Tuesday, May 4, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 105)

105. 
- და რა ბედი ეწია მერე, იმ ბავშვს? - მიმის ეს კითხვა, უფრო ფიფოსკენ იხრებოდა. 
- მიმი! - საყვედურის ტონით მიმართა ფიფომ. - გამოუშვეს ქალი სამსხურიდან და საიდანღა უნდა იცოდეს? ისედაც, რამდენი რამ მოგვიყვა. 
- აბა, მართლა რაღა ვიცი, შვილო. - მიუგო მოხუცმა. 
ქირურგმა შვებით ამოისუნთქა. ახლა აშკარად გამოიკვეთა, რომ ბებო, პიპას დასახელებას, სულაც არ აპირებდა და ჩანდა, რომ არც ფიფოს არ აწყობდა ახლა ეს. 
მიმი გაიტრუნა. მართლაც ზედმეტი იყო ახლა ამდენი ჩაძიება. 
„იქნებ, მართლა პიპას ისტორიას ჰყვება?“ 
ფიქრობდა მიმი. 
„ხომ შეიძლება? 
და რატომაც არა, მაგრამ ახლა მისი ხსენება, ნამდვილად არც მე მინდა. 
ვხედავ, არც ფიფოს აწყობს და მე მესმის მისი და მით უმეტეს, ქირურგსაც არ აწყობს ახლა, ფიფოს ყურის მოსასმენად.“ 
სახლში დაბრუნებისას, არც მიმის და არც ფიფოს, ხმაც არ ამოუღიათ იმ თემაზე, რაც იმ საღამოს მოისმინეს. ისე იქცეოდნენ, თითქოს არც არაფერი ყოფილიყო. 
ფიფო საგონებელში იყო ჩავარდნილი, გულით უნდოდა მიმისთვის ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ როდისღა? ხან რამ შეუშალა ხელი და ხან რამ. შესაფერის დროს არჩევდა და ის დროც თითქოს, სულ არ აპირებდა მოსვლას. 
„ცოტა გრილ შხაპს მივიღებ, დავმშვიდდები და მერე შევალ მიმისთან. ბავშვიც უკვე დაძინებული იქნება და ასე მშვიდად, აუღელვებლად მოვუყვები ყველაფერს.“
ფიქრობდა ფიფო და გეგმებს აწყობდა, თუ საიდან უნდა დაეწყო მოყოლა, როგორ უფრო აჯობებდა, ისე შეეპარებინა მიმისთვის, რომ რაც შეიძლებოდა, ნაკლებად დასწყვეტოდა გული. 
ფიფომ ყველაფერი აწონ დაწონა. საშხაპიდან გამოსულმა, ხალათიც მოირგო და ასე მშვიდად და თავდაჯერებულად შეაღო მიმის საძინებლის კარი, მაგრამ მიმი იქ არ დაუხვდა. წუთით გაირინდა, ყური მიუგდო. იქნებ, სააბაზანოში იყო, მაგრამ არც იქ დაუხვდა. ფიფომ ქვემოთ ჩასვლაც კი დააპირა, მაგრამ მერე, დიმეოს ოთახში აღმოაჩინა, ბავშვის საწოლში შეყუჟული მძინარე მიმი. 
ფიფო ღიმილით დაჰყურებდა ორ, უსაყვარლეს ადამიანს და აღარ იცოდა, თავის საძინებელში გაბრუნებულიყო, თუ ისიც იქვე მოკალათებულიყო. 
დიმეოს საკმაოდ ფართო და განიერი საწოლი ჰქონდა, თუმცა სამი ადამიანი, თავისუფლად მაინც ვერ მოთავსდებოდა და თვალის გახელისთანავე შენიშნა, თუ როგორ იყო საკუთარ ლოგინში, მშობლების შუაში ჩაკვეტებული. 
ბავშვის სკოლაში წაყვანა, ფიფომ ითავა, რადგან მიმის დილით უგუნებობა დაეტყო. თუმცა, მშვენიერ ხასიათზე იყო, მაგრამ მეტი ძილი და დასვენება მოისურვა, მერე მუცლის გვრემაც იგრძნო და ყველაფერი, წინა დღის საჭმელს დააბრალა. 
ფიფოსაც ეს აწყობდა. სკოლიდან, ისევ სახლში მობრუნდებოდა და მიმის, მშვიდად დაელაპარაკებოდა და თან ამასობაში, მიმიც უფრო უკეთ დახვდებოდა.
უკან მობრუნებულ ფიფოს, მიმი ისევ საწოლში დაუხვდა. თუმცა ნამიან თმებზე ეტყობოდა, რომ უკვე შხაპის მიღებაც მოესწრო და ახლა, სააბაზანოს ხალათითვე შეწოლილს, ისევ ეძინა. 
ბარემ, წესიერად გამოიძინოსო, გაივლო გულში ფიფომ და ოთახის ფეხაკრეფით დატოვება დააპირა, თუმცა კართან მისულს, მიმის ხმაც შემოესმა. 
- არ მძინავს. - წაიკრუტუნა მიმიმ. 
- ცუდად ხარ? - ფიფოს უკვე, შეშფოთებული ხმა ჰქონდა. - ექიმს ხომ არ... 
- აუ, არა, რაა. - გაიზმუვლა მიმიმ. 
- აბა, რა გინდა? რა ამოგიტანო? ყავასაც მოგიმზადებ. - ერთიანად მიაყარა ფიფომ. 
- ის საზიზღარი ყავა, არ მინდა! - მიმიმ ტუჩები აბრიცა. 
- აბა, რომელი გინდა? მოვიტან. 
- აუ, არ წახვიდე, იყავი რაა. 
- მძღოლს მოვატანინებ. - ფიფო საწოლთან ჩამოუჯდა. - მიმი, რა გჭირს? მოიწამლე? 
- არ მინდა ყავა. - შეწუხებული სახით მიუგო მიმიმ.
- ნუ გინდა. - გაუღიმა ფიფომ. - აბა, რა გინდა? იმას მოვატანინებ, რაც გინდა. 
- არაფერი არ მინდა. - მიმიმ თვალები მილულა. - მეძინება. 
- კარგი გამოიძინე. - ფიფომ წამოდგომა დააპირა, მაგრამ მიმიმ შეაჩერა. 
- სამსახურში არ მიდიხარ? 
- წავიდე? 
მიმი წამოჯდა. 
- თავი მისკდება. - ამოიკვნესა მიმიმ და თავი, ხან იქეთ გადასწია, ხან აქეთ. 
- ბახუსში ხარ მიმი? - გაეღიმა ფიფოს და გულზე მოეშვა. - წუხელ ალბათ, ბევრი მოგივიდა, მე კი არაფერი შემიმჩნევია. 
- არ დამილევია. მარტო ვჭამდი და ვჭამდი. - მიმის შეყოვნდა. - დაუსრულებლად. 
- ჰოდა, ეგ არასასიამოვნო განწყობა, უნდა შევცვალოთ, სასიამოვნო საკვებით, რადგან სწორედ ეგაა, შენი უხასიათობის მიზეზი. - გამოცოცხლდა ფიფო. - აბა მითხარი, რას ინატრებ? 
- არაფერი მინდა. - მიმიმ ბალიშზე მიაგდო თავი. 
- არ გამოვა მასე! - შეუტია ფიფომ. - აბა, კარგად დაფიქრდი? იქნებ, რაღაც ისეთი მოგინდეს. აი, მე რომ ბახუსში ვარ... 
- ნივრიან წვნიანზე გიჟდები. - გაეცინა მიმის. 
- გინდა, მოვატანინო? 
- ფუ! - ცხვირი აბზიკა მიმიმ. 
- აბა, რით გიშველო? რა... 
ფიფოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მიმი სააბაზანოში შევარდა. ფიფომ წუთით იყუჩა, მერე კი ვეღარ მოითმინა და უკან მიჰყვა. 
მიმის ონკანი ჰქონდა მოშვებული და ცივ წყალს უშვერდა სახეს. 
- მიმი, რა ხდება? - შეშფოთებული ხმით იკითხა ფიფომ. 
- არ ვიცი, რაღაც თითქოს, გული ამერია, მაგრამ ვერ... - მიმიმ სველი სახე, ფიფოს გამოწვდილ პირსახოცში ჩარგო. 
ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა, ქირურგს დაურეკა და ყველაფერი მოახსენა. მიმიმ იწყინა და ფიფოს გაბუტული თვალები დაუქაჩა. 
- მოწამლულზე, გული თუ აერია, ეს ძალიან კარგია, ჰო? - კვლავ ეკითხებოდა ფიფო ქირურგს. 
- ვაიმე, არ მერევა გული, არა! - გაბრაზდა მიმი. - საიდან მოიტანე? 
- აბა? 
- რა ვიცი. - თავი გააქნია მიმიმ. - თითქოს რაღაც, კბილებში მასხამს. - ხელით ანიშნა, მუცლიდან პირამდე. 
ქირურგს ყველაფერი ესმოდა და სავარაუდოდ, კუჭი გაღიზიანდა და ნაღვლის ბუშტმაც რეაქცია მისცაო, ასე დაასკვნა. თუმცა მაინც, ექიმთან ვიზიტი ურჩია. 
- ჰო! აი, ზუსტად! - თავი დაუქნია მიმიმ. - რას ეძახის მამიდაჩემი? - მიმი ჩაფიქრდა. 
- რასაც არ უნდა ეძახდეს! - მკაცრად მიმართა ფიფომ. - ჩაიცვა ახლა და წავედით ექიმთან. 
- ოო, არ მიყვარს, ამ ექიმებში სიარული. 
- სასიყვარულოდ, არავინ დადის. ექიმებში! - გამოაჯავრა ფიფომ. 
- გადამიარა უკვე. 
- მართლა? - გაუხარდა ფიფოს. 
- ჰო! ახლა, უკეთ ვარ! თუმცა დილით, საშინლად ვიყავი. 
- გინდა, დაწექი ისევ. - შესთავაზა ფიფომ. - გერმრიელობებს, მძღოლი მოგვიტანს, დედიკოებს გავამზადებინებ. აქეთურებსაც და იქეთურებსაც. 
- ვაიმე, არ მინდა რა, გემრიელობები. - დაიჯღანა მიმი. 
- აბა, რა გინდა? - ჩაეკითხა ფიფო. - კარგად დაფიქრდი. 
- ფეიხოას კომპოტი მინდა. - წაიკრუსუნა მიმიმ. 
- ვკითხავ აბა, დედაჩემს, თუ აქვს. - ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა. - შენ მანამდე მოიფიქრე კიდევ რა გინდა. 
დედამთილმა, ბევრნაირი კომპოტი ჩამოუთვალა, მაგრამ მიმის მოსაწონი, არც ერთი არ აღმოჩნდა. თუმცა, თეთრი ბლის კომპოტზე, შედარებით უფრო შეჩერდა.
ახლა სიდედრსაც დაურეკეს და გახარებულმა მიმიმ წამოიძახა, ვიცოდი რომ გექნებოდაო და დედა რომ ჩაეკითხა, კიდევ რა გინდაო, მიმი ჩაფიქრდა. 
- კიდევ? რა ვიცი აბა... ფიფოს? - მიმი დაიჯღანა. - ნივრიანი? 
ფიფო თავს უქნევდა და ანიშნებდა, მინდაო. 
- ჰო, კარგი! გამოუგზავნე, რაც გაგიხარდება. მე მაინც სამსახურში ვარ, ჯერ. - მიმიმ მობილური გათიშა. - ესეც ასე! კომპოტებიც გვექნება და სხვა რამეებიც. 
- ჩემი საყვარელი სიდედრის გაკეთებული, ყველაფერი მიყვარს. - გაიკრიჭა ფიფო. - სხვათა შორის, შენც გიგზავნის დედაჩემი, სოკოს სალათს. შენ რომ გიყვარს.
- მგონი მინდა. - ღიმილით ჩაფიქრდა მიმი. 
- ქვემოთ გელოდები. - ფიფო კარისკენ დაიძრა და თან გულში, სულ იმას ფიქრობდა, როგორ შევაპარო მიმის, ჩემი ამბავიო. ბოლოს კი გადაწყვიტა, ჯერ გემრიელობები მიირთვას და მერე უფრო, ხასიათზე მოვაო. 
„და აი, მაშინ იქნებ, როგორმე ისე შევაპარო, რომ გული არ ვატკინო. 
ჰმ, ადვილი სათქმელია, გულის არ ტკენა. 
ეგ გამორიცხულიც კი არის, მაგრამ რა ვქნა? ოდესმე, ხომ მაინც გაიგებს. არა მგონია, რომ დიდ ხანს დაიმალოს. ის სულელი ქალი, ისე ჩალიჩობს რომ უეჭველი ეცდება, ყველაფერი მიმის ყურამდე, რაც შეიძლება მალე მიიტანოს. ამიტომაც უმჯობესია, მე თვითონ ვუთხრა, მე დავასწრო და ვეცდები, ყველაფერი კარგად ავუხსნა.“ 
როგორც იქნა, მორჩა ტრაპეზი. ფიფო უკვე ცმუკავდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა საუბარს.
მიმის ხასიათიც გამოუსწორდა, გემრიელად მიირთვა. ბოლოს, ყავაც კი ესიამოვნა და ისიც კი აღნიშნა, ალბათ სამსახურში, რაღაც ცუდი ყავა დავლიეო. 
- არადა, სულ მე ვყიდულობ ჩემთვის. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მაგრამ გუშინ, ისეთი საშინელი გემო ჰქონდა, რომ ლამის, გული ამერია. ძლივს შევიკავე თავი. 
- ალბათ, დაობებული იყო. - ღიმილით აღნიშნა ფიფომ. 
- რაა? - გაიკვირვა მიმიმ. - არც კი ვიცოდი, თუ ყავა ობდებოდა. 
- არც მე. - მიუგო ფიფომ და მძიმე საუბრის დასაწყებად მოიკრიბა ძალა. - მიმი! რაღაც უნდა გითხრა. 
პასუხად მიმიმ, გაუღიმა. 
ფიფომ ჯერ, შორიდან მოუარა. თემა, ღალატსა და პატიებას უფრო ეხებოდა. თუმცა, სულ სხვა რამით დაიწყო და თანდათან, ესეც შეაპარა მიმის. 
- როგორი საინტერესო ისტორია ჰქონია, თურმე ქირურგის ბებიას. - განაგრძობდა ფიფო. - რამდენჯერ უღალატა ქმარმა და მაინც, შემოირიგა. თუმცა კი ამბობდა, ბოლოს აღარ შევურიგდიო, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე, მაინც ხომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ. 
- ალბათ, უყვარდა და ამიტომ ბოლომდე ვერ შეელია. - დაასკვნა მიმიმ და ფიფოც მაშინვე დაეთანხმა. 
- რა თქმა უნდა! ნამდვილი სიყვარულია გადამწყვეტი ურთიერთობაში, რასაც... 
- გულძმარვა! - წამოიძახა მიმიმ. 
ფიფო შეცბა. 
- მამიდაჩემი ეძახის ასე. - მიმი ახსნას შეეცადა, როცა ფიფოს გაკვირვებულ სახეს შეავლო თვალი. - გული კი არ მერეოდა, არამედ მთელი კუჭის წვენი ამომდიოდა და ყელს მიწვავდა. 
ფიფომ არაფერი უპასუხა. 
- ეს მოწამვლის, შედარებით მსუბუქი ფორმაა. - განაგრძო მიმიმ. - უფრო მეტად, გაღიზიანებაა და არა... - მიმიმ თავი გააქნია. - უჰ, მეც ჩვენი ქირურგივით დავიწყე ახსნა. 
- ნუ რადგან, მოწამლული არ ხარ და ახლა მართლაც, ბევრად უკეთ ხარ, მაგას რა სჯობს? - გაეღიმა ფიფოს და ახლა ფიქრობდა, ისევ როგორ დაბრუნებოდა, იმ წინა თემას. 
- უჰ! აბა რაა. - დაეთანხმა მიმი. - თუმცა, ახლაც ერთი-ორჯერ, ისევ წამომიარა და ეს ბუნებრივიც არის. ხვალ იმედია, უკეთ ვიქნები. 
- და ხვალ, რა ხდება? - ჩაეკითხა ფიფო. 
- ხვალ? - ჩაფიქრდა მიმი. - ხვალ ოთხშაბათია, რადგან დღეს, სამშაბათია. - გაეცინა მიმის. 
- მიმი! რაღაც უნდა გითხრა! - ერთი ამოსუნთქვით მიახალა ფიფომ. 
- გისმენ. - გაკვირვებული სახით აიჩეჩა მხრები მიმიმ. 
ფიფო გაყუჩდა. სიტყვა ყელში გაეჩხირა. 
- ჰო, გისმენ. - ღიმილით გაიმეორა მიმიმ. - რა არის ასეთი, რომ ვერ ამბობ, ან იქნებ, დაგავიწყდა? აბა გაიხსენე, რას შეეხებოდა? რა თემა იყო? 
- თემა ღალატია. - როგორც იქნა, ამოღერღა ფიფომ. - უნებლიე. უნებლიედ ღალატი. 
- ეს უნებლიე ღალატი, როგორ გავიგო? - გაიკვირვა მიმიმ. - ახალი ტენდენციაა ურთიერთობაში? 
- ეს ის სიტუაციაა, როდესაც მართლა გულით არ გსურს, მაგრამ სრულიად შემთხვევით... 
- რას მიხსნი ფიფო? სიტყვის მნიშვნელობას? - ცალყბად ჩაეღიმა მიმის. 
- ყველაზე ნაკლებად, რაც მინდოდა, იმას გიხსნი. - განაგრძო ფიფომ. - არა, ყველაზე ნაკლებად კი არა, საერთოდაც არ მინდოდა შენი ღალატი. მას მერე, რაც შეგპირდი, სიტყვა მოგეცი, რომ მორჩა ამდენი კუნტრუში და წანწალი და მაინც, მიმი დამიჯერე რაა, სრულიად შემთხვევით, მართლაც და უნებლიედ მოღალატე გამოვედი და ეს მაწუხებს საშინლად. 
- და ახლა, მოგეშვა? - წუთიერი დუმილის შემდეგ უპასუხა მიმიმ. 
ფიფომ უარის ნიშნად თავი გააქნია. 
- იცი. - დაიწყო მიმიმ. - მე შენი აღსარებები, სულაც არ მჭირდება. უბრალოდ, შენ არ უნდა ეცადო, რომ... - მიმი შეყოვნდა. - და თუ კი ამბობ, რომ შენ არ გინდოდა და შემთხვევით შეგაცდინეს, არანაირი სურვილი არ გქონდა და შენზე იძალადეს. - მიმის ხმაში ახლა ცინიზმმაც გაჟონა. 
- მიმი, მართლა... 
- და მაშინ, რაღაზე მიყვები? თუ კი მართლა, სულაც არ გინდოდა და უნებლიეთ, რაღაც მოხდა, მაშინ რა საჭიროა, ჩემი გულისტკენა? ნებით თუ უნებლიეთ, თუ კი მაინც ღალატი გამოდის და მე ვერაფერი შეგამჩნიე, აბა რაღატომ მიყვები? - მიმი წამით გაჩუმდა. - თუ კიდევ აქვს ამ ამბავს, გაგრძელება? 
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი და სანამ რამეს იტყოდა, მიმიმ დაასწრო. 
- თავიდან შეიძლება, უნებლიეთ დაიწყო, მაგრამ მერე მოგეწონა და ახლა უკვე აღარ იცი, თავი როგორ დაიძვრინო და მინდა გითხრა, ყოველგვარი შორიდან მოვლისა და ისტერიკების გარეშე, თავისუფალი ხარ! 
- მიმი. 
- შეგიძლია, ახლავე ჩაალაგო. ნუ ნაწილი ბარგი, მოგვიანებითაც შეგიძლია წაიღო. 
- მიმი! 
- ან გაგიმზადებ და მძღოლი გამოუშვი. 
- მიმი, მე... 
- მესმის, რომ ძალიან რთულია, იცხოვრო ერთთან და ფიქრობდე მეორეზე. 
- არ არის მასე, არა! - ფიფომ ხმას აუწია. 
- აბა, როგორ არის? ბავშვის ნახვას, ნამდვილად ვერ აგიკრძალავ, რადგან დიმეოც გიჟდება შენზე, მაგრამ ჩემგან, თავისუფალი ხარ. იმედია, ახლა ამოისუნთქე და გულზეც მოგეშვა. 
- სულაც, არა! მიმი, საქმე უფრო რთულადაა, ბევრად უფრო რთულად. - ფიფოს ხმა გაებზარა. - ბავშვს ელოდება ჩემგან და... 
- და, რა? - არ დაიბნა მიმი. თითქოს, მოელოდა კიდეც ამას. - არ გიჭერ და მიბრძანდი იქ, სადაც გული გერჩის და არც დიმეოსთან ურთიერთობას დაგიშლი. მეტი, რაღა გინდა? 
- რა მინდა და არ გამაგდო. სახლიდან არ გამაგდო! სხვა არ მაინტერესებს, მარტო შენთან ერთად ცხოვრება მინდა და იმიტომაც გითხარი ეს ყველაფერი, რომ ადრე თუ გვიან, მაინც გაიგებდი და... 
- სხვისგან არ გინდოდა გამეგო და ისევ, შენ ივაჟკაცე. ჰმ. - მიმიმ თავი გააქნია. - ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ვისგან გაიგებ? გულის ტკივილი, მაინც ერთია. 
- მიმი, მაპატიე რაა... 
- ფიფო, რა გინდა? ან პატიებაში, რას გულისხმობ? აქაც იცხოვრებ და იქაც? არ გამოვა მასე! 
- მარტო შენთან ერთად მინდა ცხოვრება და ამიტომაც ვცდილობ აგიხსნა, რომ შევცდი, შემეშლა! მართლა უნებლიეთ მოხდა და ისე რომ, არც კი მახსოვს. 
- ესე იგი, ისიამოვნე და წესიერად არც კი გახსოვს როგორ, მაგრამ ის სიამოვნების განცდა, მაინც გახსოვს. - მიმის ხმაში, ცინიზმმა გაჟონა.
- წესიერად კი არა, საერთოდაც არ მახსოვს! - ფიფომ ხმას აუწია. - რაღაც დავლიე, მაგარი სასმელი. პირველი ორი ჭიქა, ნამდვილად მახსოვს, მე თვითონ დავისხი და მერე დილით, საწოლში მეღვიძება, არც არაფერი ვიცი, ოდნავადაც კი ვერ ვიგრძენი, თუ რა მოხდა ღამით. 
- და ამიტომაც დაარქვი, უნებლიე ღალატი. - მიმის მწარედ ჩაეღიმა. - და როდის გქონდა, ეგ ბედნიერება? რაღაც არ მახსენდება, ამ ბოლო დროს, რომ ღამით სახლში არ მოსულიყავი. 
- სამი თვის წინ. თითქმის, სამი თვე გავიდა. აი მაშინ, მამიდას დაბადების ღამეს რომ... რომ ვერ მოვედი და... და მერე... 
- და მერე, თეატრებითა და რესტორნებით რომ გამოისყიდე. - დაასრულა მიმიმ ფიფოს სათქმელი. 
- სწორედ, ეგ პერიოდი იყო და მიმი! არ მინდა შენგან წასვლა, მართლა არ მიფიქრია შენი ღალატი, გულშიც კი არ გამივლია! 
მიმიმ არაფერი უპასუხა. ერთხანს, ისხდნენ ასე უხმოდ. მერე მიმი წამოდგა ფანჯარაში დაუწყო ხალხს დაკვირვება. თითქოს, ვინმეს გამოჩენას ელოდა. მერე ესეც მოსწყინდა და ფიფოსკენ მობრუნდა. 
- ბავშვი, არაფერ შუაშია. - დაიწყო მიმიმ დაბალი ხმით. - ვალდებული ხარ მიხედო, ყურადღება მიაქციო, მაგრამ იცი, რომ ეს ყველაფერი, როგორ გამაღიზიანებს? 
- ვიცი, მიმი და გთხოვ, ოღონდ ნუ გამაგდებ და ნუ მკრავ ხელს და შენ როგორ იტყვი, ისე მოვიქცევი! შენ როგორც გინდა, ისე იქნება! თუ გინდა, საერთოდაც არ ვნახავ იმ ბავშვს და ისე, შორიდან დავეხმარები, რადგან მაინც ჩემი შვილია და უარს, ვერ ვიტყვი. 
- გგონია, მე ის მაღიზიანებს, რომ შენ, საკუთარ შვილს უნდა მიხედო? სულაც არა! 
- აბა, რა? 
- სულ სხვა რამ მომიშლის ნერვებს და უფრო გამაგიჟებს.
- სხვა რა? - გაიკვირვა ფიფომ. 
- ატყდება მერე, რეკვები. ფიფო მოდი, ბავშვს სიცხე აქვს, ღამე დარჩი! ფიფო, ბავშვი იქ წამაყვანინე! აქ წამომაყვანინე და დაიწყება დაუსრულებელი, ბავშვით ვაჭრობა, რაც შენი ხშირი, იმ ქალთან მისვლითა და მერე, ღამის თევითაც დაგვირგვინდება და ბავშვი კი, მხოლოდ შენი იქ დარჩენის მიზეზი იქნება! 
- მე შევეცდები, ყველაფერი ისე მოვაგვარო, რომ... 
- დიახ! შენ ეცადე უკვე, რომ არ გეღალატა, მაგრამ უნებლიეთ! და მაინც მოახერხე! 
ფიფომ არაფერი უპასუხა. 
- დიმეოს, შენ გამოიყვან. - დაბალი ხმით მიმართა მიმიმ. - საღამომდე მოვიფიქრებ, რა და როგორ იქნება და იცოდე! - მიმი ფიფოს ჩააშტერდა. - ან ჩემი პირობებით იცხოვრებ აქ, ან არადა, ჩაალაგე და წადი!
- კარგი. 
- რა კარგი? მიდიხარ, თუ რჩები? 
- რა თქმა უნდა, ვრჩები. - მტკიცე ხმით უპასუხა ფიფომ. 
მიმი ისე გავიდა სახლიდან, ფიფოსთვის არც დაუბარებია, სად მიდიოდა, ან როდის დაბრუნდებოდა. ფიფო უხმოდ ადევნებდა თვალს, გასასვლელად მიმი როგორ იკაზმებოდა. ბოლოს კიდევ ერთხელ შეახსენა, ბავშვი შენ მოიყვანეო და კარიც გაიხურა. 
გეზი პირდაპირ, ქირურგის კლინიკისკენ აიღო. თავს ცოტა ისევ შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, დილის უხასიათობის გამოსწორება, მოგვიანებით ფიფოს ღალატის ამბებმა ჩაანაცვლა და ახლა, საშინელ დღეში იყო. სჯეროდა ფიფოსი, სჯეროდა მისი მონაყოლის, მაგრამ გულის სიღრმეში, თავს მაინც შეურაცხყოფილად გრძნობდა და ახლა ქირურგთან მიიჩქაროდა. იმ კლინიკის, ქალთა კონსულტაციაში უნდოდა იმ ქალის, აღრიცხვაზე აყვანა, რომ ყველანაირად ყურადღების ცენტრში ჰყოლოდა. მართალია, თავად არც კი გამოჩნდებოდა, მაგრამ ყველა ხარჯებს დაფარავდა და ყურადღებას არ მოაკლებდა. თავს მოვალედაც კი სთვლიდა, რომ ასე მოქცეულიყო, რადგან ფიფომ თავის დროზე, დიმეოც საკუთარ შვილად მიიღო, სითბოსა და სიყვარულს არ აკლებდა და მიმისაც უნდოდა, იგივე სიკეთით ეპასუხა ფიფოს შვილისთვის. 
- ბარემ წამოგეყვანა, დღესვე ავიყვანდით აღრიცხვაზე, ანალიზებსაც აიღებდა, ექოსკოპიასაც გადაიღებდა და ისე, შენ არ გინდოდა ექო? - ჩაეკითხა ქირურგი. 
- არა. - თავი გააქნია მიმიმ. - უბრალოდ, გუშინ ძაან ბევრი ცომეული მომივიდა და თან ცხელ-ცხელი. სავარაუდოდ, კუჭი გამიღიზიანდა, ან ნაღვლის ბუშტი, ან ორივე ერთად. 
- მთავარია, ახლა კარგად ხარ. 
- ჰო, ცრუ განგაში იყო. 
- დაურეკე მაშინ იმ გოგოს. მოვიდეს ბარემ, დღეს მცალია, გეგმიური ოპერაციებიც არ მაქვს და მივყვები ყველგან. 
- იცი?.. - მიმი შეყოვნდა. - არ ვიცნობ. მისი სახელიც კი არ ვიცი. 
- აბა? - გაიკვირვა ქირურგმა. - ასე რამ შეგაწუხა? 
- ეს, ფიფოს... - მიმიმ თავი გააქნია. - ეს, ფიფოს „გმირობის“ შედეგია და თავს ვალდებულად ვთლი, რადგან... - მიმიმ ამოიხვნეშა. - დიმეო გიჟდება ფიფოზე და ასე ადვილად, ვერც მე ვკრავ ხელს, მით უმეტეს, თუ ფიფოსაც არ უნდა ჩემგან წასვლა.
- და შენც ასევე გინდა იზრუნო იმ ბავშვზე. - გაეღიმა ქირურგს. - კარგი ბატონო, იყოს ნება შენი და მაინც, როგორმე უნდა მოვიდეს აქამდე და მივხედოთ ერთად.
- თავიდან, საშინლად გავბრაზდი! გავბრაზდი კი არა გავცეცხლდი და თან, ფიფოც რომ ირწმუნება, არაფერი მახსოვსო, ეგ უფრო მაღიზიანებს. 
ქირურგმა არაფერი უპასუხა. წუთით, მიმიზე შეაჩერა მზერა. მერე დაიხარა, საწერი მაგიდის, ქვედა მარჯვენა უჯრიდან, რამდენიმე ფურცლის შეკვრა ამოიღო და მიმის წინ დაუდო. 
- ეს რა არის? - მიმი გაკვირვებული ათვალიერებდა. - ფიფოს გვარი კი წერია, მაგრამ რა გავიგო? უკვე დაჰყავს ფიფოს აქ, ის ქალი და ამას ახლა, შენგან ვიგებ? - მიმის ბრაზისგან, სისხლი მოაწვა სახეზე. 
- მაგაზე, ვერაფერს გეტყვი. რადგან, არაფერი ვიცი. - თავი გააქნია ქირურგმა. - ეს კი პირადად, ფიფოს ანალიზების პასუხია. 
- ვერ გავიგე? რა სჭირს ფიფოს? 
- იმ დღეს, აი, სწორედ იმ დღეს, როცა ფიფომ, ასე ვთქვათ, ან როგორც თავად მოგვიყვა, რომ უნებლიეთ გაიკუნტრუშა და მერე, აქეთ გვერწმუნება და გვეფიცება, რომ მართლაც არაფერი ახსოვს, შენ წარმოიდგინე, სრულ სიმართლეს ჰყვება! მას მართლაც, არაფერი ემახსოვრებოდა, რადგან ამხელა დოზის მიღების მერე, მეხსიერება კი არა, მე ისიც კი მეეჭვება არის კი საერთოდ ორსულად ის ქალი, ან უფრო სწორად, იმ ღამით, ნაკლებ დასაჯერებელია, რომ ფიფოს საერთოდ, რამის თავი ჰქონოდა. 
LEX. 2021 წლის 23 აპრილი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment