე სახლში მარტო ყოფნას, ისევ დედასთან ვარჩიე, მშვენიერი მიზეზიც მქონდა.
- ფიფოც გადმოვიდა?
- ხომ იცი, რომ არა. - მიუგო მიმიმ. - მაგრამ ხანდახან რჩებოდა ხოლმე.
- ვიცი, მახსოვს. - პიპას ჩაეღიმა. - ისიც მახსოვს, როგორ საშინლად გავბრაზდი მაშინ, ფიფოს მეორე ოთახში რომ ეძინა.
პიპას ბევრი რამ ახსოვდა, ზოგიც მოგვიანებით გაიხსენა, თუმცა მაინც წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ მოხვდა იმ მონასტერში. ერთი პერიოდი, დააპირა მიმისთვის ეთქვა, რომ ფიფომ ფეხი მაშინ დაიზიანა, ჩემს გადასარჩენად რომ იყოო, მაგრამ მერე, რატომღაც თავი შეიკავა. ბევრი ისაუბრეს, პიპა სულ ცდილობდა, რომ მიმის ყურადღება, ათას რამეზე გადაეტანა. მიმიც აჰყვებოდა საუბარში, პერიოდულად კი მოვლითი ტკივილი შემოუტევდა და მერე ისევ თავიდან აგრძელებდნენ საუბარს.
მთელი ღამე გაათენა მიმიმ წუხილში, ალიონზე კი გოგონა შეეძინა.
LEX. 2024 წლის 25 მარტი, ორშაბათი.

Wednesday, April 10, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 164)

164.
პიპას სწორედ მაშინ შეეღვიძა, როდესაც ვიღაცის შემოსვლა იგრძნო ოთახში და არც იმდენად რთული გამოსაცნობი იყო ასე უთენია, თუ ვინ დაადგებოდა მიმის საძინებელში.
ისევ მიმის ოთახში მოუწია ღამის გატარება და მთელი დღის გადაღლილს, უკვე ჩვეულებისამებრ  საწოლის კუთხეში მიწოლილს დაათენდა თავზე. მიმის კი ამ დროს, მშვიდად ეძინა. დიმეოს შემოსვლა არც გაუგია. სამაგიეროდ, პიპა მაშინვე მიხვდა, რომ ბავშვი თავს წაადგა და უკანვე გავიდა. თითქოს ადრეც შეამჩნია მსგავსი რამ. არაერთხელ შეეღვიძა იმის გამო, რომ თითქოს მართლა ოთახში ვიღაც შემოვიდა, მაგრამ თვალის გახელისთანავე უკვე არავინ ჩანდა. ახლა კი, აშკარად იგრძნო, ჯერ როგორ გადაეფარა ჩრდილი თვალებზე და მერე ისევ როგორ განათდა.
ყველაზე მძიმე დღეში ახლა მიმი იყო. ცდილობდა არ ენერვიულა, ყოველთვის ხალისიან განწყობას ინარჩუნებდა, მაგრამ როგორც კი დაღამდებოდა, სწორედ მაშინ იპყრობდა რაღაც ქვეცნობიერი შიში, რომელიც ძილის საშუალებას არ აძლევდა. ხან წიგნით ცდილობდა თავი შეექცია, ხანაც ფილმს ჩართავდა, მაგრამ როგორც კი ძილი მოერეოდა და უკვე ჩაძინების პირას იყო, მაშინვე რაღაც სევდა შემოუტევდა და უნებურად ფხიზლდებოდა. ამის მერე საწოლში გაჩერებაც რაღაც შიშს გვრიდა, ამიტომ ასე შუაღამით წამოდგებოდა და ოთახებში სიარულს მოჰყვებოდა. ჯერ დიმეოს შეუხედავდა, თუ როგორ ტკბილად ეძინა, მერე უკვე ფიფოსთან შევიდოდა, სადაც როგორც ყოველთვის, პიპა სრულიად ფხიზელი ხვდებოდა. მიმიც სარგებლობდა ამით და ათას რამეს მოაყოლებდა, დრო რომ გაეყვანა. პიპაც დაუზარებლად ქაქანებდა მიმის საამებლად, მერე საწოლამდეც კი მიაცილებდა და სანამ არ ჩაიძინებდა არ ტოვებდა. ხშირად კი თავადაც იქვე ეძინებოდა. დილით გაღვიძებულ მიმის პიპა უკვე იქ აღარ ხვდებოდა, თუმცა არც კი იცოდა, უკვე მერამდენედ უთევდა იქ ღამეს.
დიმეოს რაღაც უხასიათობა დაეტყო. მიმიმ მაშინვე შეამჩნია. ალბათ აქ მოეწყინა ბავშვს და თავის სახლში, ქალაქში ურჩევნიაო, ფიქრობდა. მოგვიანებით კი დიმეოს უხასიათობას, უკვე მისი უზნეობაც მოჰყვა. ბავშვი უზრდელურად იქცეოდა და უფროსების კითხვებზეც ღრენით პასუხობდა და ბოლო პასუხი, სულ ფეხებზე მკიდიაო, უხეშად დედას რომ მიაძახა და თავის ოთახში შეიკეტა, აი უკვე მაშინ პიპაც ჩაფიქრდა.
- რა ეტაკა ამ ბავშვს? - გაკვირვებული ხმით იკითხა მიმიმ.
- მგონი, ჩვენზე ეჭვიანობს. - მშვიდად მიუგო პიპამ.
- რაა?! - შეიცხადა მიმიმ. - როგორ ბედავს, რომ... რომ... - მიმი წამოდგომას შეეცადა.
- მე დაველაპარაკები. - შესთავაზა პიპამ თუმცა ადგილიდან არც დაძრულა.
- მერე, მიდი. დაელაპარაკე. - მიმიმ ვეღარ მოითმინა.
პიპას არც ამჯერად უცდია წამოდგომა.
მიმიმ კითხვის თვალით შეხედა.
- გვიან დაველაპარაკები. - კვლავ მშვიდად მიუგო პიპამ. - იყოს, ეგონოს რომ შერჩა.
- შენი მეთოდები, მკლავს რაა. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ. - და მაინც, საიდან მოიტანე, რომ ჩვენზე რაღაც ცუდად იფიქრა?
- რამდენჯერმე ჩამეძინა შენს საწოლზე და ვფიქრობ, იმდენჯერვე გვნახა ერთად რომ ხვრინავდით.
- მე ვხვრინავ?! - შეიცხადა მიმიმ.
- არა. არა! - გაეცინა პიპას. - და იმედია, არც მე ვიცი ხვრინვა.
- შენ საერთოდ როდესმე გძინავს?
- აი, სწორედაც რომ მეძინა, მაგიტომაც დამადგნენ თავს! - ცალყბად გაეღიმა პიპას.
მიმი ცმუკავდა, ერთი სული ჰქონდა, სანამ დაღამდებოდა და პიპა დიმეოს დაელაპარაკებოდა ან რაზე უნდა ელაპარაკა? ისევ სჯობს, მე ავუხსნაო, კვლავ გადაწყვიტა მიმიმ, მაგრამ პიპამ ისევ შეაჩერა.
- შენ რომ ახლა ბავშვს ახსნა-განმარტება დაუწყო, მაშინ უეჭველი თავის მართლება გამოგდის.
- და რა მჭირს თავის გასამართლებელი?! - გაწიწმატდა მიმი.
- არც არაფერი, მაგრამ მაინც ასე გამოჩნდება. - კვლავ დინჯად მიმართა პიპამ. - ამიტომ გვაცალე, კაცურად უნდა გავურჩიო საქმე. ხომ ვაჟკაცურად მოაქვს თავი, ჰოდა ახლა მართლა იკაცოს და ნახოს როგორია ნამდვილი ვაჟკაცობა.
მიმიმ თავი დაუქნია, თუმცა მაშინვე შუბლშეკვრით მიმართა:
- და კაცურად საქმის გარჩევა, რას ნიშნავს? უნდა იჩხუბოთ?
- არა, დუელში ვიწვევ. - პიპას გულიანად გაეცინა. - მიმი, ფიფოზე რომ გეფიქრა, კიდევ ჰო, მაგრამ ბავშვს მუშტი-კრივს ხომ არ გავუმართავ? თუნდაც იმაზე, რაც მართლა მოეჩვენა და ასე ცუდად იფიქრა.
მოსაღამოვდა. ბავშვი სავახშმოდაც კი არ გამოსულა თავისი ოთახიდან. დიმეოს, როგორც ზედა სართულზე, ასევე ქვედა სართულზეც ჰქონდა იგივე განრიგით ოთახები, საძინებელი თუ სამეცადინო. ზედა სართულზე ნაკლებად ადიოდნენ, რადგან მხატვრის საბოლოო გადმობარგებას ელოდნენ. მიმის ისედაც უჭირდა კიბეზე ასვლა, ფიფოც ქვემოთ ჰყავდა და ამიტომაც ზედა სართულსა და მანსარდას დროებით აღარ იყენებდნენ, მით უმეტეს, რომ ქვემოთ უფრო კარგად თბებოდნენ. შიდა ცენტრალური გათბობის გარდა, ბუხარიც კარგად გიზგიზებდა. ცოტაც და შემოდგომაც მიილეოდა და კარს მომდგარი ზამთრის სუსხი, უკვე საგრძნობლად იჭრებოდა ჰაერში.
- ნუთუ მართლა ასე ცივა, თუ მე ვერ ვთბები. - საშინლად წუხდა მიმი, რადგან აგიზგიზებულ ბუხართან უკვე ორი პლედიც კი ვეღარ ათბობდა.
- უბრალოდ, სიცივემ აგიტანა და ნერვებმაც ერთდროულად. - ამშვიდებდა პიპა.
- ახლა მხოლოდ იმას ვდარდობ, გრიპი ხომ არ მეწყება ნეტა. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- არა, რა გრიპი?! – პიპამ მიმის დამშვიდება სცადა, თუმცა გულში მასაც შეეშინდა, რა დროს მართლა ამ ორსული ქალის გრიპი იყო. - ამ წუთას არ გითხარი, რომ იცის მასე ნერვიულობამ, ხან სიცივე აგიტანს და ხანაც შეიძლება ისე დაგცხეს, რომ სულ წურწურით გაგდიოდეს ოფლი.
- მართლა? - იმედიანად იკითხა მიმიმ.
- მართლა. - მშვიდად მიუგო პიპამ.
მიმის ცოტა გულზე მოეშვა. სანერვიულო ისედაც არ აკლდა და აბა, რა გასაკვირი იყო, რომ ან სიცივეს აეტანა, ანდა სიცხეს.
- ტანზე საერთოდ არ მცივა, მაგრამ ეს ხელები და ფეხები საერთოდ ვერ გავითბე. - კვლავ აწუწუნდა მიმი.
- ჰოდა, ეგ არის სწორედაც ნერვები და არა გრიპი. - კვლავ შეაგულიანა პიპამ და ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხანში მიმის ტაშტით დაადგა თავს. ფეხები დაუთბილა, რადგან მიმის უკვე დახრაც უჭირდა, თავადვე გაუმშრალა, თბილი წინდებიც ამოაცვა და ზემოდან ცალკე პლედიც შემოახვია. არც ცხელი ჩაის მიტანა დავიწყებია და ასე ჩვილი ბავშვივით შეფუთულ მიმის ათას კურიოზს უყვებოდა, რომ ცოტათი მაინც გაემხიარულებინა.
ამ ყველაფერს დიმეო კარის ჭრილიდან უჩუმრად ადევნებდა თვალს, რომელიც კვლავაც ოთახიდან არ გამოდიოდა. პიპამ მშვენივრად ხვდებოდა ბიჭის ასეთი თვალთვალის მიზეზს, დაღამებას ელოდა და თან გულში ეღიმებოდა.
როგორც იქნა დაღამდა და მიმიმაც თავის ოთახს მიაშურა. პიპამ დრო იხელთა და ბავშვის საძინებელში, მისი ნებართვის გარეშე შეიჭრა. დიმეო გაიტრუნა. პიპა მაშინვე მიუხვდა რომ არ ეძინა, დარწმუნებული იყო, ელოდა. ბავშვმა იცოდა ასე ადვილად არ მოეშვებოდნენ და მისი ასე მთელი დღის უზრდელობა უკვალოდ არ ჩაივლიდა. პიპა დიმეოს არც მიუახლოვდა, მხოლოდ ფეხებთან გაჩერდა. ბავშვმა ლამის სუნთქვაც კი შეწყვიტა და პიპაც სწორედ ამაზე მიუხვდა, რომ არ ეძინა. წუთიც კი არ იყო გასული, რომ პიპამ უხეში მოძრაობით გადახადა საბანი, ძირს მოისროლა. ამოსუნთქვაც არ აცალა ისე სწვდა ფეხებში, თავისკენ მოიზიდა. პიპას ასეთი ქცევის მერე, დიმეოს სხვა გზა აღარ ჰქონდა, თავს უკვე ვეღარ მოიმძინარებდა. პიპამ ხელი ჩაავლო მხრებში საწოლზე დასვა და საკმაოდ მკაცრი გამომეტყველებით ისე ჩახედა თვალებში, რომ ბავშვი შიშისგან აკანკალდა. არასდროს უნახავს, თავისი ერთგული და უსაყვარლესი მეგობარი, ასეთი გაბრაზებული და გამეხებული. მისი მხეცური ქცევა და გამოხედვა ბავშვს შიშის ზარს სცემდა.
- ლაწირაკო ბავშვო! - ლამის კბილებში გამოსცრა მწირმა. - ჭკუა მეკეტება შენზე, ისე ძლიერ მიყვარხარ, მაგრამ სწორედაც რომ შენგან ვერ ავიტან ისეთ უხეშობას და უზრდელობას მის მიმართ, ვინც ამას არ იმსახურებს!
პიპამ დიმეოს ხელი უშვა. ძირს მიგდებული საბანი, ისევ უხეში მოძრაობით ლამის სახეში ესროლა ბავშვს და ის იყო კარში უნდ გასულიყო, რომ საკმაოდ რბილი და თბილი ხმით მიმართა:
- ჩაიფსი შიშისგან?
პიპამ ოთახი ისე დატოვა, რომ ზურგს უკან ბიჭის გაოგნებულ, შიშისგან და სრული დაბნეულობისგან გაფართოებულ თვალებს კიდევ დიდ ხანს გრძნობდა.
დიმეომ ერთხანს იწრიალა საწოლში, ან რა დააძინებდა ღამის ასეთი შემოჭრის შემდეგ. წამოდგა და ფიფოს ოთახისკენ გასწია, ჯერ კიდევ გაგულისებულ ბიჭს უნდოდა მამასთან მოეოხებინა გული, მაგრამ არ გაუმართლა, იქაც მწირი დახვდა, რომელსაც ახლა უკვე მტრად უყურებდა. პიპა მისკენ ზურგით იჯდა და ფიფოს იმდღევანდელ მონაცემებს კომპიუტერულ დიაგნოსტიკით იკვლევდა.
- ნუ დგახარ კარებში. - პიპას არც მოუხედავს ისე მიმართა. - დაჯექი და პლედი მოიფარე. - მიანიშნა სავარძელზე და არც ახლა გამოუხედავს.
დიმეო უხმოდ დაემორჩილა.
- ვიცოდი ღამის პიჟამათი შემოტანტალდებოდი და გაგიმზადე პლედი. - პიპა წამოდგა და მკვეთრი მზერით ჩააშტერდა ბიჭს. - შენი ცუდი საქციელით, სწორედ ის ისჯება, ვისთვისაც შენ ძვირფასი ხარ, ან ის არის შენთვის უძვირფასესი. 
მწირმა ისე დატოვა იქაურობა, რომ არც დიმეოს პასუხს და არც მის რეაქციას არ დაელოდა. ანდა რა პასუხი უნდა გაეცა, ჯერ კიდევ გაოგნებულ ბავშვს. 
ვინ იყო ეს კაცი მისთვის? მტერი თუ მოყვარე?..
სიკვდილს გამოსტაცა, ნაძირლებს ააცალა ხელიდან. მის გადასარჩენად მკვლელობაც კი ჩაიდინა. ადამიანი მოკლა, იმისთვის რომ უმწეო ბავშვი ეხსნა. დიდ თოვლსა და ქარბუქში დაჭრილმა და ბრძოლით დაქანცულმა, ხელში აყვანილი ატარა. თვეობით უვლიდა, სითბოსა და სიყვარულს არ აკლებდა და მერე ოჯახს მშვიდობით დაუბრუნა.
ახლა კი, ზედმეტები მოსდის? თუ ამდენი სიკეთე, რომ გააკეთა, მაგიტომ აძლევს თავს ყველაფრის უფლებას?
- მამ! - წაიჩურჩულა დიმეომ და ფიფოს ხელი ჩაჰკიდა. - შენ რას ფიქრობ? რას მირჩევ? როგორ მოვიქცე?
დიმეომ ამოიხვნეშა. ფიფო მაინც ვერ გასცემდა პასუხს და ისევ თავის გადასაწყვეტი იყო, მაგრამ რა უნდა გადაეწყვიტა? ბოდიში მოეხადა იმისთვის, რაც არ მოეწონა და ამაზე პროტესტი გამოხატა?
„როგორ მითხრა?“
ჩაფიქრდა ბავშვი.
„შენი ცუდი საქციელით, სწორედ ის ისჯება, ვისთვისაც შენ ძვირფასი ხარ, ან ის არის შენთვის უძვირფასესიო, არა?
და მე რა ჩავიდინე?“
ახლა უფრო მეტად მოუვიდა გული ბიჭს. გადაწყვიტა პასუხი მოეთხოვა. ჯერ მიმის ოთახში შევიდა. თითქოს დარწმუნებულიც იყო, რომ მწირი იქ დახვდებოდა, მაგრამ შეცდა. თბილ საბანსა და რამდენიმე პლედში გახვეულ მიმის მშვიდად ეძინა. დიმეო გაკვირვებული დარჩა. სახლში კარგად თბილოდა და გარეთაც არც იმდენად სიცივე იყო, მაგრამ ჩანდა მიმის რაღაც სხვანაირად აეტანა სიცივეს.
დიმეომ სხვა ოთახებიც მოიარა, მაგრამ მწირის კვალს ვერსად მიაგნო. ერთი კი გაიფიქრა, ალბათ ჩვენს ვეტერინარ ბაბუსთან შევიდაო, მაგრამ ასე ღამის პიჟამაში გამოწყობილი, გარეთ გასვლას სულაც არ აპირებდა. ძველ სახლზე მიშენებული კოტეჯი, მთლიან სახლს უფრო მოგრძო ფორმის ხდიდა. ახლიდან ძველში შესასვლელად ჯერ გარეთ უნდა გასულიყო, ის გრძელი გზა გაევლო, რასაც მთლიანი სახლი იკავებდა და ისე შევიდოდა ბაბუსთან.
დიმეო ისევ ფიფოსთან შებრუნდა და სახტად დარჩა, როცა უკვე მწირი იქ დახვდა. თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ასე როგორ მოახერხა, რომ არც ერთი კარი არ გაღებულა და...
ბავშვი დაბნეული იდგა. აღარ იცოდა იქ დარჩენილიყო თუ თავის საძინებელში წასულიყო.
- იცი? - მშვიდი ხმით დაიწყო პიპამ. -  სიბეცე ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარია ზედმეტად არ გამრავლდეს.
- ესე იგი, მე ბეცი ვარ? ამის თქმა გინდა? - იწყინა დიმეომ.
პიპას გულიანად გაეცინა და კვლავ დინჯი ხმით მიუგო:
- უმეცრება, უცოდინარობა, გაურკვევლობა - ეს ყველაფერი, რაღაც ასპექტში, თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ მაინც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.
- ჰოო? - წარბები აზიდა დიმეომ. ჩანდა, რომ არ ეთანხმებოდა, რადგან ფაქტიურად, ბეციც უწოდეს და უმეცარი, უცოდინარიც.
- დიახ! - თავი დაუქნია პიპამ. - ყმაწვილო! უმეცრება, როგორც ასეთი, იგივე უცოდინარობაა, გაუნათლებლობა. თუმცა, გაურკვევლობა კიდევ უფრო სულ სხვა რამაა და კონკრეტულად განათლებასთან არც არის კავშირში, მაგრამ სწორედ ის, რომ არ გინდა მართლა გარკვევა და სწორად გაანალიზება, აი ეს ნიშნავს უმეცრებას, სიბეცეს და უცოდინარობას!
- და რა უნდა გავარკვიო? - კვლავ წყენით მიმართა ბიჭმა.
- ის, რაზეც ასე გოიმივით ავარდი! - ირონიულად მიახალა პიპამ და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - ძალიან კარგად მესმის და ვიცი ახლა შენს ტვინში რაც ხდება, ამიტომაც არც გიბრაზდები და...
- და აბა არ იყო ის გაბრაზება? - შეუტია ბიჭმა. - გიჟივით შემომივარდი, საბანიც მხეცივით გადამხადე და ფეხებით გამომათრიე?!
- მე მხოლოდ შენს ქცევას ვუპასუხე. - მშვიდად მიუგო პიპამ. - როგორც მოგვექეცი მეც და დედას, მოგვიანებით სწორედ ის მიიღე და აღმოჩნდა, რომ თურმე ისევ შენ დარჩი ნაწყენი და გულმოსული.
დიმეო წარბშეკრული იდგა და არაფერი უპასუხა, თუმცა სახეზე ეწერა, რომ სულაც არ ეთანხმებოდა.
- ესე იგი, შენ ის გწყინს, რომ ყურადღება მოგაკლდა? - დაიწყო პიპამ. - და როცა შენ მართლა გჭირდებოდა ყურადღება, მოვლა, გვერდში ამოდგომა, მაშინ განა ვინმემ დაიშურა შენთვის რამე? როცა უმწეო, სასოწარკვეთილი გნახე, არ დაგეხმარე?
- კი, როგორ არა. - აღელვებული ხმით მიუგო დიმეომ. - განა დამავიწყდა.
- კარგია, რომ არ გავიწყდება და გახსოვს, მაგრამ არასდროს იფიქრო, რომ რამეს გაყვედრი, მხოლოდ ის მომენტი შეგახსენე, როცა შენ მართლა გიჭირდა.
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი. ახსოვდა, როგორ არ ახსოვდა, ყველაფერი დაწვრილებით ახსოვდა და არასდროს დაივიწყებდა მწირის სიკეთეს, მაგრამ მაინც, რა იყო ის, რომ სულ მიმის შესციცინებდა თვალებში და ყოველ მის კაპრიზს უსრულებდა.
„რატომ იქცევა მამიკოსავით?“
გული მოსდიოდა ბიჭს.
- და ახლა შენი მშობლები? - განაგრძობდა პიპა. - დარწმუნებული ვარ, როგორ სათუთად გივლიდნენ, გეფერებოდნენ, განებივრებდნენ. კისრამდე ჩასვრილს რომ გბანდნენ, განა მართლა შენი ყაყის სუნი სიამოვნებდათ, მაგრამ ამას შენი სიყვარულით აკეთებდნენ, რომ შენ, უმწეო და უსუსური შვილი, სუფთად და კომფორტულად ყოფილიყავი. ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ და შენ თვითონ უვლი შენს თავს და აბა ახლა შეხედე ფიფოს! მას ახლა არაფერი შეუძლია და მაინც ნახე როგორ სუფთად არის მოვლილი.
- იმიტომ რომ შენ უვლი და შენ ასუფთავებ.
- და რატომ მერე მე? - ჩაეკითხა პიპა.
- იმიტომ რომ დედიკოს ჯერ არ შეუძლია.
- დიახაც! - კვერი დაუკრა პიპამ. - არ შეუძლია და ვეხმარები და შენ კი ეს დახმარება რაღაც ზედმეტად მოგეჩვენა! ორსული ქალი რომელიც ვერც კი იხრება რომ ჩუსტები მაინც ჩაიცვას, შიშით ღამეები არ სძინავს დარდისგან გულგახეთქილს და მას რომ რაღაცაში დავეხმარო და ცოტათი მაინც რამე შევუმსუბუქო ეს შენი აზრით იმას ნიშნავს, რომ მე ფიფოს ადგილის დაკავება მინდა?
დიმეომ თავი ჩაღუნა, ვერაფერი უპასუხა.
- მართლა მესმის შენი. - კვლავ დინჯი ხმით განაგრძო პიპამ. - მესმის თუ რატომაც იეჭვიანე ასე, მაგრამ შენც ხომ უნდა გესმოდეს, დედა რა დღეშიც არის, ეს რატომ არ გაითვალისწინე?
დიმეომ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ნუ ხარ ჩუმად. - თბილად მიმართა პიპამ. - მითხარი რაც გაწუხებს. ბოლომდე მოიოხე ეგ შენი პატარა გული.
- მე... მე ვიფიქრე, რომ შენ ჩემი დედიკო გიყვარს... - ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა.
- ჰმ. - ჩაეღიმა პიპას. - მიყვარს! მართლა მიყვარს, ფიფოც მიყვარს, რადგან შენ მიყვარხარ ძალიან და ვინც შენიანი, მეც ყველა მიყვარს.
დიმეოს ცრემლები მოაწვა. პიპა ბავშვს მოეხვია.
- ჩემო სიხარულო. - ეხუტებოდა ბიჭს. - ალბათ, ის შემამჩნიე, მიმის როგორ ვუყურებ, ვაკვირდები, თვალს ვადევნებ. ეგ მართლა მასეა და ამ დროს კი სულ სხვა რამეს ვფიქრობ.
- რას ფიქრობ? - წაიჩურჩულა დიმეომ.
- ნეტა, ჩემი პატარა დედიკო, როგორი იყო ჩემზე ორსულობის დროს. - პიპამ ამოიხვნეშა. - არავინ იყო მის გვერდით, რომ დახმარებოდა. სახლში გამოკეტეს, ფანჯრების ჩაკეტვაც არ აკმარეს და დარაბებიც აუჭედეს, რომ არავის დაენახა, თუ როგორ სამარცხვინოდ აჩენდა შვილს.
- სამარცხვინო რატომ იყო?
- თუნდაც იმიტომ რომ ჯერ ძალიან პატარა იყო, სკოლის მოსწავლე და ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ არც იყო გათხოვილი და უკვე შვილს აჩენდა. სამწუხაროდ, არც ის უთქვამს, თუ ვინ იყო მისი შეყვარებული.
- და რატომ? - გაიკვირვა ბავშვმა. - რომ ეთქვა იქნებ მერე დაქორწინდებოდნენ.
- ალბათ, შეაშინეს მოვკლავთო ან რაღაც მასეთი, თორემ მართლა რომ ეთქვა, იმ ბიჭის მშობლები მაშინვე წამოიყვანდნენ იმ სატუსაღოდან, სადაც უმწეო ბავშვი გამოკეტეს.
- და მისი შეყვარებული? არ კითხულობდა? არ ეძებდა? - შუბლი შეკრა დიმეომ. - მე მის ადგილას აუცილებლად მოვძებნიდი!
- შენ ვაჟკაცი ბიჭი ხარ. - გაუღიმა მწირმა. - იცი, მეც შენნაირად ვფიქრობ ზუსტად, მაგრამ ალბათ ის კაცი, ვინც მამაჩემი უნდა ყოფილიყო, საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. შეიძლება ეძება კიდევაც და მერე ხელიც ჩაიქნია, რადგან არც კი იცოდა, თურმე რომ ორსულად იყო.
- არ უთხრეს?
- სავარაუდოდ, არა. – პიპამ ამოიხვნეშა. - ჩემს დედიკოს კი თავისმა ზემზრუნველმა მშობლებმა ხმებიც კი გაუვრცელეს, ვითომ რაღაც დაავადება სჭირდა და ოპერაციის გასაკეთებლად იყო უცხოეთში. მერე კი შვილი ისე წაართვეს შორიდანაც კი არ დაანახეს. ახლა კი მიმის რომ ვუყურებ, აღარ ვიცი როგორ დავეხმარო, აღარ ვიცი როგორ შევუმსუბუქო დარდი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ ყველანი კარგად იყოთ. შენ კი პატარა ჩურჩუტო, რა აღარ იფიქრე და ძალიან გთხოვ, აღარაფერი დააბრალე ორსულ დედიკოს.
- მაპატიე, რააა... - დიმეო ატირდა.
- შენ თუ ვეღარ გაპატიებ და მაშინ მიწაც უნდა გამისკდეს. - ჩაეხუტა პიპა. - წამო ახლა შენს საწოლში, თორემ უკვე გაცივდები ასე.
პიპამ ბავშვი საწოლში შეაწვინა და სანამ არ ჩაეძინა, ოთახიდან არ გამოსულა.
დილით დიმეო ისეთი ბედნიერი და გაბრწყინებული შესციცინებდა დედას და მზად იყო ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა. მიმიმ კითხვის თვალით გახედა პიპას. ცხადი იყო, მისი გავლენა იქნებოდა, მაგრამ მაინც რა უთხრა ასეთი?
- ხომ გითხარი, კაცურად დავილაპარაკებთ-მეთქი. - გადაუჩურჩულა პიპამ.
მიმიმ ღიმილით აიჩეჩა მხრები.
კვირა დღე იყო. შუადღისკენ სტუმრები ჩამოვიდნენ. მიმიმ ძალიან გაიხარა ჩუკის დანახვით. უკვე რამდენი თვეა არ ენახა. მშვენივრად გამოიყურებოდა. ასეთი მძიმე ოპერაციის გადატანის არაფერი ეტყობოდა. გალეომ კიდევ ერთხელ გადაამოწმა მათი უსაფრთხოება. ისედაც ყოველ ჩამოსვლაზე ასე იქცეოდა. ქირურგს მისი მეგობარი გინეკოლოგი ჩამოჰყვა და მიმი კიდევ ერთხელ გასინჯეს. ორსულობა კარგად მიდიოდა. არაფერი ჰქონდა საგანგაშო და სანერვიულო. ცალკე ფიფოსთვისაც ჰყავდათ ექიმი ჩამოყვანილი.
- ეს უკვე საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ ფიფოს დამოუკიდებლად სუნთქვა შეუძლია. - აღნიშნა ექიმმა და მიმისაც უფრო მეტად ჩაესახა იმედი.
მოგვიანებით მიმის დიმეოს დამრიგებელი შეეხმიანა. ხვალ სამი საკონტროლო წერა უწევს და იქნებ, როგორმე ბავშვი ჩამოიყვანოთო.
- ჩვენც ზუსტად დაბარებულებივით ჩამოვედით. - გაეცინა გალეოს. - წავიყვანთ ახლა დიმეოს და მერე ისევ დაგიბრუნებთ.
- რა ვიცი. - ამოიხვნეშა მიმი. - ნუთუ ონლაინით არ შეიძლება საკონტროლოს წერა.
- კარგი ახლა მიმი. - ჩაურთო ჩუკიმ. -  ჩვენ არ გვენდობი? მერე რა რომ ამხელა გზაა. წავიყვანთ და მეც წამოვყვები უკანვე.
- მე ძანესთან დავრჩები, იცი როგორ მომენატრა?.. - დიმეო უკვე გამზადებული ზურგჩანთით გამოვიდა.
- კარგი დეე. - მიესიყვარულა მიმი. - აბა წარმატებები და მომიკითხე ყველა. - ბებოებიც მოინახულე, მაგრამ ხომ იცი, არ უნდა წამოგცდეს ზედმეტი. ჩვენ ყველანი უცხოეთში ვართ და მორჩა.
- მაშინ, ერთი კვირა დავრჩები! - გამოუცხადა ბიჭმა.
- დარჩეს, მაინც მთელი კვირა არ მეცლება უკან წამოსასვლელად და სხვასაც არ მინდა ეს ჩაბარებული ბავშვი გამოვატანო. - მხარი აუბა გალეომ და დიმეოს კმაყოფილ სახეს ღიმილით შეავლო თვალი.
საღამოს გვიან ბიჭი ჩამოსულ სტუმრებთან ერთად გაემგზავრა ქალაქში. დიმეოს გარეშე სახლი როგორ დაცარიელდაო, აღნიშნა მიმიმ და თითქოს, ახლა უფრო მეტად სციოდა და კანკალს ჰყავდა ატანილი.
- ვითომ ყველაფერი წესრიგში გაქვსო, ექიმმა და მაინც რა არის ღამის კანკალი და სიცივის ასეთი ძლიერი შეგრძნება? - წუხდა მიმი.
- ხომ იცი, რომ ეგ ყველაფერი ნერვებია. - ამშვიდებდა პიპა. - თუმცა ისე ამ საღამოს საკმაოდ ცივა. თითქოს, თოვლის სუნიც მეცა, გარეთ როცა გავედი.
- თოვლს რა სუნი უნდა ჰქონდეს? - გაეცინა მიმის.
- აქვს, აქვს. - თავი დაუქნია პიპამ. - დამიჯერე აქვს.
- მოთოვს, ვითომ? - მიმიმ ფანჯრიდან გახედა ეზოს. - ჯერ კიდევ შემოდგომაა.
- იწურება უკვე და არც არის გასაკვირი რომ აქ მოთოვოს. მაინც მაღალმთიანი რეგიონია, აქ ბევრად ადრე იწყება ზამთარი.
იმ ღამით საგრძნობლად ციოდა. ყინვამ ისე ძლიერად დააჭირა, რომ მიმი კი არა, ლამის პიპაც სულ ბუხართან ცდილობდა გათბობას.
დილით თითქოს გამოიდარა. მზე ნაკლებად ჩანდა, მაგრამ საკმაოდ ნათელი დილა იყო.
- ვაიმე, თოვს! - გაბრწყინებული სახით შესძახა მიმიმ. - პატარა ბავშვივით კი გამიხარდა, მაგრამ რა დროს თოვლია. დიმეო ასეთ თოვლში როგორ ჩამოვა?
- ერთ კვირაში გადაიღებს და ჩამოვა. - დააიმედა პიპამ.
- რა ერთ კვირაში? - გაიკვირვა მიმიმ. - აქ ალბათ ახლა თუ თოვა დაიწყო, გაზაფხულამდე არც გადაიღებს.
- მერე რა? განა თოვლში არ მიდი-მოდის ხალხი? - კვლავ შეეცადა პიპა მიმის დამშვიდებას. - სადამდეც მანქანით შეძლებენ მოსვლას, მერე ტრაქტორითაც გაუკვალავენ გზას.
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ. - მერე ასე უცებ ტრაქტორს როგორ ნახავენ?
- მიმი, რა იყო? - გაეცინა პიპას. - ამხელა რეგიონია, ტრაქტორების მეტი რა ჰყავთ, ქალაქში კი არ ხარ.
მთელი დღე თოვდა. მიმი აღფრთოვანებული დარჩა.
- ამხელა ფიფქები არასდროს მინახავს. - გაოგნებული შეჰყურებდა მიმი. - თითქოს ფიფქები კი არა, თოვლის ნაფლეთები სცვივა ციდან.
- ჰოდა, სწორედ ამ ნაფლეთებმა ლამის ერთ მეტრომდე მიაღწია.
- კი მაგრამ ჩვენი ბაბუ სად წაიყვანეს მერე ამხელა თოვლში?
- ცხენი ჰყავთ მგონი ცუდად და რა განერვიულებს. - ღიმილით მიმართა პიპამ. - ნუთუ ტრაქტორის რახრახი არ გაიგონე? როგორც წაიყვანეს ასევე მოგვიყვანენ.
- ჰოდა მერე ჩვენთან შემოვიდეს რაა. - შეთავაზა მიმიმ. - აქ უფრო მეტი სითბოა, მთელი დღე გათბობასთან ერთად სულ ბუხარი გვინთია.
- თუ ძალით არ შემოვიყვანეთ, ხომ ხედავ, ისე არ შემოდის - მიუგო პიპამ.
- ჰმ, მაინც როგორი მორიდებულია.
დიმეოს წასვლის შემდეგ მიმის უფრო მეტად დაეტყო მოუსვენრობა. პიპა რაც შეიძლება ამშვიდებდა. ათას რამეს იგონებდა და უყვებოდა, მიმი მაინც რაღაცნაირად წუხდა.
- ვაიმე ჩვენი ძაღლები?! - შეიცხადა უცებ მიმიმ. - ამხელა თოვლში...
- დამშვიდდი. - მიუგო პიპამ. - უკვე შევიყვანე სახლის ქვეშ თბილად არიან. დავაპურე კიდევაც, დედა ლეკვებით კი აქეთ, უფრო მეტ სითბოში არიან, რადგან მეცხვარე ნაგაზებივით დიდი ბეწვი არ აქვთ.
- ჰო, კარგია. ჩემს ოთახში დავწვები. - მიმი თავისი ოთახისკენ წალასლასდა. თუმცა ვერც იქ გაჩერდა დიდ ხანს. და ოთახში სიარულს მოჰყვა. მოგვიანებით უკვე ზომაზე მეტად მოუხდა ტუალეტში შესვლა.
პიპა დაკვირვებით ადევნებდა თვალს. მიმი რამდენჯერაც წამოწვა, იმდენჯერვე მოუხდა წამოდგომა და გასვლა.
- ვერ გავიგე, ასეთი რა ვჭამე. - წუხდა მიმი. - როგორც კი ვდგები მაშინ არაფერი მინდა, მაგრამ როგორც კი დავწვები უკვე კუჭზე რაღაც მაწვება.
- მიმი! - იმდენად ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა პიპას, რომ მიმი შეცბა.
- რა მოხდა?.. - შიშით ძლივს წაილუღლუღა მიმიმ.
- მუცელი ხომ არ გტკივა?..
LEX. 2024 წლის 18 მარტი, ორშაბათი.

Tuesday, March 12, 2024

ნატის ჩექმები (ნაწილი 31)

31.
კუსუ სკოლას ამთავრებდა და ჯერ კიდევ გარკვეულიც არ ჰქონდა, თუ სად აპირებდა სწავლის გაგრძელებას.
- შენ ოღონდ თითი დაადე! - აგულიანებდა მაკა. - და ნებისმიერ უნივერსიტეტში მოგაწყობ!
- უნივერსიტეტში?
- ჰო! უნივერსიტეტი! ინსტიტუტი! რომელიც გინდა! სადაც გინდა!
კუსუს, სხვა მის ტოლ ბავშვებთან შედარებით, ძალიან უყვარდა კითხვა. კარგი მოსწავლეც იყო. სკოლასაც საკმაოდ წარმატებით ამთავრებდა და ნიჭიერი ბავშვიც იყო, მაგრამ კონკრეტულად რა აინტერესებდა, ან რომელი საგანი უფრო უყვარდა, ამას მაკა ვერასდროს ხვდებოდა. ბიჭი იმდენად გონიერი იყო და სწრაფად ათვისების უნარი ჰქონდა, რომ არასდროს სჭირდებოდა სწავლაში რეპეტიტორის დახმარება. ახლა კი რა უნდოდა? ნუთუ ასეთ ნიჭიერ ბავშვს, სწავლის გაგრძელება აღარსად სურდა? მით უმეტეს, თუ არც ფინანსური პრობლემა ჰქონდათ და დედისგან ისედაც ექნებოდა სწავლაში ხელშეწყობა.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა კუსუმ. - ჯერ ვფიქრობ.
- ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ ფიქრისთვის, ყმაწვილო! - უკმაყოფილოდ მიუგო მაკამ.
მთელი თვე გავიდა და კუსუ ისევ დაუსრულებლად ფიქრობდა, თუ რომელი პროფესია უფრო იქნებოდა მისთვის საინტერესო.
მოგვიანებით ამ „ფიქრებში“ დინაც ჩაერთო და კუსუს ექიმობისკენ უბიძგა. მაკას საშინლად არ ესიამოვნა.
- ჩვენ ხომ მოვიწამლეთ ამ პროფესიით და ახლა ჩემი შვილიც მოვწამლო? - ლამის უსაყვედურა დინას.
- მეც ასე მოვიწამლე, მაკა ექიმო. - ღიმილით მიუგო დინამ. - მაგრამ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ დღეს.
- შენ მე მოგწამლე. - ჩაეცინა მაკას.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი იყო! - გაეცინა დინასაც.
- ფუ! გინეკოლოგობა ნამდვილად არ მინდა! - ჩაერთო კუსუც.
- ჩვენთან პედიატრებიც მუშაობენ კუსუ. - მიუგო დინამ.
- ბავშვების ექიმი? - ჩაეკითხა ბიჭი.
- მომისმინე დედი. - სიყვარულით მიმართა მაკამ. - თუ გულით არ გინდა და მთელი სული იქით არ მიგიწევს, მაშინ სჯობს კარგად იფიქრო და სანამ მოიფიქრებ, მანამდე ჩვენთან დაგაწყებინებ მუშაობას.
- პატარა ჭყიპინა ბავშვებთან! ჰა! ჰა! - გაეცინა კუსუს.
- აბა, ბავშვებთან ასე უცებ როგორ მიგაკარებ?! - ღიმილით მიუგო მაკამ. - ჯერ სანიტრად უნდა იმუშაო, მერე ფერშალი უნდა გახდე. აი, დინამაც ასე დაიწყო, ახლა საკმაოდ კვალიფიცირებული ექთანია.
- სულაც არ მინდა ექთანი ვიყო! - თავი გააქნია კუსუმ.
- აჰ, თქვენ ახალგაზრდავ! პირდაპირ პროფესორობა გსურთ?! - დამცინავად მიუგო მაკამ. - ისე, ჯერ დოცენტი ხომ არ გახდებოდით, სანამ პროფესორის რანგში აგიყვანენ?! ჰა! ჰა!
- ისე, მართლა რომ მოუნდეს სანიტრად მუშაობა? - ჩაფიქრებული ხმით ჰკითხა დინამ, როგორც კი მარტო დარჩნენ.
- ახლა კუსუს სანიტრობაღა მაკლია. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მაკამ.
მაკა სპეციალურად სთავაზობდა სანიტრის ადგილს, რადგან დარწმუნებული იყო, კუსუ ერთ დღესაც ვერ გაძლებდა და ექიმობაზე ფიქრს, საერთოდ ამოიგდებდა თავიდან. თუმცა ისედაც ჩანდა, კუსუს დიდად არც ექიმობა აინტერესებდა.
შვილის მომავალზე დადარდიანებული მაკა ექიმი, ჩაფიქრებული მიაბიჯებდა სამშობიარო სახლის დერეფანში და არც კი შეუმჩნევია, ისე დაეჯახა პედიატრს.
- მშვიდობაა, მაკა ექიმო? - ჩვეული ხალისით მიმართა ლამარამ.
- მშვიდობაა, ჯერ-ჯერობით, მშვიდობა. - გაეცინა მაკას. - ლამის გაგიტანე არა?
- კიდევ კარგი, მაკა ექიმო, მძიმე წონის არ ხართ, თორემ... - სიცილითვე მიუგო ლამარამ.
მაკას გულიანად გაეცინა და გზა განაგრძო.
„ნუთუ ეს გოგო მართლა ასეთი მხიარულია, თუ თავს იშტერებს ჩემთან?“
ფიქრობდა მაკა და ზურგსუკან ლამარას მწველ მზერასაც გრძნობდა და მართალიც იყო. დერეფანში მიმავალ მაკას ლარამ ჩაფიქრებული მზერა გააყოლა.
„თავი ყოველთვის როგორ სულ გაწონასწორებულად უჭირავს, ნუთუ არასდროს არაფერი გეშლებათ, მაკა ექიმო? მართლა ასეთი იდეალური ხართ?“
ლარამ ამოიხვნეშა და თავის საქმეს დაუბრუნდა.
რა მოემოქმედებინა, რომ მაკა მშრალზე გამოეყვანა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. გუმანით გრძნობდა, უთუოდ მაკაც იქნებოდა ჩვილების გაყიდვაში ჩართული. აბა მთავარი ექიმის გარეშე, ვინ გაბედავდა ამას. ლარამ ბევრი ვერაფერი გაიგო, მხოლოდ ის იცოდა, რომ წლების მანძილზე, სხვადასხვა სამშობიარო სახლიდან საკმაოდ ბევრი ახალშობილი იყო გაყიდული. თუმცა, იმასაც დამტკიცება უნდოდა, რომ ეს ჩვილები, მართლა მშობლის ნებით იყო გაშვილებული თუ არა. რატომღაც კი ჩვილების სიკვდილიანობა ყველაზე მეტად იმ სამშობიაროში ფიქსირდებოდა, სადაც საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი მაკა ექიმი მუშაობდა. თუმცა, რაც შეეხებოდა ბავშვის გაშვილებას, ფაქტიურად ყველაზე ნაკლებად იმ სამშობიაროში ფიქსირდებოდა.
- და რას ფიქრობ ამაზე? - ჰკითხა ლარამ, მეგობარ დეტექტივს, როცა თავისი ეჭვები გაუმხილა.
- ამას მხოლოდ ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. - მიუგო დეტექტივმა.
- რა ახსნა? - არ აცალა სიტყვის დამთავრება ლარამ.
- სხვა ადგილიდან ხდება ჩვილების გაშვილება. პირდაპირ სამშობიაროდან კი არ მიჰყავთ.
- შენ რაღაც იცი და არ მიყვები? - ეჭვიანად ჩაეკითხა ლარა.
- რა უნდა ვიცოდე? - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები დეტექტივმა და ლარას გამჭოლ მზერას თვალი აარიდა.
- უბრალოდ, საწყენია. - უკმაყოფილოდ მიუგო ლარამ.
- რა არის საწყენი?
- ის, რომ შენგან უნდობლობა მოდის.
- ჩემგან? - გაიკვირვა დეტექტივმა.
- ჰო! შენგან! - ლარა თვალებში ჩააშტერდა. - ყველაფერი დაწვრილებით მოგიყევი, ყველაფერში გენდე და შენ კი რაღა იცი და აშკარად არ მეუბნები, მიმალავ! თუმცა...
- ლარა! მე!..
- მშვენივრად ვიცი, რომ გამოძიების დეტალებში უცხო არ უნდა ჩაახედო. - ლარა შეტევაზე გადავიდა. - ოჯახის წევრიც კი, მაგრამ მე? მე ხომ შენთან ერთად ვიძიებ ამ საქმეს? და ასე არ მენდობი? თანაც, პირველად მე გაგიმხილე ჩემი ეჭვები და სულაც ჩემგან მოდის ასეთი საქმეების გამოძიება.
- სრულიად გეთანხმები! ყველაფერში აბსოლუტურად მართალი ხარ!
- მაგრამ?.. - ცალყბად ჩაეღიმა ლარას.
პასუხად დეტექტივმა მძიმედ ამოიხვნეშა.
ლარამ გაბუტული სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა.
დეტექტივი საშინლად შეწუხდა. მშვენივრად იცოდა, ლარას შემორიგება, არც იმდენად ადვილი იქნებოდა, რადგან ეს გოგო, სწორედ იმას მოითხოვდა, რის თქმის უფლებაც არ ჰქონდა.
- ხომ იცი, რომ... - ენის ბორძიკით დაიწყო დეტექტივმა.
- არაფერიც არ ვიცი! - მაშინვე შეაწყვეტინა ლარამ წამოდგა და იქაურობა დატოვა.
მიტოვებულმა დეტექტივმა ქვეშიდან გამოხედა იქვე მყოფ ხალხს. ასე ეგონა, მთელი კაფე მას უყურებდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ყველა თავის წილ ყავასა თუ ნამცხვარს შეექცეოდა.
წინასწარი შეთანხმებით დეტექტივს, ლარასთვის არასდროს არ უნდა მიეკითხა სამსახურში და არც სახლთან ახლოს უნდა დახვედროდა. მათი შეხვედრები ძირითადად უფრო ხალხმრავალ უბრალო კაფეებში დგებოდა. ასე იყო, საჭირო რადგან ძვირიან რესტორნებში, უფრო მეტად შესამჩნევი იქნებოდა მათი რომანი, თუ საქმიანი ურთიერთობა. ასე კი, ჩვეულებრივ ნებისმიერ კაფეში, შემთხვევითი შეხვედრაც დიდად ეჭვსაც არ გამოიწვევდა. ახალგაზრდა კაცს, თავისუფლად შეეძლო ეთქვა, თუ როგორ მოსწონდა, მასზე ცოტათი უფროსი პედიატრი, რომელიც მსუბუქად იგერიებდა და თავსაც არიდებდა. ამიტომაც ლარა, თავის შეკვეთას, ყავასა თუ ნამცხვარს ყოველთვის თავისივე ფულით იხდიდა და კატეგორიულ უარს აცხადებდა სხვის მიპატიჟებაზე. აუცილებლად პირველი დგებოდა სუფრიდან და ამით ზედმეტ ცნობისმოყვარე თვალსაც აყრიდა ნაცარს.
კაფედან გამოსული ლარა ბრაზმორეული მოაბიჯებდა ქუჩაში თან გულში ეღიმებოდა.
„ახლა კეთილი ინებოს და ან მენდოს ბოლომდე, ან არადა, თავისთვის ცალკე იმუშაოს.“
ფიქრობდა ლარა და უკვე თანდათან ის ბრაზიც გადიოდა და მშვენიერ ხასიათზეც დგებოდა. გაზაფხულის სურნელი სასიამოვნოდ ეფინებოდა მის მომღიმარ სახეს და უნებურად თავი სრულიად ბედნიერად იგრძნო. რა უხაროდა, თავადაც არ იცოდა, მაგრამ თითქოს რაღაც უფრო მეტად გაძლიერდა და საკუთარი თავის ფასიც იგრძნო. აბა ახლა მაინც რა ჰქონდა საწუწუნო? მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, მემკვიდრეობით მიღებული, არც თუ ისე მცირე ქონების პატრონი, ცალკე ბინითა და სამსხურით უზრუნველყოფილი. მეტი რაღა უნდოდა? მართლა სულ მთელი ცხოვრება, წარსულზე ფიქრით ხომ ვერ ივლიდა? დროა უკვე მომავალზეც ეზრუნა, როგორც მისი უფროსი და-ძმა, მშობლები და ცალკე კიდევ რძალიც უჩიჩინებდა.
- რა ყურები ჩამოგიყრია? - ღიმილით შეუტია რძალმა და ყავის მომზადებას შეუდგა.
- აღარ მინდა ამდენი ყავა. - უკმაყოფილოდ მიუგო ლარამ.
- მაშინ, გემრიელი ქათმის სალათი მაქვს.
- რა თქმა უნდა, შენი გაკეთებული იქნება. აბა შენს დედამთილს, სად სცალია ამდენი, რომ სამზარეულოში იტრიალოს. - ცინიკურად აღნიშნა ლარამ.
- ნეტა გაზის ანთება თუ იცის საერთოდ. - ჩაიკისკისა რძალმა და მერე ვითომ დაბალ ხმაზე წაიჩურჩულა. - არ გაგვიგოს.
ლარას ცალყბად გაეღიმა.
- შენ მართლა რაღაც ვერ ხარ ხასიათზე. - რძალი ლარას წინ ჩამოუჯდა.
- ჰო, რაღაც მოწყენილად ვგრძნობ თავს.
- უჰ! რამ მოგაწყინა, ერთი?! - შეუტია რძალმა. - რა გაკლია?
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- შემთხვევით. - განაგრძო რძალმა. - იმ ტიპმა ხომ არ გაწყენინა? ხომ არ უნდა, რომ ავაძრო საერთოდ და დედამიწიდანაც გავაქროთ?!
- არა, არა. დამშვიდდი. - გაეცინა ლარას.
- ნუ, მაშინ არ გავაქროთ, იყოს იაროს დედამიწაზე. - სიცილითვე მიუგო რძალმა.
- ძალიან გემრიელია. - ლარამ რძლის ნახელავი შეაქო.
- კიდევ გადაიღე! აი ხედავ? ხასიათზეც მოხვედი! გშიოდა, ალბათ.
- ჰო, ალბათ. - ისევ გაეცინა ლარას.
მოულოდნელად მობილურმა გაიწკრიალა. ლარა ინტერესით დაიძაბა, რადგან მისი რძალი ტელეფონს აღელვებული ხმით პასუხობდა.
- არადა, ბავშვი მყავს სკოლიდან გამოსაყვანი და ეს ჩემი უტვინო დაქალი კი, ასეთ ხათაბალაში გაეხვა! რძალმა გაბრაზებით მოისროლა მობილური დივანზე.
- მე გამოვიყვან სკოლიდან, მაგრამ რა მოხდა? - გაკვირვებულმა ჰკითხა ლარამ.
- შენ გამოიყვან? - რძალმა ვედრებით შეავლო თვალი. - სკოლის მერე ფარიკაობაზე მყავს წასაყვანი და...
- ფარიკაობაზეც წავიყვან, მაგრამ რა ხდება?! - კვლავ ჩაეკითხა ლარა.
- გოგო! ჩემი ცანცარა დაქალი, ისევ რაღაც იდიოტურ შარში გაეხვა.
- მაგას მივხვდი, მაგრამ მაინც რა მოხდა, აღარ მეტყვი?
- მერე მოგიყვები! - რძალი თან იცვამდა და თან ლარას ელაპარაკებოდა. - გრძელი ამბავია! მერე მოგიყვები. ერთი ჯერ, იმ შტერს მივხედო!
- კარგი. - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- ჩემი მანქანა წაიყვანე! - რძალმა კედელზე დაკიდებულ გასაღებზე მიანიშნა. - ხომ იცი, რომ ბავშვს ასთმა აქვს?
- ვიცი და ტაქსით წავიყვან, მაგაზე არ ინერვიულო. - მიუგო ლარამ. - მანქანა ახლა შენ უფრო გჭირდება.
- ჰო, კარგი. იყოს ტაქსი. - დაეთანხმა რძალი. - აბა ავტობუსში ისეთი სუნია, ცუდად ხდება ბავშვი. - მერე თავისთავად ჩაილაპარაკა. - ეს ხალხი საერთოდ არ ბანაობს...
ლარას ცალყბად ჩაეღიმა და ბავშვის სპორტულ ჩანთას წამოავლო ხელი.
- უი, რა მძიმეა! - გაიკვირვა ლარამ. - ეს ბავშვს, როგორ დააქვს?
- ბავშვს, რატომ? - გაეღიმა რძალს. - მანქანას დააქვს. უი, სულ დამავიწყდა! ფარიკაობის მერე ზუსტად ერთ საათში, ინგლისური აქვს! მანამდე კი შევეცდები, რომ იმ გოგოსაც ერთი წესიერად მივხედო და დაგირეკავ! იქნებ, მოვასწრო და მოგაკითხოთ კიდეც.
- კლავთ, ბავშვს?! - ირონიულად გააქნია თავი ლარამ. - კარგი, კარგი. შენ არ ინერვიულო, ინგლისურზეც წავიყვან.
- ვაიმე, რა გოგო ხარ.. - მიესიყვარულა რძალი.
- საწყალი ბავშვი. - შეიცოდა ძმისშვილი ლარამ. - ერთი წუთი დრო არ აქვს, რომ გაერთოს.
- გართობა მერე! როცა ისწავლის! - მიუგო რძალმა. - და საერთოდ, ეგ შენს ძმას მოჰკითხე. სამივე შვილები დატვირთული კი არა გადატვირთული ჰყავს. კიდევ კარგი უფროსებს უკვე დევნა აღარ სჭირდებათ, თვითონ დადიან წრეებზე.
- უჰ. - ამოიხვნეშა ლარამ. - მეც ასე ლამის ყველა წრეზე დამარბენინებდნენ.
უკვე გვიანი საღამო იყო, ლარამ როცა მთელი დღის გადაღლილი უმცროსი ძმისშვილი, როგორც იქნა, სახლში მიიყვანა.
- ახლა მაინც არ მომიყვები რა ხდება?
- მხოლოდ შენმა ძმამ არ უნდა გაიგოს. - დაბალი ხმით მიუგო რძალმა. - თორემ ტვინს წაიღებს, რა ყველას მამიდა შენ ხარო. არადა, მართლა მეცოდება და რა ვქნა?
- სული თუ არ დამელევა მანამდე. - გაეცინა ლარას. - მიდი, აბა გისმენ, სანამ არ მოსულან, უფროსი თაობა.
- ეს გოგო ჩემი ჯგუფელია. - როგორც იქნა, დაიწყო რძალმა. -  სტუდენტობის დროს, უნივერისტეტის პირდაპირ ცხოვრობდა ქირით და ლამის ყოველდღე მასთან გადავირბენდით. ყავა და სიგარეტი, აბა მეტი რა გვინდოდა სტუდენტებს. ახლა ასე თავისუფლად რომ ეწევიან ქუჩაში, ჩემი სტუდენტობის დროს განა მასე იყო. ჩემებს რომ გაეგოთ, ალბათ მომკლავდნენ კიდეც.
- ჰმ. მერე?
- მერე ვისთანაც თავისუფლად შეიძლებოდა გაბოლება, ისე რომ არავინ უფროსი არ მოგვცემდა შენიშვნას, ხშირად იმასთან ვიკრიბებოდით. ზოგჯერ იქაური მეზობლებიც შემოგვიერთდებოდნენ ხოლმე და მიდიოდა ხან ნამცხვრის ცხობა და ხან ხინკლის ერთობლივი მოხვევა. ბოლო კურსზე ვიყავით, რომ ეს ჩემი დაქალი ერთ ბიჭს შეუყვარდა, ისიც იმავე ეზოში ქირით ცხოვრობდა და იმავე დიასახლისისგან ჰქონდა ბინა ნაქირავები. ამათ დაწყვილებას კი დიასახლისმა შეუწყო კიდევაც ხელი და უფრო დიდი ოთახიც დაუთმო და არც ქირა მოუმატა.
- ჰმ. ქირაც არ მოუმატა? - გაიკვირვა ლარამ. - ეგ ცოტა გასაკვირიც არის და მერე?
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა რძალმა. - ოღონდაც აქედან არ გადახვიდეთო, ისე შეგეჩვიეთ, სხვა მდგმურებს ვერ ავიტანო და ეს გოგოც სულ იმ ქალის ქებასა და ლოცვაში იყო. დედამისიც ჩამოვიდა სოფლიდან, პატარა ქორწილიც გადაიხადეს. დიასახლისმა თვითონ გაუშალა სუფრა თავის გრძელ ლოჯში.
- ჰოო? - კვლავ გაიკვირვა ლარამ. - როგორ სერიოზულად აქტიურობდა.
- ჰო, აბა. - კვერი დაუკრა რძალმა. - როცა დავამთავრეთ უკვე, ეს გოგო დღე-დღეზე ბავშვს ელოდებოდა. სადიპლომოც დავიცავით და დავიშალეთ კიდევაც. აღარც შევხვედრილვართ. მე სწავლა უცხოეთში გავაგრძელე, არაფერი უკვე აღარ ვიცოდი იმ გოგოზე. როცა დავბრუნდი, შენს ძმასაც გადავეყარე და წლები იყო გასული, რომ შემთხვევით ქუჩაში შევხვდი ამ გოგოს. - რძალმა ამოიხვნეშა. - ეჰ, იცი რა ლამაზი გოგო იყო? მერე როგორი ხალისიანი და მხიარული. მისი თვალებიდან სულ ბედნიერება ასხივებდა და ისე არის ახლა დაბერებული და ჩამქრალი. ვერც ვიცნობდი, თვითონ რომ არ მოსულიყო. - რძალი გაჩუმდა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა ლარა.
- ეს ამდენი ჯერ იმიტომ მოგიყევი, რომ...
- მივხვდი, რომ ეს შესავალი იყო იმისა, რაც ახლა უნდა მომიყვე.
- ჰო, აი მთავარზეც გადავალ ახლა. - მიუგო რძალმა. - მოკლედ გოგო შეეძინათ, მაგრამ სამშობიაროშივე დაღუპულა ეს ბავშვი. საშინლად განიცადა, თანაც ბევრი სისხლი დაუკარგავს, ძლივს ამშობიარეს.  ისეთი სიტუაცია ყოფილა თურმე, ან შვილი გადარჩება და ან დედაო. ბავშვის დაღუპვამ ამაზე ძლიერ იმოქმედა. ისედაც ცოტა ემოციური გოგოც იყო და ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რომ საწოლიდან ვერც დგებოდა, სულ გათიშული იყო. ამიტომაც, ბავშვი მის გარეშე დაასაფლავეს ქმარმა და დიასახლისმა.
ლარამ უხმოდ ამოიხვნეშა. საკუთარი თავი გაახსენდა, მაგრამ მაშინვე მოიკრიბა გონება და კვლავ სმენად იქვა.
- ეს გოგო თურმე, ცალკე მაგასაც დარდობდა, რომ ჩემი შვილი მკვდარი მაინც ჩამეკრა გულშიო. - განაგრძობდა რძალი მოყოლას. - მერე ის ქმარიც, თანდათან გაცივდა ამ გოგოს მიმართ და ბოლოს ისე დაშორდნენ, რომ სხვა შვილი არც აჰყოლია.
- წარმომიდგენია, რა დღეების გავლა მოუხდებოდა. - ლარამ სინანულით გააქნია თავი. - მისგან განსხვავებით, მე კი ჩემი ხელით, ბებიაჩემის გულზე დავმარხე ჩემი შვილი.
- ჰო, მახსოვს შენი ამბები. - ამოიხვნეშა რძალმა. - მაშინ ჩემი გუგა ორი წლის იყო მგონი და სულ დედაჩემს ვუტოვებდი, აბა ჩემს დედამთილ-მამამთილს არასდროს ეცალათ შვილიშვილებისთვის.
- უჰ. შვილებისთვის ხომ სულ მოცლილები იყვნენ. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ლარამ. - და გუგა, თუ თემიკო?
- არა თემუკა უკვე სკოლაში შედიოდა.
- აა, ჰოო. - კვერი დაუკრა ლარამ. - მაშინ შენ უკვე ორი გყავდა. ჰოდა, მერე? ახლა რა ხათაბალა შეემთხვა?
- დაიცა, ჯერ ის შესავალი არ დამიმთავრებია. - მიუგო რძალმა.
- მიდი, მერე. - ჩაეღიმა ლარას.
- მოკლედ, ესენი დაშორდნენ. ამ გოგოსაც დიასახლისმა დააცლევინა ბინა, ვყიდიო თუ რაღაც. ის ბიჭი საერთოდ გაქრა. იქ აღარ ცხოვრობდა და თურმე, ხელი არც ჰქონიათ მოწერილი, რადგან ხან რა მიზეზით, გადადეს და ხან რა და რაში ყოფილა სინამდვილეში იცი საქმე? თურმე ამ ბიჭს, ოფიციალური ცოლი ჰყოლია, ჯერ კიდევ მაშინ როცა ეს გოგო, ვითომ ცოლად როცა მოიყვანა.
- აუუ. კაი, რაა. - შეწუხდა ლარა.
- აბა, გოგო, აბა. - განაგრძო რძალმა. - ხალხი რა დონის აფერისტია, ეს საწყალი გოგო, ლამის უპატრონო, ასაკოვანი დედის ამარა, ასე დაჩაგრა ცხოვრებამ.
- ცხოვრებამ კი არა, იმ პირუტყვმა! - ემოციები ვერ დაფარა ლარამ. - და თუ ცოლი ჰყავდა და ამასთან ცხოვრობდა, მაშინ სახლიდან იყო გამოგდებული და მერე ისევ დაუბრუნდა?
- შენ წარმოიდგინე, სულაც არ ყოფილა გამოგდებული! - მიუგო რძალმა.
- აბა?
- ეს ბიჭი ვითომ რაიონიდან იყო და ყოველ შაბათ-კვირას, მოხუცი მშობლების სანახავად ჩადიოდა სოფელში. სინამდვილეში კი თურმე, ცოლთან მიდის!
- და ამ გოგომ არ გამოთქვა მერე სურვილი, მეც წამოვალ შენებთანო? ან იმ ბიჭის მშობლები არ გაიცნო ქორწილში მაინც.
- სურვილი კი გამოთქვა. - მიუგო რძალმა. - როგორ არა, მაგრამ ორსულად იყო, და ავტობუსით ჩაქჩაქი, მაშინდელ გაუმართავ გზებზე, აბა როგორი იყო?
- ჰმ, მშვენიერი მიზეზია. - თავი გააქნია ლარამ.
- ამათ ვითომ ქორწილში, ამ ბიჭის მშობლები არც მახსოვს, რაღაც მიზეზის გამო არ იყვნენ და რაღაცნაირად მართლა ისე სწრაფად მოხდა ამათი დაწყვილებაც. ეს ბიჭი ახალი გადმოსულიყო იმ ეზოში და ერთ თვეში კი უკვე ეს გოგო მოიყვანა ცოლად.
- ჰმ, ორცოლიანობა მოუნდა ბიჭს.
- აბა. - კვერი დაუკრა რძალმა. - მერე კი ვითომ სამუშაოდ რაიონში გაანაწილეს და ახლა პირიქით, მხოლოდ შაბათ-კვირას იყო ამ გოგოსთან. მერე ამ ბავშვის ამბავიც ასე მოუვიდათ და თანდათან დაშორდნენ ერთმანეთს. ვეღარც სოფელში ჩერდებოდა და ვეღარც აქეთ უდებდა სამუშაოს გულს, იმ ეზოსკენ გახედვაც აღარ უნდოდა. ამასობაში წლებიც გავიდა და ასე ჩამობერდა და ჩამოჭკნა, ეს ლამაზი გოგო. - რძალი ისევ გაჩუმდა.
- და სულ ეს იყო? - უსიამოვნოდ იკითხა ლარამ.
- არა, გოგო! მთავარი ახლა უნდა მოგიყვე!
- მიდი, ბარემ. - გაეცინა ლარას. - თორემ დამეძინა უკვე, სანამ სახლში მივალ და...
- დარჩი აქ. - შესთავაზა რძალმა. - შენს მშობლიურ სახლში, შენი ოთახი ისევ ისე, ხელუხლებელია.
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - მივეჩვიე მარტო ცხოვრებას და მერე? ახლა მართლა დამელია სული.
- ჰოდა რა მომიყვა. - განაგრძო რძალმა. - ერთ დღესაც, წლების მერე ავტობუსის გაჩერებაზე ვიჯექიო და გვერდით სკოლიდან მომავალი გოგონა მომიჯდაო. როცა შევხედე, სულ ჩემი პატარაობა იყოო. ისე დავუწყე დაკვირვება, ბავშვს ეგონა მისი ახალი ტელეფონი მომეწონა, მამიკომ დაბადების დღეზე მიყიდაო. გული შემეკუმშა, ჩემს გოგოსაც ახლახან ექნებოდა დაბადების დღე. გოგონამ თავისი გადაღებული ფოტოებიც დამათვალიერებინა. გაოცებული დავრჩი, ლამის ყველა მისი ფოტოდან, მართლა ჩემი პატარაობა მიყურებდაო. მერე უკითხავს ბავშვისთვის, ასეთი ლამაზი გოგო დედიკოს გავხარ, თუ მამიკოსო. დედიკოს საერთოდ არ ვგავარ, უფრო მამიკოსო, მაგრამ მამა ამბობს, რომ ძალიან ვგავარ დიდ ბებოსო, სამწუხაროდ მისი ფოტოც არ გვაქვსო. ასაკიც ვკითხე და ამ დროს მისი ავტობუსიც მოვიდა, როცა ადიოდა თავისი დაბადების დღეც მითხრა. ზუსტად ის თარიღია, ჩემი გოგო რომ დაიბადა და თანაც საშინლად მგავდაო. იმის მერე, ხშირად იჯდა იმ გაჩერებაზე, იქვე მახლობელი სკოლის ეზოშიც ბევრჯერ იყო, მაგრამ იმ ბავშვს, მაინც ვერ პოულობდა. ღამეები არ ეძინა ისეთ დღეში იყო. მერე ადგა და იმ თავის ძველ ეზოში მივიდა, სადაც ბინას ქირაობდა და საიდანაც „გაბედნიერდა“ და აღმოჩნდა, რომ ვისგანაც ბინა ჰქონდა ნაქირავები, ის ქალი ამ მისი დროებითი ქმრის მამიდა ყოფილა და სულაც არ იხდიდა ის ნაბიჭვარი ბიჭი ქირას.
- და ცოლი თუ ყავდა და ბინის პრობლემა არ ჰქონდა, ან ამ გოგოსგან რაღა უნდოდა? ან რა მაიმუნობა იყო, ვითომ ჩამოსული მდგმურის როლის თამაში?
- ეს გოგო ფიქრობს, რომ შვილი წაართვეს და ის ბავშვი ამისია.
- რაა?! - გაოცებისგან ლამის შეჰყვირა ლარამ.
- როგორც გაარკვია. - განაგრძო რძალმა. - იმ კაცს, ოფიციალურ ცოლთან, მხოლოდ ეს ერთი გოგო ჰყავთ და არც დაბადების თვე და რიცხვი შეუცვლიათ.
- და იქნებ, იმ ცოლმაც იმავე დღეს გააჩინა?
- და შენ გჯერა მერე ასეთი დამთხვევების? - ირონიულად აღნიშნა რძალმა.
- ზუსტადაც, რომ არ მჯერა. - ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა ლარამ.
- ამის მერე ცალკე იმ ბავშვსაც აურია ტვინი, სკოლასთან ხვდებოდა დედაშენი ვარო, მშობლებსაც მიუვარდა სახლში და ემუქრებოდა შვილი მომპარეთო და ეს ყველაფერი ბოლოს მაინც პატრულის გამოძახებით მთავრდება.
- მერე დღეს შუა საუკუნეები ხომ არ არის? დნმ-ს ანალიზით თავისუფლად შეუძლია დაამტკიცოს რომ მისი შვილია.
- მაგას უკანონო გზით თუ მოიპოვებს, თორემ შეიტანა კიდევაც საჩივარი, მაგრამ ყველა კანონი და საბუთიც კი მათ მხარეს არის.
- ბავშვის გარდაცვალების მოწმობა თუ აქვს, ამის მიხედვით მგონი კიდევ შეიძლება დაამტკიცოს ამ საბუთის უტყუარობა, მერე შეიძლება ექსგუმაციაც დაანიშნინოს.
- აბა, რომელი გარდაცვალების მოწმობა? - თავი გააქნია რძალმა. - ამან შვილი, რომ გააჩინა, ის საბუთიც კი არა აქვს, თითქოს საერთოდ არც უმშობიარია.
- მდაა. - თავი გააქნია ლარამ და მერე დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა. - საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა.
- რა თქვი? - ჩაეკითხა რძალი.
- მაგას სერიოზული ადვოკატი სჭირდება, თუ აქვს ამის საშუალება.
- აბა, საიდან? - სინანულით აიჩეჩა მხრები რძალმა. - რამდენჯერ საპატრულომ აიყვანა, იქ რომ მიუვარდა სახლში და კარები ჩამოუღო, რაღაცეები დალეწა კიდევაც, ის ჯარიმებიც მე გადავუხადე. ყველა გზა მოჭრილი აქვს. ისინი კარგად ცხოვრობენ, ბავშვი კერძო სკოლაშია, წრეებზეც დაჰყავთ. ამან კი, სად უნდა წაიყვანოს? სოფლის გაპარტახებულ სახლში? ან რის მიცემა შეუძლია, გარდა დედობრივი სიყვარულისა. იმ ბავშვს კი არც მშობლების სიყვარული აკლია არც მოვლა-მზრუნველობა.
-  წინასწარ ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ მაინც ჩამოვუგდებ სიტყვას, ჩემს ნაცნობ დეტექტივს. - მიუგო ლარამ. - ფაქტიურად შანსი არა აქვს, ყველა საბუთი თუ მის წინააღმდეგ არის.
- აუ, მიდი რა სთხოვე, იქნებ დავეხმაროთ, რაა. - შეევედრა რძალი.
- ვეტყვი აუცილებლად. - დააიმედა ლარამ. - და ის დიასახლისი რას ამბობს?
- კატეგორიულ უარზეა! მიგონებენ და მაბრალებენო.
- ჰო, რა თქმა უნდა, რატომღაც რომ სიმართლე თქვას, კრიმინალშია ყელამდე ჩაფლული და ახლა მაგას აღიარებს?
- რა თქმა უნდა, არა. - ამოიხვნეშა რძალმა. - აუ, იცი რა მინდა გთხოვო. ამ გოგომ იქ იმშობიარა, სადაც შენ ახლა მუშაობ და იქნებ რამე საბუთი მაინც იყოს არქივში შემორჩენილი, რომ ამ საცოდავს რაღაცით დავეხმაროთ.
ლარას უკვე აღარაფერი ესმოდა, როცა გაიგო, რომ ეს ყველაფერი სწორედ იქ მოხდა, ზუსტად მაკა ექიმის მუშაობის პერიოდს ემთხვეოდა.
რძალი ისევ თავის ამპლუაში განაგრძობდა ქაქანს. ლარა კი თავს უქნევდა, მაგრამ ფიქრებით უკვე სულ სხვაგან იყო.
LEX. 2024 წლის 3 მარტი, კვირა. 

Saturday, March 2, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 163)

163.
- წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ რა დაგემართებოდა, იმ მომენტში, როცა დიმეო სწორედ იმ მელოდიას დაუკრავდა. - თავი გააქნია მიმიმ.
პიპამ უხმოდ ამოიხვნეშა.
- და მაშინვე იცანი, არა ვინც იყო?
- არა, მიმი! არა. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - აბა, მაშინვე როგორ ვიცნობდი? ანდა რას წარმოვიდგენდი, თუ ამდენი წელი იყო გასული.
- აბა?
- ნაცნობმა მელოდიამ, მარტო ჩემი პიროვნება გამახსენა. მანამდე კი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მონასტერში ვცხოვრობდი და თანაც, არც იმდენად მონასტრული ცხოვრებით. ბევრად მეტი თავისუფლება მქონდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ მორჩილს, რადგან შეურაცხადი ვიყავი. ჰმ, მე კი ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა და დავდიოდი თავისუფლად ასე აღმა-დაღმა. არც კი ვფიქრობდი იმას, თუ ადრე რაღაც შემემთხვა და მაგიტომაც ვიყავი იქ და ასეთ მდგომარეობაში. დროდადრო კი თითქოს ვფხიზლდებოდი, მაგრამ ეს მაინც არ იყო იმ ყველაფრის გახსენება, ვინც მართლა სინამდვილეში ვიყავი. არც არავინ ცდილობდა და მაიძულებდა ჩემი წარსულის გახსენებას. მეც თითქოს არც მჭირდებოდა ან არც კი ვიცოდი, თუ რამეს ნიშნავდა წარსული, ან მომავალი. მხოლოდ აწმყოთი ვცხოვრობდი და არც არავინ მაძალებდა ჩემს ბნელ წარსულში ქექვას. ალბათ, პატარა ბიჭის დანახვამ და მისმა იმჟამინდელმა ყოფამ, ისე ძლიერად შემარყია, რომ ჩემში ყინული დაიძრა თუ არა, უკვე დღითიდღე აზრზე მოვდიოდი. მერე კი ამხელა გზა გამოვიარეთ და უფრო მეტად მოვეგე გონს, მხოლოდ ჩემი წარსულის გარეშე. მოგვიანებით, როცა ბავშვს ვამეცადინებდი და თან ვუხსნიდი და ათას რამესაც ვუყვებოდი, მთელი ეს ჩემი ცოდნა, თავისით ამომდიოდა პირიდან და მხოლოდ ჩვენი ვეტერინარი ბაბუს გაოცებულ შეძახილზე, ეს რა ნასწავლი კაცი ყოფილხარო და მეც ჩავფიქრდებოდი. თუმცა, მაშინვე ვრწმუნდებოდი, რომ ყველა ეს ცოდნა, იქ მთის მონასტრიდან მომყვებოდა. - პიპა წამით შეყოვნდა. - ის მელოდია... რამდენიმე კლავიშის ხმამ, ზარივით გამჭრა ყურში და გული გამიპო. მართლა ისეთი სიძლიერით ამტკივდა მარცხენა მხარეს, ლამის მკლავი მომძვრა და ძლივს ამოვისუნთქე. იმდენად საშინლად იმოქმედა ჩემზე, რომ გიჟივით წამოვფრინდი და ბავშვს გაცოფებული მივეჭერი. გამოკითხვა კი არა მგონი დაკითხვა დავუწყე. ერთიანად, ზუსტად წამში ამერია თავში ფიქრები, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა! და მართლა ვინ იყო ეს ბავშვი, ასე საოცრად რატომ მგავდა, როგორც გარეგნულად, ისე ყველაფერში და კიდევ ეს მელოდია. ლამის გავგიჟდი!
- დიმეომ მერე რაო? - არ აცლიდა მიმი.
- თურმე, სწორედ იმ დღეს ჰქონია დაბადების დღე და ამასაც გვიმალავდა, მაგრამ არც ეს თარიღი მეუბნებოდა რამეს. იმდენად დაბნეული და არეული ვიყავი, უცებ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და დედას რა ჰქვია-მეთქი.
- და სიმართლე გითხრა?
- კი. მიმი ჰქვიაო. შენი სახელი კი ბევრ რამესაც მახსენებდა, თუმცა ეს, სრული ჩემი ასლი, მაგრამ უკვე წამოზრდილი ბავშვი, ვერ მილაგებდა გონებას. სული შემეხუთა, გიჟივით გავიჭერი გარეთ. ჯერ მინდორში ვირბინე დაღლამდე, მერე გარეული მხეცივით ტყეში შევიჭერი და დილამდე, ბოლო ხმაზე ვბღაოდი. არც მიკვრის ნადირმა როგორ არ დამგლიჯა, ალბათ ისე ვღრიალებდი, მთელი ფაუნა, რაც იმ ტყეში ცხოვრობდა ბოლომდე დავაფრთხე. გათენებისას ცოტა აზრზე მოვედი, არც კი ვიცოდი, სად ვიყავი ან გზა, როგორ გამეგნო. ისევ ჩემს ნაკვალევს დავუწყე ძებნა. მერე იმაზეც დავფიქრდი, ვინ ვარ, ან სად მივდიოდი. მართლ ვინ იყო ის პატარა ბიჭი? იქნებ სულაც ეს ჩემი ილუზია იყო და სადღაც წარსულიდან, ის მელოდიაც მოჰყვა თან.
- და ჩემი სახელის ხსენებამ არაფერი გაგახსენა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - თუმცა, მარტო მე ხომ არ მქვია.
- მიმი! ჰმ! ბავშვს ორჯერ გავამეორებინე. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - გამახსენდი, როგორ არ გამახსენდი და შენ წარმოიდგინე, ფიფოც მაშინვე გამახსენდა, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ამერია ტვინში. ლამის თავი გამისკდა ფიქრისგან. ვეღარ ვიგებდი, ვინ ვიყავი. ის ვიღაც, სადღაც მთის კენწეროზე მონასტერში მცხოვრები, შეურაცხადი მწირი, რომელიც მთელ დღეებს ტყეში ხეტიალში ატარებდა, თუ სწავლული პროფესორი, თუ... - პიპა წამით შეყოვნდა. - ბოროტმოქმედი, რომელმაც საკუთარი ხელით, ასე წვალებით ნაშენები ცხოვრება, თავისივე ხელითვე ისე დაანგრია, რომ ბოლო შანსმაც კი ვეღარ უშველა.
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი.
- ხომ გსმენია, ადამიანის ერთ-ერთი ფსიქიკური დარღვევის, გაორებას რომ ეძახიან და ამ დროს მის გონებაში, შესაძლებელია ორი სრულიად სხვადასხვა ტიპის ადამიანი ცხოვრობდეს, ხან ერთი იღვიძებდეს, ისე რომ მეორე არც ახსოვდეს და ხან მეორე.
- ჰო, არის ასეთი დაავადება. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- ჰმ, დაავადება. - ჩაეღიმა პიპას. - მე კი, გაორების მაგივრად, გასამება გამომივიდა და სამივე თავის ამპლუაში მშვენივრად გრძნობდა თავს. სამივემ ერთმანეთი უკვე იმდენად კარგად შეიცნო, რომ ბოლოს კითხვაზე, თუ ვინ ვარ სინამდვილეში? - ამაზე პასუხი არ მქონდა და ეს ამხელა ბიჭი კიდევ, თან ამ ასაკის. ჩვილი რომ მაინც ყოფილიყო, ან თუნდაც, ერთი-ორი წლის, მაშინ კიდევ უფრო ვიფიქრებდი, რომ შენი შვილია და არა მარტო შენი... და ის მიმი, ვინც ბავშვმა დედად დამისახელა, ნამდვილად შენ იყავი და კიდევ უფრო მეტი დამაჯერებელი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ეს დროის მანძილი, ეს ამდენი წელი, ვერანაირად ვერ ჯდებოდა ჩემს გონებაში. - პიპა გაჩუმდა.
- მერე? - არ აცალა მიმიმ ამოსუნთქვა.
- უკვე რა მეფიქრა აღარ ვიცოდი, მაგრამ პირველ რიგში, იმ უღრანიდან უნდა გამეღწია. ტყის სიმეჩხერეს დავაკვირდი და მივხვდი, რომ რაც უფრო მეტად შემოდიოდა სინათლე, მით უფრო მეტი შანსი იყო, სადმე ველზე გავსულიყავი და იქიდან რაღაც გზას მაინც გავაგნებდი, მაგრამ სად ან ვისთან მივდიოდი? ან ვინ მელოდა? ამ ხეტიალში კი, სოფლის შარაზე გავედი. რაც უფრო წინ მივიწევდი, მით უფრო მეტად ჩქეფდა სიცოცხლე. იქ კი, საიდანაც მოვდიოდი, ისედაც შორი-შორ დასახლებული, ფაქტიურად ცარიელი სოფელი იყო. აქეთ კი მეტი მაცხოვრებელი ჩანდა. სადღაც ცენტრამდე ჩავაღწიე, სადაც ყველაფერი ერთ შენობაში იყო. ხალხი ბევრი იყო, ყველა რაღაცის რიგში და მოლოდინში იდგა. ყველაზე მეტად პოლიციის განყოფილებასთან ირეოდნენ. მეც რაღაც უაზროდ შევერიე, რატომ და რისთვის? არც კი ვიცოდი. უბრალოდ, გამწი-გამომწიეს. ხან რა საუბარს მოვკარი ყური და ხან, რას. თითქოს, ამ უცხო ხალხისგან ვეძებდი პასუხებს.
- და რა ხდებოდა ასეთი? - გაკვირვებით იკითხა მიმიმ.
- თურმე უკვე პანდემიაა დაწყებული. ბევრი დაუბრუნდა მშობლიურ სახლს. წლობით რომ არ გაღებულა, ისეთი ჭიშკარიც გაიღო, მაგრამ ბევრმა აღმოაჩინა, რომ სახლი გაქურდული იყო. ამიტომაც, პოლიციის შესასვლელთან უფრო მეტი ხალხი იყო. შიგნით შევედი, უფრო სწორად მგონი ბრბოს შევყევი და ამ ყაყანსა და ჩოჩქოლში, ისე ახლოს აღმოვჩნდი მორიგესთან, ვისაც ამ განცხადებების ჯერ მიღება და მერე წვალებით უხდებოდა კომპიუტერში შეტანა. ცოტა არ იყოს ახალმა ტექნიკამ გამაკვირვა, მონიტორი ბევრად უფრო სიფრიფანა იყო, ვიდრე ჩემ დროს. მხოლოდ ის გავიფიქრე, რომ რა მალე და სწრაფად იცვლებოდა წინ მიდიოდა ტექნიკა. აზრადაც კი არ მომსვლია, რომ ამდენი წელი იყო გასული. თითქოს განგებამ მიმიყვანა იქ და უკვე მიხვდი, რაღაც უნდა მემოქმედა. ტექნიკა კი წინ მიდის, მაგრამ მისი გამოყენების პრინციპი, მაინც იგივე რჩება. ბევრი აღარც მიფიქრია და ხელი ისე გავყავი, არავის შეუმჩნევია. პიანინოს კლავიშებზე მიჩვეულს, კლავიატურაც არასდროს მიჭირდა. ერთი ხელით, ერთდროულად სამ ღილაკს,  უპრობლემოდ გადავწვდი და კომპიუტერიც გავუთიშე.
- ვაი!..
- ნუ ატყდა იქ ერთი ამბავი, გადაირია მთელი სამორიგეო. კიდევ ეს გვინდოდაო და ამ ცალკე ხმაურში კი მონიტორის კაბელიც მოვუშვი და რაც შეიძლებოდა უკან გავძვერი. ბევრი ბჭობის შედეგად, როცა კომპიუტერი თავიდან ჩართეს აღმოჩნდა, რომ არ უჩვენებდა.
- აუუ... - გაეცინა მიმის.
- ის ერთი კომპიუტერი იდგა იქ, სულ ორი-სამი მორიგე იყო და ამ ერთ ტექნიკას იყოფდნენ, ან მათში, ყველა ჭკვიანს ხვდა წილად ასეთ ცივილიზებულ ნივთთან მიკარების უფლება. გამოვარდა თავისი კაბინეტიდან უფროსი. ახლა ის გადაირია, თურმე მისი ლეპტოპიც გასამართავი ყოფილა და გამოვიდა, რომ მთელი განყოფილება, სრულიად პარალიზებული გავხადე.
- ჰა, ჰა.
- ცოტა რაღაც მეხერხება მეთქი და არც კი მეგონა, თუ ასე ადვილად მიმიშვებდნენ, მაგრამ იმდენად გაჭირვებულ დღეში იყვნენ და თან პანდემია, ჩაკეტილი გზები, აბა ვინ მოვიდოდა ახლა მის შესაკეთებლად, ან ახალ ტექნიკას კიდევ როდისღა აღირსებდნენ. ცოტა გავწელე „შეკეთება“. ხან კაბელები გამოვაძრე და თავიდან ჩავრთე, მოკლედ მერე პროგრამულად გავუწმინდე დისკიც, და ისე ავამუშავე, ბევრად სჯობდა იმ წინას. ამასობაში თან ვქექავდი, რაღაცეებს. ფიფო აღმოვაჩინე, უკვე საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ მის ოჯახზე ვერაფერი გავიგე.
- ჰო, უკვე რა ხანია, 
ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, თანამდებობის პირის, პირად ცხოვრებაზე ინფორმაცია, ისე საჯაროდ აღარ ჩნდება, რომ ყველასთვის მისაწვდომი გახდეს.
- პრინციპში სწორია, მასეც უნდა იყოს. - მიუგო პიპამ. - მერე შენც გეძებდი, სოციალურ ქსელში, მაგრამ ვერ გიპოვნე.
- მე არც მაქვს. ფიფოს თხოვნაც იყო და არც მე მქონდა ამის დიდი სურვილი და მერე? როგორ გაარკვიე?
- მერე ისე დავიბენი, რომ აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. ვინ იყო ის პატარა ბიჭი, ასე ძლიერ რომ მგავდა და თანაც, დედამისს მიმი ერქვა. ისეთი გაოგნებული ვიყავი, რომ ბავშვს მარტო დედის სახელი და როდის დაიბადე ვკითხე მარტო. მისი დაბადების თარიღი კი საერთოდ არაფერს მეუბნებოდა, რადგან მხოლოდ თვე და რიცხვი მითხრა და არა წელი. მაშინ აზრად არ მომსვლია, რომ უფრო მეტად უნდა დამეზუსტებინა, წესიერად მეკითხა ბავშვისთვის დაბადების წელი მაინც, ისე ვიყავი გაოგნებული, გიჟივით გამოვვარდი გარეთ.
- მერე?
- მერე ის იყო, იქიდან წამოსვლა დავაპირე, რომ ახლა უფროსმა შემიყვანა თავის კაბინეტში და მისი ლეპტოპის გამართვა მთხოვა. არც თუ ისე ადვილი საქმე იყო, ამდენი წლის წინ წასული ტექნიკით. მართალია, თავიდან ცოტა გამიჭირდა და ეს იმით ავუხსენი, რომ მართლა საშინელი და მძიმე მდგომარება ჰქონდა. ცოტაც და უკვე გადასაგდები იქნებოდა. ოღონდაც ახლა მაგას უშველეო და ჩემზე იყოსო. გავარდა მერე გარეთ, შემოატანინა პურმარილი, მაშინ ვიგრძენი, რომ თურმე მშიოდა კიდეც. სანამ მარტო ვიჯექი უფროსის კაბინეტში, მის დაფარულ ფაილებშიც შევძვერი და აღმოვაჩინე, რომ ის პატარა ბიჭი, რომელიც ასე ძალიან მგავდა, თურმე გატაცებული ბავშვია. ბრძანებაში კი ეწერა, უხმაუროდ უნდა მოეძებნათ. ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, მისი ფოტოების საჯაროდ გამოკვრაც კი აკრძალული იყო. მხოლოდ ორგანოებში იყო გადაგზავნილი. ასევე ისიც იყო მითითებული, რომ ოჯახი, ბავშვის პოვნის სანაცვლოთ ჯილდოს გადახდასაც აპირებდა. საკონტაქტოდ კი მხოლოდ ნებისმიერი პოლიციის პუნქტში დარეკვა ან მისვლა იყო საჭირო. მშობლებზე არაფერი ინფორმაცია იყო.
- საერთოდ ვერაფერი გავიგეთ ბავშვზე და კვალს რომ ვეღარ ვაგნებდით, ფიფომ ბოლოს მპოვნელის ფულადი დაჯილდოებაც გადაწყვიტა. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მიმიმ. - მაგრამ, როგორც ვიცი, ფიფომ ეს საჯაროდ გამოაცხადა და ასე ფარულად რატომ იყო, მხოლდ თანამშრომლებისთვის...
- ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ალბათ, ჯილდოს მიღების მსურველი უფრო მეტი რომ არ გამოჩენილიყო, ვიდრე ნამდვილი მპოვნელი.
- ალბათ... - ამოიხვნეშა მიმიმ. - და მერე?
- მერე როგორღაც მოვახერხე და იმავე დღესვე ჩამოვედი ქალაქში. კომპიუტერზე გაწეული სამუშაოს გამო, განყოფილების უფროსმა ჩამიწყო, თორემ ქალაქი უკვე ჩაკეტილი იყო. შემოსვლა ბევრად რთული იყო, ვიდრე ქალაქიდან გასვლა.
- ჰმ.
- ჩამოსვლისთანავე, ბევრი რამ გავარკვიე. ისიც კი გავიგე, რომ გამოსასყიდიც გადახდილი გქონდა უკვე და ამის მერე საერთოდ დაკარგე ბავშვის კვალი. არა, არა! ასე კი არ იყო! - თავი გააქნია პიპამ. - ვიტყუები! ასე დეტალურად მოგვიანებით გავიგე. მხოლოდ გამოსასყიდი რომ მოითხოვეს ის ვიცოდი, მაგრამ რამდენი, ეს უკვე აღარ. მერე ისიც გავიგე, რომ ფიფო უკვე იმ მთებშიც იყო ნამყოფი და მათი გვამები აღმოაჩინა.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მიმიმ. - გახსენებაც არ მინდა, რა დღეები გავიარეთ. მაინც ამდენი რამ როგორ გაარკვიე?
- შენს ძველ მისამართზე მივედი და ძალიან ადვილად შევძელი რამდენიმე მეზობლის ალაპარაკება. გავიგე, რომ ფიფოზე იყავი გათხოვილი უკვე წლებია და მხოლოდ ერთი ბიჭი გყავდათ.
- ჰმ.
- მერე ფიფოს მშობლიურ სახლთან მივედი და იქ უკეთ გავარკვიე, რომ სულ სხვა მისამართზე ცხოვრობდით და ასე შემდეგ.
- და ფიფოს მშობლების სახლი საიდან იცოდი?
- ჰაჰ! - თავი გააქნია პიპამ. - ერთხელ ფიფო ისე დათვრა ჩემთან სტუმრობის დროს, რომ იძულებული ვიყავი, თავისივე მანქანით სახლში მიმეტანა.
- ვაი! - გაოცდა მიმი. - ფიფოს არასდროს უთქვამს ეს.
პიპამ არაფერი უპასუხა.
- და მაინც, შენ თუ შესძელი და ჩამოხვედი, ბავშვი რომ უფრო ადრე დაგებრუნებინა არ შეიძლებოდა? - საყვედურით მიმართა მიმიმ.
- მაშინ უნდა მეც გამოვჩენილიყავი. თანაც, არც იმის გარანტია მქონდა, რამდენად მართლა დაბრუნდებოდა ბიჭი სახლში. ვერავის ვენდობოდი, რადგან ფიფოს, რომელსაც ამხელა თანამდებობა ეჭირა, თანაც სად და მიუხედავად ამისა, მაინც ბავშვი მოტაცეს. ეს იგი, საკმაოდ სერიოზული ხალხი იყო გარეული და ცალკე კიდევ ეს ამხელა თანხა, მე სად უნდა წამეღო, ან როგორ უნდა გამომეჩინა? ბავშვი რომ მიმეყვანა ჩუმად განყოფილებასთან, იმ ფულთან ერთად დამესვა, ფულსაც ისე გააქრობდნენ, რომ კვალიც არ დარჩებოდა, მაგრამ არც იმის გარანტია მქონდა, რომ ბავშვს მართლა დაგიბრუნებდნენ. ვისი სახე იცოდა და კიდევ რომელ გამტაცებელს იცნობდა სახეზე, აბა მე რა ვიცოდი? და რა დროს ფულზე დარდი იყო? ყველაფერი ისე უნდა დამელაგებინა, როგორ საჭიროება მოითხოვდა და სწორედ ეს გავაკეთე! კარანტინი რომ არ ყოფილიყო, იმ დღეებშივე ჩამოვიყვანდი ბავშვს. მიმი, სწორად გამიგე, ბავშვს მართლა ვერავის ვანდობდი!
- კი... ახლა მესმის...
პიპამ ამოიხვნეშა.
- და მაშინ მიხვდი, რომ ეს ბავშვი... რომ დიმეო...
- დაახლოებით კი ვიფიქრე. - მიუგო პიპამ. - თუმცა ხომ შეიძლებოდა, რომ ვერ დაბადებულიყო, ან შენ და ფიფოს შეგეძინათ, მერე მოგვიანებით, მაგრამ მიმი, დამიჯერე! აღარც მაგის ფიქრის დრო და თავი არ მქონდა! მხლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს გატაცებული ბავშვი, ოჯახს უნდა დაბრუნებოდა და მორჩა! რადგან განგებამ ინება და მე მხვდა წილად მისი პოვნა და გადარჩენა, ასევე ვალდებულად ჩავთვალე ბავშვის ჩემივე ხელით მოყვანა და სახლში დაბრუნება. მე თვითონ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ მშობლებს უვნებელი ჩაბარდა!
- ალბათ დიმეოს ძალიან გაუხარდა, რომ მოუყევი, არა?
- სავარაუდოდ მეოთხე დღეს დავბრუნდი სოფელში. ცალკე გავიყვანე და ყველაფერი ავუხსენი. მას კი მართლა დაღუპულები ეგონეთ. დაშინებული იყო, რომ მასაც მოსაკლავად ეძებდნენ.
- ღმერთო ჩემო! - ამოიკვნესა მიმიმ. - მართლა რამდენი რამ გადაუტანია ჩემს ბიჭს და კიდევ როგორ მედგრად დგას.
- ჰოდა, ვისარგებლე მეც პანდემიით და რაც შემეძლო ვატარეთ ტრენინგები, ბიჭი რომ ფსიქოლოგიურად არ ყოფილიყო დათრგუნული.
- ჰო, ეს მართლა საოცრება იყო. - ღიმილით აღნიშნა მიმიმ. - დიმეოს გატაცებულის მართლა არაფერი ეტყობოდა. გეგონებოდა დასასვენებლად იყო გაგზავნილი.
- ჰმ.
- დილით კი, ადგომაც დაგვასწრო და საუზმის მომზადებაც ითავა, მე და ფიფო გაოგნებული შევყურებდით.
- ჰაჰ!
- არც სწავლაში იყო ჩამორჩენილი. - განაგრძობდა მიმი. - პირიქით, ბევრად წინ იყო წასული და მუსიკაშიც საკმაოდ კარგად იყო ნაწრთობი.
- უბრალოდ, ბავშვს კითხვა დავუსვი, თუ გინდა ისევ დაიბრუნო ძველი ცხოვრება, მაშინ იმაზე უფრო ძლიერი უნდა გახდე, ვიდრე იყავი და ან ახლა ხარ-მეთქი და ჭკუაშიც დაუჯდა.
- პატარაობიდანვე გონიერი ბავშვი იყო. - ჩაეღიმა მიმის. - ლამის აქეთ გვასწავლიდა ჭკუას.
- ჰმ. გენეტიკურია.
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- დამშვიდდი. - მიუგო პიპამ. - ჩემგან ვერასდროს გაიგებს. არ ვაპირებ დიმეოს ოჯახის დანგრევას. ძალიან კარგად ჩანს, ფიფო როგორ საოცარ მამობასაც უწევდა. ბავშვიც გიჟდება მასზე და ამ სიყვარულს ვერც წავართმევ და ვერც ჩავუნაცვლებ.
- ჩვენ იმისიც გვეშინოდა, რომ ბავშვზე ხომ არ იძალადეს. - მოწყენით დაიწყო მიმიმ. - იმ ღამეს როცა სახლში დაბრუნდა, მაშინვე ვაბანავე, თან ვცდილობდი კარგად დამეთვალიერებინა. ფიფო შიშით ვერ შემოდიოდა, კართან გველოდა.
- ჰმ.
- როგორც კი გამოვედი, შეშინებული თვალები შემომანათა, მე კი გაოგნებული და დაბნეული ვიყავი, ბავშვი ისეთი მოვლილი აღმოჩნდა. - მიმი გაჩუმდა.
პიპაც ერთ ხანს ჩაფიქრებული იყო და მერე დაბალი ხმით დაიწყო:
- ხანდახან ჩვენთან მოდიოდნენ, ექსკურსიაზე პატარა ბიჭების წასაყვანად. თანაც, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ სპეციალურადაც არჩევდნენ.
- და რატომ არ იყო გასაკვირი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- იმიტომ რომ ბავშვის აყვანის მსურველებიც ხშირად ასე არჩევდნენ მომავალ შვილებს, თუმცა იშვიათად, რადგან უფრო ჩვილებს ჰქონდათ მაგის შანსი.
- ჰო... ალბათ... - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- ექსკურსიები არც თუ ისე ხშირად იყო, მაგრამ ასეთი მოგზაურობის მერე, რატომღაც ბავშვები მოწყენილები ბრუნდებოდნენ. ჩვენ კი გვარწმუნებდნენ, რომ იქიდან კი არ დაბრუნდნენ ასე, არამედ აქ, უკან მობრუნება აღარ მოსწონდათ, რადგან იქ კარგი ცხოვრება ნახეს. საექსკურსიო პროგრამაც საკმაოდ მიმზიდველად ჩანდა. სეზონის მიხედვით ხან ცხენებზე ჯირითი, ზღვა და ნავით სეირნობა, თხილამურები და ამ ყველაფერთან ერთად გემრიელი კერძები და საუცხოო დესერტიც. მერე კი იქნებ, რომელიმე მდიდარს მოეწონოთ და გიშვილებენ კიდევაცო, ოჯახი გეყოლებათო, მაგრამ ყოველი ლაშქრობის მერე, რატომღაც მაინც უკან ბრუნდებოდნენ.
- ასეთი მოგზაურობა, არ უნდა ყოფილიყო ცუდი, არა? - გულუბრყვილოდ იკითხა მიმიმ. - თუმცა, კარგი ცხოვრება რომ ანახეს ბავშვებს, მერე რა თქმა უნდა მოიწყენდნენ.
- ჰმ. - ჩაეღიმა პიპას. მშვენივრად მიხვდა მიმიმ ვერ გაუგო, თუ რაც იგულისხმა და კვლავ განაგრძო. - ძალიან საშინელი და ცელქი ბავშვი ვიყავი, იშვიათად მეძახდნენ როცა ბავშვების ასარჩევად მოდიოდნენ, რადგან როგორც თვითონ აღმზრდელები ამბობდნენ, ჩემი იმედი არ ჰქონდათ. მე კი ზოგჯერ გადარეულივით ვიქცეოდი და იმიტომ რომ მეგონა, ცუდად თუ მოვიქცეოდი, იქიდან გამაგდებდნენ და სახლში დამაბრუნებდნენ, მაგრამ რა სახლში და რომელ სახლში, ეს არც ვიცოდი და არც მაინტერესებდა. ის მახსოვდა რომ იქ მიმიყვანეს, ცოტა ხნით. ჰმ, წლების მანძილზე ბრიყვივით ველოდი, ამ „ცოტა ხნის“ გასვლას.
- რატომ ბრიყვივით? - ამოხვნეშა მიმიმ. - შენ უბრალოდ პატარა ბავშვი იყავი.
- ჰო. - კვერი დაუკრა პიპამ. – პატარა გაბრიყვებული ბიჭი.
- და იმის გამო, რომ ასეთი ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყავი, შენ არასდროს აურჩევიხართ?
- ჰმ. მქონდა ერთხელ ეგ ბედნიერებაც. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - როგორც იქნა, ერთ დღესაც მეც შემარჩიეს. ადრე რომ მოდიოდნენ და ბიჭებს არჩევდნენ, მაშინ სულაც არ მინდოდა ერთ-ერთი მე რომ ვყოფილიყავი, რადგან დარწმუნებით ველოდი, რომ ისევ ისინი მომაკითხავდნენ, ვინც იქ დამტოვა და უცებ რომ მოსულიყვნენ და არ დავხვედროდი, მერე იქნებ, მეტი აღარც მობრუნებულიყვნენ. ასე აზროვნებდა მაშინ ჩემი ბავშვური ტვინი, მაგრამ ერთ დღესაც მეც მხვდა წილად ასე ძვირფას აგარაკზე გასეირნება. რჩეული ვიყავი და რა თქმა უნდა, ამაყადაც შევიფერე. წასასვლელად მოვემზადე, სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც უკვე ჩემდა გასაკვირად საწოლზეც დამხვდა. მშვენიერ ხასიათზე ვიყავი, ერთხელ მეც მეღირსებოდა იმ გალიიდან გასვლა. სიამაყით გავხედე მათ, ვინც არ აირჩიეს და მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ის ერთი ბიჭი, რომელიც ყველაზე მეტად ვერ მიტანდა და სულ ცდილობდა, გამოვეწვიე და ჩემთვის რაღაც დაეშავებინა, სწორედ ის ბიჭი, რომელიც უკვე ადრე, ჩემამდე იყო არჩეულიც იქ ნამყოფიც, რაღაც ცოტა არ იყოს, ირონიულად მიმზერდა. მისი თვალები საშინლად დამცინავად ასხივებდა და სწორედ ამან შემაკრთო. რაღაცნაირად უკან დამხია.
- და რატომ დაგცინოდა? - იკითხა მიმიმ. - იქნებ, სინამდვილეში კი არ დაგცინოდა, არამედ შენი შურდა?
- თავიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს  შური იყო, მაგრამ მისი სახის უხმო გამომეტყველება კი მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ, რომ წადი, ერთი შენც წადი! ნახავ რაც მოგივაო და აი, სწორედ მისმა ასეთმა ბედნიერმა სახემ შემაჩერა და გადამარჩინა კიდეც.
- გადაგარჩინა? - გაიკვირვა მიმიმ.
- ჰო, მიმი, ჰო! მართლა გადავრჩი და მთელი ცხოვრება, იმ ბიჭის მადლიერი უნდა ვიყო, რადგან მაშინვე გავიქეცი, დავიმალე და მხოლოდ იმ ბიჭის ჯინზე არ წავედი. დარწმუნებული ვიყავი, როცა უკან დავბრუნდებოდი, რაღაც საშინელ სიურპრიზს დამახვედრებდა და ამიტომაც გვიან ღამემდე სამალავიდან არ გამოვსულვარ. შუა ღამით ჩუმად შევძვერი ჩემს საწოლში. დილით კი ყურ ახეული შემათრიეს დირექტორის კაბინეტში. ვერაფრით ვერ მათქმევინეს, თუ რატომ მოვიქეცი ასე. რა თქმა უნდა, მთელი კვირით დამსაჯეს და მაინც ვერ გამტეხეს.
- და როგორ დაგსაჯეს? გცემეს? - მიმის სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
- არა, არ მცემეს. - გაეცინა პიპას. - მხოლოდ ყური საშინლად მეწვოდა. მთელი კვირა ეზოში არ უნდა ჩავსულიყავი და მომდევნო გაკვეთილებიც წინასწარ უნდა მესწავლა და მთელი კვირა, ეგრეთ წოდებული დესერტის გარეშე უნდა ვყოფილიყავი. ჰმ, დესერტი - ამჟავებული და თავიდან გადადუღებული მურაბა ან გამხმარი გამომშრალი ქადა.
- ჰოო, რა კარგად დასჯილხარ. - მიმისაც გაეღიმა.
- ასე, რომ სწორედ იმ ბიჭმა გადამარჩინა, ვისაც მაშინ მტრად ვთვლიდი.
- და გადარჩენა, რა შუაში იყო?
- ჰაჰ. - თავი გააქნია პიპამ. - მიმი, შენ გგონია, რომ ეს პატარა ბიჭები, მართლა გემრიელი ტორტის საჭმელად მიჰყავდათ?
- აბა?.. ღმერთო ჩემო... - მიმის ხმა გაებზარა. - არ მითხრა, რომ...
- ჰო! - კვერი დაუკრა პიპამ. - სწორადაც იფიქრე. ეს პატარა უპატრონო ბიჭები, იმ ორფეხა საქონლებს, გასართობად უნდოდათ და ამიტომაც ბრუნდებოდნენ ბავშვები უკან, ასეთი დათრგუნულები და განადგურებულები. ჩვენ კი გვარწმუნებდნენ, რომ თურმე, იქ კარგი ცხოვრება, ისე მოეწონათ ბიჭებს, რომ აქეთ აღარ უნდოდათ.
- მერე ან აღმზრდელები, ან დირექტორი?! ნუთუ ყველა მართლა იმ საქონლების მხარეს იჭერდნენ?
- არავინ არაფერი იცოდა, მიმი. - მიუგო პიპამ. - ბავშვები არაფერს ჰყვებოდნენ. არც კი ვიცი, როგორ და რანაირად აშინებდნენ. ბავშვთა სახლი კი ასეთი „საპატიო სტუმრების“ გამოჩენის დროს ფულითა და სურსათით მარაგდებოდა. არა, თავად არც მოდიოდნენ. სადღაც წელიწადში ორ-სამჯერ მოვიდოდა პატარა ავტობუსი, მოიტანდა სანოვაგეს და არ იფიქრო, რომ მთელი წლის სამყოფს. ცოტ-ცოტა რაღაც-რაღაცეებს, ფულადი დახმარებაც თან ერთვოდა და იმ შერჩეულ ბიჭებსაც წაიყვანდა. ბავშვებს კონკრეტულად ერთი ქალი არჩევდა, რომელიც იმ ავტობუსს მოჰყვებოდა. ალბათ, ცდილობდა კიდეც, რომ ყოველ ჯერზე, ახალ-ახალი ბავშვები წაეყვანა. უარი რომ არ მიეღო იქნებ იმიტომაც, მაგრამ ვინ გაბედავდა უარის თქმას? ან რამის მოყოლას, განა ყველა ჩემნაირი გიჟები და გადარეულები იყვნენ. არავინ იღებდა ზედმეტ ხმას, იმიტომ რომ ისინი, პატარა უპატრონო ბავშვები იყვნენ. სადღაც ასე, შვიდიდან თერთმეტ წლამდე არჩევდნენ და მხოლოდ მარტო ბიჭებს.
- მარტო ბიჭებს? ჰმ. - თავი გააქნია მიმი.
- ალბათ გოგონებს უფრო მოერიდნენ, რადგან ბიჭები მხოლოდ ჯარში წასვლისას გადიოდნენ სრულ სამედიცინო შემოწმებას, გოგონები კი მოზარდობის ასაკიდან და შენ წარმოიდგინე, ყოველთვის მიკვირდა ეს. რატომ ჩვენ უკვე წამოზრდილ ბიჭებს არ გვეძახდნენ შესამოწმებლად.
- ჰო. ალბათ უფრო მაგიტომაც ერიდებოდნენ გოგონების წაყვანას.
- ან იმაზე მეტად გარყვნილები იყვნენ. მოკლედ, იმ ბიჭის დამცინავმა სახემ ისე მიხსნა, რომ ფსიქიკა არ შემირყია. 
- პიპამ ამოიხვნეშა. - სამაგიეროდ, წლების შემდეგ, მე თვითონვე დავანგრიე ჩემივე ხელით აწყობილი ცხოვრება, რადგან სწორედაც, რომ მსგავს ღორებს არ შევარჩინე დაუცველი ბავშვების სულისა თუ ხორცის თელვა. აი, ეს იყო სულ! მართლა როგორ ყველაფერი წარსულიდან მოდის და ზუსტად ეს წარსულის იარები არ ჩაგივლის უკვალოდ. - პიპა გაჩუმდა.
მიმიც არ იღებდა ხმას. ერთ ხანს იყო ასე გატრუნული. მერე კი ღამის სიჩუმეში წაიჩურჩულა:
- მართლა ამოსახოცნი ყოფილან...
პიპამ არაფერი უპასუხა. მიმი გაიტრუნა. ყური მიუგდო. პიპას აშკარად ჩასძინებოდა. მიმიმ ფრთხილად წააფარა თავისი პლედი და თავი ძილს მისცა.
- გმადლობ... - სადღაც შორიდან, უკვე ძილში ჩაესმა პიპას ნამძინარევი ხმა.
LEX. 2024 წლის 27 თებერვალი, სამშაბათი.