143.
- ნებისმიერი ჭრილობა მაინც არ ხორცდება ისე, რომ რაღაც კვალი მაინც რომ არ დარჩეს. - მიმის, რომ არ გაღვიძებოდა ჩურჩულით უხსნიდა
ექიმი პიპას. - მხოლოდ დროთა განმავლობაში, ნაიარევი იცვლის სახეს.
- იყოს როგორც არის. - ჩაილაპარაკა პიპამ.
- შეხორცება მშვენივრად მიმდინარეობს. - ქირურგმა ძველი სახვევი მოხსნა. ნაოპერაციები ნაწიბურები კარგად შეუმოწმა და ახალი სახვევი დაადო.
- კარგია, რომ არ დაჩიქრდა.
- ჰმ. - უკმაყოფილი ღიმილით გააქნია თავი ქირურგმა. - ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვიც შეგეპარა უკვე, ყმაწვილო?
- არა. შენ არაფერ შუაში ხარ. - პიპამ მძინარე მიმის ოდნავ თვალი შეავლო.
მიმის კი ისე ღრმად ეძინა და ისე თანაბრად სუნთქავდა, რომ პიპას ეჭვიც არ შეპარვია მის ძილში.
- ნატყვიარია მაინც და ათასი ინფექცია შეეძლო შეეტანა. - ძალიან, ძალიან დაბალი ხმით წაიჩურჩულა პიპამ.
- მასე ბინძური დანაც შეიძლება იყოს ათასგვარი ინფექციის შემტანი სხეულში.
- ჰო, ეგეც, ჰო. - წაიჩურჩულა პიპამ.
ქირურგმა არაფერი უპასუხა და ზედა სახვევიც ჭრილობაზე კარგად დაუმაგრა.
- ესე იგი. - კვლავ ჩურჩულით განაგრძო პიპამ. - მაინც კარგად მიდის შეხორცება, არა?
- მშვენივრად მიდის. - უპასუხა ქირურგმა. - თუმცა, წუხელ კი ისე ძლიერ შეგვაშინე.
პიპამ ამოიხვნეშა.
- მართალია, მე
არაფერი გამიგია. - განაგრძო ქირურგმა. - მაგრამ დილით როცა მოვედი, უკვე სიცხეც დაწეული გქონდა და ტკბილადაც გეძინა კიდევაც.
პიპამ ღიმილით მილულა თვალები და მიმის თავი დაადო.
- აქედან უნდა გამიყვანო. - წაიჩურჩულა პიპამ. - და რაც შეიძლება მალე.
- სად გეჩქარება? ხუთი დღე გვაქვს რეზერვში. შეგვიძლია კიდევ სამი დღე
მაინც გავჩერდეთ.
- არა, არა. სარისკოა! - პიპას ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა ჩურჩული და ტკვილისგან დაიმანჭა. - მართლა სარისკოა და თანაც, ცოდოა მიმი.
- ნუ ეგ ხომ, თავისთავად. მაგაში მართალი ხარ. - თავი დაუქნია ქირურგმა. - ორსულებისთვის ამდენი ნერვიულობა, განცდები და ღამის თევა მართლაც არ შეიძლება.
- თუნდაც, მაგიტომ და კიდევ, მაინც სახიფათოა ჩემი აქ დიდ ხანს გაჩერება. - პიპამ წამით იყუჩა. - სწორედაც რომ მართლაც ზუსტად აქ არის ყველაზე სახიფათო ჩემი აქ ყოფნა, რადგანაც ამ ამბავს ეხება.
- ჰოო ოო? - წარბები აზიდა ქირურგმა. - ესე იგი, სადღაც მიმის ახლო-მახლო გადის ეს გზა?
- ფაქტიურად მასეც არის. - პიპამ ამოიხვნეშა. - სადღაც, მიმისაც კი ეხება.
- დაა... პირდაპირ, თუ ირიბად?
- პირდაპირ. - პიპამ ღრმად ამოისუნთქა. - მთელი უბედურებაც მაგაშია, რომ პირდაპირ.
- ალბათ, ოდესმე მომიყვები რა მოხდა. - ცალყბად გაუღიმა ექიმმა.
- ალბათ... ოდესმე... - წაიჩურჩულა პიპამ.
- ისე, მართლა როგორ მაგრად ივაჟკაცა მიმიმ. - ეღიმებოდა ექიმს. - ძალიან შეეშინდა, ძალიან, მაგრამ
შიშისგან არც კი დაბნეულა. მაგარი გოგოა, მაგარი. საოცარი და თანაც, სიგიჟემდე შეყვარებული.
- ჩემი გოგოა ეს. - პიპამ ფრთხილად აკოცა მძინარეს.
- კი, შენი ეძახე, მაგრამ უკვე გათხოვილი, რომ არის? რას ფიქრობდი ამდენს? - ქირურგის ხმაში საყვედურის ტონიც გაისმა. - რატომ არ იაქტიურე? რას ელოდებოდი? მაინც და მაინც სხვას უნდა გაჰყოლოდა ცოლად?
- მარტო თითზე ბეჭდის წამოცმა, არ ნიშნავს ოჯახის შექმნას. - მშვიდი ხმით მიუგო პიპამ. - სიტყვას დაუკვირდი
- შექმნა!
- ჰოო, ისე მართალი ხარ, მართალი.
- ჰოდა, ჩვენ შევქმნით ოჯახს! ნამდვილ ოჯახს! ლამაზს, ძლიერს და უსაზღვროდ
ბედნიერს. - პიპას ხმაში შემართება გაისმა.
- მერე? რაღას უცდი? ან ამდენს რატომ ფიქრობდი?
- არც მაგისი დრო იყო და არც ის მომენტი, რომ...
- ის, საჭირო მომენტი. - შეაწყვეტინა ქირურგმა. - მანამ არ დადგება, სანამ ამას შენ
თვითონ არ მოიყვან.
- ჰო, მეც ვფიქრობ
უკვე მაგაზე.
- ძალიან ბევრს ხომ არ ფიქრობთ, ყმაწვილო? - ჩაეცინა ქირურგს. - გაქვს კი, ამდენი ფიქრის დრო?
- დრო მართლაც რომ აღარ მაქვს. - ამოიხვნეშა პიპამ.
- მერე? - არ მოეშვა ქირურგი. - იმოქმედე! უკვე დროა!
- ვფიქრობ უკვე მაგაზეც.
- და რაღას ფიქრობ?
კვლავ არ ეშვებოდა ქირურგი. ისედაც ცხადი იყო, პიპას რაღაც ხათაბალაში ჰქონდა თავი გაყოფილი და სავარაუდოდ, მიმის გამო და რადგანაც, ასე სასიკვდილოდ გაიმეტეს, ამიტომაც ასეთი ძალით უბიძგებდა ქვეყნიდან წასვლაზე.
- შენი ნიჭის პატრონს, მართლა არსად გაგიჭირდება. - განაგრძობდა ქირურგი პიპას დარიგებას.
პიპამ არაფერი უპასუხა.
- ისედაც რამდენიმე ქვეყნის, საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტებიდან გაქვს შემოთავაზება და რაღას უცდი? დააყენე საშველი.
- დღისით ლექციებს ჩავატარებ, საღამოობით კი რესტორნებში დავუკრავ. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას.
- შენ იცინე და ზედმეტი შემოსავალი არავის აწყენს, მით უმეტეს, უცხო ქვეყანაში.
პიპამ ამოიხვნეშა.
- ვივახშოთ და მოვიფიქროთ ერთად და გადაწყვიტე ბოლოს და ბოლოს. - ექიმი წამოდგა.
- ყავა რა, თუ არ შეწუხდები. - წაილუღლუღა პიპამ.
- არ შევწუხდები. - გაეღიმა ექიმს.
პიპამ თვალები მილულა და მიმის უფრო მეტად მოეხვია.
- ჩემი გოგო, ჩემი გოგო. - უჩურჩულა ყურში.
მიმის შეეღვიძა და პიპას ალერსისგან გატრუნული, სიამოვნებით უსმენდა მის
ჩურჩულს.
- იცი მიმი, სულიერ გაჭირვებაზე რთული, არაფერია ამ ქვეყნად. - განაგრძობდა პიპა. - მიჭირს,
ძალიან მიჭირს და უშენოდ კიდევ უფრო მეტად გამიჭირდა არსებობა.
- ახლა ხომ შენთან ვარ.
- ჰოდა, წავიდეთ! ერთად წავიდეთ! ხომ წამოხვალ? - პიპამ თვალებში ჩახედა.
- წამოვალ. წამოვალ. - ჩურჩულებდა მიმიც.
- რა საოცრება ხარ. არც კი მეკითხები, სად წავიდეთ და რატომ. - გაეცინა პიპას. - ან თუნდაც...
- შენთან ერთად, სულ ერთია სადაც წავალთ, იქ ვიქნები ბედნიერი. - მიმის ემოციებისგან თვალები აუცრემლდა.
- ჰოდა, წავალთ ერთად.
- მაინც, რა ბედისწერა იყო იმ დღეს ჩვენი შეხვედრა? რაღა მაინც და მაინც, სწორედ
იმ სადარბაზოში შემოვედი. - აჟღურტულდა მიმი. - გჯერა ბედის?
- იღბლის მჯერა, მაგრამ ბედის, არა. - ღიმილით მიუგო პიპამ.
მიმის გაეცინა.
- ალბათ, გულმაც
მიგრძნო და სწორედ იქ შემოვედი, სადაც შენ იმალებოდი. - აგრძელებდა მიმი.
- არსადაც არ ვიმალებოდი. - ირონიული მიუგო პიპამ. - ჩემთვის ვიყავი, სახლს
ვათვალიერებდი. ლაბირინთებში ჩაკარგულ ხელოვნების ნიმუშებს ვეძებდი.
- ისე, მართლა რა საინტერესო და როგორი იდუმალი სახლია.
- უჰ, რაც მე მანდ ვიძრომიალე და კიდევ ბოლომდე მაინც ვერ შევისწავლე.
- მე რომ დავიკარგე, გახსოვს? - მიმის სიცილი აუტყდა.
- როგორ არ მახსოვს. - გაეცინა პიპასაც. - კედლის მეორე მხარეს მოგყვებოდი, სანამ
საკმაოდ დიდი მანძილი არ გავიარეთ, მანამდე ვერანაირად ვერ ვიპოვე საიდან უნდა გამომეყვანე.
- და თუ მომყვებოდი, რატომ ხმა არ ამოიღე? ლამის გული გამისკდა.
- ხან ღიღინებდი, ხან უფრო ხმამაღლა მღეროდი. მერე ყვირილზე, რომ გადახვედი. - პიპას ისევ ეცინებოდა. - კედლის გამონგრევაც კი ვიფიქრე, მაგრამ გამოსავალსაც მალევე მივაგენი.
- და მიშველა ჩემმა მხსნელმა. - მიმი პიპას ჩაეხუტა. - ჯერ მუსიკის ხმას
მივყევი. არა, არ მეჩვენებოდა ნამდვილად ვიღაც უკრავდა.
პიპამ არაფერი უპასუხა. თვალები ჭერს მიაპყრო.
- შენ უკრავდი? - ჩაეკითხა მიმი.
- არა.
მიმის კიდევ უნდოდა ეკითხა, აბა ვინ უკრავდაო, მაგრამ ამ დროს, ქირურგიც შემოვიდა:
- დღეს, მენიუში გვაქვს - ფეტუჩინი ალ ალბერტო! - გამოაცხადა მხიარული ხმით.
- ალფრედო! - სიცილით შეუსწორა პიპამ.
- ჰო, სულ ეგ მეშლება, სამაგიეროდ რეცეპტი არ შემშლია და ახლა თავად დააგემოვნეთ, როგორი გამომივიდა.
როცა მიმი და მისი მეგობრები გემრიელად ვახშმობდნენ, ფიფოს ამ დროს დაღლილობისგან
თავის უსკდებოდა, ვახშამი კი არა მეორე დღე იყო, წესიერად პირში ლუკმა ვერ ჩაედო.
სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, ყველა ის მონასტერი
გადაამოწმა და პიპას კვალს ვერსად მიაგნო. უფრო მეტი ხალხის ჩარევა გახდა საჭირო, უფრო
მეტი ნაცნობობის გამოყენება და ახლა ფარულად კი არა, უკვე დაუფარავდ ეძებდა და კითხულობდა,
მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა. ისიც კი წესიერად ვერ დაადგინა, რომელიმე მონასტერში მაინც თუ იცნობდნენ საერთოდ.
სანამ მიმი დედასთან ეგულებოდა და სანამ დაშავებული
სახე მოუშუშდებოდა, მანამდე უნდა გამოეყენებინა ეს დრო, მაგრამ სულ ამაოდ.
„ჰმ, მონასტერშია არა, ბიჭი?!
ან კარგად მალავენ, ან კი მართლაც არსად არ არის.
სადღაც სულ სხვაგან იმალება.
დამაცადოს, მარხვაც დამთავრდება, რაღა დარჩა? მე თვითონ გამოვუყვან მაგას წირვას!“
დაღლილობისგან გათანგულ ფიფოს სავარძელში, ისე
ეძინა, რომ ნათლიის შემოსვლა არც გაუგია.
- დიდი ხანია აქ ხარ? - ძლივს წაილუღლუღა ნამძინარევი ხმით ფიფომ.
- არც ისე. - მიუგო ნათლიამ. - შენს ძილში, ყავის დალევაც მოვასწარი.
- ნათლიამ სიგარეტს მოუკიდა. - ისე, ყავა არც შენ გაწყენდა და საერთოდ, სარკეში ჩახედვაც მოგიხდებოდა.
- რა ხდება, შვილო? ხომ მშვიდობაა? - შეშფოთებული
ხმით იკითხა ფიფოს მამამ.
- რა უნდა ხდებოდეს? საქმე, საქმე და კიდევ
საქმე! - წაიბურტყუნა ფიფომ.
- მეც ხომ არ წამოგეშველოთ? ბოლოს და ბოლოს, თქვენიანი ვარ, მაინც. - ღიმილით გახედა მამამ ნათლიას.
- ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო, ხომ გაგიგია?
- ჩაიროხროხა ნათლიამ.
- ჰო, მაგრამ მაინც, რა ვიცი? იქნებ, მეც დაგჭირდეთ? - უკან არ იხევდა ფიფოს მამა.
- შენ, შენს მოსწავლეებს მიხედე! - მიუგო ნათლიამ. - მე და ფიფო კი, ჩვენს საქმეებს მოვუვლით.
- კეთილი, როგორც გინდათ. - ხმაში ცოტა წყენა
შეეტყო მამას.
- აბა, რა გეგონა? - ნათლიამ წყენითვე გახედა ფიფოს მამას. - რომ მიგვატოვე და გეზი შეიცვალე.
- აღარ შემეძლო, ამდენი ღამის თევა და ამდენი
დაძაბული ცხოვრება. ახლა მშვიდად ვარ. სამართალს ვუკითხავ მოზარდებს, რომლებსაც სულ ფეხებზე ჰკიდიათ, არც აინტერესებთ და ერთი
სული აქვთ ზარი როდის დაირეკება.
ყველას გაეცინა, ფიფოს გარდა.
მამამ მალულად
გახედა ნათლიას და მერე ფიფოს ჩააშტერდა:
- რაღაც მგონი, სერიოზული ხდება, არა?
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- მიდი მოწესრიგდი და ხანუმასთან გელოდები.
- ისეთი ხმით უთხრა ნათლიამ, რომ ფიფო მიხვდა, საქმე ბევრად უფრო ცუდად იყო, ვიდრე ფიქრობდა.
- მეც მოვდივარ! - ისეთი ტონით სთქვა ფიფოს
მამამ, რომ უარი ვეღარ უთხრეს.
- ჰო, ბარემ მთელი ოჯახი ჩაერიეთ. - ცალყბად ჩაიბურტყუნა
ნათლიამ და ოთახიდან გავიდა.
მამამ ფიფოს გადახედა. ფიფომ თვალი აარიდა.
იცოდა, რომ არასწორად მოიქცა. ზედმეტად აჩქარდა და თანაც, მარტოს უნდოდა თავის გამოჩენა და ამ თავისი ამპარტავნობითა და დაუდევრობით, კინაღამ ის საწყალი ბიჭიც შეიწირა.
კიდევ კარგი, იონაც არ დავღუპეო, ამაზე კიდევ ცალკე დარდობდა ფიფო.
„და მაინც მგონია, რომ მიმიხვდა ის დამპალი! იქ, იმ ნახანძრალ სახლში, სპეციალურად მე რომ მივიტყუე და მაინც გაბედა იქ მოსვლა?!
ნაძირალა! გარეწარი!“
ფიფო მართალი იყო. სულაც არ სცდებოდა იმაში, რომ პიპა ყველაფერს მიხვდა.
ისიც კი იფიქრა, რომ მიმი, ფიფოსგან დარიგებული, სპეციალურად აჟღურტულდა იმ ფოტოზე და
მხატვარიც ჩარია. ამის დამამტკიცებელი საბუთი კი ის იყო, რომ იქ მისულს შეიარაღებული ხალხი
დახვდა ჩასაფრებული.
„როგორ არ მინდა, რომ ვიფიქრო. ნუთუ, მიმი მართლა გარეულია ამ საქმეში?
კი მაგრამ, ამდენი დღეა აქ ვარ, დედაც კი გაუშვა სახლიდან და რატომ პოლიცია არ დამაყენა
თავზე?
ან ფიფოსაც რატომ არაფერი შეატყობინა?
ბუნებრივადაც გამოუვიდოდა და ვერც ჩემგან მიიღებდა საყვედურს. ჩვეულებრივ მოვიდოდა
ფიფო სიდედრის სახლში, დავხვდებოდი მე და რა თქმა უნდა დამაკავებდა კიდეც!
იქნებ, მიმიმ შემიბრალა? ლამის ხელში ჩავაკვდი და დამინდო?
იქნებ, სულაც ხელსაყრელ მომენტს უცდის? უკეთ როცა გავხდები მაშინ დაურეკავს
ფიფოს? ან იქნებ, ფიფომ იცის და ჩასაფრებული ჩემს აქედან გასვლას უცდის და მიმიც სულ არაფერ შუაშია.“
ჩაფიქრებული პიპა დახურული დარაბების ჭურჭუტანიდან გასცქეროდა ქუჩას.
„ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ მითვალთვალებდნენ.
ან იქნებ, ჩემი
პარანოიაა ეს ყველაფერი?
ამ ბოლო დროს, მეზობლებზეც კი შემეპარა ეჭვი, მაგრამ მიმიზე, როგორ დავიჯერო, რომ...
არ ვიცი... არ ვიცი...
მიმი ისეთი თვალებით მიყურებს, რომ რთულია მასში ეჭვის შეტანა.
ნუთუ, მატყუებს?
როგორ გავიგო სიმართლე, როგორ?“
- მოგბეზრდა ამდენი წოლა? - ფიქრებში ჩაძირული პიპა, ქირურგის დაბალმა ხმამ გამოაფხიზლა.
პიპა ფრთხილად მობრუნდა. ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და მძინარე მიმის გახედა.
- ქმარმა მესროლა. - წაიჩურჩულა დაბალი ხმით პიპამ.
LEX. 2018 წლის 23 მარტი, პარასკევი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2057667751142178
No comments:
Post a Comment