103.
კარის გაღებისთანავე, ანდრამ კინაღამ შეჰკივლა, მაგრამ შიშისგან ენა ჩაუვარდა, მხოლოდ უხმოდ პირის გაღება შესძლო. იმ საშინელი მოხუცი ბებრუხანას დანახვაზე, გოგოს ძარღვებში სისხლი გაეყინა, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა და მხოლოდ პირ ღია მისჩერებოდა დაუპატიჟებელ და თან, არასასურველ სტუმარს.
- ბებიაშენი სახლშია, შვილო?
მოხუცს არც კი შეუმჩნევია ანდრას გაფითრებული სახე და არც იმას დაელოდა, მობრძანდის როდის ეტყოდნენ. კითხვისთანავე ბარბაცითა და ფეხის ფაჩუნით, თავ აუწევლად შეაბიჯა სახლში. ისე ჩაუარა ერთ ადგილას გაშეშებულ გოგოს გვერდით, რომ მისთვის, ზედაც არ შეუხედავს.
წუთით გარინდული და გაოგნებული ანდრა, გონს მოეგო, კარი მიხურა და მოხუცს წინ გაუსწრო.
- ბებო! - ხმამაღლა შეჰყვირა ანდრამ.
- რა მოხდა, ბები?
- მგონი, შენთან არიან... - ანდრას ხმა გაებზარა.
- ვერ მიცანი, არა? - ლამის წელში ორად მოხრილმა სტუმარმა, ალმაცერად ამოხედა ანდრას და არც ახლა დაელოდა მიპატიჟებას, ლასლასით შევიდა ოთახში.
ანდრა ერთ ადგილას გაშეშდა. ვეღარ გაეგო, ეს სიტყვები, მას ეკუთვნოდა თუ ბებოს.
- ბები, ჩაი მოართვი სტუმარს. - მიმართა ფერწასულ ანდრას ბებომ და სათვალის ქვემოდან შეავლო თვალი უცხო, ორად მოკაკვულ ქალს.
ანდრამ უხმოდ დატოვა სასტუმრო ოთახი, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა და ფარულად, სამზარეულოდან დაუწყო თვალის დევნება. აშკარა იყო, მოხუცები ერთმანეთს იცნობდნენ და ალბათ აქ ანდრა, არც არაფერ შუაში იყო.
ან იქნებ, იყო?
შეშინებულმა, დამფრთხალმა გოგომ მეტი ვერაფერი მოიფიქრა და მიმის დაურეკა.
- შეეცადე, არაფერი შეიმჩნიო. - უპასუხა მიმიმ. - შენს მობილურს ხმა გამოურთე, დიქტოფონზე ჩართე და შეეცადე მათ შორიახლოს, შეუმჩნევლად ისე დადო, რომ მათი ხმა გარკვევით ჩაიწეროს. მერე ვნახოთ რა იქნება.
ანდრას ცოტა გულზე მოეშვა და ჩაის სამზადისს შეუდგა. მაცივრიდან ნამცხვრები გამოიღო, თეფშზე გაანაწილა და ასე ხელდამშვენებული ამაყად შეაბიჯა სასტუმრო ოთახში.
- იყოს ბები, დადგი აქ, ჩაის მე ჩამოვასხამ. - თბილად გაუღიმა ბებიამ. - შენ წადი, იმეცადინე, ისედაც რამდენი სასწავლი გაქვს, სანამ მამა მოვა დახვდი ნამეცადინევი.
ანდრა მიუხვდა, ბებო ოთახის დატოვებას კატეგორიულად სთხოვდა, თორემ როდის იყო, რომ სამეცადინოდ უშვებდა. მოხუცმა მშვენივრად იცოდა, რომ ანდრა, არც წიგნის კითხვით იკლავდა დიდად თავს და არც აძალებდა. მხოლოდ ზოგჯერ სთხოვდა, რომელიმე წიგნიდან, რაღაც თავი წამიკითხე ბებოო, ხომ იცი, კითხვა მიჭირსო და ამ ხერხით აჩვევდა, ნებით თუ უნებლიეთ, თავისი წარსული ყოფა-ცხოვრებით, სწავლისგან მოწყვეტილ ობოლ, უპატრონობაში გაზრდილ გოგოს, კითხვასა და წიგნის სიყვარულს.
ანდრამ სტუმარს გაუღიმა და მიმის რჩევით, მობილურიც შეუმჩნევლად იქვე დატოვა. გულით კი უნდოდა ოთახში გაჩერება და ყველაფრის მოსმენა, თუმცა არც ბებომ გააჩერა იქ.
„და მერე, რა?“
ფიქრობდა ანდრა და თავს იმით იმშვიდებდა, რომ ტელეფონი, იქვე ეგულებოდა და ამიტომ ერთი სული ჰქონდა, სტუმარი მალე წასულიყო. ახლა კი მხოლოდ იმაზე დარდობდა, რამდენ ხანს ეყოფოდა მობილურს, დატენილი ელემენტი.
მიმი ანდრას ზარს ელოდა, მანამდე კი ფიფოს შეეხმიანა.
- შენ ჯერ ქირურგს, არაფერი უთხრა! იყოს, ჯერ ბავშვმა ჩაიწეროს მათი საუბარი და მერე, ერთად გავარკვიოთ. - ფიფო წამით ჩაფიქრდა. - კარგი იქნებოდა, ანდრაც გაფრთხილებული ყოფილიყო.
- ნუ დარდობ, გავაფრთხილე. - სიცილით მიუგო მიმი.
- სუპერ დეტექტივი ხარ! - გაეცინა ფიფოსაც. - თუმცა მაინც სახიფათოა, თუ რაღაც ისეთი საუბარია, ნამდვილად არ მინდა იმ ბავშვის კიდევ ერთხელ, საქმეში გარევა და არც ის მინდა, ქირურგსაც ეწყინოს, მისი ნებართვის გარეშე რომ ხდება ეს ყველაფერი.
- დამშვიდდი, ხომ გითხარი უკვე, არა? მკაცრად გავაფრთხილე, რომ ჯერ მხოლოდ, მარტო ჩვენ ორს გვეცოდინება, რადგან საგამომძიებლო მასალაა და ამის აფიშირება, ჯერ მაინც, არაფრით არ შეიძლება. ჩანაწერსაც მაშინვე გადმომიგზავნის და თვითონ წაშლის. ასე მოვილაპარაკეთ!
- მაგარი ხარ მიმი, ძაან მაგარი!
- იცი კიდევ, რა ვიფიქრე?
- აბა, რა იფიქრა, სუპერ დეტექტივმა მიმიმ?
- საუბრის ჩაწერის გარდა, ზუსტად როგორ გავიგოთ, ვინ არის სად ცხოვრობს? ხომ შეიძლება, ყველაფერი მოიტყუოს? და ისიც არ მინდა, რომ ბავშვი აედევნოს სახლამდე, სახიფათოა მაინც.
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მიმი, შენ რომ იფიქრე, იქნებ სხვებმაც ვიფიქრეთ?
- მართლა?
- მართლა, აბა ტყუილად? - ჩაეღიმა ფიფოს.
- და რა იფიქრეთ? როგორ უნდა მოიქცეს?
- ანდრამ მაგ ჩანაწერს მიხედოს და არანაირად არ მოისმინოს უშენოდ, ესაა ახლა მთავარია.
- კი! კი! - მტკიცედ მიუგო მიმიმ. - სწორედ მასე გავაფრთხილე, კარგად ავუხსენი და დავარწმუნე, შემთხვევით რომ არ წაეშალოს, ამიტომ ჯერ მე გადმომიგზავნის და აუცილებლად წაშლის მაშინვე თავის მობილურში, თუ კი არ უნდა, რომ ამ საქმეში გარეული იყოს და ისევ არ ფიგურირებდეს! ავუხსენი, რომ სხვანაირად, ვერ დავეხმარებით და ამ ამბიდან, როგორც მაშინ გამოვაძვრინეთ და ზედმეტ დაკითხვებს ავაცილეთ, ახლაც ასე იქნება, თუ დამიჯერებს და ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც მე ვეტყვი!
- ყოჩაღ, მიმი! - შეაქო გაოგნებულმა ფიფომ. - არა, რაა! ეს გალეო უნდა მოვხსნა და მიმი უნდა დავნიშნო!
- კარგი, რააა. - გაეცინა მიმის.
- რა, კარგი რა? - სიცილითვე ჩაეკითხა ფიფო. - გაგიხსნი კერძო დეტექტივის სააგენტოს და იყავი და იმუშავე! იურისტის დიპლომსაც აგაღებინებ ექსტერნად! პრატიკაში გამოცდილი ხარ უკვე და თეორიაში, მე წაგამეცადინებ და ეგ არის რა!
- ჰო, კარგი, კარგი. - ეცინებოდა მიმის. - ჩემი დეტექტივად დანიშვნის საკითხი კი მოაგვარე, მაგრამ ახლა იმაზე რა ვქნათ? როგორ გავიგოთ, მართლა ვინ არის ის ქალი და სად ცხოვრობს?
- მიმი, მოგვარებული უკვე ეგ საკითხიც! - მიუგო ფიფომ. - შენ არ იდარდო.
- ძალიან კარგია და როგორ?
- როგორ და, ქირურგის სახლთან არის უკვე ჩვენი ხალხი ჩასაფრებული, ანდრასაც და ბებოსაც უკან მალულად დასდევენ, თანაც ისე, რომ ქირურგმაც კი არ იცის. ასე სჯობს, უფრო ნაკლებად გაიშიფრებიან.
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ.
- ჰო, მართლა აბა? რატომ მოგატყუებ?
- და როგორ გაიგებენ, ვინ გამოვიდა იმ სადარბაზოდან? იქნებ მეზობელია?
- დამშვიდდი მიმი, დამშვიდდი! იციან უკვე როგორც გამოიყურება.
- მართლა? და საიდან?
- გალეოს ისე აუწერა ანდრამ, რომ ლამის, ყოველი ორად მოხრილი მოხუცი ჰყავს აყვანილი აღრიცხვაზე.
- და შენ ფიქრობ, რომ ვინც მასეთი ტიპის მოხუცი გამოვა იმ სადარბაზოდან, სწორედ ის ქალი იქნება? - ირონიულად ჩაეღიმა მიმის.
- რა? არა? - ჩაეცინა ფიფოს. - არ იქნება და ნუ იქნება! თავის გზაზე წავა! მიმი, კი არ ვაპატიმრებთ, უბრალოდ კარგად, ფარულად გადამოწმდება.
- და იქნებ, სპეციალურად იხრება ასე ორად და მერე როცა ვერავინ ვერ ხედავს და მარტოა, მაშინ წელში სწორდება?
- ოჰ, მიმი! - კვლავ გაეცინა ფიფოს. - ეგეც გათვალისწინებულია! შენ დამშვიდდი, ხომ გითხარი? დამშვიდდი!
- ჰო, კარგი, კარგი. - მიმიმ შვებით ამოისუნთქა.
ფიფომ ტელეფონი გამორთო და მდივანს, ყავა შეუკვეთა, მერე სიგარეტის კვამლიც, ერთ ღრმა ამოსუნთქვას გამოაყოლა და ფიქრებს მიეცა.
„ერთ თვეც და ის ნაგირავები ბინაც დაიცლება და სადაც უნდა, იქ წავიდეს მერე!
თუმცა იქნებ, ერთი წელი კიდევ გავაგრძელებინო კონტრაქტი?
მართლა ასეთი უსინდისო და უნამუსო, ხომ არ ვარ?
ბოლოს და ბოლოს, ჩემს შვილს აჩენს.
ქალი მაინც ქალია, და რა ქნას? თავისებურად ჩალიჩობს გათხოვებაზე, ოჯახზე, შვილზე.
მართალია, ძალიან ზედმეტებიც კი მოუვიდა, მაგრამ ჩემს შვილს აჩენს მაინც. ბავშვი, რა შუაშია? ვის რა დაუშავა?
მოკლედ გადავწყვიტე, ერთი წელი ბარემ გავაგრძელებ გირაოს, მივხედავ კიდევაც და მერე, ბინასაც ვუყიდი.“
ფიფოს თითქოს, ცოტა გულზეც მოეშვაო. მოეწონა თავისი ჩანაფიქრი, სწორად იქცეოდა, ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ მიმი? მიმისთვის, როგორ უნდა ეთქვა?
იმ პერიოდში, როცა წარსული უკან მოვიტოვე და ერთგულება შემოგფიცე, სწორედ მაგ დროს, უნებლიეთ გიღალატეო?
და მერე მიმი, დაიჯერებდა, რომ ფიფოს ნებით არ მომხდარა ეს ყველაფერი?
და რამდენად დასაჯერებელი იყო?
და რომ დაემალა? როდემდე?
დღეს არ ეტყოდა, ხვალ, ზეგ, მაგრამ კიდევ რამდენ ხანს დამალავდა?
„არა! არა! არ გამოვა ასე!“
ფიფო სავარძლიდან წამოიწია.
„მორჩა! მიმის უნდა ვუთხრა! მე თვითონ უნდა ვუთხრა, სანამ მართლა სხვისგან არ გაუგია. რა გარანტია მაქვს, თუ ის ქალი არა, ის მისი დაქალოჩკა მიუცუნცულებს ენას. თანაც, შეიძლება და არც არის გამორიცხული, რომ სპეციალურად, ისე ცუდად და მწარედ ჩააწვეთონ, მიმის გული ატკინონ!
თუმცა, ცუდად თუ კარგად, მაინც გულ სატკენია ეს ყველაფერი.
ეჰ, ღმერთო, შენ ხომ მაინც იცი, რომ ამ დედამიწის ზურგზე, ყველაზე ნაკლებად მინდა რომ მიმის გული ეტკინოს!“
ფიფო უკვე ვეღარ ითმენდა, სჯობდა დროულად მოეყოლა მიმისთვის ყველაფერი და რაც შეიძლებოდა მალე, მართლაც რა საჭირო იყო, ამდენი დროის წელვა?
„და იქნებ, ახლავე?
ბარემ, შესვენებასაც გამოვიყენებ, მარტონი ვიქნებით, სანამ ბავშვიც სკოლაშია.
ნეტა, რა მოჰყვება, ამ ამბავს? რამდენად მაპატიებს მიმი და რამდენად გამიგებს?
თუმცა, აღარა აქვს ახლა მნიშვნელობა ამას. მთავარია, არავინ დამასწროს და მე თვითონ ვუთხრა ყველაფერი და მერე ვნახოთ რა იქნება, უკან არაფერზე დავიხევ, ყველაფერს გავაკეთებ, მიმის შემოსარიგებლად.“
ფიფომ მძღოლი გამოიძახა და კაბინეტთან ერთად, მაგიდაზე მდივნის მიერ შემოტანილი ყავაც ხელუხლებელი დატოვა.
- მიმი, სად ხარ?
- სამსახურში და რა იყო?
- ერთად ხომ არ გვესადილა? ცოტა დრო მაქვს, მერე სამსახურში უნდა მივბრუნდე.
- იცი? - გაეცინა მიმის. - სწორედ ახლა გამოვედი მეც შესვენებაზე და კაფეში ვარ.
- აჰაჰა. - გაეცინა ფიფოსაც. - აბა სამსახურში ვარო? მუშაობით თავს ვიკლავო და ეს კი ნებივრობს აქ! ჩემთვისაც შეუკვეთე რამე და მოვდივარ.
რთული იქნებოდა კაფეში გასაუბრება. ფიფოს სახლში ურჩევნოდა, მაგრამ ახლა, მაინც ვერაფერს ეტყოდა. ისევ სჯობდა, ჩვეულებრივ ესადილათ და იქნებ, საღამოს მაინც მოეხერხებინა ის საუბარი. თანაც მიმი ახლა, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, სულ სახე უღიმოდა, თვალები უბრწყინავდა, ჩვეულებრივ ფერმკრთალი გოგო, ახლა ფერზეც იყო მოსული.
„არა, ახლა ნამდვილად გულს ვერ ვატკენ.“
გაიფიქრა ფიფომ.
„ღმერთო ჩემო, რა ლამაზია, დღეს თითქოს უფრო მეტად მშვენიერი მეჩვენება.“
- რას მომაშტერდი? - გაიწკრიალა მიმის ხმამ. - ჭამე თორემ გაგიცივდება.
- იცი, რა ლამაზი ხარ. - ლამის ჩურჩულით უთხრა ფიფომ.
პასუხად მიმის, ყურებამდე გაეღიმა.
- მართლა. - განაგრძო ფიფომ. - ყველაზე, ყველაზე მშვენიერი და...
ფიფოს მობილურში, ზარი შემოვიდა.
- ქირურგი მირეკავს.
- უთხარი რა, აქ მოვიდეს.
ფიფომ თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია და ქირურგს, მიმის დანაბარები გადასცა, თუმცა, უარი მიიღო.
- ერთი საათის მერეო, მანამდე არ მცალიაო.
- მთელი საათი, აქ ხომ არ ვიჯდებით? - უპასუხა მიმიმ. - ლამის, მთლიანი მენიუ შევჭამეთ. - გაეცინა ბოლოს.
- ჭამე, ჭამე. - მიუგო ფიფომ. - ისედაც ჩიტივით კენკავ და დღეს კი, კარგ მადაზე ხარ მოსული.
- ამინდია რაღაცნაირი, თბილი, გაზაფხულის სურნელი იგრძნობა და უცებ, რაღაც ისე საშინლად მომინდა აქაური ხაჭაპური, სამსხურში მთელი დღე, სულ ცხვირში მიღიტინებდა.
- ეგ დედაშენმა, არ გაგიგოს. - გაეცინა ფიფოს.
- ქალის ქუჩაში ჭამა რა საკადრისია! - გამოაჯავრა მიმიმ დედის ხმას.
ახლა მიმის მობილურმაც გაიწკრიალა.
- უი! ანდრას მესიჯია! იმ ჩანაწერს მიგზავნის!
- მართლა? - გაუხარდა ფიფოს. - ისე მეც ახლავე მოვუსმენდი, მაგრამ აქ ამდენ ხალხში არ გამოვა ეგ, სახლში ხომ არ წავსულიყავით?
მშვენიერი მიზეზი იყო სახლში წასვლის და ფიფოც დროს იხელთებდა, მიმის დაელაპარაკებოდა.
- ჩემთან წავიდეთ სამსახურში, აქვეა მაინც. - შესთავაზა მიმიმ. - გინდა, დავურეკოთ ქირურგსაც?
- და ბარემ, ერთად მოვუსმინოთ?
ფიფოს მიმის ეს შემოთავაზება, საერთოდ არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- ჰო. - დაეთანხმა მიმი. - ისე, ჯერ არავინ იცის, ანდრა გაფრთხილებული მყავს და გალეოსაც ხომ არ დავურეკოთ?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ისე მოდი, ჯერ ჩვენ მოვუსმინოთ ერთი რაზე ჭორაობენ ბებოები და მერე, დავუძახოთ გალეოსაც. იქნებ, არც არაფერს ისეთს არ ამბობენ და ტყუილად ხომ არ მოვწყვეტ საქმეს, ისედაც იმდენი სარბენი აქვს.
- ნუ, შენ უფრო იცი. - დაეთანხმა მიმი.
- ესე იგი, ვიკრიბებით, მიმის კაბინეტში! - გაიკრიჭა ფიფო და თან შეეცადა, მიმის მისი უხასიათობა, არ შეემჩნია.
***
ანდრამ მიმის დავალება, საკმაოდ ოსტატურად შეასრულა. მოხუცების საუბრის ჩანაწერი კი გადაუგზავნა მიმის, მაგრამ არ წაშალა და შესაფერის დროს ელოდა, რომ თავისუფლად მოესმინა, მანამდე კი სურდა, იქნებ ბებოსგანაც გაეგო, თუ ვინ იყო ის მოხუცი ქალი და რა უნდოდა მისგან.
და სანამ ანდრა, ამ ფიქრებში იყო, ბებომ თვითონ დაუძახა.
- ბები, რა უნდოდა იმ ქალს? - ვეღარ მოითმინა ანდრამ.
- ჩემი ძველი თანამშრომელი ყოფილა, შენ კი, სულ ტყუილად შეგეშინდა.
- ლამის, გული გამისკდა, აქ რომ დავინახე.
- რატომ შვილო, რატომ? - ეცინებოდა ბებოს. - განა შენს თავს, დავაჩაგვრინებთ? დაივიწყე ის ძველი დრო! შენს წყენინებას, ვერავინ გაბედავს! უპატრონო კი არ ხარ!
- ჰოო. - ცალყბად გაეღიმა ანდრას. - ეკლესიაშიც სულ თვალს გვადევნებდა, ერთი-ორჯერ, ლამის დაგვეჯახა კიდეც. ძალიან შევშინდი, ვიღაცას მივამსგავსე. თითქოს, სახეზეც მეცნო, თუმცა ის ქალი, ასე ორად მოკეცილი, ნამდვილად არ ყოფილა.
- იქნებ, მართლა შეგეშალა?
- მეც ასე ვფიქრობ და მგონი, სულ ტყუილად დავაფეთე ფიფოც და მიმიც.
- სამაგიეროდ, მაინც საჭირო ინფორმაცია მიაწოდე.
- მართლა? - გაუხარდა ანდრას.
- ჰო, აბა, რა! თუ ის ქალი არა, სხვა ქალი და სხვა ადამიანები, ხომ აკეთებდნენ ამას?
- კი, ნამდვილად მასე იყო!
- ჰოდა, მიხედავს ჩვენი ფიფო! შენ მაგაზე, არ იდარდო. - მიეალერსა ბებო. - აბა, ახლა, რომელი წიგნი წავიკითხოთ?
- იცი ბები, წიგნების კითხვა ყოველთვის მეზარებოდა. ახლა კი მარტო მეზარება, შენთან ერთად კი, მართლა სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე.
- ჰოდა, შენ ამოარჩიე. თუ დღეს, ვაჩეს დღეა?
- არა. - მოწყენილად მიუგო ანდრამ. - ვაჩეს ზეგამდე, ვერ ვნახავ.
- უჰ, ზეგამდე, მთელ ბიბლიოთეკას წავიკითხავთ! - გაეცინა ბებოს.
ანდრა წიგნების რჩევას მოჰყვა. მერე ტელეფონში, ვაჩეს მოკითხვის მესიჯი მიიღო, მაგრამ ვერ გაიხსნა, რადგან მობილური გადავსებული ჰქონდა, ამიტომ ბევრიც აღარ უფიქრია და ის, მოხუცების ფარული ჩანაწერი წაშალა. იფიქრა, ახლა მაინც, რაღაში მჭირდებაო. მიმის ხომ მაინც უკვე გავუგზავნე და თანაც, სულ ტყუილადო, ეს სულ სხვა ქალი ყოფილაო.
„არა, ისე მართლა, როგორ შემეშალა.“
უკვირდა ანდრას.
„ნამდვილად სხვა ქალი იყო. ასე ორად მოხრილი, არც ყოფილა. ისე თავის დროზე, წესიერად არც კი შემიხედავს სახეზე, რაღაცით მივამსგავსე, თითქოს იმ ქალის მსგავსად ამასაც ისეთივე ხრინწიანი ხმა ჰქონდა, მაგრამ აბა მარტო ხმით, ხომ არ შეიძლება არა, მიმსგავსება?
ჰმ, მეც ისე ვარ დაშინებული, რომ ლამის, ყველგან საფრთხე მგონია.
აბა, ერთი მართლა, ახლა გაბედოს და ვინმემ რამე დამიშავოს! მართლა უპატრონო, ხომ აღარ ვარ!
მერე მიმისაც ვეტყვი, რომ სულ ტყუილად ავაფორიაქე, ანდა ხომ მოისმენს იმ ჩანაწერს და ისედაც მიხვდება, სამაგიეროდ მგონი, დეტექტივსაც ახალი საქმეც გავახსნევინე და ძალიანაც კარგი!“
ანდრას გული მიეცა, სიამაყეც იგრძნო და ახლა უფრო დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვიღაცაში შეეშალა და სულ ტყუილად შეეშინდა იმ ბებრუხანასი.
***
- მიმისთან კაბინეტში, პირველად ვსვამ. - ქირურგი ჭიქას დასწვდა.
- შენ წარმოიდგინე, მეც. - გაეცინა ფიფოს.
- ჩავრთო? - იკითხა მიმიმ.
- აბა რაა. - მიუგო ფიფომ.
„- საიდან მომაგენი? - ჰკითხა ქირურგის ბებიამ სტუმარს.
- ცოტათი მახსოვდა, ცოტაც კიდევ, შენი შვილიშვილის კვალზე გამოვედი. - უპასუხა სტუმარმა, ხრინწიანი ხმით. - კარგი ბიჭი გაგიზრდია, სახელოვანი და საკმაოდ პატივსაცემი ქირურგია.
- შენ აქ, ჩემი ბიჭის საქებრად, არ უნდა იყო მოსული? - ეჭვიანად ჩაეკითხა ბებო.
- ჰოდა, იმას ვამბობდი. - სტუმარმა ჩაახველა. - ასეთ კარგ ბიჭს აბა როგორ გაზრდიდი, თუ ბევრ დროს არ დაუთმობდი? შენ რომ მაშინ, სამსახური არ დაგეკარგა...
- ჰო, შენი წყალობით. - დაურთო ქირურგის ბებიამ.
- კიდევ ვერ მოინელე, ეგ წყენა?
- და მოსანელებელი, ჰქონდა რამე? უმუშევარი რომ დავრჩი? თანაც, დაობლებული, პატარა შვილიშვილით ხელში!
- მერე და, ვის აბრალებ? - არ შეეპუა სტუმარი. - ეგაც, შენი ბრალია! შენს თავს დააბრალე! დიდი კეთილშობილი რომ გეგონა შენი თავი, ხომ ნახე არა, რაც მოიმკი მაგ შენი გულ ჩვილობით. ახალგაზრდა გოგო დაღუპე!“
ქირურგმა გაკვირვებისგან, თვალები დაჭყიტა და გაოგნებული სახით გადახედა ჯერ ფიფოს და მერე, მიმის.
„- სულ მთლად ბავშვი იყო. - ამოიკვნესა ქირურგის ბებიამ. - თქვენი ბრალია! შენი და შენნაირების ბრალია, იმ გოგონას გაუბედურება! ეჰ, და მე საცოდავს კი...
- ჰოდა, შენი ბრალი, უფრო მეტია! - შეაწყვეტინა სტუმარმა. - ვინ გეკითხებოდა? რას გამოეკვეხე? საქმე უკვე, გაჩარხული იყო და შენი გულისთვის, უნდა ჩაშლილიყო? თუ, შენ რომ არ ჩაგსვეს წილში, გული მოგივიდა?
- რას ბოდავ? - შეუტია ბებომ. - ფულზე სინდისი, არასდროს გამიცვლია და მით უმეტეს, არც იმდენად გაჭირვებული ვიყავი, თავის დროზე, მშვენიერი შეძლებული ოჯახი მქონდა!
- არც ის ექიმები, იყვნენ ღარიბები. ერთ ბავშვს, როგორ ვერ გაზრდიდნენ? მაგრამ არ უნდოდათ სახლში ნაბიჭვარი, არა! და შენ, ვინღა გკითხავდა? ვინ გექაჩებოდა ენაზე, რომ გაეკიდე იმ გოგოს და აგე, აქ არის შენი შვილიო!
- ატირებული, აცრემლებული დედისთვის, ჩვილი აბა, როგორ დამემალა?
- ჰოდა, მაგიტომაც ჩამოიკიდა თავი, შენი ვითომდა, სიკეთის გაკეთების გამო! რად გინდოდა? გაიზრდებოდა ის ბავშვი და მერე, თუ უნდოდა, მოძებნიდა დედას. იმ შტერ გოგოს კი, ისეთი მშობლები ჰყავდა, რომ კარგ ოჯახშიც კი გაათხოვებდნენ და სულ დაავიწყდებოდა ის ძველი წყენა.“
ქირურგს, მიტკლის ფერი დაედო. სუნთქვა გაუჭირდა და მოულოდნელად, ფიფოს დაჟინებულ მზერას რომ წააწყდა, ცოტა თითქოს, გონზე მოეგო. ჯიბიდან ოთხად გაკეცილი, ლურჯი, ზოლებიანი ცხვირსახოცი ამოიღო და დაცვარული შუბლი მოიწმინდა, მერე გაშალა, ისევ გადაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და წამში კვლავ, ჯიბისკენ წაიღო ხელი, ისევ იმავე ცხვირსახოცის ამოსაღებად.
ფიფო თვალს არ აცილებდა. ახლა მის წინ, ჩვეულებრივ მეგობარი ქირურგი კი არა, თითქოს ვიღაც, კრიმინალი იჯდა, რომელიც თავის დანაშაულს, სწორედაც რომ ეჭვმიტანილისეული დაბნეული ქცევებით ჰყიდდა.
LEX. 2021 წლის 2 აპრილი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment