Wednesday, March 7, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 140)

140.
მიმის დიდი სახლი ჰქონდა. ოთახები არც იმდენად ბევრი იყო, მაგრამ საკმაოდ ფართო და ნათელი. სასტუმრო ოთახს სიდიდით, არც მიმის ოთახი ჩამოუვარდებოდა. მის გვერდით ბიბლიოთეკა და მამას კაბინეტი იყო, მერე მამიდას საძინებელი, რომელიც წლებია ხელუხლებელი ინახებოდა, მერე სამზარეულო, სასადილო ოთახი, შემოსასვლელი ჰოლი და ბოლოს მშობლების საძინებელი. მიმის რაც არ უნდა ეხმაურა და რაც არ უნდა ხმამაღლა მოესმინა მუსიკა, მშობლების ყურამდე მაინც ნაკლებად აღწევდა. 
მიმიმ თავად გადაწყვიტა ასე. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდშივე შეარჩია ეს უზარმაზარი ოთახი და თავისთვის ცალკე მოაწყობინა სააბაზანო, საშხაპე კაბინა, საპირფარეშო. პატარა კუთხე მინი სამზარეულოს ტიპის ყავის ან ჩაის მოსამზადებლად, სამეცადინო კუთხე, ერთ მხარეს კი სავარძლები და ჟურნალის მაგიდაც ჩადგა მეგობრების მისაღებად. გამოცდების პერიოდში ლამის მთელი სამეგობრო მიმისთან იკრიბებოდა, მაგრამ მაშინ უკვე დიდ სასტუმრო ოთახს იკავებდნენ. მიმის მშობლები გემრიელობებით ამარაგებდნენ სტუმრებს და იყო ერთი ჟრიამული და საგამოცდო ფურცლების შრიალი.
მას შემდეგ, რაც მიმიმ და ფიფომ ერთად ცხოვრება დაიწყეს, დედა სულ უჩიჩინებდა, ამდენს ფულს, რომ იხდით ქირაში, გადმოდით, აქეთ იყავითო, მაგრამ მიმი ყოველთვის უარზე იდგა, ფიფოს ერიდებაო. 
- რამდენადაც ხმაურიანი და ვითომ უკომპლექსოც ჩანს, იმდენად მორიდებულია და თანაც უნდა, რომ ოჯახის უფროსობაც შეიფეროს, ხომ ხედავ მარტო თვითონ იხდის ბინის ქირას, მეოთხედ წილშიც კი არ შევყავარ. - უხსნიდა მიმი დედას.
- მერე გადმოდით და იყოს იუფროსოს. - ეცინებოდა დედას. - მართლაც, როგორი მორიდებული ყოფილა, არადა თითქოს, არც ჩანს ასეთი მორცხვი.
- შენ წარმოიდგინე, იმდენად მოერიდა შენი, რომ შხაპიც კი არ მიიღო აქ.
- მერე შენს საძინებელში ვერ შევიდა? 
მიმიმ ენაზე იკბინა და სასწრაფოდ გამოსწორებაც შესძლო.
- ჩემთან რაღაც დაზიანებულა, წყალს აღარ აცხელებს, იცის ფიფომ და მომიყვანს ხელოსანს. 
- ხანდახან უნდა დარჩეს აქ და მერე ნელ-ნელა შეეგუება, შემეჩვევა. აბა ბავშვი, როცა გაჩნდება, მაშინ რაღას იზამს? მარტო ხომ არ იქნება? მოუწევს ორმოცი დღე მაინც აქეთ გადმობარგება. 
- აბა, რა! დიახაც მოუწევს! - ეთანხმებოდა მიმიც.
„ჰო, აბა რაა. აბა ნამდვილ მამას, ბავშვის კი არა, ჩემი ხსენებაც არ უნდა. ისე, ახლა უფრო თბილად მექცევა. აშკარად თვალებით მჭამს, მაგრამ დარეკვასაც არც ცდილობს. რა უცნაური ვინმეა. 
იქნებ, უხარია კიდევაც, რომ ფიფოს ცოლი ვარ? ეგონა ავეკიდებოდი? თავისი ჭკუით, ადვილად მომიშორა თავიდან და ახლა რაღა უნდა? რას მიჟუჟუნებს თვალებს და თან სხვების თანდასწრებით, მკაცრად მექცევა. ჰმ, მაგას ხომ არ ჰგონია, რომ გამოვეკიდები და საყვარლად დავუჯდები? 
მეტი საქმე არ მაქვს! 
თუ უნდოდა ჩემთან, ბევრჯერ მივეცი ამის შანსი! თანაც, სანაცვლოდ არაფერი მითხოვია.
ახლა კარგად იყოს!
ძალიანაც კარგი ბიჭია ფიფო. ჩემი გულისთვის, სულს არ დაიშურებს და იმსახურებს კიდევაც ჩემგან ერთგულებასა და თანადგომას.“
ათას რამეს ფიქრობდა მიმი. ფიფოს მიმართ, დიდ პატივისცემას განიცდიდა. ასე ადვილად ხელს ვერ ჰკრავდა და ვერც დააღალატებდა, მაგრამ სულით ხორცამდე მაინც პიპასკენ იწევდა, რომელიც არაფერს აკეთებდა, ერთ ნაბიჯსაც კი არ დგამდა მიმის გულის მოსაგებად.
ადრე ამდენი ფიქრისგან, ძილი უტყდებოდა და ჩაძინებისას კი, კოშმარულ სიზმრებშიც ეხვეოდა, მაგრამ ბოლო დროს პირიქით, რაც უფრო მეტს ფიქრობდა უფრო ნათელ ფერებს ხედავდა, ადვილად მიირწეოდა მისი გონება ძილისკენ და კიდევ დიდხანს იძინებდა რაღაც ხმას, რომ არ გამოეფხიზლებინა. 
თავი სიზმარში ეგონა, მაგრამ ხველა განმეორდა. 
სავარძელში ვიღაც იჯდა და მოგუდულად ახველებდა.
მიმიმ თვალები დაჭყიტა და წამოჯდომისთანავე, ბრა პირდაპირ დაუპატიჟებელ სტუმარს მიანათა სახეში და სანამ მიმი, ხმას ამოიღებდა, თავადვე დაასწრო:
- როგორც არ უნდა დამკითხო. რანაირადაც არ უნდა მაწამო, მაინც ვერაფერს გეტყვი. თვითონაც არ ვიცი და არც კი მახსოვს, აქ როგორ აღმოვჩნდი. - პიპა გაჩუმდა.
მიმი ისე იყო გაოგნებული, რომ ხმას ვერც იღებდა. თავიდან ჯერ ფიფო ეგონა, მაგრამ პიპა? რას აკეთებდს აქ? მის საძინებელში?
- არ ვიცი. - დაიწყო ისევ პიპამ. - იქნებ, მთვარეულიც ვარ? უაზროდ გამოვედი ქუჩაში და შუაღამისას აქ აღმოვჩნდი და პასუხიც კი არ მაქვს, როგორ... - პიპამ ამოიხვნეშა. ლაპარაკი ძალიან უჭირდა, ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს.
მიმის საშინლად დაღლილი მოეჩვენა, თან არც მისი ხველა ესიამოვნა. 
„ნუთუ არ იცის, რომ ორსულად ვარ? რას მიხველებს აქ?!“
პიპამ ისევ წამოახველა, ისევ რაღაცნაირად მოგუდულად.
- ნუ გეშინია, გაციებული არ ვარ. არც გრიპი მაქვს. უბრალოდ, გადავიღალე და ჰაერი არ მეყო. მაპატიე რაა.
- კარგი. გაპატიებ უკითხავად, რომ შემომეჭერი საძინებელში, ამისთვის ფანჯრიდან არ გადაგაგდებ, მაგრამ შენც ხომ ხვდები, რომ აქ...
- კი, ვიცი, მაპატიე კიდევ ერთხელ, ბოდიშს გიხდი. ხუთი წუთით დავისვენებ და წავალ, მართლა... სულ ხუთი წუთი...
- რა უცნაური ვინმე ხარ. - ჩაეცინა მიმის.
პიპამ ძალდატანებით გაუღიმა.
- გთხოვ, ჩააქრე ბრა. მხოლოდ ხუთი წუთით გავჩერდები და მეტს აღარ შეგაწუხებ.
პიპას თითქოს, ხმა უკანკალებდა, თუ თავადაც ასე კანკალებდა? იქნებ, მიმის მოეჩვენა ასე? არადა ოთახში, საკმაოდ თბილოდა. 
მიმიმ ბრა ჩააქრო. 
- მაინც არ მესმის, აქ რატომ მოხვედი? - უკმაყოფილო ხმით დაიწყო მიმიმ.
- ყველაფერში მთვარეა დამნაშავე, იმდენად გადაიხარა გვერდზე, რომ დედამიწას მიეკრო, სწორედ აქეთ გამინათა გზა და მეც ისე ამეწეწა აზრები, იმდენად ამირია, რომ გონიერების მიღმა დავიწყე ქმედება და თანაც... - პიპამ გაგრძელება ვეღარ შესძლო. 
აშკარად უჭირდა ლაპარაკი. რაღაცას ციტირებდა. მიმის თითქოს ეცნო კიდევაც, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. სასწრაფოდ, როგორმე დროზე უნდა გაებრძანებინა ეს დაუპატიჟებელი სტუმარი გარეთ.
არადა, რამდენჯერ უნატრია, რომ...
- ახლავე უნდა წახვიდე აქედან! - მიმი წამოდგა და კარის გასაღებად გაიწია.
- ხუთ წუთი და გავალ. - ხვნეშით უპასუხა პიპამ. - მხოლოდ ხუთი წუთიიი...
- ათი გავიდა! - წამოენთო მიმი. 
თავადაც გაუკვირდა ასეთი აგრესია, როცა ადრე პირიქით იყო. პიპა იყო მკაცრი და საშინელი დაუნდობელი და ახლა კი მიმის ეჭირა ტირანის სადავეები და რაც შეიძლებოდა ძლიერად ქაჩავდა.
პიპამ სავარძელში შესწორება სცადა, მაგრამ უფრო მეტად მოიკუნტა. ყრუდ, ძალინ ყრუდ ამოიგმინა.
- ფეხიც დამიბუჟდა. ახლავე, ახლავე ავდგები. - რაღაცნაირი განწირული ხმით ამოიხვნეშა. 
მიმი შეცბა.
- ახლავე... ახლავე... - წაიჩურჩულა პიპამ. მერე თავი ასწია, სავარძელში გასწორება შესძლო. - თუ შეგიძლია, რომელიმე ძველი, თუნდაც დახეული, გადასაგდები პირსახოცი, რომ მიწყალობო. 
- ჰაჰ! გადასაგდები, ძველი და თანაც დახეული, ნამდვილად არ მაქვს! - ჩაეცინა მიმის და კარადისკენ წავიდა.
- ისეთი, რომ გადასაგდებად არ დაგენანოს.
- არ მენანება! - მიმიმ პირსახოცი გაუწოდა და ახლაღა შენიშნა, ქუჩიდან შემოსულ ფარნის შუქზე, თუ როგორ ულაპლაპებდა პიპას სახე.
მიმის გაწვდილი ხელი გაუშეშდა. ოდნავ უკანაც კი დაიხია, მაგრამ პიპა მაჯაში სწვდა.
საშინლად ცხელი ხელი ჰქონდა.
- ნუ გეშინია. ხომ გითხარი უკვე. გადამდები არაფერი მჭირს. - პიპამ ამოიხვნეშა. ოფლისგან გაწუწული სახე, პირსახოცით შეიმშრალა. 
მიმი ჯერ კიდევ გაშეშებული იდგა.
- შეიძლება უცებ წნევამ ამიწია, ან დამიწია. იქნებ, ინფარქტმაც დამარტყა, არ ვიცი ზუსტად, მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი გადაგედება, დამშვიდდი, მართლა.
- ინსულტი, ხომ არ არის? - შეშფოთდა მიმი. - სასწრაფო გამოვიძახოთ!
- არა! არა! გაგიჟდება დედაშენი. - პიპამ გაცინება სცადა.
- არ მაინტერესებს! რამეს მოვიფიქრებ! აბა აქ ხომ არ მოგკლავ? - მიმი ტელეფონისკენ გაიწია, მაგრამ პიპამ შეაჩერა.
- გთხოვ! არ გინდა, მართლა. უკეთ ვარ. მხოლოდ, კიდევ ერთი პირსახოცი თუ შეიძლება და ორის ნაცვლად ოთხს გამოგიგზავნი.
მიმი ახალი პირსახოცი გაუწოდა.
- აიღე, შენი იყო, მხოლოდ ერთი პირობით!
- თანახმა ვარ, ყველანაირ პირობაზე. - გაეღიმა პიპას.
- ჩემი პირობა ასეთია! კი არ გამომიგზავნი, არამედ შენი ფეხით მოხვალ და მომიტან! გასაგებია?! - ყურებამდე გაიკრიჭა მიმი.
- არის უფროსო. - ძლივს გასაგონი ხმით მიუგო პიპამ და დაცვარული სახე ხელმეორედ მოიწმინდა.
- ნამდვილად არ გინდა ექიმს დავუძახოთ? - ისევ შეწუხდა მიმი.
- არა! არ არის საჭირო. წავალ ახლავე. წავალ... - წაიჩურჩულა პიპამ.
მიმი შეშფოთებული შეჰყურებდა. რა ეღონა არ იცოდა. მისთვის სანუკვარი ადამიანი, თანაც ასეთ მდგომარეობაში, გარეთ როგორ გაეგდო, მაგრამ აბა სახლშიც, როგორ უნდა გაეჩერებინა. 
- თუ გინდა, ცხელი შხაპი მიიღე. - შესთავაზა მიმიმ. - ჯაკუზსაც აგივსებ.
- ნუ გადავრევთ დედიკოს ბოლომდე. - პიპამ ხუმრობა სცადა. 
- რა პრობლემაა? ვეტყვი, რომ პიანინოს ასაწყობად მოხვედი, მაგრამ დედას გაღვიძებას მოერიდე, მერე მე გითხარი - ცხელი შხაპი, ხომ არ გესიამოვნებოდათ ბატონო პროფესოროო და შენც დამთანხმდი! მორჩა! სულ ეს არის! - გაეცინა მიმის. 
სააბაზანოს კარი გამოაღო და შიგნიდან შუქიც აანთო
- მობრძანდით ბატონო პროფესორო! - ხელით ანიშნა მიმიმ. - პირსახოცები იქაც არის, ხალათიც და ყველაფერიც. 
- ჰმ. - გაუღიმა პიპამ. - ჭკვიანურად მოგიწყვია. უთუოდ, შენი პროექტი იქნებოდა.
- ჰო! ფიფოს გულისთვის გავაკეთებინე ასე, ერიდებოდა ხოლმე აქ დარჩენა. - პიპას გულის გასახეთქად იცრუა მიმიმ და ამაყად მოიღერა ყელი. 
„რა უცნაურია ეს ყველაფერი. თავი სიზმარში მგონია. ნუთუ მართლა ხდება?“
მიმი ჯერ კიდევ გაოგნებული, ათას რამეს ფიქრობდა, რომ უცებ სააბაზანოდან რაღაც ბრაგვანი მოესმა. კარი შეაღო და ღია კარიდან დაბალ ხმაზე დაუძახა. პიპა არ გამოეხმაურა, მერე უფრო თამამად შედგა ფეხი. 
პიპა ძირს გაშხლართულიყო და ოთხად დაკეცილი პირსახოცით იფარავდა სიშიშვლეს. თავიდან მიმის ასე მოეჩვენა, მაგრამ მალევე შენიშნა პირსახოცზე გამოჟონილი სისხლის კვალი. 
მიმი ბევრს ეხვეწა, ემუდარა, მაგრამ პიპა უარზე იყო არც სასწრაფოს გამოძახება უნდოდა და არც მიმის ნაცნობი ექიმის მოწვევა.
- აბა რა ვქნათ? გინდა, რომ აქ მომიკვდე? - ცრემლნარევი ხმით იწივლა მიმიმ.
- დამშვიდდი. - ხვნეშოდა პიპა. -  დამშვიდდი და მომისმინე, მხოლოდ ჯერ შხაპი გამორთე.
მიმიმ ახლაღა შეამჩნია, რომ კაბინის კარი ღია იყო და შხაპის წყალი შადრევანივით ასხამდა გარეთ. 
მიმიმ შხაპიც გამორთო და კაბინის კარიც მიხურა.
- ახლა მიდი და გამოიცვალე! - მბრძანებლური ტონით უთხრა პიპამ.
- მერე შენ? - წაიკნავლა მიმიმ.
- ჯერ შენ გამოიცვალე. არ შეიძლება შენი გაცივება და არც ავად გახდომა. მერე მე მომხედე და გეტყვი რაც უნდა ვქნათ. 
- გინდა ხალათი? 
- კი, მომაწოდე, თუ არ შეწუხდები. არა თეთრი არ მინდა, ის მეორე მუქი იყოს.
- იყოს ლურჯი. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
პიპამ ნელ-ნელა წამოჯდა და მიმის უკვე ხალათში გახვეული დახვდა. 
- ცოტა მხრებში გიჭერს. - სევდიანად გაეღიმა მიმის.
- ფიფოს ხალათი არ გაქვს აქ? - პიპამ ისე ჩახედა თვალებში, რომ მიმი ცოტა არ იყოს, წამოჭარხლდა. 
- ვერც მის ნივთებს მოვკარი თვალი. სულ ქალის აქსესუარებია. ალბათ, შენს შამპუნს იყენებს ან...
- ან რა? 
- ან საერთოდ არ ათევს აქ ღამეს.
- ათევს, ხანდახან ათევს. - უკან არ იხევდა მიმი. - მაგრამ ახლა, ან სასწრაფოს ვიძახებ, ან ვინმე სანდო ექიმს და მოსაფიქრებლად, მხოლოდ ნახევარი წუთი გაქვს! 
- კარგი, გეტყვი სადაც უნდა დარეკო, მაგრამ...
- აი კიდევ, მაგრამ! - მკაცრად შეუტია მიმიმ.
- შენი ტელეფონით არ მინდა. ისე სახლის ტელეფონითაც სახიფათო იქნება...
- დედას მობილურს მოვიტან. ნუ გეშინია არ გავაღვიძებ. საწოლ ოთახში მაინც არ შეაქვს.
მიმი მალევე შემობრუნდა. 
პიპამ დარეკა. მალევე გააგონეს და სანამ რამეს ჰკითხავდნენ, თავად დაასწრო:
- ჩაალაგე შენი ყველა ინსტრუმენტი და მოდი ამ მისამართზე. ახალი სიმღერა დავწერე და შენი ყველანაირი ინსტრუმენტი დამჭირდება. აბსოლუტურად ყველაფერი. მე ვიმღერებ, შენ დაუკრავ, შენი ოსტატობაც სათანადოდ დაფასდება და კიდევ, როცა კართან მოხვალ ზარი არ დარეკო, ამ ნომერზე გამოუშვი მესიჯი, უხმოდ ჩუმად შემოდი, არც დაილაპარაკო. 
პიპამ ტელეფონი გათიშა და მიმის გაშტერებულ თვალებსაც წააწყდა. 
- ჰო! მკითხე რაც გინდა. სრული უფლება გაქვს!
მიმის ერთბაშად ათასი კითხვა გაუჩნდა, მაგრამ ვერც ერთს ვერ მოაბა თავი. 
- არც ვიცი, რა გკითხო. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - საწოლი გაგიმზადე.
- რაა?
- ჰო, რა იყო? აბა აქ ხომ არ იქნები? - მიმიმ ახალი პირსახოცი მიაწოდა. 
- მოკლედ გაგცალე რა პირსახოცებისგან - ეღიმებოდა პიპას. - გადათვალე და ორმაგად დაგიბრუნებ. 
პიპამ ძლივს შესძლო საწოლამდე მილასლასება. ჩამოჯდა თუ არა ზეწრის ქვეშ დაფენილი პოლიეთილენის პარკი აწრიპინდა. პიპას გაეცინა. 
- უყურე შენ, როგორ მომზადა საწოლი. ნუ გეშინია, უკვე დიდი ხანია აღარ ვისველებ. 
მიმისაც გაეცინა. 
- ვიცი ძალიან გაინტერესებს. - დაიწყო პიპამ. - ახლა უცებ, მოკლედ მოგიყვები და მერე ვინ იცის? სხვა დროს იქნებ, უფრო დეტალებშიც მოგიყვე. თუმცა, მოსაყოლიც ბევრი არაფერია. 
- ჰმ, შენ სულ მასე ამბობ, ყველაფერზე მასე იცი. - ნაღვლიანად ჩაეღიმა მიმის. - მოსაყოლი ბევრი არაფერიაო და მერე აღმოჩნდება, რომ თურმე, რამდენი რამ ყოფილა გასარკვევი და გაუგებარი.
- სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრას, გაურკვევლობას ნუ ეძახი. ადამიანი, სრული უფლებამოსილია, საკუთარ პირადულზე, რამდენიც უნდა იმდენი თქვას და ამაში დასაძრახი, არაფერია. თუ დღეს რამეს ბოლომდე ვერ გიყვებიან ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გატყუებენ, ან სპეციალურად გიმალავენ.
- ჰო, ვიცი. - მოწყენილად ჩაილაპარაკა მიმიმ. 
- მონასტერში მივდიოდი. - ხვნეშით დაიწყო პიპამ. - გამოცდები, ჩათვლები თანამშრომელს გადავაბარე. მთლიანი მარხვის მონასტერში გატარება, სამუშაოს გამო, უკვე დიდი ხანია აღარ გამომდის. ვცდილობ, მარხვის პირველი და ბოლო კვირა მაინც გავატარო იქ. - პიპამ ამოისუნთქა და განაგრძო. - ბოლო კვირას განსაკუთრებით, არასდროს ვტოვებ. - პიპამ წამით იყუჩა და ისევ განაგრძო. - ბავშვსაც გამოვემშვიდობე, მივაძინე და მივდიოდი ჩემთვის. მე თვითონაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი იმ შარში და რის გულისთვის? ორი კბილებამდე შეიარაღებული მეტოქე, ერთმანეთს დაეჯახა და მე როგორც გმირმა, თავი გამოვიდე და გავაშველე.
- ჰო. მასეა ყოველთვის, გამშველებელს მეტი ხვდება. - ამოხვნეშა მიმიმ.
- უცებ გავითიშე, მერე როცა გამოვფხიზლდი შენს სახლთან ვიყავი, არც მახსოვს როგორ აღმოვჩნდი.
- კი, მაგრამ როგორ შემოხვედი? ამას მაინც ნუ მოიტყუებ და ნუ იტყვი, რომ არ გახსოვს! 
პიპას გაეღიმა და მის და ბედად ტელეფონმაც გაიწკრიალა. 
მიმიმ ფრთხილად გაუღო კარი უცხო სტუმარს თან თითით ანიშნა, - ჩუმადო. კაცმა ღიმილით დაუქნია თავი.
მიმის საწოლ ოთახს, მხოლოდ სააბაზანოდან გამოსული შუქი ანათებდა.
- ასე არაფერი გამოვა. კარგი განათება მჭირდება. 
- ავანთებ შუქს! 
- არა! - შეაჩერა პიპამ. - სქელი ფარდები ჩამოუშვი.
- დარაბებსაც დავხურავ, არ ინერვიულო. 
- და სასწრაფოდ ფეხზე ამოიცვი. - შენიშვნა მისცა ექიმმა მიმის. - შენს თავს თუ არ უფრთხილდები, ბავშვს მაინც უნდა გაუფრთხილდე.
მიმი დაემორჩილა.
ორ-სამ წუთში, მიმის საძინებელი, უკვე საოპერაციოდ იქცა და პიპას ძველი მეგობარი ქირურგიც თავის სამუშაოს შეუდგა.
მიმი დამხმარე ექთნის ამპლუაში იყო. ექიმმა კატეგორიულად მოითხოვა მისი დახმარება. 
- შენი დახმარება ის იქნება, რომ ჯერ ერთი არ უნდა გაგვიცივდე! იქეთა მხრიდან შეუწექი და პერიოდულად შუბლი მოუწმინდე, თან სიცხესაც გააკონტროლებ და მაჯასაც გაუსინჯავ.
მიმი დაეთანხმა. 
- ადგილობრივ ანესთეზიას გავუკეთებ დანარჩენს კი მოითმენს. სხვა გზა არ გვაქვს აქ. 
- რამე სასმელი, რომ დავალევინოთ? - წაიჩურჩულა მიმიმ.
- შეიძლება, რატომაც არა. ცოტა შევათროთ. - გაეღიმა ექიმს.
- სულ ბოლომდე ნუ გამთიშავთ, მერე სიმღერის ხასიათზე დავდგები. - პიპამ ხუმრობა სცადა. თუმცა, სიმღერა სულაც არ ადარდებდა, უფრო იმას შიშობდა, რომ რამე ზედმეტი არ წამოეროშა.
მიმიმ პიპას თხოვნით, დედას ტელეფონში ჩატარებული ბოლო ქმედებანი წაშალა. ისევე ჩუმად დააბრუნა ადგილზე, როგორც აიღო და ოთახში ვისკის ბოთლით შებრუნდა. პიპას ექიმის გაფრთხილებაც უკვე მოესწრო და ამიტომაც იყო, რომ მიმის წესიერად არც დაუნახავს კონკრეტულად რა ტიპის ოპერაცია ჩატარდა და დარწმუნებული იყო, რომ პიპა დანით იყო დაჭრილი.
LEX. 2018 წლის 7 მარტი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment