148.
ფიფო ცოფიანივით გამოვარდა მიმის სახლიდან და უკვე, რამდენიმე წუთში, ხანუმას
კალთაში თავჩარგული, ბავშვივით ბღაოდა.
- გული მერევა ჩემს თავზე! იდიოტი ვარ! იდიოტი! - ღმუოდა ფიფო. - მრცხვენია ჩემი უტვინობის, ჩემი
უტაქტობის მრცხვენია!
- იტირე, იტირე რამდენიც გინდა, იმდენი იტირე, მაგრამ არავის მისცე უფლება, რომ შენი
ცრემლები ნახოს! - ხანუმა ღიმილით
ეფერებოდა თავზე, მის ხელში გაზრდილ ბიჭს. არასდროს უნახავს ფიფო ასეთი. ყოველთვის ამაყი და თავმომწონე, ახლა დაბეჩავებული ლაჩარივით იღვრებოდა ცრემლად.
- როგორ დავენახო ახლა იმ გოგოს?! დაკითხვები მოვუწყვე და თან, ვის?! და
თან, რა თემაზე?!
- კარგი ახლა, მორჩი ბლაძუნს! - შეუყვირა ხანუმამ. - დიდი არაფერიც მომხდარა! ბოდიში, ხომ მოუხადე და მორჩა! შენც გადაგივლის მალე და აღარც მას ემახსოვრება.
- არა რა, ბოდიში. თვალიც ვეღარ გავუსწორე.
- ცოტა დაშოშმინდები, მიხვალ და მოუბოდიშებ.
- ტფუუუ, რა ღორი ვარ! რომ დავინახე, რატომ მაშინვე ვერ მივხვდი, რომ უნდა
გავჩერებულიყავი, მაინც და მაინც ასე, დროშასავით უნდა გამეშალა. - ფიფომ ხელები ბოლომდე
გაშალა.
- ჰმ. - ჩაეცინა ხანუმას. - პირსახოცი იყო, თუ გადასაფარებელი?
- აბაზანის პირსახოცი იყო! საკმაოდ დიდი! - ძლივს მოითქვა სული ფიფომ.
სიგარეტი გაიჩარა პირში და ის იყო აივანზე უნდა გასულიყო, რომ ხანუმას ხმამ შეაჩერა.
- მოგატყუა. - მშვიდი ხმით წარმოსთვა ხანუმამ.
ფიფო ერთ ადგილას გაშეშდა.
- ჰო, რა იყო? - ჩაეცინა ხანუმას. - მოგატყუა, მეთქი!
- როგორ? როგორ მომატყუა? - ფიფოს ხმა აუკანკალდა.
- ასე ამხელა პირსახოცს, აბა როგორ დასვრიდა?
- ???
- ჰო, რა იყო? მაშინ უნდა ემშობიარა ან მუცელი
მოსწყვეტოდა. ჰი, ჰი, გაგაბრიყვეს, ჭუკო?! - ჩაიხითხითა ხანუმამ.
ფიფო მოწყვეტილივით გავარდა უკან. ზარიდან თითი, მანამდე არ აიღო, სანამ შეშინებულმა
გოგომ კარი არ გაუღო. მიმისთვის არც შეუხედავს, ისე დაფეთებულივით შევარდა ჯერ მიმის
სააბაზანოში, მერე მეორეშიც, რომ ვერაფერი ნახა, ნაგვის ურნის ამოყირავებასაც აპირებდა,
მაგრამ მოულოდნელად, სარეცხი მანქანის ხმამ შეაჩერა. აი აქ კი, მწარედ ჩაეცინა ფიფოს. მიმიმ როგორ ოსტატურად გააცურა.
გაცოფდა. საშინლად განრისხდა. სიბრაზისგან აცახცახებული ხელები, ისე ძლიერად
ჩასჭიდა მანქანას, რომ ლამის თითები ჩაემტვრა. მზად იყო, ადგილიდან გამოეგლიჯა და თავის
სარეცხიანად ფანჯრიდან მოესროლა. სიგიჟის ზღვრამდე იყო მისული, მაგრამ მაინც შესძლო
თავი მოეთოკა. თვალები ძლიერად დახუჭა. შეეცადა დამშვიდებულიყო. ორ-სამჯერ ღრმად ჩაისუნთქა,
ცოტა თითქოს მოეშვა კიდეც.
აი ცოტაც და უკვე, უფრო მშვიდად იგრძნო თავი. მიხვდა, მიმიმ რადგან ამდენი შესძლო და ასე გააბრიყვა, მის გამოსატეხად ახლა, სულ სხვა ხერხი იყო საჭირო. მიმი ბევრად უფრო გამჭრიახი აღმოჩნდა, ვიდრე საერთოდ წარმოიდგენდა.
ოსტატურად გაცურებულ ფიფოს, სიმწრის ღიმილი ასახვოდა სახეზე. მიმი კი, ვითომც
აქ არაფერიაო, აბაზანის კარში ყელმოღერებული ამაყად იდგა და მშვიდი, თავდაჯერებული სახით შეჰყურებდა, ლამის ჭკუიდან გადასულ ბიჭს.
- ვიცოდი, რომ მობრუნდებოდი, ნაგვის ყუთსაც ამოაბრუნებდი, ამიტომაც
არ გადავგდე და იატაკის ტილოსთან ერთად გავრეცხე.
ფიფომ არაფერი უპასუხა, გაქვავებულივით შეჰყურებდა მიმის.
„ჰო, ფეხის ტილოსთან ერთად გარეცხე, აბა რაა! კვალი, რომ უფრო კარგად წაგეშალა.
ვიცი, ბრიყვი ვარ და ბრიყვზე უფრო მეტიც! ჰმ, როგორ იაზრა ამ მატრაკვეცამ, რომ ნაგავსაც ამოვაბრუნებდი. ეჰ, ახია ჩემზე, ახია.“
- პირსახოცების მეტი რა მაქვს. - განაგრძო მიმიმ. - უბრალოდ, ისევ შენი
რეპუტაციის გაფუჭებას მოვერიდე.
- ჩემი?! - შეჰყვირა ფიფომ.
- რა გაყვირებს? - შეცბუნდა მიმი. - ჰო, დიახაც, შენი!
- ჰმ!
- ვიცი, როგორც მოიქცეოდი და მაგიტომაც გავრეცხე, თორემ გადავაგდებდი! აბა რაში მჭირდება, სხვისი დასვრილი პირსახოცი.
- ესე იგი, აღიარებ, რომ სხვისია? - ჩაეცინა ფიფოს.
- და როდის გითხარი, რომ ჩემია? - ცხვირი აიბზუკა მიმი. - ჩემი მეგობრის
არის.
- მართლა? - ცინიკურად მიუგო ფიფომ.
- დიახ! და სწორედ ამიტომაც არ გადავაგდე, შენი პროფესიონალიზმის ამბავი,
რომ ვიცი ექსპერტიზას ჩაატარებინებდი და მერე იმ საცოდავ გოგოს, დაკითხვაზეც დაიბარებდი.
- გოგოს? - ფიფოს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა.
- მართლა დეტექტივი ხარ რა. ნამდვილი დეტექტივი! დეტალებში თუ არ გაიგე ყველაფერი, ისე ღამე ვერ იძინებ. - შეწუხებული ხმით გააქნია თავი მიმიმ ზურგი აქცია და ოთახში შევიდა.
ფიფოც
უკან მიჰყვა.
„როგორ მატყუებს, როგორ! ეს მაიმუნი, ცრუპენტელა გოგო, როგორ!“
მიმი მაცივარს მიადგა.
ფიფო თვალს არ აცილებლდა, როგორი უკმაყოფილო სახით ათვალიერებდა ბოლომდე
გამოტენილ მაცივარს. ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მისი მოსაწონი მაინც ვერაფერი შეარჩია. აშკარა იყო, მიმი თემის შეცვლას ცდილობდა.
- წამო რა სადმე გავიდეთ, რამე ვჭამოთ. - უდარდელი შესთავაზა მიმიმ, ნერვებისგან
გათანგულ ფიფოს.
- მიმი!
- მე დაგპატიჟებ და უარს არ მივიღებ იცოდე!
- მიმი! - უფრო მკაცრად შეუტია ფიფომ.
- რა იყო? - უცოდველი, მიამიტი გამომეტყველებით გამოხედა მიმიმ. - არ
გშია? ისე ძლიერად მომშივდა, თითქოს მთელი დღის მშიერი ვიყო. არადა, ახლახან არ ვისადილეთ და ისევ...
- მიმი, დაჯექი! - გააწყვეტინა ფიფომ.
მიმი დაემორჩილა.
- მიმი, ძალიან გთხოვ, როგორც შენთვის უახლოეს მეგობარს, ამიხსენი რა ხდება.
ვიცი, არ არის ჩემი საქმე, შენს პირადულში ასე შემოჭრა, მაგრამ დამიჯერე, ძალიან შევშინდი. - ფიფომ ხმა შეარბილა. - იცი, მეგონა შენ რაღაც დაგემართა და მე არაფერი მითხარი, ისიც კი ვიფიქრე, რომ ბავშვი დაკარგე
და ვერ მიმხელდი. კიდევ გიმეორებ და კიდევ ბევრჯერ გეტყვი, რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყანაც,
რომ დაიქცეს, ჩვენ ყოველთვის მეგობრებად ვრჩებით, დაიმახსოვრე ეს! - ფიფო თვალს არ აცილებდა მიმის რეაქციებს, მიმი კი ჩვეული სახით ღიმილით უქნევდა თავს.
ფიფო ჭკვიანი იყო. ძალიან ჭკვიანი. ხშირად ზედმეტად ამბიციურიც, მაგრამ მალევე
ერეოდა თავს და ცდილობდა, უფრო მშვიდი გზით მოეგვარებინა პრობლემა. ახლაც ამ ხერხს მიმართა.
მიმი ასე ადვილი გამოსატეხი, ნამდვილად არ ჩანდა. იმაშიც კი დარწმუნებული იყო, რომ მიმი, სიმართლეს
არც ეტყოდა, მაგრამ მაინც უნდა ეცადა. იქნებ, რამე ისეთი წამოსცდენოდა და მერე მიმის
გარეშეც, უფრო იოლად გაარკვევდა, მაგრამ ფიფო შეცდა. მიმი ბევრად ჭკვიანი და გამჭრიახი
აღმოჩნდა. იცოდა, ფიფო ასე ადვილად არ მოეშვებოდა და უკვე ყველაფრისთვის მზად იყო,
ყველანაირ კითხვაზე ჰქონდა პასუხი მომზადებული და ამ ყველაფერთან ერთად, მშვენივრადაც ცრუობდა.
- რა გითხრა, აბა? - მოწყენილი სახით აიჩეჩა მიმიმ მხრები. - არც კი ვიცი, როგორ მოგიყვე?
- როგორც შესძლებ, ისე მომიყევი, თორემ გამისკდა გული დარდითა და ნერვიულობით! განა
მართლა შენ გერჩი და გიბრაზდები? ეგ არც იფიქრო. სწორად გამიგე, მხოლოდ შენზე ვდარდობ.
- ეს დღეები, ჩემი მეგობარი ათევდა ღამეს, აბორტი გაიკეთა. თვითნებურად,
კინაღამ მოკვდა.
- უი, საწყალი. - შეიცხადა ფიფომ და შეეცადა, ხმაში ირონია დაეფარა. - მერე
დაგერეკა ჩემთვის, რამეში მაინც დაგხმარებოდით!
- რა ვიცი. - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - ყველას ხომ არ ვეტყოდით?
- მე ყველა არ ვარ! - იწყინა ფიფომ. - და ახლა როგორ არის?
- კარგად არის უკვე, გადარჩა.
- უჰ, შენ რა გითხარი. - ამოისუნთქა ფიფომ. მართალია, მიმის მონაყოლში არაფერი
იყო დაუეჯრებელი, მაგრამ ფიფოს მაინც ბოლომდე არ სჯეროდა და უფრო მეტად შეეცადა მიმის
ალაპარაკებას.
- იცი, რომელი გოგოა? აი ის საათი, რომ უყიდა და მერე აგდებდა.
- და მერე, მე რომ მაინც გავტეხე არა? - გაეცინა ფიფოს.
- ჰო, ალბათ არ ეწერა იმ საათს დიდი დღე. - ჩაეღიმა მიმისაც.
- უნდა დაგერეკა ჩემთვის მაინც, რაღაცნაირად მოგხედავდით, რამეს მოგაწვდიდით.
- არავის უნდა გაეგო და ახლაც არავინ იცის. სახლშიც კი არავისთვის უთქვამს. თან, შენ აქეთ დამირეკე, მივლინებაში მივდივარო. - მიამიტი სახით აიჩეჩა მხრები მიმიმ.
ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი, თუმცა სულაც არ ეღიმებოდა.
- სულ სამმა ვიცით, ეს ამბავი და ის მესამე გვივლიდა ორივეს. აბა მე რის მომვლელი ვიყავი? აი ეს სადილიც მან გააკეთა, შენ რომ მოგეწონა.
- ნამდვილად გემრიელი იყო. - გაუღიმა ფიფომ. - და მერე? დედაშენმა მაინც
არ იკითხა, ან?.. - ფიფო სახეში ჩააშტერდა.
- დედაჩემი ეს დღეები მამიდასთან დარჩა. თანაც, ასე დამიბარა, ფიფოს უთხარი
დარჩესო, მაგრამ შენ სწორედ იმ დღეს დარეკე და მივლინებაში მივდივარო, მერე გოგოებმაც
დამირეკეს.
- ჰო, მართლაც როგორ დაემთხვა ყველაფერი. - ფოფოს სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
თუმცა გულში ჩაეცინა.
- ისე მაინც რა იცოდნენ, რომ მარტო იქნებოდი? - ჩაეკითხა ფიფო.
- დახმარება მთხოვეს. ხომ იცი, ყველას ჩემნაირად არ ულხინს და თან გინეკოლოგთან უნდოდა მისვლა. ისე, რომ არავის გაეგო, ვითომ მე წამომყვა, ასე ვიტყოდით,
თუ ვინმე შემთხვევით გვნახავდა იქ. - ტყვიასავით მოაყარა მიმიმ ტყუილები.
- ჰოოო, უყურე შენ, რა დღეები გადაგიტანია. - „უთანაგრძნო“ ფიფომ.
- დღესაც ვიყავით ექიმთან. ყველაფერი წესრიგში გაქვთო და უკვე თავის სახლში
წავიდა. მე კი ჩემს სახლში და შენც დამხვდი კიბეზე. - გაუღიმა მიმიმ.
- ესე იგი, წესრიგში გაქვთო?
- ჰო!
- შენც გასინჯულიყავი ბარემ, ხომ იცი ახლა ზედმეტი ყურადღება არ გაწყენდა.
- გამომცდელად შეაპარა ფიფომ.
- აი, იქ! - ხელი გაიშვირა მიმიმ. - დიდი პარკი, რომ დავკიდე მომიტანე
აბა.
სწორედ იმ დილით, მიმი მართლაც იყო ექიმთან ნამყოფი და ყველანაირი გამოკვლევა
თავიდან ჩაიტარა, მაგრამ არა მეგობარ გოგოსთან ერთად, ისე როგორც ფიფოს მოუყვა,
არამედ პიპასთან ერთად.
ფიფო აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. უკვე თავადაც შეეპარა ეჭვი. იქნებ, სულაც
სულ ტყუილად აბრალებდა ამ გოგოს? მიმიმ უტყუარი საბუთები აუფრიალა ცხვირწინ და მეტი
რაღა უნდოდა? რას ერჩოდა?
თუმცა, იყო რაღაც მაინც, რაღაც სულს უღრღნიდა, მაგრამ რა იყო ეს, თავადაც
ვერ ხვდებოდა.
- რა საოცარია, ლამის ჭკუიდან გადავიდე. - გაოგნებული ფიფო, ბავშვის ფოტოებს
თვალს ვერ სწყვეტდა. - ბავშვი ჯერ არც დაბადებულა და უკვე ვიცით, როგორ გამოიყურება!
მიმი თვალებმინაბული იღიმოდა. ფიფოს რეაქციები ძლიერ სიამოვნებას გვრიდა და საოცარი, ის იყო, რომ პიპასაც იგივე რეაქცია ჰქონდა. კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. ლამის მონიტორი ჩაიხუტა გულში. უხაროდა, ძალიან უხაროდა.
პიპამ თავისთვის ცალკე ამოაბეჭდინა
ფოტოები და ვიდეო ჩანაწერი. ბედნიერებისგან ისე იყო გაოგნებული, სხვა აღარაფერი უნდოდა
ამ ქვეყნად. უკვე კატეგორიულად გადაწყვიტა, ყველა მის ძველ ჩანაფიქრზე უარს ამბობდა. ყველაფერი ცუდი, უკან მოიტოვა და აღარც შურისძიება სურდა და აღარც სამაგიეროს გადახდაზე ოცნებობდა.
მიმის ნაღვლიანად ეღიმებოდა. მართალია, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა,
მაგრამ ფიფოსთან კავშირის გაწყვეტა, სულაც არ აღმოჩნდა ასე ადვილი. ამიტომაც, თავიდანვე არ
უპასუხა კითხვაზე, სად იყავიო, არც ექოსკოპიის პასუხების ჩვენებას აპირებდა, მაგრამ
სიტუაცია სხვანაირად შემობრუნდა და ახლა ფიფოც, პიპასავით გულაჩუყებული ათვალიერებდა „მომავალი შვილის“ ფოტოებს. რა უნდა ექნა? როგორ უნდა აეხსნა ფიფოსთვის, რომ...
„არა, რაღაც იქნება. მართლა მასეც, ხომ არ არის?“
ნაღვლიანად ადევნებდა
თვალს ფიფოს რეაქციებს.
„სულ რამდენიმე თვეში, წავალთ აქედან და პიპასთან ერთად ვიცხოვრებთ. სამუდამოდ
მოვშორდები ამ ჭორიკანა ქალაქს. ვის რაში ეკითხება, მე ვის გავყვები ცოლად, ან ვისგან
მეყოლება შვილი. სწორედ ასეთი ჭორების გამო, ახლა ფიფო უნდა დაიტანჯოს? ამიტომაც, ყველას ეცოდინება, რომ უცხოეთში ვართ!
და მაინც, ძალიან მეცოდება ფიფო. უსაყვარლესი მეგობარია, მაგრამ...
ისე, თვითონ სულ იმას მიმტკიცებს მიმეორებს, რომ ორივენი, თავისუფლები ვართ. ვისაც გვინდა, იმას შევიყვარებთ.
ჰოდა, ასეც იქნება! იქნებ, სულაც ფიფოს ჰყავს უკვე შეყვარებული და უბრალოდ, ჩემი ერიდება. ალბათ ფიქრობს, ჯერ გაჩნდეს ბავშვიო.
იქნებ ჰგონია, რომ ბავშვს მამა, საერთოდ არ ეყოლება და თავად უნდა ბოლომდე
მიჰყოს ხელი მამობას?
უჰ, რა ვიცი, რა ვიცი. ამერია უკვე თავგზა, მაგრამ სულ არაფერი აღარ
მაინტერესებს.
მთავარია ვიცი, რომ ბედნიერი ვარ! ძალიან ბედნიერი და ყველაფერს ეშველება,
ყველაფერი მოგვარდება.“
- გეთქვა მერე ჩემთვის, ექიმთან თუ იყავი. - ემოციებს ვერ ფარავდა ფიფო.
- რა ვიცი, ამოსუნთქვაც არ მაცალე, სიურპრიზივით მინდოდა, მაგრამ ვინ დამაცადა?
- ჩაეცინა მიმის. თუმცა, არც აპირებდა რამის თქმას, მაგრამ ახლა უკვე, თავისი მონაჩმახის
გასამართლებლად, მშვენივრად გამოიყენა.
- ჰო, კარგი. აღარ გვინდა. მაპატიე და ბოდიში, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ.
- ჩაიბურტყუნა ფიფომ.
- გაპატიებ, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ! - გაეცინა მიმის.
- ეს რა დისკია?
- რაც ფოტოებზე გამოსახული იმის ვიდეოა. ბავშვი, როგორ მოძრაობს და საერთოდ როგორ ცხოვრობს
სანამ გაჩნდება, მხოლოდ უფრო აჩქარებული კადრებია. - და მიმიმ დროულად მოასწრო გაჩუმება.
კინაღამ წამოსცდა, პიპამ დაამონტაჟაო. თუმცა, ფიფოს არც მიუქცევია ყურადღება. სიხარულისგან
ლეპტოპს დაუწყო ძებნა.
- აუ, ჩავრთოთ რააა, სად გაქვს ლეპტოპი?
- არც ვიცი, სადმე იქნება. ბოლოს როდის ჩავრთე აღარც მახსოვს. - მიმიმ
ჯერ თავის ოთახში მოიძია, მერე მამას კაბინეტშიც შეიხედა. - ეს დღეები ისეთი დაძაბული
მქონდა, არც კი მივკარებივარ.
- ვერ პოულობ?
მიმიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- იქნებ, ვინმეს ათხოვე?
- მაშინ მემახსოვრებოდა... აუუუ! - მიმი მოწყენილი სახით ჩამოჯდა.
- იმ სახლშია.
- მერე უცებ გავალ და მოვიტან. მაინც ხომ უნდა დავცალოთ ის ბინა!
- მეც წამოვალ, ჩავალაგებ რაღაცეებს. - და ფიფოს უკმაყოფილო სახეს, რომ
შეხედა დაუმატა. - გავამზადებ და მერე ბარგის გადმოტანა სხვა დროს იყოს.
- უჰ, კიდევ კარგი, თორემ ახლა თრევის თავი ნამდვილად არ მქონდა.
- სასტიკად მშია თან გარეთ რამე ვჭამოთ რააა!
ფიფოს ირონიულად ჩაეცინა.
- მაცივარი სავსე გაქვს და რაღას წუწუნებ?
- არაფერიც არ მინდა! რაღაც ისეთი მომინდა... - მიმი წამით ჩაფიქრდა.
- ცხელი მოხარშული კარტოფილი... ორთქლი, რომ ასდის და... თევზი! ოქროსფერი, გემრიელად შებოლილი,
ტყავს, რომ ადვილად გააძრობ... მმმმ.... როგორ მომინდააა.
- წავიდეთ, მერე ვიყიდოთ! თევზიც და კარტოფილიც! მჟავე კიტრიც უხდება.
მე ლუდსაც მივაყოლებ, თქვენის ნებართვით. - გაუღიმა ფიფომ.
- კარტოფილიც მაქვს და მჟავე კიტრიც.
- მაშინ თევზზე მე დაგპატიჟებ.
- და ლიმონათიც!
- და ლიმონათიც! - გაუღიმა ფიფომ.
- აუ, შებოლილი თევზიიი, აი ზუსტად ეგ მინდოდააა. - სიამოვნებისგან აკრუტუნებული
მიმი, ტელეფონის ზარმა გააჩუმა.
დედა ურეკავდა.
- კარგად ვარ, დე, კარგად. - პასუხობდა მიმი. - დეე, ფიფომ მოგიკითხააა! გადავცემ, შენგანაც გადავცემ. - ღიმილით გახედა, ყურებამდე გაკრეჭილ ფიფოს.
- კარგი დეე, ვეტყვი ფიფოს და თუ მორიგე არ იქნება, დავტოვებ დღესაც. -
მიმიმ ტელეფონი გათიშა. - თუ გინდა, დღეს დარჩი აქ. თუ ვერ შესძლებ, გოგოებს დავურეკავ და ისევ...
- არ გინდა გოგოები. დავრჩები, თუ არ შეგაწუხებ.
- დედაჩემი ხვალ მოვა. მამიდასთან ერთად ქალაქიდან გასულან. საახალწლოდ
სურსათი უნდათ, რომ ჩამოიტანონ.
ფიფოს გაეცინა.
- რა გაცინებს? მომკლა მაგათმა ნატურალურ საკვებზე გაზრდილმა გოჭების
ქებამ. მამიდაჩემს ჰყავს ვიღაც ახლობლები, სპეციალურად აზრდევინებს.
- აუ, ზეგ უკვე ახალი წელია. რა მალე გადის ეს დრო.
მიმის გაეცინა.
- შარშან ამ დროს, რას ვიფიქრებდი, თუ დედა გავხდებოდი.
- მე კი მამა! - გაუღიმა ფიფომ.
მიმისაც ცალყბად ჩაეღიმა.
- მოდი, რა ჯერ პროფილაქტიკაში გავიდეთ. ვნახო ერთი ჩემი მანქანა, უკვე
მზად ყოფილა.
- გავიდეთ. - დაემორჩილა ფიფო.
- და დაუტოვე, ბოლოს და ბოლოს ეს შენი ჯართი. ნაწილებად მაინც დატოვე და ჩემი
გამოვიყვანოთ. - აწრიპინდა მიმი.
- მერე მე შენი მანქანით ვიარო? - იწყინა ფიფომ.
- სანამ გაყიდი, მოგიწევს. აბა მე უკვე აღარ შემიძლია საჭესთან. შენს მანქანაში, რომ ვზივარ, ლამის ჩამოვიდე და
ფეხით გავიდე. საშინელი მანქანაა.
- ნუ რას ვიზამთ, აბაა. - ფიფოს ხმაში ისევ წყენა შეეტყო.
- სულ ტყუილად გწყინს! საუკეთესო ვარიანტს გთავაზობ და შეირგე! თუნდაც, ჩემი ხათრით, წესიერი მანქანით მინდა, რომ მატარო.
- კარგი, ბატონო, სრულიად გემორჩილებით! - თავი დაუკრა ფიფომ.
არც თუ ისე რთული იყო, მიმის კაპრიზების შესრულება. ძველი დანგრეული მანქანის
ნაცვლად უფრო კარგი გამართული მანქანით ივლიდა. არც ქირის ფულის გადახდა, მოუწევდა
და ცოტაც, კომუნალურებიდანაც დაეზოგებოდა თანხა. მეტი რაღა უნდოდა ფიფოს? მართალია, ცოტა მისთვის
უხერხულიც იყო, მაგრამ ახალი წელიც კარზე იყო მომდგარი და ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება, არც თუ ისე ადვილი იყო.
მიმი საკმაოდ მოზრდილ და შედარებით ძვირიან თევზებს არჩევდა. ფიფო ნირწამხდარი
ემორჩილებოდა, თუმცა, არც იმჩნევდა. მიმის არც ლუდი შეურჩევია იაფიანი და არც ლიმონათი
დაავიწყდა არც ტკბილეული. ფიფო უკვე გონებაში ანგარიშობდა - მიმიმ კიდევ, რამე რომ
დაამატოს საწვავის ფულიც აღარ დამრჩებაო, მაგრამ მიმიმ აქაც იმარჯვა და სანამ ფიფო,
ისევ მიმის თხოვნით, ნაყინის ასაღებად გაიწია, მიმიმ დაასწრო და თავისი ბარათი გაატარებინა,
თან იქვე ფიფოსთვის, სიგარეტის მთლიანი ბლოკიც მიაყოლა.
- კარგი რა მიმი, რაა. - წყენით უთხრა ფიფომ. - რა გამოვიდა ახლა ეს?
- დღეს მინდა მე დაგპატიჟო. რა არ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება, მაგრამ მთელი დღე შენს ხარჯზე, ხომ არ ვიქნები აბა?
- დღეს მე გეპატიჟები და ხვალ შენ ჯერი იყოს! - გაუღიმა მიმიმ.
ფიფო თავს საშინლად უხერხულად
გრძნობდა.
- მხატვარი ხომ არ მოგვენახულებინა? იმდენი რამ ავიღე, ყველას გეყოფა.
- ჯერ დავრეკოთ, უდროო დროს თავზე, რომ არ დავადგეთ. - თვალი
ჩაუკრა ფიფომ.
მხატვარმა ზმულით გააგონა. ჩანდა, მარტო არ იყო.
მიმიმ ანიშნა, მაშინ ჩვენთან მოვიდესო.
- ცოტა მოგვიანებითო. - ფიფომ ტელეფონი გათიშა.
- ვაიმე ეგ როდის
მოვა, მანამდე ხომ მოვკვდები შიმშილით. - შეწუხებული სახით აღმოხდა მიმის.
ფიფოს გულიანად გაეცინა.
- ჩვენ დავიწყოთ და მერე მხატვარიც დაგვეწევა, სანამ კარტოფილი მოიხარშება.
- და სანამ ჩემს ნივთებს ამოვალაგებ. - მიმი დივანზე დაეშვა.
მიუხედავად იმისა, ფიფომ განუცხადა ბარგის თრევის თავი არ მაქვსო, მიმიმ მაინც მოახერხა მისი დაყოლიება და ორი დიდი ჩანთა, სასწრაფოდ წამოსაღებად გაამზადა. დანარჩენს უკვე ფიფო თავად მიხედავდა.
- დაისვენე, სად გეჩქარება? ყველაფერს მე მოვამზადებ. - ფიფომ ოთახის ჩუსტები მიაშველა მიმის.
სანამ ფიფო სამზარეულოში ტრიალებდა. მიმის დივანზე ჩასძინებოდა. ფიფომ ფრთხილად მიახურა პლედი.
„შეიძლება მიმი მატყუებს კიდევაც, მაგრამ უკვე, აღარ მაინტერესებს. მთავარია
ვიცი, რომ კარგად არის დანარჩენს, უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა.
იქნებ, მართლაც მიმის მეგობარი გოგო იყო? და მე კი, სულ ტყუილად ვიეჭვიანე
პიპაზე. ცოტა მართლაც რთული დასაჯერებელია, აბა მიმი ტყვიით დაჭრილს, როგორ მოუვლიდა?
არც ექიმია და არც არანაირი სამედიცინო განათლება არა აქვს. სასწრაფო, რომ გამოეძახებინა
აქამდე, ხომ მეც მეცოდინებოდა.
იქნებ, ვინმე ისეთი ძალიან ახლობელი ექიმი მოიწვია? თუმცა, ვის ჰქონდა
ორი თავი? ვიღაცის გულისთვის, საციხოდ საქმეს ვინ გაიხდიდა?
ჰმ, ისე არც ეგ არის გამორიცხული, შეიძლება მართლაც ძალიან შინაური მოიყვანეს,
მაგრამ ბოლოს, მაინც მიმის მოსავლელი გახდებოდა და აბა, როგორ? მიმი თავის თავს ძლივს
უვლის.“
ფიფოს ეჭვი მაინც სულს უღრღნიდა. თან სჯეროდა მიმის მონაყოლის და თან არა. ამიტომაც მიმის ძილშივე მოახერხა და მთელი სახლი გულდასმით
დაათვალიერა.
საეჭვო ვერაფერი ნახა. უჩვეულო თითქოს არც არაფერი იყო. მიმის მობილურიც
დიდი ხანია უკვე კონტროლზე ჰყავდა აყვანილი, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს წააწყდა,
არც ერთი შემოსული და გასული ზარები და მესიჯები, არანაირად არ იყო პიპასთან ახლოს.
ფიფომ ვერაფერი იპოვა, მაგრამ მიმის უჯრაში აღმოჩენილი უბრალო, ჩვეულებრივმა
ტელეფონმა კი ჩააფიქრა.
მობილური ახალი ჩანდა, არც არანაირი მესიჯი და არც არანაირი ზარი არ იყო
მისგან გაშვებული და შემოსული და სინამდვილეშიც მართლაც მასე იყო.
პიპას მეგობარი ქირურგი,
იმდენად აქტიურობდა, ისეთ ყურადღებას იჩენდა, რომ ტელეფონის გამოყენებაც აღარც დასჭირვებია. თანაც, მიმი მკაცრად იყო გაფრთხილებული, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა დაერეკა
და მერე საერთოდ გაენადგურებინა, მაგრამ მიმის უჯრაში ჩატოვებული ტელეფონი, უკვე აღარც
გახსენებია.
ნომრის დასაფიქსირებლად, ფიფომ თავის მობილურზე ზარი გაუშვა. მერე სამსახურში
გადარეკა და ნომრის გადამოწმება ითხოვა.
დიდ ხანს ცდა არც დასჭირვებია. მალევე მოახსენეს. ტელეფონიც და ნომერიც, ერთ ქალბატონს ეკუთვნოდა და არც იმ ქალბატონის გადამოწმებამ გაიყვანა, რამე საეჭვო
კვალზე, მხოლოდ ის გაირკვა, რომ სულ რაღაც ხუთი დღის წინ, იმ ქალს, ერთდროულად ორი ნომერი
და ორი ტელეფონი შეუძენია. ერთი ბევრად ძვირიანი მეორე კი საკმაოდ უბრალო, სწორედ ის,
რომელიც მიმის უჯრაში აღმოაჩნდა.
ფიფო ინტერესით კვდებოდა, მაგრამ როგორ უნდა ეკითხა მიმისთვის, ვის ტელეფონს
ინახავდა კომოდის უჯრაში.
LEX. 2018 წლის 2 აპრილი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment