Thursday, March 29, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 146)

146.
მიმი ბედნიერი იყო. უბედნიერესი. ყველაფერი ხვალ გადაწყდება და საბოლოოდ დამთავრდება ეს ფარსი და მართლაც, უკვე დრო იყო, ყველაფერს დასმოდა წერტილი და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა და სწორედ ხვალ, როგორც კი კონსულტაციიდან დაბრუნდება, ფიფოს დაიბარებს და ყველაფერს აუხსნის. არა, ასე უცებაც ვერ მიახლის, მართლაც ცოდოა ფიფო, კარგი, კეთილი და გულისხმიერი ადამიანია, მიმის დიდ პატივს სცემს და თანაც, სწორედ მიმისგან უნდა შეიტყოს ყველაფერი და არა ვიღაცისგან მოტანილი ენით, უფრო გაუსკდეს გული.
„როგორმე უნდა შევაპარო, ისე რომ გული არ დასწყდეს, მაგრამ აბა როგორ არ უნდა ეტკინოს გული? დარწმუნებული ვარ და ვიცი, რანაირადაც არ უნდა მოვუყვე, როგორც არ უნდა ავუხსნა, მაინც საშინლად ეწყინება, მაგრამ მაინც უნდა ვცადო.
ასე უკვე აღარ შეიძლება და მეც უკვე აღარ შემიძლია.
აბა მართლა, რად უნდა სახლში ისეთი ქალი, ვინც სხვაზე იფიქრებს, სხვა ოთახში იძინებს და შვილსაც არ დაუმალავს, ნამდვილ მამას.
მართლა რა აზრი ექნება, ასეთ ურთიერთობას?“
მიმის უამრავი ფიქრები აწუხებდა, ათასნაირად ატრიალებდა და აწყობდა აზრებს, მაგრამ მაინც საბოლოდ იმ აზრზე იდგა, რომ ფიფოსთვის ყველაფერი, თავად უნდა გაემხილა.
უბედნიერესი იყო და ამ ბედნიერებას, ახლა აღარ დათმობდა და იმ დროს, როცა მიმის, ტკბილად ეძინა პიპას მკლავზე, ფიფო დარდსა და შფოთში ატარებდა უძილო ღამეებს.
„მართლა, სად შეიძლება ბრძანდებოდეს, ბატონი პროფესორი? სად მემალება? 
სახლში არ არის, არც უნივერსიტეტში დადის. მონასტრები რაც შემეძლო ლამის ავაწრიალე და არსად ჩანს, ან მიმალავენ? ვითომ?
მართლა, სად არის?
სად შეიძლება იყოს, სად?
ვისთან? ვისთან იმალება, ვისთან?
მიმისთან... მიმი...  მი...“
ძილისკენ წასული ფიფო, თავისივე ფიქრმა გამოაფხიზლა.
- მიმისთან?! - საკუთარ კითხვას თვითონ უპასუხა.
ფიფო საწოლზე წამოჯდა. 
- რა სისულელეა!
თენდებოდა.
- მიმისთან... მიმისთან... - ჩაილაპარაკა თავისთვის.
„ისე მართლა, რომ მიმისთან იმალებოდეს?
რა სისულელეა!
ჰმ, და იქნებ, მართლა?“
დილის ხუთ საათზე, მიმის თავზე მაინც ვერ დაადგებოდა. ჰაჰ! რას იტყოდა დედამისი? ცალკე მიმისაც დააფრთხობდა.
„და მართლა რომ მიმისთან იმალებოდეს? 
არა, არა! სისულელეა! 
და თუ მართლა მაინც მიმისთან იმალება, მერე მიმის დედა?
ჰმ, მგონი გავრეკე, საბოლოოდ გავრეკე!„
ფიფომ გვერდი იცვალა, მაგრამ წამსვე ახალმა ეჭვის ტალღამ დაუარა.
“არა, მაინც უნდა გადავამოწმო!“
ფიფო წამოდგა. სარკეში ჩახედვის შეეშინდა. საშინელი შესახედი იყო. გადაყვლეფილ სახეზე ჯაგარივით მოსდებოდა წვერი. თმებიც შესასწორებელი ჰქონდა და საერთოდ რას დაემსგავსა ეს დღეები?
„სარკეში, რომ ვიყურები თავი ბომჟი მგონია. 
მიმიმ ასეთი არასდროს უნდა მნახოს. ადამიანს ჯერ საკუთარი თავის მიმართ უნდა ჰქონდეს პატივისცემა და მერე სხვებისგან მოითხოვოს.“
ფიფომ თავი მოიწესრიგა. არ ჩქარობდა, მაგრამ მაინც სული ელეოდა. ძლივს გაიყვანა დრო, რომ ასე დილაუთენია, მიმის თავზე არ დადგომოდა. 
მიმი კი ორსულობის პერიოდში, დილის ძილით ისე ტკბებოდა, რომ ლამის შუადღემდე არც დგებოდა. ეს იცოდა ფიფომ და ამიტომაც იყო რომ არც ჩქარობდა, მაგრამ უკვე ძლივს ითმენდა.
სული ყელში ებჯინებოდა, ისეთი სისწრაფით მიჰქროდა მიმისკენ და ამ ემოციებს ისიც დაემატა, რომ მანქანა შუა გზაში გაუჩერდა. ფიფოს კინაღამ სისხლი გაეყინა, ისე განრისხდა, მაგრამ თავი მაინც მოთოკა. დამშვიდდა, ამოისუნთქა და ქუჩაში, უცხო ხალხსაც კი მოუხმო დასახმარებლად, ძლივს მიაგორებინეს პროფილაქტიკამდე. 
ფიფოს მანქანა, უკვე საკმაოდ მოძველებული იყო, მაგრამ მაინც ასე ადვილად არ ეთმობოდა. თუმცა ახლა, ასეთ სიტუაციაში, ფულის დაზოგვაც უხდებოდა და არც უკეთესის შეძენის საშუალება ჰქონდა და ისევ მსგავსი ძველისა და სხვისი გამონაცვალის ყიდვას, ისევ თავისი ძველი ერჩია.
- ეს დროებით ამოვქოქე, თუ მალე არ მიხედავ, ისეთ დროს გაგჭედავს, რომ ვეღარც დაძრავ!
ასეთი „დამამშვიდებელი“ სიტყვებით „ანუგეშეს“ პროფილაქტიკაში, ისედაც გულგახეთქილი ფიფო.
„რა უნდა ვიყიდო? ან რით უნდა ვიყიდო? ლამის მიმის ვუყურებ ხელებში. მალე ბავშვიც გაჩნდება და მე კიდევ ბინის ქირას და ორი სახლის კომუნალურებს ძლივს ვქაჩავ.“
ამ მწარე ფიქრებში იყო მიმის სახლს, რომ მიადგა.
კარი არავინ გაუღო.
არც სახლის ტელეფონს პასუხობდა ვინმე. ფიფომ ცოტა ხანს იცადა. მერე კარს ყური მიუგდო. სახლში მართლაც არავინ ჩანდა.
და ამ ყველაფერთან ერთად მიმის მობილურიც გამორთული ჰქონდა.
„საინტერესოა, სად დადის დედა-შვილი?“
სადარბაზოს კიბეზე ჩამოჯდა. ფიქრისგან თავი უსკდებოდა. 
შუადღეც დამდგარიყო, ისინი კი დილიდან არსად ჩანდნენ.
„სად შეიძლებოდა წასულიყო მიმი დედამისთან ერთად?
სტუმრად? ექიმთან?
მერე მე რატომ არ მითხრა?
იქნებ მამიდა გახდა ცუდად და იქ არიან? იქ რომ დავადგე?
უჰ, ვერ ვიტან იმ ქალს. უფრო სწორად, თვითონ ვერ მიტანს. 
პირველი დანახვისთანავე ამითვალწუნა და ისე ამათვალიერა, თითქოს თვითონ, იმპერატრიცა მყავდეს და მე კი ვიღაც მდაბიო ვყოფილიყავი.
აი, მაგიტომაც დარჩა გაუთხოვარი. ვერ ჰპოვა შესადარი! ჰმ.“
ჩაფიქრებული ფიფო ტელეფონის ზარმა შეაკრთო. პიჯაკის ჯიბეში მობილური აზმუვლდა. 
მიმი ურეკავდა.
- ჰო, მიმი სად ხარ? გირეკავდი.
- სად ვარ და სახლში. - უპასუხა მიმიმ.
- სახლში? - ჩაეკითხა ფიფო და სახეზე ბრაზი მოაწვა.
- ჰო, სახლში! რა იყო?
- არა, არაფერი. - და ის იყო, უნდა ეთქვა რატომ მატყუებო, რომ მიმიც გამოჩნდა, ნელა ნელა, სვენებ-სვენებით ამოდიოდა კიბეზე.
- ხომ გითხარი, სახლში ვარ და შენ კი არ მიჯერებ. - ყურებამდე გაიკრიჭა მიმი.
- უი, მართლა სახლში ყოფილხარ. - ირონიულად გაუღიმა ფიფომ და გულზეც მოეშვა.
- ხომ მშვიდობაა? რა სახე გაქვს? - მიმიმ შეშფოთებული მზერა შეავლო, ფიფოს დაშავებულ სახეს.
- ისეთი არაფერი და საშიშიც არაფერია. უბრალოდ, სამსახურებრივი ტრავმაა. -  აუხსნა ფიფომ.
- ფრთხილად უნდა იყო. - მიმიმ შეწუხებული სახით გააქნია თავი. - ისეთი სამსახური გაქვს...
- ჰო, ვცდილობ, ფრთხილად ვიყო. - შეაწყვეტინა ფიფომ. - მართლაც, რომ სახიფათო სამუშაო მაქვს, და საშინლად დაკავებული ვარ, მაგრამ თან, ძალიან მომენატრე და აი, ცოტა ხნით მაინც მოვიცალე და შემოგირბინე. - ყურებამდე გაიკრიჭა ფიფო და მერე უფრო ნაღვლიანად დაუმატა. - არც მობილურზე და არც სახლის ტელეფონზე, რომ არ მიპასუხე, ცოტა შევშინდი კიდეც.
- აბა რა განერვიულებდა? - ღიმილითვე უპასუხა მიმიმ. - ხომ იცი, ცუდ ამბავს ადამიანი, უფრო სწრაფად იგებს, ვიდრე კარგს.
- კი ვიცი, ვიცი. - ფიფომ ეჭვიანი მზერა მოავლო სახლს.
დილიდან აკვიატებული ფიქრი არ ასვენებდა და ხან საპირფარეშოში შეჰყო ცხვირი, მაგრამ ვითომ შეეშალა და ჯერ სააბაზანოში შევიდა. სანამ მიმიმ ოთახის ჩუსტებს იცვამდა, საშხაპეშიც მოასწრო ცხვირის შეყოფა. ეძებდა, რაღაცას ეძებდა, მაგრამ ზუსტად თავადაც არ იცოდა რას ეძებდა.
მერე ხან ერთი ოთახის კარს აკვირდებოდა, ხან მეორეს და პერიოდულად მზერა, მიმიზე გადაჰქონდა. მიმი კი რეაქციის გარეშე სტოვებდა მის უცნაურ ქცევას.
- ისე შენი სახლი არასდროს დამითვალიერებია. - ფიფო კვლავ ვერ ისვენებდა და ასე შეაპარა კითხვა.
- ჰაჰ. მერე დაათვალიერე! - გაეცინა მიმის. - რომელი ოთახიდან გსურთ დაწყება, ბატონო დეტექტივო? და თუ შეიძლება, ჩხრეკის ორდერიც წარმომიდგინეთ! - აკისკისდა მიმი.
- არა, რა ჩხრეკის ორდერი, ვიხუმრე. - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს. - ლამაზად და გემოვნებიანად მოწყობილი სახლი გაქვს. სიმყუდროვე და სითბო იგრძნობა.
პასუხად, მიმიმ გაუღიმა და ფიფომაც ღიმილი შეაგება.
- არ გშია? - შესთავაზა მიმიმ.
ფიფომ ჯერ თავი შეიკავა, არაფრის ხასიათზე არ იყო, თუმცა, კუჭი უკვე უწრიალებდა.
- იცოდე ინანებ! - აწკრიალდა მიმი. - და როცა გაიგებ, რა გვაქვს დღეს მენიუში, ნამდვილად სანანებლად გაგიხდება საქმე!
- აბა ნეტა, რა გვაქვს? - დაინტერესდა ფიფო.
- ფეტუჩინი ალბერტო! - გამოაცხადა მიმიმ და გაეცინა. - უი ალფრედო! თუ ალბერტო? - კისკისებდა მიმი. - მეც შემეშალა.
„შენ - „ც“ - შეგეშალა? ნეტავ კიდევ ვის შეეშალა?“
გაუელვა ფიფოს.
- დაიცა, ცოტას შევათბობ.
- იყოს, არ გინდა, ასეც წავა. - უპასუხა უკვე ნერწყვმორეულმა ფიფომ.
მაინც რა ბედი ჰქონდა ამ ბიჭს ასეთი? ძლივს მიმის გულის, ხელმეორედ მოპოვების შანსი მიეცა და უფრო მეტიც! მართალია, მიმი გარკვეული პირობების დართვით დათანხმდა, მაგრამ მაინც ხომ ერთად დაიწყეს ცხოვრება. ძლივს დააწყო ფიფომ ნორმალური არსებობის რეჟიმი და ისევ აერია. ეს ბოლო დღეები კი, განსაკურებით მძიმე აღმოჩნდა მისთვის. იმ საშინლად ჩატარებული ოპერაციის მერე, საშინლად დაითრგუნა და ისე თენდებოდა და ღამდებოდა, აღარც ძილი ახსოვდა და აღარც საჭმელი. სარკეში ჩახედვისას წამით, საკუთარი თავის დანახვაზეც კი შეშინდა.
- მმმ, მართლაც რა გემრიელი ყოფილა! - სიამოვნებისგან აკრუტუნდა ფიფო.
- ხომ გითხარი, არ ინანებო. - გაიკრიჭა მიმი.
- შენ მოამზადე?
- არა! სამაგიეროდ მგონი, სულ მე შევჭამე! - მიმის ახლა, გულიანად გაეცინა.
ისადილეს, დესერტიც მიირთვეს. ფიფომ ყავის მერე ჩაიც მიაყოლა, წასვლას არც ჩქარობდა და სიდედრიც რატომღაც იგვიანებდა. რაღაც ხდებოდა, გრძნობდა ფიფო ამას, მაგრამ ვერ ხსნიდა რა იყო ეს? რა შეგრძნება იყო? მიმისაც ხშირად აშტერდებოდა სახეში, მაგრამ გარდა სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნებისა, სხვა მეტი ვერაფერი ამოიკითხა.
„მართლაც, რომ ვინმეს ახლა აქ მალავდეს, რაღაც აფორიაქებული ხომ იქნება? დამფრთხალი თვალები, ხომ მაინც უნდა ჰქონოდა?“
ფიქრობდა ფიფო, მაგრამ ეჭვი მაინც გულს უღრღნიდა.
- ჩემი საყვარელი სიდედრი, სად მყავს? - შეაპარა კითხვა ფიფომ.
- მამიდაჩემთან დავტოვე. - მიმიმ კედლის საათს გახედა, ვითომ დედას მართლაც აგვიანდებოდა. - მალე წამოვალო და ალბათ ბაზარში შეიარა. სანამ ბოლომდე არ შემოირბენს, არ გამოვა იქედან. მარკეტებს ჯერ კიდევ ვერ ეგუება.
- ჰო, ვიცი დედაჩემიც ასეა! - ღიმილით მიუგო ფიფო და ცოტა გულზე მოეშვა. - აუჩემებია, სოფლის ქათამი, სოფლის ყველი! და მართლა ასე ჰგონია, რომ ბაზრიდანაც ნატურალური მოაქვს.
- არადა სოფელში, ფაქტიურად აღარავინ დარჩა და ნეტა მართლა ვის ჩამოაქვს? - დაუმატა მიმიმ.
- სამწუხაროდ მასეა.
- და შენ? - მიმი ახლა ფიფოს ჩააკვირდა. - მართლა რა მოგივიდა, აღარ მეტყვი? რას გიგავს ეს სახე, რა მოხდა?
- კიბეზე დავგორდი. სამსახურში. 
მიმიმ გაკვირვებით აზიდა წარბები.
- ჰო, მართლა მასეა! - თავი დაუქნია ფიფომ. - შეიძლება, არც დამიჯერო, მაგრამ ასეა.
- უი. - მიმი შეწუხდა. - მერე?
- რა მერე? გადავრჩი.
- მართლაც გადარჩენილხარ. - მიმი შეწუხებული სახით ათვალიერებდა ფიფოს ნატკენებს.
- ერთი თანამშრომელი, ზედ კიბესთან წაიქცა, მე კი მას წამოვედე და პირდაპირ გადავეშვი.
- ვაიმე მართლა? - ახლა უფრო მეტად შეიცხადა მიმიმ. -  რა დღეში გაქვს სახე! თან შენს სამსახურში, ხომ ქვის კიბეებია და ასე მწარედ როგორ დაგორდი? კიდევ კარგი, არაფერი მოიტეხე და მარტო სახე გადაგეხეხა. - მიმი კვლავ შეწუხებული ხმით აკვირდებოდა.
- სამსახურში არა, საქმეზე ვიყავით.
- გამოძიებაზე იყავი?
- ჰო, გამოძიებაზე. - გაეცინა ფიფოს. - ხის კიბეები იყო, დიდი მაღალი, ცოტა დამრეციც. წარმოიდგინე, იმხელა დაყუდებული კიბეა, რომელიც პირდაპირ მესამე სართულზე ადის. ქვედა სართულის მეზობლები კი, სულ სხვა მხრიდან შედიან სახლში.
- ჰმ.
- და არც თუ ისე შორია აქედან, შენგან სადღაც ასე, მესამე ქუჩაზეა. - ფიფომ ვითომ შემთხვევით ახსენა და თან, მიმის რეაქციებს ჩააკვირდა.
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ და მაშინვე ის გაიფიქრა, ნეტა რომელი დღე იყოო?
„და თუ ასე ახლოს იყო, ხომ შეეძლო მაშინ ჩემთანაც შემოერბინა და პიპა რომ დახვედროდა?
ვაიმე, კიდევ კარგი, დროულად გაასწრო. სულაც არ მინდოდა პიპას აქ ყოფნის დროს ფიფო მოსულიყო. მირჩევნია, ჯერ ისე ავუხსნა, სიტყვიერად, სანამ თავის თვალით ნახავს.“
ფიფოს მიმის წამიერი ჩაფიქრება არ გამოჰპარვია და კვლავ განაგრძო:
- იცი, რომელ სახლში ვიყავით?
- და რომელში? ან საიდან უნდა ვიცოდე? - გაეცინა მიმის.
- აი, იმ სახლში ვიყავით, სადაც ხანძარი მოხდა. - ფიფო მიმის თვალს არ აშორებდა.
- მერე?
- შენ რომ პიანინოს სურათი, რაღაც საინტერესოდაც რომ მოგეჩვენა. - უფრო განუმარტა ფიფომ.
- ვაა? - მიმიმ მართლა გულწრფელად გაიკვირვა. - ისე რა მაგარი ფოტო იყო, არა? გაქვს კიდევ?
- ჰაჰ, კი მაქვს! სამსახურში მაქვს, მაგრამ რად გინდა? - ფიფომ გამომცდელად შეხედა.
- არაფერი, ისე. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ცოტა მომეწონასავით.
- აჰა, ესე იგი, მოგეწონასავით. - ჩაეცინა ფიფოს.
- არა, ის ფოტო არაფერში მჭირდება. - თავი გააქნია მიმიმ. - თვითონ სიუჟეტი მომეწონა და რა ვიფიქრე, იცი?
- აბა, რა იფიქრე? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო.
- ჩვენს მხატვარს რომ ვთხოვო? დამიხატოს რაღაც მასეთი ნახატი. - მიმი წამით შეყოვნდა და ჩაფიქრებული ხმით განაგრძო. - რაღაცნაირად იმოქმედა, რაღაც უფრო... ნუ არ ვიცი, ვერ ვხსნი. რაღაცნაირი იდუმალი კომპოზიცია იყო.
- აჰა, იდუმალი კომპოზიცია. - ჩაეღიმა ფიფოს. - პირადად შენთვის დავუკვეთავ და დავახატვინებ, რადგან ასე ძალიან მოგეწონა. ზუსტად იმ ფოტოსნაირად დაგვიხატოს.
- ეგ სულაც არ არის აუცილებელი! - თავი გააქნია მიმიმ. - როგორც ფოტოზე იყო, მაინც და მაინც ზუსტად ის კი არ მინდა.
- აბა?
- რაღაც მსგავსივით, რაღაც მაგ სტილში. 
- ჰაჰ, კარგი, კარგი! რაღაც მსგავსივით, დაგვიხატოს და სადმე გამოსაჩენ ადგილას დავკიდოთ. - ჩაეცინა ფიფოს და მოეჩვენა, რომ მიმიმ თითქოს თვალი აარიდა.
- ეულად მიტოვებული, თავახდილი როიალი. უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მიმიმ.
წამით დუმილი ჩამოვარდა, მაგრამ ფიფომ მალევე დაიწყო:
- სწორედ იმ სახლის დაბრეცილმა კიბეებმა, დამბრიცა ასე.
- ვაიმე, ჩემი საწყალი ფიფო. - შეწუხდა მიმი.
ფიფოს გულზე თბილად მოედო მიმის სიტყვები.
- შენ იმ დღეს უნდა გენახე, რას ვგავდი. მართლა ნაცემივით ვიყავი. არადა, არც მიჩხუბია.
- მეც მეგონა, რომ იჩხუბე, ამიტომაც თავიდანვე აღარ გკითხე.
- შენ ჩემი მუხლები უნდა ნახო. - ფიფომ შარვლის ტოტები აიწია. - მესამე კლასელივით მაქვს გადაყვლეფილი.
- ვაიმე. - შეშფოთდა მიმი.
- არაფერია, მთავარია არაფერი მოვიტეხე, მობილურის ეკრანიც გამიტყდა.
- უი, უი. - თავი გააქნია მიმიმ. - იმ ახალი მობილურის? სამწუხაროა.
- გამოიცვლება ეგ არაფერია, მხოლოდ...
- რა?
- შენი ნაჩუქარი საათიც ემსხვერპლა...
LEX. 2018 წლის 30 მარტი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment