Saturday, April 3, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 100)

100.
ფიფო გიჟივით იყო. ცოფებს ყრიდა და თან, მაქსიმალურად ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა. დაპირებისამებრ, მძღოლის ბავშვებს, უამრავი ტკბილეული გაუგზავნა და მამიდასთანაც, საუცხოო შოკოლადით ხელდამშვენებული მივიდა, ხელზე ეამბორა და სანამ თავის გასამართლებლად პირს გააღებდა, მამიდამ დაასწრო: 
- ეს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? არც შაბათი იციან და არც კვირა, გაწყვიტეს ხალხი, ამდენი მუშაობით!
ფიფო გაიტრუნა. 
- ასე შეიძლება? ადამიანი, დილამდე უნდა ამუშაო? - განაგრძობდა მამიდა, ფიფოს სასარგებლო დაცვას.
ფიფომ მიმისკენ გააპარა თვალი, მიმიმაც არანაკლებ გაკვირვებულმა გამოხედა. რატომღაც, ყველა მამიდის რისხვას მოელოდა და ის კი პირიქით, აშკარად ფიფოს დაცვას შეეცადა და მერე, ქებასაც მოჰყვა.
ფიფომ შვებით ამოისუნთქა, აქაც გამიმართლა, ალბათ მართლაც, რაღაც განგებას ვუყვარვარო და გულზე მოეშვა. 
- და რადგან, ასეა თუ ისეა, მაინც დანაშაული ჩემი მხრიდან მოდის. - დაიწყო ფიფომ. - ამ საღამოს, ყველას გეპატიჟებით თეატრში და მერე, რესტორანში!
სიდედრი გაიბადრა. 
- რომელი სპექტაკლია? - კმაყოფილი სახით გამოხედა მამიდამ. 
- რომელსაც თქვენ ისურვებთ! - უპასუხა ფიფომ. - როგორც გუშინდელი იუბუილარი და მე, როგორც გუშინდელი დამნაშავე ვალდებულიც ვარ, დღევანდელი საღამო გავულამაზო, ჩემს უსაყვარლეს ქალბატონებს! 
- ჰმ. საინტერესოა. - ჩაფიქრდა მამიდა. 
- ვნახავ ახლავე ინტერნეტში. - მიმიმ ლეპტოპი გახსნა. 
- ჰო, ნახე აბა, ამ საღამოს რა გადის? - ჩაურთო დედამ. 
- შეარჩიეთ რომელ თეატრში უფრო გირჩევნიათ. - დაუმატა ფიფომ. - და ბარემ, რესტორანიც დაჯავშნე. 
- რესტორანსაც ჩვენ ვირჩევთ? - ღიმილით ჩაეკითხა მამიდა. 
- რა თქმა უნდა! - გაიბადრა ფიფო. 
- მე არ მინდა რესტორანში. - აიბზუა ცხვირი დიმეომ. 
- მაშინ, მე და შენ გავისეირნოთ. - მიეალერსა ფიფო გაბღუზულ ბიჭს. 
- აბა თეატრში რომ მიდიხართ? - უნდობლად იკითხა ბავშვმა. 
- ეგ საღამოს და მანამდე კი, შენს განკარგულებაში ვარ! 
- წამოდი დედი შენც თეატრში. - მიმართა მიმიმ. – ისეთ სპექტაკლს შევარჩევ, რომ შენც მოგეწონოს. 
- კარგი, წამოვალ, მხოლოდ მერე რესტორანში, არ მინდა. - ბიჭმა კოპები შეკრა. 
- აბა? - მიმართა მიმიმ. - მარტო ხომ არ დაგტოვებთ? 
- ძანესთან მინდა. - მიუგო დიმეომ. - დამტოვეთ იქ, და მერე, მომაკითხეთ. 
- კარგი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. 
- ან იქ დავრჩები. - დაუმატა დიმეომ. 
- კარგი, მამ. - გაუღიმა ფიფომ. - როგორც შენ გინდა, ისე იყო, აბა მართლა, რა უნდა ბავშვს, რესტორანში? ჩვენს ქეიფს უყუროს? 
- ჰო, კარგი. - თავი გააქნია მიმიმ. - ისედაც ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად გინდა ძანესთან დარჩენა. 
- მიმი, იყოს დარჩეს. - გამოექომაგა ფიფო ბავშვს. - რესტორანში, უფროსებთან ერთად ყურყუტს, იქ უფრო ურჩევნია, უფრო გაერთობა. 
- კარგი. კარგი. - უპასუხა მიმიმ. - არ ვარ წინააღმდეგი. - და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მამიდის ხმამ, შეაჩერა.
- ფიფო! - მამიდა სიძეს მიუბრუნდა. - შენებიც დაპატიჟე. 
- ჰო, რა ვიცი? ვნახოთ. 
- უბრალოდ, უხერხულია. - განაგრძო მამიდამ. - გუშინ ერთად ვიყავით და ახლა, ხომ არ გამოვტოვებთ? ეს თეატრიც, ხომ შენი გუშინდელი არ მოსვლის ჯარიმაა? 
- კეთილი, ვეტყვი ჩემებს. 
- თან ცოტა, გენდერული ბალანსი არ იქნება იმდენად დარღვეული, მამაშენიც რომ წამოვა. - მიუგო მამიდამ. - მიმი! შენ დაპატიჟე, შენგან უფრო გაუხარდებათ. 
- კარგი, დავურეკავ ახლავე. 
- და ისიც დაუმატე, რომ აუცილებლად უნდა წამოვიდნენ. - განაგრძო მამიდამ. - რადგან ეს, ფიფოს ჯარიმაა. 
ფიფოს გულიანად გაეცინა და კიდევ ერთხელ გაივლო გულში, რა ადვილად გადავრჩიო. 

 *** 
- ჰო, ძაღლის ბედი მაქვს, მაგრამ რომ არ მასვენებს გამჩენი? - ფიფომ ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი. 
- ახლა მაინც დაყენდი და დაშოშმინდი. - ღიმილით მიუგო ქირურგმა. 
- დაყენებულიც ვიყავი და დაშოშმინებულიც, მიმისაც კი შევპირდი, რომ მორჩა, აღარ ვიძუნძულებ, მეთქი და... - ფიფომ ხელი ჩაიქნია. 
- ნუ ბეწვზე კი გადარჩი, მაგრამ ნაწილობრივ, მაინც შენი ბრალია. 
- ჩემი ბრალია, აბა რაა. - ფიფომ თავი გააქნია. - უბრალოდ, ვინმესთვის რომ არ მეთქვა, გამისკდებოდა გული. 
- ჩემგან რომ არ გავა... 
- კი ვიცი. - გაუღიმა ფიფომ. 
- ისე, მეც მიკვირს. - დაიწყო ქირურგმა. - ამ ერთ საათში, ასე როგორ დათვერი? 
- აზრზე არ ვარ! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - თან მძღოლმა, დაგირეკე და არ მიპასუხეო, ვერც ზარის ხმა გავიგე, ნუთუ? 
- სასმელს, ყოველთვის მშვენივრად იტანდი და თან, ყველაზე ბევრს, შენ სვამდი და მაინც ყველაზე მაგრად იდექი და მართლაც, ასე მოკლე დროში, რამ მოგწყვიტა კისერი? 
- ჩვეულებრივი კონიაკი იყო! ჩემივე მიტანილი, თავის დროზე. სავარაუდოდ, უცხო ბოთლი, მაშინვე თვალში მომხვდებოდა, რადგან ეტიკეტს მაინც გადავხედავდი. ჩვევად მაქვს! 
- და, როგორ თქვი? - მობილურის ზარიც არ გამიგიაო? - ჩაეკითხა ქირურგი. 
ფიფომ გამეხებული მზერა მიაპყრო და ჯიბიდან, ტელეფონი ამოიღო. ახლაღა შეამჩნია, რომ მობილურს ხმა, გამორთული ჰქონდა, მხოლოდ ვიბრაციაზე მუშაობდა. 
- საერთოდ, ხმას არასდროს ვთიშავ... - ჩაილაპარაკა ფიფომ თავისთვის. 
- და რამდენი ხანი გავიდა? 
- საიდან? 
- აი, რაც ასეთი მაგარი დრო ატარე? - ღიმილით აღნიშნა ქირურგმა. 
- ნუ წუხანდელი ამბავია, რა და ახლაც თავი მისკდება. 
- წამო აბა. - ქირურგი წამოდგა. 
ფიფო უხმოდ დაემორჩილა და უკან მიჰყვა დერეფანში მიმავალ ქირურგს. 
- რა გაძლებს დღეს, თეატრში და მერე, რესტორანში და თანაც, ამდენ ქალებში. - ბურტყუნებდა ფიფო. - კიდევ კარგი, მამაჩემი მაინც მოდის, თორემ ბოლომდე გავაფრენდი. 
- თან, მამიდაც რომ იქ იქნება. - სიცილით დაურთო ქირურგმა. 
- ნუ ეგაა მაინც მთავარი, გინდა იუბილარი იყოს და გინდა, არა. 
- როგორც ყოველთვის. - კვლავ გაეცინა ქირურგს.
- ისე, არც დიმეოს გასეირნების თავი მქონდა დღეს, მაგრამ რადგან იმათ დავუძვერი. კიდევ კარგი, ანდრა დამხვდა აქ და ძანესთან წაიყვანა. 
- ოო, ანდრას ძანესთან მისვლის, საკმაოდ „სერიოზული“ მიზეზი გამოუჩნდა. ვაჩე იმდენს მეცადინეობს, რომ უბრალოდ გასართობად, მართლა ვეღარ ნახულობს. 
ქირურგმა ფიფო, ლაბორატორიაში შეიყვანა და ექთანს დაბალ ხმაზე, რაღაც უთხრა და მერე სანიტარსაც გასძახა, ისიც უმალვე იქ გაჩნდა. 
- ერთი ამას, მოაფსმევინე. - ფიფოზე ანიშნა ქირურგმა სანიტარს. 
- რას ამბობ?! - წამოჭარხლდა ფიფო. 
- რასაც ვამბობ! - მიუტრიალდა ქირურგი ფიფოს. - აი, აიღე ეს ქილა, გამომართვი და მიდი, იქეთ შედი.
ფიფო უარზე დადგა. 
- რაღაც ეჭვი გამიჩნდა და რადგან ბარემ აქ ხარ, ჩვენვე გავარკვიოთ. - უთხრა ქირურგმა. - თუ მაინც და მაინც, სამმართველოს ექსპერტიზა უნდა ჩაერთოს? 
- საით შევიდე? - უკმაყოფილო სახით ჩამოართვა ფიფომ ქილა. 
- აი, იქეთ შედი, ბარემ ხელსაც გადაიბან ონკანთან.
- და მაინც, რატომ იფიქრე ასე? - უკვე კაბინეტში ასულს ჰკითხა ფიფომ ქირურგს. 
- ყველაზე უფრო საეჭვოდ, შენი ასე სწრაფი და უგონო დათრობა მომეჩვენა და მერე, მობილურის გამორთულმა ხმამ, უფრო მეტად გამიღრმავა ეჭვი. 
- ჰო, რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. 
- ბარემ აქვე გავარკვიოთ და დაველოდოთ ანალიზის პასუხებს. 
- დაველოდოთ. 
- შენ შეგიძლია, წახვიდე. ჯერ მაინც, არ იქნება და არ იდარდო, ისე შეგატყობინებ, რომ ვერავინ გაიგებს. 
ფიფომ ყავა მოსვა და ფინჯანი გვერდით მისწია. 
- თავი ისე მისკდება, ყავაც აღარ მშველის. უკვე მერამდენე დავლიე. - ფიფომ გულზე მოიკიდა ხელი. 
- მოდი აბა, ბარემ აქ ხარ და წნევასაც გაგიზომავ.

 *** 
ფიფომ დანაპირები შეასრულა. ჯერ თეატრი და მერე, რესტორანი. სპექტაკლზეც გათიშული იჯდა, არც არაფერი ესმოდა რა ხდებოდა სცენაზე და ვერც ვერაფერს ხედავდა. მხოლოდ პერიოდულად, მაყურებლების ოვაციების ხმაზე გამოერკვეოდა, თვითონაც აყოლებდა ტაშს ხელს და ერთი სული ჰქონდა, როდისღა დამთავრდებოდა. წესიერად, ვერც რესტორანში მოილხინა. დანა პირს არ უხსნიდა და არც სასმელს გაეკარა. საჭესთან ჯდომა მოიმიზეზა, რადგან დასჯილი ვარ, ბარემ ბოლომდე დავისაჯოო. თავი ჩვეულებრივ ეჭირა. ერთი-ორჯერ, იხუმრა კიდეც, თუმცა ქალები, მაინც ისეთ ემოციებში იყვნენ, რომ ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს და ფიფოს უხასიათობაც, არც არავის შეუმჩნევია. მხოლოდ მოგვიანებით, უკვე სახლში მისვლისას, მიმიმ მაინც აღნიშნა, რაღაც ფერზე ვერ ხარო. 
- თავი მისკდება, დილიდან. - წაიბურტყუნა ფიფომ.
- ჰოდა, წადი ახლა და გამოიძინე შენს საძინებელში. 
ფიფოს გაუხარდა. ახლა ნამდვილად არ ჰქონდა, არც მიმის ალერსის არც თავი და არც არაფრის ნერვები. ის კი არა და, იმდენად ქენჯნიდა სინდისი, რომ თვალებსაც ვეღარ უსწორებდა მიმის. 
ასე გრძელდებოდა, რამდენიმე დღე. ფიფოც თანდათან, მოეშვა და ნელ-ნელა, დავიწყებასაც კი მისცა ის ინციდენტი. თუმცა ხანდახან, იმ საღამოს გახსენებაზე, გული ბრაზით ევსებოდა. განსაკუთრებით კი იმის მერე, რაც ქირურგმა, მისი ანალიზის პასუხები შეატყობინა, საშინლად განრისხდა. რამდენჯერმე ძლიერად დაჰკრა მუშტი მაგიდას. დაიმუქრა კიდევაც, არ ვაპატიებო, მაგრამ მერე ქირურგმა დააშოშმინა, დაამშვიდა და აუხსნა: 
- ამ ეტაპზე, სჯობს შერჩეს ეს ამბავი, თორემ მერე კიდევ, რაღაც ახალ შანტაჟს გაგიჩალიჩებს. 
- მერე სულ ძმრად ამოვადენ! - გაცხარდა ფიფო. 
- არ გინდა, ცხელ გულზე. დამიჯერე, ასე სჯობს. თორემ ახლა შენ არ შეარჩენ, მერე ის უარეს რაღაცას მოიმოქმედებს, მერე ისევ შენ უხდი სამაგიეროს და მერე კიდევ, რამე რომ იყოს, მაინც და მაინც, მიმის ყურამდე მივიდეს? 
- არა, მიმი, არა! მიმის გულისტკენა, ყველაზე ნაკლებად მინდა! ნაკლებად კი არა, საერთოდ არ მინდა! 
- ჰოდა, სჯობს ახლა, ეს შერჩეს იმ ქალს. ამ წუთას, სხვა გზა, არ გაქვს? აბა, ხომ არ დააპატიმრებ? - ჩაეცინა ქირურგს. 
- არა, ეგ რაში მჭირდება. - თავი გააქნია ფიფომ. სიგარეტი ღრმად მოქაჩა. ცოტა თითქოს, დამშვიდდა კიდეც. - ისე, იმ სახლს, მალე გასდის გირავნობის ვადა. - დაუმატა უფრო დაბალი ხმით. 
- ძალიანაც კარგი! - მიუგო ქირურგმა. - იცხოვროს ჯერ იქ, სანამ დრო აქვს და მერე, რომ გამოაბუძნულებს სახლის პატრონი, თავის თავს დააბრალოს. 
- ჰოდა, ასე ვიზამ! - კვერი დაუკრა ფიფომ. - აღარ გავაგრძელებ გირაოს ვადას. სადაც უნდა, იქ წავიდეს! 
- დიდი ხანია? 
- რა? - ფიფოს ჩაეღიმა. - ერთი წლით ვიგირავე. თუ მეტ ხანს გაგრძელდებოდა ურთიერთობა, დროსაც გავაგრძელებდი. ეს ისედაც იცოდა, არაფერი დამიმალავს. 
- და თუ დაგირეკავს, სჯობს უპასუხო. თუნდაც, მოკლე პასუხებით. დამიჯერე, ასეა საჭირო.
 
 *** 
მიმის მობილურში ზარი შემოვიდა. ანდრა ურეკავდა. ჯერ მიმი მოიკითხა, მერე დიმეოც მომენატრაო.
მიმის ეღიმებოდა. ალბათ, ვაჩეს ხშირად მონახულების შანსი რომ არა აქვს, ასე დიმეოს ძანესთან წაყვანით ცდილობს მის ნახვასო. 
ნაწილობრივ, ასეც იყო, მაგრამ ანდრა ახლა, სულ სხვა რამის გამო სთხოვდა მისვლას, რაზეც მიმის, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. 
- დღის მეორე ნახევრისკენ მოვალთ მე და დიმე. - უპასუხა მიმიმ და ტელეფონი გათიშა. 
მიმის სამსახურში, თავისუფალი გრაფიკი ჰქონდა. ადვილად შეეძლო ადრე წამოსულიყო, დიმეოსაც გაუვლიდა სკოლაში და ერთად ესტუმრებოდნენ ანდრას, რომელიც ასე სულმოუთქმელად ელოდა მათ გამოჩენას. 
ანდრა მომღიმარი სახით დაუხვდა, თუმცა თითქოს, თვალები ჩამქრალი ჰქონდა. ან იქნებ, მიმის მოეჩვენა ასე. 
„ალბათ, ვაჩესთან იჩხუბა.“ 
გაუელვა მიმის. 
„და ალბათ უნდა, რომ მე შევარიგო? 
რატომაც, არა! დიდი ამბავი, ერთ-ორჯერ ყველა შეყვარებულს უჩხუბია და მერე, რა? არც არაფერი! ისე, შევარიგებ, რომ ნებისმიერი ჩხუბი თუ კონფლიქტი უკან დარჩებათ.“ 
- აბა, მომიყევი, როგორ ხარ? - მიმიმ ჩაის ფინჯანი, თავისკენ მიიწია. 
- მე, კარგად! - მკვირცხლად მიუგო ანდრამ. 
- ძალიან კარგი. - უპასუხა მიმის. - ვაჩესკენ, რა ხდება? მეცადინეობს? 
- კი, წელს აბარებს და ისე ხშირად, ვეღარ ვნახულობ. - მოწყენილი ხმით მიუგო ანდრამ. - თუმცა უყურადღებოდ, მაინც არ მტოვებს. დღის განმავლობაში, არაერთ მესიჯს მიგზავნის. 
- ნუ, მაგასაც არა უშავს. - მიმის გაეღიმა. 
- ჰო, არა უშავს, აბა რაა. - ამოიხვნეშა ანდრამ. - მაგრამ ხანდახან, ისე მენატრება, ისე მენატრება, რომ ვეღარ ვითმენ და მის სანახავად, მილიონ მიზეზს ვიგონებ. მერე კი გული მწყდება და ჩემს თავზე ვბრაზობ, რადგან ამის გამო, ვაჩეს ღამის თევა უწევს სამეცადინოდ. 
- ასეა. ქირურგობა უნდა ბიჭს, თან სკოლასაც ამთავრებს, თან ემზადება, მაგრამ ხანდახან, ცოტა დასვენებაც საჭიროა. 
- ვასვენებ ხოლმე. - გაიკრიჭა ანდრა. - ამას წინათ, დიმეო მყავდა ძანესთან და მერე, ყველამ ერთად გავისეირნეთ. 
მიმის გაეღიმა. ალბათ, ფიფომ რომ მიიყვანა დიმეო, იმას გულისხმობსო. 
- ისე გამიხარდა, ფიფომ რომ მოიყვანა ქირუგრთან. - განაგრძობდა ანდრა. - თან მეც რომ იქ დავხვდი, რა მაგარი იყო! 
- და როდის? - იკითხა მიმიმ. 
ანდრამ დღე დაუსახელა. ეს სწორედ ის თარიღი იყო, მამიდის დაბადების დღის, მეორე დღე. 
„კი, მაგრამ აბა ფიფომ თქვა, მე წავიყვანე ძანესთანო და თვითონ ჯერ, ქირურგთან კლინიკაში მისულა, ამხელა გზაზე. 
და რატომ არ მითხრა? 
იქნებ, დაავიწყდა?“ 
ანდრა კვლავ ქაქანებდა, თუმცა მალევე შემოელია სალაპარაკო და წუთით, უხერხული დუმილიც კი ჩამოვარდა. მიმი კვლავ იმაზე ფიქრობდა, ფიფოს ნეტა, რა საქმე უნდა ჰქონოდა ქირურგთანო. 
- ისე, ტელეფონშივე გეთქვა, რომ ვაჩეს ნახვა გინდოდა, ბარემ შენ გამოიყვანდი დიმეოს სკოლიდან და პირდაპირ იქ წაიყვანდი, ამდენ დროსაც აღარ დაკარგავდი და უფრო დიდ ხანს იქნებოდი ვაჩესთან. - აღნიშნა მიმიმ. 
- მე მაქვს შვილო, შენთან საქმე. - მოულოდნელად გაისმა ქირურგის ბებიის ხმა, რომელიც იქვე, სავარძელში თვლემდა და თითქოს, ვერც ამჩნევდა იქვე მყოფთ. 
- მე, დიმეოს გავასეირნებ. - ანდრა წამოდგა. 
„ნეტა, რა საქმე აქვს?“ 
გაუელვა მიმის და მერე ანდრას მიმართა: 
- ტაქსი გამოიძაზე და მოგვიანებით, მოგაკითხავთ ძანესთან. 
- ძალიან დელიკატური საქმეა. - დაიწყო ბებიამ, როცა მარტო დარჩნენ. 
- გისმენთ. - მიუგო მიმიმ. - საიდუმლოს შენახვაც საკმაოდ კარგად მეხერხება და დახმარებაზეც, უარს არ გეტყვით. 
- სავარაუდოდ, შეიძლება ორივე ვარიანტიც დამჭირდეს. - მიუგო ბებომ. - ან იქნებ, არც ერთი, ან სულ სხვა რამ. 
- რაც შემიძლია... - დაბნეულად უპასუხა მიმიმ. - უკან არაფერზე დავიხევ... 
- ამას წინათ, მე და ანდრა ეკლესიაში ვიყავით. - დაიწყო ბებიამ. - კარგი გოგონაა, სხვებივით კი არ იბღუზება, ამ ბებრუხანას უნდა ვსდიოო. პირიქით, სულ ცდილობს, ყოველთვის და ყველაფერში, რაღაც ახალი ისწავლოს. ყველაფერს აკვირდება, მეკითხება, იმახსოვრებს. უნდა რომ ყველგან, ოჯახში აღზრდილი გამოჩნდეს და ჩვენც გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა ამ გოგონაში, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩიდან მოყვანილია. 
- თქვენ... თქვენ იცოდით? 
- მაშინვე შევატყვე. - ჩაეღიმა ბებოს. - ობლობით დანაღვლიანებულს, სულაც არ ჰგავდა. პირიქით, საკმაოდ მყარად ეჭირა თავი. საკუთარ თავში დარწმუნებული, ასეთი პატარა გოგონა, კარგად უნდა ყოფილიყო გაწვრთნილი ქუჩის ცხოვრებაში. 
- ნუ, ჰო. - მიმის მდარედ ჩაეღიმა. 
- როგორც კი დავინახე, ერთი კი ცუდად გამკრა გულში, მაგრამ მაშინვე ჩემივე თავის შემრცხვა. შანსი უნდა მიმეცა, ჩემი გამწარებული, გულდათუთქული შვილიშვილის ხათრით და აი, გაგვიმართლა კიდევაც. 
- ახლა სულ სხვანაირია. - ჩაურთო მიმიმ. 
- ვიფიქრე, თუ ჭკუა აქვს, შეირგებს სითბოს, თუ არა და შენც კარგად იცი, არც არაფერი დააკავებდა. აქამდე უკვე, დიდი ხნის გაქცეულიც იქნებოდა. 
- ამაზე უკეთეს ადგილას, სად უნდა წასულიყო? - ჩაეცინა მიმის. 
- არც მასეა საქმე. შეიძლება, უკეთესიც ენახა და უარესიც, მაგრამ გონებას მოუხმო. მიხვდა, ჭკუაში დაუჯდა და კიდევ, იცი რამ იმოქმედა? 
მიმიმ უარის ნიშნად, თავი გააქნია. 
- როცა იქ, კლინიკაში პატარა ჩვილები ნახა, მერე ექთნებს დაეხმარა მათ მოვლაში, მოეფერა და აი, იქ მიხვდა, თუ რას ნიშნავს სითბო, სიყვარული, ოჯახი. 
- ჰო, რა თქმა უნდა. - კვერს უკრავდა მიმი და თან ფიქრობდა, ნეტა მართლა რა უნდა ამ ქალსო, ასე ანდრაზე უბრალოდ სალაპარაკოდ, იმედია არ დამიბარაო. 
- და იმას ვამბობდი. - როგორც იქნა, გაიხსენა მოხუცმა. - ამას წინათ, მე და ანდრა, ეკლესიაში ვიყავით... 

 *** 
- ბებო, წავიდეთ რა, აქედან. - ანდრამ ბებიას გადაუჩურჩულა. 
- დაიღალე შვილო? - უპასუხა ბებომ. - რაღა დარჩა? ბარემ ვეზიაროთ და წავიდეთ. 
- გთხოვ, ბები რააა. - ანდრამ მუდარის თვალები შეანათა. 
„ალბათ, ვიღაც ისეთი შენიშნა.“ 
გაიფიქრა ქირურგის ბებიამ. 
„თავისი ძველი კლიენტი, სავარაუდოდ საზიზღარი და საშინელი! ბავშვი როგორი დამფრთხალია. 
თუმცა, რა აქვს საშიში? აღსარებაზეც მყავდა და გვერდიდან არ ვიშორებ. აბა ერთი, ვის ეყოფა ვაჟკაცობა, ბავშვს რამე გაუბედოს!“ 
მოხუცმა ფრთხილად გადახედა ეკლესიაში შეკრებილ ხალხს. მათკენ დაჟინებით მომზირალი, ვერც ვერავინ შენიშნა. 
„ალბათ, თვითონ ანდრამ დაინახა და არ უნდა, რომ შეამჩნიონ.“ 
- ბებო წავიდეთ, რაა, არ შემიძლია ახლა ზიარება. - კვლავ შეევედრა ანდრა. 
- მომისმინე შვილო. - დაუყვავა ბებიამ. - შენ თუ ზიარება არ გინდა, ეგ სხვა საქმეა. ვერ დაგაძალებ, მაგრამ თუ ვინმეს გაურბიხარ, გირჩევ ისე მოერიდო, რომ იმ ადგილის დატოვება არ მოგიხდეს, სადაც მართლა გინდა ყოფნა. 
ანდრამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ გაფითრებული სახე მოარიდა. 
- ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა შეგეშინდეს. არაფერია აქ საშიში. გამაგრდი, წელში გაიმართე და გააკეთე ის. რისთვისაც მოხვედი, თორემ ახლა თუ გაიქეცი, ხვალ შეიძლება ის ადამიანი, ჩვენს მეზობლად გადმოვიდეს და მერე, რას იზამ? სახლიდან აღარ გამოხვალ? თუ მისამართი შევიცვალოთ? 
ანდრამ დაბნეულად აიჩეჩა მხრები. 
- იცი, რაა? - განაგრძო ბებომ. - მე იმ სახლში დავიბადე, რას მიყურებ? ჰო, მართლა და ახლა, ისედაც ორი დღე დამრჩენია, გინდა ავიბარგოთ და გადავიდე? 
პასუხად ანდრას, ნაღვლიანად გაეღიმა. 
- აბა, გამიყარე ხელკავი და მივიდეთ ერთად იქამდე, რისთვისაც მოვედით! - ბებიამ ამაყად ასწია თავი და ანდრას, ხელი ხელზე მოუჭირა. - წინ იყურე, თავ აწეულმა! არაფერი გაქვს დასამალი და გასაქცევი! 
ანდრამ ამოიხვნეშა, წელში გასწორდა. თუმცა თვალებს მაინც, აქეთ-იქეთ აცეცებდა და აშკარად ვიღაცას ეძებდა, მაგრამ ვის? 
- დაიმახსოვრე, ბები. - განაგრძო მოხუცმა. - შენ ახლა, პირველივე წინაღობისას თუ შეფერხდი, გაჩერდი და უკან დახიე, ვერასოდეს წახვალ წინ და მერე, ერთ ადგილას გაჩერდები, ან სულაც, უკან წახვალ. 
ანდრას ახლა აშკარად მოეშვა გულზე. 
ტაძრიდან მშვენიერ ხასიათზე გამოვიდნენ. არც არავის შეუჩერებია, არც არავინ აკვირდებოდა ზედმეტად და ის იყო ეკლესიის ეზოც უკან მოიტოვეს, რომ მოულოდნელად ვიღაც, წელში ორად მოხრილმა, საკმაოდ ხნიერმა ქალმა ხრინწიანი ხმით მიმართა: 
- მე შენ გიცნობ. 
LEX. 2021 წლის 3 მარტი, ოთხშაბათი. 

No comments:

Post a Comment