Friday, February 23, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 138)

138.
მხატვარი დიდ ხანს იჯდა ჩაფიქრებული. თვალწინ სულ ის ფოტო უტრიალებდა. მართლაც, როგორ საინტერესოდ იყო გამოსახული მიტოვებული, მარტოსულად მიგდებული... 
არა, უბრალოდ ოთახში მდგარი ინსტრუმენტი კი არა, მართლაც რომ უცებ მიტოვებული როიალი იყო. 
„ჰმ, მიმი რა ტიპია.“ 
ფიქრობდა მხატვარი. 
„მიმის, რომ ის პატარა ნიუანსი არ შეემჩნია, ფიფო ვერაფერსაც ვერ აღმოაჩენდა.“ 
მხატვარმა ამოიხვნეშა და კვლავ ფიქრს მიეცა.
„ალბათ, მიმის სულიერი სიმარტოვე ეცნო. სწორედ ის, რაც მას ახლა სჭირს. მომავალი დედა, რომელიც შვილის გაჩენის სიხარულში უნდა ბრწყინავდეს, და ის კი? ჩამქრალი სევდიანი თვალებით გვიღიმის. 
რატომ დარდობს ასე ეს გოგო? ნუთუ, ასე ძლიერად უყვარს, რომ... 
სხვა მის ადგილას, რას აღარ მოიმოქმედებდა, მიმი კი? 
არც კი უცდია, ფიფოს ჩამოკიდებოდა კისერზე, სანამ ფიფომ არ დააძალა, მანამდე უარზე იდგა, მარტოც მშვენივრად გავზრდი ბავშვსო და მართლაც, სხვა მის ადგილას, ისე ოსტატურად შეატყუებდა ბავშვს, რომ ფიფო, აზრზეც ვერ მოვიდოდა. 
ჰმ, ისე კი ჰქონდა ფიფოს ეგ გამოცდილება და მაშინ, ალბათ რაღაც განგებამ იხსნა, რომ ის ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. 
მიმი კი? 
ჰმ, პიპას ყოველი ხმის ამოღებაზე, სახეზე ალმური ედებოდა. 
მის ყოველ შენიშვნაზე, დამფრთხალი თაგვივით აცეცებდა თვალებს. 
ის კი? როგორ მკაცრად ექცეოდა, თითქოს მიმი ოროსანი მოსწავლე იყო და პიპა ყველაზე მკაცრი და სასტიკი მასწავლებელი. ლამის კუთხეში დააყენა! ცოტაღა დააკლდა! ჰაჰ! 
იქნებ, სპეციალურად ექცეოდა ასე? ალბათ, უფრო ჩემს მოსაჩვენებლად, მაგრამ მიმის სახეზე ეწერა, რომ არ თამაშობდა, მართლა განიცდიდა პიპას ასეთ სიცივეს. ისე, მართალია პიპაც, რადგან მიმისგან, როგორც ვიცი, ყოველთვის თავს არიდებდა, თუმცა, ორ-სამჯერ მაინც კი გახვია შარში. 
და მაინც ერიდება, რაც შეიძლება იმაზე მეტად ჰკრავს ხელს. 
პრინციპში, მართალია. მასეც უნდა მოიქცეს. თუ კაცობის ნატამალი მაინც გაგაჩნია, უდანაშაულო უსუსური არსება არ უნდა ჩაიყოლო, შენს ბნელ საქმეებში არ უნდა ჩაითრიო, მაშინ რაღა სამართლის გამსწორებელი ხარ? აბა რისთვის იყო ამდენი მსხვერპლი საჭირო? 
ეს კარგია, რომ ასე ფიქრობს და ასეც იქცევა, მაგრამ ეს ჩურჩუტი გოგო კი ვერაფერს ხვდება და დარდით აღარაა. 
ეჰ, სამართლიანი მკვლელის სტატუსი აქვს მორგებული, რადგანაც თავად აწარმოებს სამართალს, მაგრამ თავადვე, რომ იქცა მკვლელად? 
კიდევ კარგი, მიმის მიმართებაში სულ ბოლომდე არ ჰქონია ნამუსი გარეცხილი. 
ჰმ, ნამუსი 
სინდისი 
და მაინც მკვლელია!“ 
ათას რამეს ფიქრობდა მხატვარი. ერთხანს, ისიც კი გაიფიქრა, იქნებ როგორმე პიპასთვის შეეტყობინებინა, რომ არ მისულიყო იმ დანაშაულის ადგილას, მაგრამ აბა როგორ? მართლა არ უნდოდა, რომ ფიფოს პიპა მოეკლა. ფიფოს კი მაინც გაამრთლებდნენ, არავინ დასჯიდა და არავინ იტყოდა, მკვლელიაო, მაგრამ აბა, როგორ უნდა ჩაეშალა ამდენი წლის ნაწვალები და ნადევნი საქმე? 
ფიფო მისი მეგობარი იყო, პიპა კი ბავშვობის ტკივილიანი წლების შემამსუბუქებელი. 
აბა მართლა, რომელი უნდა გაეწირა? 
არც ფიფო იყო დალხენილი. პიპას მოლოდინში ჩასაფრებული, მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას.
არა, მისი მოკვლა ნამდვილად არ უნდოდა, ან რაში არგებდა? ყველაფერი კანონის ქმედების გათვალისწინებით უნდოდა, რომ ყოფილიყო. დააკავებდა ჯერ ეჭვმიტანილს და შეეცდებოდა იქამდე მიჰყოლოდა, სანამ დანაშაულს არ აღიარებდა. სამხილი ფაქტიურად არც ჰქონდა, მაგრამ იმ სახლში შეპარვა, სადაც დანაშაული მოხდა - აი ეს იყო ერთ-ერთი დიდი კვანძი. 
მერე აბა, თავს როგორღა იმართლებდა? შემთხვევით მოვხვდიო, რომ ეთქვა, ესეც ხომ ტყუილი იქნებოდა, რადგან მისამართი მიმიმაც კი არ იცოდა და საიდან უნდა გაეგო, თუ თავად არ იყო მკვლელი? 
ფიფო უამრავ ვერსიას ატრიალებდა თავში და მოთმინებით იცდიდა, უკვე დილიდან, წინასწარ შეურჩეულ ადგილას. 
გარეთ საკმაოდ ციოდა. ზამთრის სუსხი, იმ ნახევრად დამწვარ სახლშიაც კარგად იგრძნობოდა. ორივე მხრიდან უბერავდა, მაგრამ მაინც ისეთ ადგილას ჩაიმალა, რომ თითქმის მთლიან ოთახს კარგად ხედავდა და ფანჯრიდან შემოსული, ქუჩის ლამპიონის სხივიც, პირდაპირ როიალს ეფინებოდა და შეუმჩნევლად ვერც ვერავინ შევიდოდა და ვერც ვერავინ გამოვიდოდა. 
ფსიქოლოგი ბიჭი კი გარეთ, სიცივისგან და ქარისგან, კარგად მოფარებულ ადგილას ჩასვა. ისეთი სამალავი მიუჩინა, საიდანაც სახლის შესასვლელი კარგად ჩანდა, ვინც არ უნდა შესულიყო, შეუმჩნეველი მაინც ვერ დარჩებოდა. 
წინასწარი შეთანმხებით, იონა იმ წამსვე ფიფოს ნიშანს მისცემდა, როგორც კი ვინმეს კართან მისულს დაინახავდა. თავად არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ფარანს მიანათებდა სხვა მოპირდაპირე სახლის ფანჯრებს, რომლის არეკლილ სხივსაც, ფიფო თავისი სამალავიდან ადვილად შენიშნავდა. სულ ეს იყო მისი დავალება და არც ერთ შემთხვევაში, ცხვირი არ უნდა გამოეყო იქიდან. 
ფიფოსგან განსხვავებით, კი იონა ბევრად ადრე გაჩნდა იქ და უკვე შებინდებულზე, მოეწყო თავის სამალავში, რომელიც პირველი სართულის, ნახევრად სარდაფი იყო, სადაც სახლის პატრონს, გამათბობელი ჰქონდა დამონტაჟებული, რომ ზედა სართულზე უსაფრთხოდ დაეთბო ბინა. იქაც კი მშვენივრად თბილოდა და იონაც პატარა სარკმლიდან ადევნებდა თვალს მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე სახლს. 
ესეც ფიფოს დამსახურება იყო. სახლის პატრონთან სულ სხვა რამეზე შეთანხმდა და ორი-სამი დღით იქირავა, ეს სარდაფი და არც კი მოელოდა, თუ ასეთი თბილი ოთახი დახვდებოდა. 
ძალიან კარგიო, გაივლო გულში ფიფომ. ეს ბიჭიც არ გამიცივდება და უფრო მეტ კონცენტრირებას მოახდენს სათვალთვალოდ და თანაც, ყინვა და ქარიც ვეღარ შეაწუხებსო. 
გახდა ღამის სამი საათი. 
ოთხი. 
არავინ ჩანდა. 
ფიფოს ლამის სული ელეოდა ისე უნდოდა სიგარეტის მოწევა, მაგრამ რაც შეიძლებოდა თავს იკავებდა და მოუთმენლად ელოდა დამნაშავის გამოჩენას. საათს დახედა ხუთი იყო უკვე დაწყებული. 
„თუ მოვა, ახლა მოვა, ან აღარ მოვა.“ 
გაიფიქრა ფიფომ. 
„იქნებ, არც ხვალ მოვიდეს და არც ზეგ და არც არასდროს! კიდევ კარგი, ის ბავშვი იქ კარგად ჩავჩურთე, თრემ მართლა გამეყინებოდა გარეთ!“ 
ახლა იონაზე ფიქრს გადასწვდა ფიფო. 
„კარგადაც ჩავფუთნე, ნეტა იმ ზედმეტ სითბოში არ ჩაეძინოს და ფხიზლად იყოს მაინც.“ 
ფიფომ ისიც ივარაუდა, ბიჭს, რომ მაინც ჩასძინებოდა და სიგნალი ვერ მიეცა, ამიტომ თვითონ ორმაგად ფხიზლად უნდა ყოფილიყო. 
იონას კი უკვე მართლაც ეყვინთებოდა, ძლივს იკავებდა თავს. ცოტაც და ძილისკენ წავიდოდა და სწორედ შეამჩნია, თუ როგორ იდგა ვიღაცის ლანდი სახლის წინ. 
ჯერ კარგად დააკვირდა. იფიქრა, ხომ არ მეჩვენებაო. არა, აშკარად ვიღაც იდგა, მაგრამ გატრუნული. ადგილიდანაც არ იძვროდა. 
ბიჭი გაყუჩდა. ცოტა დაიბნა კიდეც. უცებ ყველაფერი ერთმანეთში აერია. ვეღარ გაიგო სიგნალი ახლა უნდა მიეცა, თუ სახლში რომ შეიპარებოდა ვინმე, მაშინ. ისიც კი იფიქრა, ამ სიგნალს ის დამნაშავეც ხომ დაინახავსო და ამ ფიქრში იყო, როცა მოულოდნელად, ლანდი დაიძრა და სანამ იონა რამეს მოიფიქრებდა, უკვე სახლშიც შეაღწია. 
დაბნეულმა ბიჭმა, სიტუაციის გამოსწორება სცადა და მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრა, სამალავიდან გამოვიდა. 
წამით იქაურობას მოავლო თვალი. მერე ქუჩა გადაჭრა და სახლთანაც ფეხაკრეფით მიირბინა. კიბესთან გაიტრუნა. არავინ ჩანდა, არც არანაირი ხმა არ გამოდიოდა სახლიდან. 
კიბე ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით აიარა და კარებში შესვლისთანავე ფარანი პირდაპირ სახეში შეანათა ვიღაც კაცს. 
პიპა წამით დაფრთხა, მაგრამ მყისვე განსაზღვრა, როგორ უნდა მოეგერიებინა მისკენ წამოსული ფარნიანი სილუეტი. 
ერთი ნახტომით, ბიჭს ფეხებში შეუვარდა. იონამ ძირს მოადინა ბრაგვანი. პიპა ზემოდან დაეცა ერთი მუშტის შემოკვრაც მოასწრო. 
ვიღაცამ გაისროლა. 
ხმაურზე ფიფო გამოვარდა და საიდანაც სროლის ხმა მოესმა იქითკენ დაახალა ტყვიები. 
თითქოს, გასროლის ხმაც რაღაც ეუცნაურა, მაგრამ დაკვირვების დრო აღარ იყო, ისე დაახალა ტყვიები იმ ხმის მიმართულებით, რომ არც კი დაფიქრებულა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ფიფო ადგილიდან არ იძვროდა. ცდილობდა, ჯერ სიბნელეში გაერჩია რა ხდებოდა ოთახში. ძირს გაგორებული ფარნის შუქი კი, მხოლოდ კიბის ერთ ნაწილს ანათებდა ზოლად
მიხვდა, იონას რაღაც შეეშალა და ნიშანიც არასწორად მისცა. წუთით იყუჩა, ყური მიუგდო. მერე დაბალი ხმით ბიჭს უხმო. ხმა არავინ გასცა. უფრო ხმამაღლა დაუძახა. სადღაც ქვემოდან კვნესის ხმაც მოესმა. ფიფო ფარნის ასაღებად გაიწია, რაღაც რბილს წამოედო და ზედ დაეცა. წამოდგომისას ისევ წამოედო წაბორძიკდა და კიბეზეც ჩაგორდა. 
ყველაფერი წამებში მოხდა. 
ფიფომ წესიერად ვერც მოასწრო გააზრება, რომ უკვე კიბის ძირში ეგდო. ძლივს აათრია ტანი. მუხლები უკანკალებდა, ხელის გულებს ტკვილისგან ვეღარც გრძნობდა. წამში ათასმა საშინელმა ფიქრმა გაჰკრა.
„ვაიმე, მოვკალი! ვიღაც მოვკალი! 
მოვკალი! 
ვინ მოვკალი?“
ხმა რომ შემოესმა, ამოისუნთქა. 
იონა უკვე წამომჯდარიყო და მტკივან თავზე ხელს ისვამდა. 
- მაპატიე, ფიფო, მაპატიე, ჩემი ბრალია. - ზლუქუნებდა ბიჭი. 
ფიფო გიჟივით მივარდა. დაფეთებული უსინჯავდა მხრებს, ხელებს, ფეხებს. 
- დაჭრილი ხარ? სად მოგხვდა ტყვია? რა გტკივა? 
- მარტო თავი მტკივა. - წაიწრიპინა იონამ. 
- აბა მაჩვენე! დაჭრილი ხარ?! 
- არა, არ ვარ დაჭრილი. არა. 
ბიჭი ბეწვზე იყო გადარჩენილი. ფიფომ, რომ სროლა გააჩაღა მაგ დროს უკვე ძირს ეგდო და მის და ბედად, არც ერთი ტყვია არ მოხვედრია. 
ფიფომ ძლივს მოიბრუნა სული. ძლივს დარწმუნდა, რომ ბიჭი ტყვიით დაჭრილი არ იყო. შვებით კი ამოისუნთქა, მაგრამ შვება, ჯერ კიდევ სად იყო.
თენდებოდა. ასეთ დროს და ასეთ მდგომარეობაში ხანუმასთან მისვლას ისევ თავის ნაქირავებ ბინაში ასვლა სჯობდა, თანაც მიმი მაინც დედასთან ათევდა ღამეს. ზედმეტ შეკითხვებსაც აარიდებდა თავს. 
იონას ერთ მხარეს სახე შესიებული ჰქონდა, ხოლო მეორე მხარე, გატეხილი თავიდან წამოსულ სისხლს შეეღება, ცალკე კიდევ ცხვირიდანაც სისხლი სდიოდა. საშინელი სანახავი იყო. ფიფომ ჭრილობა გაუსუფთავა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ნატყვიარი არ იყო. 
იონა ბურდღუნებდა. ბოდიშებს იხდიდა. წესიერად არც ახსოვდა რა მოხდა. 
- არ ვიცი, როგორ მოხდა. დაცემისას ჩემივე ფარანი მოვირტყი, და სანამ... 
- ის მაინც, თუ გახსოვს, იარაღი როდის გესროლა? - ჩაეკითხა ფიფო. 
- როგორც კი ძირს დავეცი, მგონი მაშინ ვისროლე. - წაილუღლუღა ბიჭმა. 
- რააა?! - შეჰყვირა ფიფომ?! - შენ ისროლე?! 
იონამ თავი ჩაღუნა. 
- გადაირიე?! გაგიჟდი?! - აღრიალდა ფიფო. - ვინ მოგცა იარაღი?! საიდან გქონდა?! 
შიშისგან და ტკივილისგან გალურსული ბიჭი ხმას ვეღარ იღებდა. 
- მომეცი აქ! - შეუღრინა ფიფომ. 
- რა? 
- მომეცი მეთქი იარაღი! 
- არ მაქვს. - წაიწრიპინა ბიჭმა. 
- წაგართვა? 
- არ მახსოვს. - გაბზარული ხმით წაიკვნესა იონამ. 
- ღმერთო რა დავაშავე! ასეთი რა შეგცოდე! - აღმუვლდა ფიფო. - ფეხი არ გაადგა აქედან! კარიც არავის გაუღო! 
- მიმი, რომ მოვიდეს? 
- მიმი? მიმის თავისი გასაღები აქვს! - ფიფო ჩაფიქრდა. - არ მინდა, რომ მიმიმ აქ გნახოს. ჯერ არც მინდა, რომ ერთმანეთს იცნობდეთ, თან მით უმეტეს, ჩემგან. იყავი აქ! რამეს მოვიფიქრებ. ჯერ ადრეა მაინც. 
ფიფო უკანვე გავარდა. სანამ სამსახურში ხმა დაირხეოდა, საჭირო იყო იმ სახლიდან ზედმეტი კვალი გაექრო. 
ძირს დავარდნილი ფარანი ჯერ კიდევ ანათებდა. იარაღიც იქვე ეგდო. 
„უჰ, კიდევ კარგი პნევმატური ყოფილა. ამიტომაც იყო, რომ რაღაც სხვანაირი ხმა შემომესმა და არც კი დავფიქრებულვარ. რა იდიოტივით მომივიდა. სად გადავრჩით, რომ ნამდვილი იარაღი არ იყო და მართლა არ მოკლა ვინმე, მაგრამ მე რომ მომეკლა ის? ან ეს სულელი ბიჭი, რომ შემომკვდომოდა? 
მართლაც ბეწვზე ვართ გადარჩენილნი.“ 
თავ-პირ დალეწილ იონას, დივანზე მიკუნტულს, ისე ტკბილად ეძინა, რომ არც გაუგია ფიფოს შემოსვლა.
უკვე გათენებული იყო. ასე ადრიანად მიმი არც მოვიდოდა, მაგრამ მაინც სიფრთხილე საჭირო იყო. დროულად უნდა გასცლოდნენ იქაურობას. 
ფიფომ საათს დახედა და ახლაღა შეამჩნია, რომ ხელზე დამსხვრეული საათი ეკეთა და მხოლოდ შხაპში შესვლის მერე აღმოაჩინა, რომ ხელის მტევნებთან ერთად მუხლებიც კარგად ჰქონდა გადაყვლეფილი, ისევე როგორც ტუჩ-ნიკაპი და შუბლის არე, მაგრამ იმდენად იყო დაზაფრული და ნერვებმოშლილი, რომ უკვე ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა და ამ საშინლად ჩატარებულ ოპერაციას, მიმის ნაჩუქარი საათის გატეხვაც, რომ მოჰყვა, ეს კიდევ ცალკე უმძიმებდა გულს. 
„არაუშავს, გავალ მერე და ზუსტად ასეთივეს ვიყიდი. კიდევ კარგი, ორიგინალი არ არის. თუმცა, არც ეს ჩანს მგონი იაფი.“ 
ფიქრობდა ფიფო და მთელი სისწრაფით მიაქროლებდა ხანუმასკენ მანქანას, სადაც უკვე ნათლია მის მოლოდინში, ადგილს ვეღარ პოულობდა. 
LEX. 2018 წლის 23 თებერვალი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment