Monday, May 10, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 1)

 
1.
(ეძღვნება ჯგუფ „ვეძებ“-ს) 
- დამიჯერე ძვირფასო. - მაგიდაზე ათამაშებულ თითებზე წამოცმულ ბრილიანტის თვლიანი ბეჭდების ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა პირდაღებულ გოგოს. - ქალს ყოველთვის უხდება მოხდენილი სამოსი, ლამაზი ვარცხნილობა, მორგებული, კოხტა ფეხსაცმელები და ასეთი გოგო გვერდით რომ ჩაგივლის, აუცილებლად სასიამოვნო პარფიუმის სურნელით უნდა გააბრუოს არეალი. 
გოგონა გაშეშებული იდგა და თვალებდაჭყეტილი შეჰყურებდა საკმაოდ ღრმად პატივცემულ და დაფასებულ, სამშობიარო სახლის მთავარ ექიმს. 
- რას დაყუდებულხარ? - შეუტია ექიმმა და მერე დამცინავად გააქნია თავი. - წადი ახლა წადი. შენს სამუშაოს დაუბრუნდი. რადგან შენი მოწოდება, მთელი ცხოვრება სანიტრად ყოფნა ყოფილა, მე აბა, როგორ დაგიშალო? 
გოგონა კვლავ ადგილიდან არ იძვროდა. ექიმს მისკენ არც გაუხედავს. მშვიდად წამოდგა. ნაზი მოძრაობით მოიხსნა ძვირფასეულობა თითებიდან, ხელები გადაიბანა და მერე სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე მოირგო. მშვენივრად ხვდებოდა, რომ სწორს გზას ადგა. სწორედ ასე შეიძლებოდა ამ ახალბედა სანიტრის აყოლიება და თავის ერთგულ გუნდში შემოყვანა.
„ამასაც კაი მახინჯი თითები ჰქონია. ჰმ, ბრილიანტებში კი ისე ლამაზად ჩანს, არც შეიმჩნევა.“ 
გოგონამ თავის ხელებს შეავლო თვალი. არც მას ჰქონდა ლამაზი და თლილი თითები. ყოველთვის წუხდა თავის გარეგნობაზე და არც არავინ იყო მისი მრჩეველი. სხეულის არც ერთი ნაწილი არ ჰქონდა ლამაზი და მოხდენილი და ლეგენდაზე - მახინჯი იხვის ჭუკის გედად ქცევაზე, ხელიც კი ჰქონდა ჩაქნეული და ამის გამო, ბოღმაზე უფრო მეტი ბოღმა ემატებოდა. არც მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი გამოირჩეოდა შარმითა და მოხდენილობით და ამასთანავე, არც ეკონომიურად და განათლებით ბრწყინავდნენ. ჩვეულებრივ, საშუალოზე ნაკლებად მაცხოვრებელ, მშრომელ და უპრეტენზიო მშობლებს, მიუხედავად ასეთი მძიმე ეკონომიური მდგომარეობისა, რატომღაც ბევრი შვილის ყოლის სურვილი გასჩენოდა და უკან არც დაუხევიათ. სადღაც, ქალაქის ბოლოში, რომელსაც უკვე გარეუბანიც კი აღარ ერქვა, პატარა და ვიწრო ბინის ნახევრად სარდაფში გადიოდა გოგონას ცხოვრება, ყოველგვარი სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების გარეშე. უფროსი და-ძმები სხვადასხვა სამუშაოებით ირჩენდნენ თავს, უმცროსები ჯერ კიდევ სკოლაში, ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმლითა და წიგნებით დადიოდნენ. 
გოგონამ სკოლაც ძლივს დაამთავრა. კლასში რამდენჯერმე ჩატოვებას, თვითონ სკოლამ ისევ მისი დამთავრება არჩია, ამიტომაც პედაგოგებმაც აღარ დაიშურეს დამაკმაყოფილებელი ნიშნები და საბოლოოდ, ასე მოიშორეს სკოლიდან. სწავლისთვის საერთოდ არ ეცალა და არც დიდად მისი წყურვილი ჰკლავდა. სახლისთვისაც მას უნდა მიეხედა და უმცროსი და-ძმებისთვისაც. ხშირად ჰქონდა პრეტენზია მშობლებთან, მაშინ რას გაგვაჩინე და დაგვყარე ამდენი, თუ რჩენა არ შეგეძლოთო. შვილის ასეთ საყვედურზე, მშობლები სიყვარულით და ალერსით პასუხობდნენ: 
- „აბა, თქვენზე უფრო ტკბილი და თბილი არსებობს დედამიწაზე რამეო? 
- თქვენ რომ მოგეალერსებით ყველანაირი გაჭირვება და წუხილი სულ უკან გვრჩებაო.“ 
სკოლის დამთავრებისთანავე სამუშაოს ძებნაში, ლამის მთელი წელი გაატარა. პრესტიჟულ ადგილებში დამლაგებლადაც არავის აჰყავდა, დანარჩენი კი ყველა დროებითი და ხშირად ძალიან მცირე ანაზღაურებადი იყო. ნახევრად მშიერს, სამსახურიდან სახლში წასასვლელი ფულიც კი ძლივს ჰყოფნიდა. 
ყოველთვის ბოღმით შეჰყურებდა გამოპრანჭულ მეზობლის ბავშვებს და ყველაფერი შურდა მათი. ისიც კი შეშურდა, როცა გაიგო, რომ მის უბანსა თუ სანაცნობოში რამდენიმე ბავშვი ნაშვილები იყო და სულ იმას ნატრულობდა, ნეტა ჩემს მშობლებს მივეტოვებინე და ვინმე უფრო მდიდარს ვეშვილებინე, სამაგიეროდ ახლა მდიდრული და დალხენილი ცხოვრება მექნებოდა და ზემოდანაც არავინ გადმომხედავდაო. 
ერთი ნაშვილები მეზობლის ბავშვი კი პირიქით, მის ბედს შენატროდა, რა კარგია ბევრი და-ძმაო. მე სულ მარტო ვარ, მშობლებიც ასაკში არიან და მეტ შვილს ვეღარ გააჩენენ. მართალია, არაფერს მაკლებენ, მაგრამ დის ან ძმის გარეშე, თავს მაინც მარტოსულად ვგრძნობო. ამაზე გულ ბოღმიანმა გოგონამ ვეღარ მოითმინა და მაშინვე პირდაპირ მიახალა: 
- აყვანილი ხარ და მაგიტომაც! დედაშენმა ამ მდიდარ ხალს მიჰყიდა შენი თავი! საკუთარმა დედამ ფულზე გაგცვალა! - მერე წამოხტა და სახლში შევარდა. გული მოიფხანა და ბედნიერი იყო. მდიდარ მეზობელს შხამი ჩააწვეთა, რაღაც თითქოს სულიერი სიძლიერეც შეემატა და ახლა თავს, უფრო ამაყად გრძნობდა. 
ბოლო სამსახურიდანაც ადვილად გამოაგდეს. მყიდველს თანხაც დააკლო და ერთით მეტი ბურგერი თავისთვისაც შეუკვეთა კლიენტის ხარჯზე. ბავშვი გაუბრაზდა დედას ვეტყვიო. გოგონამ კი რადგან შეამჩნია ბავშვი მარტო იყო შემოსული, იქეთ დაემუქრა:
- მე თვითონ დაგინახე, სხვისი კუთვნილი ბურგერი როგორ მოიპარე და რა სწრაფად შეჭამე!
ბავშვი მაშინვე გავარდა გარეთ და ატირებულმა დედა შემოიყვანა. გოგონა მორიგი დარტყმისთვის მოემზადა, მაგრამ ბავშვის დედამ სრული სიმშვიდით მოუსმინა, თუ როგორ დატუქსეს გოგონა და როგორ დაატოვებინეს სამსახური და ზედმეტი საყვედურის მაგივრად, პირიქით, დაიცვა კიდეც. 
- აქ ალბათ, რაღაც გაუგებრობაა. - მხრები აიჩეჩა ქალმა. - ალბათ, ჩემმა შვილმა სწორად ვერ დათვალა ხურდა.
ქალის ამ სიტყვებს, შვილის მტრული მზერაც მოჰყვა, თუმცა გოგონას მაინც არაფერი ეშველა და მაინც მოუხდა სამსახურის დატოვება.  
გარეთ თავსხმა წვიმა იყო. გოგონას მშიერი კუჭი უბუყბუყებდა და თითქოს, რიტმსაც აყოლებდა წვიმისგან გაჩენილ გუბეებში, ძირგახვრეტილი ფეხსაცმლის ჭყაპუნს. სამუშაოდან დათხოვნაზე მეტად, ახლა იმას უფრო დარდობდა, რომ იმ ბურგერის ჭამა მაინც მომესწროო. 
უეცრად მანქანამ, მის ახლოს ძლიერად დაამუხრუჭა და ისედაც ძველ, წვიმისგან დასველებულ და გაქუცულ კაბაზე, ერთი კარგად შემოასხა ტალახი. 
- დაჯექი. - უთხრა ქალმა. 
გოგონა უხმოდ დაემორჩილა, თუმცა მანქანის კარის გაღებისთანავე ასე ტალახში ამოსვრილს სუფთა სალონში ჩაჯდომა ცოტა ეუხერხულა კიდეც, მაგრამ უკან აღარ დაიხია და თამამად ჩადგა თავისი ლაფიანი ფეხი სუფთა, დაფენილ ხალიჩაზე. მძღოლის ადგილას, გოგონამ ის ქალი შეიცნო, ვის გულისთვისაც სამსახურიდან ამოჰკრეს პანღური. მის გვერდით კი, ის გაბუტული ბიჭი იჯდა და დედას საყვედურის თვალით უმზერდა. 
- სად ცხოვრობ? მიგიყვან. - შესთავაზა ქალმა. - ნაწილობრივ, მაინც ჩვენი ბრალია შენი სამსახურიდან დათხოვნა. ასე არ არის, კუსუ? - ქალმა ბავშვს გადახედა, ბიჭმა მტრული მზერა შეაგება. 
„საერთოდაც არ გვანან ერთმანეთს.“ 
გაივლო გულში გოგონამ. 
„ალბათ მამას ჰგავს, მასავით ბოღმა იქნება. სამაგიეროდ, კეთილი დედიკო ჰყოლია.“ 
- ჰა?! სად ცხოვრობ-მეთქი, მიგიყვან ბარემ. აბა მართლა ასეთ წვიმაში, როგორ უნდა იარო? - კვლავ გაუმეორა ქალმა. 
გოგონამ თავისი უბანი დაუსახელა, რასაც ბიჭის პროტესტი მოჰყვა, ასე შორს არის, ვარჯიშზე დამაგვიანდებაო. 
- ჰო, შორია და ალბათ, ტაქსის ფულიც არ გაქვს? - ჩაეკითხა ქალი. 
- არა, რა ტაქსი. - გოგონას ცალყბად ჩაეღიმა. - სადმე გაჩერებაზე ჩამომსვით. მივალ ჩემით, როგორმე.
- დამშვიდდი გოგონი, მიგიყვან. - გაუღიმა ქალმა. - ჰმ, როგორმე. 
პასუხად გოგონამ, მხრები აიჩეჩა. ბიჭმა გოგონას, თვალი ალმაცერად შეავლო და დამცინავად აუთამაშდა ზედა ტუჩი. 
ქალმა მანქანა, ვერის პარკის უკანა შესასვლელთან გააჩერა და ბიჭს უთხრა, ჩადიო. 
- ჯერ ადრეა, დეე! - შუბლი შეიჭმუხნა ბავშვმა.
- ათი წუთით ადრე მოვედით და მერე, რაა? 
- რა ათი? - შეეპასუხა ბიჭი. - ნახევარი საათით ადრეა! 
- და მერე, რა? - არ შეეპუა დედა. - სანამ შენი გუნდელები მოვლენ, მანამდე ბურთი ათამაშე. ხელს არავინ შეგიშლის და ეცადე, უფრო ბევრჯერ ჩააგდო კალათში. 
- ოოო, ჯერ სხვა გუნდია და... 
- მაშინ, ჯერ იმ გუნდთან ერთად წაითამაშე და მერე, შენებსაც შეუერთდი, მაინც ერთი ტრენერი გყავთ.
ბიჭი ბუზღუნით გადავიდა მანქანიდან და კარი ძლიერად მიუჯახუნა. ქალს ჩაეცინა, გოგონასკენ მობრუნდა და კარგად შეათვალიერა. 
- სწავლობ სადმე? 
- არა. 
- და სამსახურიც დაკარგე. - ქალმა თავი გააქნია. - თან, ჩვენი გულისთვის. 
- უფრო ჩემი თავის გულისთვის და არც ვდარდობ. 
- რატომ? განა სამსახურები, ასე ყრია? 
- მასეთი სამსახური, სადაც ხურდასაც კი გითვლიან, მართლაც რომ ყველგან ყრია. 
- ნუ ეგ, ჰო. გზის ფულადაც არ გყოფნიდა ალბათ.
- ორ დღეში რომ ისევ მივაკითხო, უკანვე დამაბრუნებს. - მიუგო გოგონამ. 
- მართლა? აბა რა აზრი ჰქონდა მაშინ შენს გაშვებას? 
- კლიენტი ყოველთვის მართალია! - გოგონას ჩაეცინა.
- ესე იგი, ეს სცენაც ჩვენთვის გაითამაშეთ? 
- დაახლოებით. 
- ანუ? - ჩაეკითხა ქალი. 
- თითქმის, დღის ბოლოა უკვე და მთელი დღის ნამუშევარი არც კი გადამიხადეს. აი, სპექტაკლი კი მხოლოდ თქვენთვის იყო, დასჯით კი ასე დამსაჯეს. 
- გასაგებია. - თავი დაუქნია ქალმა. - და ახლა უმუშევარი ხარ. 
- დროებით კი. 
- და მშიერიც, თუმცა ეგეც დროებითია. 
- ჰო, თუ სახლში დამიტოვეს რამე და სულ არ გადაჭამეს.
- ჰა, ჰა! - ქალს ხმამაღლა გაეცინა. ოდნავ ჩამოშლილი თმა ყურის უკან გადაიწია და დიდი, ბრილიანტის თვლიანი საყურე გამოაჩინა. 
გოგონამ თვალი ვეღარ მოსწყვიტა აბრიალებულ ბრილიანტს. ასეთი საოცარი სამკაული, წიგნშიც კი არ ენახა.
- მესმის შენი. - განაგრძო ქალმა. - ამიტომაც ზედმეტად ხმაც აღარ ამოვიღე, იმ შენს მენეჯერთან. ისედაც საკმარისად გტუქსავდა და მხოლოდ ის ვთქვი, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. უნებლიე შეცდომა მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, არ დამიჯერა და მაინც გამოგაბუნძულა. 
- ეგ არაფერი. - იხტიბარი არ გაიტეხა გოგონამ. 
- როგორ არაფერი? - გაიკვირვა ქალმა. - დღეს საერთოდ, ჭამე რამე? 
- თუ მაღირსებთ გაჩერებამდე მიყვანას, როგორმე სახლამდეც მივაღწევ. 
ქალს კვლავ გაეცინა. 
- წავიდეთ ჩემთან. - შესთავაზა ქალმა. - აქვე ვცხოვრობ, ვერაზე. 
გოგონამ ორჭოფული სახით აიჩეჩა მხრები. 
მანქანა დაიძრა და მალევე, ერთ დიდ და ლამაზ სახლთან გაჩერდა. 
- მოვედით. - ქალმა სათვალე მოიხსნა და ხელჩანთაში, მობილურთან ერთად ჩადო. 
გოგონა უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან. წვიმამ შედარებით იკლო, მაგრამ ცივმა მონაბერმა ქარმა, ისედაც სველ ტანსაცმელში, ძვალსა და რბილში გაჰკრა და გოგონას, უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. 
მდიდრულად მორთულ სახლში, თავი მუზეუმში ეგონა. აქ ყველაფერი საუცხოო იყო, კედლებიც, ჭერიც, ავეჯიც და უამრავი სხვა ლამაზი ნივთი. 
- ცხელი ჯაკუზი მოგიმზადე. - ქალის ხმაზე, გოგონა შემობრუნდა. - შენი სამოსიც სულ სველია. 
- კარგი დავლევ ცხელ ჯაკ... 
გოგონას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ქალს გულიანად გაეცინა. 
- ცხელ ჩაისაც დაგალევინებ. - ძლივს მოითქვა სული მასპინძელმა. - მანამდე კი ეგ სველი ტანსაცმელი გავაშროთ და ცხელი აბაზანა მიიღე. 
საოცრად ესიამოვნა, სურნელოვან ქაფში ნებივრობა. თავბრუ ეხვეოდა. არ სჯეროდა ასეთი სინამდვილის და გაბრუებულს, თავი სიზმარში ეგონა. მერე დიასახლისის თბილი, ფაფუკი ხალათი მოირგო და ოთახის ფუმფულა ჩუსტებშიც ჩარგო ფეხი. ასე შეფუთულმა, გემრიელი მურაბიანი ჩაით ჩაიგემრიელა პირი. ზედ კი ცხელ-ცხელი პიცა და დესერტიც მიაყოლა და ბოლოს ყელამდე გამაძღარმა, ისიც კი ჰკითხა, ამდენი პატივი რატომ დავიმსახურეო. 
- პატივი? - ქალი ჩაფიქრდა. სიგარეტი ბოლომდე მოქაჩა, კვამლი ღრმად ამოუშვა, საფერფლეში ჩასრისა და გვერდით მისწია. - უბრალოდ, პროფესია მაქვს ასეთი. ხალხს ვეხმარები. 
- გაჭირვებულებს? მერე და მასეთი რამდენია? უამრავი! 
- მერე გააჩნია, რა უჭირთ, ჩემო კარგო. - გაუღიმა ქალმა. - მე მხოლოდ, ქალებს ვეხმარები... 
- და კაცებმა, რა დაგიშავეს? - არ აცალა სიტყვის დასრულება გოგონამ. 
- არც არაფერი და თუ დამაცდი, აგიხსნი. - სიცილით მიუგო ქალმა.
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. 
- მე ვეხმარები, იმ ახალგაზრდა გოგონებსა და ასევე ზრდასრულ ქალებს, ვისაც სურთ ჯანმრთელი და ლამაზი შვილები ჰყავდეთ. 
- ეგ როგორ? 
- როგორ და ხელს ვუწყობ, რომ ჯანმრთელი შვილები მოავლინონ ამ ქვეყნად და თავადაც, კარგად იგრძნონ თავი. 
- აა! გინეკოლოგი ხარ? 
- დიახ, ჩემო კარგო, დიახ. - გაუღიმა ქალმა. - ვისაც უნდა რომ შვილი ჰყავდეს, ცოტაც მოითმენს და აუცილებლად ეყოლება. 
- მერე ყველას ხომ ვერ ეყოლება? - ეჭვიანი სახით ჩაეკითხა გოგონა. - ჩემს მეზობლად, ორი ნაშვილებია.
- მერე? ხომ უნდოდათ შვილი და აიყვანეს. რა არის ამაში ცუდი? ეჰ, რომ იცოდე, რამდენი გოგო ტოვებს სამშობიაროშივე ბავშვს. 
- მართლა? 
- აბა? როგორ ფიქრობ, ის შენი მეზობლები რომ იშვილეს, აბა საიდან მოიყვანეს? 
- მგონი, ბავშვთა სახლიდან. 
- მაგას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ მშობიარე არასასურველ ბავშვს აჩენს, უკვე წინასწარ ავსებს საბუთს, რომ დატოვება სურს. მერე იმ კვირაშივე თუ არ გაშვილდა, გადავაგზავნით ბავშვთა სახლში და ეგ არის! 
- და რაღაზე აგზავნით მაშინ, თუ კი მაინც უნდა გაშვილდეს? 
- ეს ჩვეული პროცედურაა. სადღაც უფრო ბიუროკრატიული, მაგრამ იქნებ ბავშვი წლამდე არ იშვილეს და აბა ამდენი ხანი სამშობიაროში ხომ არ გვეყოლება? 
- ეგ, ხოო. - კვერი დაუკრა გოგონამ. 
ქალმა საათს დახედა და წარბები ასწია. 
- მალე კუსუ ვარჯიშიდან გამოვა, უნდა მივაკითხო. 
- თვითონ ვერ მოვა? არც იმდენად შორს არის. - ჩანდა გოგონას ისე მოეწონა ექიმი ქალის სახლი, რომ იქაურობის დატოვებას ჯერ არც ჩქარობდა. 
- როგორ ვერ მოვა? - მხრები აიჩეჩა ქალმა. - მაგრამ როცა მცალია, უნდა მივაკითხო კიდევაც. პედაგოგებიც, ტრენერებიც ხშირადაც უნდა მოვიკითხო, რომ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ მის მოსწავლეს. ასეა საჭირო. აბა, უპატრონო ხომ არ უნდა ეგონოთ? 
- უპატრონობის რა ეტყობა. - ცალყბად გაეღიმა გოგონას და ზანტად წამოდგა. - წვიმამ გადაიღო უკვე, ტანსაცმელიც გაშრებოდა და გავუყვები ჩემს გზას. 
- მოიცა. - ქალი წამოდგა და გოგონას წინ გაჩერდა. - დაახლოებით ჩემი ტანის ხარ. აბა აქ დამელოდე. - ქალი ოთახში შევიდა და მალევე უკან ჯინსის შარვლით ხელში დაბრუნდა. - აბა ეს გაისინჯე. 
- ეს... ეს... სულ მთლად ახალია. - დაიბნა გოგონა. 
- არ არის ახალი, იმდენჯერ მაქვს განარეცხი. - ქალმა შარვალი მიაჩეჩა და კვლავ იმავე ოთახში გაუჩინარდა. 
გოგონამ შარვალი ამოიცვა. ოდნავ მოკლე ჰქონდა კოჭებამდე ძლივს აღწევდა, ცოტაც წელში სრულიც იყო, თუმცა შეიძლებოდა გადაკეთება. 
- აჰა, ეს ზედაც მიაყოლე. ქურთუკიც და წინდებიც აქ არის და ახალი თეთრეულიც გამოგიტანე და ფეხი, რა ზომა გაქვს? 
- ოცდა ოცდა... ჩვიდმეტი... - ძლივს წაილუღლუღა გოგონამ. 
- მე ოცდათვრამეტი, მაგრამ არა უშავს, რამეს გამოვძებნი. 
თავიდან ბოლომდე, ექიმის ტანისამოსში გამოწყობილი გოგონა, საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა სარკეში. ბოტასები ცოტა დიდიც ჰქონდა, მაგრამ თასმები მჭიდროდ შემოიკრა და საერთოდაც არ ჩანდა შესამჩნევი. 
- ჰმ, მშვენიერია. - ექიმი კმაყოფილი სახით ათვალიერებდა გოგონას. - ახლა ეგ თავი გაქვს მოსაწესრიგებელი და მერე ცოტა უკეთეს სამსახურსაც გამოკრავ ხელს. 
- ამაზე მეტად, რაღა უნდა მოვწესრიგდე? - გაიკვირვა გოგონამ. - ასეთი საუცხოო ტანსაცმელი, არასოდეს მცმია თან რა სასიამოვნო სუნამოს სუნი აქვს. 
- თმები! ადამიანო თმები! - გაეღიმა ქალს. - ახლა უბრალოდ ისე შეიკარი, რომ ძაან გაწეწილსაც არ ჰგავდე. 
გოგონამ მხრებთან ჩამოყრილი თმები აიწია. ქალმა კმაყოფილი სახით დაუქნია თავი და კვლავ იმავე ოთახში გაუჩინარდა, საიდანაც ამდენი ძღვენით დაასაჩუქრა, სრულიად უცნობი გოგონა. 
- აი, ესეც შენ. - ქალმა სუნამოს ნახევრად დაცლილი ფლაკონი გაუწოდა. 
- არა. არა. - გოგონამ უკან დაიხია. - ასეთ ძვირფას სუნამოს როგორ გამოგართმევთ? 
- უკვე მომბეზრდა, რახანია აღარც ვხმარობ და კვლავ ტყუილად იდება სარკესთან სანამ ისევ ოდესმე არ მომენატრება, შენ კი გამოგადგება და აიღე ახლა! 
- და რატომ ამდენი სიკეთე? - გოგონა თვალებს არ უჯერებდა. - რით დავიმსახურე? 
- არც არაფრით. - მიუგო ქალმა. - ხომ გითხარი, არა? ყველას ვეხმარები, ქალებს, გოგონებს. აი, ეს ჩანთაც შენ გქონდეს, ამჯერად შენი ძველმანები ჩადე და მერე სადმე გადაყარე, ან გზად იქნებ ვინმე შენზე უფრო უპოვარი შეგხვდეს. იმედია, არ დაგენანება. 
- აღარ ვიცი, როგორ და რანაირად?.. მარტო სიტყვა, მადლობა, საკმარისი სულაც არ არის! შემიძლია, სახლი კარგად დავასუფთავო! სარეცხიც დავრეცხო! დავაუთოვო! სადილსაც მოვამზადებ! 
- და სულ ეს იქნება, შენი მადლობა? - ქალს ჩაეცინა. - მოსამსახურე, არ მჭირდება და როცა გენერალური დასუფთავება მინდა, მაგისთვის უკვე მყავს ერთი ქალი და შენი გულისთვის, ხომ არ გავაგდებ? 
- და აბა, რა ვქნა? როგორ გადავიხადო, ამდენი სიკეთე? 
- ჩემთან, სამშობიაროში დაგასაქმებდი. ერთგული ხალხი, რაც შეიძლება მეტი უნდა გყავდეს ახლო-მახლო, მაგრამ აბა, რა შეგიძლია? არც არანაირი განათლება არ გაქვს. ერთადერთი, სანიტრობა შემიძლია შემოგთავაზო, მაგრამ შენ თუ არ... 
- თანახმა ვარ! - თვალები გაუბრწყინდა გოგონას. - ნებისმიერ სამუშაოზე, თანახმა ვარ, თუ კი თქვენი მფარველობის ქვეშ ვიქნები. 
- ნუ მფარველობა, ეგ კი. - გაიბადრა ქალი. - ცუდს ვერავინ გაგიბედავს და მაშინ, შევთანხმდით? 
- რა თქმა უნდა! 
- კარგი, ახლა კუსუ გამოვიყვანოთ და მერე მიგიყვან სახლამდე, დილით კი მოდი აქ ადრე და ერთად მივიდეთ ჩემს კლინიკაში. 
- არ შეიძლება, ახლა რომ მიმიყვანოთ? ბარემ, დღესვე დავიწყებდი მუშაობას! 
- შენ სანიტრობა, მარტო პალატების დასუფთავება კი ნუ გგონია? 
- ვიცი, რაც არის! - უკან არ იხევდა გოგონა. - მირჩევნია, ახლავე დავიწყო! თუ ღამის მორიგედაც დავრჩები, ასე უფრო უკეთესია ჩემთვის. სახლში მისვლა, ჭირივით მეზარება. - ჩაიბურტყუნა გოგონამ.
- კარგი, რადგან არ იშლი, წავიდეთ. - მხრები აიჩეჩა ქალმა. - შენი საჩუქრები აიღე და ეს მორჩენილი პიცაც შეახვიე, მოგშივდება იქ. ტკბილეულობაც ჩაიყარე, პირს გაისველებ. 
გოგონა ჯერ კიდევ თვალებს არ უჯერებდა, ნუთუ მართლა მის თავს ხდებოდა ეს ყველაფერი. 
- ჰო, ისე მართლა. - ღიმილით გამოხედა ქალმა. - სახელი რა გქვია? 
- დუდუხანა. - გოგონამ მორცხვად დახარა თავი. 
- ღმერთო ჩემო. - აღმოხდა ქალს. - ნამდვილი სახელია? 
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი. 
- არა, ასე არ ივარგებს. უნდა შეცვალოთ. - ქალი ჩაფიქრდა. - დღეიდან შენ იქნები დინა, ანუ დინარა! ისე თუ გინდა, დიანა. 
- იყოს დინა. - თავი დაუქნია გოგონამ. - დინარა... დიანა. 
- მოკლედ, ამოირჩიე და იცოდე. - ქალმა ღიმილით დაუქნია თითი. - არ უნდა დაგავიწყდეს და ცნობისათვის. - ქალი შეყოვნდა. - მე, მაკა მქვია.
მთელი გზა გოგონა ხმას არ იღებდა, თუმცა არც იმდენად შორი მანძილი ჰქონდათ გასავლელი. მანქანამ ქუჩაზე ჩაუხვია და ერთ გრძელ და დიდ შენობასთან გაჩერდა. მაკამ ტელეფონი მოიმარჯვა. ვიღაცას გაესაუბრა და მერე უთხრა, ჩამოდიო. მოკლე ხანში მანქანასთან თეთრხალათიანი ქალიც გაჩნდა. 
- ეს დინაა. - მაკამ გოგონაზე მიანიშნა. - ჩემი არც ნათესავია და არც ახლობელი, კუსუმ იჭიჭყინა ბურგერებში და მაგის გამო, ეს მენეჯერი დაითხოვეს.
„რა მენეჯერი, რის მენეჯერი? ნუთუ არ იცის რომ უბრალო...“ 
გაუელვა გოგონას და ის იყო უნდა ეთქვა, არ ვყოფილვარ მენეჯერიო, მაგრამ მაკას მწეველმა მზერამ შეაჩერა. 
- კარგი მაკა, ექიმო. - თეთრ ხალათიანი ქალი შეყოვნდა. - მაგრამ თუ სამედიცინო განათლება არ აქვს... 
- ახლა არა, მაგრამ გაისად აპირებს, ამიტომ როგორც ჩვენ ყველამ ნულიდან დავიწყეთ, მივცეთ ამასაც შანსი. - და კვლავ მწველი მზერა შეავლო გოგონას. - დღეს სანიტარი იქნება და მერე ვნახოთ. 
„ოჰ, დიდ თანამდებობაზე კი დამნიშნა.“ 
გაიფიქრა გოგონამ და მანქანიდან გადავიდა. 
დინა სანიტრად გააფორმეს და ასე გავიდა რამდენიმე თვე. მაკა გოგონას სულ სწავლისკენ უბიძგებდა. ხან ერთ ექთანს მიამაგრებდა და ხან მეორეს,ამ ახალბედასაც ასწავლეთ რამეო. დინა არაოფიციალურად კი გადიოდა ექთნის პრაქტიკას, უკვე ბევრი რამეც შეისწავლა, მაგრამ წიგნის გადაშლაზე არც კი ფიქრობდა, რაც ხშირად მაკას წყენის მიზეზიც იყო. 
- სანიტრების მეტი რა არის? - განაგრძობდა მაკა. - მაგრამ კარგ ექთანს, რა სჯობს? სჭირდება ჩვენს სამშობიაროს ერთგული, წესიერი და პატიოსანი თანამშრომელი! აი სწორედ ისეთი, როგორიც შენ ხარ და რომ იცოდე, ექთნებიც ბლომად არიან აქ, მაგრამ ერთგულები კი ცოტა. 
- კარგი, ჯანდაბას. ვიმეცადინებ. 
- რატომ ჯანდაბას? - ჩაეკითხა მაკა. - არ გირჩევნია, რომ საკუთარი ნაშრომი ფულით, შენ თვითონვე იყიდო ის, რაც შენ გინდა და მოგეწონება? აღარ მოგბეზრდა ჩემი გამონაცვალი? განა მენანება და გაყვედრი, მაგრამ ცოტა წინ გაიხედე. ახალგაზრდა გოგო ხარ! და საერთოდ, რას გიგავს ეგ თმები? ერთი ჩემს სტილისტთანაც უნდა მიგიყვანო. 
მალე დინამ ვარცხნილობაც შეიცვალა და მერე ექთნის დიპლომიც აიღო, სამსახურშიც დაწინაურდა, ბინაც იქირავა. „თვალებში გამოიხედა“ და მაკა ექიმზე უზენაესი ღმერთი, ვერც კი წარმოედგინა, სანამ ერთ დღესაც თავადაც არ ჩადგა იმ სიბოროტით სავსე ჭაობში ფეხი, საიდანაც ასეთი დამსახურებული ექიმი, იმაზე ათჯერ მეტ ფულს იღებდა, ვიდრე მისი წლიური შემოსავალი იყო. 
LEX. 2021 წლის 10 მაისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment