102.
ანდრას უკვე მოუთმენლობა დაეტყო. ფიფო არსად ჩანდა და არც მიმის ზარს პასუხობდა.
- მალე კომენდანტის საათი დაიწყება, იქნებ სხვა დროს მოვიდე?
- და მერე, რა? - ღიმილით მიუგო მიმიმ. - ჩვენთან დარჩები, რა? ერთ ღამეს ვეღარ გაგათევინებთ? თუ ადგილი არ გვეყოფა?
- რა ვიცი? - ნაღვლიანად აღმოხდა ანდრას. - და შეიძლება, რომ ამაღამ საერთოდ არ მოვიდეს?
- შეიძლება და ასე არა ერთხელ ყოფილა. ხან გვიან მოდის, ხან საერთოდაც არ მოდის, ხანაც რეკავს და ხანაც კი ტელეფონსაც არ პასუხობს. მე კი უკვე დიდი ხანია შეგუებული ვარ, რას ვიზამთ? ასეთი სამსახური აქვს. - ეღიმებოდა მიმის, მაგრამ გულში უკვე საშინლად ბრაზობდა.
„ხომ ვთხოვე, რომ ცოტა ადრე მოსულიყო. იქნებ, რა საქმე მქონდა?
და ადრე კი არადა პირიქით, უფრო დააგვიანა და ტელეფონსაც კი არ იღებს.“
- აბა ერთს კიდევ ვცდი. - მიმიმ მობილური მოიმარჯვა. - საერთოდ როცა არ იღებს ხოლმე, სწორედ მაშინ თათბირზეა და მობილურს მაგიდის უჯრაში ტოვებს, თუმცა არ თიშავს.
ამჯერად ფიფომ გააგონა.
- კარს თუ გაგვიღებ, შემოვალთ. - უპასუხა ფიფომ და ტელეფონი გათიშა.
- მოვიდა! - მიმი კარის გასაღებად წავიდა.
ანდრას გულზე მოეშვა, როგორც იქნაო იფიქრა, მაგრამ ფიფოს წინ, ზღურბლზე რომ ჯერ ქირურგი შენიშნა, დაფრთხა, გული შეუქანდა და გაფითრებული სახე აარიდა.
- რა ხდება ანდრა? - ქირურგი ისეთი შეცბუნებული სახით შეიჭრა სახლში, რომ მიმის წესიერად არც მიესალმა.
- არაფერიც არ ხდება. - მშვიდად მიუგო მიმიმ. - უბრალოდ ანდრას რაღაც გაახსენდა და სურს რომ ფიფოს მოუყვეს, თქვენ კი რა სახეები გაქვთ?
- უჰ. - გულზე მოეშვა ქირურგს. - ათასი რამ გავიფიქრე.
- და რა მოხდა, მერე? - არ იხევდა მიმი უკან. - არ შეიძლება ბავშვი ისე მესტუმროს?
- შეიძლება, მაგრამ ახლა უკვე გვიანია და სტუმრობა სხვა დროისთვის უნდა გადავდოთ. - მიუგო ქირურგმა. - თანაც მალე კომენდანტის საათი დაიწყება.
- და მერე, რა? - მიმის მსგავსად უპასუხა ფიფომ. - ჩვენთან დაგტოვებთ.
- და იქნებ, აცადოთ ამ ბავშვს? - ჩაურთო მიმიმ. - იქნებადა, რა გაახსენდა?
- მოკლედ ასე. - დაიწყო ფიფომ. - გოგონები მიმის საძინებელში დაიძინებენ, მე და ქირურგი ჩემთან და ახლა არ დამიწყოთ, ეს ორი საძინებელი რატომ გაქვთო.
- ფიფოს ხვრინვა ქალაქში ცნობილი ფაქტია. - სიცილით ჩაურთო მიმიმ. - თანაც მე ჩემი გარდერობი მინდა, ჩემი ტუალეტის მაგიდა, ჩემი ჯაკუზი. უჰ იმდენი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, რისთვისაც ღირს ცალკე ოთახიც რომ გქონდეს.
- და თუ კი არის, მაგის საშუალება რატომაც არა? - დაურთო ქირურგმა.
- თავისთავად. - მიუგო ფიფომ ღიმილით. - მაგრამ მგონი, აქ ახლა ამისთვის სულაც არ შევკრებილვართ, რომ ჩვენი სახლის ინტერიერი განვიხილოთ, ასე არ არის, ანდრა?
- დიახ. - დაბალი ხმით უპასუხა ანდრამ.
- მერე მოგვიყევი, რაღას უცდი? მიმიც თან რამე-რუმეებს შემოგვაშველებს.
ანდრა მოყოლა დაიწყო, თუ როგორ აკვირდებოდა ერთი მოხუცი ქალი ჯერ ტაძარში და მერე როგორ დახვდა ეკლესიის ეზოს კართან და ისიც უთხრა გიცანიო.
- და შენ რატომ შეგეშინდა? - ჩაეკითხა ფიფო. - იქნებ, ბებიაშენი ეცნო?
ანდრამ მალულად მიმისკენ გააპარა მზერა.
- უთხარი ბარემ. - გაამხნევა მიმიმ. - და შენც მოისვენებ...
- მოიცა მიმი. - შეაჩერა ფიფომ. - დიმეო, სად არის?
- თავის საძინებელშია, თან ფილმს უყურებს და თან, ჩაიძინებს.
- მიდი, აბა გისმენთ. - ახლა ანდრას მიუბრუნდა ფიფო. - ესე იგი, გიცანითო, არა? და შენ, თუ ბებო?
- იქნებ, მართლაც ბებიაჩემი იცნო და არა, ანდრა? - ჩაერია ქირურგი. - მით უმეტეს, თუ კი მისი ასაკისას ჰგავდა.
- მეც ვიცანი ის ქალი. - წაიჩურჩულა ანდრამ და გაჩუმდა.
- მომისმინე გოგონი. - ცოტა არ იყოს, მკაცრი ხმით მიმართა ფიფომ. - მე არ ვიცი, შენ რა ჩაიდინე მაშინ, ან თუნდაც ახლა და რის დაფარვას ცდილობ, მაგრამ აქ შენს განსასჯელად და დასატუქსად ნამდვილად არ შევკრებილვართ. პირიქით! შენი დახმარება გვინდა! რანაირ შარში, თუ სიტუაციაში არ გქონდეს გაყოფილი ეგ შენი ჩურჩუტი თავი და რადგან შენ უკვე ჩვენიანი ხარ, ერთად უნდა მოვაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა და ჩემიანად რომ არ გთვლიდე, ახლა შენც იმ დანარჩენი გოგონებივით იქნებოდი გადანაწილებული თავშესაფრებსა თუ ბავშვთა სახლებში.
ანდრა უხერხულად აიწურა.
- საერთოდ, ბავშვთა სახლის მსგავსად, არც ის თავშესაფარი უქნია ღმერთს, მაგრამ ახლა, ყველა იქაური პერსონალი, საკმაოდ ძლიერად არის დაშინებული და კონტროლზეა აყვანილი, ასე რომ ბავშვებს, ასე ადვილად ვერაფერს დაუშავებენ. შენ მაგაზე, არ იდარდო, რომ ისინი იქ, ძალიან ცუდად არიან. წინა ყოფისგან განსხვავებით, იქ არც არავინ აძალებთ ვინმეს მონა იყოს და მოემსახუროს, არც ნარკოტიკს აჩვევენ, თუმცა შენ, მათთან შედარებით, გაგიმართლა და ვინ იცის? იქნებ, ერთ დღესაც, მათაც გადმოხედოს განგებამ. - ფიფო გაჩუმდა.
- ის... ის საშინელი ქალია. - ენის ბორძიკით დაიწყო ანდრამ.
- ჰოო? - გაუღიმა ფიფომ. - უყურე ერთი, როგორ დაუშინებია ეს ბავშვი, აბა მიდი ერთი მითხარი, ვინ არის და იქეთ ისე შევაშინო, რომ...
- არ ვიცი, ვინ არის. - განაგრძო ანდრამ. - იქ... იქ მოდიოდა... გოგოებს არჩევდა...
- მოდიოდა, შეარჩევდა ერთ გოგოს და მიდიოდა? - ჩაეკითხა ფიფო. - ფულსაც ხომ არ უტოვებდა?
- არ ვიცი.
- ალბათ უტოვებდა. - ჩაურთო ქირურგმა. - ალბათ კი არა, უეჭველი.
- და მარტო ერთ გოგოს არა. - განაგრძო კვლავ ანდრამ.
- აბა რამდენს? - იკითხა ფიფომ.
- ხან როგორ და ხან როგორ. - უპასუხა ანდრამ.
- და შენ არასდროს აურჩევიხარ? - ჰკითხა ფიფომ.
- არა. - თავი გააქნია ანდრამ. - ვისაც ირჩევდნენ, ძალიან დიდ ხანს უკან აღარ მოდიოდნენ და მერე ისევ რამდენიმე თვეში უკან მიჰყავდათ, ზოგი საერთოდ აღარ ბრუნდებოდა.
- რას ჰქვია, საერთოდ აღარ ბრუნდებოდნენ? - გაიკვირვა ფიფომ.
- არ ვიცი. - ანდრამ თავი ჩაღუნა.
- და ვინც დიდი ხნის მერე დაბრუნდა, იმათ რაო? - კვლავ ჩაეკითხა ფიფო. - არ ამბობდნენ, სად იყვნენ ამდენი ხანი?
- სხვა სახლში ვცხოვრობდითო და მეტს არაფერს ყვებოდნენ.
- მაინც, რამდენი ხანი არ ბრუნდებოდნენ უკან? - ახლა ქირურგმა იკითხა.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ანდრამ.
- ნუ, დაახლოებით? - დაინტერესდა ფიფოც. - ერთი კვირა, ორი თვე, სამი?
- არა უფრო მეტი, ლამის მთელი წელი.
- და რა კრიტერიუმით არჩევდა ის ბებრუხანა გოგოებს? - კვლავ ჩაეკითხა ქირურგი.
- კრიტერიუმით? - ანდრა დაიბნა.
- ქერებს, შავებს, მაღლებს დაბლებს. - მიეშველა ფიფო. - ძალიან ლამაზებს, თუ ოდნავ სიმპათიურებს? ან იქნებ, შეუხედავებსაც?
ანდრა წუთით ჩაფიქრდა და მერე მიმის რაღაც გადაუჩურჩულა.
ქირურგიც და ფიფოც მიმის მიაჩერდა, რომელსაც გაოგნებული სახე მისცემოდა.
- რაო, მიმი? - ვეღარ მოითმინა ფიფომ. - შენ მაინც გვითხარი.
- უფრო მეტად იმას ირჩევდნენ ვისაც... - მიმი შეყოვნდა. - ვისაც... ნუ ვინც უფრო მოწიფული იყო. ზრდასრული.
- მსუქანი? - იკითხა ფიფომ.
- არა! - ერთდროულად მიუგო ანდრამ და მიმიმ.
- გასაგებია. - ჩაერთო ქირურგიც. - ირჩევდნენ უკვე ზრდასრულ გოგონებს, რა თქმა უნდა ახალგაზრდებს, მაგრამ ფიზიკურად ზრდასრულებს, თუნდაც ის გოგონა, არასრულწლოვანი ყოფილიყო. ასე იყო ანდრა?
- კი.
- და იქ რაღაც სხვა დონე იყო? - გაკვირვებული იკითხა ფიფომ. - ბიჟუსთან ასე ვთქვათ, დაწყებითი სკოლა და იქ ზედა კლასები?
- არა, ფიფო, არა. - თავი გააქნია ქირურგმა. - თუ მასე იყო, მაშინ ზოგი უკან რატომღა ბრუნდებოდა? და თანაც, ლამის ერთი წლის მერე?
- სუროგაცია? - იკითხა მიმიმ.
- რაა? - გაიკვირვა ფიფომ.
- დიახ. - მიუგო ქირურგმა. - სუროგაცია, როგორც ხელოვნური და სავარაუდოდ, ასევე ბუნებრივი გზითაც.
- და მერე, იმ ბავშვებს?.. - იკითხა მიმიმ გაოგნებული ხმით.
- ჰო! მიმი, ჰო! - თავი დაუქნია ქირურგმა. - ჩასახვის დღიდანვე, უკვე გაყიდულნი იყვნენ.
- მდაა. - ფიფოს სისხლი სახეზე მოაწვა. - ანდრა, შემოგევლე! რატომ აქამდე არ გვითხარი? ერთი სიტყვა, მაინც დაგცდენოდა?
- ბავშვებზე, არაფერი ვიცი. - ანდრას ისეთი გაოგნებული სახე ჰქონდა, რომ მართლაც ზედ ეწერა ყველაფერი. - იმ ქალის კი, იმდენად მეშინოდა, რომ... თანაც მეგონა, რომ უკვე ყველაფერი იცოდით, გოგონებმა მოყვეს, ან ბიჟუმ თქვა.
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს. - რატომღაც ბიჟუს, ყველაფერი ბოლომდე რომ დაეფქვა და შენ, რატომღა გეშინოდა? რა იცოდი, ასეთი?
- როცა მოდიოდა, გოგოები ძალიან წუხდნენ. ასე ამბობდნენ, ვისაც გაუმართლებს აქ დარჩებაო. ერთმა ისიც მითხარი, რა გაწუწუნებს, ბედნიერი ხარ აქ რომ რჩები სულო, მაგრამ მერე, შენი დროც მოვაო.
- და რა დრო იქნებაო, არ უთქვამს? - ჩაეძია ფიფო.
- არა. - თავი გააქნია ანდრამ. - გოგოებს იმ ქალის დანახვის, ისე ეშინოდათ და იმ დღეს, რომ დავინახე, მეც ლამის, გული გამისკდა.
- ღმერთო ჩემო, როგორ იტევს სამყარო ამდენ ცოდვებს? - ამოიხვნეშა მიმიმ.
- ეჰ, ცოდვებს სწორედაც რომ სამყარო იტევს, თუ იტევს, თორემ გულიდან გადმოსული სიკეთე, ცამდეც კი აღწევს. - მიუგო ქირურგმა.
მოულოდნელად, ამ ნაცნობი სიტყვების გაგონებაზე, მიმის ტანში ცივად გასცრა და ქირურგს, დამფრთხალი თვალებით გახედა და იმდენად შესამჩნევი იყო მიმის ეს რეაქცია, რომ ფიფოს, რაღაც ძალიან ცუდად ენიშნა.
- რა ხდება? - იკითხა ფიფომ.
- რა უნდა ხდებოდეს? - ქირურგს წამსვე გადაუარა დაბნეულობამ. უნებურად წამოსროლილი, მონატრებული ძველი მეგობრის სიტყვები გაახმოვანა და ვერც კი იფიქრა, რომ ამით, მიმის გულს ატკენდა.
მიმის კი ყოველ პიპასეულ „აფორიზმზე“, ის ძველი დრო ახსენდებოდა, რომელიც დღემდე ასე სტკენდა გულს.
ფიფომ რაღაც შენიშნა, რაღაც დაიჭირა, ისედაც ბევრჯერ უგრძვნია ქირურგსა და მიმის შორის, რაღაც უხილავი კავშირი. იყო პერიოდი, როდესაც არა ერთხელ გაჰკრა გულში ეჭვის ჭიამ, თუმცა მალევე ამოიგდო თავიდან და ბოლოს მიივიწყა კიდეც, ახლა კი ისევ იგივე რაღაც მოხდა, ისევ რაღაც შენიშნა, თუმცა საუბრის თემა, იმდენად მძაფრი იყო, რომ ვეღარც მიაქცია იმ პატარა ეჭვის ნიუანსს ყურადღება.
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - გოგოებია თავიდან დასაკითხი, ან გამოსაკითხი. აუცილებლად გალეო უნდა ჩავაყენო საქმის კურსში, ისევ ისე რომ ანდრა არც კი გამოჩნდეს.
- და რატომ მაინც, არც ერთმა არ ახსენა ეს ამბავი? - იკითხა მიმიმ. - ის ბავშვები, რამდენჯერ დაკითხეთ და გამოკითხეთ.
- არ ვიცი მიმი. - მიუგო ფიფომ. - ან იმ გოგონებს შორის არ იყვნენ ისინი და დანარჩენებმა, არც კი იცოდნენ და ვერც ხვდებოდნენ, ან ვინც იცოდა, დღემდე დუმს.
- იქნებ ანდრასავით, მათაც ჰგონიათ, რომ ეს ამბები, ნაკლებ საინტერესო იყო? - კვლავ იკითხა მიმიმ.
- არც ეგ არის გამორიცხული. - დაურთო ქირურგმა. - და თუ პირადად მათ არც ეხება, სრულიად შესაძლებელია, რომ არც კი იციან.
- საწყალი ბავშვები. - ამოხვნეშა მიმიმ. - ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობა და ახლა ისევ თავიდან დაკითხვაზე.
- რა ვქნათ მიმი, აბა? - ნაღვლიანი ხმით დაიწყო ფიფომ. - იმ გარეწრებს, ამ ბავშვების ჩაგვრა არ ეყოფოდათ და ახლა ჩვილების გაყიდვა შერჩეთ? ისედაც ხომ იცი, ბოლო დროს, ისევ წამოიწია ეს თემა.
- რაღაც სხვანაირად, არ შეიძლება რომ გამოიკითხოს? - კვლავ შეწუხებული ხმით იკითხა მიმიმ.
- მიმი, რა იყო? - საყვედურით მიმართა ფიფომ. - სხვანაირად, რას ნიშნავს? ბავშვებს დაკითხვის დროს კი არ ვაწამებთ, მსხვერპლნი არიან და არა კრიმინალები.
- ისე მიმი მართალი ხარ. - მიმართა ქირურგმა. - სხვანაირად შეიძლება ისე გამოიკითხონ რომ აზრზეც ვერ მოვიდნენ.
- მე გამოვკითხო? - ჩაერია ანდრა.
- არავითარ შემთხვევაში! - მიუგო ფიფომ. - მაშინ ჩვენი მოლაპარაკება დაირღვევა! რადგან ანდრა, არც ერთ ვარიანტში არ აძლევს ჩვენებას! საერთოდ გავაქრეთ იმ სიიდან და ახლა, რა გამოვა? აგენტად თუ შევაგზავნით, მაშინ თვითონაც გაიშიფრება, რომ იქ ცხოვრობდა! ანდრას ამბავი კი, მხოლოდ რამდენიმემ ვიცით.
- ბოლოს და ბოლოს, ხომ მაინც გაირკვევა? - მოწყენილი ხმით დაურთო ანდრამ.
- გასარკვევი არაფერია. - უპასუხა ფიფომ. - შენ ოფიციალურად არსად არ ხარ მოხსენიებული! აი, ამაშია საქმე, თორემ გალეომაც იცის, ჩუკიმაც და ბიჟუმ თუ პირი მოაღო, თუმცა ჯერ ხმაც არ ამოუღია, არ აწყობდა ალბათ. ბიჟუს დაკითხვაც, ისე ჩავატარებინე გალეოს, რომ არც ერთი გოგოს ვინაობა არ დაუსახელებია, მხოლოდ ზოგადად საუბრობდა და თუ ანდრა, ოდნავ მაინც გაერევა, მაშინ მთლიანად უნდა გამოჩნდეს, თუ არა და საერთოდაც არ უნდა გამოჩნდეს!
- არც მე მინდა, ბავშვმა ჩვენება მისცეს. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - მართლაც თითით საჩვენებელი, ხომ არ უნდა გახდეს?
- აი, სწორედ, მეც მანდ ვარ. - თავი დაუქნია ფიფომ. - და შენ მაინც, სხვანაირად გამოკითხვაში, რა იგულისხმე?
- ძალიან უბრალო და მარტივი, სრულიად უვნებელი და ამავე დროსაც, საკმაოდ საჭირო ხერხი. - გაეღიმა ქირურგს. - საჭიროა ბავშვების სამედიცინო შემოწმება! ჯერ ერთი, რომ ეპიდემიაა! ესეც რამხელა მიზეზია, მერე კიდევ, ისედაც წელიწადში ერთხელ, წესით მშობელმაც უნდა გაასინჯოს ბავშვი ექიმს, პროფილაქტიკისთვის და ამ ბავშვებმა, რა დააშავეს? თუ სახელმწიფომ ითავა ზრუნვა, მაშინ მიხედოს ბოლომდე!
- ჰმ, მშვენიერია! - გაიბადრა ფიფო. - მე ვიზრუნებ, რომ შენს კლინიკაშიც მოხდეს გამოკვლევები, რა თქმა უნდა, თავისი დაფინანსებით.
- არანაირი ზედმეტი აჟიოტაჟი. - მიუგო ქირურგმა. - ჩვეულებრივ, ეპიდემიის საშიშროების გამო, პროფილაქტიკური კონსულტაცია და იქ ჩემი უახლოესი კოლეგა და მეგობარი, ისე ფრთხილად გამოკითხავს, ვინ იყო ორსულად და რამდენჯერ, იმშობიარა თუ არა, ჩვეულებრივ ინფექციებზე შეამოწმებს, სისხლის ანალიზს ნახავს, ეს არანაირ ეჭვს არ გამოიწვევს და ბავშვებიც, უფრო თავისუფლად და გახსნილად ისაუბრებენ და თან სათითაოდ, ინდივიდუალურად ჩაუტარდებათ კონსულტაცია.
- შესანიშნავია! - აღტაცება ვერ დაფარა ფიფომ.
- ძალიან კარგია. - გაუხარდა მიმისაც. - თუმცა?..
- რა თუმცა, მიმი? - გაიკვირვა ფიფომ. - ცუდი იდეაა? ამაზე კარგად და ადვილად, არც კი შეიძლება გამოვიდეს, თან არც ბავშვები დაფრთხებიან.
- ეს კი, მაგრამ ის ბავშვები? - იკითხა ისევ მიმიმ. - იმათი შვილები? მოპარული და წართმეული ჩვილები?
- და მაქამდე რომ მივიდეთ, ჯერ ეს გზა უნდა გავიაროთ. - ფიფო ჩაფიქრდა. - ისე, მიმი შენ მართალი ხარ. გოგონებმა თუ იმშობიარეს და ახლა მაინც ისევ ჩვილების გარეშე ცხოვრობენ, მათ არც კი ეცოდინებათ, ისინი სად არიან და ასე ადვილად, ვერც იმ ადგილს დაასახელებენ, თუ სად მოხდა ეს ყველაფერი. მშობიარობამდე, ეს ორსულებიც ხომ სადღაც ცხოვრობდნენ.
- და ოფიციალური სახე უნდა მისცეთ? დეტექტივს მოუწევს მაინც ჩარევა? - იკითხა მიმიმ.
- აბა, რაა, მიმი. - მიუგო ფიფომ. - ისედაც მოუწევს დეტექტივს ჩარევა.
- ნეტა მეც შემეძლოს ჩარევა და დახმარება. - ნაღვლიანი ხმით დაურთო ანდრამ.
- შენ? - ფიფომ გამომცდელი თვალით შეხედა. - შენ შეგიძლია დახმარება, მაგრამ არა ჩარევა.
- ეს როგორ? - იკითხა ქირურგმა.
- იმ ბებრუხანას კვალზე უნდა გავიდეთ. - მიუგო ფიფომ. - რადგან თქვენი შეხვედრა იქ ეკლესიაში მოხდა, ანდრა ბებოსთან ერთად თუ ისევ მივა იქ...
- რას ჰქვია არ მივა? - გაიკვირვა ქირურგმა. - ხვალვე გავუშვებ და მეც იქვე შორი-ახლო ვიტრიალებ.
- არა შენ არა. - მიუგო ფიფომ. - შენი გამოჩენა არც მანდ მინდა და არც კლინიკაში მინდა ზედმეტად თვალში ეჩხირებოდე გოგონებს.
- აბა? - კვლავ იკითხა ქირურგმა. - იქნებ იმ ბებრუხანას, ვიღაც ზურგს უმაგრებს და მინდა ახლა, რომ ბავშვი, ისევ საფრთხეში ჩავაგდო? ისედაც ძლივს გამოვტაცეთ კლანჭებიდან.
- შენ არა. - კვლავ მიუგო ფიფომ. - წავა მიმი, მხოლოდ ანდრასთან ერთად არა, ცალკე იქნება.
- გასაგებია. - ქირურგს გულზე მოეშვა. - მარტო მაინც არ მინდა რომ გავუშვა, ბებოს გავაყოლებ, უფრო ბუნებრივად გამოვა.
- ძალიან კარგი. - გაეღიმა მიმის. - მე და დიმეო წავალთ, მოშორებით კი ვადევნებ თვალს, მაგრამ მერე იმ ქალს, ვიღაც უნდა გაჰყვეს კვალში.
- ეგ უკვე თქვენ აღარ გეხებათ. - გაეღიმა ფიფოს. - მაგას მე მივხედავ! ახლა მთავარია, ანდრამ ამოიცნოს ის ქალი და აუცილებლად, რაღაცნაირად უნდა გვანიშნოს! ამასაც მოვიფიქრებთ, როგორ და რანაირად და მეტი არაფერი. ჩვეულებრივად წამოვა სახლში. მიმიც ასევე თავის გზაზე წავა, რადგან მათთან ერთად არ იქნება.
- ფოტოებსაც გადავუღებ. - დაურთო მიმიმ.
- არ გირჩევ. - მიუგო ფიფომ. - არაფერი არ უნდა იყოს თვალში საცემი. ჩვეულებრივ, მიხვალ და ანდრას სიახლოვეს არც გაეკარები, პირიქით სჯობს შორიდან ადევნო თვალი.
მშვენიერი გეგმა იყო, ყველა კმაყოფილი ჩანდა, ანდრამაც შვებით ამოისუნთქა. ქირურგის ბებო გახარებული იყო, როგორც იქნა მეც ჩამრთეს საქმეშიო და ლამის ყოველ მეორე დღეს ეკლესიაში დაატარებდა ანდრას. არც მიმი ჩამორჩა და ისიც იმ პერიოდში დადიოდა ტაძარში, ხან ბავშვთან ერთად და ხან მის გარეშეც. მათ კი მალულად ფიფოს თანამშრომელებიც ადევნებდნენ თვალს, რომელთაც არც მიმი იცნობდა სახეზე და არც ანდრა, ფიფომ ასე ჩათვალა საჭიროდ და მართალიც იყო. ფიფომ ჩუკიც დროებით ამავე ტაძარში გადმოაყვანინა სტიქაროსანად და ისიც პერიოდულად ემსახურებოდა მრევლს და არც მიმის აქცევდა ყურადღებას და არც ანდრას, მათთვის სრულიად „უცხო“ იყო. ასე ოპერატიულად იარეს მთელი თვე, მაგრამ იმ მოხუცის მსგავსიც კი არავინ მოსულა ტაძარში, ის კი არადა მის სიახლოვესაც კი არავინ გაკარებია.
- და იქნებ ჩაძაღლდა, მოკვდა? - იკითხა ქირურგმა.
- და სულაც არ გვაწყობს ჩვენ ახლა მაგის ჩაძაღლება. - ამოიხვნეშა ფიფომ. - არც ბიჟუს დაკითხვა მინდა ჯერ, სანამ იმ ბებერს არ გავარკვევთ ვინ არის. მაინც სადღაც ინფორმაციამ რომ გაჟონოს, მერე სულ დაიკარგება.
- არანაირად არ გვაწყობს. - კვერი დაუკრა დეტექტივმა. - და გოგონები მე როდისღა დავკითხო?
- დაიცა გალე, რაა. - მიმართა ფიფომ. - არ მინდა რომ დაკითხვას ჯერ ოფიციალური სახე მიეცეს და შენ რა გგონია? ჩამოგისხდებიან და სათითაოდ მოგიყვებიან ვინ რამდენჯერ იყო ორსულად, იმშობიარა თუ აბორტი გაიკეთა?
- კარგი ბატონო, ვიქნები ჯერ ისევ ჩრდილში. - მიუგო გალეომ.
- აბა, შენ რა ამბები მოგვიტანე? - ფიფო ახლა ქირურგს მიუბრუნდა.
- აქ იმ გოგონათა სიაა, რომელთაც მშობიარობა დაუდასტურდათ. - ქირურგმა ფიფოს საქაღალდე დაუდო წინ.
ფიფომ უპასუხოდ დაუქნია თავი და სიას ჩააჩერდა, თუმცა მათი სახელი და გვარი არაფრის მომცემი იყო, სანამ თვითონ გოგონები არ ალაპარაკდებოდნენ.
- ისე, რა საინტერესოა, არა? - დაიწყო ფიფომ. - ამდენი ხანი მიმდინარეობდა დაკითხვა თუ გამოკითხვა და არც ერთს მსგავსი რამ არ დასცდენია.
- მასე არც ანდრას უთქვამს ადრე. - მიუგო ქირურგმა. - თუმცა წესიერად არც კი იცოდა, რა ხდებოდა...
- ჰო, ანდრამ არ იცოდა. - შეაწყვეტინა ფიფომ. - მაგრამ ამ გოგონებმა? შვილები რომ გააჩინეს და ზოგმა არა ერთხელ, ნუთუ არ უნდა ეთქვათ?
- ვისთვის უნდა ეთქვათ ფიფო? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - გამომძიებლისთვის? იცით, რაა? მე ვიმშობიარე, არც კი მახსოვს ვისგან დავორსულდი და ახლა არც კი ვიცი ბავშვი სად არის და მერე გამომძიებელი ჩაეკითხებოდა გაყიდე ბავშვი? უარი თქვი დედობაზე და ისე ჩამოგერთვა რომ ვეღარასდროს დაიბრუნებ.
- ალბათ მართალი ხარ. - კვერი დაუკრა ფიფომ. - ამ თემას არავინ შეხებია იმ დროს და არც ისედაც დაბნეულმა და დაშინებულმა ბავშვებმა ამოიღეს ხმა.
- დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ იცის რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა, ან მალევე გარდაიცვალა. - ჩაურთო დეტექტივმა. - ასეთი უამრავი საქმე დევს ჩვენთან ჯერ კიდევ გამოუძიებელი.
- ჰმ. - თავი გააქნია ფიფომ. - ეჭვიც არ მეპარება, რომ ბევრს მკვდარი ჰგონია შვილი.
- და რას ვაპირებთ ახლა? - იკითხა დეტექტივმა.
- ბავშვები რამდენჯერ იყვნენ შენთან კლინიკაში? - ჰკითხა ქირურგს ფიფომ.
- მხოლოდ ერთხელ და დასკვნაც აი, პირველი შენ მოგიტანე.
- ძალიან კარგი. ახლა დაიბარებთ ანალიზების პასუხების შესატყობინებლად, ძალიან უბრალოდ და მშვიდად, მეტი არაფერი. მთავარია იქ მოვიდნენ, და არ გამოარჩიოთ, იყოს ყველა მოვიდეს. - ფიფო შეყოვნდა. - და იმ გოგონებს, რომელთაც იმშობიარეს სათითაოდ ცალკე გამოვიყვანთ და იქვე გალეოსთან და ექიმთან ერთად გამოვიკითხავთ, სხვანაირად არ გამოვა. სასურველია ჩუკიც დავასწროთ, როგორც ამ ბავშვების ადვოკატი, რომ არ დაშინდნენ, ვითომ როგორც ბიჟუს რეკომენდაციით მოვლენილი.
- მართალი ხარ. - კვერი დაუკრა გალეომ. - ისევ ის გოგონები უნდა ავალაპარაკოთ, თორემ ის ძაღლის გაგდებული ბებრუხანა, აღარსად ჩანს და ხომ არ იეჭვა რამე?
- აბა რა ვიცი? - ამოხვნეშა ფიფომ. - მიხედეთ აბა ამ საქმეს შენ და ქირურგმა.
- მეც დავესწრო გამოძიებას? - იკითხა ქირურგმა.
- შენ პირველ რიგში, ის შენი ახლობელი გინეკოლოგიც, ეს ჩვენი დეტექტივიც და ჩუკიც აუცილებლად!
***
თვეზე მეტი იყო გასული და ანდრას უკვე ის შიშიც მოეხსნა, ახლა უკვე არა მარტო ტაძარშიც, ქუჩაშიც თავისუფლად დადიოდა და არანაირი შეგრძნება აღარ ჰქონდა რომ ვინმე უთვალთვალებდა.
ერთ დღესაც კარზე ზარი გაისმა. ანდრა ვაჩეს ელოდა და ღიღინით გაიქცა კარის გასაღებად, მაგრამ სახტად დარჩა როცა ზღურბლზე ის ბებრუხანა შენიშნა.
LEX. 2021 წლის 22 მარტი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment