Monday, May 24, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 3)

3. 
გამკითხავი არავინ იყო, მომჩივანს კი ძალიან მარტივად და უპრობლემოდ აშოშმინებდნენ და „უგვარებდნენ პრობლემებს“.
როცა პირველად, ჯიბეში ფული ჩაუკუჭეს, მაკა ექიმს, ლამის სუნთქვა შეეკრა. ეს იმაზე ბევრად მეტი იყო, რასაც მთელი თვის მანძილზე იღებდა და თანაც, რის ფასად? იმის ფასად, რასაც ჩვეულებრივ ისედაც აკეთებდა. მუშაობისგან უზომოდ დაღლილ და დაქანცულს, ზოგჯერ ფეხსაცმლის ზონრებიც კი ძლივს ეკვრებოდა, რადგან მთელი ღამის ნათევს, ისე ჰქონდა ტერფები დასიებული. 
ხელფასიდან ხელფასამდე, ძლივს გაჰქონდა თავი და კიდევ კარგი, ისეთ ადგილას მუშაობდა, სადაც ხან ერთი მადლიერი პაციენტი მიაწოდებდა ხილს და ხან მეორე, ფუნთუშას. საკმაოდ, თბილი და ყურადღებიანი ექიმისთვის, არავინ არაფერს იშურებდა. 
ბოროტება, გულში არასდროს არ გაუვლია. არც ბოღმიანი ყოფილა როდესმე, მაგრამ როცა ფულს გაუგო გემო და მისი სუნიც კარგად მძაფრად შეიგრძნო, აი მაშინ უკვე ყველაფერი თავდაყირა დადგა. სულ სხვა თვალით შეხედა ცხოვრებას და უკანაც აღარ დაიხია. მიუხედავად ამისა, ტკბილი ენითა და თბილი სიტყვებით, მაინც ყველასგან გამოირჩეოდა და ყველგან და ყოველთვის, დიდ პატივისცემას იმსახურებდა. 
- ვაიმე, როგორ საბრალოდ ტირის, ეს ანგელოზი გოგო. - შეწუხებული სახით ჩამოუჯდა საწოლზე, მაკა ექიმი, ახალ ნამშობიარევ გოგონას, რომელსაც ექთანმა, სულ რამდენიმე წუთის წინ ახალშობილის გარდაცვალება აუწყა. 
გეგმის მიხედვით, მაკა ექიმი პალატისგან მოშორებით იცდიდა. ელოდა, როგორც კი ექთანი პალატის კარს გამოიხურავდა და მერე ექიმს, ვითომდა მისალმების ნიშნად, შორიდან თავს დაუკრავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უკვე მაკას შესვლის დროც იყო. მაკას ერთგული ექთნის, სპეციალურად მიმართულ, ცოტა არ იყოს, ცივ და უხეშ უწყებაზე, გარდაცვლილი ჩვილის შესახებ, ახლა აცრემლებულ დედებს ნუგეშად, კეთილი, თბილი და მზრუნველი მაკა ექიმი მოევლინებოდა და თანდათან, ფერებ-ფერებაში ისე მარტივად გამოჰკითხავდა ოჯახის გენეტიკურად გადმოცემულ პრობლემებს, რომ პაციენტს, ეჭვიც კი არაფერში ეპარებოდა. გამოცდილი ექიმი, კარგად გამოქექავდა, თუ რამდენად ხშირი იყო მათ ოჯახში ესა თუ ის ინფექციური, ან სხვა ტიპის დაავადებები და რა სახის შედეგები მოჰყოლია ამას შემდგომ. ახალშობილის გარდაცვალებით დამწუხრებული დედა დარწმუნებული იყო, რომ ეს ამდენი შეკითხვა, მხოლოდ და მხოლოდ, მისი მომავალი ბავშვისთვის იყო გათვალისწინებული. 
სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად იყო საქმე. მაკა ექიმი და მთელი მისი პირადი საიდუმლო ბრიგადა, ამით გადამალულ, უკვე გასაყიდად გამზადებული ჩვილის გენეალოგიას იკვლევდა. 
- ნუ ტირი, ჩემო კარგო. - ამშვიდებდა მაკა ექიმი. - აბა, დაფიქრდი და კარგად გაიხსენე. თუ გინდა, ჩამოწერე კიდეც და მოგვიანებით, მომაწოდე. შენი მხრიდან და შენი მეუღლის მხრიდანაც, გინდაც დიდი ბებია-ბაბუასგან მოდიოდეს, ყველაფერი თუ კი რამე ჰქონიათ გენეტიკურად. ბავშვობიდან, ვინ რა დაავადება გადაიტანეთ. ასევე შთამომავლებში, რომელი ვირუსი უფრო ხშირად მეორდებოდა. იქნებ სულაც, ამაშია პრობლემა? და იცი? ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ ახლა უკვემ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. აბა, როგორ? ახალგაზრდები ხართ, ჯერ კიდევ, მთელი ცხოვრება წინ გაქვთ და კიდევ რამე რომ არ გამოგვეპაროს, ხომ უნდა ვიცოდეთ არა, თუ რას მოვერიდოთ, როგორ უნდა მივხედოთ ორსულობაში თავს და ასე შემდეგ. 
- მე ჩემი შვილი მინდაა!.. - ტიროდა ჩვილის დედა. - სხვა შვილი არ მინდაა!.. ეს მინდოდაა!.. 
- ნუ, რა ვქნათ ახლა? მერე სხვა შვილებიც რომ გეყოლება, განა მართლა მასე იტყვი, ესენი არ მინდაო? დარწმუნებული, ვარ სულში ჩაიძვრენ, ისე გეყვარება. 
- მომიყვანეთ ჩემი შვილი, მაჩვენეთ, ჩამახუტეთ! 
- ეგ, ცოტა რთული იქნება. - დამწუხრებული სახით გააქნია თავი მაკამ. 
- რატომ? - აღელვებას ვერ ფარავდა მგლოვიარე დედა. - ნუთუ, არ მაქვს, ამის უფლება? ნუთუ, არ შეიძლება, რომ უკანასკნელად მაინც ჩავიხუტო შვილი? 
- შეძლებით, როგორ არ შეიძლება, მაგრამ როგორ გგონია, ეს შენს ჯანმრთელ ფსიქიკაზე, არ იმოქმედებს? 
- მე ჩემი შვილი მინდა, ჩემი შვილი! სხვისას ხომ არ ვითხოვ?! 
- აბა კარგად დაფიქრდი. მთელი ცხოვრება მკვდარი ჩვილის სახე გექნება თვალწინ და ვერც დღე მოისვენებ და ვერც ღამე და გინდა ეს? თუ სხვა შვილების გაჩენას აღარ აპირებ, მაშინ კი ბატონო. შენი ნებაა. - მხრები აიჩეჩა ექიმმა. - თუმცა, მერე იცოდე, რომ სხვა შვილები, ყოველთვის იეჭვიანებენ იმ გარდაცვლილ ჩვილზე და ყოველთვის გულდაწყვეტილები იქნებიან და იმათ, რა დააშავეს?
აცრემლებული დედა კი მაინც ბღაოდა. მიუხედავად, ყველანაირი ახსნისა და თავის არიდებისა, მაინც კატეგორიულად მოითხოვდა შვილის ნახვას. ბოლოს კი იმდენად უმატა ტირილსა და ისტერიკას, რომ დიდი დოზით, დამამშვიდებელი ინექციაც კი „დაიმსახურა“ და ამით, იმავე პალატის სხვა დანარჩენი ქალებიც მოიმადლიერეს, რადგან მართლაც რომ შვილის დაღუპვით, ისტერიკამდე მისული დედის შემხედვარეს, სხვა დედებიც საშინლად წუხდნენ. 
ზოგს მართლაც ებრალებოდა და თავადაც ცრემლიანი თვალით შეჰყურებდა გულ დამძიმებულ დედას, ზოგი ცდილობდა ყურადღება არ მიექცია და იქნებ გულშიც კი უხაროდა, კიდევ კარგი ჩემი შვილი არ მოკვდაო და ალბათ, ამის გამოც, ერთი-ორი გესლიც კი გაისმა პალატაში: 
„- უჰ, ძლივს არ დაისვენეს ყურებმაო.“ 
იმის მერე გაიჟღერა, როცა დამამშვიდებელმა ინექციამ იმოქმედა და მგლოვიარე დედას, როგორც იქნა ჩაეძინა. 
საქმის ეს ერთი ნაწილი, მოილია მაკა ექიმმა. ახლა, მეორე ეტაპი იწყებოდა. ბავშვის მამასთან და დანარჩენ სხვა პატრონებთან უნდა გაემართა ისეთი მოლაპარაკება, რომ როგორმე, მიცვალებული ჩვილი, არ გაეტანებინათ. მით უმეტეს, თუ ახალშობილი, თავს მშვენივრად გრძნობდა და არც აპირებდა სიკვდილს. 
- შეეცადე, მარტო ბავშვის მამა შემოვიდეს ჩემს კაბინეტში. - დაბალი ხმით მიმართა მაკა ექიმმა, იქვე მდგარ ექთანს. - ახლა იმ დანარჩენი ნათესავების წივილ-კივილის თავი არ მაქვს, ისედაც მთელი ღამე გავათენეთ, ლამის მთელი სამშობიარო ფეხზე იდგა. 
- უი წუხელ, მშობიარე გოგონა გარდაიცვალა ხომ? - ნაღვლიანად იკითხა ექთანმა. 
- სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე. რას ვიზამთ? - ამოიხვნეშა მაკამ.
- და ბავშვი? - ჩაეკითხა ექთანი. 
- ბავშვი, მაშინვე გარდაიცვალა. - იცრუა მაკა ექიმმა, რადგან კოჭებშივე შეატყო, რომ ეს ექთანი, მისი გუნდის წევრი, ვერასდროს გახდებოდა. 
- უი, საწყალი.
- ჰო. - დანანებით გააქნია თავი, მაკა ექიმმაც. - დაიბადა თუ არა, ძლივსღა ღაფავდა სულს. 
- უჰ, საცოდავები. - თვალები აუწყლიანდა ექთანს. - მტრისას, მტრისას...
- კარგი, კარგი. შემომიყვანე ბავშვის მამა. 
მაკა ექიმი კაბინეტში შებრუნდა. მერე სარკესაც შეავლო თვალი. რამდენიმე მიმიკით ცდილობდა შეერჩია, რომელი უფრო დამწუხრებული სახე იქნებოდა და ასე მწუხარე ნიღბით შეხვდა, „გარდაცვლილი“ ჩვილის მამას. 
- აი თქვენ, იმ ჩვილს დარდობთ, რომელსაც საერთოდ არც კი იცნობდით, არც გინახავთ სიცოცხლეში და იმ ხალხმა, აბა რაღა უნდა თქვას? - შეწუხებული სახით უხსნიდა მაკა. - ახალგაზრდა დედა, რომელიც შვილის მშობიარობას გადაჰყვა და ამ უბედურებასთან ერთად, ჩვილიც მკვდარი დაიბადა. აბა შეადარეთ თქვენი ტრაგედია, იმ ოჯახისას. ეჰ. - ამოიხვნეშა მაკა ექიმმა და ცხვირსახოცით მოიწმინდა, მშრალი ცხვირ-პირი. - უკვე ცრემლიც კი აღარ მომდის წუხელ, ისე განვიცადე. 
- ხოო... მესმის, ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ბავშვის ნახვა გვინდა. 
- ბავშვის ნახვა არ შეიძლება. ნუუ, ამ ეტაპზე... 
- რატომ არ გვაძლევთ, ამის საშუალებას?! - ხმას აუწია კაცმა. - რატომ გვიმალავთ, ბავშვს?! 
- და ვინ გითხრათ, რომ ვმალავთ? თქვენ რა? არ იცით, რომ ბავშვის დედა, ძალიან ცუდად არის? ნუთუ, არავინ გითხრათ, რომ თქვენი მეუღლე, ძალიან მძიმედ არის? 
- არაფერი ვიცი! - კაცი ახლა უფრო აღელდა. - რა? რა სჭირს ჩემს ცოლს?! 
- დამშვიდდით. ახლა შედარებით უკეთაა, მაგრამ ძალიან ცუდად იყო. ისე ცუდად, რომ ლამის... მოკლედ ამ შემთხვევაში, გადავრჩით. რასაც სამწუხაროდ, ბავშვზე ვერ ვიტყვით. 
- ახლა? ახლა როგორ არის? ჩემი ცოლის ნახვა მინდა! 
- იქ შესვლა, არ შეიძლება. პალატა სავსეა ახალ ნამშობიარები ქალებით და ყველასთან, თითო მნახველიც რომ შევიდეს, რია-რია გამოვა. მერე ათასი ინფექციაა, უამრავი ვირუსის მატარებელი შეიძლება შემოვიდეს და... 
- კარგი, გავიგე. ბავშვის ნახვა მინდა და საერთოდ, გამაგებინეთ, რა მოუვიდა ჩემს შვილს? 
- აი, სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ აქ ცალკე, ზედმეტი მოწმეების გარეშე. - მშვიდი ხმით დაიწყო მაკა ექიმმა. 
კაცმა უნდობლად გამოხედა ექიმს. 
- იმედია, მომავალში კიდევ აპირებთ შვილის ყოლას.
- ეგ, რა შუაშია?
- თავშია. - მშვიდი ხმით განაგრძო ექიმმა. - სწორედაც, რომ თავშია და ამიტომ, მსგავსი უბედურება რომ კვლავ არ განმეორდეს, საჭიროა როგორც ოჯახის გენეტიკის გამოკვლევა და ასევე, იმ გარდაცვლილ ჩვილსაც, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო კვლევითი ექსპერტიზა! იმისათვის, რომ სწორად დავადგინოთ, ბავშვის ზუსტი გარდაცვალების მიზეზი, რამაც შემდგომში, თავიდან უნდა აგვაცილოს, მსგავსი პრობლემა! 
- და ამისთვის, ჩვენგან რა არის საჭირო? 
- თქვენგან, არც არაფერი. - მიუგო ექიმმა. - გადავაგზავნეთ უკვე ექსპერტიზაზე და სავარაუდოდ, ზეგ იქნება პასუხი. თქვენ კი მანამდე, მეუღლეს მიხედეთ. ძალიან მძიმე სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაშია. ისედაც, ძლივს იმშობიარა. ერთი პერიოდი, გვეგონა რომ მასაც ვკარგავდით, მაგრამ ღვთის წყალობით, დედა მაინც გადავარჩინეთ. 
- ღვთის წყალობა რომ მქონოდა, ჩემი შვილი გადარჩებოდა?! - ბრაზით მიუგო კაცმა. 
- მასე, ნუ იტყვით! წეღან ხომ მოგიყევით? წუხელ ერთი მშობიარე ახალგაზრდა გოგონა, ბავშვთან ერთად დაიღუპა. თქვენ კი, ჯერ მთელი ცხოვრება წინ გაქვთ! ახალგაზრდები ხართ! ერთმანეთს, გვერდში ამოუდექით და მომავალზე იფიქრეთ! ახლა პირველ რიგში, დედას უნდა მივხედოთ. იმის გარდა, რომ მშობიარე ქალი, ისედაც ფიზიკურად ცუდად გრძნობს თავს, ფსიქოლოგიურადაც, ასეთი ტრაგედიის გამო, საშინლად დათრგუნულია. ამიტომ ახლა, მას სულ სხვანაირი თანაგრძნობა სჭირდება. 
- სხვანაირი, როგორ? - დაბნეულად იკითხა კაცმა. 
- სხვა მიდგომა უნდა მის სამწუხარს. არ არის საჭირო, უამრავი ნათესავის შემოკრება, ვაი-ვიში და...
- აბა? არ დავიტიროთ საკუთარი შვილი? - კაცი აშკარად გაბრაზდა. 
- ჰოდა, მაგასაც თავისი საზღვარი აქვს. - აუღელვებლად უპასუხა მაკა ექიმმა. - გაუთავებლად იმის შეძახილი, რომ უი, ეს რა მოგსვლიათ! შე საწყალო, რა დღეში ხარ და მსგავსი რამ, უფრო ცუდად იმოქმედებს დედის ფსიქიკაზე! ნუთუ, არ გეცოდებათ? ახალგაზრდა გოგომ რამდენი იწვალა. ძლივს იმშობიარა. არნახული ფიზიკური ტკივილი გადაიტანა, რომელიც ასეთი უბედურებით დასრულდა და ზემოდან კიდევ, მთელი სანათესაოს თავზე დატირება! რა ჭკუაზე დადგება გოგო? ალბათ, მეტად აღარც იფიქრებს, შვილის გაჩენაზე. 
კაცმა ამოიხვნეშა. 
- თქვენ წარმოიდგინეთ. - განაგრძო მაკა ექიმმა. -  უკვე გამოთქვა იმის აზრი, რომ მეტი შვილი, აღარ მინდაო.
- რაა? 
- სხვა შვილებს, აღარც გავაჩენო და იმ მომენტში, სადღაც შეიძლება, მისი სიტყვებიც კი გაამართლო და ვერც გაამტყუნებ. ალბათ ფიქრობთ, რომ ჯერ რა დროს სხვა შვილებზე ფიქრიაო, მაგრამ სულაც არ არის ასე.
მაკა ექიმი, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ რაც შეიძლებოდა, მეტი ნდობა მოეპოვებინა დამწუხრებული მამის მხრიდან. რა არ ესაუბრა, საიდან არ მიუდგა და ბოლოს ყველაფერი ისე შეათანხმა, როგორც თავად მას აწყობდა. 
- ძალიან მინდა, ჩემი ცოლი ვნახო. - ამოიხვნეშა კაცმა. 
მაკა ექიმი ჩაფიქრდა, მერე თითქოს მხრებიც აიჩეჩა და მშვიდი ხმირთ მიმართა:
- რადგან ასეთი სიტუაციაა, სულ ორიოდე წუთით, შეგიშვებთ თქვენს მეუღლესთან და შეეცადეთ, დაამშვიდოთ. 
- კარგი. - თავი დაუქნია კაცმა. 
- მანამდე კი, ამ საბუთზე უნდა მომიწეროთ ხელი. - მაკამ უჯრა გამოაღო და უკვე წინასწარ კარგად გამზადებული და სულ სხვა ვერსიით შენიღბული, თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი, რამდენიმე ბლანკი დაუდო წინ. 
- ეს რა არის? - კაცმა დარდითა და ცრემლით ამოვსებული თვალი, ძლივს შეავლო ფურცლებს. საერთოდ ვეღარაფერს ხედავდა. ასოებიც ერთმანეთში ირეოდა და ვერაფერი გაარჩია. 
მაკა ექიმმა, წუთით იყუჩა. კაცის რეაქციას კარგად ჩააკვირდა და მერე მშვიდი, მაგრამ საკმაოდ ნაღვლიანი ხმით უპასუხა: 
- ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ... - ექიმი შეყოვნდა. - ეს... ის უფლებაა, რომ გარდაცვლილ ჩვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა. სამედიცინო კვლევა, რათა დადგინდეს, მისი გარდაცვალების, ზუსტი მიზეზი და ამისთვის, მშობლების ოფიციალური მიმართვაა საჭირო. 
- ვერ გავიგე? აბა უკვე გადავაგზავნეთო?! - გაცხარდა კაცი. 
- ეს მხოლოდ და მხოლოდ, ფორმალობაა. უბრალოდ, ბიუროკრატიული ფურცელი. აბა მართლა, იმას ხომ არ დაველოდებით, ვინ როდის მოიფიქრებს ამის თანხმობას? ამასობაში კი, დრო გადის. ყოველი საათი ძვირფასია და რაც უფრო ახალ გარდაცვლილია, მით უფრო შედარებით ადვილად ვლინდება, ჩვილის გარდაცვალების, ზუსტი მიზეზი! - მაკა ექიმი გაჩუმდა.
კაციც ვერ იღებდა ხმას.
- იცით. - საკმადო შეწუხებული სახით განაგრძო ექიმმა. - აი, საშინლად არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ გვამის გახრწნას, ხომ არ უნდა ველოდოთ? მერე ათასი ბაქტერიები თავისით წარმოიშვება და ძალიან რთული იქნება იმის დადგენა, თუ რატომ გარდაიცვალა, რა იყო მიზეზი.
კაცს, მიტკლის ფერი ედო. უხმოდ დაუქნია თავი. 
მაკა ექიმმაც ისარგებლა მისთვის ხელსაყრელი მომენტით და ახლოს მიუწია ფურცლები და თან, უკვე დარწმუნებულიც იყო, რომ დამწუხრებული მამა, ვერაფერს არჩევდა რაც იქ ეწერა.
პირველი ორი გვერდი, ჩვეულებრივი ბლანკი იყო და უამრავი სამედიცინო ტერმინებით გაძეძგილი, სადაც მართლაც იყო მინიშნებული, რომ მშობელი, კატეგორიულად მოითხოვდა გარდაცვლილი შვილისთვის, დაუყოვნებლივი ექსპერტიზის ჩატარებას, ხოლო რაც შეეხებოდა დანარჩენ სხვა გვერდებს, იყო რაღაც წინა ფურცლების მსგავსი და ერთ-ერთი მათ შორის კი, ზუსტად ის, რაც მაკა ექიმს, პირადად აწყობდა. 
სწორედ ამიტომაც იყო, რომ ექთანს, მხოლოდ ერთი ჭირისუფლის შემოშვება უბრძანა. გულდამწვარი მამას, იმდენი ესაუბრა, ისე გააბრუა რომ კაცი ძლივს არჩევდა, თუ რა ეწერა იმ ფურცლებზე და მით უმეტეს, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რას ნიშნავდა ეს ამდენი სამედიცინო ტერმინი. მაკა ექიმმა ისიც კი გამოქექა, რომ მშობიარე გოგოს მეუღლეს, არანაირ სამედიცინო განათლება არ ჰქონდა და ზუსტად ეს იყო, მისთვის ხელსაყრელი. 
თავიდანვე შეათვალიერე მომლოგინე გოგონა. თავზე ხელი გადაუსვა. მოეფერა. გოგონამაც გაუღიმა, ლამაზი კბილები გამოაჩინა. მაკა ექიმს, უკვე დიდი იმედი ჰქონდა, რომ ეს გოგო, სრულიად ჯანმრთელ ბავშვს გააჩენსო და არც შემცდარა. მართლაც, სამ კილოიანი, ლამაზი და ჯანმრთელი გოგონა დაიბადა, რომელსაც მაშინვე მიუჩინეს „განსაკუთრებული“ ადგილი, ბავშვთა პალატის ერთ-ერთ კუთხეში. იმ მხარეს, სადაც თვით დედისგან არასასურველ ბავშვებს აწვენდნენ და ეს მაშინ იქ, ჩვეულებრივი ამბავი იყო. როცა დედას ახალშობილის წაყვანა არ სურდა, მაშინვე ცალკე აწვენდნენ ჩვილს, რომ მიტოვებული და დედის რძეს მოკლებული, სხვა ქალს მაინც გამოეკვება. ამიტომაც, მათი საწოლები, ოდნავ მოშორებით იდგა სხვა ჩვილებისგან.
თავიდან არ იდგა იმ მხარეს, ამდენი საწოლი. სულ ორი-სამი თუ იყო და ისიც, ხშირად არც იყო დაკავებული. მოგვიანებით კი რატომღაც, მოემატა და მოემატა. 
- ხალხმა ბოლოს და ბოლოს შეიგნო, რომ აბორტი, მრუშობაზე დიდი ცოდვაა. - ასე ხსნიდა მაკა ექიმი, ამდენი გასაშვილებელი ბავშვების მომრავლებას. - შვილის მოკვლას, ისევ მისი გაჩენა და გაშვილება სჯობს! მერედა, რამდენ უშვილო წყვილს გააბედნიერებს ოჯახში ბავშვი. 
სხვებიც ეთანხმებოდნენ. რა თქმა უნდა, მაკა ექიმი, სიმართლეს ღაღადებდა. აბა ცუდს, როგორ გაივლებდა, ან საერთოდ, ვინ წარმოიდგენდა. 
- აი, აქაც მომიწერეთ ხელი. - თითით მიანიშნა მაკა ექიმმა, გულ დათუთქულ მამას.
ეს სწორედ ის გვერდი იყო, რომელიც კიდევ ერთხელ აუვსებდა ჯიბეს, ფულს დახარბებულ ექიმსა და მის საიდუმლო ამალას. 
კაცმა სათითაოდ მოაწერა ხელი ყველა საბუთს და საკუთარ ჩვილის გაშვილებასაც ისე მისცა დასტური, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რას სჩადიოდა. ახლა მხოლოდ თავში ის უტრიალებდა, შვილის სიკვდილით, ლამის ჭკუიდან გადასული მეუღლე ენახა და ცოტათი მაინც ენუგეშებინა. 
- საერთოდ სასურველია, რომ ორივე მშობელმა მოაწეროს ხელი, მაგრამ ახლა თქვენი მეუღლე, ისეთ დღეშია... 
- ჰო, გასაგებია, მაგრამ ნახვა მინდა. - თავი დაუქნია კაცმა. - ვნახავ და დავამშვიდებ. იქნებ, დავიყოლიო. 
- იქნებ, არა. - მაკა ექიმს ტონი შეეცვალა. - უნდა დაიყოლიოთ! 
კაცმა კვლავ დაუქნია თავი. 
- და, თუ შეიძლება. - მაკამ ოდნავ ხმას დაუწია და ლამის ჩურჩულით განაგრძო. - ნურავის ნუ ჩარევთ. დამიჯერეთ, ვერ გაიგებენ. ისე ზუსტად ვერ გაიგებენ, რაც მე ახლახან აგიხსენით და კიდევ გიმეორებთ, ვერ გაიგებენ, ისე როგორც საჭიროა და რაღაც საშინელებას გეტყვიან. დამიჯერეთ ასეა სულ, თქვენ არ ხართ პირველი, ვისთანაც ასეთი საუბარი მქონდა. ძალიან ხშირად, ვიღაც-ვიღაცეების ჩაგონებით, ათას პრობლემას აწყდება მშობელი. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნურავის ნუ ჩარევთ თქვენს პირად საქმეში! ამ შემთხვევაში, მხოლოდ თქვენი შვილის გარდაცვალებას ვგულისხმობ. 
ჩვილის გარდაცვალებით გულ დამწუხრებული დედა, მეორე დღესვე გაწერეს სამშობიაროდან. 
ახლა საქმის ბოლო, დასკვნითი ეტაპი იწყებოდა, რადგან ცოტა ხანში ოჯახი, აუცილებლად ბავშვის დაკრძალვას მოითხოვდა და ესეც უკვე, არა ერთხელ გავლილი ჰქონდა მაკა ექიმს. 
LEX. 2021 წლის 24 მაისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment