- ეს ჩემი სამსახურია! - ფიფო ცდილობდა მიმისთვის ასე აეხსნა ის, რასაც სინამდვილეში ვერ ეტყოდა.
- ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა! - უკან არ იხევდა მიმი.
ბოლო ხმაზე უწიოდა ფიფოს, რომელიც ვერაფრით მიმხვდარიყო ასე სწრაფად, როგორ მიხვდა მიმი, რომ მის უჯრებში იქექებოდნენ.
ფიფო ფრთხილად მოქმედებდა. სასტუმრო ოთახში, დივანზე მიწოლილ მიმის კი, ღრმად ეძინა და დარწმუნებული იყო, არაფერი გაუგია.
მიმის მართლაც მშვიდად ეძინა. გაღვიძებისთანავე თავის საძინებელს მიაშურა და მაშინვე მიხვდა, რომ ფიფომ მისი ოთახი საგულდაგულოდ გადაჩხრიკა.
ყველაფერი კი ფიფოს დაუდევრობის შედეგი იყო. მიმი საწოლს ყოველთვის გულმოდგინედ ასწორებდა, ამიტომაც ასე ადვილად შეამჩნია, აშკარად ეტყობოდა, საწოლზე ნამდვილად ვიღაც იჯდა და აბა ვინ იქნებოდა ფიფოს მეტი?
მიმი იმავე ადგილას ჩამოჯდა, შეეცადა წარმოედგინა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული ფიფოს, მერე კომოდის უჯრისკენ გაექცა თვალი და იმ ახალ ტელეფონში, ფიფოსთან გაშვებული ზარიც, რომ აღმოაჩინა, ლამის ჭკუიდან გადავიდა.
- ყველაფერს მიმოწმებ! მიკონტროლებ!
- მიმი, მე მხოლოდ შენზე ვდარდობ. - ფიფო კვლავ თავის გამართლებას შეეცადა.
- რას დარდობ, რას?! ჩემს უჯრებში ქექვაა, ჩემზე ზრუნვა?! პირადი ნივთების შემოწმება?! - ძლივს ამოისუნთქა მიმიმ. - სულ გაგიჟდი მგონი...
საშინელ დღეში ჩავარდა მიმი. ისევ სუნთქვა შეეკრა და სკამზეც ძლივს ჩამოჯდა.
ფიფო შეშფოთდა. მიმი მართლაც ისე ძლიერ ანერვიულდა, რომ გაბრაზებულმა ტელეფონი, დანთებულ ბუხარში მოისროლა და ამით, ის მივიწყებული პირობა, რომ მობილური აუცილებლად უნდა გაენადგურებინა, შესრულებული იყო. მიმიმ შვებით ამოსუნთქა, თუმცა მართლაც ძალიან ცუდად გახდა. რამდენჯერმე ჰაერი არ ეყო, ძლივს მოითქვა სული. ფიფო შეშინებული თვალებით შეჰყურებდა.
- დამშვიდდი მიმი, რაა, ძალიან გთხოვ. - საშინლად წუხდა ფიფო. - მაპატიე. სულ ტყუილად აგანერვიულე. უნებურად მომივიდა, იდიოტურად მოვიქეცი. გთხოვ, დაწყნარდი. შენთვის ნერვიულობა საზიანოა, მაპატიე რა, გთხოვ!
ბუხარი გიზგიზებდა. საშინელი სუნი დადგა. ფიფომ დამდნარი ტელეფონი ბუხრის საჩხრეკით გამოათრია. მიმი ჩუმად ადევნებდა თვალს. დარწმუნდა, რომ აპარატი ისე იყო გადამდნარი მისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.
- მაცივარში სამწვადე, დაბასთურმებული ხორცი ვნახე. - ფიფომ თემის შეცვლა სცადა.
- ჰო, დედამ შენ გაგიმზადა. - შეაპარა სითბო მიმიმ. - იცოდა, რომ მოხვიდოდი.
- ჰოდა, ბუხარიც მაგიტომ დავანთე. - გულს მოეფინა ფიფოს, მიმის სიტყვები. - შენს ძილში მინდოდა მომესწრო. მალე მხატვარიც მოვა.
- მერე შეწვი, როდის დაგიშალე? - უპასუხა მიმიმ. - ნახე კიდევ რამე იქნება. ტყუილად რატომ უნდა გაფუჭდეს. მე მაინც მარტო ვერ მოვერევი.
- და ჩემზე ასაღებ? - ფიფო ხუმრობაზე გადავიდა თუმცა, გული მაინც გახეთქვაზე ჰქონდა.
მიმის გაეღიმა.
ყველაფერი მშვენივრად გამოვიდა. კიდევ ერთი „სამხილი“, განადგურებული იყო.
- არა, მაინც რაღაც სუნია. - მიმიმ ცხვირზე აიფარა ხელი.
- ფანჯრებიც გამოვაღე, ჰაერის გამწმენდიც გავუშვი. - ფიფო ბუხარს მიადგა. - რამე ხომ არ დარჩა კიდევ და იქნებ, ის იწვის?
- არა, რაღაც სხვა მყრალი სუნია! - მიმიმ უკმაყოფილო სახით, იქაურობას თვალი მოავლო. - ვაიმე თევზიი! ფუუუ, მეზიზღებააა!
ფიფოს ხმამაღლა გაეცინა.
- გადააგდე! მოაშორე აქედან! - მიმი ცხვირზე ხელს იფარებდა.
ფიფო ისევ სიცილისგან იგუდებოდა:
- მაგის გულისთვის გავედით სახლიდან! კარგი, კარგი. შევინახოთ. - ფიფომ მაცივრის კარი გამოაღო.
- არააა! - იყვირა მიმიმ. - ამიყროლებს იქაურობას.
- აბა სად წავიღო? აივნიდან ხომ არ გადავყრი?
- ჰო, აივანზე მაინც გაიტანე. - მიმი ზიზღით უყურებდა თევზის შეკვრას. - კარზე ზარია, გააღე რა, მხატვარი იქნება.
- და სხვა ვინმე, რომ იყოს? - ირონიულად წაკბინა ფიფომ.
- მაინც გააღე. - ჩაეღიმა მიმის.
მშვენივრად მიუხვდა ფოფოს უკბილო ხუმრობას და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ პიპა, ნამდვილად არ იქნებოდა.
- სად მიგაქვს ეგ თევზი? - ეცა მხატვარი ხელებში.
- მიმიმ ბრძანა, აივნიდან მოისროლეო!
- ჩემთან წავიღებ. აბა, ამის გადაყრა იქნება?
- ვაიმე, საშინელი მყრალი სუნი აქვს და რა დავაშავე? - აწუწუნდა მიმი.
ბიჭებს ეცინებოდათ.
მიმი ცხვირაბზუკული იჯდა.
- ფიფო მწვადებს დაგვპირდა, მაგრამ ახლა აღარც ხორცის სუნი მომწონს. - მიმი დაიჯღანა. - ყველაფერზე გული მერევა!
ბიჭებმა შეწუხებული სახით გადახედეს ერთმანეთს.
- მომაშორეთ ეს თევზი! წაიღეთ აქედან! - ბრძანა მიმიმ.
ბიჭებს ისევ ეღიმებოდათ. მიმი კი ცდილობდა, როგორმე სახლიდან გაეძევებინა ეს ორი მეგობარი.
- მე ცოტას მივწვები რა, ბიჭებო, არ გეწყინოთ. - ვედრებით შეხედა ფიფოს.
- კარგი, მიმი დაისვენე, აბა, რა. - უპასუხა ფიფომ.
- ჩვენ ხელს არ შეგიშლით! - დაუმატა მხატვარმა.
- ოღონდაც ეგ თევზი მომაშორეთ! წაიღეთ! - სასოწარკვეთილი ხმით წაიკნავლა მიმიმ.
ბიჭები მიხვდნენ, მიმი მათ გაძევებას ცდილობდა. თუმცა, არც ერთს არ უნდოდა წასვლა, განსაკუთრებით კი, ფიფოს.
- მიმი, მარტო როგორ დაგტოვო? - წაიბურდღუნა ფიფომ.
- დასვენება და მარტო მინდა ყოფნა! - ახლა უკვე მკაცრად გამოუცხადა მიმიმ.
- კარგი. - უკმაყოფილოდ დაეთანხმა ფიფო.
- მომაშორეთ ოღონდაც ეს თევზი! - წაიწივლა ისევ მიმიმ.
- ჰოდა, მიგვაქვს! მოგაშორებთ ამ „აყროლებულ“ თევზს! - მხატვარი ყურებამდე გაიკრიჭა.
- ეს მოხარშული კარტოფილიც მიაყოლეთ! აღარც ეგ მინდა ახლა! და ის სამ ლიტრიანი ქილით მჟავე კიტრიც გააყოლეთ რაა, თორემ რომ ვუყურებ, ატანა აღარ მაქვს! და სამწვადეც!
- დაგრჩა კიდევ რამე? - ეცინებოდა მხატვარს.
- მაცივარი სავსეა და მართლა რატომ უნდა გაფუჭდეს. - წაიწუწუნა მიმიმ.
- აჰა, ესე იგი, რაც გადასაყრელი გაქვს, გვატან არა? - კვლავ ხუმრობდა მხატვარი.
მიმის გულიანად გაეცინა.
- და გადაგდებას, ბარემ ეს საცოდავი, დამშეული მხატვარი დანაყრდესო, არა?!
არ ცხრებოდა მხატვარი და მიმიც სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა.
ფიფოს თან უკვე კუჭი უწრიალებდა და თან მიმის დატოვებაც არ უნდოდა.
- მერე მიმი, შენ მარტო როგორ დაგტოვოთ? - წუხდა ფიფო. - გინდა მერე, გვიან გამოვიდე? თუ გინდა, არ დავრჩები, ისე გამოვალ.
- არა, არ მინდა. - მშვიდად მიუგო მიმიმ. - ცოტას დავისვენებ და ჩემებიც ჩამოვლენ, თან ვიცი, პირდაპირ აქ მოვლენ. საახალწლო სამზადისი ყოველთვის აქედან იწყება. უჰ, ცალკე ეს რია-რიაც საშინლად დამღლის. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- აუუუ. - დაიჯღანა ფიფოც. - რა გადაიტანს მართლა ამ დღეებს.
- მიმი, ისე თუ მოიწყინო, სახელოსნოში შემოგვირბინე. - თვალი ჩაუკრა მხატვარმა.
- ერთი ცალი თევზი დამიტოვეთ, რაა. - შეევედრა მიმი. - მხოლოდ აივანზე იყოს, აქ არ შემომიტანოთ! შეიძლება მერე უცებ მომინდეს, და...
ბიჭებს გაეცინათ.
ფიფომ ორი დატოვა.
- უი, ნახე მიმი, მთელი უბნის კატები ეზოში შეგროვდნენ და ნერწყვმორეულნი აქეთ იყურებიან. - ხითხითებდა მხატვარმა.
მიმის ცალყბად ჩაეღიმა.
ფიფო მშვენივრად ხვდებოდა, როგორ ოსტატურად ცდილობდა მიმი, სახლიდან ბიჭების გამობრძანებას, მაგრამ ამ ეტაპზე, სხვა რა გზა არ ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა მიმის ვითომდა კაპრიზს, ამიტომ ყველაფერი, მიმის ბოძებული მოხვია და მხატვართან ერთად იქაურობა დატოვა.
როგორ კი ბიჭები გაისტუმრა, მიმი მაშინვე თევზს ეცა. გულში ეღიმებოდა, თურმე რა ოსტატურად შეეძლო გაეცურებინა ყველა. ფიფოს იქ ყოფნა და მისი ყველაფერზე კონტროლი, უკვე საშინლად უშლიდა ნერვებს. ამიტომაც ასე მოიქცა. თავიდანვეც ასე ჰქონდა ჩაფიქრებული, როცა შეატყო, რომ ფიფოს იმ დღეს ვეღარ მოიშორებდა. სპეციალურად ბევრი თევზი შეიძინა, ლუდიც რაც შეიძლებოდა დიდი ბოთლით შეარჩია, ყველაფერი წინასწარ გათვალა და გამოუვიდა კიდეც.
თუმცა, ერთი რამ მაინც შეეშალა. მაშინ როდესაც ფიფოს უთხრა, ტელეფონი მე შევიძინეო, მაგრამ მალევე გამოასწორა, რადგან დარწმუნებული იყო, ფიფო მაგასაც გადაამოწმებდა, თუ უკვე გადამოწმებული არ ჰქონდა.
- პირადობა მანქანაში დამრჩა. მგონი უნდა მიხვდე, რომ ხანდაზმული ადამიანისთვის თუ გამოდგება საჩუქრად.
- კარგი ეგ რა შუაშია. - აიწურა ფიფო, თუმცა უკვე მშვენივრად ჰქონდა ყველაფერი გადამოწმებული.
- იქვე ვთხოვე მაღაზიაში და თვითონვე გამიფორმეს არც კი ვიცი, ვის გვარზე გამოწერეს, და საერთოდ არ მესმის! - მიმიმ ხმას აუწია. - შენი საქციელის არ მესმის!
ფიფომ არაფერი უპასუხა. ყველაფერი სიმართლეს ჰგავდა.
- ახლა გეტყვი რაღაცას და გეწყინება მერე. - შეაპარა ფიფომ. - შენი მანქანა თუ პროფილაქტიკაში იყო, მაშინ პირადობა, როგორ დაგრჩა მანქანაში? მართლა კი არ გამოწმებ, მაგრამ ძალიან ბევრ შეუსაბამობას ვხედავ შენს მონაყოლში და ზოგჯერ...
- რა ზოგჯერ? - ვეღარ ითმენდა მიმი.
- ხშირად პატარა ტყუილის უკან, დიდი ტყუილი იმალება.
- ოოო, კარგი რააა, ხომ გითხარი, მეორე დაქალი გვეხმარებოდა და გვივლიდა, იმის მანქანით ვიყავით, სადღაც ალბათ, ერთი კვირის წინ.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი. მართლაც მასე იყო. მობილური ზუსტად ხუთი დღის წინ იყო ნაყიდი.
მიმი ამოისუნთქა და უკვე სასწრაფოდ თევზის სუნიც მოიგონა მიზეზად, რომ ფიფო, როგორმე სახლიდან გაებრძანებინა და გამოუვიდა კიდეც.
ყველაფერი კარგად დალაგდა და ახლა თავისი გამჭრიახობის წყალობით ბედნიერი მიმი, გემრიელად შეექცეოდა ნანატრ შებოლილ თევზს და სულაც არ ადარდებდა ამდენი ტყუილი, რომ გადმოაფრქვია საუკეთესო მეგობრის წინაშე.
***
საშობაო დღესასწაულმა, ძველმა და ახალმა წელმაც, ჩვეულებრივ ჩაიარა.
ჯერ კიდევ შარშან, მიმი დედასთან და მამიდასთან ერთად სახლში ხვდებოდა ახალ წელს, მერე მეგობრებთან ერთად შემოივლიდნენ მთელ სამეგობროს და ბოლოს ისევ მიმისთან იყრიდნენ თავს. წელს კი მიმის აბა სადღა შეეძლო ასე დილამდე წანწალი და ღრიანცელის მოსმენა. ყველას წინასწარ მიულოცა და ზედმეტი ხმაურისგანაც თავი ადვილად დაიზღვია.
არც მომდევნო პერიოდი იყო, რაღაც განსაკუთრებულად გამორჩეული. მართალია, პიპასგან არანაირი ინფორმაცია არ მოდიოდა. მიმი მაინც მშვიდად გრძნობდა თავს. იცოდა, ზედმეტი ხმაურისა და ჭორებისგან თავის ასარიდებლად, ასე იყო საჭირო.
საერთოდ, მიმის ჭორები სულაც არ ადარდებდა, მაგრამ დედა, მამიდა, ნათესავები. იქეთ კი ფიფო და თუნდაც, მისი ახლობლები, მთელი სამსახური მის ზურგს უკან იჭორავებდა და რატომ? რა დააშავა ფიფომ?
პიპა მართალი იყო. არ ღირდა ხალხის ყბაში ჩავარდნა, ამიტომაც ხმაურის გარეშე უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა და რადგან მიმის მგზავრობა ასეთ მდგომარეობაში უკვე სახიფათო იყო, ჯერ პიპა უნდა გამგზავრებულიყო და მერე თავის უფროს ბიჭთან, ძანესთან ერთად, მიმის და პატარასაც წაიყვანდა.
ამ იმედით აგრძელებდა მიმი ცხოვრებას და ერთი სული ჰქონდა, ეს ორი-სამი თვეც მალე გასულიყო.
„ნეტა მალე მოაგვაროს ყველაფერი და დროზე წავიდეს და მერე ჩვენც მალე წაგვიყვანოს.“
LEX. 2018 წლის 11 აპრილი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment