Thursday, March 15, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 141)

141.
პიპას მეგობარი, მართალია ჩვილ ბავშვთა ქირურგი იყო, მაგრამ მაინც მშვენივრად გაართვა თავი. დიდი წვალებით ამოუღო ორივე ტყვია და ჭრილობაც კარგად დაუმუშავა.
უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. პიპას ღრმად ეძინა. ქირურგი იქვე სავარძელში თვლემდა. მიმი საწოლში წამომჯდარი ფიქრობდა. 
„რა ვქნა? რაღაც ისეთი უნდა მოვიფიქრო, რომ დედა როგორმე სადმე გავგზავნო და ესენი უჩუმრად გავაპარო აქედან.“
მიმი მაცივარს მიადგა. მიზეზს ეძებდა. იცოდა დედა არ დაზარდებოდა სიხარულით გაფრინდებოდა ერთადერთი შვილის კაპრიზის ასასრულებლად. მალე შვილიშვილსაც ჩაახუტებდა და რა თქმა უნდა, გაუჩენელს გაუჩენდა.
- იცი, დე... - დაიწყო მიმიმ.
- ვიცი, შვილო, ვიცი. ყველაფერი ვიცი. - ღიმილით შეაწყვეტინა დედამ.
მიმი შეცბა. ხმა ვერ ამოიღო.
- წუხელ უწვიმია, არც გამიგია. ამ დილით ფიფოს ფეხსაცმლის ნაკვალევი მოვწმინდე, როგორც ჩანს გვიან შემოპარულა. ჩემი მოერიდა ისევ.
მიმი გაიტრუნა.
- ასე უთენია როგორ წავიდა?  ყავა მაინც არ დალია? საოცარია პირდაპირ, როგორ ზედმეტად მორცხვი ყოფილა. - ეღიმებოდა დედას. - თან დღეს კვირაა. რა ეჩქარებოდა?
- არც ამდგარა, ჯერ კიდევ სძინავს. - წამოისროლა მიმიმ და ცოტა ინანა კიდევაც.
- იყოს დაისვენოს. არ გავაღვიძოთ. ისაუზმე და მიდი შენც გააგრძელე ძილი. მე მაინც წასასვლელი ვარ.
- ჰოო? - მიმიმ ძლივს დაფარა სიხარული.
- მამიდაშენთან მივდივარ, სასაფლაოზე უნდა ავიდეთ.
- გუშინ ხომ იყავი?
- მე კი, მაგრამ მამიდას დღეს უნდა ასვლა, ბარემ წავყვები. თქვენც აქ უფრო თავისუფლად იქნებით.
მიმი სიხარულისგან ხმას ვეღარ იღებდა.
- თუ გინდა დავრჩები იქ ორ-სამ დღეს? თუ ფიფო აქ მარტოს არ დაგტოვებს. ცოტა მიეჩვიოს აქაურობასაც.
- კი! დეე! როგორ არა! - მიმიმ სიხარულისგან წამოიყვირა.
- ასე გიხარია შვილო, ჩემი სახლიდან გაშვება? - გაეცინა დედას. 
- არა! დეე, არა! შენი სწორი მიდგომა მახარებს! ჩემი გამგებიანი დედიკო. ყველაზე ჭკვიანი და ამ ქვეყნად ყველაზე საუკეთესო! - მიმი დედას მოეხვია.
- საუზმეც მზადაა და სადილიც მოვახერხე. მაცივარიც სავსეა. ახალი პურიც ამოვიტანე, აბა დანარჩენს თქვენ მიხედავთ!
მაინც რა იყო ასეთი? უცნაურ ღამეს კიდევ ეს საოცარი დილაც დაემატა.
მიმიმ ფანჯრები გამოაღო. წამლის სუნით გაჟღენთილ ოთახში, სუფთა ჰაერი პაციენტსაც არ აწყენდა.
ქირურგს შეეღვიძა.
- ყავა თუ ჩაი? - ჩურჩულით ჰკითხა მიმიმ.
- ნუ წუხდები, როგორმე ჩუმად თუ გამაპარებ კარგი იქნება და მერე ისევ, ჩუმადვე უნდა შემომაპარო.
- არ ვწუხდები და უკვე მარტონიც ვართ. დედა ორ სამ დღეს არ მოვა.
- მაშინ ყავაზე უარს არ ვიტყოდი.
- ყავაც და ცხელი ხაჭაპურიც. - მიმიმ მძინარე პიპას გახედა.
- ჯერ ჩვენ ვისაუზმოთ, თორემ ფეხზე ვერ ვდგავარ. მერე მივხედოთ ჩვენს პაციენტს.
შუა დღე ახლოვდებოდა. პიპას ისევ ღრმად ეძინა.
- ცოტა ხანში გავალ. - მიმართა ექიმმა მიმის. - საქმეები მაქვს. შენ არ დამირეკო. ნუ თუ ძალიან ცუდად გახდება, მაშინ ჯანდაბას დარეკე. როცა მოვალ ახალ ტელეფონს და ნომერს მოგიტან.
მიმიმ გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა.
- უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს. - გააგრძელა ექიმმა. - მხოლოდ მერე უნდა გატეხო და გადააგდო, ნომერი კი გაანადგურო.
- ასე მგონია, რაღაც სახელმწიფო საიდუმლო მისიაში ვარ. - ჩაეცინა მიმის.
- შენ გგონია, მე რამე ვიცი? წარმოდგენაც არ მაქვს! უბრალოდ, პიპას თხოვნას ვასრულებ!
ექიმი იმდენად გულწრფელად უხსნიდა, მიმის ეჭვიც კი არ შეჰპარვია, რომ მასზე მეტი, არც ამ კაცმა იცოდა რამე.
- საერთოდ ასეთი წესია. როცა მსგავსი პრობლემით პაციენტი მოგმართავს, აუცილებლად პირველ რიგში, პოლიციას ატყობინებ და მერე იწყებ დაჭრილის მკურნალობას.
- ჰოო, პიპას რაში აწყობს ახლა პოლიციაში სირბილი, თანაც სტუდენტების ყურამდე თუ მივა, ვინ იცის მერე, რანაირად არ შემოატრიალებენ ამ ამბავს. - როგორც იქნა მიხვდა მიმი.
- აი სწორედაც, რომ მაგაშია საქმე! მით უმეტეს, თუ მოსაყოლიც არაფერი აქვს, არც კი იცნობს ვინ არიან და რა უნდოდათ? ისინი კი გაიქცნენ, თავს უშველეს და ეს კაცი კი კინაღამ დაღუპეს.
- კი, მაგრამ დამნაშავე ხომ უნდა დაისაჯოს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ აქეთ, რომ ამას დააბრალონ? რა იცი ვინ არიან? - უხსნიდა ექიმი. 
- არა, მაინც, რა დონის მათხოვარი უნდა იყო, რომ კაცი დაჭრა და ქუჩაში დააგდო, არც კი მიხედო!
- ნუ, რას ვიზამთ. - ამოიხვნეშა ქირურგმა. - ყველა კაცი, ხომ კაცი არ არის!
- ან სასწრაფო მაინც, რომ გამოეძახებინათ და...
- მაშინ თავადაც ხომ დაიწვებოდნენ. - გაეღიმა ქირურგს.
- ჰოო, ეგ კი არ მიფიქრია.
- სიმართლე გითხრა სულზე მოვუსწარი, ყოჩაღ შენ კარგი გოგო ხარ! აი, ასე უნდა მეგობრის გვერდით დგომა.
- იცით, საერთოდ არ უნდოდა არავისთან დარეკვა, წასვლასაც კი აპირებდა. ბოლოს სასწრაფოთი დავემუქრე და...
- და ჩემთანაც დარეკა. კარგია, რომ დააძალე, თორემ ვინ იცის?
- ჰმ, მაინც საოცარია, როგორ უცებ მიხვდით ყველაფერს, ორი სამი წინადადებაც კი საკმარისი იყო და უკვე აქ გაჩნდით. - მიმი ინტერესით კვდებოდა, რასაც პიპასთან ვერ მიაღწია, ახლა მისი მეგობრისგან ცდილობდა რაღაც მაინც ამოექაჩა.
- დიდი ხანია ვმეგობრობთ, მრავალი წელია. ასეთი თხოვნით პირველად მომმართა. ინსტრუმენტები, რომ ახსენა მიხვდი, ისეთი რამ უჭირდა, რაც მე მემარჯვებოდა. გაუგებარი არაფერი იყო ამაში.
- და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე, მეგობართან გაჩნდით!
- დიახ! შეკითხვების დასმას, მერეც მოვასწრებთ! მთავარია, ჯერ ფეხზე დავაყენოთ.
- ზოგჯერ მართლაც რა მარტივია ადამიანის გაგება, ზოგჯერ კი, ის მარტივიც საშინლად რთული. - ამოიხვნეშა მიმიმ. - და ერთგულ მეგობარს კი, შესწევს იმის უნარი, რომ თითქმის, ნებისმიერი სირთულე შედარებით ადვილად მოგიგვაროს. 
- აი, სწორედ მეც მანდ ვარ! მარტო მეგობრობის სათვალავში ყოფნა, არ ნიშნავს მეგობრობას! არსებობს მეგობრობის ის ჭეშმარიტი მცნება, რომელსაც ნდობა ჰქვია! უნდობლობა იწვევს სიცრუეს, ღალატს, თავის არიდებას და ბოლოს სუფთა ურთიერთობის ნაცვლად, ხელში ნიჰილიზმით გაჯერებული ბუშტი შეგრჩება! და ბუშტის მთავარი თვისება კი, რა არის? ერთი პატარა, პაწაწინა საჩხვლეტიც კი საკმარისია, რომ ისე გასკდეს, მისგან მხოლოდ ნაფლეთებიღა დარჩეს და ყველაფერი იქ დაგროვილი, ჰაერს შეერიოს და უკვალოდ გაქრეს!
მიმი თვალებდაჭყეტილი უსმენდა.
- ეს მე არ მითქვამს! - ქირურგს გაეცინა. - პიპას სიტყვებია. ჩვენს პატივცემულ პროფესორს, ორატორობაც მშვენივრად ეხერხება.
მიმის გაეღიმა.
- ასეა! ასე! - განაგრძო ექიმმა. - რაც არ უნდა გავაკეთო, მთელი ცხოვრება, მაინც მისგან დავალებული ვიქნები, ვერასდროს ამოვალ მისი ვალიდან და არც არასდროს არაფერში დავზარდები.
მიმის ერთი სული ჰქონდა ეკითხა, ასეთი რა ვალი გაქვთო, მაგრამ ამ დროს პიპამაც შეიღვიძა.
- მშვიდობით გადარჩენას გილოცავთ, ჭაბუკო! - თვალი ჩაუკრა ქირურგმა და ვისკი გადაჰკრა.
პიპას ტანჯული სახით გაეღიმა და მიმის თბილი თვალები მიანათა.
„ნუთუ, მართლა ცხადში ხდება, თუ ჯერ კიდევ მძინავს?
იქნებ, მოვკვდი უკვე და...
მიმი...
მიმი...
ჰმ, რამდენჯერ ვაქციე ზურგი ამ გოგოს და მაინც თავს დამკანკალებს. რა საოცრად თბილი და კეთილია.
როგორ ვნანობ ყველაფერს, როგორ მინდა დავივიწყო. ბევრი რამ დავივიწყო.
ეჰ, ნეტა მიმი ოდესმე მომცემდეს შანსს და იქნებ, შევძლო და თავიდან დავიწყო.
არა! არა! ღმერთო ჩემო! მგონი ფიქრებშიაც კი, რაღაცას ვბოდავ.
რა შანსი? რომელი შანსი?
მკვლელი მაინც მკვლელია! და აღარ არის მისთვის შანსი! მისი დრო ჩავლილია!
ჩემი დრო გავიდა!
ჩემმა ბედნიერებამაც, ისე უღიმღამოდ ჩაიარა! და ახლა სხვასაც ვუწეწავ ცხოვრებას.“
- გინდა რამე მოგიტანო? - ჩუმი ხმით მიმართა მიმიმ და პიპას გამჭოლ მზერას თვალი აარიდა.
პიპამ უარის ნიშნად, ოდნავ გააქნია თავი.
- ახლა მარხვა და ლიტანიობა არ დამიწყო! - მკაცრი ხმით მიმართა ექიმმა. - მოკვდა ეს გოგო ფეხზე დგომით! რასაც დაგიდებენ, იმას შეჭამ!
- არაფერი მინდა. ცოტა წყალს თუ... მხოლოდ ცივი წყალი მინდა. - ძლივს წაიჩურჩულა პიპამ.
ექიმმა თავი დაუჭირა. პიპამ ძლივს მოსვა წყალი. ყლაპვაც კი უჭირდა.
- ბულიონს შემოვიტან. - მიმი ოთახიდან გავიდა.
- არ მინდა არაფერი. - ჩუმი ხმით თქვა პიპამ.
- აუცილებელია შენთვის ახლა მომაგრება! აბა როდემდე იწვები აქ? მანქანამდე მაინც ხომ უნდა ჩამოხვიდე, არა?
- არ მინდა... არაფერი არ მინდა... ავდგები ცოტა ხანში და...
- ჰმ. - ქირურგს ჩაეღიმა.
მიმიმ პატარა ღრმა, მოჩუქურთმებული წვნიანის თეფში, ასეთივე მოვარაყებული კოვზით კომოდზე დაუდგა.
მიმის ფაცი-ფუცზე, პიპას ღიმილი მოერია, მაგრამ მაინც უარზე იდგა. პირს არაფერს აკარებდა.
მიმიმ მუდარით გადახედა ექიმს. ექიმმაც ანიშნა, ისევ როგორმე, შენ უნდა იმარჯვოო.
მიმი საწოლთან ჩამოუჯდა.
- ძალიან გთხოვ, თუ ოდნავ მაინც ხათრი გაქვს, ვიცი და მესმის, რომ არ გინდა მარხვის დარღვევა და...
- არა, არ გესმის და მაგიტომაც... შეუძლებელს მთხოვ... - ძლივს ამოიხვნეშა პიპამ.
მიმიმ უფრო ახლოს მიიწია, პიპას ხელი აიღო და მუცელზე დაიდო თან, ორივე ხელით დაუჭირა:
- ოდნავ მაინც, თუ გაქვს ხათრი. - მიმის თვალები აევსო.
პიპა ყველაფერს მიხვდა, ყველა პასუხი მიმის თვალებში ამოიკითხა. გაუხარდა ძლიერ გაუხარდა და ამავე დროს, საშინლად ჩასწყდა გული.
- ცხოვრებაში, ყოველთვის ისე არ გამოვა. - პიპამ ამოიხვნეშა. - არ გამოვა ისე, რომ რამე ჯილდოდ, ასე უბრალოდ გადმოგეცეს, ზოგჯერ არის, რომ უნდა დაიმსახურო. ამ ჯილდოს ღირსი უნდა გახდე.
მიმი წყლიანი თვალებით ისე ჩააშტერდა, რომ ახლა თვითონ პიპამ აარიდა თვალი.
პრანჭვის დრო მართლაც არ იყო, არც წმინდანად თავის გამოდების დრო. მერე რა, ახლა და ამ სიტუაციაში, მარხვას თუ დაარღვევდა, ეს არაფერს ნიშნავდა იმასთან შედარებით, სინამდვილეში ვინც იყო და რასაც წარმოადგენდა. მკვლელი იყო! დამნაშავე, კრიმინალი და ბევრად უფრო დიდი ცოდვის ჩამდენი ვიდრე, ასეთ დროს, მარხვის დამრღვევი.
მას მერე, რაც უფრო ძმა და მოძღვარი ჩაიხუტა გულში, სულ იცავდა მარხვას და არასდროს, არასდროს არღვევდა. თუმცა, უკვე წლებია აღარც ეზიარებოდა და აღსარებისგანაც თავს რა ხანია იკავებდა. მიზეზი კი ერთი იყო, - ახლა არ არის მაგის დრო, მერე ყველაფერს ერთად მოგიყვებითო, - ასე უხსნიდა მოძღვარს.
მოძღვარი სიყმაწვილის წლებიდან იცნობდა უკვე პიპას და ზედმეტად არც აძალებდა აღსარებას, მაგრამ არც რჩევასა და დარიგებას აკლებდა. დარწმუნებული იყო, მის გვერდით, მონასტერში გაზრდილი ბიჭი, ცუდს არაფერს ჩაიდენდა, უსამართლოდ არავის დაჩაგრავდა, მაგრამ აბა მართლა, რას წარმოიდგენდა, პიპა თუ თავად აწარმოებდა სამართალს და თავად განსჯიდა და თავისივე ხელით მოიყვანდა სისრულეში განაჩენს და თავად იყო პიპა მსაჯულიც და ჯალათიც.
„ნუთუ, მართლა ჩემი შვილია?
და მე რატომ არ მითხრა? რატომ დამიმალა? რა თამაშს თამაშობს მიმი? იქნებ, ფიფოსთან ერთად, ასე უნდა ჩემი გამოჭერა?
არც მე ვარ წინააღმდეგი, უკვე ისე დავიღალე და მომბეზრდა ყველაფერი, მაგრამ ჯერ არ არის მაგის დროს. ჯერ არ დამიმთავრებია. კიდევ მაქვს ცოტა მორჩენილი, დაუმთავრებელი საქმე.
იქნებ, მიმი მატყუებს და სულაც არ არის ჩემი შვილი?
ან იქნებ, მართლაც ჩემია...
ჰმ, მაგის გაგებას რა უნდა?“
ზედმეტი ფიქრის დრო აღარ იყო. სასწრაფოდ, როგორმე ფეხზე უნდა დამდგარიყო და დროულად გასცლოდა მიმის სახლს.
- ცოტა ბულიონის წვენს... - წაიჩურჩულა პიპამ. - მხოლოდ ხათრის გულისთვის... 
მიმი ყურებამდე გაიბადრა. პიპასაც ოდნავ ღიმილი აუთამაშდა. მიმის ისეთი სახე და თვალები ჰქონდა, რომ შეუძლებელი იყო მასში ეჭვის შეტანა.
პიპა მიტკალივით გაფითრებულიყო, თვალს ძლივს ახელდა და მართლაც უჭირდა ყლაპვა. არც ბულიონი უნდოდა და არც არაფერი, მაგრამ ექიმი მართალი იყო, როდემდე იქნებოდა მიმის საწოლში უღონოდ გაშოტილი და თან მიმის ხათრით და იმ პატარა არსების ხათრით მაინც უნდა დამდგარიყო ფეხზე და ბულიონზე კი არა ალბათ, ჭაობის წყალზეც არ იტყოდა უარს.
ექიმმა სიცხე და წნევა გაუზომა. ცდილობდა მშვიდი სახე შეენარჩუნებინა, მაგრამ პიპამ მაინც შეატყო:
- ვერ არის ხომ ისე საქმე?
- არ დაგიმალავ და საკმაოდ სუსტად ხარ. თუმცა, არც მიკვირს, რომ ასეც იქნებოდა. ბევრი სისხლი დაკარგე და რატომ მაშინვე ჩემთან არ მოხვედი?
- ცოტა ტვინი, რომ გამენძრია საერთოდ არ უნდა მომსვლოდა ეს, მაგრამ უტვინოა ადამიანი, უტვინო! თავი ყველაფრის მცოდნე და გამჭრიახი ჰგონია და ისე ადვილად სჩადის იდიოტობებს. ჰმ, მერე თავადაც უკვირს. ვაი, როგორო? - პიპამ ძლივს ამოისუნთქა.
რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში მეგობარ ქირურგთან მისვლა სჯობდა, მაგრამ საკმაოდ შორს ცხოვრობდა, მიმის სახლი კი, ყველაზე ახლოს იყო. ფიფოს, რომ ყველაფერი აეწრიალებინა მიმისთან მაინც არ დაუწყებდა ძებნას. საუკეთესო თავშესაფარი იყო, თუნდაც, ერთი ღამით.
- უნდა გავიდე. - ექიმი მიმისკენ მიბრუნდა. - დიდ ხნით არ დაგტოვებთ, მოვალ მალე.
- და... როგორ არის?.. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- ნუ ახლა, აბა როგორ იქნება? კიდევ კარგად გაუძლო. ძლიერი ორგანიზმი ჰქონია.
- და ხომ არ... - მიმის ხმა აუკანკალდა.
ექიმს გაეცინა:
- ყველაფერი კარგად იქნება. მაგისთანები დამიყენებია ფეხზე!
მიმიმ ცოტა ამოისუნთქა.
- სისხლის ბანკში უნდა გავიდე.
- მერე ასე ადვილად შეიძლება გამოტანა? - გაიკვირვა მიმიმ.
- არ არის ადვილი, მაგრამ მოვახერხებ. ვიტამინებსაც გადავუსხამ.
- კარგი იქნება.
- შენ კი ახლა კარი კარგად ჩაკეტე, როგორც კი მოვალ, ზარს სამჯერ ზედიზედ, მოკლე წყვეტილი ზუმერით დავრეკავ.
- კარგი. - გაეღიმა მიმის და დაღლილი თვალები შეანათა.
- და ცოტა გამოძინება არც შენ გაწყენდა.
არ მეძინებაო კი სთქვა მიმიმ, მაგრამ მთქნარებას ვერ აუდიოდა.
პიპას ისევ ჩასძინებოდა. მიმიც მიუცუცქდა და ცოტა თვალის მოტყუება სცადა.
უცნაურ ღამეს ასევე უცნაური და საოცარი დღეც მოჰყვა.
LEX. 2018 წლის 15 მარტი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment