104.
- უცებ რაღაც, ყავის სუნი შემზიზღდა! - მიმიმ უსიამოვნოდ აბზიკა ცხვირი და როცა ფინჯანი გვერდით გასწია, მაშინღა შეამჩნია მისკენ მომზირალი, ორი წყვილი გაკვირვებული თვალი.
მიმიმ ჯერ, ფიფოს გახედა და მერე ქირურგისაკენ გადაიტანა მზერა, რომელსაც ჯერ კიდევ, მიტკლის ფერი ედო.
ანდრას გამოგზავნილი ჩანაწერი, ისევ გრძელდებოდა, თუმცა დიდად საინტერესო, უკვე აღარაფერი ჩანდა. მოხუცები, ვიღაც გოგონას სიკვდილში, ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, რაც მიმისთვის, სრულიად გაუგებარი იყო. სამაგიეროდ, ქირურგი მშვენივრად ხვდებოდა, რაზეც იყო ეს საუბარი. ქირურგს, არც ფიფო ჩამორჩებოდა, ისიც ამასვე ფიქრობდა. თუმცა, დარწმუნებით არა, მაგრამ მაინც ეპარებოდა ეჭვი, რომ საქმე, იმ ძველ, თავის დროზე, ფიფოს მიერვე გამოძიებულ ამბებს ეხებოდა.
აი, კვლავ რაღაც კავშირი იკვეთებოდა, პიპასა და ქირურგს შორის, მაგრამ რა? რანაირი კავშირი იყო ეს? თუ კი, ქირურგის ბებია, იქ მუშაობდა, სადაც ჩვილებით ვაჭრობა ინტენსიურად ხდებოდა, მაშინ რომელ ამბავს შეეწირა მისი სამსხური? იქნებ, თავადაც იყო გარეული?
ფიფოს უამრავი ფიქრი აერია თავში. აღარ იცოდა, ჯერ როგორ და რანაირად უნდა დაელაგებინა და მერე, როგორ უნდა გამოეკითხა ქირურგი ისე, რომ მეგობრისთვის, გული არ ეტკინა.
და ბოლოს, მოხუცების საუბარი იმით დამთავრდა, რომ სტუმარი ქირურგს სადღაც, რომელიღაც კერძო კლინიკაში, საკმაოდ სარფიან სამსახურს სთავაზობდა, პასუხზე კი, იქეთ კვირაში შემოუვლიდა.
- ნეტა, რომელი კლინიკაა? - იკითხა მიმიმ.
- რომელიც არ უნდა იყოს! - ქირურგის მაგივრად უპასუხა ფიფომ. - ხვალ, ზეგ რომ დაიხუროს რა გარანტიაა, რომ სულ უმუშევარი არ დარჩება!
- არც ვაპირებ სამსახურის შეცვლას. - ჩაურთო ქირურგმა. - თუმცა, ნეტა მართლა რას მთავაზობს? იქნებ, საინტერესოც იყოს, გამოძიებისთვის.
- ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენად სარისკოა? - მიუგო ფიფომ. - რას გთავაზობს? რა უნდა შენგან? ან რაღა შენ მოგადგა?
- აი, სწორედ ეგ არის საინტერესო. - მიუგო ქირურგმა. - ბევრი კარგი სპეციალისტია უმუშევარიც, ან ნაკლებ ანაზღაურებად სამსახურში და რაღა მართლა ჩემთან მოვიდა? და ისე, ამდენ მკითხაობას, სჯობს დავთანხმდე!
- რთულია მეგობრის, ასეთ რისკზე გაშვება. - უპასუხა ფიფომ. - განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საერთოდ არ შედის მის სამსახურეობრივ მოვალეობაში.
ჩანდა ფიფოს, ძალიან მოეწონა ქირურგის წინადადება, მაგრამ რამდენად მართაც სარისკო იყო? ქირურგი კი ყველაფრისთვის მზად იყო და თავიც გამოიდო, ახლა აშკარად გულზე მოეშვა, დამნაშავესავით აქეთ-იქეთ, აღარ აცეცებდა თვალებს და აღარც დაბნეულად იქცეოდა და ესეც მხოლოდ, ფიფომ შენიშნა.
- ისე... - დაიწყო ფიფომ. - ასე უცებ დათანხმებაც, არ ივარგებს.
- თავისთავად! - კვერი დაუკრა ქირურგმა. - ჯერ პირადად მინდა გავესაუბრო, იმ კონკრეტულ დამსაქმებელს, სხვა შემთხვევაში, უარს ვიტყვი. ამის მერე, ხელფასით დავინტერესდები. სამუშაოს კარგად ავწონი, რისკებს შევაფასებ და რა თქმა უნდა, კლინიკის ნახვასაც მოვითხოვ, იმასაც ვიტყვი, რომ თუ შემეძლება, პარალელურად ძველ სამსახურშიც რომ დავრჩე.
- სწორად მსჯელობ! - მოუწონა ფიფომ. - როგორც დაინტერესებულმა პირმა, პირობები კარგად უნდა გამოჰკითხო და მერე ვნახოთ, როგორც კი რამე ხიფათის მაგვარს შენიშნავ, მაშინვე დატოვებ იქაურობას!
- სწორედაც, რომ ხიფათების მერე გამოიკვეთება დანაშაულებანი და მაშინვე თუ წამოვედი, რაღა გამოვა? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა.
- მართალი ხარ. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- მომისმინეთ ახლა ორივემ. - დაიწყო ფიფომ. - ჩვილებით ვაჭრობაზე დიდი კრიმინალური სინდიკატი, არც მინახავს და არც არსად წამიკითხავს, ამიტომ მეგობარს, რისკზე ვერ გავუშვებ! კი, გასაგებია, რომ სანდო და საიმედო აგენტი იქნება საჭირო და თანაც, კარგი სამედიცინო განათლებით, მაგრამ სარისკოა! რა გარანტიაა, რომ იქიდან, ცოცხალს გაგიშვებენ?! სრულ კონტროლზე ეყოლები აყვანილი და არ მკითხოთ ახლა, როგორ და რანაირადო.
- ვაიმე, რა უბედურებაა. - ამოიოხრა მიმიმ.
- ყველა ვარიანტში, უნდა დაინტერესდე! თუნდაც უარის თქმას აპირებდე, მაინც. - განაგრძო ფიფომ. - ამით, კლინიკის ადგილ მდებარეობას მაინც დავადგენთ. მაინც და მაინც, ნუ მოიხიბლები, რომ მაშინვე მოგეწონა. ცოტა, უკანაც დაიხიე. თავიც დაიფასე, დაფიქრდი. რისკები თავად გაათვლევინე. თავად ათქმევინე, რამდენად უნდა გიღირდეს, სტაბილური და დიდი ხნის სტაჟიანი სამუშაოს დატოვება და არც მაშინვე დაეთანხმო, დრო უნდა მოგცენ.
- ერთი კვირა, მეყოფა? - იკითხა ქირურგმა.
- არა, არა! - მაშინვე მიუგო ფიფომ. - ერთი კვირა, ძალიან ცოტაა, ასეთი აწყობილი სამუშაოდან სხვაგან გადასასვლელად. მით უმეტეს, რომ რეალურად, მართლაც კარგი რეპუტაცია გაქვს. მექრთამე, არასდროს ყოფილხარ და ასე უცებ, ფულითაც ვერ მოიხიბლები.
- ეგ, კი. - თავი დაუქნია ქირურგმა. - მაგ მხრივ, ჩემზე ძვირს, ვერავინ იტყვის.
- ჰოდა, არ გამოვა ბუნებრივად. - მიუგო ფიფომ. - რა? ფულის სუნი გეცა და დახარბდი? და მაშინვე ტოვებ ასეთ აწყობილ სამუშაოს? ეგ ხომ, აბსურდია!
- მართალი ხარ და ასე, ორი-სამი კვირა? ივარგებს? - ჩაეკითხა ქირურგი.
- კი! - თავი დაუქნია ფიფომ. - პირობებს რომ გაეცნობი და იმ კლინიკასაც კარგად რომ დაათვალიერებ, მერე უპასუხე ორი-სამი კვირა, ზუსტად ასე, ორი-სამი და არც ორი და არც სამი.
- ორი-სამი. - ღიმილით გაიმეორა მიმიმ.
- ჰო! - ღიმილითვე დაუქნია თავი ფიფომ. - ორი-სამი.
- ეს ჩანაწერი, წავშალო, ჰო? - იკითხა მიმიმ.
- წაშალე, მანდ არაფერია საინტერესო. - მიუგო ფიფომ.
- კიდევ კარგი, ბებიაშენი არ არის ამ საქმეებში გარეული. - უთხრა მიმიმ ქირურგს და ჩანაწერის წასაშლელად მობილურს დასწვდა.
ქირურგს ისევ ფერმა გადაჰკრა და ეს ისევ, მხოლოდ ფიფოს მოხვდა თვალში.
ამჯერად, ქირურგმაც შეამჩნია, ფიფო რაღაცნაირი გამჭოლი და თან, ჩაფიქრებული მზერით რომ აკვირდებოდა და გადაწყვიტა თავი დაეცვა.
- ბებიაჩემი, მასეთ საქმეებში, არ გაერეოდა და მისი მადლობელიც ვარ. - დაიწყო ქირურგმა. - სხვის უბედურებაზე, საკუთარ ბედნიერებას, ვერ ააგებდა! არ იყო მასეთი ქალი. აი, ჩანაწერიც კი ამას ამტკიცებს, თუ როგორ შეუშალა ხელი, ბავშვით ვაჭრობას. თუმცა ამ ამბავს, სამწუხაროდ, საბედისწერო შედეგიც მოჰყოლია.
- რა საბედისწერო შედეგი? - დაინტერესდა მიმი. - რაღაცას კი მოვკარი ყური. თუმცა, ბევრი ვერაფერი გავიგე.
ფიფოს სუნთქვა შეეკრა. აშკარა იყო, ქირურგმა რაღაც იცოდა პიპას შესახებ, მაგრამ რა? ან რამდენი?
- ნუ ბებიამ. - დაიწყო ქირურგმა, ცოტა არ იყოს, ენის ბორძიკით. თუმცა, მაშინვე მოეგო გონს და უფრო მშვიდად განაგრძო. - იცით, როგორ იყო? როცა დედები, თავიანთ ჩვილებს, გაჩენისთანავე ტოვებდნენ, შეიძლება დიდ ხანს, არც გაშვილებულიყო და არც მაშინათვე ყოფილიყო ბავშვთა სახლში გადაყვანილი. ერთხელაც, ერთ ჩვილს, დედამ მოაკითხა. უკან წაყვანა უნდოდა, სავარაუდოდ, გადაიფიქრა მიტოვება. ამას ექიმების მხრიდან, სასტიკი უარი მოჰყოლია. ბებიაჩემს კი, შესცოდებია ეს გოგონა და ბავშვი უნახვებია. რა თქმა უნდა, ექიმების უჩუმრად. ამას კი, ერთი ამბავი მოჰყვა. თურმე იმ ბავშვს, იქ სპეციალურად მალავდნენ და უკვე გამზადებული იყო გასაშვილებლად და ისე გამოვიდა, რომ ბებიაჩემმა ეს საქმე, ჩაშალა.
- წარმომიდგენია, რა დღეში ჩააგდებდნენ ბებოს. - თავი გააქნია მიმიმ.
- ჰო. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - დაიბარეს და თუ ნებით დაწერ განცხადებას და წახვალ, კარგ რეკომენდაციას მოგცემთო, თუ არა და მაინც გათავისუფლებული ხარო.
- ნუ, ისედაც და ასეც, სამსახურს კარგავდა. ეჰ. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- და, რა ტრაგედია მოჰყვა, იმ ამბავს? - შეპარვით შეახსენა ფიფომ.
- უი, ჰო! - მხარი აუბა მიმიმაც.
- იმ გოგოს, მერე თავი მოუკლავს, მგონი, ასე მახსოვს. - უპასუხა ქირურგმა. - ვკითხავ ბებოს და მოგიყვებით მერე.
- და რატომ, მერე? - ღიმილით მიმართა ფიფომ და ქირურგს ჩააშტერდა. - იქნებ, ახლა ვცადოთ?
- რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. თუმცა, აშკარად შეეტყო, რომ ფიფოს ეს წინადადება, არ ესიამოვნა.
- გემრიელობებს, მე შევუკვეთავ! - მიმი მაშინვე წამოფრინდა. - ბებო რომ არ შევაწუხოთ.
- არა, რა შეწუხებაა? - მიუგო ქირურგმა. - ასეთ სტუმრებს უპატივცემულოდ, აბა როგორ გაგიშვებთ?
- კარგი! - წამოდგა ფიფო. - მიმი შეუკვეთე, ისე რომ იქ მისვლამდე, მოგვისწროს.
- ხინკალი, ხაჭაპური და დესერტიც გვინდა. - მიმიმ მობილური მოიმარჯვა.
- რა იყო, მიმი? - გაეცინა ქირურგს. - შიმშილობაა? ერთ გემრიელ სადილს, ბებო ყოველთვის დაგვახვედრებს.
- ნუ აწვალებ მოხუცს. - მიმართა ფიფომ. - მიმი, შეუკვეთე რაც გინდა.
- მე ხინკალი მინდა!
- ჰაჰ. - გაეცინა ფიფოს. - წეღან მეგონა გასკდებოდი. ლამის, მთელი ლანგარი ცხელი ხაჭაპური, შენ შეჭამე.
- ჰო, რა ვიცი? - გაეცინა მიმისაც. - ალბათ, რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, რაღაც ახალი ეიფორია მაქვს და ჯერ ვერ ვგრძნობ რა მელის. თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი ამბების მოლოდინი უნდა იყოს.
ფიფო უხერხულად შეიშმუშნა. კარგი ამბები წინ, მართლა არ ელოდათ, მაგრამ ახლა ასეთ კარგ განწყობას მიმის, ნამდვილად ვერ გაუფუჭებდა.
- ჰოდა, მინდა გაგაფრთხილოთ. - მიმართა ფიფომ ორივეს. - ანდრას, თუ ჯერ ამ საუბრიდან, არაფერი აქვს მოსმენილი, არც არის საჭირო რომ იცოდეს.
- ვფიქრობ, არც ბებომ უნდა გაიგოს, რომ იწერდნენ, თორემ სერიოზულად მოუვა გული, როგორც ანდრაზე, ასევე ჩვენზეც სათითაოდ. - ჩაეღიმა ქირურგს და კარის შეღებისთანავე, ბებოს მიმართა. - აი, სტუმრებიც მოგიყვანე!
ბებომ თავი გამოიდო, ამდენი რამ რად გინდოდათო, განა ერთ სადილს, სტუმრებს ვეღარ ვაჭმევდიო.
ანდრა აწრიალდა, ჯერ მესიჯებს ჩაჰკირკიტებდა, მერე უკვე მოუთმენლობაც დაეტყო და სუფრის გაშლისთანავე, ქირურგს სთხოვა, ვაჩესთან გაეშვა.
- დააცადე იმ ბავშვს, მეცადინეობა. - უთხრა ქირურგმა.
- მხოლოდ ერთი საათით მცალიაო და... - მოწყენილად მიუგო ანდრამ.
- კარგი, წადი და წადი. - გაეცინა ქირურგს. - მოიცა, ტაქსის ფულს მოგცემ.
- მაქვს ფული, ბებომ მომცა. - ანდრა კართან იყო უკვე მისული, ქირურგი, რომ დაეწია და ჩანაწერის შესახება, სრული დუმილი სთხოვა.
- ალბათ იცი, ხომ რომ აქ სტუმარი მყავდა. - გამომცდელად გადმოხედა ბებომ შვილიშვილს.
- კი ბები, ვიცი. - მიუგო ქირურგმა. - ანდრამ მომახსენა უკვე და რა უნდოდა?
- ახალი კლინიკააო და შენი წაყვანა უნდა იქ.
- ოჰ, კაი, ბებო რაა. - თავი გააქნია ქირურგმა.
- იქნებ, იქ უკეთესი პირობებია და თუ მეტი ანაზღაურებაც იქნება, მაშინ რატომაც არა? - ჩაურთო ფიფომ.
- მაინც აქ, რატომ მოვიდა? ჩემთან სამსახურში, ვერ მომაკითხა? რაღაც არ მომწონს მე ეს ამბები. - ეჭვიანად ჩაეკითხა ქირურგი. - იქნებ, შენთანაც ჰქონდა საქმე და ბარემ, მეც მიმაყოლა.
- იქნებ იფიქრა, რომ შენ ასე ადვილად ვერ დაგიყოლიებდა და... - კვლავ ჩაურთო ფიფომ.
- და ბებიაჩემის ჭკუაზე გავივლიდი? - გაეცინა ქირურგს.
- ეჰ, რა ვიცი. - ხელი ჩაიქნია ბებომ.
- და მაინც, რაო? რაზე იჭორავეთ? - არ მოეშვა ქირურგი. - ძველი ამბები გაგახსენა ალბათ.
- ჰო, გამახსენა და რა გინდა ახლა შენ? მოსაყოლადაც არ ღირს.
- რატომაც არა! - აწრიალდა ფიფო. - სიამოვნებით მოგისმენთ.
- ისე, მეც მაინტერესებს. - გაიწკრიალა მიმის ხმამ, რომელიც აქამდე ხინკლის გულმოდგინედ ჭამით იყო დაკავებული.
- მიმი, რა იყო? - გაეცინა ფიფოს, როცა მიმის თეფშზე, ხინკლის რამდენიმე კუჭს მოჰკრა თვალი. - ჰოლოკოსტი გამოიარე?
- ღმერთმა შეარგოს. - გაეღიმა მოხუცს. - ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალი, კარგად უნდა იკვებებოდეს! აბა, როგორ გინდა? - მიუბრუნდა ფიფოს. - ლამაზ ქალს მოვლა, გაფრთხილება და კაი ჭამაც უნდა!
- მიდი, ფიფო, გადაიღე, სანამ რამე დარჩა. - ახლა ქირურგმა იხუმრა, რამაც საერთო სიცილი გამოიწვია.
- მგონი, რაღაცის მოყოლას აპირებდით, არა? - გამომწვევად ჩაეკითხა ფიფო ბებოს და თან თვალი, ქირურგისაკენ გააპარა.
- ჰო, ბები. - ქირურგმაც მხარი აუბა ფიფოს. - მიდი აბა მოგვიყევი, ის ამხელა თანამდებობა, როგორ დაგატოვებინეს.
- თანამდებობა იყო თუ რაც იყო, მაინც სამსახური იყო და მასხრად ასაგდები, სულაც არ იყო. - იწყინა მოხუცმა. - განა მშიერი ვიყავი და მაგიტომ ვმუშაობდი?
- ჰო, კარგი ბები რაა. - დაუყვავა შვილიშვილმა. - ვიცი და კარგად მახსოვს, ბაბუს გარდაცვალების შემდეგ, რამდენი ფულიც დარჩა.
- ეგ კი. ჰაჰ. - ჩაეცინა მოხუცს. - ლექტორი კაცი იყო, სკოლაშიც საათები ჰქონდა, ცალკე აბიტურიენტებსაც ამზადებდა და აეკიდა ერთი გოგო, ან ამან არ მოასვენა და ერთ დღესაც ადგა და სახლიდან წავიდა. მაგ დროს, მეც ვმუშაობდი. თუმცა, სულაც არ გვიჭირდა, ისევ იმ გათახსირებული ბაბუაშენის წყალობით. მერე ჩემი შვილი დარჩა უქმროდ, პატარა ბავშვით ხელში, თუ ბაბუაშენი არაფერს გაკლებდათ, მე მაინც ვმუშაობდი. ვცდილობდი, ოჯახის შემოსავალში, არ ჩამოვრჩენოდი. მერე ჩემი შვილიც გარდაიცვალა. ძალიან განიცადა ჩემმა ქმარმა. აწ უკვე, ყოფილმა ქმარმა და მოვიდა, პატიება გვთხოვა ყველას და შეყვარებული ქალის გული კი, რა არის?
- აპატიეთ? - ჩაურთო მიმიმ.
ფიფო დაიძაბა.
- რა თქმა უნდა! - მიუგო ბებიამ. - კარგი, მამა და ბაბუა იყო, ისე არც ცუდი ქმარი იყო, ჩხუბით არ ჩხუბობდა და სულ ცდილობდა, რაღაცით გავეხარებინეთ, მაგრამ მექალთანეობა ვერ და ვერ მოიშალა! პირველად რომ გავაგდე, მეფიცებოდა, შენც მიყვარხარო და ის გოგოც მეცოდებაო და აბა, ამის მერე, სახლში გავაჩერებდი?
- რა საშინელებაა! - აღმოხდა მიმის.
ფიფო მოიღუშა.
- ჰო, საშინელებაა. - კვერი დაუკრა ბებომ. - შემოვირიგე და ისევ იგივე გააკეთა! ახლა კიდევ, ვიღაც სტუდენტ გოგოს აეტორღიალა. ისე, რომ იცოდე, არც ის გოგოები იყვნენ, ზედმეტად კდემა მოსილნი. რომ დაინახეს, ფულიანი და კეთილი კაცი, შესახედავადაც კარგი წარმოსადეგი, რა ენაღვლებოდათ, სხვისი ოჯახის დანგრევა?
- და, კიდევ აპატიეთ? - ისევ იკითხა მიმიმ.
- უკვე აღარ! - მტკიცე ხმით უპასუხა ბებომ.
ფიფო შეცბა. თუმცა, არავის შეუმჩნევია.
- საბოლოოდ გავწყვიტე მასთან კავშირი! - განაგრძობდა მოხუცი. - აღარც მისი ფული მინდოდა და აღარც აღარაფერი! საძინებლიდანაც გამოვაძევე და მისი ყველა ნივთი, პატარა ოთახში გადავიტანე. მაინც ხშირად მოდიოდა შვილიშვილის სანახავად და ხანდახან, იმ ოთახში რჩებოდა კიდეც. მე მაინც ვმუშაობდი, აქ სახლში კი ჩემი უფროსი და, ადრიანად დაქვრივებული და მარტოხელა გადმოვიყვანე, თავისი ბინა გავაყიდინე და საზიაროდ ვზრდიდით ერთადერთ შვილიშვილს.
- და მერე, აღარც აპატიეთ? - ისევ იკითხა მიმიმ.
ფიფო აიწურა. რატომღაც მიმი, ღალატისა და პატიების თემით დაინტერესდა და ზედმეტადაც ჩაეძია. ქირურგიც მიუხვდა, მეგობრის უხერხულობის მიზეზს და აქაქანებული ქალები გააჩერა.
- მერე ბებო, მერე? - ჩაერია ქირურგი. - ჩვენ ის უფრო გვაინტერესებს, ჩვილების გაყიდვაზე რა ხდებოდა, თორემ აწ უკვე გარდაცვლილი ბაბუაჩემის ახუნტრუცების მოსასმენად კი არ მომიყვანია ეს ხალხი.
ფიფომ მადლიერების თვალი შეავლო ქირურგს და ცოტა, გულზეც მოეშვა.
- ჰო, მართალი ხარ, შვილო. მოკვდა კაცი და რაც ჩაიდინა, მიეტევოს თავის გზაზე.
- აბა, რა. - კვერი დაუკრა ფიფომაც.
- ჰოდა, რა ხდებოდა ჩვილებით ვაჭრობაზე, ეს უფრო ფიფოს აინტერესებ ხომ? - ბებომ ფიფოს გამოხედა.
- მეც მაინტერესებს. - ჩაურთო მიმიმ.
- ბევრი არაფერი ვიცი, შვილებო. - დაიწყო მოხუცმა. - თურმე, იმ დატოვებული ბავშვებიდან, ბევრიც მოპარული ყოფილა და ბევრიც, მართლაც მიტოვებული.
- და იმ მიტოვებულ ბავშვებს, რაღაზე მალავდნენ? - იკითხა მიმიმ.
- როგორ იყო, იცი? - განაგრძო ბებიამ. - იწერებოდა განცხადება, არ მინდა შვილიო, ან მშობლები აიძულებდნენ, ასე დაეწერა და ბავშვი დაეტოვებინა. მერე ეს ბავშვის დედა, გონს მოეგებოდა და უკან ითხოვდა შვილს, მაგრამ რადგან უკვე, ჩვილის დატოვების ოფიციალური საბუთი არსებობდა, უკან ვინღა გაატანდა?
- რა საშინელი კანონები იყო! - გაოგნდა მიმი. - იქნებ, დედა მართლაც ისეთ აგონიაში იყო, რომ არც კი იცოდა, რაზე აწერდა ხელს? ან დროებით ტოვებდა, სანამ სამუშაოს იშოვნიდა, ან...
- მიმი, მოიცა, რაა? - რბილი ხმით შენიშნა ფიფომ. - სწორედ, ამგვარი საბუთის საფუძველზე, რომელიც ქაღალდის ნაგლეჯი უფრო იყო, ვიდრე ოფიციალური დოკუმენტის ბლანკი, დედას აღარ ეძლეოდა უფლება, ბავშვის უკან დაბრუნებისა! და რაც შეეხებოდა ბავშვთა სახლს, იყო ასეთიც, რომ დროებითაც კი აბარებდნენ, მერე მოგვიანებით, რომ მიეკითხათ. თუმცა ხშირად, ბავშვი უკვე გაშვილებულიც ხვდებოდათ და არც კი უმხელდნენ სად.
- კი, მაგრამ როგორ? რანაირად? - აღშფოთდა მიმი. - მერე ის ქალი, რატომ არ ჩიოდა, რატომ არ...
- მიმი, მომისმინე. - განაგრძო ფიფომ. - იმ დროს არ იყო, ამდენი საკომუნიკაციო საშუალება და ამითაც სარგებლობდნენ, დედას ატყუებდნენ, ვერ გიპოვეთ, ვერ დაგიკავშირდითო და კიდევ, უამრავი რამ მიზეზი.
- საწყალი ქალები. - ამოხვნეშა მიმიმ.
- საცოდავები და თავად, უბედურ დღეზე გაჩენილები. - დაუმატა ბებომ. - ზოგი, მართლაც რომ უპატრონო იყო, უთვისტომო, უნამუსო კაცისგან მოტყუებული გოგო. არც არავინ გამოუჩნდა კეთილი მრჩეველი და დამრიგებელი, მხოლოდ ბოროტი ექიმებისა და ექთნების ხელში გაიარა მისმა სულმა და მანაც, მათ დაუჯერა, შვილი გულიდან მოიგლიჯა და დატოვა, სახლში ცარიელი წავიდა, ბოროტებმა კი იმ გაყიდული ბავშვით, ჯიბეები აივსეს.
- და მერე, რამდენ შვილად აყვანილს ჰგონია, რომ ბიოლოგიურმა დედამ, მართლა გამყიდაო და სინამდვილეში, ასე ორმაგად მოტყუებული აღმოჩნდა. - დაურთო ფიფომ.
- იმიტომ, რომ იმ საცოდავ მშობიარე ქალს, არავინ ჰყავდა მანუგეშებელი. - ბებომ ამოიხვნეშა. - ეჰ, ზოგს კი ისეთი პატრონი ედგა გვერდით, რომ ასე უქმროდ გაჩენილ ბავშვს, სახლში არ შეაყვანინებდნენ და სად წაეყვანა? არსად ჰქონდა სხვა წასასვლელი. ნებით თუ უნებლიეთ აიძულეს ბავშვის დატოვება, ან სულაც, არც კი ჰკითხეს ისე ააცალეს დედას, რომ ზედაც კი არ შეახედეს და მე საცოდავმა კი... - ბებომ ხელი ჩაიქნია.
ყველა გატრუნული უსმენდა, თუ როდისღა გააგრძელებდა მოხუცი საუბარს, ის კი თითქოს, არც კი ცდილობდა, რომ ხმა ამოეღო.
- ზოგჯერ, მშვილებელიც მოტყუებულა, ჰგონია რომ ეს მისი გადახდილი თანხა, ბავშვის დედამდე მივიდა. - დაიწყო ფიფომ. - მერე აღმოჩნდა, რომ დედას არც არაფერი აუღია. მოტყუებით, ან იძულებით დაატოვებინეს ჩვილი. თუმცა, არც თუ იმდენად ცოტა შემთხვევაა, რომ მშობელი თავად ყიდის შვილის. სამწუხაროდ, ჩვილის გაყიდვაში კი ყველაზე მეტად, რატომღაც ბებიები აქტიურობდნენ, ოჯახის ნამუსს უფრთხილდებოდნენ და ასე ართმევდნენ და აიძულებდნენ ბავშვის დატოვებას.
- დიახ! აი სწორედ, მასეთ ამბავს შეეწირა ჩემი სამსახურიც! - ჩაურთო მოხუცმა და ფიფოც მიხვდა, თუ როგორ სწორად დაიწყო საუბრის წარმართვა. - საკუთარმა ბებიამ ითავა, იმ ბავშვის გადამალვა. მე კი, დედისგან მეგონა მიტოვებული და მეცოდებოდა. ყოველ მორიგეობაზე, იქ მხვდებოდა. სულ ვეფერებოდით, ისეთი საყვარელი და ჩასაყლაპი ბიჭი იყო. მერე ერთ ჩვენს თანამშრომელს უნდოდა მისი აყვანა, ამაზე ჩალიჩობდა. თურმე ყველაფერი, უკვე გაჩარხული იყო და ცოტა დროს გასვლას ელოდნენ და აბა მე, რა ვიცოდი? ან საიდან უნდა მცოდნოდა, როცა არც იმ საქმეში გავდიოდი და არც მათ წილში ვეჯექი.
ფიფო სკამზე აწრიალდა, თითქოს უკვე, დარწმუნებული იყო, თუ ვის ეხებოდა ეს ძველი ისტორია.
- მერე? - ვეღარ ითმენდა ფიფო. - ალბათ, მოაკითხა დედამ და არ გაატანეთ?
- ექიმებმა აუტეხეს ერთი ამბავი, არც შემოუშვეს. - განაგრძო ისევ მოხუცმა. - ბავშვი მაინც მანახეთო, ისე გულსაკლავად ტიროდა საცოდავი. შორიდან მაინც დამანახეთ ჩემი შვილიო, ისე სულის შემძვრელად ბღაოდა პატარა გოგონა. ეჰ, თვითონაც ბავშვი იყო, ის საცოდავი.
- ღმერთო ჩემო! - შესძახა მიმიმ. - რა სადიზმია!
- ეჰ, სისასტიკის მეტი, რა იყო? - თავი გააქნია ბებომ. - ერთი გათახსირებული დარაჯი გვყავდა და რომ აწივლდა ექიმი, მომაშორეთ ეს გიჟიო, მოჰკიდა ხელი ამ, ისედაც გამწარებულ გოგოს და კიბიდან დააგორა.
- ვაიმე! - შეწუხდა მიმი.
- საწყალი. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- მერე მე, თავი გამოვიდე და იმ პატარა გოგოს გამოვექომაგე, ცხვირ-პირი სისხლითა და მიწით ჰქონდა სავსე. დარაჯს დავუცაცხანე. სახე სპირტით მოვწმინდე და თან ჩუმად ვუთხარი, საღამოს მოგვიანებით მოსულიყო. არა, ბავშვს ვერ გავატანდი, მაგრამ ფანჯრიდან მაინც დავანახებდი მის შვილს.
- მერე? - ვეღარ ითმენდა ფიფო. - აჩვენეთ?
- კი, ვაჩვენე და დღემდე, ვნანობ ამას!
- რატომ? - გაკვირვებული ხმით იკითხა მიმიმ.
- ბავშვი, როგორც კი ნახა, იმავე ღამესვე წასულა და თავი ჩამოუხრჩვია!
- ვაიმე, ფიფო! - აღმოხდა მიმის. - ეს ის ისტორია არ არის? შენ რომ იძიებდი?
ფიფოს, მიტკლის ფერი დაედო და სანამ ხმას ამოიღებდა, ქირურგი დროულად მიეშველა.
- ეჰ, ჩემო მიმი. - დაიწყო ქირურგმა. - იცი, რამდენი ისტორია იყო მასე? განა ერთი და ორი? ლამის, ათეული და უფრო მეტიც!
- ჰო, შვილო, ჰო! - კვერი დაუკრა მოხუცმა და ქირურგს ფარულად გახედა.
- მართლა? - გაუკვირდა მიმის.
- კი, მიმი, მართლა. - დაეთანხმა ფიფო და შვებით ამოისუნთქა, ქირურგის წყალობით, როგორ ადვილად დაუძვრა მიმის.
- და მერე, ის ბავშვი? - კვლავ იკითხა მიმიმ. - აიყვანა იმ ექთანმა, თუ იმანაც გაყიდა?
- კი, აიყვანა და ჰმ. - მოხუცმა თავი გააქნია. - რამდენიმე წლის მერე, ბავშვთა სახლში ჩაუბარებია. ეს ძალიან დიდი ხნის მერე გავიგე და ისიც, შემთხვევით. შეიძლება სულაც, სულ სხვა ექიმზე იყო საუბარი, აღარც მახსოვს უკვე.
- თუ ექთანზე? - იკითხა ფიფომ. - თუმცა ახლა, რა მნიშვნელობა აქვს.
მიმი თვალებგაფართოებული შესცქეროდა ფიფოს. ცხადი იყო, რომ მიხვდა, ვისაც შეიძლებოდა ეს ისტორია შეხებოდა. ფიფო კი თვალს არ აცილებდა, ნაღვლიანი სახით უხმოდ პასუხობდა, მეც ყველაფერს მივხვდიო.
მხოლოდ ქირურგი ჩანდა, შედარებით მშვიდად. ბებოსთვის მოეხვია ხელი და ასე ამშვიდებდა და ემადლიერებოდა მოხუცს, რომ მეგობრობის საიდუმლო, ასე შეუნახა და არ ასახელებდა იმ ბავშვის ვინაობას.
LEX. 2021 წლის 5 აპრილი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment