Monday, June 28, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 112)

112.
- სულ ასე, როგორ იტანჯება ჩემი შვილი? ვის რა დაუშავა? ასეთი, რა დაუშავა სამყაროს? 
- შენ ძალიან კარგად იცი, ვინც დააშავა და ვისაც მიუძღვის ბრალი, შენი შვილის უბედურებაში. - მიუგო მულმა, დარდისაგან ლოგინად ჩავარდნილ რძალს. 
- კარგი ახლა, საყვედურების დრო არის? 
- წუწუნის დრო, ხომ არის?! - უკმეხად უპასუხა მულმა. - შენ იმაზე იფიქრე, რომ როგორმე, სიმართლე უნდა უთხრა ბავშვს! 
- რას ამბობ?! - შეიცხადა რძალმა. - სანამ მე ცოცხალი ვარ... აკი, დავიფიცე და... 
- მერე, ვის რად უნდა ახლა, ეგ შენი ფიცი? ვერ ხედავ, რა დღეშია? ეს გამწარებული და თანაც ორსული, როგორ გაიტანჯა და მერე როგორ გივლის, თან გყვება და შენ კი, ასე უნდა დაუფასო? 
- რა გინდა ჩემგან? მე გავამწარე? იქნებ, მე ვესროლე ფიფოს? 
- აი, იმ შენი ცოდვიანი ფიცის გამო იტანჯება ეს ბავშვი და მაგას გეუბნები, ბოლოს და ბოლოს, უთხარი სიმართლე! 
- ხმას დაუწიე. - შეუღრინა რძალმა გაკაპასებულ მულს. - ყველაფერი, შენი მოწყობილი იყო. შენი და შენი ძმის! თქვენ შემომიჩნდით, თორემ მე მარტო, ამდენს როგორ გავბედავდი? 
- და რა? უკმაყოფილო ხარ? - ჩაეკითხა მული. 
- არა, რას ამბობ! პირიქით, ღმერთს მადლობას ვწირავ და სულ გული მეთუთქება, ასე რომ იტანჯება ჩემი ნაფერები, ნალოლიავები და ჩემი გაზრდილი შვილი. 
- ჰოდა, მეც მაგას გეუბნები. დროა უკვე, დრო! აბა, მაინც და მაინც, შენი სიკვდილის მერე უნდა წაიკითხოს ანდერძი? 
- ეჰ, მეგონა ოდესმე შეამჩნევდა, რომ არანაირი გენეტიკური მსგავსება არ არ.... - ქალმა ოდნავ წამოსწია თავი და რაც შეიძლება, დაბალი ხმით დაიჩურჩულა. - ამ ბავშვს, აქ სძინავს? 
- ჰო, რა იყო? - მიუგო მულმა. - არც კი განძრეულა ისე მშვიდად სძინავს. 
- მაგას მოუკვდი მე. - ქალს თვალზე ცრემლი მოერია. - ისე, შენ რა ოსტატურად, მაშინვე როგორ მოიფიქრე ვითომდა დიმეო, მამაშენის ასლია, ჰმ. 
- აბა, რა მექნა? ბავშვი დიდად არც დედას ჰგავს და არც მამას და აბა მართლა, ჩვენ ხომ არ დაგვემსგავსებოდა? 
- არა, აბა ჩვენ, საიდან? - ამოიხვნეშა რძალმა. - ისე, არც ფიფოს მშობლებს რომ არ ჰგავს, აშკარად, სწორედ ის სხვა გენეტიკა აქვს. 

 *** 
ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, დიმეოს სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა. ბიჭს არასდროს არაფერი აკლდა. სიმდიდრე, სითბო, სიყვარული, ალერსი. თუმცა ამ ყველაფერს, ისე უყურებდა, რომ არც ამპარტავნობის გრძნობა გასჩენია და არც კი იმჩნევდა და იფერებდა. საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახი ბავშვი იყო. თუმცა, მაინც ბევრად განსხვავებული, სხვა ჭკვიან და ნიჭიერ კლასელებს შორის. კლასშიც არა ერთხელ დააფიქსირა მასწავლებელმა, რომ არ მისმენო, მაგრამ რამდენჯერაც გამოკითხა, მაშინვე სწრაფი და ზუსტი პასუხი მიიღო. დიმეოს არაჩვეულებრივი და ბევრად განსხვავებული ნიჭი ჰქონდა. მას ერთდროულად შეეძლო, გაკვეთილზე მასწავლებლისთვისაც ესმინა და ფარულად, სულ სხვა წიგნიც ეკითხა. ხანაც რაღაც ჩანაწერებსაც აკეთებდა, ეს იმ დროს, როცა შესვენება იყო და სხვა კლასელებივით ან ბუფეტში უნდა ჩასულიყო, ან დერეფანში უნდა ეთამაშა. რამდენიმე პედაგოგმაც აღნიშნა კიდევაც რომ ბავშვი, ზედმეტად ჭკვიანია და ლამის, უფროს კლასს უტოლდებაო. ამიტომაც, თვითონ დამრიგებელმა მოითხოვა, მისი ერთი კლასით, წინ გადაწევა, მაგრამ წლის ბოლოსკენ ისიც შეატყო, რომ დიმეომ, ამ უფროს კლასსაც, ბევრად წინ გაუსწრო და ახლა, საგონებელში ჩავარდნილი დამრიგებელი, უკვე მშობლებისგან ითხოვდა თანხმობას, დაეტოვებინა თუ არა იმ უფროს კლასში ბავშვი, თუ კიდევ უფრო წინ გადაეყვანა. 
- და თქვენ, უფრო უკეთესად იცით, როგორ სჯობს, არა? - იკითხა გაკვირვებულმა მიმიმ. 
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, როცა ასეთი ნიჭიერი და გონიერი ბავშვია კლასში, მაგრამ... 
- მაგრამ? - ჩაეკითხა მიმი. 
- ამ ტემპით თუ წავალთ, დიმეო ბევრად ადრე დაამთავრებს სკოლას, ვიდრე მისი თანატოლები, მერე უმაღლესი სასწავლებლის დიპლომსაც ბევრად ადრე აიღებს და დარწმუნებული ვარ, რომ დისერტაციასაც, საკმაოდ ახალგზარდა ასაკში დაიცავს, ისეთი გონიერია! 
- და მაინც, აშკარად ჩანს, რომ რაღაც არ მოგწონთ. 
- ბავშვს, ნუ წავართმევთ ბავშვობას! მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. - დამრიგებელმა წუთით იყუჩა. - დღეს, მისი თანატოლებისთვის თუ ორი ფურცელია სამეცადინო, დიმეოსთვის უკვე, ოთხია! ზეგ თუ კიდევ უფრო ზედა კლასით წინ გადავა, ბავშვს ოთხის მაგივრად, უკვე რვა ფურცელი ექნება სასწავლი და ეს მხოლოდ, ერთ საგანში და აბა გადათვალეთ რამდენი საგანია? როდისღა ითამაშოს? როდისღა გაერთოს? ან როდის დაისვენოს? 
- მართალი ხართ. - კვერი დაუკრა მიმიმ. - ბავშვს, ბავშვობა მართლაც არ უნდა წავართვათ და მით უმეტეს ახლა, როცა მამამისის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ისედაც ბავშვი, ასეთ სტრესშია. - მიმიმ ამოიხვნეშა. - იქნებ სულაც სტრესის გამოა, რომ დიმეო, ასე ზედმეტად თავგამოდებით დაეწაფა სწავლას?
- არა, არა! - თავი გააქნია დამრიგებელმა. - მართალია სტრესი, თავისთავად მოქმედებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანზე და ბავშვზე უფრო მეტად, მაგრამ დიმეო, თავიდანვე საკმაოდ ძლიერ გამოირჩეოდა თანატოლებისგან. ასე რომ...
-  და თვითონ, რას ამბობს? 
ცოტა უცნაურია. - მხრები აიჩეჩა დამრიგებელმა. - დიმეოსთვის, თითქოს სულ ერთია რომელ კლასში ივლის, მაინც თავად რაც უნდა, იმას კითხულობს, თუმცა გაკვეთილებიც ყოველთვის მომზადებული აქვს. უბრალოდ, არ მინდა, რომ ბავშვი ზედმეტად დაიტვირთოს და მერე შეიძლება, სულ შესძულდეს სწავლა. უბრალოდ გადაიღალოს, მობეზრდეს და არც ის მინდა, ასეთი დიდი ნიჭის მქონემ, დრო ფუჭად გაფლანგოს. რეალურად, ბავშვი მეორე კლასში უნდა იყოს, თუ არ ჩავთლით იმას, რომ ჩვენ მისი დონით მესამე კლასში გადავსვით, მაგრამ ხან მეხუთე კლასელს ეხმარება, ხანაც მეშვიდეს და ერთ ზარმაც მეცხრე კლასელს, ისეთი თემა დაუწერა, რომ ვერც დავიჯერეთ როცა გავიგეთ, თუ სინამდვილეში, ვისი დაწერილი იყო. 
- ჰმ. - მიმიმ თვალები დაჭყიტა. - იმედია, არანაირი ქრთამის სანაცვლოდ არ აკეთებს ამას, თორემ გავგიჟდები მართლა! 
- არა, არა. - დაამშვიდა დამრიგებელმა. - ეგეც გადავამოწმეთ, არც არავინ აიძულებს და არც არავინ ქრთამავს. თავად სიამოვნებს, რომ უმწეოებს ეხმარება, როგორც თავად აგვიხსნა. 
- უჰ, კიდევ კარგი! - მიმიმ ამოისუნთქა. - თუმცა, სხვისი გაკვეთილების გაკეთება, დახმარება სულაც არ არის. 
- თავისთავად და ეგეც ავუხსენი, მაგრამ ისეთი ჭკვიანური პასუხი მომიგო და თან, არც კი დაფიქრებულა. 
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ. - და, რაო? 
- თემა კი მე დავუწერეო, მაგრამ სანამ კარგად არ გავაგებინე და არ ვასწავლეო, მანამდე არ მოვეშვიო და სანაცვლოდ, რა მიიღე-მეთქი, მაინც ჩავეკითხე ბავშვს და მეტი რაღა უნდა მიმეღო, როცა ყველას ხელი ჩაქნეული გქონდათ და იმან კი ჩემი დახმარებით, მაღალი ქულები მიიღოო. 
მიმის გაეღიმა. გული სიამაყით აევსო და დამრიგებელს მიმართა: 
- და ახლა, რა უნდა ვქნათ? 
- ვფიქრობ, გადავიყვანო კიდევ ერთი კლასით წინ და მერე, ვნახოთ. თუმცა, ერთი კი არა, დიმეო ისეთი გონიერია, სამი კლასით წინაც რომ დაჯდეს, მაინც პირველი იქნება კლასში. 
- არ გვინდა ბავშვის ასე დატვირთვა. 
- გეთანხმებით, მაშინ ეს წელი ჩავამთავროთ და მომავალი სასწავლო წელიდან, მეოთხე კლასის მაგივრად, დიმეო მეხუთე კლასში ივლის. 
- მეხუთე? - გაიკვირვა მიმიმ. - კი, მაგრამ წესით, მეორე კლასს უნდა ამთავრებდეს წელს და შეძლებს? 
- თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე შეძლო და იმაზე მეტიც შეძლო, მაგრამ უფრო ზედა კლასში, აღარ გადავიყვანეთ. არა, ისე თუ ვერ შეძლებს, ისევ გადმოვიყვანთ უფრო დაბალ კლასში, არ არის პრობლემა. 
- კარგი, ვნახოთ. - მიმი წამოდგა და თავში სულ ის უტრიალებდა, ნეტა ფიფო როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს. მიმი დარწმუნებული იყო, ფიფოც ისე იფიქრებდა, როგორც ახლა თავად ფიქრობდა. დიმეოს ასეთი ნიჭი, ნამდვილად პიპას გენებისგან მოდიოდა და არაფერი ჰქონდა საერთო არც მიმისთან და მით უმეტეს, ფიფოსთან, მაგრამ რა უნდა ექნა? იმის შიშით, მისი გენეტიკის ამბავი არ გამჟღავნებულიყო, ბავშვს სწავლას, ხომ არ აუკრძალავდა? 
მიმიმ ერთი ღრმად ამოიხვნეშა და სანამ მანქანას დაძრავდა, გალეოს შეეხმიანა. 
- დიდი ვერაფერი სიახლეა. - უპასუხა გალეომ. - ის კაცი კი ამოვიღეთ კამერებიდან, ვინც უშუალოდ მობილური შეიტანა მარკეტში. მისი იდენტიფიცირებაც კი მოხდა, თუმცა იფიცება, ვიღაც უცნობმა შემაჩეჩა ხელში, ვიღაც ქალს მარკეტში დახლთან დარჩა, გამოვეკიდე ვერ დავეწიე, ახლა ძალიან მეჩქარება და შენ შეიტანეო. მერე მარკეტის სიახლოვეს გადავამოწმეთ და ქუჩის დაღმართზე მარკეტისკენ მიმავალი კაცის სიახლოვეს, ტაქსი ჩერდება. ვიღაც მანქანიდან, რაღაცას აწვდის. სავარაუდოდ, მობილურს და ტაქსიც მაშინვე ტოვებს იქაურობას, ის კაცი კი, ქუჩას ჩაუყვება და მარკეტში შედის. 
- მდაა. დიდი ვერაფერი ინფორმაციაა. 
- სახეზე კეპიანი ქუდი ჰქონია ჩამოფხატული, არც კი ჩანდაო. მერე ის ტაქსიც ამოვიღეთ კამერებიდან და მანაც ბევრი ვერაფერი გვითხრა. თუმცა ის კი თქვა, რომ პარალელური ქუჩიდან აიყვანა მგზავრი, შემდეგ მარკეტისკენ გავედითო და იქ პირველივე შემხვედრს, რომელიც მარკეტისკენ მიდიოდა რაღაც გადასცაო, მერე კი იმავე ქუჩაზე გამაყვანინა თავი, სადაც ჩავისვიო. 
- რა სასწაულია! - აღმოხდა მიმის. - და შენ მაინც, თუ გჯერა? 
- დაუჯერებელი, არც არაფერია. - გალეომ ამოიხვნეშა. - თუმცა არც გამიკვირდება, რომ სამივე ტყუოდეს. 
- და ეს სპექტაკლიც, სპეციალურად დადგეს. 
- ამიტომ ის ტაქსიც და ის კაციც, უკვე აყვანილია თვალთვალზე, მაგრამ ჯერ საეჭვო, არაფერია და შეიძლება, არც შემდგომში იყოს. 
- ესე იგი, ეგ ხალხი ერთჯერადად გამოიყენეს? 
- კი, მიმი, ეგეც ვიფიქრეთ და უკვე აღარც ვიცი, რა ვიფიქრო. 
- და იმ ვიდეოზე? 
- მაგას ამ საღამოს რომ გესტუმრები, მაშინ გეტყვი. მხოლოდ ცოტა გვიან შეგაწუხებ, თუ არ გეწყინება. 
- აბა, რა უნდა მეწყინოს? მოდი, როცა გინდა, მაინც ვერ ვიძინებ გვიანობამდე. - მიმი გალეოს გამოემშვიდობა და კლინიკისკენ გასწია, სადაც ორი უსაყვარლესი ადამიანი ჰყავდა მისახედი. 
ფიფოს მდგომარეობა, კვლავ არ იცვლებოდა. ისევ ისე უგონოდ იყო, მაგრამ არც მიმი და არც მისი ახლობლები, იმედს მაინც არ კარგავდნენ. ხოლო რაც შეეხებოდა მიმის დედას, ახლა უფრო ბევრად უკეთ იყო, თუმცა მის გამოჯანმრთელებას, ცოტა რაღაც უცნაურობებიც ახლდა თან. დღითიდღე სულ უფრო კარგად ხდებოდა, მერე თანდათანობით, დამოუკიდებლად ყლაპვაც შესძლო და ზონდიც აღარ დასჭირდა. ხელებსაც ძლივს ამოძრავებდა, მაგრამ ლაპარაკით, ისევ ვერ იღებდა ხმას და ხელით, ძალიან სუსტად ანიშნებდა, რაც უნდოდა. ეს მართლაც ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, იმასთან შედარებით, როგორიც მანამდე იყო, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ რატომღაც სახლში გაწერას, არც კი ითხოვდა, როცა სხვა დროს, მიმი დარწმუნებული იყო, რომ დედა, ასე არ მოიქცეოდა.
„დარწმუნებული ვარ, ფიფოს გულისთვის იქცევა, ასე.“ 
ფიქრობდა მიმი. 
„ისედაც გადარბენაზე ვარ და არ უნდა, რომ ზედმეტად გამაწვალოს, ბარემ ორივე ერთად ადგილას მეყოლება მისახედი. ეჰ, ჩემი მზრუნველი დედიკო, როგორ ავად არის, ხმასაც ვერ იღებს და მაინც, ჩემზე როგორ ფიქრობს.“ 
კლინიკის მოსაცდელში, დიმეოსთან ერთად, ქირურგიც დახვდა. 
- მშვიდობაა? - შეშინებული ხმით იკითხა მიმიმ. 
- ისევ ისე. - მიუგო ქირურგმა. 
მიმის გულზე მოეშვა. 
- დიმეომ, გამოიძინა ბებოს პალატაში. მერე დამშეული ნათლია ეწვია, ასევე მოშიებულ ნათლულს და ბურგერებზეც გამოვედით. მერე ნაყინიც მივაყოლეთ და ახლა არ გვითხრა, ჯერ რა დროს ნაყინიაო? - სიცილით დაასრულა ქირურგმა. 
- არ ვიტყვი, მაგრამ მაინც საფრთხილოა. - მიუგო მიმიმ და მერე ქირურგს, დაბალი ხმით მიმართა. - ოდნავ მაინც სიახლე არ არის? 
- ნუ, რა გითხრა აბა? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - ფიფოსთან არაფერი შეცვლილა. დედიკო კი, ბევრად უკეთ გყავს, მაგრამ წესით, უკვე უნდა ლაპარაკობდეს, სულ მცირე, დამახინჯებულად მაინც უნდა ამბობდეს, თუნდაც გაურკვეველ სიტყვებს. 
- მდაა. რა ცუდია, დედას რომ ლაპარაკი არ შეუძლია. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- და, დარწმუნებული ხარ? - მოისმა შორიახლო მდგარი დიმეოსგან. 
- რაა?! - ერთ დროულად იკითხეს გაკვირვებულმა მიმიმ და ქირურგმა. 
- არა. არაფერი. - მშვიდი სახით მიუგო დიმეომ. 
- ღმერთო ჩემო, ამის უცნაურობებმა, ხომ მომკლა! - თავი გააქნია მიმიმ. 
- ჰმ, რა ჩაიდინა ასეთი, ჩვენმა პატარა გენიოსმა? - ღიმილით იკითხა ქირურგმა. 
- მგონი, მართლაც გენიოსია. - მიუგო მიმიმ. - დამრიგებელს უნდა, რომ მეხუთე კლასში გადასვას და არც კი ვიცი ეს კარგია, თუ ცუდი? ნუუ, ცუდი, რატომ უნდა იყოს, მაგრამ რამდენად კარგია ეს, მეორე კლასელი ბავშვისთვის? 
- ხედავ, მიმი? მაინც გენეტიკა, რამდენს ნიშნავს? - დაბალი ხმით დაურთო ქირურგმა. 
- კარგი, რაა. - მიმიმ ვედრებით შეხედა. - არ გვინდა რა, ახლა. 
- ისე, თავად უნდა გადაწყვიტოს, მხოლოდ უკან დასახევ გზასაც, ნუ მოიჭრის. სწორედ ეს შეეშალა...
- კარგი. გასაგებია. - შეაწყვეტინა, ცოტა არ იყოს უკვე ნაწყენმა მიმიმ. მშვენივრად მიხვდა, ვის რა, და როდის შეეშალა, ქირურგი პიპას გულისხმობდა და მართალიც იყო. 
- დამშვიდდი მიმი. საუბრის დოზა, არასდროს შემშლია. 
- ავალ ერთი, ვნახავ ჩემებს და საღამოს გვიან, ჩემთან ვიკრიბებით, ჩუკისაც უთხარი. 
- შენს სახლში, თუ? 
- არა. ძველ სახლში, დედასთან. - მიმიმ ამოიხვნეშა. - დედასთან, მაგრამ დედის გარეშე. 
მიმიმ ჯერ, ფიფო მოინახულა. თვალცრემლიანი შეჰყურებდა, უზარმაზარი შუშის კედლის იქეთ, აპარატურებზე შეერთებულ ფიფოს და გული სევდით ევსებოდა. 
„ნუთუ ჯერ კიდევ, ხელმოსაჭიდი არაფერია? 
ან იქნებ, გალეო მიმალვს და... 
არა, რაა, რაღაც უნდა ვათქმევინო! დავიჯერო, ცოტა წინ, ვერ წაიწია? 
შეიძლება სულაც, ტელეფონში არ მითხრა და გვიან როცა მოვა, მაშინ მეტყვის ყველაფერს, ან რაც იცის, იმას მაინც, ეჰ.“ 
მიმიმ კვლავ ამოიხრა და ახლა, დედის პალატისკენ გასწია. 
- რა კარგია, ეს პალატა. ორ ადგილიანი მაინც არის. - აღნიშნა მიმიმ და დედას საწოლთან ახლოს ჩამოჯდა და მერე კი მზერა, იქვე მეორე საწოლზე მთვლემარე მამიდისკენ გადაიტანა. 
- ჩვენი ქირურგის დამსახურებაა, მხოლოდ იმ პირობით, რომ შენ არ დარჩები ღამით აქ. - ღიმილით უპასუხა მამიდამ და კვლავ თვალები მილულა. 
- ამაზედაც მადლობელი ვარ, აქ მოსვლისას ფეხზე დგომა რომ არ გვიწევს. - მიმიმ დედას გადახედა. - არაფერი შეცვლილა? ნეტა ხმას, რატომ ვერ იღებს? 
- რა ვიცი, შვილო. - მამიდამ თვალი აარიდა. - შეიძლება, უცებ ამოიდგას ენაო. 
- მართლა? - გაუხარდა მიმის. - ნეტავ, მალე დადგეს ეგ დრო. - ინატრა მიმიმ. - და მამიდ, შენ ამაღამ, არ წამოხვალ სახლში? 
- არა. იყოს ვიქნები. 
- და ღამის გათევის უფლება, მოგცეს აქ? 
- შენ არ გრთავს ქირურგი ნებას, თორემ სანამ ადგილებია, ჯერ კიდევ შეიძლება. ახლა თუ იმდენი პაციენტი შემოვა, დავუთმობ, აბა რაა. 
- ვარგა ეს საწოლი? რამე ხომ არ მოგიტანო? 
- ისე მშვენივრად ეძინა დიმეოს. - გაეცინა მამიდას. - მთელი ღამე, ალბათ გაათია კომპიუტერთან. 
- ძანესთან ერთად იყო და ღამით, გვიანობამდე რომ არ აყურებინებენ, ეგ კი ვიცი. ალბათ, მაინც ითამაშეს მთელი ღამე, ჩუმად. - ჩაეღიმა მიმის. 
- ისე ჩემი პლედი კი მინდოდა, მაგრამ შენ არ მინდა ამდენი გაწვალო, ხვალისთვის იყოს. 
- გამოვატან ვინმეს, ბიჭებიდან. შენ მაგაზე, არ იდარდო, მამიდ. 
საღამოს გვიან მიმისთან შეიკრიბნენ. დიმეოს დედიკოს ძველ ოთახში, მიმის მამის, ყოფილი კაბინეტიდან მოშორებით, უკვე რა ხანია ეძინა. ამიტომ, მშვიდად და თავისუფლად საუბრობდნენ. 
- ლამის, მთელი ქალაქი ავაწრიალე. - განაგრძობდა გალეო. - ქუჩის კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, სულ სათითაოდ გავშიფრეთ, მაგრამ სადაც ის ტიპი გამოჩნდა, კეპი ისე აქვს ჩამოფხატული ცხვირზე, რომ სახეც კი არ უჩანს! ძალიან კარგად ჰქონდა შესწავლილი, თუ რომელ ქუჩაზე, რომელი კამერა, რომელი მხრიდან და რა კუთხით აფიქსირებდა და მაქსიმალურად ერიდებოდა. 
- ეს, არც უბრალოდ დაქირავებული კაცი იქნება და არც რომელიმე, რიგითი ავაზაკი. კარგად გაწვრთნილი ჩანს. - დაურთო ჩუკიმ. - და ასეთ წვრთნას, სადაც იღებენ, ესეც ცხადია უკვე. 
- ანუ? - გაკვირვებით იკითხა მიმიმ. 
- ანუ, სადღაც ჩვენს სიახლოვეს. - მიუგო გალეომ. 
- თანამშრომელია? - მიმის ახლა უფრო გაოგნებული სახე ჰქონდა. 
- ჰო! მიმი, ჰო. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - შენც ხომ ხვდები, ფიფოს ვინ და რა ხალხი გაუბედავდა ამას. 
- ეგ ისეთი თანამშრომელია. - განაგრძო კვლავ გალეომ. - პურის საყიდლად რომ გამოდის გარეთ, მაშინ ერთს კი არა, ხუთ საქმეს აგვარებს ერთდროულად. მერე მშვიდი სახით ბრუნდება ოჯახში, გზაში რომელიმე მეზობელს, მძიმე ჩანთასაც მიატანინებს. ყოველი მეზობლის ფანჯარა, სად რომელ ქუჩაზე და როგორი არეალით ფიქსირდება, ისიც კი იცის. ყველგან იქნება შესული, მილიონი მიზეზით, რაც მთავარია, გამარჯობა და მოკითხვა, არც ავიწყდება და ასე შემდეგ, ასე წვრთნიან აგენტებს. 
- და ეგ არის, მკვლელი? - კვლავ იკითხა მიმიმ. 
- აუცილებელი არ არის, რომ სწორედ ეგ იყოს. - მიუგო გალეომ. - მასეთები გუნდში ერთი კი არა, ათი ეყოლებათ! ან ათჯერ, ათი. 
- თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საქმეში, ბევრს არ ჩარევდნენ. - ჩაურთო ჩუკიმ. 
- მოკლედ ეს ბიჭი, გამომძიებელი უნდა იყოს და არა ადვოკატი. - სიცილით გადახედა გალეომ ჩუკის. - დიახაც, მასეც იქნება, შეიძლება ეგ არის მკვლელი, ან მეორე, სხვა. 
- ან იქნებ, ის ტაქსისტი? - მწარედ ჩაეცინა მიმის. 
- შეიძლება. - თავი დაუქნია გალეომ. 
- ესე იგი, არსად წესიერი მოწმე, არ ჩანს, არა? - იკითხა ქირურგმა. - კი, მაგრამ სასწრაფო მაინც, ვინ გამოიძახა? დავიჯერო, ისევ იმ მკვლელებმა? 
- არა, ეგ გამორიცხულია! - გალეომ წამით იყუჩა და მერე ლეპტოპი გახსნა. - აი ახლა, აქედან, ამ ოთახიდან, ამ კედლებიდან არანაირი... 
- კარგი, რა გალე რაა. - იწყინა მიმიმ. - ყველანი ჩვენები ვართ. მამიდაჩემიც კი იქ დავტოვე ღამის გასათევად. 
- ძალიან კარგი და აბა შეხედეთ ახლა, ამ ვიდეოს. - გალეომ ლეპტოპი ჩართო. - აი, ვინც იღებს ამას, ის არის მკვლელი და ნახეთ რა ხდება აქ. 
მიმის ცრემლები, ღაპაღუპით გადმოსცვივდა. ჩანაწერზე ყველაფერი ნათლად ჩანდა. თუმცა ხმა, არ ჰქონდა, მაგრამ მაინც მისახვედრი იყო, ფიფო როგორ უცებ შემოტრიალდა, სავარაუდოდ დაძახილზე. პირველმა ტყვიამ, კისერთან გაჰკრა, ეს ის დამწვარი ზოლი იყო, ფიფოს რომ აჩნდა. 
- ესე იგი, სახეში ესროლეს? - მიმის ხმა აუკანკალდა. - მართლა მოკვლა ჰქონდათ ჩაფიქრებული. 
- პირველივე ტყვიაც კი სასიკვდილო იქნებოდა! სავარაუდოდ, ან ფიფომ მოახერხა ოდნავ თავის გაწევა ან მკვლელმა, შემთხვევით ააცილა. - დაურთო გალეომ. 
- თან რადგან ამ ყველაფერს, მობილურით იღებდა, მაგ დროს ალბათ, ისე ვერ გათვალა. - ჩაურთო ჩუკიმ.
- სრულიად შესაძლებელია! - კვერი დაუკრა გალეომ. - სამწუხაროდ, დანარჩენი ტყვიებიც მაშინვე დაახალა, ისე რომ ფიფომ, გააზრებაც ვერ მოასწრო და უკან გადავარდა. 
- აი, ნახეთ! აქ ახლოს მივიდა და ჯიბეებს უქექავს! - კვლავ ჩაურთო ჩუკიმ.
- ჩვენი სახლის გასაღები! - აღმოხდა მიმის, როცა დაინახა, მკვლელმა როგორ ამოუღო ჯიბიდან გასაღების აცმა და ხელში შეათამაშა. შემდეგ საფულე, შემდეგ კი მობილურიც მოისროლა. - მეორე დღესვე ყველა საკეტი გამოვცვალე. 
- მობილური სავარაუდოდ, კედელს შეანარცხა. - აუხსნა გალეომ. - ექსპერტმა ასე დაასკვნა, თუმცა დარეკვა, მაინც გახდა შესაძლებელი, რადგან ვიღაცამ, სწორედ ფიფოს მობილურით გამოიძახა სასწრაფო! საკმაოდ ძლიერი ტელეფონი ყოფილა. 
- და ახლა, რას შვება? - მიმი მონიტორს ჩააშტერდა.
- ჯიბეები რომ ამოუქექა. - განაგრძო ისევ ახსნა გალეომ. - მერე აშკარად, ფეხზე წამოდგა! აი, ნახე! იარაღიანი ხელი როგორ მიუშვირა? უნდა რომ კიდევ ესროლოს, მაგრამ აქ, რაღაც ხდება! ხელი თითქოს, უფრო ზემოთ აესხლიტა, ან ვიღაცამ აჰკრა მკლავთან და ალბათ, ის ტყვიაა კედელში შერჩენილი, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ამის მერე კი აღარაფერია! ჩანაწერი, აქ წყდება! 
- ვიღაცამ, ფიფოს უშველა? - წაიჩურჩულა მიმიმ. 
- სავარაუდოდ, კი. - კვერი დაუკრა გალეომ. - სასწრაფოსაც ალბათ, ეგ გამოიძახებდა. 
- იქნებ, ერთ-ერთი იმათგანი იყო? - კვლავ იკითხა მიმიმ. 
- ვერაფერს გეტყვი, მიმი. - მიუგო გალეომ. - ეგ ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა, ეგეც შეიძლება.
- ესე იგი, თუ ფიფოს მოკვლა შეკვეთილი იყო და ამას არც გამოვრიცხავ. - ჩაერთო ქირურგიც. - მაშინ იქ, ვიღაც შემთხვევით შეესწრო და ხელი შეუშალა და არც გამოჩნდება, რადგან მკვლელის ეშინია, იმალება და მართალიც არის! ვის უნდა ასეთ რისკზე წასვლა? ცოცხალი მოწმეა, ბოლოს და ბოლოს! 
- და რომ ამბობდი, იქ სხვა ჯგუფის სისხლიც არის ფიფოსთან ახლოსო? - იკითხა ჩუკიმ. 
- ჩემი ვარაუდით. - დაიწყო გალეომ. - აი, იმ საკონტროლო გასროლას როცა ხელი შეუშალეს, მანდ რაღაც ხომ არ ჩაარტყეს მკვლელს? ამას ვფიქრობ. ან სულაც, იმ მოწმეს მოხვდა ტყვია და სავარაუდოდ, მაინც შეშინებულია, იმალება. მკვლელს ემალება. 
- თუ ასეთი შეშინებულია, მაშინ რაღას დაესხა თავს მკვლელს? - ბრაზ მორევით იკითხა მიმიმ. 
- ეს შეიძლება, უცებ ინსტიქტი იყო. - მიუგო გალეომ. - უცებ იმოქმედა, რასაც შეესწრო, მერე ალბათ მკვლელმა, მასაც ესროლა? ან იქნებ, იმ მოწმესაც ჰქონდა იარაღი? ან სულაც, ქვა ჩაარტყა? ჩანაწერი სწორედ იქ წყდება, როცა უკვე მკვლელი ზემოდან დაჰყურებს ფიფოს, რომელიც აშკარად გონზე აღარ არის, კიდევ უნდა ბოლო ტყვიაც დაახალოს და უცებ, რაღაც ხდება. მკვლელის მკლავი, ეფარება მობილურის ეკრანს და მერე უკვე, წყდება კავშირი. 
- კი, მაგრამ რაღაზე იღებდა? რისთვის იყო საჭირო, ამის გადაღება? - მიმი ცრემლებს ვეღარ იკავებდა. 
- ვინც მამაჩემის მკვლელობა დაგეგმა და შეუკვეთა, თავის თვალით უნდა ენახა, მისი სიკვდილი, მხოლოდ ისე, რომ თვითონ არ გამოჩენილიყო! - სხაპასხუპით მიაყარა, საძინებლიდან გამოსულმა, საღამურის პიჟამაში გამოწყობილმა დიმეომ. 
LEX. 2021 წლის 28 ივნისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment