Wednesday, May 19, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 107)

107. 
იმ საღამოს შემდეგ, რაც ფიფოსთან დაკარგულ ჩვილებზე დიდ ხანს ისაუბრეს, ჩუკიმ მოსვენება დაკარგა. ზომაზე მეტად დაიწყო მოძიება და ბოლოს ერთ-ერთმა კვალმა, ფიფოს ნათლიამდეც მიიყვანა. 
- ვინ არის, ეს ღლაპი?! - აღრიალდა ნათლია. - რა უნდა ჩემგან?! სასტუმრო ოთახში მორიდებით მდგარ ჩუკის, კაბინეტიდან ნათლიის როხროხი, დახურული კარს მიღმაც, მშვენივრად ესმოდა. 
მეუღლე შედარებით, დაბალ ხმაზე პასუხობდა. მისი სიტყვების გარჩევა, ჩუკისთვის შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, ნათლიის ღრიალი, იქაურობას აყრუებდა. 
- აღარ ვმუშაობ! აღარ! პენსიაზე ვარ! დამანებეთ ყველამ თავი! დამანებეთ!
ქალი რაღაცას კიდევ ებუტბუტებოდა, კაცი კი ხმამაღლა გაჰყვიროდა. ბოლოს კაბინეტის კარი გაიღო და ნათლიის მეუღლემ მოახსენა, თავს ძალიან შეუძლოთ გრძნობს და ახლობლებსაც კი არ იღებსო. 
- მე მხოლოდ, ერთი შეკითხვა მაქვს. - არ იხევდა უკან ჩუკი. 
- რა ვქნა? - უპასუხა დიასახლისმა. - არ არის კარგად და არც არავის ნახვა სურს. 
ქალმა ოდნავ შეღებულ კარს თვალი შეავლო. ამით თითქოს ანიშნა, მე არ გიშვებ, მაგრამ შენ შეგიძლია, მაინც სცადო შესვლაო და ჩუკისაც, ეს უნდოდა. პირდაპირ ღია კარში შეაჭრა და მაშინვე დაუსვა კითხვა: 
- ვინ გასცა ბრძანება, „გააჩუმეთ ეს ფიფოო?“
პასუხად კი, მხოლოდ ბოლო ხმაზე ღრიალი მიიღო და ნათლიის მეუღლემაც აიძულა, იქაურობა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. 
არც ჰქონდა იმედი, რომ ამ საზარელი კაცისგან, რამეს გაიგებდა. თუნდაც, ერთ უბრალო მინიშნებას, ან თუნდაც, ერთ სიტყვას. მშვენივრად იცოდა, ნათლია მაინც არაფერს ეტყოდა, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეში იყო. ჩუკიმ ამით, სიგნალი გაუშვა და ეს იყო ახლა მთავარი მიზანი მისთვის, მაგრამ იჩქარა, ზომაზე მეტად აჩქარდა და ფიფოს შეთანხმების გარეშე, ესტუმრა ნათლიას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო, იმ დანარჩენებს შორის, რომლებიც ყოველთვის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დედამიწას, თავად ატრიალებდნენ ხელში და საითაც და როგორც უნდოდათ, იმ მხარეს მიაბრუნებდნენ. 
ჩუკიმ იცოდა, საკუთარ ნათლიაზე საკმაოდ გამწყრალი ფიფო, ხალხში მაინც არასდროს იხსენიებდა აუგად. როგორც კი ნათლიის ირგვლივ დაიწყებოდა საუბარი, თუნდაც ოდნავ, გაკვრით ყოფილიყო მოხსენიებული, ფიფო მაშინვე სალაპარაკო თემას ცვლიდა და ასე, ნათლიის გვერდის ავლით აგრძელებდა საუბარს. ამას ჩუკის გარდა გალეოც ამჩნევდა და ქირურგიც, მაგრამ ხმას არავინ იღებდა, ისედაც მშვენივრად ხვდებოდნენ ყველაფერს. 
ჯერ კიდევ მაშინ, როცა დიმეო დაუბრუნდათ და ყველაფერი, თანდათან მწყობრში ჩადგა, ფიფომ როგორც იქნა, აღირსა მონახულება, ინფარქტ გადატანილ ნათლიას. მის მეუღლეს, ძალიან გაუხარდა მათ ხელში გაზრდილი ნათლულის ნახვა. თვითონ ნათლია კი, თვალს ვერ უსწორებდა, ამაყად და ვითომდა შეფარული შურისძიებით აღსავსე ფიფოს. 
ფიფო კი მართლაც არაფერს მალავდა და სახეზე ეწერა ყველაფერი. თუმცა, ხმას არ იღებდა და მდარე ღიმილით ასაჩუქრებდა ნათლიის მეუღლეს, ის ხომ, მართლაც არაფერ შუაში იყო. 
- არ გინდა, ნუ წუხდები. - შენიშნა ფიფომ, როცა ქალი მის დანახვაზე, მაშინათვე დაფაცურდა და სუფრის გაწყობას იქვე, მეუღლის კაბინეტშივე შეუდგა. 
- არაფერსაც არ ვწუხდები. - ქალმა ნაზად მოუთათუნა მხარზე ხელი სტუმარს. - ამისთვის დალევა, მაინც არ შეიძლება. მსუბუქ სალათს და ცივ ღვინოს შემოვიტან, თუ კონიაკი გირჩევნია? ხომ იცი, სადაც დევს? 
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი. 
ან, რა დროს კონიაკი იყო და ანდა, რა დროს სალათი?
ფიფო ცოფებს ყრიდა. ძლივს იკავებდა თავს, რომ ნათლიას ყელში არ წვდომოდა და ის ბინძური სული, ბოლომდე არ ამოეცალა. 
დიმეოს სახლში დაბრუნებით, ფიფო არ დაწყნარებულა. თუმცა ამჯერად, ბევრად მშვიდად და დინჯად მოქმედებდა. რას არ ეცადა, საიდან არ მოუარა და მაინც ყველა გზა, ნათლიისკენ მიდიოდა. ის იყო, ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, მაგრამ სხვა ბევრი, თავისნაირისგან განსხვავებით, დიმეოს გატაცების, არც მონაწილე და არც შემსრულებელი ყოფილა. 
მაინც რა „საოცარი დამთხვევა“ იყო, როგორც კი ბიჟუს, ბორდელი დაუხურეს და დააპატიმრეს, სწორედაც რომ იმ პერიოდში გაიტაცეს ბავშვი. მანამდე კი ფიფოს თაოსნობით, ბიჟუს ბორდელიდან ამოღებული, საკმაოდ დიდი რაოდენობის, უმაღლესი ხარისხის, ნარკოტიკული ნივთიერება ისე გაქრა, რომ მხოლოდ რამდენიმემ იცოდა მისი არსებობის შესახებ და მის სააშკარაოზე გამოტანას მაშინ შესძლებდნენ, სანამ თვითონ ფიფო არ გასცემდა ამის ბრძანებას. 
ფიფოს ძალიან კარგად ესმოდა, თუ რა მოჰყვებოდა ამ ამბავს, მაგრამ უკან არ დაუხევია, მაინც სადღაც, გულის კუნჭულში ჰქონდა ნათლიის იმედი, რომ ბოლომდე არ გაწირავდა და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ იერიშს პირადად, მის ოჯახზე მიიტანდნენ. 
ფიფოს საქმიდან ჩამოშორებაც და ნარკოტიკების უკან დაბრუნებაც, ერთი ხელის მოსმით, ბავშვის გატაცებით უნდა მოგვარებულიყო. თუმცა მოგვიანებით, სულ სხვა გვარად შემოტრიალდა ყველაფერი და მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობებისა, დიმეო საღ-სალამათი დაბრუნდა შინ. 
ბავშვის სახლში დაბრუნებამ, ნათლია მართლაც გულით გაახარა. თუმცა ფიფოს, მაინც არ სჯეროდა მისი სიხარულის. დარწმუნებული იყო, დიმეოს გატაცების საქმეში ერია მისი ხელი და სადღაც, მასეც იყო, მაგრამ მიუხედავად ასეთ ბინძურ საქმეებში, ყველანაირი მონაწილეობისა, ნათლია ყოველთვის წინააღმდეგი იყო, ბავშვის გატაცებისა, ამიტომაც არავინ დაელოდა მის თანხმობას და მის ზურგს უკან დაიწყეს მოქმედება. 
მოგვიანებით, ნათლიამ როცა ეს ყველაფერი გაიგო, მაინც ვერაფერს გახდა, რადგან მექანიზმი, უკვე ამუშავებული იყო და უკან დასახევი გზაც აღარ არსებობდა. საშინლად განრისხდა თავისიანებზე, მით უმეტეს, როცა ბავშვის გატაცების ამბავი, თვითონ ფიფოსგან შეიტყო და არა, თავისი კლანისგან. ამაზე ცალკე მოუვიდა გული და ისე ინერვიულა, რომ ინფარქტი ძლივს გადაიტანა.
ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ, დიმეოს გატაცებამ, ვერაფერიც ვერ მოუტანა კლანს. თუმცა მანამდე, ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ფიფოს ოჯახის ეს უბედურება, მათთვის ნაყოფს გამოიღებდა, მაგრამ შეცდნენ. სანამ ფიფოს კომპრომისზე გაიყვანდნენ, უკვე მანამდე აირ-დაირია ყველაფერი და ეს უკვე უნებლიე, მაგრამ მაინც მიმის დამსახურება იყო. მიმის ღვაწლი კი იმაში მდგომარეობდა, რომ გამტაცებლებს, ფიფოს უკითხავად, დიდძალი ფული გადაუხადა და ამით, იმ სიბოროტის მექანიზმის ჩარხი, უკუღმა დაატრიალა. 
დიმეოს უშუალო გამტაცებლები, ცალკე ფულს დახარბდნენ და ეს იმხელა თანხა იყო, რომ უკვე აღარც აინტერესებდათ, ვისი დაკვეთითა და ვისი დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ. მათი მთავარი მიზანი, ბავშვის მოშორება და საზღვრის დროული გადაკვეთა გახდა, რადგან შეკვეთის არასწორად შესრულების გამო, ახლა თავად არ მოხვედრილიყვნენ დამკვეთთა კლანჭებში. 
თავის მხრივ დამკვეთნი, დარწმუნებულები იყვნენ, რომ შვილის გადასარჩენად, ფიფო აუცილებლად დააბრუნებდა გადამალულ ნარკოტიკს. 
გატაცების გეგმაც საკმაოდ მარტივი და პრიმიტიული იყო. ერთი შეხედვით, გასაკვირი არაფერი ჩანდა. მდიდარ მშობლებს, ფულის გამოძალვის მიზნით, ერთადერთ შვილს პარავდნენ და სხვა მოტივი, აქ არც იკვეთებოდა. 
გატაცებული ბავშვის სანაცვლოდ, როგორც წესი, გამოსასყიდს მოითხოვდნენ. თავიდან, ცოტა ფულის წველა დაიწყებოდა. ეს ფული კი, პირადად გამტაცებლების ბონუსი იყო და თანხის ოდენობის დასახელებაც თავისუფალი იყო. შემდეგ კი თანდათანობით, თანხის მოთხოვნის რაოდენობა უფრო მოიმატებდა. ორი, მაქსიმუმ სამი, ფულის ასეთი გამოძალვის შემდეგ, უკვე ზუსტად იმას მოითხოვდნენ, რაც მათ უფრო მეტად უნდოდათ და სჭირდებოდათ და რის გულისთვისაც, ეს ყველაფერი ეწყობოდა. 
საქმე კი რამდენიმე მილიონად შეფასებულ, უმაღლესი ხარისხის ნარკოტიკს ეხებოდა და არა რაღაც, ჩვეულებრივ მედიკამენტს. ჯერ კიდევ სუფთა, გაუზავებელ ნივთიერებას, უფრო ბევრად დიდი ფასი ჰქონდა და აბა, ამის ახევას, ვინ შეარჩენდა ფიფოს. მით უმეტეს, თუ ეს მილიონები, მილიარდებად უნდა ქცეულიყო.
გამტაცებლებს, თავისი საქმე უნდა მოეგვარებინათ, დამკვეთებს კი ამით, შემდგომი მოვლენები უნდა ემართათ. 
თითქოს ყველაფერი, ჩვეული სცენარით უნდა წარმართულიყო, მაგრამ რატომ შემოტრიალდა ასე? რაში იყო საქმე? ვიღაცამ იღორა და უფრო მეტად მოუნდა გამდიდრება? აი, სწორედ აქ იყო შეცდომა დაშვებული. 
გამტაცებლებს, მხოლოდ დიმეოს გატაცება შეუკვეთეს და ისიც, საკმაოდ შორიდან, რადგან ყველას ეშინოდა, მათ სიახლოვეს გამოჩენა. შუამავლებიც ისეთი შეარჩიეს, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რა სახის დავალება უნდა გადაეცათ იმ ბოროტმოქმედთა წყვილისთვის, ვისაც უშუალოდ, ეს ბრძანება უნდა შეესრულებინა. მხოლოდ გეგმა იყო მითითებული, არც ზუსტი თანხა იყო დასახელებული, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს ფული, ასე ადვილად, არ დაიდებოდა ფიფოსგან. იგი აუცილებლად გაცვლას მოითხოვდა და თან, სულ სხვა გზითაც შეეცდებოდა შვილის დაბრუნებას. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ფიფო, არც იმდენად ბრიყვი იყო, მაშინვე მიხვდებოდა, თუ ზუსტად რა იყო ბავშვის გამოსასყიდი. ამიტომ დამკვეთების ინტერესში, სულაც არ შედიოდა ფულის გამოძალვა და გატაცების შემსრულებელი, ამ მხრივ, სრულიად თავისუფალი იყო. ნებისმიერი თანხა შეეძლო დაესახელებინა. თუმცა აბა, რას წარმოიდგენდნენ, რომ საქმე, მხოლოდ ფულში სულაც არ იყო. 
დამკვეთთა კლანის გამოთვლით, ფიფო დააბრუნებდა იმას, რაც მიითვისა, გადამალა და ასევე, საკუთარი ხელით დაწერდა განცხადებას, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და კიდევ იყო მესამე პუნქტიც, სამუდამოდ და დაუყოვნებლივ, ოჯახიანად უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიფოს სიჯიუტეს, უფრო ბევრად სავალალო შედეგი მოჰყვებოდა. 
თავიდან გამტაცებლებს, მოპარული ბავშვის სიცოცხლე და უვნებლობა, მკაცრად უნდა დაეცვათ. შემდეგ კი, როცა მიზანი, უკვე მიღწეული იქნებოდა, სულ სხვა ბრძანება წამოვიდოდა. იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ მთელი ოჯახი ამოეწყვიტათ, რადგან ერთადერთი შვილის დაღუპვით გამწარებული ფიფო, ახლა უწინდელზე უფრო საშინელი მტერი გახდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც მანამდე იყო ნაკლები. ამიტომ ყველაფერი, შემდგომი განვითარებული მოვლენების მიხედვით უნდა წარმართულიყო. 
პირველად ნათლიამ აღნიშნა, თუ ბავშვი ცოცხალი არ დაბრუნდებოდა, ფიფოს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა, ამიტომ კატეგორიულად მოითხოვდა, დიმეოს სახლში მშვიდობით დაბრუნებას და სწორედ მისი იდეა იყო, ფიფოს ოჯახით უცხოეთში გადახვეწა და არა, მათი სრული ამოწყვეტა. ნათლიამ ასეთი წინადადების წამოყენებით, მაინც შეეცადა დაეცვა, მის ხელში გაზრდილი და უკვე ისედაც განწირული ნათლული.
ნათლიას, არც ბავშვის გატაცების იდეა მოეწონა. ბევრჯერ შეეწინააღმდეგა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, ცოტა მეტი დრო მოითხოვა. იქნებ როგორმე, ფიფო დაეყოლიებინა, მაგრამ აქაც შეცდა, სულაც არ აპირებდნენ ფიფოს დანდობას. ნათლიის დასამშვიდებლად უფრო დაუქნიეს თავი და მაინც ისე გააკეთეს, როგორც თავად ჩათვალეს საჭიროდ. ყველაფერს კი, უმრავლეოსობა წყვეტდა. არავის უნდოდა ვიღაც, ერთი ფიფოს გამო, თავი საფრთხეში ჩაეგდო და ის მილიონებიც დაეკარგა, რომელსაც მილიარდებად ქცევის, უტყუარი შანსი ჰქონდა. 
ნათლია საშინლად განრისხდა, როცა მის ზურგს უკან მოხდა ეს ყველაფერი. მიხვდა, მის სიტყვას უკვე ფასი, თანდათან ეკარგებოდა. თუმცა, მაინც ჯერ კიდევ, საჭირო კაცი იყო და მისი ლიკვიდაციით, კლანის სიმყარე, საკმაოდ ძლიერად შეირყეოდა. 
კლანთან დაპირისპირება, არც ნათლიას და არც არავის სხვა მის წევრს აწყობდა, ამიტომაც საყვედურებისა და ზედმეტი ჩხუბის გარეშე, ნათლიამ საკმაოდ დინჯად აუხსნა, რომ ასე იყო, თუ ისე, ფიფო მაინც მისი ოჯახის წევრად ითვლებოდა და ნათლულის შვილი, აუცილებლად ცოცხალი და უვნებელი უნდა დაბრუნებულიყო შინ და ამით, ნათლია დაივიწყებდა ამ წყენას. 
ნათლიის ამ სერიოზულ გამოსვლას, ყველა დაეთანხმა და იქეთ უმტკიცეს, ხომ ხედავდი, სხვა გზა არ გვქონდაო. მაშინაც კი არწმუნებდნენ, ბავშვი კარგად და უვნებლად არისო, როცა უკვე, თავადაც აღარაფერი იცოდნენ გამტაცებლების შესახებ. რაც მთავარი იყო, ბავშვის გაუჩინარება, მათთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო და სულაც არ აინტერესებდათ, თუ რა შედეგი მოყვებოდა მერე ამ ამბავს. 
დიმეოს შინ დაბრუნებამ, ნათლია მართლაც უზომოდ გაახარა. გულზე ლოდი მოეხსნა და შვებით ამოისუნთქა. თუმცა ახლა, მას დაუწყეს უნდობლად ყურება. ძნელად იჯერებდნენ, რომ ეს ამხელა ამბავი, ვიღაცის ხელშეწყობით არ ჩაშლილა და ასე კრახით დამთავრდა. მათ შორის, ყველაზე ეჭვმიტანილი კი, ნათლია ჩანდა. 
ამის გამო, ნათლია სახლში ჩაიკეტა, გარეთ აღარ ჩნდებოდა. პენსიაზე გასვლაც უკვე გულით უნდოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, კლანი მაინც არ აძლევდა ამის უფლებას. ჯერ კიდევ სჭირდებოდათ მისი სახელი და ასე ადვილად, არ დაუშვებდნენ, რომ ახლა, ნათლიის თანამდებობა, სხვას დაეკავებინა და ვინ იცის, ვინ იქნებოდა ის სხვა. 
აბა რას იფიქრებდნენ კლანის წევრები, რომ დიმეოს გატაცებიდან მთავარი სარგებლის ჩაშლა, მიმის ბრალი იყო და ამის შესახებ, არც არავის კი არა, მიმისაც კი წარმოდგენა არ ჰქონდა. 
გამტაცებლებმა, დამკვეთი კლანის მითითება, უკუღმა შეასრულეს. გამოსაძალი ფულის ოდენობა, თანდათან უნდა გაეზარდათ. თუმცა არც კი მიუთითეს, თუ რამდენი უნდა ყოფილიყო. ამით კი ისარგებლეს გამტაცებლებმა და ბავშვის ოჯახს, ვითომდა ფიფოსგან ფარულად, მხოლოდ მიმის საშუალებით, კოლოსალური თანხა მოსთხოვეს. ამას, სხვა ახსნაც ჰქონდა და იმ იმედით, რომ ფიფო, ამხელა თანხას ასე უცებაც ვერ გამოვიდოდა, მოლაპარაკებაზე წამოეგებოდა და უფრო ზუსტ, რეალურ თანხას ჩაახუტებდა მათ და თან, არა ერთხელ. 
მაგრამ როცა მიმიმ, ფიფოსგან დამოუკიდებლად, მართლაც ეს უზარმაზარი ფული გადასცა, მერე სულ სხვანაირად შეტრიალდა ყველაფერი. გამტაცებლებს, უკვე რაღაში სჭირდებოდათ, კიდევ ორ-სამჯერ თანხის ოდენობის მომატება, როცა ამ ფულითაც, მშვენივრად შესძლებდნენ ცხოვრებას. არც ის უნდოდათ, რომ დამკვეთებს რამე შეეტყოთ და გადაწყვიტეს, თავად ემოქმედათ, რაც საბოლოოდ, მათი დაღუპვით დამთავრდა და ამ თანხის არსებობის ამბავიც კი, სამარეში წაიღეს. 
კლანის წევრებს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მიმის დიდძალი ფული, უკვე გადახდილი ჰქონდა და ამიტომ ახლა, გამტაცებლებისგან ნიშანს ელოდნენ, თუ როდისღა უნდა ჩარეულიყვნენ თავად და როდის უნდა დაეწყოთ ფიფოსთან მოლაპარაკება. 
დრო გადიოდა, მაგრამ არანაირი ნიშანი, არანაირი შეტყობინება კლანამდე არ მოდიოდა. ახლა თავადაც შეშფოთდნენ და თვითონ დაუწყეს ძებნა, მაგრამ აქ უკვე ფიფომ იმარჯვა, ყველას დაასწრო, თუმცა იმ პერიოდში, სრულიად უშედეგოდ. ფიფომ მხოლოდ, გამტაცებელთა გვამები აღმოაჩინა და არც ბავშვი ჩანდა სადმე. 
კლანში შეშფოთდნენ, დაიბნენ. აღარ იცოდნენ, რა უნდა მოემოქმედებინათ. ფიფო კი გამწარებული იმუქრებოდა და შვილის დაბრუნებას მოითხოვდა. ფაქტიურად, ყველა პირობაზე თანახმა იყო, მხოლოდ არ ამჟღავნებდა ამას. 
კლანმა ითათბირა და დროებით მოცდა ამჯობინა. ისე გაისუსნენ, თითქოს მათი ბრალი, არც არაფერი ყოფილიყო. 
ნათლიაც გაურკვევლობაში იყო. ვერაფერი გაეგო. რადგან კლანის წევრები კი, ჯერ კიდევ იმას უმტკიცებდნენ, რომ ბავშვი საიმედო ხელშიაო, თუმცა თავადაც უკვე, ვეღარაფერი გაეგოთ. 
ფიფოც გაოგნებული ჩანდა, ვერც ბავშვის კვალს მიაკვლია, არც არავინ ერჩოდა და აღარც არავინ არაფერს სთხოვდა. ალბათ, ხელსაყრელ მომენტს ელიანო, ფიქრობდა გულში და კვლავ დაკარგული შვილის ძიებას განაგრძობდა, სანამ ერთ დღესაც, იმ გამოსასყიდთან ერთად, ბავშვი თავად არ მოადგა კარს. 
ყველაფერი ისევ თითქოს, ჩვეული ცხოვრებით გაგრძელდა. გატაცებული დიმეოს დაბრუნებას, ძალიან მალე, ზაფხულის არდადეგებიც მოჰყვა და ფიფოც ცოლ-შვილთან ერთად, გაერიდა იქაურობას. 
მერე შემოდგომაც დადგა. კლანი კვლავაც ჩუმად იყო. მოვლენებს აკვირდებოდნენ. ფიფოს არც ახლა ეხმიანებოდნენ, გაკვრითაც კი არავის დასცდენია სიტყვა და მის ირგვლივ ისე იქცეოდნენ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. 
ოფიციალურად ძიება, დამთავრებული იყო, რადგან ბავშვის გამტაცებლები აღარ იყვნენ ცოცხალნი, არც გამოსასყიდი ფული იყო სადმე ნახსენები, ცოცხლად დარჩენილი, ერთადერთი გატაცების თანამონაწილე, ფიფოს ყოფილი მდივანი გოგოც, უკვე დაჭერილი იყო. სხვა მეტი, არც მომჩივანი და არც ეჭვმიტანილი, არ არსებობდა და ამით, დაიხურა ეს საქმე. 
მიმიმაც ამოისუნთქა. დარწმუნებული იყო, რომ ფიფოს შურისსაძიებელი, აღარავინ დარჩენოდა და ახლა, მშვიდად გრძნობდა თავს. 
მიუხედავად ამ ყველაფერისა, ფიფოს ერთი წუთითაც არ შეუსვენია, ერთხელაც კი არ გაუვლია გულში, რომ ყველაფერი მოგვარდა და კარგად არისო. პირიქით, ახლა უფრო მეტად იყო ჩართული ძიებაში, სულ რაღაცას ქექავდა, სულ რაღაცეების გადამოწმებაში იყო. ელოდა და დარწმუნებული იყო, ადრე თუ გვიან, სულ სხვა, რომელიღაც გზით მაინც მოადგებოდნენ კარს და ამისთვისაც მზად ყოფნაში იყო, მაგრამ ჯერ კიდევ, კვლავ არავინ ჩანდა. სრული სიმშვიდე იყო და ფიფოს, ძალიან არ მოსწონდა ეს. 
- მეგონა, ინფარქტი გაითამაშე. - მშვიდი ხმით დაიწყო ფიფომ. 
ნათლიამ მწყრალად გამოხედა. აღარ შეეპასუხა. 
- ესე იგი, მართლა გინერვიულია, არა? - ფიფოს ხმაში, ცინიზმმა გაჟონა. 
- მომისმინე ფიფო, შენ... 
- რა უნდა მოგისმინო? ან რატომ უნდა მოგისმინო? ვინ ხარ შენ? რა ადამიანი ხარ? რა არაკაცი უნდა იყო ისეთი, რომ უსუსურ ბავშვზე, ხელის გასვრა მოგინდეს?! - ხმას აუწია ფიფომ. 
- არ მინდა თავის მართლება და... 
- და არც არის საჭირო. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - რაში მჭირდება, შენისთანა დამპალი კაცის აღსარება? 
- რაც გინდა ის დამიძახე, მაგრამ მომისმინე, ერთი წამით! 
პასუხად ფიფომ, თავი გააქნია. 
- დიმეოსთან, მართალი ვარ. - დაიწყო ნათლიამ. - თუ გინდა, ნუ დაიჯერებ, მაგრამ ცამდე მართალი ვარ! მისი გატაცების ამბავიც კი შენგან გავიგე და კინაღამ მართლა გადავყევი ამას და იქნებ, მართლაც რომ გადავყოლოდი, მაშინ ხომ ეჭვი აღარ შეგეპარებოდა ჩემს სიმართლეში? 
- აჰამ, და მართალი კაცი ხარ? - ფიფოს ცინიკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე. 
- დიმეოსთან მართალი ვარ! - კვლავ გაიმეორა ნათლიამ. - ცამდე მართალი ვარ, მაგრამ... 
- მაგრამ? 
- ჩემს ზურგს უკან იმოქმედეს. მეგონა ჩემს სიტყვას, ფასი ჰქონდა, მაგრამ თურმე ამაოდ. თანამდებობის დატოვების საშუალებაც კი არ მომცეს! პენსიაზეც კი არ გამიშვეს! 
- და ხვალ რომ გითხრან, კუჭი აიშალეო, ესე იგი, უნდა ჩაისვარო კიდეც?! - დამცინავად გამოხედა ფიფომ. 
- კისრამდე ვარ ისედაც! 
- და მერე, ვისი ბრალია? 
- ჩემი ბრალია და არავის ვაბრალებ. - ნათლიამ ამოიხვნეშა. - ფიფო დააბრუნე ის რაც წაიღე. არ გამოვა სხვანაირად. 
- ვაი. - წარბები ასწია ფიფომ. - უკვე ისევ დამემუქრნენ?
- ჯერ სიმშვიდეა, შენც ხომ ამჩნევ, არა? მაგრამ... 
- რა მაგრამ?! ან რა უნდა დავაბრუნო? ვისთვის უნდა დავაბრუნო? ბავშვების მოსაწამლად და შენნაირი ღორების გასასუქებლად? არა გამოვა ასე, არა! 
- ფიფო, მომისმინე, რაა... 
- ღორებს და ნაძირლებს, არ ვუსმენ! მხოლოდ ადამიანებს ვუსმენ! 
- დააბრუნე და ყველაფერი კარგად იქნება, ყველანი კარგად იქნებიან... 
- შენ, რა? მემუქრები?! - ფიფომ ხმას აუწია. - ახლა კარგად მომისმინე! ჩემს ცოლ-შვილს, ჩემს ნებისიერ ოჯახის წევრს, თუ კიდევ, ოდესმე, ვინმე შეეხება და არც მაინტერესებს, რა ფორმით! აი მაშინვე, ეგ თქვენი თეთრი ფქვილი, მთელ ქალაქს მოეფინება და დაპუდრულ ქუჩებს, ასფალტის მოსარეცხი მანქანები, წყლის ჭავლით ჩარეცხავს და თან ისე და იმ დროს, რომ ქვეყანა დაინახავს ამას! კარგად დაიმახსოვრე ეს! 
- ფიფო, რას ამბობ? ეგ იცი, რამხელა ციფრებია? 
- სულ ფეხებზე მკიდია, თქვენი მათემატიკა! აბა, ერთი გაბედოს ვინმემ და ოდნავ შეეხოს ჩემს ოჯახს, მაშინათვე, ქუჩებში დაიწყება თეთრი წვიმა და არ ვხუმრობ! - კვლავ აუწია ფიფომ ხმას. - და ნუ გგონია, ასე ჩუმად ვიქნები და იმას დაველოდები, რომ რაღაც კიდევ მომიწყონ?! არავის არაფერს ვპატიობ! ყველას ვაზღვევინებ! ყველას სათითაოდ გავწვდები და ბოლოს, შენც მიგაყოლებ! 
- დამშვიდდი ფიფო, რა მოგივიდა? დამშვიდდი. 
- ესე იგი, მშვიდობა გინდათ, არა? მაშინ, ომისთვის მოემზადეთ! 
ფიფო წამოდგა და ისე გაიჯახუნა კარი, რომ დიასახლისსაც კი არ გამოემშვიდობა. 
რაღაც გეგმა ჰქონდა, ჯერ არავის უმხელდა და ისე ჩანდა, თითქოს ყველა წყენა გადაყლაპა და ამას დიმეოს უვნებლად დაბრუნებაც ამტკიცებდა. არავინ ფიქრობდა, ფიფო თუ კვლავ რამეს აპირებდა, ხოლო გადამალულ ნარკოტიკს, რაც შეეხებოდა, ფიფოს ამაზეც ჰქონდა გალეოსთვის პასუხი, მაგის დროც მოვაო და აღარც ის იღებდა ამ თემაზე ხმას. 
რაც შეეხებოდა ჩუკის, პერიოდულად მაინც უწევდა ხოლმე, ხან ბიჟუს და ხან ფიფოს ყოფილი მდივანი გოგოს მონახულება, თუმცა საქმე ბოლომდე იყო უკვე მიყვანილი და განაჩენიც გამოტანილი, მაგრამ ჩუკი თვითონ იმიზეზებდა, რაღაც ფორმალურ, ჯერ კიდევ მოუგვარებელ საქმეებს და ამ მიზნით ადვილად უწევდა მათი ნახვა. 
მსჯავრდებული ქალები კი, ყველაზე თბილი, გულისხმიერი და ყურადღებიანი ადვოკატის დანახვაზე ყურებამდე გაიბადრებოდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ მიმის გამოგზავნილ სასუსნავებს, რომელსაც მიმი, ფიფოს უჩუმრად უგზავნიდა, თუმცა ფიფომ ისედაც იცოდა ყველაფერი და იმიტომ უშლიდა მათთან კონტაქტს, რომ ამბობდა, მაინც საშიში და საფრთხილოა. 
- ოღონდაც ჩემი შვილი დავიბრუნო და ამ ქალებს, ყურადღებას არ მოვაკლებო. - ასე ამბობდა მიმი დიმეოს გამოჩენამდე და მართლაც ასრულებდა ამ პირობას. 
ჩუკი თავის მხრივ, განაგრძობდა ძიებას და როცა კვალმა, ნათლიამდე მიიყვანა, ამით უნებლიეთ ცხადი გახადა, რომ არც ფიფო იყო წყნარად და მშვიდად და ეს ყველაფერი ახლა ნათლიის გარდა, კლანის სხვა წევრებისთვისაც გახდა ცნობილი და ეს უკვე მართლაც, მეტისმეტი იყო. 
სწორედ საკუთარი დაუდევრობის გამო იდგა ახლა ჩუკი სისხლის გუბესთან, ფიფოს დამტვრეული მობილურით ხელში და დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი, მისი „დამსახურება“ იყო, თავისი არასწორი ქმედებით, ასე დაღუპა მეგობარი.
ჩუკის ბევრიც აღარ უფიქრია და გალეოს შეეხმიანა, ფიფო მოიკითხა, რის მერეც პასუხად კი, რამდენიმე საათია ვცდილობ მასთან დაკავშირებასო, ეს მიიღო. 
- სასწრაფოდ მოდი ფიფოსთან! არავის უთხრა. - მიუგო ჩუკიმ და მაშინვე გათიშა მობილური.
LEX. 2021 წლის 19 მაისი, ოთხშაბათ.

No comments:

Post a Comment