- დედი, არ გძინავს? - მიმი გულაჩუყებული წამოდგა და დიმეო ჩაკოცნა.
- დეე, კარგი რაა, სტუმრებია. - სხვების თანდასწრებით, დედის ასეთ ალერსზე, ბავშვმა თავი უხერხულად იგრძნო და ოდნავ უკანაც დაიხია.
სტუმრები ღიმილისგან ძლივს იკავებდნენ თავს, დიმეომ ესეც შეამჩნია, ახლა უფრო მეტად მოიბუზა და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
- მეც მინდა ვიდეოს ნახვა! - ისე მიადგა ლეპტოპს, რომ უფროსების ნებართვას არც დაელოდა.
- დიმე! - უსაყვედურა მიმიმ. - ყველაფრის არც ნახვა და არც მოსმენა შეიძლება და თანაც, ეს ისეთი საიდუმლოა, რომლის ოდნავ მაინც გამჟღავნებასაც კი არა ერთი მსხვერპლი მოჰყვება!
- დეე, რა იყო? - შუბლი შეკრა ბიჭმა. - ჩამშვები, ან ენატანია, როდის ვყოფილვარ? მე მხოლოდ იმის გამოძიება მინდა, ვინ ესროლა მამიკოს!
- ოჰო! - მიმიმ წარბები აზიდა და გალეოსკენ მიანიშნა. - ეს კაცი, აბა აქ, რას გვიკეთებს? ჩვენს ძმაკაცობაში კი არ უხდიან ხელფასს. - მიმიმ ახლა ვედრებით მოავლო თვალი სტუმრებს, თქვენც მომეშველეთო, მაგრამ ჩანდა, ბიჭს რატომღაც ყველა სტუმარი უჭერდა მხარს. თუმცა, სიტყვა არავის დაუძრავს.
- საკმაოდ მძიმე სანახავია. - დაიწყო გალეომ. - როგორც ყოველი ჩვენთაგანისთვის და ასევე და განსაკუთრებით კი, ოჯახის წევრისთვის.
- მაინც მინდა ჩანაწერის ნახვა! - გაჯიუტდა ბავშვი.
- დიმე, შენს სიჯიუტეზე არ არის აქ საქმე. - მიმიმ ახსნა სცადა.
მოულოდნელად დიმეომ დასტაცა ლეპტოპს ხელი და ისეთი სისწრაფით გაქანდა და საძინებელში შეიკეტა, რომ ხმის ამოღებაც ვერავინ მოასწრო.
- ეს რა გააკეთა? - გაბრაზდა მიმი. - დიმე! ახლავე გამოდი!
დიმეომ ხმა არ გასცა.
მიმი საშინლად შეწუხდა და გალეოს მოუბოდიშა:
- ნუ, გეშინია არაფერს გაუფუჭებს და თუ რამეა, ახალს მოგიტან, ეგ არ არის პრობლემა...
- არა, მიმი ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ბავშვი ისედაც სტრესშია და ახლა კიდევ ამ ჩანაწერის გამო, უფრო...
- ამ შემთხვევაში სჯობს, მართლაც ჩვენთან ერთად ნახოს. - ქირურგი წამოდგა და საძინებლის კარს მიადგა. - დიმეო, გამოდი. მე პირადად გთხოვ და ყველამ ერთად ვუყუროთ. არ გინდა მარტო, მაგის ნახვა, დამიჯერე, ძალიან გთხოვ.
ბავშვმა ხმა არ გასცა.
- ეს უკვე მეტისმეტია! - მიმი სკამიდან წამოიჭრა. - სიტუტუცესა და ჯიუტობას შორის, საკმაოდ დიდი სხვაობაა! ახლავე გააღე კარი! - მიმიმ რამდენჯერმე ზედიზედ უთავაზა მუშტი კარს.
კარი ფრთხილად გაიღო და დიმეო მშვიდი, საკმაოდ მიამიტი სახით გამოჩნდა.
- დეე, რა მოგივიდა? - დაბალი და ოდნავ გაბუსული ხმით მიმართა ბავშვმა.
- ვიცი, დიმე, რომ მამა ძალიან გენატრება და გული გტკივა, ასეთ მდგომარეობაში რომ ნახე. - დაიწყო მიმიმ. - ამიტომაც არ მინდოდა, რომ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გენახა, მაგრამ არ დაიშალე, მეც ნება დაგრთე და სამაგიეროდ, რა მივიღე? შენი სიჯიუტე იმაზე, რაც არც შენს ასაკს შეჰფერის და არც სტუმრებისა და უფროსების პატივის ცემას უხდება და რა გამოვიდა? როგორ შვილს ვზრდი მე?
- კარგი მიმი. - ჩაერია ქირურგი. - მესმის დიმეოსი, ბიჭია, თანაც როგორი ვაჟკაცი ბიჭია, მას მხოლოდ უნდა რომ დაგვეხმაროს, თავისი წვლილიც შეიტანოს.
- ისე, მეც მასეთი ვიყავი პატარაობიდანვე. - დაურთო ჩუკიმ. - მე და ჩემი და სპეციალურად ერთსა და იმავე დეტექტივებს ვკითხულობდით, მერე ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ზუსტად დაასახელებდა წინასწარ მკვლელს და ამ შემთხვევაში კი, მეც მესმის დიმეოსი.
- რას ვერჩით ამ ბავშვს? - ახლა გალეოც ჩაერია. - დიმე მოიტანე ლეპტოპი და მოდი ერთად ვუყუროთ და ნებისმიერ დროს შეგიძლია მითხრა და გავთიშოთ.
დიმეო ცოტა არ იყოს, უკმაყოფილო სახით შებრუნდა, ნელი ნაბიჯებით, ლამის ლასლასით შევიდა ოთახში, თითქოს ფეხს ითრევსო, მაგრამ უკან შემობრუნებისას ჩუკის შეეფეთა კარში და შეცბუნდა. თუმცა, მაშინვე აიყვანა თავი ხელში და ჩვეული სახით, ლეპტოპიც გამოიტანა და მაგიდაზე დადო.
- მოასწარი უკვე ყურება? - ღიმილით შეეკითხა გალეო.
დიმეომ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- წესით, უნდა მოესწრო. არც იმდენად დიდი ფაილია. - ისე დაურთო ჩუკიმ, რომ ბავშვს, თვალს არ აცილებდა.
დიმეო ოდნავ გაფითრდა, მაგრამ ჩუკის მეტს, არავის შეუნიშნავს.
ჩანაწერის ჩართვის წინ, მიმი უსიამოვნოდ შეიშმუშნა. განიცდიდა, ასე პატარა ბავშვს, საყვარელი მამის მკვლელობა, როგორ უნდა ენახა, მაგრამ მის და გასაკვირად, დიმეოს სულ სხვა სახე ჰქონდა. საკმაოდ მკაცრი, სერიოზული და დაფიქრებული სახით შეჰყურებდა ყოველ დეტალს. რამდენჯერმე უკანაც კი გადაახვევინა და უფრო მეტად ჩაუღრმავდა თითოეულ მომენტს.
- აბა, რას იტყვით? - იკითხა გალეომ.
ყველამ უნებურად, დიმეოს გადახედა.
- ჩემი აზრი გაინტერესებთ? - იკითხა ბავშვმა.
- რატომაც არა! - მიუგო გალეომ. - დაიწყე ჯერ შენ და მერე, სხვებმაც იაქტიურეთ.
- მკვლელი მარტო მივიდა. - სერიოზული ხმით დაიწყო დიმეომ.
- და რატომ ფიქრობ მასე? - ჩაეკითხა გალეო.
- მაშინ იმ სხვასაც ხომ უნდა ესროლა? აქ კი ჩანს, რომ მხოლოდ ის ისვრის, ვინც თან მეორე ხელით, მობილურით აფიქსირებს იმას, რაც დაუკვეთეს და თანაც, თუ ამ მკვლელს, ვიღაცამ შეუშალა ხელი, მაშინ ნამდვილად მარტო ყოფილა, რადგან ამის საშუალებას, არც მისცემდა ის სხვა, მეორე!
- ესე იგი, შეკვეთილი მკვლელობაა? - კვლავ ჩაეკითხა გალეო ბავშვს.
- და თქვენ, ასე არ ფიქრობთ, ყველანი? - დიმეომ გაოცებული სახით მოავლო ყველას თვალი.
- იცი, დიმე. - დაიწყო დეტექტივმა. - ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, რომ ყველა ვარიანტი, აბსურდულიც კი უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ მივიდეთ სწორ დასკვნამდე. ამიტომ, მასეც ვიფიქრეთ და კიდევ უამრავი სხვა ვერსიებიც გვაქვს, მაგრამ ახლა, მართლაც შენ მინდა მოგისმინო. ისე, მეც შენსავით ვფიქრობ, რომ ეს შეკვეთა იყო და ამიტომ იღებს მკვლელი, შესრულებული სამუშაოს დამამტკიცებელ კადრებს, რომ დამკვეთს აჩვენოს, დაუმტკიცოს და თანაც, თავს იზღვევს და სხვის მობილურს იყენებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ კადრებს, არსად არ აგზავნის და სავარაუდოდ, პირდაპირ ორიგინალს აჩვენებს დამკვეთს. მერე საგულდაგულოდ შლის ჩანაწერს და ის მობილურიც პატრონს უბრუნდება!
- და ვისი მობილური იყო? - იკითხა დიმეომ. - იქნებ, სულაც არ დაუკარგავს და ისიც საქმეშია ჩართული? ან ბოლოს მიხვდა, თუ რა საქმეც იყო და მანვე შეუშალა ხელი?
- მშვენიერი ვერსიაა, მაგრამ ეს ყველაფერი, უკვე გადამოწმებულია. - უპასუხა გალეომ. - მობილურის პატრონი, ნამდვილად ვიცით, რომ არაფერ შუაშია, რადგან შემთხვევით დაკარგა. უფრო სწორად, ააცალეს და მერე როგორც დაკარგული ნივთი, ისე დაუბრუნდა და თან, ყველაფერი წაშლილი დახვდა. არც კი იცის, თუ რა ჩაიწერეს, ან საერთოდ, რა მოხდა.
- და ის მობილური? კარგად გადამოწმდა? - კვლავ იკითხა ბავშვმა.
- რა თქმა უნდა! - მიუგო დეტექტივმა.
- ესე იგი, არსად გააგზავნეს ჩანაწერი და ალბათ მართლა ისე აჩვენეს. - ჩაფიქრებული ხმით თქვა დიმეომ. - და ვიღაცამ რომ ხელი შეუშალა, ამასაც ხომ ნახავდნენ, ის დამკვეთები? და ესე იგი, ახლა მოწმეს ეძებენ? ან იქნებ, იპოვნეს კიდეც?
- ვერაფერს ვიტყვი მაგაზე. - მხრები აიჩეჩა გალეომ. - თუმცა, ერთი რამ კი ვიფიქრე, შეიძლება მკვლელმა ბოლომდე არც აჩვენა კადრი? დამკვეთისთვის მთავარი ის იყო, რომ ფიფო უკვე... ნუ აღარ გავაგრძელებ დეტალებს.
- მკვლელს, სულაც არ აწყობდა საქმის ჩაშლა, ან თუნდაც, ხელის შეშლა. შეიძლება, მართლაც ბოლომდე არ აჩვენა? რატომაც არა? და თუ მასეა, მაშინ იმ მოწმეს, მხოლოდ ის მკვლელი ეძებს და მხოლოდ მან იცის მისი არსებობის შესახებ. - დაასკვნა ჩუკიმ. - ან იქნებ, უკვე ნახა? როგორც დიმეომ თქვა.
- მანდ კიდევ, რაღაც მოხდა და მხოლოდ ბოლო კადრში შეიძლება ამის გარკვევა. - დიმეომ ჩანაწერი ბოლოსკენ გადაახვია, მერე ლეპტოპი თავისკენ მიიწია, რაღაცას ეძებდა პროგრამებში და უკმაყოფილოდ მიმართა გალეოს. - რა ცუდად აწყობილია, არც ერთი წესიერი პროგრამა არ არის, არანაირი ვიდეო რედაქტორი არა აქვს.
- ვაიმე, აბა მე რა ვიცი, ამდენი. - გაეცინა გალეოს.
- დიმე! - მიმართა მიმიმ, რომელიც აქამდე, სხვებივით გაოგნებული უსმენდა ბავშვს და ხმის ამოღებასაც, თითქოს ვერ ბედავდა. - არაფერი გაუფუჭო, შეეშვი.
- მე მხოლოდ, იმ ბოლო კადრის შენელება მინდა და პიქსელების გასუფთავება, რომ უფრო კარგად დაფიქსირდეს თითოეული კადრი. - უპასუხა ბიჭმა.
- ჰოდა, თუ იცი მაგდენი, ბარემ დაგვეხმარე. - ღიმილით მიმართა გალეომ ბავშვს. - მანამდე მე გავალ აივანზე, მოვწევ.
- მეც გამოვალ. - ქირურგიც წამოდგა.
- მე არ ვეწევი, ამიტომ ვრჩები აქ. - გაეღიმა ჩუკის.
- ისეთი გემრიელი ქათმის მსუბუქი სალათი მაქვს. - მიმი სკამიდან წამოიწია. - წეღან მარტო ჩაით შემოიფარგლეთ. ვახშამზე უარი მითხარით, მაგრამ მე თქვენგან განსხვავებით, უკვე საკმაოდ მომშივდა. ატმის კომპოტიც მაქვს, გინდა დეე?
- მეც მომშივდა. - მიუგო ლეპტოპში თავჩარგულმა დიმეომ. - კომპოტსაც დავლევ.
მიმი როგორც კი გავიდა, ჩუკი მაშინვე დიმეოსთან ახლოს მიიწია და რაც შეიძლებოდა, დაბალი ხმით დაიწყო:
- მგონი, შენც ხვდები, არა? რომ შეგამჩნიე.
- და რა? - უკმეხად მიუგო ბავშვმა. - რა შემამჩნიე?
- დიმე. - რბილად მიმართა ჩუკიმ. - გთხოვ, მასე ნუ მელაპარაკები. ჩვენ ხომ ყველანი, მეგობრები ვართ? აქ გვიან ღამით, სხვისგან თვალს მოფარებით, იმიტომ შევიკრიბეთ, რომ...
- კი ვიცი, მაგრამ ხომ ნახე? ესენი არ აქცევენ იმას ყურადღებას, რაც შეიძლება, ყველაზე საჭირო იყოს!
- მერე ხომ დაგრთეს ნება?
- იმედია, არავის ეტყვი. - დიმეომ ქვემოდან ამოხედა. - ჩემს ლეპტოპში გადავწერე, რომ უფრო კარგად გავარკვიო.
- დიმე, ხომ იცი, რომ ეგ ისეთი სამხილია, მარტო ჩვენ კი არა, ამ სახლს მთლიანად აწევენ ჰაერში და იცი შენ ეს კარგად, ჭკვიანი ბიჭი ხარ.
- არავის ვეტყვი, ნუ იდარდებ.
- ხომ შეიძლება, შეყვარებულს გაანდო? - ღიმილით უთხრა ჩუკიმ.
- ოოო, კარგი რააა? - დაიჯღანა ბიჭი. - არ მყავს შეყვარებული.
- შეიძლება უბრალოდ, მოგწონდეს გოგო, მეგობრულად და იმას გაანდო?
- არა! - მტკიცედ უპასუხა ბიჭმა. - თუ გინდა, რომ მეგობარი, საფრთხეში არ ჩააგდო, ასეთი მძიმე საიდუმლო, არ უნდა გაუმხილო!
- ოჰო! - გაღიმა ჩუკის. - შენ ნამდვილი მეგობრობა გცოდნია!
- აბა, რაა! - შემოესწრო საუბარს გალეო. - მამამისის შვილია და ძმაკაცობაც კარგად ესმის და აი აგერ, გამოძიებაშიც დაგვახურა ყველას!
ყველას გაეცინა. დიმეომ კი ცოტა დაიმორცხვა, თუმცა აშკარად შეეტყო, როგორ შეიფერა, თვალები გაბრწყინებული ჰქონდა.
- არაფერი გამოდის აქ. - დიმეო მოიღუშა. - საკმაოდ სუსტი ლეპტოპია. ამას მთელი ღამეც კი არ ეყოფა და ისიც არ ვიცი, რა გამოვა.
- დიმე. - ჩუკი ბავშვს ჩააშტერდა. - მგონი ხვდები.
- რა ხდება? - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ. - კიდევ რამე ხდება?
- არაფერი ისეთი. - დაიწყო ჩუკიმ. - ჩვენ ასე ვიფიქრეთ, მე და დიმეომ, სანამ თქვენ ოთახიდან გასულები იყავით, ჩვენ...
- ჰა?! - გაეცინა გალეოს. - რა ჩაიდინეთ? ჩანაწერი გააფუჭეთ? ჰა! ჰა! არ იდარდოთ, მაქვს კიდევ გადანახული.
- დიმეოს, უფრო კარგად გამართულ ლეპტოპში გადავაწერინე და იქ უფრო კარგად გამოჩნდება ის კადრები, რაც გვაინტერესებს. - დაასრულა ჩუკიმ და დიმეომაც კვერი ისე დაუკრა, რომ ერთმანეთისკენ, არც გაუხედავთ.
- მერე? სად არის? - იკითხა გალეომ.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - დიმეს შევანახინე. იქნებ, არც კი შეიძლებოდა გადმოწერა და მერე ჩუმად, ჩვენ ცალკე ვნახავდით.
- მიდი, დეე, გამოიტანე შენი ლეპტოპი. - ღიმილით მიმართა მიმიმ. - თუ გარკვევაა, ბარემ ყველა აქ ვართ!
დიმეომ უსიტყვოდ შეასრულა თხოვნა. თუმცა, ისე გამოიტანა და ისე ჩართო და ისე აკვირდებოდა და ხსნიდა ყველაფერს, რომ წარბიც არ შერხევია.
„რა უცნაური ბავშვია.“
ფიქრობდა ჩუკი.
„როგორ მომენტალურად უღებს ყველაფერს ალღოს.
ისე, არც ფიფოა უჭკუო. პირიქით, საკმაოდ გამჭრიახი, ჭკვიანი, უფრო დინჯია, უყვარს დაფიქრება, ზოგჯერ კი უეცარი აფეთქება, მაგრამ საკმაოდ გულისხმიერია, ისევე როგორც, მიმი. ორივე კეთილი და გულიანი ხალხია. არა, დიმეოც კეთილი ბავშვია, მაგრამ მშობლებზე, ბევრად უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი ჩანს.
ჰმ, ალბათ ორივესგან საუკეთესო გადაედო და უფრო მეტად გამძაფრდა ბავშვში. ისე გარეგნობით უფრო დედას ჰგავს, თუმცა დიდად არა, ფიფოს აღნაგობა კი აქვს ისე. ჰოო, თურმე დიდ ბაბუას ჰგავს, ის ყოფილა ზუსტად დიმეოსანაირი, გენები მაინც, რამდენს ნიშნავს, აბა რაა.“
დიმეომ ბევრი რამ მოახერხა და ბევრი ისეთი უჩინარი კადრი აღმოაჩინა, რომელიც თითქოს, არც კი ჩანდა.
ძალიან ცუდად, მაგრამ მაინც გამოჩნდა, თუ ვიღაცის ხელმა, როგორ აარტყა ქვემოდან, მკვლელის, იარაღიან გაშვერილ ხელს. ინერციით მკვლელი, უკან ვარდება და მისი სახეც, თითქოს გაიელვებს წამით, რადგან წაქცეულს, ჩართული მობილური ზედ ეცემა. შემდეგ რამდენიმე წუთს, სიბნელეა. მერე კი, იღებს მკვლელი ტელეფონს, რის შედეგადაც ჩანს მისი ფეხსაცმელი. ასევე სანამ ჯიბეში ჩაიდებს, მისი შარვლის ტოტიც ხვდება კადრში. ამის შემდეგ, სავარაუდოდ გარბის დანაშაულის ადგილიდან, რადგან რამდენიმე წუთს, კვლავ სიბნელეა და ბოლოს, სახლის კუთხე გამოჩნდება და ჩანაწერიც წყდება.
- ეს სახლი, ვიცი სადაც არის! - წამოიძახა მიმიმ. - პარალელურ ქუჩაზე, კუთხის სახლია!
- საკმაოდ ხალხმრავალი ქუჩაა. - მიუგო გალეომ. - კამერების დათვალიერებამ, არაფერი მოგვცა.
- მაშინ არ იცოდით ზუსტად ვის ეძებდით. - ჩაერია დიმეო. - ახლა ფეხსაცმლის და შარვლის ნაწილით უნდა ნახოთ!
- ვნახოთ, თუ ჩვენი კამერებიც ისეთივე გამართულია, როგორც დიმეოს ლეპტოპი, მაშინ არის რაღაც იმედი!
- და ის ტელეფონი, სად არის? - იკითხა დიმეომ.
- ყველაფერი გადმოწერილია არ იდარდო. - მიუგო დეტექტივმა.
- ტელეფონის გზა მაინტერესებს. - უპასუხა ბიჭმა. - ნავიგატორი ხომ უნდა ჰქონდეს? იმედია ძველი აპარატი არ იყო.
- მართალია ეს ბავშვი. - ჩაურთო ჩუკიმ. - თუ ახალი და კარგი მობილურია, მაშინ მისი განვლილი გზა, სადღაც მაინც უნდა იყოს დაფიქსირებული, ან შემორჩენილი. ან შეიძლება, არც კი იყოს, მაგრამ მაინც რომ გვესინჯა?
- ჰმ. - ჩაეღიმა გალეოს. - შეიძლება ეგ ანძებიდანაც დაფიქსირდეს. რატომაც არა?!
- ვერაფერი გავიგე, მაგრამ ვხვდები, რომ დიმეომ, შეიძლება კვალზეც გაგვიყვანოს, არა? - ღიმილით გახედა ნათლულს ქირურგმა.
- მე მივხვდი, დიმემ რაც იგულისხმა და ნეტავ გაამართლოს. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- შეიძლება, სულაც არ გაამართლოს! - საკმაოდ სერიოზულად მიუგო დიმეომ. - ასი პროცენტიდან სამოცდაათზე მეტი მცდარი ამოცნობით, სულ ტყუილად გამხდარა ბრალდების მსხვერპლი!
- სრულიად გეთანხმები, ძმაო! - გალეომ დიმეოს ხელი მოხვია. - ნამდვილად ფიფოს შვილი ხარ! მის გენებს აგრძელებ და ძალიან მიხარია, ასეთი კარგი რომ ხარ, მაგრამ ამდენი თუ იცოდი, რას წარმოვიდგენდი?!
- თან, როგორ საინტერესოდ საუბრობს. - ჩაურთო ჩუკიმ. - ბევრმა იცის, უამრავი რამ, მაგრამ წესიერად, ვერც გაგაგებინებს. დიმეოს კი, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ნიჭიერი და უამრავი რამ სცოდნია, ასევე გადმოცემის, ძალიან დიდი უნარიც გააჩნია!
- ეს ძალიან კარგია! - შეაქო ქირურგმა და წამით მიმის თვალებსაც შეეფეთა. ორივე უსიტყვოდ ხვდებოდა, ბავშვის ასეთი ნიჭი თუ ვისგან მოდიოდა.
- ისე საინტერესოა, ნეტა მართლა ის ტიპი, იმ ქუჩაზე, ვინმემ თუ შეამჩნია? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა გალეომ. - დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში, როცა იმ ვიღაცამ ხელი შეუშალა, ბევრად თუ ნაკლებად, სავარაუდოდ სისხლში უნდა ამოსვრილიყო.
- დაუჯერებელია, ნუთუ ვერავინ შეამჩნია, გასისხლიანებული ტანსაცმლით ვიღაც რომ გარბოდა? ან თუნდაც ნელი ნაბიჯით მიდიოდა? - ჩაურთო ჩუკიმ.
- ხვალ უფრო სხვა კუთხით ჩავაკვირდები კამერებს და მობილურის ანძებსაც გადავაქექინებ. - გალეომ ამოიხვნეშა.
- იქნებ, მართლაც ვიღაცამ შეამჩნია ის ტიპი? - ჩაერია ქირურგი. - კაცმა შეიძლება, ისე ჩაგიაროს გვერდით, რომ ზედაც არ შეხედო, მაგრამ დასვრილი ტანსაცმლით, ცოტა დაუჯერებელია, რომ არავის შეემჩნია. თუმცა, რამდენად იყო დასვრილი? ეგეც საკითხავია.
- მოწმეთა ჩვენება, ძალიან ხშირად, ურთიერთ საწინააღმდეგოა! - დაიწყო ისევ დიმეომ. - და ზოგჯერ, საერთოდაც კი არის აცდენილი სინამდვილეს!
- ეს ბავშვი, ჭეშმარიტებას ღაღადებს. - შეაქო გალეომ. - მიდი აბა გისმენთ და მერე ფიფო რომ წამოდგება, რამდენ რამეს მოვუყვებით.
- ესე იგი, სიმართლეს არის აცდენილიო? - ღიმილით ჩაეკითხა მიმი. - და რატომ უნდა იტყუებოდეს მოწმე? ზოგჯერ, თავის დასაძვრენად, კი ეგ მესმის, ზოგჯერ, თავის გამოსაჩენად, ვითომ რამე მართლა დაინახა, მაგრამ სხვა, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?
- ზოგჯერ, უნებურადაც ტყუის. - მიუგო გალეომ. - უცებ რაღაცას შეესწრო და იმ მომენტში, მართლაც ასე მოეჩვენა. მოგვიანებით აანალიზებს და უი, ასე კი არა, ისე ყოფილაო!
- თავს იმართლებს. - ახლა დიმეომ განაგრძო. - არ ველოდებოდი და უცებ შევესწარიო, არა?
- დიახ! ბატონო, დიმეო! დიახ. - გაუღიმა გალეომ. - და რა საოცარია თურმე, იმ დანაშაულის ხილვა, ჩემთვის მოულოდნელი იყოო! აბა, შე კაი კაცო, წინასწარ ხომ არ გაცნობებდა დამნაშავე, არიქა თავდასხმას ვაპირებ და იქ დადექიო? ჰა! ჰა!
- სწორედაც რომ, ნებისმიერი თავდასხმა, ან დანაშაულის ჩადენა, როგორც მოწმისთვის, ასევე მსხვერპლისთვისაც, ყოველთვის მოულოდნელია და რა გასაკვირიც ეს არის? - მიუგო დიმეომ. - დამნაშავე, ზუსტადაც ამ მოულოდნელ, მისთვის ხელსაყრელ მომენტს ეყრდნობა, რომ დანაშაული ჩაიდინოს!
- ღმერთო ჩემო! - წამოიძახა მიმიმ. - დედი, შენ ამდენი, როდის ისწავლე, ან სად წაიკითხე?
- მამას ბიბლიოთეკაში. - მიუგო ბავშვმა. - მერე ბაბუსაც, რამდენი წიგნები აქვს და როცა იქ ვრჩები, სულ ვკითხულობ!
- და ბებიამისი კი ძილის წინ, ზღაპრებს უკითხავს. - მიმის გაეცინა და სხვებიც აჰყვნენ.
- მე მომწონს ბებო რომ მიკითხავს, უკვე დაზეპირებულ ზღაპრებს. - უპასუხა ბიჭმა.
- მერე მაგას რა სჯობს! - მხარი აუბა ქირურგმა. - მეც ძალიან მიყვარს ჩემი ბებო და მისგან, ყველანაირი მზრუნველობა მსიამოვნებს და ამ ბავშვმაც, სწორედ ეს დაინახა.
- ისე, ყველაზე კარგი მოწმე, მაინც ფიფოა. - დაბალ ხმაზე აღნიშნა ჩუკიმ, რასაც ყველა დაეთანხმა.
- და რომ ვერ გაიხსენოს? - იკითხა დიმეომ.
- თავიდან შეიძლება, საკუთარი სახელიც კი არ ახსოვდეს, მაგრამ მთავარია, ჯერ გონზე მოვიდეს და მერე, ჩვენ ვიცით ყველამ! - დააიმედა ქირურგმა ბავშვი.
- და ხომ შეიძლება, მაინც გაუჭირდეს მკვლელის ამოცნობა? - იკითხა მიმიმ.
- შეიძლება მიმი, შეიძლება. - ამოიხვნეშა ქირურგმა.
- ამიტომ ჩვენ უნდა ვივარგოთ, არა დიმე? - თვალი ჩაუკრა გალეომ, ბიჭს.
დიმეომ თავი დაუქნია და მერე დედას გახედა.
- იცი, დეე? ხანდახან მსხვერპლსაც უჭირს თავდამსხმელის ამოცნობა და ამას, ფიზიკურ ტრავმასთან ერთად, სულიერ ტრავმადაც ხსნის.
- ალბათ, მასეც არის. - თავი დაუქნია მიმიმ. - რა თქმა უნდა, თუ კი ფიზიკური ტრავმა განიცადა, სულიერიც, თავისთავად ექნება აბა, რაა?
- ჰო, მაგრამ. - შეეპასუხა დიმეო. - დანაშაული, თავის მხრივ, ისედაც ტრავმაა და ისევე როგორც მოწმე, ასევე თვით, დაზარალებულიც კი, სხვა სულიერ და ფიზიკურ ტრავმასთან ერთად, ხდება მსხვერპლი, ჰიპოთალამიური და თირკმლის ზედა ჯირკვლის სისტემის, ჰიპოფიზარულობისა.
- რაო? - გაიკვირვა მიმიმ.
მიმის მსგავსად, გალეოს და ჩუკისაც გაკვირვება აღმოხდა, მაგრამ ქირურგს გაეღიმა.
- უყურე შენ! - შეაქო ნათლული. - მიდი აბა განაგრძე, რა იცი.
- მგონი, გაუგებრად ავხსენი. - დიმეომ წამით იყუჩა. - ჰიპოთალამუსი, აძლევს სიგნალს ჰიპოფზს, რომელიც მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ და ამ დროს კი, თირკმლის ზედა ჯირკვალი, გამოჰყოფს კორტიზონს! ყოველივე ეს, მეხსიერების თვალსაწიერს უფრო ამცირებს, ტვინში იბეჭდება, იმ ინციდენტის სცენა, მაგრამ შედარებით, ვიწრო რაკურსით და წამის განმავლობაში, დამახსოვრებულის ეს ნაწილი ქრება, ფუჭდება და თვითმხილველსა თუ თვითონ მსხვერპლს, გადააქცევს არასაიმედო ინფორმაციის მთხრობელად! - დიმეო გაჩუმდა.
უფროსების ნაწილი, პირდაღებული უსმენდა, ქირურგი კი გაკვირვებული შესცქეროდა.
- გავაგრძელო? - იკითხა ბავშვმა.
- რა თქმა უნდა! - ლამის ყველამ ერთხმად შესძახეს.
- საერთოდ, სასტიკი შემთხვევა, რომელიც ადამიანს თავს გადახდება, საკმაოდ ღრმა ჭრილობას ტოვებს გონებაში, რომელიც თანდათან უფრო და უფრო იზრდება და ირგვლივ, ყველაფერს წამლავს! ეს მძიმე ტრავმა და სწორი აზროვნებიდან განზე აგდებს სხვა, შეგრძნებად ორგანოებს და ყველაზე სწორ აზრსაც კი ბუნდოვან ლაბირინთად აქცევს! - დიმეომ ისევ იყუჩა და მალევე განაგრძო. - მაგრამ მამაჩემს, ასე არ დაემართება! ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გამოიღვიძებს მკვლელსაც დაასახელებს და იმასაც იტყვის, თუ რატომ ესროლეს, მანამდე კი ჩვენ თუ დავასწრებთ ამის გაგებას...
- აბა, რაა! - ხმა ამოიდგა, აქამდე გაოგნებულმა გალეომ. - უნდა დავახვედროთ, ყველაზე მაგარი და საუკეთესო ამბები, ყველაზე მაგარი ხალხისგან!
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა ყველა.
- და ჩვენი წასვლის დროც არის. - გალეო წამოდგა.
- კომენდანტის საათია უკვე. - შეეპასუხა მიმი. - დარჩით სამივე, ოთახების მეტი რა გვაქვს!
- მიმი, საშვი მაქვს და ბარემ დავარიგებ ამათაც სახლებში. ისე ვისაც უნდა, დარჩეს.
- არა, არა. - ერთიანად წამოიშალნენ ქირურგი და ჩუკი.
დიმეო და მიმი მარტო დარჩნენ.
- აღარ ვიცი, მე დაგაძინო, თუ შენ დამაძინებ? - მიმი გაოგნებული დაჰყურებდა პატარა, მაგრამ დიდივით ჭკვიან და გონიერ ბავშვს.
- კარგი, დავიძინოთ, ოღონდ მომიყევი, შენს მამიკოზე, თუ გახსოვს?
- როგორ არ მახსოვს? - გაეღიმა მიმის და ბავშვი საძინებლისკენ წაიყვანა.
LEX. 2021 წლის 2 ივლისი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment