145.
- თუ მიმის ქმარი გყავს გადაკიდებული და ასე სასიკვდილოდაც გაგიმეტა, მაშინ მართლა აღარც უნდა გაჩერდე აქ.
- ქირურგმა, მძინარე მიმის თვალი შეავლო და სამზარეულოში გავიდა.
- ჰო, მეც მაგიტომ ვჩქარობ აქედან გასვლას და შენ კი მაჩერებდი მაინც.
- პიპაც ნელი ნაბიჯით მიჰყვა უკან.
- ხვალ დილით, ექოსკოპიაზე მინდა წაგიყვანო და ბარემ ჩემთან გადაგიყვან, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები.
- რა ექოსკოპიაზე? ორსულად კი არ ვარ. - გაეცინა პიპას.
- რა იცი? იქნებ, ხარ და გვიმალავ. - სიცილში აჰყვა ექიმი. - ისე ღამით, რომ
დაგვადგეს თავს მიმის ქმარი? მაშინ რას ვიზამთ?
- ღამით, ნამდვილად არ მოვა!
- შენ რა იცი? - გაკვირვებით ჩაეკითხა ქირურგი.
- ვიცი და იმიტომ ვამბობ! არ მოვა ღამე!
- შენი საქმისა, შენ უფრო იცი. - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - ხვალ დილიდანვე გადავბარგდეთ აბა.
- ამაღამაც კი წავიდოდი, მაგრამ მიმი ცოდოა, არ მინდა ღამით მარტო დავტოვო.
- საოცარი გოგოა, სულ ტყუილად იკავებდი თავს და თანაც, ამდენი ხანი.
- შენ მაინც ნუ მეტყვი ამას. - სევდიანი ხმით მიუგო პიპამ. - მშვენივრად
იცი ჩემი ოჯახის ისტორია. აბა ჰკითხე მიმის დედას, უნდა რო, ერთადერთი შვილის, ისეთ ოჯახში
შესვლა, სადაც ინცესტია! და მისი უმძიმესი შედეგი კი, სახეზეა! - პიპამ ამოიხვნეშა. - ჩემი საბრალო ბიჭი...
- ჰო, მაგრამ არც შენ იცოდი და არც სხვამ.
- მაგას აღარ ექნება მნიშვნელობა, როცა ბავშვს წამოაძახებენ და გულს ატკენენ.
- მესმის. - თავი დაუქნია ქირურგმა.
- მაგიტომაც ვიკავებდი თავს. - განაგრძო პიპამ. - მიმი კარგი გოგოა და
კარგ ბედს იმსახურებს, ჩემნაირს კი არა.
- კარგი, ჰო მორჩი ახლა წუწუნს. - შეუტია ქირურგმა. - ვერ ხედავ? როგორ ძლიერ უყვარხარ ამ გოგოს?
- ჰმ. - ჩაეღიმა პიპას. - სულ გავურბოდი, სულ ცუდად და ცივად ვექცეოდი,
მაგრამ...
- მაგრამ, მაინც ვერ შეგელია.
- მეც, რომ ვერ ველეოდი მერე? - ჩაეცინა პიპას. - ისე თავიდანვე მომეწონა.
მართლა ძალიან მომეწონა და თავიდანვეც რაღაც ძლიერ ჩამწყდა გულში. ეჰ, ნორმალური ოჯახი,
წესიერი ცხოვრება, რომ მქონოდა, ამდენ დროს კი აღარ დავკარგავდი.
- მერე, არც ახლაა გვიან.
- არც ვაპირებ უკან დახევას. მიმის ხელს აღარ ვკრავ!
- და ისე, ბავშვი, რომ არ ყოფილიყო, შენ ალბათ, არც იფიქრებდი მიმიზე?
- ვფიქრობდი. ყოველთვის ვფიქრობდი, მაგრამ ისევ ჩემი ოჯახის წარსული მაბრკოლებდა, მაგრამ რადგან დავრწმუნდი, მიუხედავად ყველაფრისა მიმის მართლა ვუყვარვარ,
თანაც ბავშვიც არ მოიშორა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ძალიან ბევრს.
- და როგორ ფიქრობ, ნაღდად შენი შვილია?
- ჩემია! დარწმუნებული ვარ! ვგრძნობ, რომ ჩემია და თუნდაც, ჩემგან არ იყოს ის ბავშვი, მაინც ჩემი იქნება და ჩემად გავზრდი!.. რა იყო? - გაიკვირვა პიპამ, როცა ქირურგს უცნაური გამომეტყველება შენიშნა სახეზე.
პიპამ უკან მიიხედა. მიმი ბედნიერი სახით იდგა და უღიმოდა. პიპასაც გაეღიმა.
- მიმი, მოკლედ ასე. - დაიწყო ქირურგმა. - ჩვენ ხვალ დილიდან, უნდა ავიბარგოთ.
ისედაც, ამდენი დღე გაგაწვალეთ.
- არა, რას ამბობთ? - შეწუხდა მიმი. - სულაც არ მიწვალია.
- სიმართლე გითხრა, მართლა სახიფათოა და უხერხულიც არის შენთვის, ჩვენი აქ ამდენ ხანს გაჩერება. - ქირურგი ახსნას შეეცადა. - მაინც ვინმე, რომ მოვიდეს, ყველასთან ახსნას ხომ არ დავიწყებთ და თანაც, ექოსკოპიაზე
მინდა გავასინჯო, რამე რომ არ გამოგვეპაროს და მერე გვიანი არ იყოს.
- ჰო, ორსულად რომ არ ვიყო, ხომ უნდა ვიცოდე. - ჩაურთო პიპამ.
მიმის გულიანად გაეცინა:
- მეც არ მიყვარს ექიმებში სირბილი, სულ სამჯერ წავედი კონსულტაციაში.
- ბოლოს როდის იყავი? - ჩაეკითხა ექიმი.
- ალბათ, ორ თვეზე მეტია, რაც არ მივსულვარ. - მიუგო მიმიმ.
- ოო, აბა მასე, როგორ შეიძლება? - წარბი შეკრა ქირურგმა.
- ისე სქესიც კი არ ვიცი. წინასწარ არც მინდა ვიცოდე.
- და რატომ არ გინდა გაიგო? - ახლა პიპამ გაიკვირვა.
- რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭია თუ გოგოა? - არ შეეპუა მიმი.
- მაგას არ ვამბობ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც უნდა მიხვიდე კონსულტაციაში! ეს აუცილებელია! -
შეუფუცხუნა ექიმმა. - ათასი პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ კი წინასწარ გეცოდინება.
მიმი მიტკალივით გაფითრებული ჩამოჯდა სკამზე.
- რა იყო? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა პიპამ.
- არა... არაფერი. - ძლივს წაილუღლუღა მიმიმ.
- შენ გეშინია, რომ... - პიპა წამით გაჩუმდა. - გგონია, რომ ბავშვს რამე
დეფექტი ექნება, რადგან მე უკვე მყავს...
- პიპა გაჩუმდა.
წამით დუმილი ჩამოვარდა.
- ჰოდა, ორივე წამოდით! - წამოიძახა ქირურგმა. - ორივეს, ისეთ ანალიზებს
ჩაგიტარებთ, ისე გაგშიფრავთ, რომ ვერც კი წარმოიდგენთ! ბავშვის თვალის ფერსაც კი გეტყვით! ფოტოებს, ვიდეო ჩანაწერსაც გამოგატანთ და საერთოდ, ყველაფერი შემოწმდება. დედას უფრო ჰგავს თუ მამას, მაგასაც გაიგებთ!
მიმის თვალებში სიხარული ჩაუდგა, ფერზეც კი მოვიდა.
- მართლა რა კარგი იქნება. - პიპამ მიმის გახედა. - მიმი, წამოდი შენც ხვალ და ერთად ვნახოთ, ჩვენი შვილი როგორი იქნება.
პიპას გული სიხარულით ევსებოდა. ახლა მაინც უფრო ზუსტად ეცოდინებოდა, ნამდვილად თავისი შვილი იყო, თუ არა. თუმცა, მაინც უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და მიმიზე უარის
თქმას, აღარ აპირებდა.
- კარგი წამოვალ მეც! - თავი დაუქნია მიმიმ.
პასუხად, პიპამ გაუღიმა.
მიმი აჟღურტულდა. ხან რა წარმოიდგიდა და ხან რა. პიპაც ღიმილით თავს უქნევდა, მაგრამ მისი გონება, უფრო შორს ფრენდა.
- არა, ერთად არ გვაწყობს. - ჩაფიქრებული ხმით მიმართა მიმის. - სახიფათოა მაინც.
- მართლა ასე ფიქრობ? - გაიკვირვა მიმიმ.
- ამ ეტაპზე, არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ფიფომ რამე იცოდეს. - პიპამ ქირურგს გახედა. - ჩვენ, შენი მანქანით წავალთ,
მიმი კი ტაქსით გამოგვყვეს.
- ჩემი არც არის. - ჩაეღიმა ქირურგს. - ყოველდღე სხვადასხვა მანქანით მოვდივარ, ხან მეზობლის ხან
თანამშრომლის.
ყველას გაეცინა.
მიმი ძალიან გამხიარულდა. დიდი ხნის ლოდი მოეშვა გულზე. ბოლო დროს, სულ იმის შიში ჰქონდა, ბავშვი ჯანმრთელი, რომ არ მეყოლოსო. პიპაც კიდევ რა საოცარი ადამიანი ყოფილა, თუ მისი შვილი არ იქნებოდა, მაინც საკუთარი შვილივით გაზრდიდა, ისევე როგორც, ფიფო იჩემებდა.
„ღმერთო ჩემო, რა დღეში ვარ.“
ჩაფიქრდა მიმი.
„რამდენჯერ სიმარტოვე ვიგრძენი, სულ მარტოსულად ვგრძნობდი თავს და ახლა
კი, ორი ჩემი საუკეთესო მეგობარი, ორივე ჩემი შვილის მამობას იჩემებს და ყველაფრისთვის
მზად არიან. თუმცა, ერთი არც იჩემებს, რადგან მართლაც მისია, მაგრამ მაინც.
ვაიმე, საწყალი ფიფო. როგორ დასწყდება გული, როცა გაიგებს.
ძაან მეცოდება, ნამდვილად არ იმსახურებს ჩემი მხრიდან ასეთ უნამუსო ღალატს,
მაგრამ აბა რა გამოვა? ჩემს შვილს, საკუთარი მამის არსებობა დავუმალო?
პიპა მართალია, სანამ ბავშვი დაბადებულა, მანამდე უნდა მოვაგვარო ფიფოსთან
ყველაფერი.
აღარ წავალ იმ სახლში და მორჩა! მერე ნელ-ნელა ფიფოც მიხვდება, ცოტას მეც
ვეტყვი, თანდათან შევაპარებ, ისე რომ გული არ გავუხეთქო.“
- რაო, მიმი რამ ჩაგაფიქრა? - რბილი ხმით მიმართა პიპამ.
- ფიფოზე ვფიქრობდი. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო მიმიმ.
- და რაო? - ჩაეკითხა პიპა.
- იცი, ზუსტად იმ დღეს დამირეკა, მივლინებაში მივდივარ ორი
სამი დღეო და თურმე, არსადაც არ წასულა.
- ჰოო?
- ჰო! ჩემი ერთი თანამშრომელი ცხოვრობს მის პირდაპირ და იქ არის თურმე, ეს დღეები. თავის სახლში. მშობლებთან.
- იქნებ მასაც მოენატრა დედიკო? - ირონიული ხმით უთხრა პიპამ.
- კი, მაგრამ რატომ მატყუებს? თუმცა, ახლა უკვე მეც ვატყუებ. - ნაღვლიანად წაიჩურჩულა
მიმიმ.
- შენ არაფერს ატყუებ! - მტკიცე ხმით მიუგო პიპამ. - ორი დღე, ზედიზედ, შენს თავს თვითონ მაცილებინებდა, სპეციალურად აქ რომ დარჩენილიყავი, დედასთან! იყო ასე თუ არა? - ჩაეკითხა პიპა.
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი.
პიპა მშვენივრად ხვდებოდა, ფიფო ამას სპეციალურად რომ აკეთებდა, მაგრამ ამით რის მიღწევა უნდოდა?
- თან იცი კიდევ თურმე რა ხდება? - მიმიმ ამოხვნეშა.
- რა ხდება? - ოდნავ შეშფოთებული ხმით ჰკითხა პიპამ.
- სახეზე სულ ნაცემი ყოფილა. ალბათ, იჩხუბა ან რამე ხომ არ შეემთხვა? ამიტომაც
მომატყუა, რომ აქ არ მოვიდეს. არ უნდა რომ ასეთი დამენახოს.
ქირურგმა პიპასკენ გააპარა თვალი.
პიპა ჩაფიქრდა.
„ნუთუ, მაგას მოხვდა ჩემი მუშტი? აბა ზურგიდან ვიღამ მესროლა?
თითქოს, ის უფრო
ფიფოზე პატარა და გამხდარი ტანის იყო ვინც წავაქციე და ყბაც მოვტეხე, მგონი.“
- მიმი! - დაიწყო პიპამ. - იმ სახლიდან უნდა წამოხვიდე! საბოლოოდ უნდა
წამოხვიდე! - პიპა გაჩუმდა და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - თუ გინდა, ფიფოს მე დაველაპარაკები.
პიპამ იცოდა, რომ ეს აბსურდი იყო, აბა ფიფოს როგორ უნდა დალაპარაკებოდა, მაგრამ მიმის დასამშვიდებლად, მაინც მოსინჯა ნიადაგი.
- არა, არა! - შეეპასუხა მიმი. - მე თვითონ ვეტყვი! ყველაფერს ვეტყვი და
გამიგებს. არ არის ცუდი ბიჭი, ნამდვილად არ არის! ვიცი, სწორად გამიგებს.
- და იცის, რომ ბავშვი?.. - ჩაერია ქირურგი.
- რა თქმა უნდა, იცის! - უპასუხა მიმი. - მხოლოდ პიპაზე არ იცის! არაფერი იცის.
- და ბავშვზე როდის გაიგო, რომ არ არის მისი. - შეაპარა კითხვა პიპამ, როცა უკვე მარტონი დარჩნენ.
- თავიდანვეც იცოდა! ფიფოსთან არასდროს... მასთან არასდროს... - მიმი გაჩუმდა.
პიპა ყურებამდე გაღიმებული შესცქეროდა, ცხადი იყო სათქმელსაც მიუხვდა.
- უბრალოდ, მეგობრულად შემომთავაზა გვერდით დგომა და
მეც დავთანხმდი. თანაც... - მიმი კვლავ გაჩუმდა.
- თანაც? - ბედნიერი ღიმილით ჩაეკითხა პიპა.
- ძალიან უნდა, რომ ბავშვის მამა იყოს, ამიტომაც სანამ გაჩნდებოდა, ერთად
გადავედით საცხოვრებლად. ისე, რომ იცოდე, ჩვენ სხვადასხვა ოთახებში გვძინავს და ეს
არავინ იცის ჩვენს მეტი.
მიმი ცდებოდა. პიპამ ყველაფერი იცოდა. უკვე ისე იყო გაწაფული, კარის საკეტებსაც
ადვილად ხსნიდა. მიმის სახლშიც ასე უპრობლემოდ შეაღწია. ის მეორე სახლიც კარგად დაათვალიერა. უფრო მეტად, ფიფოს კომპიუტერი აინტერესებდა. იცოდა, ფიფოც და მიმიც, ორივე იმ დროს, მხატვართან
ელოდნენ, ამიტომაც დრო იხელთა და ფიფოს ლეპტოპიდან, მთელი მასალა გადმოიწერა. სახლიც
კარგად მოათვალიერა და არც ორი საძინებელი გამორჩენია მხედველობაში. ცოტა კი ჩააფიქრა,
ამან. უფრო მეტად დაეჭვდა მიმის მეგობრობაში, უფრო ნაკლებად სანდო ჩანდა ვიდრე ეგონა,
მაგრამ ახლა თავად მიმიმ გაუმხილა სინამდვილეში, თურმე რაც ხდებოდა და ცოტა გულზე მოეშვა.
- იცი, ფიფოსთან არც არაფერი... არაფერიც არ ყოფილა... - კვლავ წაიჩურჩულა მიმიმ.
- არც მაინტერებს, რა იყო და რა არ იყო! მორჩა დაივიწყე! - მოეხვია პიპა.
- ამიტომაც აქ ვერ რჩება. - განაგრძობდა მიმი. - არ გვინდა დედამ გაიგოს, ჯერ ასე ვიყოთო და მერე ვნახოთო, თუ არაფერი გამოგვივა, ბავშვს მაინც ეყოლება მამაო.
- და მერე, ჩემთან რატომ არ მოხვედი? ჩემთვის, რომ გეთქვა ორსულად ვარო, განა მე არ... - გაცხარდა პიპა.
- რამდენჯერ მოვედი მაგის სათქმელად, მაგრამ ვინ მომისმინა? ზედაც არ შემომხედე, ისე გამომაბრძანე გარეთ. - მიმის თვალები აუცრემლდა.
- მაპატიე რა, გთხოვ. იცი შენ რატომაც გაქცევდი ზურგს და მაპატიე.
- მითხარი სიმართლე! გთხოვ, არ დამიმალო. - ვედრებით შეხედა მიმიმ. - მხოლოდ ბავშვის გულისთვის გინდა
ჩემთან ყოფნა?
- მხოლოდ არა. - პიპამ თვალები დაუკოცნა. - შენ ისეთი თვალებით მიყურებდი, რომ უფრო და უფრო მეტად მინდებოდა
შენს გვერდით ყოფნა. რამდენჯერმე თითქოს გადავწყვიტე კიდევაც, მაგრამ... და მერე, როცა უფრო მეტად მოვინდომე, უკვე გათხოვილიც დამხვდი.
ჯერ ძალიან მეწყინა, საშინლად დამწყდა გული.
- მერე გეთქვა რამე, რატომ არაფერი მითხარი? ამდენი თვეა უკვე ფიფოსთან
ერთად ვცხოვრობ.
- გათხოვდი, შვილს ელოდები. რა უნდა მეთქვა, აბა? - პიპამ მხრები აიჩეჩა. - თანაც, როცა რამე ნაბიჯის
გადადგმას აპირებ, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდე, მარტო შენს თავზე და შენს პირად ემოციებზე
არ უნდა იზრუნო, ცოტა წინაც უნდა გაიხედო. აბა ჩემი ოჯახის გადამკიდე, შენთვის ჩემი თავი, როგორ უნდა
შემომეთავაზებინა?
- ისე, ჩემზე ბრაზობდი?
- არა. შენზე არა. მხოლოდ ჩემს უტვინო თავზე მომდიოდა გული. - პიპა მიმის მიეალერსა. - ისე, ხანდახან, ცოტას
შენზეც ვბრაზდებოდი ხოლმე.
- და რატომ? რას გიშავებდი? რომ არ გეშვებოდი, მაგიტომ? - გაეცინა მიმის.
- ზოგჯერ ღმერთზეც ვბრაზდები და გული მომდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ზურგს ვაქცევ, ან არ ვაღიარებ მის არსებობას!
- ჰმ, როგორ ახლოს ხარ ღმერთთან, მე კი იშვიათად თუ გამახსენდება. ალბათ
უფრო მაშინ, როცა რამე მჭირდება და შევთხოვ.
- ღმერთისგან შორს ნუ წახვალ, თორემ მერე ვეღარ გააგონებ შენს ვედრებას.
- რა საყვარელი ხარ. - ჩაეხუტა მიმი. - როგორ ყველაფერს ადვილად და ძაან მარტივად ხსნი.
- ჰო, მაგიტომაც ასე კარგად გამომდის ლექციების კითხვა. - გაეცინა პიპას. - მაგრამ შენ ვერ
აგიხსენი, თავის დროზე და ვერც ვერაფერი გითხარი.
- ესე იგი, აღიარებ, რომ ადრეც მოგწონდი?
- დიახ!
- თავიდან?
- რა თავიდან?
- თავიდანვე მოგეწონე, თუ?
პიპას გაეცინა:
- მართლა ძალიან მომეწონე, სულ სხვანაირ გოგოს ველოდი. კედლის ნაპრალიდან
დიდად არც კი ჩანდი, როგორი იყავი. მერე ახლოს, როცა გნახე ძალიან მომეწონე.
- მერე?
- რა მერე? როგორც კი მომეწონე, იმ წუთიდანვე ვიბრძოდი, რომ გულიდან და
გონებიდან ამომეგდე, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა და უკვე აღარც გამოვა!
- და მერე? ასე ძნელი იყო შენთვის ამის თქმა? - გაეცინა მიმის.
- სხვისი ცოლი, სხვისი შვილი, აბა ჩემი ადგილი სადღა იყო?
- გეგონა, ფიფოს შვილი იყო?
- თავისთავად.
- ჰოდა, ახლა ხომ დარწმუნდი?
- აღარასდროს დავუთმობ შენს თავს არავის და მორჩა! - პიპა მიმის მოეხვია.
- მინდა დავივიწყო ყველაფერი და თავიდან, ახლიდან დავიწყო ცხოვრება, მხოლოდ შენთან ერთად!
მიმიმ სიამოვნებისგან გაიტრუნა.
- ჩემი ოჯახის გადამკიდე, აბა შენთვის რა უნდა შემომეთავაზებინა? - პიპამ ამოიხვნეშა.
- ხომ, მაგრამ რომ აგეხსნა, ხომ გავიგებდი?
- კარგი რა მიმი, რა უნდა ამეხსნა? ყველასთვის როგორ ამეხსნა? ვინმე სადღაც რაღაცას
წამოგაძახებდა და მერე ჩემი გაცნობაც კი სანანებელი გაგიხდებოდა.
- არ არის მასე! სულაც არ მაინტერესებს სხვების აზრი, იჭორაონ რამდენიც
უნდათ!
- მასეა, მაგრამ მაინც გულზე მოგხვდებოდა, ასეა ეს!
- მე კი ვფიქრობ, რომ მართლა უნდა მოგეყოლა ჩემთვის ყველაფერი. ახლა ფიფოც
მეცოდება, არ იმსახურებს ჩემგან ზურგ შექცევას.
- ნუ მაშინ, დაბრუნდი ფიფოსთან. - წყენით მიუგო პიპამ.
- ფიფოსთან დავბრუნდე და შენზე ვიფიქრო? ეს უფრო დიდი უპატივცემულობაა,
რომ იცოდე და თანაც, აღარ მინდა უშენობა! ვეღარ გადავიტან! - მიმის ხმა აუკანკალდა.
- დამშვიდდი, შენთან ვარ. - მიუალერსა პიპამ. - აღარც მე მინდა უშენობა,
მიმიფურთხებია სხვა ყველა ჩემი პრინციპებისათვის და ჩანაფიქრებისათვის! იმისთვისაც
კი, რასაც ამდენი ხანი ვებრძოდი და სამართალს ვეძებდი! მხოლოდ თქვენ ორნი და ჩემი ბიჭი
მჭირდებით ამ ქვეყნად და მეტი არავინ და არაფერი მაინტერესებს!
- იცი, შენზე წესიერად ახლაც არაფერი ვიცი. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- რა გინდა, რომ გაიგო? რა გაინტერესებს?
- რა ვიცი, შენს თავზე არც არაფერს ჰყვები.
- რა მოგიყვე, თვითონაც არ ვიცი. - პიპამ ამოიხვნეშა. - არის ზოგჯერ ისეთი
რამ, რის გახსენებაც გულს გიკლავს, ან იმდენად გირევს, რომ შენი საკუთარი თავიც კი
გეზიზღება. ზოგი მოგონება კი ისე განადგურებს... - პიპამ წამით იყუჩა და განაგრძო.
- გქონია ყველაზე საშინელი მწარე და გულსაკლავი მომენტი, რომლის გახსენებაც კი ისეთ ძლიერ
ტკივილს იწვევს, რომ თითქოს, თავიდან გადაგაქვს ის მომენტი და ისევ იმ პირველად განცდებში
ხარ? დაფიქრდი, აბა?
მიმი ჩაფიქრდა და მერე წაიჩურჩულა:
- მამა... თითქოს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ოპერაციაც მშვენივრად გადაიტანა
და უცებ, რაღაც წამებში... აღარ იყო... ვაიმე, იმ მომენტის გახსენებაც კი არ შემიძლია.
- მიმის ცრემლები წამოსცვივდა.
- დაივიწყე ყველაფერი ცუდი! დაივიწყე, მოიშორე! ეცადე, სულ ის დღეები გაიხსენო,
როცა მასთან ერთად ბედნიერი იყავი.
- იცი, რა კარგი იყო, როცა მამა კარგად მყავდა და მასთან ერთად ბედნიერი ცხოვრება მქონდა.
- ჰოდა, შენც კარგი რამეები გაიხსენე, ცუდი დაივიწყე. მართალია ბოლომდე
მაინც ვერ მიივიწყებ, მაგრამ შეინახე! შეინახე შენი
წარსული იქ, სადაც მისი ადგილია! წარსული ჩატოვე წარსულში!
- შენც, შენც მოიშორე ყველაფერი ცუდი.
- ჰმ. - ჩაეცინა პიპას. - ეჰ, ჩემი წარსული ეს ის შავი ყუთია, რომლის გახსნა კი არა, ოდნავ თავის ახდაც კი არ შეიძლება. წარსული
კი არასოდეს კვდება, უბრალოდ სხვა დრო ჰქვია და ყოველთვის ის შენი ნაწილია, მაგრამ
შენ არ ხარ ის! აღარ ხარ ის, იმიტომ რომ სხვა დროში ხარ უკვე, სხვა პერიოდში და სხვა ასაკში!
LEX. 2018 წლის 27 მარტი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment