Tuesday, February 20, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 135)

135.
მიმიმ მოუხშირა დედასთან დარჩენას. მიზეზი ისედაც საპატიო ჰქონდა. ფიფო სახლში ყოველთვის გვიან და ხშირად ნასვამიც ბრუნდებოდა. მართალია, ფიფოს სიმთვრალე, მიმის არანაირად არ აწუხებდა, მაგრამ იმ უცხო და თანაც, სხვის სახლში, თავს მაინც გამომწყვდეულივით და მარტოსულად გრძნობდა. 
დედასთან დარჩენის, არც ფიფო იყო წინააღმდეგი. თუმცა ზოგჯერ, ეჭვი მაინც გულს უღრღნიდა ხოლმე და ფრთხილად, შეპარვით გადაამოწმებდა. ჩვეულებრივ, ჯერ სიდედრს მოიკითხავდა და მერე, ისეთნაირად დაუსვამდა შეკითხვას, რომ პასუხებშიც უკვე მშვენივრად ჩანდა, მიმი იქ იყო თუ არა და როდის მივიდა. 
წყურვილმა მიმი უთენია გააღვიძა. 
ძალიან ეგემრიელა სოკოს ხინკალი. მშვენივრადაც მოილხინა და სახლშიც მეგობრების ესკორტით მივიდა. 
სანამ მხატვარი მოიფიქრებდა, პიპამ დაასწრო. უმალ გადმოხტა მანქანიდან და მიმის კარი გაუღო. ჩვეული ცივი ხმითა და მდარე ღიმილით დაემშვიდობა, მაგრამ ხელი ხელზე, ისე მაგრად მოუჭირა, რომ მიმის ცოტაღა დააკლდა, რომ არ ეკივლა. 
მხატვარს არაფერი შეუნიშნავს. მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ მიმი შინ მშვიდობით მიეცილებინა და მალევე გამობრუნებულიყო უკან. 
მიმი საგონებელში იყო ჩავარდნილი.
რას ნიშნავდა პიპას ეს ქცევა? აშკარად რაღაცას ანიშნებდა მიმის, მაგრამ რას? 
დედასთან მისვლისთანავე, თავის ძველ ოთახში შეიკეტა. საშინელი დაღლილობა იგრძნო. მონატრებულ საწოლზე, სიამოვნებით ჩაეფლო ბალიშში. 
მოგვიანებით, დედამ ვახშამი შეუტანა, მაგრამ მიმის ისე გემრიელად ეძინა, რომ აღარც შეაღვიძა. 
ამაოდ ელოდა მიმი პიპას ზარს, ან რაღაც შეტყობინებას მაინც, მაგრამ ისე ჩაეძინა, არც ფიფოს შემოსული ზარები გაუგია და არც მისი გვიანი სტუმრობა. 
სოკო ცოტა მარილიანი აღმოჩნდა. მიმი წყურვილმა ძლიერ შეაწუხა. 
თენდებოდა. 
ფიფოს სამზარეულოს მაგიდაზე გაშლილ ფურცლებზე თავი ჩამოედო და გემრიელად ხვრინავდა. 
მიმიმ ჩუმად დაუდგა ყავა და ის იყო, ფეხაკრეფით გამოძურწვას აპირებდა, რომ უნებურად მისი ყურადღება ერთმა ფოტომ მიიპყრო. 
სურათზე, ხანძრის კვალს, ოთახი ძლიერ გაემურა და ასეთ გაჭვარტლულ ოთახში, თავ ახდილ როიალთან, სკამი ისე იდგა, თითქოს, ახლახან იქ ვიღაც იჯდა. 
„ნეტა მართლა, პიპა როგორ უკრავს?“
გაუელვა მიმის გულში და მდარედ ჩაეღიმა. 
„ჰმ, მისი დაკვრა მგონი, ყველამ იცის ჩემს მეტი. დედაჩემმაც! ჰაჰ, და მამიდაჩემმაც კი!“
- რაზე გეღიმება? 
ფიფოს ხმამ, მიმი ოდნავ შეაკრთო. 
- არაფერი, ისე. 
- მაინც? 
მიმიმ ახლა ფიფოს გაუღიმა. 
- არ მინდოდა შენი გაღვიძება, მაგრამ არ გამომივიდა. 
- ძილშიც ვიგრძენი შენი არსებობა და აი, გამომეღვიძა. - გაუღიმა ფიფომ. 
- ისე აქ როგორ გეძინა? - შეწუხდა მიმი. - დივანზე მაინც... 
- მერე დედაშენი რას იტყოდა? ასე კი, უფრო ბუნებრივად გამოვიდა და თანაც, იცი მიმი, მართლაც რამდენი სამუშაო იყო. - მიუგო ფიფომ. - მერე ისე გავითიშე, წამოდგომის თავიც კი აღარ მქონდა. 
- ვაიმე, მთელი ღამე იმუშავე? და მე კი, უთენია თავზე დაგადექი და ასე უსინდისოდ გაგაღვიძე?! რა უნამუსო ვარ. - შეწუხდა მიმი. 
- ჰო. უნამუსოდ საყვარელი. - გაეცინა ფიფოს. - თუმცა, შენ არაფერ შუაში ხარ. წყურვილმა ისე შემაწუხა, რომ მართლა გამომეღვიძა. - ფიფო წამით შეყოვნდა. - არადა, გემრიელი კი იყო ის სოკოს ხინკალი, მაგრამ მგონი ცოტა მარილიანი. 
- ჰო, მეც მაგიტომ წამომახტუნა უთენია. - ჩაეღიმა მიმის. - და თანაც, შენზე ბევრი მე შევჭამე. შენ რომ წახვედი კიდევ გავაგრძელე. 
- გეტყობა, ბლომად შეგიყლაპავს ქალბატონო. - გაეცინა ფიფოს. 
- აბა. - თავი დაუქნია მიმიმ. - ორის ნაცვლად კი არა, მგონი ოთხის მაგივრად ვჭამ უკვე და ამიტომაც წყურვილმა დილის ძილიც კი დამიფრთხო. 
- ესე იგი, ისე ძლიერ მოგწყურდა, რომ გამოგეღვიძა და თანაც, არც მე გამოგრჩი და ყავაც გამიმზადე. - თბილად გაუღიმა ფიფომ. 
- აჰამ. ბარემ მივაყოლე! - გაეცინა მიმის.
- რაო, ბიჭებმა, ხომ არაფერი გაწყენინეს გუშინ? - როგორც იქნა, შეაპარა ფიფომ კითხვა. 
- ჰაჰ. სასწაული მოხდა!
- სასწაული? - დაიძაბა ფიფო. 
- მხატვრის გაცილება, რომ არავის უნახავს ცხოვრებაში, აი ის მოხდა! - ეცინებოდა მიმის. - ყურიც კი არ მოუკრავთ! და ვისაც არ უნდა მოვუყვე, მაინც არც არავინ დამიჯერებს!
- ჰოო? - შვებით ამოისუნთქა ფიფომ. 
- აბაა! - თავი დაუქნია მიმიმ. 
- მაინც რამ მოუარა, შენი გაცილება? - თუმცა, მშვენივრადაც იცოდა რამაც მოუარა, მაგრამ მიმის მაინც გაკვირვებული სახით ჰკითხა. 
- აბა მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - შეიძლება, პიპას დაიკო მოენატრა და მერე ალბათ, აქედან მასთან გაუხვიეს. 
- ჰოო, შეიძლება. - კვერი დაუკრა ფიფომ. - რატომაც, არა? 
პასუხად მიმიმ გაუღიმა. 
- უი, პიპაც გახლდათ? - ისეთი სახით გაიკვირვა ფიფომ, ვითომ ახლაღა დაუკვირდა მიმის ნათქვამს. 
- ჰო. - თავი დაუქნია მიმიმ. 
- უყურე შენ, რა საპატიო ყარაულით მოგრიალებულხარ. - გაიკრიჭა ფიფო. 
- აბაა!! - გაეცინა მიმის და მერე წამით ჩაფიქრდა. 
მართლაც, რას უნდა ნიშნავდეს პიპას ის უცნაური ქცევა. 
- არ გშია? - მიმი მაცივრისკენ წავიდა. 
- იმდენი წყალი ვსვი, ონკანი დავაშრე. - მიუგო ფიფომ. - აბა, ნახე ერთი, მგონი აღარც მოდის წყალი. სულ მე დავლიე. 
მიმიმ ღიმილით გადმოხედა: 
- ჰოდა, ახლა რამე მიაყოლე და გადაგივლის, ზედმეტ წყურვილს მოიშორებ. 
- ისე კი. - თავი დაუქნია ფიფომ. - შევჭამდი ცოტას, მაგრამ ახლა გრილი შხაპის მიღება, ყველაფერს მირჩევნია. 
- ვაიმე, ამ შუა ზამთარში, ცივ შხაპში რა შემიყვანს?! - მიმის გააჟრჟოლა. 
- ცივი არა, გრილი! ნელთბილი. - გაეცინა ფიფოს. - ცოტას გამომაფხიზლებდა. 
- მიდი, მერე გადაივლე! გამოგიტან პირსახოცს. 
- არა, იყოს. - თავი გააქნია ფიფომ. - ბარემ, ჩვენთან სახლში შევივლი, ტანსაცმელსაც გამოვიცვლიდი. 
- მაშინ ჯერ ვჭამოთ! - მიმის ისეთი საბრალო სახე ჰქონდა, რომ ფიფომ სიცილი ძლივს შეიკავა. 
- კიდევ კარგი, მართლა არ სუქდები, თორემ... 
- კიდევ კარგი, ტყუპები, რომ არ არიან, თორემ ჩემი ჭამა მერე გენახა. - სიცილითვე მიუგო მიმიმ. 
- და რა უნდა მენახა? ისე გაავლებდით ყველა ერთად მუსრს, რომ მე დამტოვებდით მშიერს! - ეცინებოდა ფიფოს. 
- ვაიმე, კარგი, რაა! - თავი გააქნია მიმიმ. - რა დროს ტყუპებია?! მერე ორივე ერთად რომ აჩხავლდება, ხომ წარმოგიდგენია? 
- მერე რა?! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - იყოს ორი! ორივეს ერთად გავზრდით! ხან შენ გაუთევ ღამეს და ხან მე! მერე ორივეს, უძილობისგან თვალები, რომ ძაან გადმოგვეკარკლება, ბებიებს მივუსევთ. 
- რატომ უნდა ვათიოთ ღამე? ძიძას ავუყვან! 
- ეგ დღისით ჰო, მაგრამ ღამე, მაინც რომ არ დაგვაძინოს? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო. 
- ღამის ძიძას ცალკე ავუყვან! ასე უმჯობესია, თორემ ერთი ცოდოა, გაწვალდება დღეც და ღამეც! და იცოდე! - თითი დაუქნია მიმიმ. - აქედანვე გაფრთხილებ! სამსახურს თავს არ დავანებებ! ამიტომაც, უნდა მივაჩვიო ბავშვი ძიძას! 
ფიფო ღიმილით დაეთანხმა, თუმცა შეფიქრიანდა. ორი ძიძა ერთდროულად, ამდენს ვერ გასწვდებოდა. ცალკე ბინის ქირასაც მარტო თვითონ იხდიდა. მიმის არანაირად არ აწუხებდა. 
თუმცა, მიმი ისედაც არაფერზე წუხდებოდა. ცალკე დედამთილი ევლებოდა თავს და ცალკე დედამისი. 
- ისე, რატომ არ გინდა გაიგო, ბიჭია თუ გოგო? - ჩაეკითხა ფიფო. 
- და, რა მნიშვნელობა აქვს? 
- ხომ უნდა ვიცოდე ბავშვისთვის, რამე რუმეები, ბიჭისთვის უნდა შევიძინო, თუ გოგოსთვის? 
ფიფოს წინასწარ სურდა თადარიგის დაჭერა, რადგან იცოდა, მერე ერთბაშად გაუჭირდებოდა და ამიტომ, კვლავ შეაპარა მიმის კითხვა.
- დაიბადება თუ არა, იმ დღესვე იმდენ რამეს ვუყიდი. 
- ნელ-ნელა მოგვემარაგებინა. მერე დროც შეიძლება არ მქონდეს! - ფიფო გაჩუმდა. არ უყვარდა ფულზე წუწუნი, მაგრამ უკვე მართლაც ძლივს სწვდებოდა ხარჯებს და ამიტომ მოუცლელობა მოიმიზეზა. 
- შენ დამშვიდდი! - მიუგო მიმიმ. - იცი, უკვე რამდენი ხანია ჩემს ხელფასს ვაგროვებ. - მიმი ცრუობდა, მაგრამ ასე თვლიდა საჭიროდ. აბა, მართლა ხომ არ ეტყოდა ფიფოს, ფულის მეტი რა მაქვსო? 
- არა კი არ ვწუწუნებ. - ფიფომ რაღაც უხერხულობაც იგრძნო. - ეგ არც იფიქრო. უბრალოდ, არ მინდა მაღაზიებში გარბენინო და გაწვალო. მე კიდევ, ხშირად არც მცალია და ამიტომ, ნელ-ნელა შევიძენდი. 
- კი. ეგეც კარგი აზრია, მაგრამ რა გვეჩქარება ჯერ? 
- არ გვეჩქარება, მაგრამ მაინც ხომ არ აჯობებს ჩამოვწეროთ რა გვინდა? - კვლავ ცდილობდა ფიფო მიმის დაყოლიებას. - ჯერ რაც აუცილებელია და მერე უკვე რაც შენ მოგესურვება ის მივუწეროთ. 
- მასე ჯერ ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - რომ შევხედავ, მივხვდები მინდა, თუ არა. 
- ჰო, მაგრამ ის რაც აუცილებელია, არ სჯობს, რომ წინასწარ მოვიმარაგოთ? - კვლავ უკან არ იხევდა ფიფო. 
- მომისმინე ახლა კარგად! - მიმის ცოტა ხმაც გაუმკაცრდა. - ბინის ქირას ხომ მარტო შენ იხდი და მე ცოცხალი თავით არ ჩამისვი წილში. 
- და მერე, რა? 
- ჰოდა, დამშვიდდი! დანარჩენს მე მივხედავ! - მიუგო მიმიმ. 
ფიფომ ვერაფერი უპასუხა.
- ისე, მართლა კი არ ვიცი ჯერ რა მომეწონება. - განაგრძო მიმიმ. - ეტლი რომ ახლა ვუყიდო, მერე რამდენიმე თვეში, იქნებ სულ სხვანაირი შემოვიდეს და ახლა ის მომეწონოს, ხომ შეიძლება? 
- კი, როგორ არა? - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები ფიფომ. 
- ჰოდა, ყველაზე საუკეთესო და უახლესი მოდელი მინდა ვიყიდო და მორჩა! - მტკიცე ხმით მიუგო მიმიმ. - მე თვითონ შევარჩევ, ჩემი გემოვნებით! 
- ჩვენს შვილს, ყველაზე ყურადღებიანი დედიკო ეყოლება და ყველაზე თბილი მამიკო. 
ფიფოს მზრუნველ, თბილ ტონზე, მიმის ეღიმებოდა. 
- იცი, მერე რამდენს ვათამაშებ. - განგრძო ფიფომ. - ძალიან მიყვარს ბავშვებთან თამაში. ყველაზე მაგარ ბურთს ვუყიდი. 
- ოოო, რა იცით რა ეს კაცებმა, რაა? - გაეცინა მიმის. - თუ ბიჭია, აუცილებლად ფეხბურთი უნდა ითამაშოს? 
- ეს მამების ტრადიციაა და შენ არ გესმის! - სიცილით მიუგო ფიფომ. - აბა გოგოები სულ თოჯინებით რომ თამაშობენ?
- არასდროს მითამაშია თოჯინებით! - თავი გააქნია მიმიმ. 
- შენ განსხვავებული მყავხარ. 
- ბავშვობიდან მანქანები მიყვარდა, კონსტრუქტორებიც! - მიუგო მიმიმ. - უფრო რაღაც ლოგიკური და ბევრად საინტერესო სათამაშოებს ვანიჭებდი უპირატესობას, ვიდრე თოჯინებს. 
- ამიტომაც ხარ, სხვა ყველა ჩვეულებრივ ქალებზე უფრო მეტად ორიგინალური და ჭკვიანი. - გაუღიმა ფიფომ. 
მიმიმ შეიფერა. 
- ჰო, მართლა გეუბნები. - განაგრძო ფიფომ. - განა დამავიწყდა, როგორ აქტიურად მეხმარებოდი გამოძიებაში. და მერე რამდენი იდეა წამოვიდა შენგან! არც დამვიწყებია. 
- მერე ახლა არ გინდა დახმარება? - შესთავაზა მიმიმ. 
- თუ რამე ისეთი, ლოგიკური ტიპის თავსატეხი გამოჩნდება გამოძიებაში, აი მაშინ, აუცილებლად! 
პასუხად მიმის გაეცინა. 
- იცი, ეთხელ მამაჩემმა. - დაიწყო მიმიმ. - გერმანული ავტომატიც კი მიყიდა! 
- ჰოო? - გაიკვირვა ფიფომ. 
- და იცი, რა მაგარი იყო? - განაგრძო მიმიმ. - მთელი ეზოს ბიჭები მე დამდევდნენ, მასროლინეო! 
- ჰმ. წარმომიდგენია. 
- დედაჩემი და მამიდაჩემი კი კიოდნენ, გოგოს რად უნდა თოფიო. მე კიდევ, უნდა გენახა, როგორ ვამაყობდი უბანში, ვერ წარმოიდგენ! 
- კარგი, ვუყიდი ავტომატსაც და თუ უნდა თოჯინებითაც ავუვსებ ოთახს! 
- ბურთი არ დაგავიწყდეს. - გაეცინა მიმის. 
ფიფოს გაეღიმა და მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლებსა და ფოტოებს თავი მოუყარა, მარტო ის ფოტო დატოვა ცალკე, მიმის რომ მის შეყურე, რატომღაც რომ ეღიმებოდა. აინტერესებდა, მიმის ასე რატომ დააინტერესა ეს ფოტო და იქნებ, რაღაც ისეთი ეთქვა, რომ... 
- რა ხდება, ახალი მკვლელობაა? - ინტერესით ჩაეკითხა მიმი. 
- არა! ხანძარი გაჩნდა და სახლის პატრონი ცალკე ჩივის, ცალკე სადაზღვევო კომპანია, უარს აცხადებს კომპენსაციაზე და იქეთ უჩივის, სპეციალურად გადაწვეს სახლიო და ასე და ისეო და არ ეკუთვნის დაზღვევის თანხაო! - იცრუა ფიფომ. - აბა, ყოველთვის მკვლელობა ხომ არ იქნება? 
- მასეთ საქმეებსაც შენ იძიებ? 
- აბა? - გაუღიმა ფიფომ. - მაინცდამაინც იმას თუ ველოდე, ვინმეს როდის მოკლავენ, დავრჩები უმუშევარი და მერე როგორ ვუყიდო ჩემს ბიჭს, თოჯინები? 
- იქნებ, გოგოა? - გაეცინა მიმის. 
- მაშინ ჩემი გოგონასთვის ვიყიდი ავტომატსაც და ბურთსაც! 
მიმის ისევ გაეცინა. 
ფიფო ძალიან თბილი და საყვარელი იყო პიპასგან განსხვავებით. ის კი, ამოუცნობი და რაღაცნაირი იდუმალი და ცივ გაყინულ ნიღაბს ამოფარებული. 
„ისევ ნიღაბი.“ 
- ოჰ! - ხმამაღლა აღმოხდა მიმის. 
- რა იყო? 
- არაფერი, უცებ ხმამაღალ ვიფიქრე. 
- ჰაჰ. მაინც? 
- შენს საქმეებზე ვფიქრობდი და ჩამეცინა ერთ ფოტოზე. 
- ჰოო? აბა რომელზე? - ფიფომ რამდენიმე ფოტო კვლავ მაგიდაზე დაალაგა და მიმის დაკვირვება დაუწყო. 
- აი ნახე. - მიმიმ სწორედ იმ ფოტოზე მიანიშნა, რომელსაც სულ რამდენიმე წუთის წინ ღიმილით დაჰყურებდა, როცა ფიფო სამზარეულოს მაგიდაზე, ჯერ კიდევ თვლემდა. 
- და მაინც რაზე გაგეცინა? 
- თუმცა, სასაცილო არაფერი იყო, მაგრამ მაინც ისე გამეღიმა. 
- და, მაინც? - ჩაეკითხა ფიფო. 
- უცებ წარმოვიდგინე, რომ. - მიმი ახსნას შეეცადა. - სახლი ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს, ვიღაც ინსტრუმენტს ვერ სწყდება, გამალებით უკრავს და უკრავს მანამდე, სანამ მეხანძრე მხარზე ხელს არ დაჰკრავს! - ყურებამდე გაუღიმა მიმიმ. 
ფიფოს ცალყბად გაეღიმა. თუმცა, ცოტა ძალდატანებით. ალბათ, უფრო სხვა შენიშვნას ელოდა მიმისგან, უფრო მეტს და მისთვის საინტერესოს ეტყოდა ეგონა, მაგრამ ჩანდა, მიმი მართლაც მთელი აღფრთოვანებით სულ სხვა რამეს უხსნიდა. 
ფიფომ არაფერი უპასუხა. მერე თავად დააკვირდა ფოტოს და გაფითრებული სახით საათსაც დახედა. 
გათენებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო. 
წუხელ, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაუჯდებოდა მარტო, წყნარად და მშვიდად და როდის გადაათვალიერებდა ყველაფერს თავიდან. თუმცა, ესეც უშედეგო აღმოჩნდა. მაინც სხვა ახალი ვერაფერი აღმოაჩინა, გარდა იმ ერთი დეტალისა, რამაც ახლა, სწორედ ამ წუთას, ასე ძლიერ ააღელვა. 
„იმედია, მიმის არაფერი შეუნიშნავს.“ 
ფიფო ჩაფიქრებული დასცქეროდა საქმის მასალებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უკვე დადგენილი იყო. ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო, ტელევიზორს გაუჩნდა და ამით ეს საქმე, დახურულად ჩათვალეს და უკვე თაროზეც შემოდებდნენ, ისევ ფიფოს რომ არ მიექცია ყურადღება, ერთ, ცოტა არ იყოს უცნაურ გარემოებაზე. 
გარდაცვლილი კაცი, თავის საძინებელში, საწოლში იპოვნეს. მაშინვე ჩათვალეს, რომ ძილში კვამლით იყო გაგუდული. თუმცა, ყველაზე ბოლოს, სწორედაც რომ ის საძინებელი ოთახი ივსებოდა კვამლით. ტელევიზორი, მხოლოდ სამზარეულოში იყო. ამიტომაც ონკანიდან გადმოსულმა წყალმა, ჩამრთველი დააზიანა და ტელევიზორის ჩართვისას, მომენტალურად მოხდა მოკლე ჩართვა, რასაც ტელევიზორის აფეთქება მოჰყვა და სახლსაც ხანძარიც გაუჩნდა. აფეთქების ხმაზე გამოსულმა მეზობლებმა, სახანძროს მოსვლამდე თავადაც სცადეს ცეცხლის ჩაქრობა. ამიტომაც, სახლი სანახევროდაც არ იყო დამწვარი, უფრო მეტად კვამლისგან გამურული იყო, ვიდრე ცეცხლისგან განადგურებული. 
- ძაან საინტერესო ფაქტია! - არ ცხრებოდა ფიფო. - ონკანი მოუშვა, ტელევიზორი ჩართო და მერე ასე მშვიდად და უდარდელად დასაძინებლად სხვა ოთახში გავიდა? 
თუმცა, მისი თანამშრომლები მის აზრს ნამდვილად არ იზიარებდნენ და ერთი სული ჰქონდათ, საქმე დროულად დაეხურათ. 
- იქნებ, ჩართული დარჩა? 
- ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე მაინც ყველაფრის ხელმეორედ გადამოწმებას მოვითხოვ და გვამს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ხელმეორე ექსპერტიზა! 
ექსპერტიზამ კი დაიგვიანა და ფიფოს, ისედაც ბევრად უფრო გვიან შეატყობინეს, რომ მსხვერპლი მანამდე იყო მკვდარი, ვიდრე ხანძარი გაჩნდებოდა. 
LEX. 2018 წლის 11 თებერვალი, კვირა.

No comments:

Post a Comment