Friday, May 14, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 2)

2.
- აბა როგორ ხარ? - თბილი ღიმილით მოკითხა მაკა ექიმმა ახლაგაზრდა მშობიარე. 
- ვაიმე, მაკა ექიმო, ძალიან ცუდად ვარ. - შესჩივლა გოგონამ. 
- ნუ გეშინია. - ექიმმა შუბლზე დაადო ხელი და ღიმილით მიუგო. - სიცხე შენ არ გაქვს, წესით არც უნდა გქონდეს, წნევასაც არა უშავს. არაფერია საშიში. 
- მართლა? - მდარედ გაეღიმა მშობიარე გოგონას. 
- ჰო, მართლა! აბა, რატომ მოგატყუებ? - მხრები აიჩეჩა ექიმმა. - პირველად კი არ ვიღებ მშობიარობას.
- დიდი ხანია აქ მუშაობთ? 
- შარშან დავიწყე, როგორც უკვე სრულ დიპლომიანმა და სხვა ყველა სამედიცინო ეტაპებ გამოცდილმა ექიმმა. მანამდე კი მთელი სტუდენტობის წლები და მერე ორდინატურაც ამ კედლებში გავატარე, თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი.
მშობიარე გოგონას კვლავ გაეღიმა, თუმცა მოვლითი ტკივილისგან წუთიერად სახეც დაემანჭა. 
- აბა, ასეა. - განაგრძო მაკა ექიმმა. - სანიტარიც კი ვიყავი, სუდნოებიც კი გამქონდა და არც ვთაკილობდი, არადა უკვე სტუდენტი ვიყავი. 
- რა კარგია, ასეთი შემართება რომ გაქვთ. - ამოიკვნესა გოგონამ. 
- შემართებისა და ოპტიმიზმის გარეშე, აბა რა ცხოვრებაა? - გაუღიმა მაკა ექიმმა. - და თქვენობით, ნუღარ მელაპარაკები, თითქმის ტოლები ვართ. 
- ვაიმე, ექიმო! ძალიან მაწვება. ლამის, მუცელი გამისკდეს! იქნებ, უკვე დროა? 
- ახლა მალე გააჩენ და მერე შენებსაც ვახარებთ, ახალი ადამიანის მოვლენას. ხომ გელოდებიან გარეთ? - ფრთხილად ჩაეკითხა მაკა ექიმი, თუმცა მშვენვირად იცოდა, რომ ორსულ ახალგაზრდა გოგოს, გარეთ არავინ უცდიდა, მაგრამ მაინც გადაამოწმა. 
- გარეთ? - დაბნეულად იკითხა გოგონამ. 
- მარტო მოხვედი? რა უშავს, მერე? - გაამხნევა მაკამ. - აქ არ ვართ, მთელი ბრიგადა? არაფერს გაგიჭირვებთ. 
- დიდი მადლობა, მაკა ექიმო... მადლობა... ჩემზე იყოს, ჩემი ქმარი მალე ჩამოვა და... 
- ახლა სად არის? 
- რუსეთშია. იმდენი ფული უნდა იშოვნოს, რომ ცალკე გადავიდეთ. - გოგონა წამით გაჩუმდა. - ჩემს დედამთილს... 
- საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ახალგაზრდებმა ცალკე უნდა იცხოვრონ. - შეეშველა მაკა ექიმი. 
- ჰო. - გოგონამ ამოიკვნესა. - ჩემს დედამთილს შევუთვალე, მგონი მშობიარობა მეწყება-თქო და ჯერაც არ გამოჩენილა. - გოგონამ კვლავ ამოიხვნეშა.
- გამოჩნდება, ნუ დარდობ. ალბათ, ახლა არ სცალია. - დაამშვიდა მაკა ექიმმა. 
- სახლშიც სულ მთელი დღეები მარტო ვიყავი. დილიდანვე რაღაც საქმეებზე დარბოდა. მერე მოივლიდა ნათესავებსა და ახლობლებს, რომ რაც შეიძლებოდა, სახლში გვიან დაბრუნებულიყო. ალბათ, უშნოდ თვალში რომ არ შევჩხეროდი. - გოგონა ისევ ტკივილისგან დაიმანჭა. - ბავშვების გაზრდაში მე უნდა მოგეხმაროთო და... 
- ბავშვები? - ყურები ცქვიტა ექიმმა. - სახლში, კიდევ გყავს? 
- არა. ტყუპებს ვაჩენ. 
- მართლა? - გაიკვირვა მაკა ექიმმა, თუმცა საშინლად არ ესიამოვნა. ეს ინფორმაცია ისედაც იცოდა, მაგრამ არ ეგონა, თუ მშობიარეც უკვე საქმის კურსში იყო. - და რა დარწმუნებული ხარ, რომ ტყუპებია? დიდი მუცელი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ორი ბავშვი გყავს. 
- რა ვიცი, ექიმმა ასე მითხრა და... 
- ჰო, შეიძლება. - მხრები აიჩეჩა მაკა ექიმმა. - თუმცა მეეჭვება, მაგრამ ვნახოთ. აბა, რამდენს გაგვიჩენს ჩვენი ახალგაზრდა ლამაზი დედიკო. - და კვლავ ყურებამდე გაუღიმა მაკა ექიმმა. 
- აბა, მზად არის დედიკო? - პალატაში, საკმაოდ დაფასები და პატივცემული პროფესორი შემოვიდა. 
- მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა. - მიაგება პასუხი მაკა ექიმმა. 
- ჰოდა, ჯანმრთელ ბავშვებსაც გააჩენს! - დაასკვნა მოხუცმა პროფესორმა, რაც მაკა ექიმს საშინლად არ ესიამოვნა, თუმცა შეეცადა არაფერი შეემჩნია. 
ჯერ გოგონა დაიბადა. სრულიად ჯანმრთელი, საღ-სალამათი. მაშინათვე ძლიერი ხმითაც დასჭექა. თუმცა მშობიარეს, საკმაოდ გაუჭირდა მისი გაჩენა. იმდენად გაუძნელდა, რომ მეორე ბავშვის დაბადება, ძილ-ბურანშიაც ძლივს გაიგო. მის ირგვლივ, თეთრხალათიანი აჩრდილები ტრიალებდნენ და ბავშვის ხმაც, სადღაც უფრო ყრუდ ჩაესმა. 
ორჯერ იტირეს მისმა ჩვილებმა. გოგონამ უფრო ხმამაღლა და უფრო ძლიერად, ბიჭმა უფრო მოგვიანებით და უფრო სუსტი ხმით და სწორედ ეს ხმები ჰქონდა ჩარჩენილი წლების მანძილზე, იმ პერიოდში, სრულიად მარტო მოსულ მშობიარე გოგონას, რომელსაც გამოფხიზლებისთანავე ამცნეს შვილების დაღუპვა და მაშინათვე უამრავ, გაურკვეველი ტერმინებით გაძეძგილ ფურცლებზეც მოაწერინეს ხელი და მაკა ექიმმაც, სულ ფერებ-ფერებით გაისტუმრა სახლში. 
- ახალგაზრდა, ჯანმრთელი გოგო ხარ. კიდევ იცი, რამდენი შვილი გეყოლება? აბა, ახლა ცრემლი მოიწმინდე. - აგულიანებდა მაკა ექიმი. 
- თუ მართლა ასეთი ჯანმრთელი ვარ, აბა ჩემი შვილები, რატომ დაიღუპნენ? რატომ? - მოსთქვამდა გოგონა. 
- და შენ მართლა ვერ ხვდები, რატომ? - ცალყბად ჩაეღიმა მაკა ექიმს. 
გოგონამ დაბნეულად აიჩეჩა მხრები. 
- მთელი ცხრა თვე, ნერვიულობაში გაგიტარებია და კიდევ გიკვირს? 
- ისე, ჰო. - გოგონამ თავი ჩაქინდრა. 
- ჰოდა, ახლა მიხედე თავს! არაფერზე ინერვიულო! კიდევ ბევრჯერ მოხვალ აქ და აბა შენ იცი! ამის მერე, ყველაფერი კარგად უნდა დამთავრდეს! 
გოგონა „კეთილ“ ექიმს მოეხვია და ასე აცრემლებულმა დატოვა იქაურობა. 
მაკა ექიმი სიამაყით აივსო. ერთდროულად, ორი ჯანმრთელი ჩვილი ჩაიგდო ხელში და თანაც, უპრობლემოდ. გამკითხავი და მომჩივანიც კი არავინ ჰყავდა. ახლა უკვე მარტო ფული აღარ იყო მისი საფიქრალი. დაწინაურებაზეც უნდა ეზრუნა და უკვე ფიქრობდა კიდეც. 
ერთ დროს ჩვეულებრივი, თბილი და გულისხმიერი მაკა ექიმი, სულ მოკლე ხანში, მთავარი ექიმის პოსტსაც დაიკავებდა. სითბო და ტკბილი ენა ისევ დარჩებოდა, მაგრამ მისი გული, მალე სულ სხვანაირად დაიწყებდა ფეთქვას. 
მაკა ექიმის წინამორბედი, უკვე დიდი ხნის გადახჩუებული პროფესორი, თავის პოსტს, ცოცხალი თავით არ სთმობდა. მედ.პერსონალიც უკვე ჯიბრში ედგა, ბევრს აწყობდა მისი თავიდან მოშორება. არა ერთი შეჰყურებდა მის სავარძელს და ნატრობდა, ნეტა მე შემხვდესო. 
მაკას დანიშვნას კი არავინ ელოდა. თუმცა ნიჭიერი, დაუზარელი, უკონფლიქტო სახელი უკვე ჰქონდა თანამშრომლებში, მაგრამ მაინც ყველას გაუკვირდა და ჭორიც მაშინვე აგორდა. ხან ვისი საყვარლობა დასწამეს და ხან ვისი ნათესაობა, ყველაფერი კი მაინც ზემდგომი ორგანოებიდან წყდებოდა. ყველამ იცოდა, რომ ასე უბრალოდ და ასე უცებ და არაფერი განსაკუთრებულის გამო, ვერც მაკა და ვერც სხვა ვინმე, ასეთ პოსტს, ასე ადვილად ვერ დაიკავებდა. 
ახალ და თანაც ასეთ დიდ თანამდებობაზე დანიშვნას მაკას მხრიდან „დიდი გაოცება“ მოჰყვა. სულ იმას გაიძახოდა, რას წარმოვიდგენდი და ამაზე ვერც კი ვიოცნებებდიო. ბოღმით, შურითა და ყალბი სიხარულით ულოცავდნენ ირგვლივ. მიუხედავად ამდენი შუღლისა, მაკას მაინც ღირსეულად ეჭირა თავი. 
მალე ახალი ცხოვრებაც მოიწყო. ბინის მისამართიც შეიცვალა, უფრო პრესტიჟულ უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად. მართალია, ასე მოკლედ დროში, ასეთი დიდი წარმატების მიღწევის გამო, გულში სიამაყის გრძნობაც კი გაუჩნდა, მაგრამ მაინც თბილ და საყვარელ ადამიანდ რჩებოდა. ზემოდან არავის დაჰყურებდა და არც ამპარტავნობით იმზერდა ცხვირს. ამით უფრო მეტი პატივისცემა დაიმსახურა და უფრო მეტი მაქებარი და დამცველი შემოიკრიბა ირგვლივ. დამცველები კი მართლაც ბლომად სჭირდებოდა, რადგან ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი როცა მაკა ექიმი დააწინაურეს, რატომღაც ძალიან მომრავლდა ჩვილთა სიკვდილიანობა და ამასაც უამრავი ახსნა ჰქონდა. მაკა ექიმზე კი ვერავინ ვერასდროს მიიტანდა ეჭვს, რადგან ფულის მოხვეჭასთან ერთად გაყოფაც კარგად ეხერხებოდა და მშვენივრად იცოდა, ვისთვის რამდენი პატივი უნდა ეცა. ყველაზე სათნო კეთილი და გულისხმიერი ექიმი სინამდვილეში, ყველაზე გაქნილი და დაუნდობელი ქალი იყო. 
- მაკა ექიმო! - კაბინეტში აქოშინებული ექთანი შემოიჭრა და აღფრთოვანებული ხმით აუწყა. - ტყუპებია! 
- მერე, რას მორბოდი? - ყურებამდე გაიბადრა მაკა ექიმი. - მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აღელვების გარეშე. 
რადგან ეს ექთანი, მაკას პირად საიდუმლო გუნდში იყო, მის დანახვაზე, დამატებითი შემოსავლის მოლოდინში, ექიმს გული სიხარულით აევსო. რა ხანია, მანქანის შეძენაზე ოცნებობდა, მაგრამ ვერა და ვერ მოაბა თავი. ჯერ მთავარი იყო, პრესტიჟულ უბანში უნდა გადმოსულიყო საცხოვრებლად. მერე უკეთეს ბინაზეც უნდა ეზრუნა. კარგი რემონტი, საუკეთესო და კომფორტული ავეჯი. ახლა კი მანქანის დროც იყო. აბა როდემდე უნდა ევლო ფეხით? საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უკვე დიდი ხანია აღარ კადრულობდა. ტაქსი კი ზედმეტი ხარჯი იყო, ამას ისევ ფეხით გასეირნება სჯობდა. მით უმეტეს, რომ სამსხურიდან, იმდენად შორს აღარ ცხოვრობდა, მაგრამ ღამის მორიგეობიდან, დილით დაღლილ დაქანცულს, ამინდიც ყოველთვის არ უწყობდა ხელს. 
- მაკა ექიმო, თქვენი იმედი მაქვს. - შესჩივლა მშობიარე ქალმა. - იქნებ, ახლა მაინც გამიმართლოს. 
- აბა რა არის ახლა ეს წუწუნი? - მსუბუქად უსაყვედურა ექიმმა. - ან რას ნიშნავს, ახლა მაინც გამიმართლოს? 
- არ გახსოვართ, მაკა ექიმო? - მშობიარემ თავი ოდნავ წამოსწია. - სამი წლის წინ... 
- კვირაში, შვიდი დღეა და დღეში კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენ მშობიარობას ვიღებ. - მაკას ოდნავ გაეღიმა და ქალს კარგად დააკვირდა, თუმცა ვერც გაიხსენა. 
- თქვენთან ვიმშობიარე. ქალ-ვაჟი. მაშინ ორივე დამეღუპა. - ქალს თვალები ცრემლით აევსო. - საშინელი ცხოვრება მქონდა იმ დროს. 
- და ახლა, რაღაზე იშლი ნერვებს? წარსული, ჩატოვე წარსულში! - შემართებით შეუძახა ექიმმა. - ახლა წინ გაიხედე და ახალ ცხოვრებაზე იფიქრე. 
- ისევ ტყუპები მყავს. - ამოიკვნესა ქალმა. - და ახლა უფრო მეტად ვნერვიულობ. 
- აბა, მასეთები არ იყოს! - კვლავ შეაგულიანა ექიმმა და თან გასინჯვა დაუწყო. - ისე საიდან მოიტანე, რომ აუცილებლად ტყუპები უნდა გეყოლოს?
- კონსულტაციაში მითხრეს ასე. 
- ეს რა იციან, რა! - იწყინა ექიმი. - ისე წინასწარმეტყველებენ, თითქოს მართლაც რამე ესმოდეთ. 
- თქვენ მაშინაც არ გეგონათ, რომ ტყუპებს ვაჩენდი და მაინც... 
- იცი. - დაბალი ხმით დაიწყო ექიმმა. - მაშინ რომ გაგსინჯე, მხოლოდ ერთი ბავშვის გულის ცემა ისმოდა. 
- ერთის? - გაიკვირვა ქალმა. - მე ხომ ორი გავაჩინე? ნამდვილად მახსოვს. 
- კი ორი იყო, მაგრამ რადგან ერთი ბავშვის გულის ცემა ისმოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მეორე უკვე მუცელშივე იყო დაღუპული, ამიტომ მკვდარი დაიბადა. 
- რას ამბობთ? - შეიცხადა ქალმა. - ძალიან კარგად მახსოვს ჩემი შვილის ტირილი. 
- კი ტიროდა გოგონა, რომელიც ვერ გადარჩა. 
- არა, არა! - უკან არ იხევდა ქალი. - გოგონა უფრო ძლიერად ტიროდა, ბიჭი კი უფრო სუსტად, ნამდვილად მახსოვს, ბიჭმაც იტირა. 
- არა, ჩემო კარგო, არა. - არ შეეპუა ექიმი. - მაშინ შენს გარდა, სხვა მშობიარობაც იყო აქ და ალბათ, ეს ხმა ჩაგესმა. განა მარტო შენ იყავი სამშობიარო ბლოკში. 
- რა ვიცი... რა ვიცი... - ქალი საშინლად ანერვიულდა. ახლა ეჭვიც კი შეეპარა იმაში, რაც ამ ბოლო წლების მანძილზე ახსოვდა და ასე მწარედ განიცდიდა. 
- კარგი, აბა დამშვიდდი და მოემზადე. - თბილად გაუღიმა მაკა ექიმმა. - დედა უნდა გახდე, რაღას ნერვიულობ, იმაზე, რაც წესიერად არც კი გახსოვს. 
- მახსოვს და არ შემიძლია დავიწყება. - ქალს თვალები აუწყლიანდა, ტკივილისგან სახეც დამანჭა. - და ახლა? ახლაც ორია, თუ ერთი? 
- ვნახოთ. - ღიმილით მიუგო ექიმმა და გოგონას თავზე ნაზად გადაუსვა ხელი. - აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. 
ისევ ამაო დაპირებები და ისევ ფუჭი იმედი. ისევ ტყუპები. თუმცა ახლა, გოგონები. ამჯერად მხოლოდ, სამი დღე „იცოცხლეს“, ერთი საღამოს „დაიღუპა“, მეორემ კი, რომელიც უფრო სუსტი იყო და ნაკლებს იწონიდა, რატომღაც უფრო მეტ ხანს გაძლო და გამთენიისას „დალია სული“. 
გოგონებიც იმ გზას გაუყენეს, სადაც სულ სამიოდე წლის წინ, მათი ტყუპი და-ძმა და ასევე, იმავე გზით, დედის გულიდან მოგლეჯილი, მოპარული ჩვილები დაურიგეს და გადაუნაწილეს ახალ მშობლებს, რომელთა დიდმა ნაწილმა, არც კი იცოდა, რომ მოპარული ბავშვი იშვილა და შეიყვანა ოჯახში, რადგან ყველაფერი კანონიერად ხდებოდა. გაშვილების საბუთში, არაფერი იყო ყალბი. ბიოლოგიური მშობელი, თავისი ნებით აშვილებდა ახალშობილს და აბა ზედმეტად, ვინ ჩაერეოდა, ან შეუშლიდა ხელს.
ჩვილების, კიდევ ერთხელ დაღუპვით ისტერიკამდე მისული დედა, ძლივს დაამშვიდეს და დააშოშმინეს და სანამ „საჭირო“ ინექცია არ აგემეს, მანამდე ლამის, დასაბმელი გახდა. 
არც იმ ქალის მეუღლე იყო ნაკლებ დღეში. ერთი ამბავი ატეხა. სულ იმას გაიძახოდა, ბავშვებს წესიერად ვერ მიხედესო. სამი წლის წინაც, ასე მოხდაო. ლამის მიწა გახეთქა, მისმა ღრიალმა, მაგრამ აბა ძლევამოსილი მაკა ექიმის წინაშე, რომელსაც საკმაოდ ბევრი დამცველი ჰყავდა, აბა რას გახდებოდა. 
„გარდაცვლილი“ ტყუპების მამა, ექიმის კაბინეტში დაიბარეს და იქ კი ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ, კარგად დაწერილი და მართლაც კარგად გამოცდილი სცენარის მიხედვით წარიმართა.
მშობლები გარდაცვლილ ჩვილებს მოითხოვდნენ, ექიმი კი ჯერ არ აძლევდა ამის ნებას. 
- რატომ არ შეიძლება, ჩემი შვილების ნახვა? - ბღაოდა მამა. 
- როგორ არ შეიძლება? - დაუყვავა მაკა ექიმმა. - განა მე ეგ გითხარით? 
- აბა? - ეჭვიანად გამოხედა კაცმა. 
- ბავშვები გადაგზავნილია, სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში, ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს, მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. - მშვიდი ხმით ჩამოურაკრაკა მაკა ექიმმა და ვინ იცის, უკვე მერამდენედ იმეორებდა ამ სიტყვებს და მერამდენე მშობელს აშოშმინებდა ამ გზით. 
კაცმა ამოიხვნეშა.
- თანაც, თქვენთან უკვე, მეორე შემთხვევაა. - განაგრძობდა ექიმი. - და ხომ უნდა ვიცოდეთ, რის გამო ხდება ასე. 
კაცმა თავი ჩაღუნა. კვლავ ვერაფერი უპასუხა. 
- მომავალს, იმედის თვალით უნდა შეხედოთ! ჯერ კიდევ, როგორი ახალგაზრდები ხართ, გული არ უნდა გაიტეხოთ! - კვლავ დამშვიდებას შეეცადა მაკა ექიმი, რომელსაც მოულოდნელად, ჩვილების ბებია, მამის დედა ამოუდგა მხარში და მანაც იგივენაირად სცადა, საკუთარი შვილის დამშვიდება. 
დედამთილისგან დაწუნებული რძალი, ყოველთვის კონფლიქტის მიზეზი იყო ოჯახში. ახლა კი ქალს, უკვე მეორედ ეძლეოდა შანსი, რომ წყვილი ახლა მაინც დაეშორებინა. 
- დამშვიდდი შვილო, მართალია ეს ექიმი. - ამშვიდებდა გაცოფებულ კაცს დედა. - ალბათ, მართლა რაღაც სჭირს შენც ცოლს და ხომ უნდა გამოიკვლიონ? ორჯერ იმშობიარა გოგომ და ვერც ერთხელ, წესიერად. აბა, საქმეა ეს?
- მერე და რა მისი ბრალია? - ტუჩი მოიკვნიტა კაცმა. - იქნებ სულაც, ჩემი ბრალია? 
- და მეც მაგას არ გეუბნებით? - მაშინვე ჩაერთო მაკა ექიმი. - ხომ უნდა გავარკვიოთ არა, რაშია საქმე, რომ მომავალში, თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემა. 
- ჰო, შვილო, ჰო. - კვერს უკრავდა დედამთილი და ვინ იცის, გულში როგორ უხაროდა. 
- სამწუხაროდ, თავის დროზე. - განაგრძო ისევ ექიმმა. - ჯერ კიდევ, ის ბავშვები უნდა გამოგვეკვლია.
- მერე გამოგეკვლიათ! - უხეშად მიუგო კაცმა. 
- მაშინ, სხვა დრო იყო. - არ დაიბნა ექიმი. - ამ სამშობიარო სახლს, სულ სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა. ყველაფერს, ძველებური მეთოდებით ხსნიდა და ვერც ჩვილების გარდაცვალების ზუსტ მიზეზს არკვევდა. ახლა, ბევრი რამ შეიცვალა. უამრავი თანამედროვე მეთოდია უკვე დანერგილი. უამრავი ტექნიკაა შემოსული. მეცნიერება, ბევრად წინ წავიდა და ბარემ, მოგვეცით საშუალება და გავიგოთ რა ხდება თქვენს თავს, რომ სამომავლოდ, უკვე მზად ვიყოთ და ზუსტად გავარკვიოთ მიზეზები, რომ შემდგომში, სწორი გზით ვიმკურნალოთ და დროულად აღმოვფხვრათ პრობლემა! 
- მართალია, შვილო, მართალი. - კვლავ ამშვიდებდა დედა განადგურებულ კაცს. - დაუჯერე ექიმს, ცუდს არაფერს გირჩევს. 
- ცუდი, რატომ უნდა გირჩიოთ? - მხრები აიჩეჩა მაკა ექიმმა. - რა ინტერესი მაქვს, თქვენი შვილების დაღუპვის? 
კაცმა თავი გააქნია. არაფერი უპასუხა. დედამისი კი მყარად ედგა ექიმს გვერდით, რომელმაც დრო იხელთა და უკვე წინასწარ გამზადებული საბუთები ამოაძვრინა უჯრიდან. 
- უბრალოდ ფორმალობაა, თორემ მე პირადად, არც არაფერში მჭირდება. - მაგიდაზე დადებული ფურცლები, ფრთხილად მიუცურა წინ დაღონებულ კაცს. - მაგრამ კომისია, ყოველ სიტყვა-პასუხს გვითვლის. 
- რა არის ეს? - უხეშად იკითხა კაცმა. 
მაკა ექიმს, ბევრი ახსნა არც დასჭირვებია, რადგანაც გაუბედურებული, მშობიარე ქალის დედამთილი, ლამის სიხარულით აწერდა ყოველ ფურცელს ხელს. 
- თქვენც უნდა მომიწეროთ. - დაბალი ხმით შეაპარა ექიმმა კაცს და დედამისს გადახედა. 
- მოაწერე, შვილო, მოაწერე! - კალამი ლამის ძალით ჩასჩარა ხელში და ისე დაითანხმა. 
ამჯერადაც გაუმართლა მაკა ექიმს და ერთის ნაცვლად ახლაც ორი, სრულიად ჯანმრთელი ჩვილი შერჩა ხელთ. 
- ახლა მიდით და თქვენი მეუღლე დაამშვიდეთ. - მაკა სიხარულს ძლივს იკავებდა, თუმცა საკმაოდ დამწუხრებული სახე ჰქონდა. - ცოდოა ის გოგო. ეჰ, რა დღეშია საცოდავი. 
კაცი უხმოდ წამოდგა. დედამისიც კვალში მიჰყვა, თუმცა კარში გასვლისას, ვიღაცის ხელი იგრძნო მკლავში. ეს მაკა ექიმი უხმობდა ჩუმად, ზედმეტი მოწმეების გარეშე. 
- ახლა თქვენ უნდა იმარჯვოთ. - დაბალი ხმით დაიწყო მაკა ექიმმა. - ესენი ძალიან ახალგაზრდები არიან, თან დარდისგან ასე არეულები და აგრესიულები და თქვენ უნდა მიხედოთ და დაარწმუნოთ, რომ არ მოითხოვონ ბავშვების გვამები. 
ქალს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა, ექიმმა კი განაგრძო: 
- აიჩემებენ, ჩვენ უნდა დავასაფლავოთო და ეს უფრო დიდი ტრამვა იქნება მათთვის. დაიწყებენ მერე რიგ-რიგობით სასაფლაოზე ღამის თევას და სრულიად შეერყევათ ჯანმრთელობა. დამიჯერეთ, ასე სჯობს. გვაქვს ჩვენ აქ ჩვილების სასაფლაო და გვამების გაკვეთის შემდეგ, აქ გადმოვასვენებთ. 
- და ჩვენგან, კიდევ რამე არის საჭირო? - იკითხა ქალმა. - რამე საბუთს ხომ არ უნდა მოვაწეროთ კიდევ ხელი? 
- არა, საბუთს არა. - თავი გააქნია მაკამ. - მხოლოდ... - მაკა დამწუხრებული სახით შეყოვნდა. - ჩვენს ექთანს, ან სანიტარს მისცემთ ოც მანეთს, რადგან მაინც ორი ბავშვია და აქვე დავკრძალავთ. 
- კარგი, მასე სჯობს. - თავი დაუქნია ქალმა. - მე თვითონ გადავიხდი დასაფლავების ფულს. ბარემ ახლავე მოგცემთ. - ქალმა ჩანთა გახსნა, ექიმს ორმოცდაათმანეთიანი კუპიურა დაუდო წინ. - ხურდა არ მინდა.
- არა, რას ამბობთ? - შეიცხადა მაკა ექიმმა. - ახლავე დავუძახებ ექთანს. მე არაფერი მინდა, თუ სურვილი გაქვთ, ხურდაც მისი იყოს და ნამუშევარიც.
მაკა ექიმმა კარი გააღო და სანდო ექთანს გასძახა. მერე ქალის თანდასწრებით აუწყა, ეს იმ ტყუპი გოგონების დასაკრძალი თანხააო. ექთანმა გაბრწყინებული სახით ჩამოართვა ფული და კმაყოფილი იერით, თეთრი ხალათის ჯიბეში ჩაისრიალა. 
როგორც კი ეს საქმე მოგვარდა, მაკა ექიმმა კვლავ იხმო ის ექთანი და უსაყვედურა. 
- ეს ფული, უკანასკნელი იქნება შენთვის! 
- რა იყო, მაკა ექიმო? - იწყინა ექთანმა. - ჯერ არ გავსულვარ შენობიდან, გავალ და დავახურდავებ, ნუ გგონიათ, რომ მთლიანად მივითვისებ. 
- და ახლა, მე მაგ ფულზე გელაპარაკები? - წყენითვე მიუგო მაკა ექიმმა. - ისეთი ბედნიერი სახით გამოართვი ის ფული, ისეთი გაბადრული იყავი, რომ გეგონება ლატარიაში მილიონი მოიგე! 
- ვისთვის კაპიკებია და ვისთვის კი, კარგი პრემია. 
- აი, კვლავ ვერ გაიგე, რაა. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ექიმმა. - გოგო, ჭირისუფალს, ბედნიერი სახით რომ ართმევ, თავისი ჩვილების დასამარხ ფულს, ესე იგი, რა გამოდის? რა კარგია, თქვენ რომ ბავშვი მოგიკვდათ, მე ფული შემხვდაო? ცოტა აზრზე მოდი, რაა! - მაკა ექიმმა ხმას დაუწია. - ხვდები ახლა, რაც გითხარი? 
ექთანმა ნირწამხდარი სახით დაუქნია თავი. 
- კარგი. ბოდიში, მაკა ექიმო. 
- ბოდიში მე კი არ მჭირდება. საქმე არ უნდა ჩაშალო, არც უნებურად და არც შემთხვევით და წადი ახლა, მიხედე საქმეს, ისედაც უამრავია. 
- გავალ და ხურდას შემოგიტანთ. - უკმაყოფილო სახით მიმართა ექთანმა. 
- ეგ შენი გასამრჯელო იყო ისედაც, თანაც ხურდა არ მინდაო იმ ქალმა და აბა მე ხომ არ გამოგართმევ? - ჩაეღიმა მაკას. - წაიღე და შენს შვილებს მოახმარე. 
- უღრმესი მადლობა მაკა ექიმო. - ექთანს თვალები აუწყლიანდა. - როგორი კეთილი ხართ. 
- კეთილი? - ექიმი ჩაფიქრდა. - უფრო სამართლიანი. აბა ხომ ხედავდი, რაც ხდებოდა?
ექთანმა თავი დაუქნია.
- დედამთილს, რძალი კატეგორიულად არ უნდა და  არც ბავშვების გაზრდაში მიეხმარებოდა. - განაგრძო მაკამ. - ესენი თურმე, ცალკე ქირით ცხოვრობენ და ძალიან უჭირთ. შვილებსაც წესიერად ვერ მიხედავდნენ და მათი ბაშვები მერე, სულ ჟღვინტიანები და ტილიანები ივლიდნენ და ვინ იცის, კიდევ რა დაავადება შეეყრებოდათ ამდენი მოუვლელობით? და ამას დამატებული ცალკე სიდუხჭირისგან და ცალკე კიდევ ზურგშექცეული, უკმაყოფილო დედამთილისგან დანევროზებული მშობლები. რა ბავშვები უნდა გაზარდონ მაგათ? როცა ხალხი სიმდიდრეში იქცევა და შვილს ნატრობს. აბა ერთი იმ ბავშვს, ჰკითხა ვინმემ, სად უფრო ბედნიერი იქნებოდა? ფუფუნებაში, თუ სიღატაკეში?
- მართალი ხარ, მაკა ექიმო! - აღტაცება ვერ დაფარა ექთანმა. 
- ჰოდა, სამართლიანი ვარ მეთქი, ამას ვამბობდი. - ყურებამდე გაიკრიჭა ბედნიერი ექიმი და გონებაში უკვე მანქანის შესაძენად, მის ფერსა და მარკებს არჩევდა. 
LEX. 2021 წლის 14 მაისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment