Friday, June 25, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 5)

5.
- რა ქენით? - ჩაეკითხა მაკა ექიმი, ელზას. - აჭამეთ იმ ბავშვს?
- გამოსკდა! - ჩაეცინა ელზას.
- ჰოდა, გაამზადე! - მაკამ წამით იყუჩა. - ამაღამვე უნდა დავაბინავოთ.
- როგორც თქვენ იტყვით! - მიუგო ყურებამდე გაღიმებულმა ელზა ექიმმა და კარი გაიხურა.
ცოტა ხანში ერთ-ერთ პალატაში, ჩოჩქოლი ატყდა. სრულიად ახალგაზრდა გოგონა, ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, თქვენ მე მართლა უპატრონო ხომ არ გგონივართო.
- რა გაყვირებს გოგონი? - მშვიდი, რბილი ხმით მიმართა მაკა ექიმმა.
- სად არის ჩემი შვილი? რატომ არ არის სხვა ბავშვებთან ერთად?!
- იქნებ, სხვა ოთახშია? აბა, მართლა ასე უცებ, ფეხს ხომ არ აიდგამდა? - ყურებამდე გაუღიმა მაკა ექიმმა და ელზას უხმო.
- რა იყო? რა მოხდა? - მიამიტი სახით იკითხა ელზამ.
- ბავშვს ვერ პოულობს და მოუძებნე ერთი, თუ ქალი ხარ. - მიმართა მაკამ ელზას.
- რას ჰქვია, ვერ პოულობს? - გაკვირვებით აზიდა წარბები ელზამ.
- ალბათ, ისევ იმ ცანცარა ექთანს აერია. - უკმაყოფილოდ აღნიშნა მაკამ.
- ჰმ, როგორც ყოველთვის. - მხარი აუბა ელზამ.
გოგონამ დაბნეული სახით შეხედა.
- რვა შვილის პატრონია და აბა, როგორ გავაგდო? მაგის ცოდვით, მერე... - მაკამ თავი გააქნია და მერე, ელზას მოხედა. - ჰე, მიდი ახლა დაეხმარე! ზედა სართულზე იქნება. აბა მეტი, სად წავიდოდა.
- რა გვარი ხარ, გოგონი? - ჰკითხა ელზამ.
- ჩხობაძე. - მიუგო გოგონამ. - ბიჭი შემეძინა.
- აა. - ვითომ, გაიხსენა ელზამ. - შენი შვილი, კუვეზშია. - უდარდელად მიუგო ექიმმა და გოგონას, სხვა ოთახისკენ წაუძღვა.
- სად?.. - გოგონა დაიბნა, მაგრამ პალატში შესვლისას, როცა დაინახა, თუ როგორ იწვა ჩვილი, დიდ შუშის მომრგვალებულ კოლოფში, მუხლები მოეკვეთა.  - რრ... რა სჭირს ჩემს შვილს? რატომ არის აქ? 
- ეს კუვეზია, ანუ ხელოვნური მიკროკლიმატის მქონე აპარატი. - მშვიდად უხსნიდა ელზა. - ხშირად აქ, დღენაკლულ ბავშვებს ვათავსებთ! ზოგჯერ კი, როცა ბავშვს, ფილტვები ბოლომდე არ ეხსნება, ან მხოლოდ ცალი გაეხსნა, მაშინაც აქ ვათავსებთ. 
გოგონა, ენა ჩავარდნილი, გაკვირვებული დაჰყურებდა კარგად გამომძღარ ჩვილს, რომელსაც ახლა მშვიდად ეძინა და ფილტვები კი არა, საერთოდაც არც არაფრის პრობლემა ჰქონდა. 
- აქ სუფთა ჟანგბადია, ვიტამინებსაც ჰაერის სახით ისუნთქავს. - დაასრულა ელზამ და გოგონას რეაქციას დააკვირდა. 
- სულ ასე უნდა ეძინოს? არ იღვიძებს? არც შივდება?
- სამწუხაროდ, წოვის რეფლექსი დაქვეითებული აქვს, ზონდით ძლივს აჭამეს. - ელზა ექიმი შეყოვნდა. - და სულ ასე სძინავს. 
- მითხარით, რა უნდა ვქნა? - გოგონას ცრემლები გადმოსცვივდა. - იქნებ რამე წამალი... 
- ამის წამალი, ახლა ეს აპარატია, სადაც ახლა ასე მშვიდად სძინავს. შენ კი, თავი ხელში აიყვანე, რომ მერე ანერვიულებული რძე არ აჭამო ბავშვს. ეს უფრო ცუდად გახდის, რომ იცოდე! 
გოგონამ ვერაფერი უპასუხა. 
- დამშვიდდი. ჯერ სტაბილურად არის. - განაგრძო ელზამ. - დაველოდოთ და ვნახოთ ხვალამდე როგორ იქნება. 
- ხვალ შეიძლება, უფრო ცუდად გახდეს? - გოგონას ხმა უკანკალებდა. 
- აბა მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ელზამ. - ქრისტე ღმერთი კი არ ვარ, რომ წინასწარ ვიცოდე. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ამ ეტაპზე, ბავშვი სტაბილურად არის და ვნახოთ, მერე. 
გოგონამ ამოიხვნეშა და ნაზი თითებით მოეფერა დიდ შუშის კოლოფს. 
- წადი, ახლა წამოწექი, დაისვენე. - მიმართა ელზამ. - საჭმელიც კარგად ჭამე და კარგადაც გამოიძინე. 
ელზა ექიმმა გოგონა, კარისკენ წაიყვანა. ახალბედა დედა კი თვალს ვერ წყვეტდა კუვეზში შესმულ მძინარე პატარას. 
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვილი როგორ რძეს ჭამს. - დარიგება განაგრძო ელზამ. - ასე ანერვიულებული დედისგან, თუ დამშვიდებული და კარგად გამოძინებული დედისგან და ამიტომაც პირველ რიგში, დედის ფსიქიკაა მოსაწესრიგებელი და დასამშვიდებელი! 
გოგონა უხმოდ დაემორჩილა, ტყუილებში უკვე კარგად გაწაფულ ელზა ექიმს. თუმცა ამ ეტაპზე, ელზა სრულ სიმართლეს ამბობდა. მართლაც, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ რძით გამოიკვებებოდა ახალშობილი და გოგონაც თავისი პალატისკენ, ბევრად უფრო დამშვიდებული და დაიმედებული წავიდა. 
ელზა ექიმმა, გოგონა გაისტუმრა თუ არა, მაშინვე მაკას კაბინეტში გაჩნდა. 
- მგონი, დავარწმუნე. - გამარჯვებული სახით მიახალა ელზამ. 
- მგონი, და ეგეთები, ჩვენ არ გვაწყობს! - მიუგო მაკამ. - ან ჰო! ან არა! 
- ყველაფერს გავარკვევ! - შემართებით შესძახა ელზამ. 
- აქამდეც უნდა გაგერკვია. - წყენით მიმართა მაკამ. - პირველად, ხომ არ ხარ? რამ დაგაბნია? 
- ახლავე, მაკა ექიმო. - ელზა მაკას კაბინეტიდან გაიძურწა. 
- როგორც ვხედავ, ისევ ჩემი გასაკეთებელია აქ ყველაფერი. - ჩაიბურტყუნა მაკამ და იმ პალატისკენ გასწია, სადაც გადანახული ჩვილი ჰყავდათ, კუვეზში შესმული. 
ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. არც იმდენად დიდი პრობლემა უნდა ყოფილიყო ჩხობაძის ბავშვის მოპარვა. ახალბედა დედას, მხოლოდ უკვე შუახნეს გადაცილებული, ერთი გასაცოდავებული დედამთილი აკითხავდა, ქმარი ციხეში ჰყოლია. მშვენიერი ვარიანტი იყო, თანაც ციხიდან დარეკილ ქმარს უკვე ისიც კი შეატყობინეს, რომ ბავშვი გარდაიცვალაო. დედამთილი კი, დილამდე ჯერ მაინც ვერაფერს შეიტყობდა, სანამ რძალს არ მოაკითხავდა სამშობიაროში. ახლა ბავშვის დედის ჯერი იყო. სანამ კიდევ ერთ ამბავს არ ატეხდა, მანამდე შეამზადეს და შვილზე ისეთ მდგომარეობაში შეახედეს, რომ გოგონას ეჭვიც კი არ შეპარვია, ავადმყოფი ბავშვის მაგივრად კუვეზში, მისი სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი ჩვილი იწვა. 
- ამაღამ ამ პალატაში მორიგე შენ ხარ? - შეეკითხა მაკა იქვე მყოფ ექთანს. 
- დიახ, მაკა ექიმო. 
- ეს ბავშვი. - მაკამ თითით მიანიშნა ჩხობაძის, უკვე გასაყიდად გამზადებულ ჩვილზე. - ხომ იცი? 
- დიახ, მაკა ექიმო. - კვლავ გაუმეორა ექთანმა და ამოიხვნეშა. 
მაკას საშინლად არ ესიამოვნა მისი რეაქცია და არაფერი შეიმჩნია. 
- იღვიძებს, მგონი. - მაკა ჩვილს დააკვირდა. - ბოლოს, როდის ჭამა? 
- ერთი კვება უკვე გამოტოვა, ისე ეძინა. - თითქოს, გულდაწყვეტით მიუგო ექთანმა. 
- ელზას დაუძახე და ახლა სხვა გოგო მოძებნეთ, რომ აჭამოს ამ ბავშვს! - უბრძანა მაკამ. 
- იქნებ, დედამისმა აჭამოს და მერე... - ძლივს შებედა ექთანმა. 
- და მერე? - მკაცრად ჩაეკითხა მაკა. - ბავშვი რომ ღონივრად მოწოვს და ძლიერ ხმაზე იჩხავლებს, ის დედა გინდა მერე რამეში დაარწმუნო? 
ექთანმა ხმა ვეღარ ამოიღო და ელზას დასაძახებლად გავიდა. 
- ხეპრე. - წაიჩურჩულა მაკამ. - ფული უნდათ და საქმის გაკეთება კი ეზარებათ. 
- მეძახდით, მაკა ექიმო? - პალატაში ელზა ექიმი, ქოშინით შემოიჭრა. 
- რა მოხდა? - ჰკითხა მაკამ, გულამოვარდნილ ექიმს.
- არაფერი! ზედა სართულზე ავირბინე და ამ დროს, რომ დამიძახეთ, მაშინვე ჩამოვირბინე და აქ გამოვიქეცი! - კვლავ ქოშინით მიუგო ელზამ. 
- მერე რა მოგარბენინებდა? - ცინიკურად შენიშნა მაკამ. - წყნარად, მშვიდად, აუღელვებლად. 
ელზამ არაფერი უპასუხა, კვლავ მაკას მისჩერებოდა თვალებში და მორიგ ბრძანებას ელოდა. 
- აჭამეთ კიდევ ამ ბავშვს, მაგრამ ისევ ის დედა არ მოიყვანოთ! მერე მოაწესრიგეთ, ისე რომ დილისთვის უკვე მზად იყოს! - მართლაც ბრძანებასავით გაისმა მაკას ხმა და იქაურობა დატოვა. 
ექთანმა ისეთი სინანულით გააქნია თავი, თითქოს არც აპირებდა მთავარი ექიმის ბრძანების შესრულებას, რის გამოც ელზა ექიმისგან, სერიოზული საყვედურიც კი მიიღო.
- რა დაბნეული იყურები? - დაუცაცხანა ელზამ, ექთანს. - რა იყო? პირველად ხომ არ ვაკეთებთ ამას?
- რა ვიცი? - ექთანმა უხერხულად აიჩეჩა მხრები. - ზოგჯერ, საშინელი მტარვალი მგონია ჩემი თავი. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ვეფლობით ჭაობში.
- ჭაობი არა, ტბა! - კვლავ საყვედურით მიმართა ელზა ექიმმა. - ეს ის ჭაობია, შენი შვილი, მშიერი და ძირ გამოხეული ფეხსაცმლით რომ არ დადის სკოლაში! არ არის ასე? - ელზა ექიმი, სახეში ჩააშტერდა.
ექთანი უხერხულად აიწურა და თვალი ვეღარ გაუსწორა ექიმს.
- თუ ის არის, ჭაობი? - ისევ საყვედურის ტონით განაგრძო ელზამ. - შენს ქმარს, ოპერაცია რომ ძლივს გაუკეთეს? სანამ მაკა ექიმმა არ დაარეკინა, მანამდე არც კი მოგხედეს, კინაღამ ხელებში ჩაგაკვდა და ახლა, ფაქტიურად დაინვალიდებულს, შენი იმედი აქვს! შენი ხელფასის და ესეც, მაკა ექიმის დამსახურებაა!
ექთანმა თავი ჩაღუნა.
- მაკა რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის? - კვლავ განაგრძო დატუქსვა ელზა ექიმმა. - ასეა, ასე! ნუ გავიწყდება სიკეთე და კარგად დაიმახსოვრე! ხელი, ხელს ბანს და ორივე კი, პირს! – „გადმოანთხია“ თავისი ვიწრო ცოდნა ელზა ექიმმა და ამაყი სახით დატოვა იქაურობა.
დამშეული ჩვილის გამოსაკვებად, მეძუძური დედა ადვილად მოიძია ექთანმა. ცალკე ოთახში გაიყვანა და იქ გამოაკვებინა ბავშვი. თანაც, ფრთხილად შეაპარა, არავის უთხრაო.
 - წესით, კი არ გვაქვს უფლება, რომ სხვისი რძე ვაჭამოთ ჩვილს. - ექთანი ახსნას შეეცადა. - რადგან მერე, ბავშვმა რომ ვერ აიტანოს, ან თუნდაც კუჭიც რომ აეშალოს, მერე მისი დედა ჩვენ გვიჩივლებს, შვილი მომიწამლეთო და ამიტომაც გვირჩევენ, რომ ჩვილი, პირდაპირ ხელოვნურზე გადავიყვანოთ. ამით უბრალოდ, თავს იზღვევს სამშობიარო.
- არავის ვეტყვი. ოღონდაც, ბავშვი დანაყრდეს. - ღიმილით დაჰყურებდა სხვის ჩვილს ქალი. - როგორ ღონივრად ჭამს. ჰა, ჰა!
- ჰოო, დაიმშა საწყალი ბავშვი, საერთოდ ვერ დაანაყრა ხელოვნურმა კვებამ. - თავს უქნევდა ექთანიც, თუმცა კი გული ეწურებოდა.
ექთანმა მშვენივრად იცოდა, რასაც სჩადიოდა, მაგრამ უკან დასახევ გზას, უკვე ვეღარ აგნებდა. თავადაც იმდენი და იმდენჯერ ჰქონდა „ნაჭამი“, რომ ახლა ხმის ამოღების უფლებაც, ძალაუნებურად დახშული ჰქონდა.
დილით ექთანმა პალატები შემოიარა. ღამის ცვლას, მორიგეობა გადააბარა და სახლისკენ გასწია. ადრეც და ბევრჯერ, არა ერთხელ იყო გარეული ასეთ მაქინაციებში, მაგრამ ბოლო დროს, უკვე ალღოსაც ვერ უღებდა. ვეღარ ეგუებოდა მისი სული, მისსავე ფიზიკურ ქცევას და ვეღარც უკან იხევდა.
თავისი ასეთი მუყაითი, „თავგანწირული შრომით“, მაკა ექიმისგან, არაერთხელ მიიღო საკმაოდ მსუყე ბონუსი. მერე თავის ბედოვლათ ქმარს, ახალი მანქანაც შეუძინა. თავის დროზე მიგდებული და მივიწყებული სააგარაკო ნაკვეთის განახლებაც ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ სულ მოკლე ხანში, საჭესთან, საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში მჯდომმა ქმარმა, ეს ახალი მანქანაც ისე მიალეწა, რომ თავადაც ძლივს გადარჩა. აქაც მაშინვე, კეთილი მაკა ექიმი მოევლინა მფარველ ანგელოზად და ოპერაციაც, წარმატებით ჩაუტარდა. ახალ ნაყიდ მანქანას კი, არაფერი ეშველა და მხოლოდ ჯართად გაიყიდა. ავარიის შედეგად დაზიანებული ხერხემალი, მშენებლობაზე მძიმე სამუშაოს შესრულებაში ხელს უშლიდა ქმარს. იოლი და ნაკლებად ანაზღაურებად სამუშაოსაც კი ძლივს ასრულებდა და ფაქტიურად უმუშევარი ქმარი, ახლა ექთანი ცოლის იმედად იყო დარჩენილი.
შინ მისულ ექთანს, უსაქმური მეუღლე, ისევ ნასვამი დაუხვდა. აბუზღუნებული შვილი კი, ახალ ბოტასებს ითხოვდა.
- დამაცადეთ. ცოტა მაცალეთ, ახლა მალე პრემიებს ჩაგვირიცხავს მაკა ექიმი და ბოტასებსაც გიყიდი და ახალ ჯინსებსაც! - დაამშვიდა პირმშო ქალმა.
ვახშამმა, ჩვეულად ჩაიარა. როგორც ყოველთვის, მორიგეობიდან დაბრუნებული ექთანი, ვახშამსაც ამზადებდა და სახლის მილაგებაც თავად უწევდა და ჭერამდე ასული ჭურჭლის დარეცხვაც. თუმცა, სულაც არ წუწუნებდა. უყვარდა თავისი ოჯახი და მოთმინებით იტანდა უვარგისს ქმარ-შვილს.
ღამით ბიჭს, მაღალი სიცხე მისცა. ვერაფრით დაუკლო. ექთანი ისე შეშინდა, რომ სასწრაფოც კი გამოიძახა. მერე თითქოს, ოდნავ დაუწია კიდეც, თუმცა გვიან ისევ აეწია და ასეთი მაღალი სიცხისგან, ბოდვაც კი დაიწყო ბავშვმა.
ორი ღამე, შვილის საწოლთან ათენებდა და აღამებდა. ბიჭი, უცბად მოიხედავდა. თითქოს, უფრო უკეთ გრძნობდა თავს და როგორც კი დედას, გულზე მოეშვებოდა, მალევე ისევ ისე, აუვარდებოდა სიცხე და სიცხისგან გავარვარებულ შუბლზე, ცივ ტილოებს, წამდაუწუმ უცვლიდა დედა.
მესამე ღამეს კი, უფრო გარკვევით იწყო ბოდვა. ბიჭი თითქოს, ვიღაცას ედავებოდა. ხან რას ამბობდა და ხან რას, მაგრამ ყველაზე ხშირად, რატომღაც ჩვილ ბავშვებს ახსენებდა და საშინლად ეშინოდა მათი. თითქოს ჩვილები მოსდევდნენ, ესეოდნენ და დახრჩობას უპირებდნენ.
ექთანი საგონებელში ჩავარდა. შვილის საწოლის გვერდით სავარძელში ჩამჯდარს, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ათას რამეს ფიქრობდა და დარდი ახრჩობდა.
გამთენიისას, ბიჭს სიცხემ უკლო. დედას ვედრების თვალი შეავლო და წყალიც მოითხოვა.
- დეე, დღეს მიდიხარ სამსახურში? - ჩურჩულით ჰკითხა ბიჭმა.
- აბა, სად წავალ, შვილო? - მიუგო დედამ. - ასეთ დღეში, ლოთი მამაშენის იმედად, როგორ დაგტოვო?
- ნუ გეშინია დეე, სამსახურს ნუ დაკარგავ ჩემი გულისთვის. - დაამშვიდა ბიჭმა. - დავლევ ყველა წამალს, ნემსსაც გავიკეთებ.
- შენ ცოტა მოღონიერდი და წავალ, აბა რას ვიზამ? - მიეალერსა დედა.
- დეე, წადი. გთხოვ. - ბიჭმა ამოიკვნესა. - ძალიან გთხოვ, წადი და მიხედე იქ ბავშვებს, ნუ დაყრი უპატრონოდ.
- უპატრონოდ, რატომ არიან? - მდარედ გაეღიმა ქალს. - განა მარტო მე ვარ? სხვა ექთნებიც არიან იქ. ექიმებიც და პროფესორებიც!
- დეე, შენზე გულიანად, მაინც ვერავინ მოუვლის, შენი იმედი აქვთ დედებს. - ისე მიუგო ბიჭმა, თითქოს მართლაც რამე იცოდა.
ქალი შეცბა. პასუხი ვეღარ გასცა.
- წადი, ჰო, წადი. - ახლა ქმარმაც შეუძახა. - მართლა მაგ სამსახური არ დაკარგო, თორემ მერე რა გვეშველება?
- ეჰ, მართლაც რომ თქვენთვის ვმუშაობ. - ამოიხვნეშა ქალმა. ბიჭს სიცხე კიდევ ერთხელ გაუზომა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა.
სამსახურის სამი დღე გაცდენისთვის მაკა ექიმს, სულაც არ უსაყვედურია. თუმცა სხვების გასაგონად, მაინც მკაცრდ უთხრა, ეს დღეები ძალიან გვაკლდიო.
- ავანაზღაურებ, მაკა ექიმო! დიდი მადლობა! - ცრემლი მოადგა ექთანს. - თქვენ რომ არ გვყავდეთ, ჩემს ოჯახს, რა ეშველებოდა?
- ალბათ, რაღაც ეშველებოდა. - ღიმილით მიუგო მაკამ. - მაგრამ ახლა, შენი ჯერია. შენ უნდა შეგვეშველო აქ. ნახე, რამდენი მშობიარობა მივიღეთ, ამ სამ დღეში.
ექთანმა ღიმილით დაუქნია თავი. ყველაფერი გასაგები იყო. ახალი გარიგებები იდებოდა და ბონუსებიც ბლომად წამოვიდოდა.
სწორედ ეგ სჭირდებოდა ახლა ექთანს. სახლში უმუშევარი ქმარი და სიცხიანი შვილი ელოდებოდა.
- ჩხობაძე, გაეწერა? - დაბალი ხმით ჰკითხა ექთანმა ელზას.
- უჰ, რა ხანია! - ცოტა არ იყოს, წყენით მიმართა ელზამ.
„მოუნდა ბონუსი.“
გაიფიქრა ელზამ.
„და თვითონ, რა გამიკეთა? ნახევარი კვირა გააცდინა.
ახლა კითხულობს, ჩხობაძეს.“
ელზამ საყვედურის თვალი შეავლო ექთანს. ყოველთვის რაღაც არ მოსწონდა მასში და ახლა კი განსაკუთრებით.
- რაღაც სხვანაირად იკითხა ჩხობაძეზე. - მაშინვე მიურბენინა ენა ელზამ მაკა ექიმს.
- და რა გაგიკვირდა? - ჩაეცინა მაკას. - მთელი ოცდაოთხი საათი მაგ ბავშვს უცლიდა და...
- ჰოო... - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ელზამ.
- მიდი აბა, დაუძახე ერთი.
ელზა მაშინვე წამოდგა.
- დაიცა. - შეაჩერა მაკამ. - მე თვითონ გამოვალ და ვნახავ.
მაკამ დერეფანს გახედა და სადაც ბევრი ხალხი ირეოდა, სწორედ იქითკენ გაიხმო ექთანი.
- ეს გამომართვი! - მაკამ ფული ჩაუკუჭა ექთანს და უფრო სხვების გასაგონად მიმართა. - უარს არ მივიღებ, იცოდე! არ მეჩქარება, როცა გექნება მაშინ დამიბრუნე. ახლა კი შვილს მიხედე, გამოკვლევები კარგად ჩაუტარე, არაფერი გამოგვეპაროს.
- უღრმესი მადლობა, მაკა ექიმო. - ქალს თვალები აუცრემლდა, თუმცა მშვენივრადაც მიხვდა, რომ არავითარი სესხი არ იყო, ეს იმ ჩხობაძის გაყიდული ბავშვის ბონუსი იყო.
- ვაიმე რა კეთილია...
- სასწაული ქალია...
გაისმა აქეთ-იქიდან. ექთანი კი იდგა და მთელი სხეული შიგნიდან უხურდა და ეწვოდა. განსაკუთრებით კი ხალათის ის ჯიბე ჭამდა, სადამ მაკამ ფული ჩაუკუჭა.

 ***
ექთნების ოთახში სიმშვიდე იყო. ახალი მშობიარე არავინ შემოსულა, ამიტომ ყველა თავისთვის ყვინთავდა, მხოლოდ ის ერთი ექთანი ფხიზლობდა ადგილს ვერ პოულობდა. ბოლოს ვეღარ მოისვენა და ერთ-ერთ პალატას მიადგა.
ახალ ნამშობიარებ ქალებს ყველას ღრმად ეძინა. ექთანი ერთ-ერთ საწოლთან შეჩერდა და ძალიან ფრთხილად დაუწყო შეღვიძება მძინარეს.
- ჩუმად, ხმა არ ამოიღო ისე ადექი. - ჩურჩულით უთხრა ექთანმა.
- ჩემი შვილი კარგად არის? თუ? - აკანკალებული ხმით უპასუხა ახალბედა დედამ.
- ჩქარა აიღე უცებ შენი ნივთები და გამომყევი.
- რა ხდება? რა სჭირს ჩემს ბავშვს? - გოგონას ხმაში შიში დაეტყო. - აქ რატომ არ მომიყვანეთ?
- აუუ, დაგვაძინეთ, რააა? - გაიზმუვლა იქვე მეორე საწოლიდან ქალმა და გვერდი იცვალა.
- წამოდი, შენს შვილს გაჩვენებ, მხოლოდ ძალიან ჩუმად. - კვლავ ჩასჩურჩულა ექთანმა.
გოგონა მაშინვე წამოდგა, ხალათი მოისხა.
- შენი ნივთებიც ჩაალაგე რაც მოგყვება უცებ, მიდი დროზე. - ჩუმად შეუძახა ექთანმა. - გამოდი, უკან გამომყევი. არავინ დაგინახოს.
ახალგაზრდა დედა, კვალში მიჰყვა ექთანს. ბედად, სამშობიაროს ამ სართულზე სიმშვიდე იყო, დერეფანშიც არავინ ჩანდა. ექთანი ჩვილების პალატას გასცდა და გვერდით ოთახში შეუძღვა გოგონას.
- აიყვანე შენი შვილი და სასწრაფოდ გაქრით აქედან! - მიახალა ექთანმა გაოგნებულ დედას და თვითონ ღია კარიდან ჩუმად ამოწმებდა, ხომ არავინ მოდისო.
- რაა? - იკითხა გაოცებულმა გოგომ. - მართლა კარგად არის ჩემი შვილი?
- ძალიან კარგად არის და სულ სამი წუთი გაქვს! მოკიდე ბავშვს ხელი და წადით აქედან! ნუთუ წასასვლელი არსად არ გაქვს?
გოგონამ უხერხულად აწურა მხრები.
- არც მეგობარი არავინ გყავს აქ? - უკმაყოფილოდ ჩაეკითხა ექთანი.
- ამ ქალაქში არავის ვიცნობ. - წაილუღლუღა გოგონამ.
- მაგიტომაც ამოგირჩიეს. - დაბალი ხმით ამოიხვნეშა ექთანმა.
- ამირჩიეს? - იკითხა კვლავ გაოგნებულმა დედამ.
- რამდენს ლაპარაკობ, შვილო! - დაუცაცხანა ექთანმა. - აიყვანე შენი შვილი და დროზე დატოვე აქაურობა, სანამ...
- რა სანამ?
- მარტოხელა უმუშევარ, უფულო, უბინაო დედას, სულ ადვილად ჩამოგართმევენ შვილს!
- არა! არა! - შეიცხადა გოგონამ და შვილს ხელი დაავლო. - ამაღამ სად წავიდე არც ვიცი?
- სადაც გინდა! თუნდაც, ვაგზლის მოსაცდელში გაათიე ღამე! მხოლოდ, აქედან გაასწარი და არსად წამოგცდეს, რომ ვიღაც დაგეხმარა!
გოგონამ თავი დაუქნია, ბევრს ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ იმას ფიქრობდა, ბავშვი მართლა არ წამართვანო და ექთანს დაემორჩილა.
ექთანმა კიდევ ერთხელ მოათვალიერა დერეფანი და ბავშვიან გოგოს წინ წაუძღვა. სარდაფისკენ ჩამავალი კიბით, უკანა ეზოში აღმოჩნდნენ. ჭიშკრიდან მოშორებით ერთგან გისოსები გაღუნული და დაზიანებული იყო.
- მომეცი ბავშვი და შენ აქ გაძვერი, ჩქარა!
გოგონამ ექთანს ბავშვი გადასცა, თვითონ გისოსებში გაძვრა. ჩვილი ფრთხილად გამოაძვრინეს. ექთანმა გოგონას ხელში რაღაც ჩასჩარა, გოგონა მაშნვე მაჯაში სწვდა და ჰკითხა:
- რა გქვიათ?
- რაში გაინტერესებს? - მკვახედ მიუგო ექთანმა.
- ჩემს გოგონას მინდა დავარქვა...
- წადი ახლა დროზე, სანამ მთელი სამშობიარო, ფეხზე დამდგარა! პოლიციასაც გამოუძახებენ, იცოდე!
ექთანმა ხელი გაითავისუფლა. გოგონა კი გისოსებს მიღმა იდგა და თითქოს, ადგილიდან დაძვრასაც არ აპირებდა.
- ნატო! - მიახალა ექთანმა, მაშინვე ზურგი აქცია და იქაურობას გაეცალა.
გოგონა კი კვლავ გაოგნებული იდგა და თვალს არ აცილებდა, სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ ექთანს, რომელიც იმავე გზით შებრუნდა სამშობიაროში.
- ნატო... ნატუკა... ნატალი... - წაიჩურჩულა ახალბედა დედამ.
LEX. 2021 წლის 12 ივნისი, შაბათ.

No comments:

Post a Comment