Wednesday, February 21, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 136)

136.
ფიფო საშინლად ბრაზობდა მედ.ექსპერტზე. ძლივს იკავებდა თავს, რომ ამდენი დაუდევრობის გამო, მისი სამსახურიდან გათავისუფლება, არ მოეთხოვა. ბოლო დროს, მართლაც ისე დაუდევრად და უგულოდ მუშაობდა, რომ უკვე სხვებსაც არა ერთხელ მოუთხოვიათ მისგან, ექსპერტიზის ხელმეორედ ჩატარება. 
თითქმის ყველა თანამშრომელი უკმაყოფილო იყო, მაგრამ რატომღაც ამაზე, ხმას არავინ იღებდა. იქნებ, უფრო ფიფოს უფრთხილდებოდნენ და ამიტომ იყვნენ ჩუმად, მაგრამ ამ ქალის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნა, ფიფოს მხრიდან, მაინც ძალიან ცუდი ჟესტი იქნებოდა. ახლა ყველა იმაზე დაიწყებდა ფიქრს და მითქმა-მოთქმას, რომ ამით ფიფო, თავის ყოფილ სატრფოს, სამაგიეროს ასე უხდისო, ამიტომ რაც შეიძლებოდა ფიფო ითმენდა და არაფერს ამბობდა, თუმცა პირადად, უკვე არა ერთხელ უსაყვედურა. 
ახლა კი საინტერესო იყო, რა შენიშნა ფიფომ იმ ფოტოზე ასეთი, რომ ფერი წაუვიდა და მერე საკმაოდ ოსტატურად შეურია სხვა ფოტოებში. 
მიმის არაფერი გამოჰპარვია. მშვენივრად შეამჩნია, ფიფომ როგორ სწრაფად ჩააგდო საქაღალდეში სწორედ ის ფოტო და ზემოდან იდაყვიც დაადო, მერე საათსაც დახედა. 
იქნებ, სულაც არ ეჩქარებოდა და ესეც მიმის მოსაჩვენებლად იყო? 
„ისე მართლა, რა უცნაურია?“ 
გაივლო გულში მიმიმ. 
„ხანძარი იყო, მეტი ხომ არაფერი მომხდარა და ისეთი მონდომებით დამალა ის ფოტო, თითქოს... ჰმ.“
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი. თითქოს, არც სწყინდა და სულაც არ ადარდებდა ფიფოს ასეთი ქცევა. თუმცა, მაინც სადღაც გულის კუნჭულში, ძალიან ეწყინა. მერე გაახსენდა ის დრო, როცა ფიფო უფრო მეტად ენდობოდა. მკვლელობის საქმეებშიც კი ჩაახედა. ათასი რამ სულ დეტალებშიც მოუყვა. 
„ახლა კი...“ 
სწყინდა მიმის. 
„ჩვეულებრივ ხანძარს, ისე ასაიდუმლოებს, თითქოს რაღაც ტერორისტული აქტი ყოფილიყოს. 
იქნებ, მართლაც მასეა, მაგრამ ხომ კარგად მიცნობს? როდის იყო გამიცია მისი საიდუმლო?“ 
თავიდან ფიფომ, თავისი ჭკუით, ოსტატურად გადამალა ის ფოტო. დარწმუნებული იყო, რომ მიმიმ ვერაფერი შენიშნა. მოგვიანებით კი, სულ სხვა იდეა გაუჩნდა. აუცილებლად როგორმე მიმისთვის უნდა ჩაეწვეთებინა ისეთი რამ, რაც უთუოდ პიპას ყურამდე მიაღწევდა, მაგრამ როგორ უნდა მოეხერხებინა ეს, ჯერ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. 
საღამოს ისევ შეიკრიბნენ სახელოსნოში. ფოფო არსად ჩანდა. პიპას უკვე საშინლად არ მოსწონდა ეს ამბავი, მაგრამ მაინც უკან არ იხევდა. 
მიმი კი, ამჯერადაც, ისევ როგორც, წინა დღეს, მხოლოდ მხატვრისა და პიპას საზოგადოებით უნდა დაკმაყოფილებულიყო. 
ფიფოს ელოდნენ, მას უნდა წაეყვანა ნათლიასთან საქეიფოდ, მაგრამ რატომღაც იგვიანებდა და მისი ეს დაგვიანებაც, საკმაო ხანს გაიწელა. 
პიპა მშვენივრად ხვდებოდა, ფიფო აუცილებლად რაღაცას უწყობდა, რაღაც მახეს უგებდა და იმის მაგივრად, რომ უფრო მორიდებოდა, პირიქით, ახლა უფრო მეტად გაუჩნდა სურვილი, რომ იქვე ახლოს ეტრიალა. 
სახელოსნოში ხან რაზე ისაუბრეს ხან რაზე. სასაუბრო თემაც, ფაქტიურად არც იყო და არც პიპა იკლავდა, ამ უაზრო საუბარში ჩარევით თავს. 
მერე ისევ მხატვარმა იმარჯვა და ისევ მან შემოაგდო, სპეციალურად ფიფოს თხოვნით, წინასწარ მომზადებული სასაუბრო თემა. 
- აუ სად არის ფიფო ამდენ ხანს? – მოჩვენებითი წუწუნით დაიწყო მხატვარმა. 
- არ ვიცი? - შეწუხებული ხმით მიუგო მიმიმ. - დავრეკავ კიდევ. 
მიმიმ ისევ გადაურეკა ფიფოს. ფიფომ ტელეფონი არ აიღო. თუმცა, მალევე მოვიდა მესიჯი, გადმოგირეკავო. პიპა აშკარად მოიღუშა. 
- მართლა რა ხდება ეს ორი დღე? - კვლავ აწუწუნდა მხატვარი. - ფიფომ რით ვერ მოიცალა? ჯერ ჩვენ აგვიშალა ქეიფის საღერღელი და ახლა აქეთ გვემალება?
- ხომ იცი, რომ არ გვემალება. - მიმი ფიფოს დაცვას შეეცადა. 
- კაი რა, გოგო რა იყო? ვიხუმრე. - მხატვარი გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - სიამოვნებით დავთვრებოდი ახლა მაგრად, ისე რომ ცოტა ხნით მაინც დამავიწყდეს მხატვარი რომ ვარ. 
- ვაიმე რას ერჩი, შენს შემოქმედებას? - გაეღიმა მიმის. 
- რას ვერჩი და შემჭამა ერთმა ქალმა! - კვლავ შეწუხებული ხმით მიუგო მხატვარმა. 
ქალის ხსენებაზე, პიპა აშკარად დაიძაბა. სავარაუდოდ, ისიც კი გაიფიქრა, ალბათ ჩემს დას გულისხმობსო და სმენად იქცა. თუმცა, მიმის შეკითხვამ მალევე გაუფანტა ეჭვი. 
- და რა მინდაო? - ღიმილით ჩაეკითხა მიმი. 
- აბა, მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - ხან ისე დამხატეო, ხან ასე დამხატეო, თვითონ ვერ გაუგია, რა უნდა! და აბა, მე! ერთმა პატარა მხატვარმა, როგორ გავიგო? 
- მერე შენც ნუ დახატავ. - მიმის კვლავ ეღიმებოდა. - შენც დაისვენებ და ისიც, ალბათ. 
- ეე, არც მასეა საქმე. - თავი გააქნია მხატვარმა. - არადა, იცი? რა კარგად გადამიხადა? და თანაც, არა ერთხელ და ახლა უარი, როგორ ვუთხრა? ჩემი ცოლის მოგზავნილია თან და ყოველ კაპიკს მითვლის. 
- უჰ, ძაან მძიმედ გქონია საქმე. - დაურთო მიმიმ. 
- აბაა! არ თქვა, გოგო, არ თქვა! - ქალივით ხმა წაუწვრილა მხატვარმა. 
მიმის გაეცინა. 
პიპა კვლავ უემოციოდ იჯდა და ხმას არ იღებდა. 
- მაინც რა მინდაო? - დაინტერესდა მიმი თან, დრო და დრო, მალულად პიპასკენ აპარებდა თვალს. 
პიპა კი, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივი თავაზიანობით, ცივად გაუღიმებდა, როგორც უცხო ქალს, რომელიც მასში თითქოს არანაირ ინტერესს არ იწვევდა. 
- ერთი პორტრეტი დავხატე, სადაც ქარგავდა! - დაიწყო მხატვარმა. - მოეწონა და კიდევ მინდაო და მეორე პორტრეტზე სარკესთან თმებს ივარცხნის. 
- როგორ ულევი ფანტაზიის მყავხარ. - მიმის გაეცინა. 
- ეგ ფანტაზიები და იდეებიც მისია, ჩემი არ გეგონოს! - მიუგო მხატვარმა. 
- და ახლა? რომელი პოზა მირჩევნიაო? - კვლავ ჩაეკითხა მიმი. 
- დაიცა, შენ ჯერ კიდევ არ იცი, რომ იმ ორი პორტრეტის მერე, ყვავილების თაიგულში გახვეული დამახატვინა თავი და ახლა უნდა, რომ პიანინოსთან დავხატო, ვითომ უკრავს, სინამდვილეში კი საერთოდ არც კი იცის დაკვრა. 
- რა მნიშვნელობა აქვს, უკრავს თუ არა, ნახატი ხმოვანი მაინც არ გამოვა. - ცალყბად გაეღიმა პიპას, რასაც მიმის კისკისი მოჰყვა. 
პიპას არც გაუხედავს მიმისკენ. უკვე მართლაც, გადამეტებული იყო მისი სიცივე, მხატვარიც ატყობდა ზომაზე მეტად იგერიებდა, მიმის ანთებულ თვალებს.
- ოდნავ პირი გააღებინე, ვითომ მღერის კიდევაც. - დაუმატა მიმიმ. - მხოლოდ ძაან დიდზე არ დააღებინო, თორემ იფიქრებენ, ამთქნარებსო. 
პიპასაც გაეცინა. როგორც იქნა, ვითომ ცოტა ოდნავ მოთბა მისი ემოციები. მიმის საშინლად გაუხარდა. წამით თავი ბედნიერადაც იგრძნო. 
- არადა, იმ ქალს უნდა, რომ ანფასში ჩანდეს! - ჩაფიქრებული ხმით განაგრძო მხატვარმა. - თანაც, აქეთა პროფილით არ დამხატოო, იქითაც არაო, აბა პიანინოს თავზე ხომ არ შევხტები და იქიდან ხომ არ დავიწყებ ხატვას? საიდან უნდა გამოვაჩინო? და მერე ისე გამოვა, რომ პიანინოს თავზე დევს მარტო მაგის თავი. 
მიმის ახლაც გულიანად გაეცინა და კვლავ თვალი პიპასკენ გააპარა. ისიც, თითქოს უფრო შედარებით მხიარული ჩანდა, ვიდრე თავიდან იყო და ახლა, ერთი-ორჯერ საუბარშიც კი ჩაერთო. 
- შენც ისე დახატე, ვითომ როიალია და არა პიანინო. - ჩაურთო პიპამ. - მთავარი ხომ მაინც იმ ქალის პორტრეტია. 
- ჰმ, საინტერესო იდეაა. - მოუწონა მხატვარმა. - მაგაზე კი არ მიფიქრია, როიალთან ანფასით მჯდომარე, კარგი ბიუსტი გამოვა და არა მარტო თავი.
- ნამდვილად კარგი იდეაა. - ახლა მიმიმ მოუწონა პიპას და უფრო თამამად გახედა და დაუფარავადაც გაუღიმა. 
პასუხად პიპამაც გაუღიმა, თუმცა ცოტა ცივად და მდარედ. 
- კარგი, მასე ვიზამ! პიანინოს მაგივრად, როიალის დღე მექნება! - გამოაცხადა მხატვარმა. - როიალი ხომ უფრო სჯობს? უფრო მდიდრულად გამოჩნდება და მაშინ აი, ამ ჭიქით, გაუმარჯოს როიალს! - მხატვარმა ზეთის საღებავი ჭიქასავით ზევით აღმართა. 
ისევ გაეცინათ და მერე მაინც დუმილი ჩამოწვა. 
- ფიფო, რაღაც ძალიან იგვიანებს. - დუმილი დაარღვია პიპამ. 
- მგონი, ვერც დღეს ვერ მივდივართ. - გამოეპასუხა მიმიმ. 
- ვაა, რატომ? - დაინტერესდა მხატვარი. 
- ფიფოს დღეს უთენია, სასწრაფო საქმე ჰქონდა და... - აღარ დაასრულა მიმიმ. 
- ვაი, უთენია? ვინმე ხომ არ დაბრიდეს? - იკითხა მხატვარმა. 
- არა! - სიცილით გააქნია თავი მიმიმ. 
- მაშინ ააფეთქეს! 
მიმიმ ისევ გააქნია თავი. 
მხატვარმა კიდევ რამდენიმე ვერსია ჩამოთვალა, რაზეც მიმი სიცილით თავს აქნევდა და მანამ არ მოეშვა სანამ მიმის, რაღაც სპეციალურად არ დააცდევინა. 
- ხანძარი გაჩნდა სახლში და... 
- უი, სად იყო? - გაიკვირვა მხატვარმა. 
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მისამართი ნამდვილად არ მიკითხავს. 
- ვაა. - დაინტერესდა მხატვარი. - ისე, ხანძარი არასდროს დამიხატავს. საინტერესოა როგორი გამოვიდოდა სურათზე. ნეტა, ფიფო არ გვაჩვენებს ფოტოებს? 
- მე ვნახე. - მაშინვე მიუგო მიმიმ. 
- მართლა? - ჩაეკითხა მხატვარი. - ბევრი საინტერესო ფოტოები ნახე? 
- არა, ბევრი არა. - თავი გააქნია მიმიმ. - მხოლოდ ერთი, მაგრამ იცი, როგორი ფოტო იყო? 
- აბა როგორი? - არ აცლიდა მხატვარი. 
- ხანძრის დროს თითქოს, ვიღაც როიალთან იჯდა და უკრავდა! 
აქ პიპა ოდნავ აწრიალდა. 
მხატვარს არ გამოჰპარვია მისი ეს ჟესტი. თუმცა, არც არაფერი ისეთი ქცევა იყო, მაინც ბუნებრივად ჩანდა.
ხანძრის ირგვლივ საუბარში, პიპა არც ერეოდა, თითქოს სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ მიმის ნათქვამზე, ხანძრის დროს, ვიღაც როიალთან უკრავდაო, სწორედ ეს გახდა მისი შეშფოთების მიზეზი და აღელვება რომ დაეფარა, პიპამ ჯერ პერანგის საყელო ოდნავ მოუშვა. მერე სავარძელშიც შესწორდა და ფეხიც ფეხზე გადაიდო. ამაში უჩვეულო, მართლა არაფერი იყო, თუმცა მახვილი თვალი მშვენივრად შეამჩნევდა, რომ აქამდე გაყინული ლოდივით, უემოციო პიპას ცოტა არ იყოს, მოუსვენრობაც დაეტყო. 
- მერე რა, რომ უკრავდა? რა მოხდა მერე? - არ ეშვებოდა მხატვარი მიმის და ცალი თვალი პიპასკენ ეჭირა. 
- უცებ გამეცინა ამაზე და ფიფოც შენსავით არ მომეშვა. - მიუგო მიმიმ. 
- და, რაზე გაგეცინა? - ჩაეკითხა მხატვარი. 
- უცებ წარმოვიდგინე, რომ სახლი ცეცხლის ალშია და ვიღაც, მაინც გამწარებული უკრავს მანამდე, სანამ მეხანძრე არ შეაჩერებს! - გაბრწყინებული სახით დაასრულა მიმიმ და პიპასაც გახედა. 
მხატვარს სიცილი აუტყდა, პიპა ძალდატანებით იღიმოდა. ახლა უფრო მეტად დაეტყო მღელვარება. 
- რაო მერე ფიფომ? არ იცინა? - ჩაეკითხა მხატვარი.
- არა! - თავი გააქნია მიმიმ. - უცებ ისე დააკვირდა მეგონა, მასაც გაეცინებოდა, მაგრამ წამში ისე გადამალა, ზემოდან ხელიც კი დააფარა, გეგონებოდა თითქოს, იმ ფოტოს ვართმევდი. ჰმ! 
- მდაა? - ჩაილაპარაკა მხატვარმა. - უცნაურიც კი არის, ფიფო როგორი იუმორის მოტრფიალეა და რა ვიცი, რატომ არ უნდა გაეცინა, ვითომ? იქნებ, რამე ისეთი აღმოაჩინა იმ ფოტოზე, რომ სულაც... 
- თქვენ წარმოიდგინეთ, არც მე გამეცინა! - პიპას მკაცრმა ტონმა, მიმი ცოტა არ იყოს, თითქოს დააფრთხო და შემცბარი სახით გახედა პიპას. - ადამიანი უკრავდა და უცებ გაჩნდა ხანძარი. - ცივი ხმით განაგრძო პიპამ. - ინსტრუმენტი თავ ახდილი დატოვა და გარეთ გამოვარდა, რომ გადარჩენილიყო და რა არის აქ სასაცილო? 
მიმი მოიღუშა. 
„მართლაც, რა იყო იქ სასაცილო?“ 
გაიფიქრა მიმიმ. 
„ალბათ, ფიფოც ამაზე გაბრაზდა და ჩემთვის რომ არ ეწყენინებინა, არაფერი მითხრა. ალბათ, ამიტომაც მოაშორა ის ფოტო. 
ან იქნებ...?“ 
- კარგი რა იყო? რა ყურები ჩამოყარე? - სიცილით შეუტია მხატვარმა მიმის. 
მიმიმ არაფერი უპასუხა, აშკარად გულდაწყვეტილი ჩანდა. 
- ვაიმე, დაღამდა, სად არის ის კაცი, ამდენი ხანი? - მიმიმ თემის შეცვლა სცადა. 
- ვფიქრობ, ვერც დღეს გამოვა ჩვენი მოლხენა. - პიპამ მიმის თვალი თვალში გაუყარა. 
მიმი ლამის დადნა, რადგან როგორც იქნა, აღირსა პიპამ მზერა, მაგრამ მისი ხმა ისევე ცივი და გაყინული იყო, როგორიც მისი თვალები. 
არა, თვალები არ იყო გაყინული, უფრო სხვანაირი.
„რაღაცნაირი ნაღვლიანი.“ 
მოწყენილად შეავლო მიმიმ თვალი. 
- აუ, რა პანაშვიდებია! რა სახეები გაქვთ? - მხატვარი წუწუნს მოჰყვა. - დაურეკე რა ფიფოს, თუ მოდის - მოდის, თუ არა და ჩვენ მაინც ვჭამოთ რამე! გახმა კუჭი! 
- ისე მეც მომშივდა. - მიმი ტელეფონს დასწვდა.
ფიფომ, როგორც იქნა, უპასუხა, მაგრამ ჯერ კიდევ სამსახურში იყო და ვერანაირად ვერ იცლიდა, ვერც სახელოსნოში მოსასვლელად და ახლა ვერც იმ ხანძრის ადგილას ახერხებდა დღეს წასვლას. 
- ფიფო დაკავებულია. - ამოიხვნეშა მიმიმ. - უთენია გეგმაში იმ სახლის მონახულება ჰქონდა, სადაც ის ხანძარი გაჩნდა, მაგრამ დღეს ვერანაირად ვერც იქ ახერხებს მისვლას. 
- ვაა, რა ცუდია. - მოწყენით მიუგო მხატვარმა. - და იმ ნახაძრალ სახლში რაღა უნდოდა და თან, გულიც როგორ დასწყვეტია, იქ წაუსვლელობაზე. 
- ჰო, მართლა გული წყდება, რომ დღეს ვერაფრით ვეღარ ვახერხებო. - დანანებით თქვა მიმიმ. - არადა, რაღაც მგონი იქ უფრო მეტი რამ აღმოვაჩინეო. სამსახურში კი, ამ დროს, სულ სხვა საქმეზე შეაყოვნეს, მეზობლების დავის ამბის გარჩევას უნდება დილიდან. 
მხატვარს არ გამოჰპარვია პიპას მორიგი აღელვება. ფიფოსგან დარიგებულიც იყო, თვალი არ უნდა მოეშორებინა მისთვის და რაც შეიძლება, მეტად უნდა გამოეკითხა მიმისთვის იმ ხანძრის ამბავი. 
მხატვარიც ასე მოიქცა. იმდენი ისაუბრა, რომ იქამდე მიიყვანა და პიპამაც მღელვარება ვერ დაფარა. თუმცა, მიმის არაფერი შეუმჩნევია. 
- მგონი, უმჯობესია, მარხვის მერე შევიკრიბოთ. - წამოიწყო პიპამ. - ყოველთვის, მარხვის დასაწყისში და განსაკუთრებით კი უფრო, ბოლო კვირას, აუცილებლად მონასტერში ვატარებ. ამიტომაც თავს ვიკავებ, ყოველგვარი ქეიფისგან, მაგრამ უარი ვეღარ გითხარით. ისე კი, უხერხულიც არის, სუფრასთან ზიხარ და არც სვამ, არც ჭამ. 
- ვერ დალევ და ვერ მოილხენ! - ჩაერთო მხატვარიც.
- ჰო, მაგაშია საქმე. - კვერი დაუკრა პიპამ. 
- ისე, ახალი წელიც მოდის, ყველას თავისიანებთან უხარია, მოდი რა იქნებ, დღესაც გადავდოთ და მართლაც რაღა დარჩა? - მხარი აუბა მიმიმ. 
- დღეს უკვე, ვერსად რომ მივდივართ, ეგ ფაქტია! - დაასკვნა მხატვარმა. - ჩვენ რა შევუკვეთოთ? 
- თუ არ მიწყენთ დაგტოვებთ, ჩემს საქმეებს მივხედავდი. - პიპამ წასვლა დააპირა. 
- აუ, კარგი რაა, ცოტა წავიხემსოთ და წადი მერე. მარტო მართლა ვერ შევჭამ! აი, ჰკითხე მიმის? - არ ეშვებოდა მხატვარი. 
პიპა ცოტა შეყოვნდა, მაგრამ რატომღაც პირველივე თხოვნაზევე დარჩა. 
- მაშინ მე დაგპატიჟებთ! - გამოაცხადა პიპამ. - სხვანაირად არ გამოვა. მხოლოდ მაინც მალე უნდა წავიდე. 
- სანამ არ შეჭამ, არ გაგიშვებ! - გაიკრიჭა მხატვარი.
მოგვიანებით, ისევე, როგორც წინა საღამოს, იგივე განმეორდა. ბიჭებმა მიმი სახლამდე მიაცილეს. მიმი ისევ დედასთან დარჩა, რადგანაც ფიფოს ისევ გვიანობამდე მოუწევდა სამსახურში ყოფნა. 
მხატვარმა მერე პიპაც სახლამდე მიაცილა და თვითონ სახელოსნოსკენ გაუყვა გზას, სადაც უკვე ფიფო ახალი ამბების მოლოდინში, მოუთმენლად ელოდა. 
LEX. 2018 წლის 15 თებერვალი, ხუთშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2051054605136826

No comments:

Post a Comment