Sunday, April 4, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 101)

101. 
- აბა, საიდან უნდა იცნობდე?! - შეუტია ქირურგის ბებიამ, უცნობ მოხუცს და ანდრას, ძლიერად მოუჭირა მკლავი, მკლავზე. - ბავშვი, სულ ორი დღეა, რაც უცხოეთიდან ჩამოფრინდა. - მერე ანდრას, მკაცრი ხმით მიმართა. - წამოდი, წამოდი! დედაშენი რა ხანია გველოდება! 
ანდრა ენა ჩავარდნილი, სულ გაფითრებული მიჰყვებოდა ბებოს. 
- უკან არ გაიხედო და ასე ნუ მოლასლასებ! თუ, ჩემზე ბებერი ხარ? - გაამხნევა ფერ დაკარგული გოგო ბებომ. 
ისე მივიდნენ სახლამდე, რომ არც ერთს, ხმა არ ამოუღია. ანდრას კი მთელი გზა, იმის შეგრძნება ჰქონდა, რომ უკან ვიღაც აედევნათ და სახლამდეც ფეხდაფეხ სდია. სახლშიც არა ნაკლებ შეშინებული და დამფრთხალი ჩანდა. 
 - რამ შეგაშინა? - შეუტია ბებომ. - აბა, მოდი აქ დამიჯექი და ბარემ ბოლომდე მომიყევი, ის რაც გულს ასე გიჭამს. 
ანდრა ფერ მიხდილი ჩამოჯდა. დანა პირს არ უხსნიდა. 
- გინდა, ფიფოს დავურეკო და მოსვლა ვთხოვო? 
- არა! - შეჰყვირა ანდრამ. - მე ყველაფერი ვთქვი, რაც... - ანდრა გაჩუმდა და ბებოს, მალულად შეავლო თვალი. 
ბებომ აღარაფერი უპასუხა. მიხვდა, რომ ასე ზედმეტად დაძალებით, ისედაც დამფრთხალი და შეშინებული გოგონა, უფრო მეტად ჩაიკეტებოდა. 
ქირურგი მორიგე იყო. დილამდე არ მოვიდოდა. საღამომ ჩვეულებრივ ჩაიარა, არც ერთს ხმა არ ამოუღია. ბებო სერიალებს ჩაუჯდა, ანდრა კი მესიჯებს, ვაჩეს სწავლაში წარმატებები უსურვა და მერე მთელი ღამე, თეთრად გაათენა. უთენია კი, ქირურგის მოსვლამდე, ბებია დაადგა თავს. 
- ახლა ადგები, გაიპრანჭები და წამომყვები ჯერ მარკეტში და მერე, მაღაზიაშიც მინდა გავლა, ხომ არ გავიწყდება, რომ ბებერი ვარ, ძლივს დავდივარ და შენი დახმარების გარეშე, ვერაფერს შევიძენ. 
- გამოვიძახოთ. - შესთავაზა ანდრამ. 
- გამოვიძახოთ? - კი ეგეც შეიძლება, მაგრამ ის გუშინდელი ფეხსაცმელი, საშინლად მიჭერდა, ახალი მინდა. - ბებო შებრუნდა და უკან არ მოუხედავს, ისე დაუმატა. - არც გაიფიქრო, რომ ამ ბებრუხანას, რად უნდა ახალი ფეხსაცმელიო. 
- არა, არა. - გაეცინა ანდრას. 
- მიჭერს და რა ვქნა? - მოუბრუნდა ბებო. - ეკლესიაში, ამ ოთახის ფაჩუჩებით, ხომ ვერ ვივლი? 
- კარგი, წავიდეთ და ვიყიდოთ. - დაეთანხმა ანდრა. 
- შენ, ისევ კედები მოგწონს? არ გინდა ლამაზი, ქუსლიანი ფეხსაცმელი? 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ანდრამ. - ისედაც რამდენ რამეს მიკეთებთ, არაფერი მაკლია და... 
- და რა? ზედმეტი ხარჯია? 
ანდრა უხერხულად შეიშმუშნა. 
- ერთი გამაგებინე. - განაგრძო ბებიამ. - შენ ამ ოჯახის შვილი ხარ, თუ არა?
ანდრამ წყლიანი თვალები შეანათა. 
- ჰოდა, თუ ხარ, უნდა იყო! ლამაზი ფეხსაცმელი, ქალს ყველა ასაკში სჭირდება. 
- მე კედები მირჩევნია. - გაუღიმა ანდრამ. 
- სამი თვის პენსია მაქვს გადანახული, კედებსაც გიყიდი, მაგრამ ჯერ მიმის დაურეკე, შეეცადე აქ მოიყვანო, დანარჩენი ჩემზე იყოს. 
- შენ ყველაზე საუკეთესო ბებო ხარ, მთელს მსოფლიოში! - ანდრა წამოფრინდა და ბებოს ტირილით ჩაეკრო. 
- ჰოდა, მსოფლიო დონის ბებო, რასაც გეტყვის, ყველაფერი უნდა დაუჯერო. - მიეალერსა მოხუცი. - ვისაუზმოთ? 
- მე გავამზადებ. - ანდრამ ღიმილით მოიწმინდა ცრემლები და გულზეც მოეშვა. 
ანდრამ ბებოს თხოვნით, მიმი მიიპატიჟა და ისიც დღის მეორე ნახევრისთვის უკვე იქ იყო და ისმენდა ბებოს მონაყოლს. თუმცა, ბევრი ვერც ვერაფერი ინფორმაცია იყო. ჩანდა, ანდრამ კიდევ რაღაც იცოდა და ვერც ბებოს გაანდო და ისევ მიმის თხოვნით, ფიფოს თუ გაუმხელდა და ეს უკვე, მიმიმ ითავა. 
ფიფოს მართლაც უამრავი საქმე ჰქონდა. ანდრა კი ისე იყო დამფრთხალი, რომ ვერც სამინისტროს მისაღებში გაჩერდებოდა და ვერც ფიფოს კაბინეტში მოყვებოდა მშვიდად. ამიტომ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ისევ სახლში, მშვიდ გარემოში, მიმის თანდასწრებით, უფრო თავისუფლად ისაუბრებდა. ახლა მთავარი იყო, სასურველი დროის შერჩევა, როცა ფიფო შედარებით ადრე შესძლებდა სახლში მისვლას. 
ფიფომ ჯერ არაფერი იცოდა. ანდრას დიდი თხოვნითა და მუდარით, მიმიმ წინასწარ არაფერი გაუმხილა. ანდრა ფრთხილობდა, ფიფო ყველაფერს გალეოს მოუყვებაო და აღარ უნდოდა ზედმეტად კიდევ სხვა დეტექტივის ჩარევა. 
ბოლო პერიოდის, პირადი პრობლემების ფონზე, ფიფო ახლა შედარებით უკეთ გრძნობდა თავს. მთლიანად გადაეშვა სამსახურის საქმეებში და სანერვიულოდ აღარ ეცალა. ყველაფერი ისედაც გარკვეული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა როგორც იქნა, დიმეოს მობილურიდან წაშლილი ფოტოები ამოაღებინა, აი სწორედ მაშინ მიხვდა, თუ ვინ უთხრიდა ძირს.
თავიდან, საშინლად განრისხდა და გულის მოსაოხებლად, ისევ ქირურგთან გაიქცა. მეგობართან გასაუბრებამ, უფრო დაამშვიდა და ახლა, ირონიით უყურებდა, თავისი ყოფილი სატრფოს ხრიკებს. 
- ჩემი ნათლულიც, როგორი გამჭრიახი ყოფილა. - ეცინებოდა ქირურგს. - მაინც როგორ მოაფიქრდა, ასეთ პატარა ბავშვს, რომ უჩუმრად გადაეღო ფოტოები. 
- თან სხვა მხრიდანაც რომ მოუარა, ამაზე უფრო მეცინება. - აღნიშნა ფიფომ. 
- ესე იგი, ეს ერთი, იმ ქალს ჰგავს, მიმიმ რომ აღწერა და ის მეორე კი, შენი სატრფოა. 
- სატრფო და ჯანდაბა მაგას! - შეიკურთხა ფიფომ.
- და შენს ბედზე კი, პირბადის მაგივრად, დამცავი ფარი რომ უკეთიათ. - ეცინებოდა ქირურგს. 
- აბაა. - გაეცინა ფიფოსაც. 
- ჰოდა ახლა, რადგან ასე ბედმა ბოლომდე გაგიღიმა, მიხედე შენს ოჯახს, მიმი არ იმსახურებს ღალატს და მით უმეტეს, ასეთ შანტაჟს. 
- არა, არა! რას ამბობ! - ხელები ასწია ფიფომ. - მორჩა უკვე! ისედაც მორჩენილი იყო, მაგრამ მაინც გამომაბა კუდი და ახლა, ბევრად უფრო ფრთხილად ვიქნები. 
- რას ჰქვია, ფრთხილად? - საყვედურით ჩაეკითხა ქირურგი. 
- არა, ღალატი არც მიგულისხმია, უბრალოდ აღარავის ვენდობი, ასე საეჭვოდ. 
- და არც ამ საქმის გარჩევა გინდა. 
- ჰო, მეც მასე ვფიქრობ. - კვერი დაუკრა ფიფომ. - არა, ისე მაინც, როგორ ოსტატურად მოაწყო ყველაფერი? ჭურჭელიც მილეწ-მოლეწა, სახლიც გადააბრუნა და თავშიც თვითონ ჩაირტყა! 
- ან იმ დაქალს აცემინა თავი. - ჩაურთო ქირურგმა. - უფრო მეტი ეფექტისთვის. 
- არც ეგაა გამორიცხული. 
- ისე, მაინც საკუთარ თავს, რას ერჩოდა? 
- მთავარი მიზანი, ჩემი ოჯახის დანგრევა იყო, ისე რომ თვითონ სუფთად გამოსულიყო და მერე ეთქვა, აი, ხომ ხედავ, შენი გულისთვის, რა დღეშიც ვარო. 
- ჰმ. - თავი გააქნია ქირურგმა. - მიმი გადაირეოდა, გაგშორდებოდა და შენ, ასე დაჩაგრულ და ნაცემ ქალს გულს მოულბობდი და მიუალერსებდი, მერე კი... 
- მიმი, არც იმდენად სულელია. - შეაწყვეტინა ფიფომ. - არც იმდენად, კი არა საკმაოდ ჭკვიანი გოგოა!
- გეთანხმები. 
- მაშინვე მიხვდა, რაღაც ისე ვერ იყო საქმე და იმაშიც გამოიჭირა, რომ ის ქალი, ვინც სახლში მოგვადგა, არც კი მიცნობდა პირადად, ჩემს საყვარლობას რომ იბრალებდა.
- ჰა, ჰა. - გაეცინა ქირურგს. - მიმი გენიოსია. 
- ჰოდა, დღეს ჩემთან, ჩემი ოჯახის გადარჩენის აღვნიშნოთ. 
- დღეს მორიგე ვარ. 
- მაშინ, ხვალ. 
- იყოს ხვალ. - კვერი დაუკრა ქირურგმა. 
ეს ხვალ, სწორედ ის მეორე დღე იყო, როცა მიმისთან შეთანხმებით, ანდრა უნდა მისულიყო სტუმრად და როდესაც ქირურგმა სახლში გამოაცხადა, ამ საღამოს, ფიფოსთან მივდივარო, ანდრა შეცბა, მალულად ბებოს გახედა. 
- რა აუცილებელია, დღეს ფიფოსთან სტუმრობა? - ჰკითხა ქირურგს ბებიამ.
- მოგვენატრა ერთად ჩასხდომა და რა იყო? - უპასუხა ქირურგმა. - გინდოდათ რამე? ანდრა, შენ რა სახე გაქვს? მოხდა რამე და არ ვიცი? 
- არა, არაფერი. - უხალისოდ გააქნია თავი ანდრამ.
- ნუ, არ სცალია იმ ბიჭს, მართლა თავდაუზოგავად მეცადინეობს. - დაუყვავა ქირურგმა. ალბათ იფიქრა, თუ ვაჩეს გამოა გოგო, ასე მოწყენილიო. - სამაგიეროდ, ჩემს ხელობას გააგრძელებს. 
- და კიდევ ერთი ქირურგი გვეყოლება სახლში. - დაურთო ბებიამ. 
- ეგ ჯერ ადრეა. - მიუგო ქირურგმა. - ჯერ ანდრამაც უნდა ისწავლოს და მერე ვნახოთ. 
- ბებო იქნებ, გადავდო დღეს მიმისთან სტუმრობა? - უთხრა ანდრამ, როგორც კი ქირურგი წავიდა და მარტონი დარჩნენ. 
- დაურეკე მიმის და უთხარი, რომ ხვალ მიხვალ.

 *** 
დილიდან ფიფო, მშვენიერ ხასიათზე იდგა. წინა საღამოს, ქირურგთან ერთად, „ოჯახის გადარჩენა“ აღნიშნა და ცოტა ბახუსიც კი აწუხებდა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ წინა პრობლემებთან შედარებით და ახლა თავს, ბევრად უფრო მხნედ გრძნობდა. 
ერთი პერიოდი კი იფიქრა, ყველაფერზე პასუხს მოვთხოვო, მაგრამ მერე ქირურგის რჩევას დასჯერდა და საერთოდ გადაიფიქრა. მის სიახლოვეს, გავლაც კი აღარ უნდოდა. ახლა უფრო მეტი სითბო და სიყვარული გაუჩნდა ოჯახის მიმართ და მის მერე, რაც მიმიმ მისკენ, სიყვარულით სავსე ნაბიჯი გადმოდგა, უფრო მეტად შეიყვარა, ვიდრე ოდესმე უყვარდა. 
„რაღაცით მინდა მიმი გავახარო.“ 
ფიქრობდა ფიფო. 
„ოქროთი და ბრილიანტებით, მიმის მაინც ვერ მოვხიბლავ, ვერც ტანისამოსს შევურჩევ, თანაც ისეთს, რომ თან მოერგოს, უხდებოდეს და მართლაც მოეწონოს და არა ისე, ზრდილობის გამო რომ ჩაიცვას და გამოეწყოს.“ 
- ყვავილებიც, რაღაც ბანალურია. - ჩაილაპარაკა ფიფომ თავისთვის და მობილურს დასწვდა. 
დიმეომ მაშინვე გააგონა. 
- მამ, ოთახში მარტო ხარ? - ჰკითხა ფიფომ. 
- კი, ვმეცადინეობ. 
- თუ თამაშობ? - გაეცინა ფიფოს. 
- არა, მართლა ვმეცადინეობ. - ცოტა გაბუტული ხმით მიუგო ბავშვმა. 
- კარგი და შენი დახმარება მჭირდება. - უთხრა ფიფომ. - როგორც კაცი კაცს, ისე მინდა გკითხო, ჩვენს დედიკოს, რა გაუხარდებოდა ახლა საჩუქრად? 
- ახლა? 
- ნუ, ჰო! ამ საღამოს. 
- არ ვიცი. 
- ჰაჰ! - გაეცინა ფიფოს. 
- იცი, მამ. სახლის ქვემოთ, ერთი მოხუცი კაცი დგას და მოკრეფილ ყვავილებს ყიდის. 
- მოკრეფილი ყვავილები, როგორია? - გაეცინა ფიფოს. 
- აი, მინდორში რომ დაკრეფენ. 
- ოო, ახლა გასაგებია. - გაეღიმა ფიფოს. - და შენ რა იცი, რომ დედას ის ყვავილები მოეწონება? 
- დედიკოს ეცოდება მასეთი ადამიანები, ვინც მოკრეფილ ყვავილებს ყიდის ქუჩაში. ხშირად ვყიდულობთ. 
- მართლა? 
- ჰო! სულ მთლიანად ვყიდულობთ რაც აქვს. 
- ჰოო? - გაუკვირდა ფიფოს. - მე რომ არ შემიმჩნევია ამდენი მინდვრის ყვავილი სახლში. 
- იმიტომ რომ უფასო სასადილოს მოსართავად მიგვაქვს. - უპასუხა დიმეომ. 
- აჰა, ახლა გასაგებია. 
- მაგრამ სანამ შენ მოხვალ, ის კაცი აქ, აღარ დაგელოდება. 
- ეგ არაფერი, აქვე ახლო-მახლოც იდგება ვინმე და მისგან ვიყიდი! ან სულაც, მძღოლს გავაგზავნი, დაივლის ქალაქს და ბევრ, უამრავ თაიგულს შევაგროვებთ! 
გათიშა თუ არა ფიფომ ტელეფონი, მაშინვე ისევ აწკრიალდა. მიმი ურეკავდა და საღამოს, ცოტათი ადრე მისვლას სთხოვდა. 
- ხომ მშვიდობაა? - იკითხა ფიფომ. 
- კი, კი. - უპასუხა მიმიმ. - უბრალოდ, რაღაცაში მჭირდება შენი დახმარება და ასე ტელეფონით, ვერ აგიხსნი, შენი კონსულტაციაა საჭირო. 
- ჰოო? და რა ხდება? - არ მოეშვა ფიფო. 
- ერთ ჩემს მეგობარს, შენი დახმარება უნდა, საბუთებს თუ გადახედავ და რჩევას მისცემ. - მიმი შეყოვნდა. - ასე სატელეფონოდ, ვერ აგიხსნი იმდენი დოკუმენტია, უბრალოდ შეეცადე, ცოტა ადრე მოხვიდე. 
მიმი მეგობარში, ანდრას გულისხმობდა, თუმცა მისი თხოვნით, ფიფოს წინასწარ არაფერი უთხრა. 
- ისე თუ დღეს არ გცალია და ვერ მოხვალ ადრე, მითხარი და მაშინ სხვა დროს დავიბარებ. 
- არა, არა! მოვალ, მოვალ. - მიუგო ფიფომ. - აუცილებლად მოვალ ადრე. 
ფიფო კმაყოფილი სახით გადაწვა სავარძელში. ცოტა კონიაკის მოწრუპვაც ესიამოვნა, მერე სიგარეტს მოუკიდა, ხარბად მოქაჩა და კვამლი ისე ამოუშვა, რომ თითქოს, მთელი დარდიც მას ამოაყოლა. 
წამით რაღაც, სიხარულმაც დაურბინა ტანში, რაღაც ბედნიერების შეგრძნებაც დაეუფლა. რაღაცის მოლოდინში იყო. რას ელოდა, ან ვის? 
არც არავის, ისე უბრალოდ, თავი მშვიდად და ლაღად იგრძნო. მერე მდივანმა მოახსენა, გელოდებიანო. 
- ზუსტად ორ წუთში, შემოუშვი! - მიუგო ფიფომ. ფეხები მაგიდიდან ჩამოიღო. სავარძელში გასწორდა. კონიაკიანი ჭიქა, საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში შემალა და სტუმრის შემოსვლას დაელოდა. 
და როცა, კაბინეტის კარი გაიღო და ფიფომ ზღურბლზე, მისი აწ უკვე ყოფილი სატრფო შეიცნო, სახეზე სისხლი მოაწვა, თვალები ავად აუკიაფდა. თუმცა, წამსვე მოთოკა, გულს მოწოლილი ბოღმა და ჩვეული, მდარე ღიმილით დაუკრა თავი, შემოდიო. 
- მოკლედ, არ ვიცი, რაა? - თავი გააქნია ფიფომ. - ჩემი მდივანი გავაფრთხილო, რომ შენ აღარ შემოგიშვას, თუ საშვი აღარ დავაშვებინო შენზე საერთოდ? 
- რა გინდა, ფიფო? - ნაწყენი ხმით მიმართა ქალმა. - გახსოვს? ეს საშვიც შენ მომეცი, განუსაზღვრელი ვადით. 
- კი, მახსოვს. - კვერი დაუკრა ფიფომ. - და ისიც კარგად მახსოვს, თუ როგორ გამომტყუე, მაგრამ ჩემი თხოვნა, რატომ აღარ გახსოვს? 
ქალმა არაფერი უპასუხა. 
- ხომ გთხოვე, რომ აქ, აღარ უნდა მოსულიყავი? - განგრძო ფიფომ. 
- აბა, შენ აღარ მოდიხარ. ტელეფონზეც კი არ მპასუხობ. - აწუწუნდა ქალი. - ხომ შემპირდი, მოვალო და აღარ დაადგა ამ შენს მოსვლას საშველი.
- ნუ, არ მცალია. - ფიფო თავის მართლებას შეეცადა. 
ძლივს იკავებდა თავს, რომ არ ეთქვა, ყველაფერი ვიცი შენი ხრიკებისო, მაგრამ ქირურგის რჩევა გაითვალისწინა და ამ თემაზე, ხმაც არ ამოიღო. თავს იმით იმშვიდებდა, რომ იმ ნაგირავებ ბინას, მალე გაუვიდოდა ყავლი და შეხვედრის ადგილის უქონლობის გამო, უფრო ადვილად ჩამოიშორებდა ქალს. 
- მომიკითხე მაინც! - არ შეეპუა ქალი. - იქნებ, მოვკვდი! 
- არა, მაგას აუცილებლად გავიგებდი. - სიცილით მიმართა ფიფომ. - შენ ისეთ ანდერძს დატოვებდი, რომ უეჭველი შემატყობინებდნენ. 
- სასაცილოდ, სულაც არ გაქვს საქმე. - შეუტია ქალმა. 
- ჰოო? - გაიკრიჭა ფიფო და მაშინვე სერიოზული სახე მიიღო. - არა, ისე მართლაც, რა მაცინებს? 
- აი, რასაც ახლა გეტყვი, დარწმუნებული ვარ, სულაც არ გაგეცინება. - თითქოს რაღაც, ნიშნის მოგებით მიახალა ქალმა და გაჩუმდა. 
- გისმენ, მთელი სერიოზულობით. - მიუგო ფიფომ. 
- და არც გაგიხარდება, ამაშიც ძალიან დარწმუნებული ვარ. 
- ჰოო? - ფიფო კვლავ სერიოზული სახით მიაჩერდა. 
- დიახ! 
- აბა ბარემ, მითხარი მაშინ, იქნება და ბოლომდე გამისკდეს გული. 
- ფეხმძიმედ ვარ. 

 *** 
- რა გჭირს, შვილო? - დედამ ნაღვლიანი მზერა მიაპყრო ფიფოს. - რაღაც, უხალისოდ ჭამ. არა, ჭამ კი არა, ისე გამეტებით ჯიჯგნი ხორცს, რომ თითქოს, რამე დაგიშავა. 
- დაღლილი ვარ. - წაიბურტყუნა ფიფომ და პირი მოიწმინდა. 
- დაანებე ქალო თავი. - შეუფუცხუნა მამამ დედას. - ვერ ხედავ? ბავშვმა ჭამას თავი ანება. 
- ჰმ. ბავშვმა. - ფიფომ თავი გააქნია. 
- ასი წლისაც რომ იყო, ჩემთვის მაინც ბავშვი იქნები. - ჩაეღიმა მამას. - ჩემი ბავშვი. 
- ჭამე, შვილო, ჭამე. - მიესიყვარულა დედა. 
- აღარ მინდა. - მშრალი ხმით უპასუხა ფიფომ. - მართლაც, უაზროდ ვღეჭავდი, არც კი მშიოდა. 
- მოხდა რამე? - დაბალი ხმით შეაპარა დედამ. 
- სულ რაღაც არ ხდება? - ჩაილაპარაკა ფიფომ.
ფიფო საშინელ ხასიათზე იყო. სახლში მისვლა არ უნდოდა, მიმიმ არაფერი შემამჩნიოსო ჯერ, დედასთან შეიარა. რაღაც მომენტში, იქ დარჩენაც კი გადაწყვიტა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და კვლავ სახლისკენ აიღო გეზი, თუმცა გზაშივე შეცვალა გადაწყვეტილება და ქირურგს სახლში ესტუმრა. 
ქირურგი ჩვეულებისამებრ, თბილად შეხვდა მეგობარს. თუმცა ფიფოს, ცოტა არ იყოს ეუცნაურა, მის დანახვაზე ბებიას რეაქცია. 
- ფიფო, შენ აქეთ გვესტუმრე? - ვერ დაფარა მოხუცმა ემოცია. გულში კი გაივლო, ანდრა მის მისვლას უცდისო და ეს კი, აქ რატომ მოვიდაო.
„ნეტავ, რაშია საქმე? 
ხომ მშვიდობაა?“ 
ათასმა აზრმა გაუელვა ბებოს თავში, განსაკუთრებით მის მერე, რაც ქირურგთან ერთად, კაბინეტში შეიკეტნენ და ისიც კი შეამჩნია, ფიფოს შემოსვლისთანავე, ფერი რომ არ ედო სახეზე. 
- რა ხდება, აბა მითხარი. - ქირურგმა ბრენდი ჩამოასხა. 
ფიფომ თავი გააქნია, ჭიქას დასწვდა და სულ მოუთქმელად გადაჰკრა. 
- ფრთხილად, ბევრი არ მოგივიდეს. - ქირურგმა ხუმრობა სცადა. 
- იმ ერთ საათში, ისე ღორივით გავილეშე! - ფიფომ ჯიბეები მოიქექა და სიგარეტი მოიძია. - თან არაფერი მახსოვს! - ფიფო შეყოვნდა, სიგარეტს მოუკიდა. - ისიც კი არ მახსოვს, რომ თურმე, სექსიც მქონია! 
- ჰმ. - ქირურგი სავარძლის ზურგს მიეყრდნო და ფიფოს გამომცდელად შეხედა. 
ფიფო გაიტრუნა, თითქოს მიუხვდა კიდევაც, რაც გაიფიქრა მეგობარმა. 
- და ახლა, ორსულად ვარო? - ჩაეკითხა ქირურგი.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი. 
- მდაა. - ამოიხვნეშა ქირურგმა. 
- ასე როგორ ვერ დავლაგდი ცხოვრებაში? - თავი გააქნია ფიფომ. - ხან ერთი, ხან მეორე პრობლემა არ მშორდება და სულ ოჯახს ურტყამს. როგორ აღარ დამთავრდა?! 
- ფიფო, შენც ხომ კარგად იცი, რომ ეს ყველაფერი, წარსულიდან მოდის. ძველი შეცდომებიდან გადმოდის. ახალი ისეთი არაფერი დაწყებულა, რასაც ძველი კუდი არ მოსდევს. 
- ჰო, რაა. - კვერი დაუკრა ფიფომ. 
- ამიტომაც არის, ძველებს ტყუილად კი არ უთქვამთ, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. 
- და რით ვეღარ მოიმკა მერე?! - ფიფომ ბრაზისგან კოპები შეკრა. 
ქირურგს გაეცინა. 
- ვივახშმოთ? - შესთავაზა ქირურგმა. 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - არც ჭამის თავი მაქვს და არც სურვილი და საერთოდ რომ ვსუნთქავ, არ გიკვირს? 
- ჰოდა, რომ ისუნთქო, უნდა იარსებო და რომ იარსებო, საკვებიც საჭიროა! დაიცა, აბა ბებოს გავძახო და აქვე გავშლით სუფრას. - ქირურგი წამოდგა. 
- ნუ აწუხებ, იმ ქალს. - ფიფო უხერხულად აიწურა, თუმცა ორი სამი ჭიქის მერე, კუჭიც აუწრიალდა. 
ქირურგის დაძახილზე, მოხუცი ამაყად შემოვიდა და ფიფოს დანახვაზე, აშკარად გამომეტყველება შეეცვალა. თუმცა, ყველაზე გაკვირვებული სახე მაშინ მიეცა, როცა ქირურგმა, სტუმრისთვის ვახშმის სამზადისში დახმარება სთხოვა. 
- ფიფო, შენც აქ ივახშმებ? - ცოტა არ იყოს, ბებოს ხმაში უკმაყოფილებამ გაჟონა. 
- ჰო, აქ ვივახშმებთ რა. - მიუბრუნდა ქირურგი. 
- ნუ, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ქალმა. 
- რა იყო? - ჩაეკითხა ქირურგი. - სასადილო ოთახში გამოვიდეთ? კარგი, გამოვალთ. 
- აქ გინდათ, ვახშმობა? - უკმაყოფილოდ იკითხა ბებომ. 
- გამოვალთ იქეთ. - წამოდგა ფიფოც. 
ვერც ფიფო და ვერც ქირურგი ვერ მიმხვდარიყო, თუ რატომ ჰქონდა ასეთი შეწუხებული და უკმაყოფილო სახე მოხუცს, მხოლოდ ის იფიქრეს, რომ ალბათ, უკვე სასადილო ოთახში გაშალა სუფრაო და აქ გადმოტანას, იქეთ გვეპატიჟებაო, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. არანაირი სუფრა არ დახვდათ გაშლილი. 
ქირურგმა ირონიულად გააქნია თავი, იფიქრა თუ მოხუცმა აურია, მაინც ასაკშიაო და ბებოს რომ არ სწყენოდა, ღიმილით დაიწყო: 
- ახლა მე და ფიფო ვივახშმებთ და ბებოც შემოგვიერთდება. 
- აქ ივახშმებთ? - კვლავ იკითხა ბებომ. - მეგონა, შენც ფიფოსთან მიდიოდი. 
- შენც მიდიოდი, რას ნიშნავს? - წარბები აზიდა ქირურგმა. 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მოხუცმა. - მეგონა ფიფოს, სახლში მიეჩქარებოდა. 
ფიფომ ძლივს დაფარა ღიმილი. 
- რა იყო, ბები? - უკვე წყენით მიმართა შვილიშვილმა. - სტუმრის მიღება, აღარ გვინდა ოჯახში? თუ რა ხდება? 
- ვიფიქრე, რომ... - ქალი გაჩუმდა. 
- რა იფიქრე? - არ მოეშვა ქირურგი. 
- ვიფიქრე, რომ ფიფოს სახლში, სტუმრები ჰყავდა და ახლა, იქ უნდა ყოფილიყო და არა, აქ. - მერე ფიფოსკენ მობრუნდა. - არა? სახლში არ გელოდებიან? 
ფიფო უხერხულად აიწურა. 
- ბებო, რა გჭირს? - შეუტია ქირურგმა. 
- ისე, ჰო... - ცოტა დაბნეული ხმით დაიწყო ფიფომ. - სხვა დროს მოვალ, მიმის მეგობარი მელოდება. 
- ჰო. - მიუგო ბებიამ. - ანდრა გელოდება. პირადად შენთან აქვს საქმე. 
LEX. 2021 წლის 12 მარტი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment