Tuesday, March 12, 2024

ნატის ჩექმები (ნაწილი 31)

31.
კუსუ სკოლას ამთავრებდა და ჯერ კიდევ გარკვეულიც არ ჰქონდა, თუ სად აპირებდა სწავლის გაგრძელებას.
- შენ ოღონდ თითი დაადე! - აგულიანებდა მაკა. - და ნებისმიერ უნივერსიტეტში მოგაწყობ!
- უნივერსიტეტში?
- ჰო! უნივერსიტეტი! ინსტიტუტი! რომელიც გინდა! სადაც გინდა!
კუსუს, სხვა მის ტოლ ბავშვებთან შედარებით, ძალიან უყვარდა კითხვა. კარგი მოსწავლეც იყო. სკოლასაც საკმაოდ წარმატებით ამთავრებდა და ნიჭიერი ბავშვიც იყო, მაგრამ კონკრეტულად რა აინტერესებდა, ან რომელი საგანი უფრო უყვარდა, ამას მაკა ვერასდროს ხვდებოდა. ბიჭი იმდენად გონიერი იყო და სწრაფად ათვისების უნარი ჰქონდა, რომ არასდროს სჭირდებოდა სწავლაში რეპეტიტორის დახმარება. ახლა კი რა უნდოდა? ნუთუ ასეთ ნიჭიერ ბავშვს, სწავლის გაგრძელება აღარსად სურდა? მით უმეტეს, თუ არც ფინანსური პრობლემა ჰქონდათ და დედისგან ისედაც ექნებოდა სწავლაში ხელშეწყობა.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა კუსუმ. - ჯერ ვფიქრობ.
- ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ ფიქრისთვის, ყმაწვილო! - უკმაყოფილოდ მიუგო მაკამ.
მთელი თვე გავიდა და კუსუ ისევ დაუსრულებლად ფიქრობდა, თუ რომელი პროფესია უფრო იქნებოდა მისთვის საინტერესო.
მოგვიანებით ამ „ფიქრებში“ დინაც ჩაერთო და კუსუს ექიმობისკენ უბიძგა. მაკას საშინლად არ ესიამოვნა.
- ჩვენ ხომ მოვიწამლეთ ამ პროფესიით და ახლა ჩემი შვილიც მოვწამლო? - ლამის უსაყვედურა დინას.
- მეც ასე მოვიწამლე, მაკა ექიმო. - ღიმილით მიუგო დინამ. - მაგრამ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ დღეს.
- შენ მე მოგწამლე. - ჩაეცინა მაკას.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი იყო! - გაეცინა დინასაც.
- ფუ! გინეკოლოგობა ნამდვილად არ მინდა! - ჩაერთო კუსუც.
- ჩვენთან პედიატრებიც მუშაობენ კუსუ. - მიუგო დინამ.
- ბავშვების ექიმი? - ჩაეკითხა ბიჭი.
- მომისმინე დედი. - სიყვარულით მიმართა მაკამ. - თუ გულით არ გინდა და მთელი სული იქით არ მიგიწევს, მაშინ სჯობს კარგად იფიქრო და სანამ მოიფიქრებ, მანამდე ჩვენთან დაგაწყებინებ მუშაობას.
- პატარა ჭყიპინა ბავშვებთან! ჰა! ჰა! - გაეცინა კუსუს.
- აბა, ბავშვებთან ასე უცებ როგორ მიგაკარებ?! - ღიმილით მიუგო მაკამ. - ჯერ სანიტრად უნდა იმუშაო, მერე ფერშალი უნდა გახდე. აი, დინამაც ასე დაიწყო, ახლა საკმაოდ კვალიფიცირებული ექთანია.
- სულაც არ მინდა ექთანი ვიყო! - თავი გააქნია კუსუმ.
- აჰ, თქვენ ახალგაზრდავ! პირდაპირ პროფესორობა გსურთ?! - დამცინავად მიუგო მაკამ. - ისე, ჯერ დოცენტი ხომ არ გახდებოდით, სანამ პროფესორის რანგში აგიყვანენ?! ჰა! ჰა!
- ისე, მართლა რომ მოუნდეს სანიტრად მუშაობა? - ჩაფიქრებული ხმით ჰკითხა დინამ, როგორც კი მარტო დარჩნენ.
- ახლა კუსუს სანიტრობაღა მაკლია. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მაკამ.
მაკა სპეციალურად სთავაზობდა სანიტრის ადგილს, რადგან დარწმუნებული იყო, კუსუ ერთ დღესაც ვერ გაძლებდა და ექიმობაზე ფიქრს, საერთოდ ამოიგდებდა თავიდან. თუმცა ისედაც ჩანდა, კუსუს დიდად არც ექიმობა აინტერესებდა.
შვილის მომავალზე დადარდიანებული მაკა ექიმი, ჩაფიქრებული მიაბიჯებდა სამშობიარო სახლის დერეფანში და არც კი შეუმჩნევია, ისე დაეჯახა პედიატრს.
- მშვიდობაა, მაკა ექიმო? - ჩვეული ხალისით მიმართა ლამარამ.
- მშვიდობაა, ჯერ-ჯერობით, მშვიდობა. - გაეცინა მაკას. - ლამის გაგიტანე არა?
- კიდევ კარგი, მაკა ექიმო, მძიმე წონის არ ხართ, თორემ... - სიცილითვე მიუგო ლამარამ.
მაკას გულიანად გაეცინა და გზა განაგრძო.
„ნუთუ ეს გოგო მართლა ასეთი მხიარულია, თუ თავს იშტერებს ჩემთან?“
ფიქრობდა მაკა და ზურგსუკან ლამარას მწველ მზერასაც გრძნობდა და მართალიც იყო. დერეფანში მიმავალ მაკას ლარამ ჩაფიქრებული მზერა გააყოლა.
„თავი ყოველთვის როგორ სულ გაწონასწორებულად უჭირავს, ნუთუ არასდროს არაფერი გეშლებათ, მაკა ექიმო? მართლა ასეთი იდეალური ხართ?“
ლარამ ამოიხვნეშა და თავის საქმეს დაუბრუნდა.
რა მოემოქმედებინა, რომ მაკა მშრალზე გამოეყვანა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. გუმანით გრძნობდა, უთუოდ მაკაც იქნებოდა ჩვილების გაყიდვაში ჩართული. აბა მთავარი ექიმის გარეშე, ვინ გაბედავდა ამას. ლარამ ბევრი ვერაფერი გაიგო, მხოლოდ ის იცოდა, რომ წლების მანძილზე, სხვადასხვა სამშობიარო სახლიდან საკმაოდ ბევრი ახალშობილი იყო გაყიდული. თუმცა, იმასაც დამტკიცება უნდოდა, რომ ეს ჩვილები, მართლა მშობლის ნებით იყო გაშვილებული თუ არა. რატომღაც კი ჩვილების სიკვდილიანობა ყველაზე მეტად იმ სამშობიაროში ფიქსირდებოდა, სადაც საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი მაკა ექიმი მუშაობდა. თუმცა, რაც შეეხებოდა ბავშვის გაშვილებას, ფაქტიურად ყველაზე ნაკლებად იმ სამშობიაროში ფიქსირდებოდა.
- და რას ფიქრობ ამაზე? - ჰკითხა ლარამ, მეგობარ დეტექტივს, როცა თავისი ეჭვები გაუმხილა.
- ამას მხოლოდ ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. - მიუგო დეტექტივმა.
- რა ახსნა? - არ აცალა სიტყვის დამთავრება ლარამ.
- სხვა ადგილიდან ხდება ჩვილების გაშვილება. პირდაპირ სამშობიაროდან კი არ მიჰყავთ.
- შენ რაღაც იცი და არ მიყვები? - ეჭვიანად ჩაეკითხა ლარა.
- რა უნდა ვიცოდე? - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები დეტექტივმა და ლარას გამჭოლ მზერას თვალი აარიდა.
- უბრალოდ, საწყენია. - უკმაყოფილოდ მიუგო ლარამ.
- რა არის საწყენი?
- ის, რომ შენგან უნდობლობა მოდის.
- ჩემგან? - გაიკვირვა დეტექტივმა.
- ჰო! შენგან! - ლარა თვალებში ჩააშტერდა. - ყველაფერი დაწვრილებით მოგიყევი, ყველაფერში გენდე და შენ კი რაღა იცი და აშკარად არ მეუბნები, მიმალავ! თუმცა...
- ლარა! მე!..
- მშვენივრად ვიცი, რომ გამოძიების დეტალებში უცხო არ უნდა ჩაახედო. - ლარა შეტევაზე გადავიდა. - ოჯახის წევრიც კი, მაგრამ მე? მე ხომ შენთან ერთად ვიძიებ ამ საქმეს? და ასე არ მენდობი? თანაც, პირველად მე გაგიმხილე ჩემი ეჭვები და სულაც ჩემგან მოდის ასეთი საქმეების გამოძიება.
- სრულიად გეთანხმები! ყველაფერში აბსოლუტურად მართალი ხარ!
- მაგრამ?.. - ცალყბად ჩაეღიმა ლარას.
პასუხად დეტექტივმა მძიმედ ამოიხვნეშა.
ლარამ გაბუტული სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა.
დეტექტივი საშინლად შეწუხდა. მშვენივრად იცოდა, ლარას შემორიგება, არც იმდენად ადვილი იქნებოდა, რადგან ეს გოგო, სწორედ იმას მოითხოვდა, რის თქმის უფლებაც არ ჰქონდა.
- ხომ იცი, რომ... - ენის ბორძიკით დაიწყო დეტექტივმა.
- არაფერიც არ ვიცი! - მაშინვე შეაწყვეტინა ლარამ წამოდგა და იქაურობა დატოვა.
მიტოვებულმა დეტექტივმა ქვეშიდან გამოხედა იქვე მყოფ ხალხს. ასე ეგონა, მთელი კაფე მას უყურებდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ყველა თავის წილ ყავასა თუ ნამცხვარს შეექცეოდა.
წინასწარი შეთანხმებით დეტექტივს, ლარასთვის არასდროს არ უნდა მიეკითხა სამსახურში და არც სახლთან ახლოს უნდა დახვედროდა. მათი შეხვედრები ძირითადად უფრო ხალხმრავალ უბრალო კაფეებში დგებოდა. ასე იყო, საჭირო რადგან ძვირიან რესტორნებში, უფრო მეტად შესამჩნევი იქნებოდა მათი რომანი, თუ საქმიანი ურთიერთობა. ასე კი, ჩვეულებრივ ნებისმიერ კაფეში, შემთხვევითი შეხვედრაც დიდად ეჭვსაც არ გამოიწვევდა. ახალგაზრდა კაცს, თავისუფლად შეეძლო ეთქვა, თუ როგორ მოსწონდა, მასზე ცოტათი უფროსი პედიატრი, რომელიც მსუბუქად იგერიებდა და თავსაც არიდებდა. ამიტომაც ლარა, თავის შეკვეთას, ყავასა თუ ნამცხვარს ყოველთვის თავისივე ფულით იხდიდა და კატეგორიულ უარს აცხადებდა სხვის მიპატიჟებაზე. აუცილებლად პირველი დგებოდა სუფრიდან და ამით ზედმეტ ცნობისმოყვარე თვალსაც აყრიდა ნაცარს.
კაფედან გამოსული ლარა ბრაზმორეული მოაბიჯებდა ქუჩაში თან გულში ეღიმებოდა.
„ახლა კეთილი ინებოს და ან მენდოს ბოლომდე, ან არადა, თავისთვის ცალკე იმუშაოს.“
ფიქრობდა ლარა და უკვე თანდათან ის ბრაზიც გადიოდა და მშვენიერ ხასიათზეც დგებოდა. გაზაფხულის სურნელი სასიამოვნოდ ეფინებოდა მის მომღიმარ სახეს და უნებურად თავი სრულიად ბედნიერად იგრძნო. რა უხაროდა, თავადაც არ იცოდა, მაგრამ თითქოს რაღაც უფრო მეტად გაძლიერდა და საკუთარი თავის ფასიც იგრძნო. აბა ახლა მაინც რა ჰქონდა საწუწუნო? მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, მემკვიდრეობით მიღებული, არც თუ ისე მცირე ქონების პატრონი, ცალკე ბინითა და სამსხურით უზრუნველყოფილი. მეტი რაღა უნდოდა? მართლა სულ მთელი ცხოვრება, წარსულზე ფიქრით ხომ ვერ ივლიდა? დროა უკვე მომავალზეც ეზრუნა, როგორც მისი უფროსი და-ძმა, მშობლები და ცალკე კიდევ რძალიც უჩიჩინებდა.
- რა ყურები ჩამოგიყრია? - ღიმილით შეუტია რძალმა და ყავის მომზადებას შეუდგა.
- აღარ მინდა ამდენი ყავა. - უკმაყოფილოდ მიუგო ლარამ.
- მაშინ, გემრიელი ქათმის სალათი მაქვს.
- რა თქმა უნდა, შენი გაკეთებული იქნება. აბა შენს დედამთილს, სად სცალია ამდენი, რომ სამზარეულოში იტრიალოს. - ცინიკურად აღნიშნა ლარამ.
- ნეტა გაზის ანთება თუ იცის საერთოდ. - ჩაიკისკისა რძალმა და მერე ვითომ დაბალ ხმაზე წაიჩურჩულა. - არ გაგვიგოს.
ლარას ცალყბად გაეღიმა.
- შენ მართლა რაღაც ვერ ხარ ხასიათზე. - რძალი ლარას წინ ჩამოუჯდა.
- ჰო, რაღაც მოწყენილად ვგრძნობ თავს.
- უჰ! რამ მოგაწყინა, ერთი?! - შეუტია რძალმა. - რა გაკლია?
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- შემთხვევით. - განაგრძო რძალმა. - იმ ტიპმა ხომ არ გაწყენინა? ხომ არ უნდა, რომ ავაძრო საერთოდ და დედამიწიდანაც გავაქროთ?!
- არა, არა. დამშვიდდი. - გაეცინა ლარას.
- ნუ, მაშინ არ გავაქროთ, იყოს იაროს დედამიწაზე. - სიცილითვე მიუგო რძალმა.
- ძალიან გემრიელია. - ლარამ რძლის ნახელავი შეაქო.
- კიდევ გადაიღე! აი ხედავ? ხასიათზეც მოხვედი! გშიოდა, ალბათ.
- ჰო, ალბათ. - ისევ გაეცინა ლარას.
მოულოდნელად მობილურმა გაიწკრიალა. ლარა ინტერესით დაიძაბა, რადგან მისი რძალი ტელეფონს აღელვებული ხმით პასუხობდა.
- არადა, ბავშვი მყავს სკოლიდან გამოსაყვანი და ეს ჩემი უტვინო დაქალი კი, ასეთ ხათაბალაში გაეხვა! რძალმა გაბრაზებით მოისროლა მობილური დივანზე.
- მე გამოვიყვან სკოლიდან, მაგრამ რა მოხდა? - გაკვირვებულმა ჰკითხა ლარამ.
- შენ გამოიყვან? - რძალმა ვედრებით შეავლო თვალი. - სკოლის მერე ფარიკაობაზე მყავს წასაყვანი და...
- ფარიკაობაზეც წავიყვან, მაგრამ რა ხდება?! - კვლავ ჩაეკითხა ლარა.
- გოგო! ჩემი ცანცარა დაქალი, ისევ რაღაც იდიოტურ შარში გაეხვა.
- მაგას მივხვდი, მაგრამ მაინც რა მოხდა, აღარ მეტყვი?
- მერე მოგიყვები! - რძალი თან იცვამდა და თან ლარას ელაპარაკებოდა. - გრძელი ამბავია! მერე მოგიყვები. ერთი ჯერ, იმ შტერს მივხედო!
- კარგი. - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- ჩემი მანქანა წაიყვანე! - რძალმა კედელზე დაკიდებულ გასაღებზე მიანიშნა. - ხომ იცი, რომ ბავშვს ასთმა აქვს?
- ვიცი და ტაქსით წავიყვან, მაგაზე არ ინერვიულო. - მიუგო ლარამ. - მანქანა ახლა შენ უფრო გჭირდება.
- ჰო, კარგი. იყოს ტაქსი. - დაეთანხმა რძალი. - აბა ავტობუსში ისეთი სუნია, ცუდად ხდება ბავშვი. - მერე თავისთავად ჩაილაპარაკა. - ეს ხალხი საერთოდ არ ბანაობს...
ლარას ცალყბად ჩაეღიმა და ბავშვის სპორტულ ჩანთას წამოავლო ხელი.
- უი, რა მძიმეა! - გაიკვირვა ლარამ. - ეს ბავშვს, როგორ დააქვს?
- ბავშვს, რატომ? - გაეღიმა რძალს. - მანქანას დააქვს. უი, სულ დამავიწყდა! ფარიკაობის მერე ზუსტად ერთ საათში, ინგლისური აქვს! მანამდე კი შევეცდები, რომ იმ გოგოსაც ერთი წესიერად მივხედო და დაგირეკავ! იქნებ, მოვასწრო და მოგაკითხოთ კიდეც.
- კლავთ, ბავშვს?! - ირონიულად გააქნია თავი ლარამ. - კარგი, კარგი. შენ არ ინერვიულო, ინგლისურზეც წავიყვან.
- ვაიმე, რა გოგო ხარ.. - მიესიყვარულა რძალი.
- საწყალი ბავშვი. - შეიცოდა ძმისშვილი ლარამ. - ერთი წუთი დრო არ აქვს, რომ გაერთოს.
- გართობა მერე! როცა ისწავლის! - მიუგო რძალმა. - და საერთოდ, ეგ შენს ძმას მოჰკითხე. სამივე შვილები დატვირთული კი არა გადატვირთული ჰყავს. კიდევ კარგი უფროსებს უკვე დევნა აღარ სჭირდებათ, თვითონ დადიან წრეებზე.
- უჰ. - ამოიხვნეშა ლარამ. - მეც ასე ლამის ყველა წრეზე დამარბენინებდნენ.
უკვე გვიანი საღამო იყო, ლარამ როცა მთელი დღის გადაღლილი უმცროსი ძმისშვილი, როგორც იქნა, სახლში მიიყვანა.
- ახლა მაინც არ მომიყვები რა ხდება?
- მხოლოდ შენმა ძმამ არ უნდა გაიგოს. - დაბალი ხმით მიუგო რძალმა. - თორემ ტვინს წაიღებს, რა ყველას მამიდა შენ ხარო. არადა, მართლა მეცოდება და რა ვქნა?
- სული თუ არ დამელევა მანამდე. - გაეცინა ლარას. - მიდი, აბა გისმენ, სანამ არ მოსულან, უფროსი თაობა.
- ეს გოგო ჩემი ჯგუფელია. - როგორც იქნა, დაიწყო რძალმა. -  სტუდენტობის დროს, უნივერისტეტის პირდაპირ ცხოვრობდა ქირით და ლამის ყოველდღე მასთან გადავირბენდით. ყავა და სიგარეტი, აბა მეტი რა გვინდოდა სტუდენტებს. ახლა ასე თავისუფლად რომ ეწევიან ქუჩაში, ჩემი სტუდენტობის დროს განა მასე იყო. ჩემებს რომ გაეგოთ, ალბათ მომკლავდნენ კიდეც.
- ჰმ. მერე?
- მერე ვისთანაც თავისუფლად შეიძლებოდა გაბოლება, ისე რომ არავინ უფროსი არ მოგვცემდა შენიშვნას, ხშირად იმასთან ვიკრიბებოდით. ზოგჯერ იქაური მეზობლებიც შემოგვიერთდებოდნენ ხოლმე და მიდიოდა ხან ნამცხვრის ცხობა და ხან ხინკლის ერთობლივი მოხვევა. ბოლო კურსზე ვიყავით, რომ ეს ჩემი დაქალი ერთ ბიჭს შეუყვარდა, ისიც იმავე ეზოში ქირით ცხოვრობდა და იმავე დიასახლისისგან ჰქონდა ბინა ნაქირავები. ამათ დაწყვილებას კი დიასახლისმა შეუწყო კიდევაც ხელი და უფრო დიდი ოთახიც დაუთმო და არც ქირა მოუმატა.
- ჰმ. ქირაც არ მოუმატა? - გაიკვირვა ლარამ. - ეგ ცოტა გასაკვირიც არის და მერე?
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა რძალმა. - ოღონდაც აქედან არ გადახვიდეთო, ისე შეგეჩვიეთ, სხვა მდგმურებს ვერ ავიტანო და ეს გოგოც სულ იმ ქალის ქებასა და ლოცვაში იყო. დედამისიც ჩამოვიდა სოფლიდან, პატარა ქორწილიც გადაიხადეს. დიასახლისმა თვითონ გაუშალა სუფრა თავის გრძელ ლოჯში.
- ჰოო? - კვლავ გაიკვირვა ლარამ. - როგორ სერიოზულად აქტიურობდა.
- ჰო, აბა. - კვერი დაუკრა რძალმა. - როცა დავამთავრეთ უკვე, ეს გოგო დღე-დღეზე ბავშვს ელოდებოდა. სადიპლომოც დავიცავით და დავიშალეთ კიდევაც. აღარც შევხვედრილვართ. მე სწავლა უცხოეთში გავაგრძელე, არაფერი უკვე აღარ ვიცოდი იმ გოგოზე. როცა დავბრუნდი, შენს ძმასაც გადავეყარე და წლები იყო გასული, რომ შემთხვევით ქუჩაში შევხვდი ამ გოგოს. - რძალმა ამოიხვნეშა. - ეჰ, იცი რა ლამაზი გოგო იყო? მერე როგორი ხალისიანი და მხიარული. მისი თვალებიდან სულ ბედნიერება ასხივებდა და ისე არის ახლა დაბერებული და ჩამქრალი. ვერც ვიცნობდი, თვითონ რომ არ მოსულიყო. - რძალი გაჩუმდა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა ლარა.
- ეს ამდენი ჯერ იმიტომ მოგიყევი, რომ...
- მივხვდი, რომ ეს შესავალი იყო იმისა, რაც ახლა უნდა მომიყვე.
- ჰო, აი მთავარზეც გადავალ ახლა. - მიუგო რძალმა. - მოკლედ გოგო შეეძინათ, მაგრამ სამშობიაროშივე დაღუპულა ეს ბავშვი. საშინლად განიცადა, თანაც ბევრი სისხლი დაუკარგავს, ძლივს ამშობიარეს.  ისეთი სიტუაცია ყოფილა თურმე, ან შვილი გადარჩება და ან დედაო. ბავშვის დაღუპვამ ამაზე ძლიერ იმოქმედა. ისედაც ცოტა ემოციური გოგოც იყო და ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რომ საწოლიდან ვერც დგებოდა, სულ გათიშული იყო. ამიტომაც, ბავშვი მის გარეშე დაასაფლავეს ქმარმა და დიასახლისმა.
ლარამ უხმოდ ამოიხვნეშა. საკუთარი თავი გაახსენდა, მაგრამ მაშინვე მოიკრიბა გონება და კვლავ სმენად იქვა.
- ეს გოგო თურმე, ცალკე მაგასაც დარდობდა, რომ ჩემი შვილი მკვდარი მაინც ჩამეკრა გულშიო. - განაგრძობდა რძალი მოყოლას. - მერე ის ქმარიც, თანდათან გაცივდა ამ გოგოს მიმართ და ბოლოს ისე დაშორდნენ, რომ სხვა შვილი არც აჰყოლია.
- წარმომიდგენია, რა დღეების გავლა მოუხდებოდა. - ლარამ სინანულით გააქნია თავი. - მისგან განსხვავებით, მე კი ჩემი ხელით, ბებიაჩემის გულზე დავმარხე ჩემი შვილი.
- ჰო, მახსოვს შენი ამბები. - ამოიხვნეშა რძალმა. - მაშინ ჩემი გუგა ორი წლის იყო მგონი და სულ დედაჩემს ვუტოვებდი, აბა ჩემს დედამთილ-მამამთილს არასდროს ეცალათ შვილიშვილებისთვის.
- უჰ. შვილებისთვის ხომ სულ მოცლილები იყვნენ. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ლარამ. - და გუგა, თუ თემიკო?
- არა თემუკა უკვე სკოლაში შედიოდა.
- აა, ჰოო. - კვერი დაუკრა ლარამ. - მაშინ შენ უკვე ორი გყავდა. ჰოდა, მერე? ახლა რა ხათაბალა შეემთხვა?
- დაიცა, ჯერ ის შესავალი არ დამიმთავრებია. - მიუგო რძალმა.
- მიდი, მერე. - ჩაეღიმა ლარას.
- მოკლედ, ესენი დაშორდნენ. ამ გოგოსაც დიასახლისმა დააცლევინა ბინა, ვყიდიო თუ რაღაც. ის ბიჭი საერთოდ გაქრა. იქ აღარ ცხოვრობდა და თურმე, ხელი არც ჰქონიათ მოწერილი, რადგან ხან რა მიზეზით, გადადეს და ხან რა და რაში ყოფილა სინამდვილეში იცი საქმე? თურმე ამ ბიჭს, ოფიციალური ცოლი ჰყოლია, ჯერ კიდევ მაშინ როცა ეს გოგო, ვითომ ცოლად როცა მოიყვანა.
- აუუ. კაი, რაა. - შეწუხდა ლარა.
- აბა, გოგო, აბა. - განაგრძო რძალმა. - ხალხი რა დონის აფერისტია, ეს საწყალი გოგო, ლამის უპატრონო, ასაკოვანი დედის ამარა, ასე დაჩაგრა ცხოვრებამ.
- ცხოვრებამ კი არა, იმ პირუტყვმა! - ემოციები ვერ დაფარა ლარამ. - და თუ ცოლი ჰყავდა და ამასთან ცხოვრობდა, მაშინ სახლიდან იყო გამოგდებული და მერე ისევ დაუბრუნდა?
- შენ წარმოიდგინე, სულაც არ ყოფილა გამოგდებული! - მიუგო რძალმა.
- აბა?
- ეს ბიჭი ვითომ რაიონიდან იყო და ყოველ შაბათ-კვირას, მოხუცი მშობლების სანახავად ჩადიოდა სოფელში. სინამდვილეში კი თურმე, ცოლთან მიდის!
- და ამ გოგომ არ გამოთქვა მერე სურვილი, მეც წამოვალ შენებთანო? ან იმ ბიჭის მშობლები არ გაიცნო ქორწილში მაინც.
- სურვილი კი გამოთქვა. - მიუგო რძალმა. - როგორ არა, მაგრამ ორსულად იყო, და ავტობუსით ჩაქჩაქი, მაშინდელ გაუმართავ გზებზე, აბა როგორი იყო?
- ჰმ, მშვენიერი მიზეზია. - თავი გააქნია ლარამ.
- ამათ ვითომ ქორწილში, ამ ბიჭის მშობლები არც მახსოვს, რაღაც მიზეზის გამო არ იყვნენ და რაღაცნაირად მართლა ისე სწრაფად მოხდა ამათი დაწყვილებაც. ეს ბიჭი ახალი გადმოსულიყო იმ ეზოში და ერთ თვეში კი უკვე ეს გოგო მოიყვანა ცოლად.
- ჰმ, ორცოლიანობა მოუნდა ბიჭს.
- აბა. - კვერი დაუკრა რძალმა. - მერე კი ვითომ სამუშაოდ რაიონში გაანაწილეს და ახლა პირიქით, მხოლოდ შაბათ-კვირას იყო ამ გოგოსთან. მერე ამ ბავშვის ამბავიც ასე მოუვიდათ და თანდათან დაშორდნენ ერთმანეთს. ვეღარც სოფელში ჩერდებოდა და ვეღარც აქეთ უდებდა სამუშაოს გულს, იმ ეზოსკენ გახედვაც აღარ უნდოდა. ამასობაში წლებიც გავიდა და ასე ჩამობერდა და ჩამოჭკნა, ეს ლამაზი გოგო. - რძალი ისევ გაჩუმდა.
- და სულ ეს იყო? - უსიამოვნოდ იკითხა ლარამ.
- არა, გოგო! მთავარი ახლა უნდა მოგიყვე!
- მიდი, ბარემ. - გაეცინა ლარას. - თორემ დამეძინა უკვე, სანამ სახლში მივალ და...
- დარჩი აქ. - შესთავაზა რძალმა. - შენს მშობლიურ სახლში, შენი ოთახი ისევ ისე, ხელუხლებელია.
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - მივეჩვიე მარტო ცხოვრებას და მერე? ახლა მართლა დამელია სული.
- ჰოდა რა მომიყვა. - განაგრძო რძალმა. - ერთ დღესაც, წლების მერე ავტობუსის გაჩერებაზე ვიჯექიო და გვერდით სკოლიდან მომავალი გოგონა მომიჯდაო. როცა შევხედე, სულ ჩემი პატარაობა იყოო. ისე დავუწყე დაკვირვება, ბავშვს ეგონა მისი ახალი ტელეფონი მომეწონა, მამიკომ დაბადების დღეზე მიყიდაო. გული შემეკუმშა, ჩემს გოგოსაც ახლახან ექნებოდა დაბადების დღე. გოგონამ თავისი გადაღებული ფოტოებიც დამათვალიერებინა. გაოცებული დავრჩი, ლამის ყველა მისი ფოტოდან, მართლა ჩემი პატარაობა მიყურებდაო. მერე უკითხავს ბავშვისთვის, ასეთი ლამაზი გოგო დედიკოს გავხარ, თუ მამიკოსო. დედიკოს საერთოდ არ ვგავარ, უფრო მამიკოსო, მაგრამ მამა ამბობს, რომ ძალიან ვგავარ დიდ ბებოსო, სამწუხაროდ მისი ფოტოც არ გვაქვსო. ასაკიც ვკითხე და ამ დროს მისი ავტობუსიც მოვიდა, როცა ადიოდა თავისი დაბადების დღეც მითხრა. ზუსტად ის თარიღია, ჩემი გოგო რომ დაიბადა და თანაც საშინლად მგავდაო. იმის მერე, ხშირად იჯდა იმ გაჩერებაზე, იქვე მახლობელი სკოლის ეზოშიც ბევრჯერ იყო, მაგრამ იმ ბავშვს, მაინც ვერ პოულობდა. ღამეები არ ეძინა ისეთ დღეში იყო. მერე ადგა და იმ თავის ძველ ეზოში მივიდა, სადაც ბინას ქირაობდა და საიდანაც „გაბედნიერდა“ და აღმოჩნდა, რომ ვისგანაც ბინა ჰქონდა ნაქირავები, ის ქალი ამ მისი დროებითი ქმრის მამიდა ყოფილა და სულაც არ იხდიდა ის ნაბიჭვარი ბიჭი ქირას.
- და ცოლი თუ ყავდა და ბინის პრობლემა არ ჰქონდა, ან ამ გოგოსგან რაღა უნდოდა? ან რა მაიმუნობა იყო, ვითომ ჩამოსული მდგმურის როლის თამაში?
- ეს გოგო ფიქრობს, რომ შვილი წაართვეს და ის ბავშვი ამისია.
- რაა?! - გაოცებისგან ლამის შეჰყვირა ლარამ.
- როგორც გაარკვია. - განაგრძო რძალმა. - იმ კაცს, ოფიციალურ ცოლთან, მხოლოდ ეს ერთი გოგო ჰყავთ და არც დაბადების თვე და რიცხვი შეუცვლიათ.
- და იქნებ, იმ ცოლმაც იმავე დღეს გააჩინა?
- და შენ გჯერა მერე ასეთი დამთხვევების? - ირონიულად აღნიშნა რძალმა.
- ზუსტადაც, რომ არ მჯერა. - ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა ლარამ.
- ამის მერე ცალკე იმ ბავშვსაც აურია ტვინი, სკოლასთან ხვდებოდა დედაშენი ვარო, მშობლებსაც მიუვარდა სახლში და ემუქრებოდა შვილი მომპარეთო და ეს ყველაფერი ბოლოს მაინც პატრულის გამოძახებით მთავრდება.
- მერე დღეს შუა საუკუნეები ხომ არ არის? დნმ-ს ანალიზით თავისუფლად შეუძლია დაამტკიცოს რომ მისი შვილია.
- მაგას უკანონო გზით თუ მოიპოვებს, თორემ შეიტანა კიდევაც საჩივარი, მაგრამ ყველა კანონი და საბუთიც კი მათ მხარეს არის.
- ბავშვის გარდაცვალების მოწმობა თუ აქვს, ამის მიხედვით მგონი კიდევ შეიძლება დაამტკიცოს ამ საბუთის უტყუარობა, მერე შეიძლება ექსგუმაციაც დაანიშნინოს.
- აბა, რომელი გარდაცვალების მოწმობა? - თავი გააქნია რძალმა. - ამან შვილი, რომ გააჩინა, ის საბუთიც კი არა აქვს, თითქოს საერთოდ არც უმშობიარია.
- მდაა. - თავი გააქნია ლარამ და მერე დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა. - საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა.
- რა თქვი? - ჩაეკითხა რძალი.
- მაგას სერიოზული ადვოკატი სჭირდება, თუ აქვს ამის საშუალება.
- აბა, საიდან? - სინანულით აიჩეჩა მხრები რძალმა. - რამდენჯერ საპატრულომ აიყვანა, იქ რომ მიუვარდა სახლში და კარები ჩამოუღო, რაღაცეები დალეწა კიდევაც, ის ჯარიმებიც მე გადავუხადე. ყველა გზა მოჭრილი აქვს. ისინი კარგად ცხოვრობენ, ბავშვი კერძო სკოლაშია, წრეებზეც დაჰყავთ. ამან კი, სად უნდა წაიყვანოს? სოფლის გაპარტახებულ სახლში? ან რის მიცემა შეუძლია, გარდა დედობრივი სიყვარულისა. იმ ბავშვს კი არც მშობლების სიყვარული აკლია არც მოვლა-მზრუნველობა.
-  წინასწარ ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ მაინც ჩამოვუგდებ სიტყვას, ჩემს ნაცნობ დეტექტივს. - მიუგო ლარამ. - ფაქტიურად შანსი არა აქვს, ყველა საბუთი თუ მის წინააღმდეგ არის.
- აუ, მიდი რა სთხოვე, იქნებ დავეხმაროთ, რაა. - შეევედრა რძალი.
- ვეტყვი აუცილებლად. - დააიმედა ლარამ. - და ის დიასახლისი რას ამბობს?
- კატეგორიულ უარზეა! მიგონებენ და მაბრალებენო.
- ჰო, რა თქმა უნდა, რატომღაც რომ სიმართლე თქვას, კრიმინალშია ყელამდე ჩაფლული და ახლა მაგას აღიარებს?
- რა თქმა უნდა, არა. - ამოიხვნეშა რძალმა. - აუ, იცი რა მინდა გთხოვო. ამ გოგომ იქ იმშობიარა, სადაც შენ ახლა მუშაობ და იქნებ რამე საბუთი მაინც იყოს არქივში შემორჩენილი, რომ ამ საცოდავს რაღაცით დავეხმაროთ.
ლარას უკვე აღარაფერი ესმოდა, როცა გაიგო, რომ ეს ყველაფერი სწორედ იქ მოხდა, ზუსტად მაკა ექიმის მუშაობის პერიოდს ემთხვეოდა.
რძალი ისევ თავის ამპლუაში განაგრძობდა ქაქანს. ლარა კი თავს უქნევდა, მაგრამ ფიქრებით უკვე სულ სხვაგან იყო.
LEX. 2024 წლის 3 მარტი, კვირა. 

No comments:

Post a Comment