Sunday, March 28, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 99)

99. 
ფიფოს თვალის არიდება, სტუმრის მსგავსად, არც მიმის გამოჰპარვია. მაშინვე დატოვა სასტუმრო ოთახი, სამზარეულოში გაიძურწა და იქიდან გამოსძახა, კიდევ მოგვიყევი მოპარულ ბავშვებზე რამე თუ იციო. 
- რა ვიცი, აბა რაღა მოვყვე? - განაგრძო ფიფომ. - პოლიციამაც არა ერთხელ ჩაშალა გამოძიება და გააფუჭა სამხილები. 
- თავის დასაძვრენად, რაღას აღარ იკადრებდნენ. - ჩაურთო ჩუკიმ. - მით უმეტეს, ის ხალხი, ვინც ასე უსულგულოდ აცლიდა დედას ჩვილს. 
- რა თქმა უნდა. - ამოიხვნეშა ფიფომ. 
- ბოროტმოქმედება, ბოლომდე მაინც ვერ იმალება და არც ასე ადვილად იჩქმალება, რადგან საშინელი სუნი ასდის. წლების მერე, მაინც სადმე გაჟონავს ის სიმყრალის სუნი, რომელსაც სხვისი უბედურება ჰქვია. - ნაღვლიანი ხმით ჩაურთო მიმიმ. 
დაკარგული და გაყიდული ჩვილების ირგვლივ, ბევრი ისაუბრეს და ბოლოს, ჩუკის „ფინალურმა სვლამ“, საკმაოდ თვალშისაცემი რეაქცია გამოიწვია, როგორც ფიფოსგან ასევე მიმისგანაც, რის შედეგადაც ჩუკი დარწმუნდა, რომ აქ კიდევ, რაღაც სულ სხვა ამბავი იყო, მაგრამ რა? რაში იყო საქმე? რას მალავდა ეს ცოლ-ქმარი ასეთს? 
„და რა ვთქვი, ასეთი?“ 
ფიქრობდა ჩუკი, როცა სახლისკენ მიუყვებოდა აღმართს. 
„მარტო ის ვახსენე, რომ სერიული მკვლელი, მხოლოდ იმ ხალხს ხოცავდა, ვისაც ჩვილების საქმეში ჰქონდა ხელი გასვრილიო და ამათ, რა ქნეს? 
ერთმა ხან იქეთ შეაბრუნა პირი და მეორე კი, თემის შეცვლას ცდილობდა. 
იქნებ, დიმეო აყვანილი ჰყავთ და იციან, რომ მოპარული ბავშვია? ან მოგვიანებით გაიგეს, რომ მოპარულ ბავშვს ზრდიდნენ და ახლა უკვე იმდენად შეეჩვივნენ და ისე შეიყვარეს რომ უკან ვეღარ იხევენ?“ 
- ეჰ. - ხმამაღლა ამოიხვნეშა ჩუკიმ. - არადა, რა კარგი ხალხია, მეც როგორ მიყვარს და როგორ შევეჩვიე. 
- რა ხდება? - ჩუკი ფიქრებიდან, უფროსმა დამ გამოაფხიზლა. 
- არ ვიცი. არ ვიცი. - ჩაფიქრებული ხმით გააქნია თავი ჩუკიმ. 
- უკვე ხმამაღლა ფიქრიც დაიწყე და ესე იგი, რაღაც მართლაც სერიოზულად გაწუხებს. 
- ჰო, ძალიან მაწუხებს, რადგან საკმაოდ რთულია, როცა უახლოეს მეგობრად თვლი და რაღაც ხდება მათ ოჯახში, შენ კი, ვერაფერს არკვევ. 
- აუცილებელი ხომ არ არის, რომ სხვის ოჯახზე, ყოველი წვრილმანი იცოდე. 
ჩუკიმ არაფერი უპასუხა. 
- ნუ გწყინს. იქნებ, არის ოჯახში ისეთი რამ, რაც არც დასამალია და არც ხმამაღალი სათქმელია? - განაგრძო დამ. - რატომ ერევი, სხვის ცხოვრებაში? 
- და იქნებ, როგორ უჭირთ და... მარტო უფულობაც ხომ არ არის გაჭირვება? 
- ჰმ. მეგობრებს იმდენად უჭირთ, რომ ასე მალავენ? - ჩაეღიმა ჩუკის დას. 
- იქნებ, არც არაფერს მალავენ, მაგრამ ძალიან დიდ დარდს ატარებენ და არც კი ვიცი, როგორ შევუმსუბუქო, როგორ დავუდგე გვერდში. 
- და ფიქრობ, რომ სიმართლის გაგებით, გვერდში დაუდგები? 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - რაღაცეებში მეპარება ეჭვი და... 
- თუ გინდა, სიმართლე გაიგო, ჯერ ის ტყუილი უნდა დაადასტურო, რაშიც ეჭვი გეპარება. 
- ტყუილი, როგორც ასეთი, არც არაფერი ჩანს. - ჩუკიმ ამოიხვნეშა. - უბრალოდ ადამიანი, ბოლომდე ვერ იხსნება შენთან, ბოლომდე გულახდილი ვერ არის და ეს, სულაც არ არის ტყუილი. 
- ისე, არც ბოლომდე არ გახსნა ნიშნავს უნდობლობას. უბრალოდ, ის თემაა იქნებ მათთვის საკმაოდ მძიმე და საუბარსაც მაგიტომ ერიდებიან. 
- ისე, ეგ უფრო ლოგიკურად ჟღერს. - მდარედ გაეღიმა ჩუკის. 
- ჰოდა, შეეშვი. მოვა დრო და გეტყვის. 
- ჰო, ალბათ. 
- ან სულაც არ მოვა ეგ დრო, რადგან ყველაფრის გამომზეურება, არც არის საჭირო და მით უმეტეს მაშინ, როცა ეს შენ, საერთოდაც არ გეხება. 

 *** 
- დღეს ადრე მოხვალ? 
კართან მისული ფიფო, მიმის ხმამ შეაჩერა. 
- რა ხდება? - იკითხა ფიფომ. 
მიმიმ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ღიმილით აიჩეჩა მხრები. 
- ვინმეს დაბადების დღე გამომრჩა? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა ფიფომ. 
- მამიდას დაბადების დღეა. 
- უჰ! ჩემი საყვარელი სიდედრის, მულის?! 
- აბაა! - მიმი ყურებამდე გაიკრიჭა. - მხოლოდ ასაკი, არ იკითხო. 
- არც ვაპირებ, მაინც არ გვეტყვის. - გაეცინა ფიფოს. - და რა ვაჩუქო? 
- საჩუქარს მე შევარჩევ. 
- მეც მინდა, პირადად ვაჩუქო. 
- შენ ყვავილები აჩუქე. - მიუგო მიმიმ. - სიმბოლურად. 
- ძალიან დიდ და ლამაზ თაიგულს შევაკვრევინებ. 
- ძალიან დიდიც არ გინდა. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ. - პანაშვიდის კალათსაც ნუ დაამსგავსებ, თორემ გაუსკდება გული. 
- და მერე, რა ამოვა მაგის ყბიდან. - გაეცინა ფიფოს. - ისედაც მგონი, ძლივს შემიყვარა, სულ ცოტათი. 
- სულ ცოტათი კი არა, იცი? როგო უყვარხარ? 
- მართლა? - გაიბადრა ფიფო. 
- ჰო, მართლა! სულ შენს ქებაშია, განსაკუთრებით სხვებთან. ჩემი სიძე და ჩემი სიძე და უყვება ათას რამეს. 
- ოჰო! - შეიფერა ფიფომ. - დამაფასა, როგორც იქნა და მაშინ, იმსახურებს დიდ და ლამაზ თაიგულს! 
- ჰოდა საჩუქარს კი, მე შევარჩევ. ჩვენგან ორივესგან იქნება. 
- ძალიან კარგი! - გაუხარდა ფიფოს. - მიდით თქვენ და მერე, მეც მოვალ. იმედია, დღეს მაინც არ მექნება გვიანობამდე გადატვირთული დღე. 
- იქნებ, მოახერხო რაა, თორემ რა შემოირიგებს მერე მაგას. - ჩაეღიმა მიმის. 
- რომელი საათიც არ უნდა იყოს, მაინც მოვალ! - დააიმედა ფიფომ. 
- შეეცადე, ძალიან არ დაიგვიანო. 
- ხომ გითხარი, ვეცდები და თუ მაინც ძაან დავაგვიანე, დარჩით იქ და მეც მოვალ გვიან. 
- დავრჩეთ? 
- აბა, ბავშვს, ხომ არ აყურყუტებ? ცოდოა. 
- კარგი, კარგი. და შენ მაინც, ეცადე რაა. დაა... 
- და რა? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო. 
- შენები არ წამოვლენ? მართალია, მამიდაჩემს არ უყვარს ეს დიდი ღრეობები, განსაკუთრებით, საკუთარ დაბადების დღეზე და მაინც, მარტო ჩვენები ვიქნებით. 
- შენ დაურეკე დედაჩემს. გაუხარდება, შენ თუ დაპატიჟებ. 
- დავურეკავ და მე და დიმეო გავუვლით ბარემ. 
- ძალიან კარგი! მოკლედ, მე გავედი და აუცილებლად მოვალ, რომელი საათიც არ უნდა იყოს! 
ფიფო მართლაც ეცადა. სამი ფერის ვარდებითა და შროშანებით გაწყობილი, საუკეთესო თაიგულიც შეუკვეთა და კურიერის ხელით გაუგზავნა. სამსახურიდანაც შედარებით, ადრე გამოვიდა და ის იყო, მანქანის კარის გასაღებად ხელი გაიწვდინა, რომ ქალის ნაცნობმა ხმამ, შეაჩერა. 
- ფიფო! 
არასასურველი ხმის გაგონებაზე, ფიფოს გულზე შემოეყარა, მაგრამ მაინც შესძლო თავის ხელში აყვანა და ღიმილით მობრუნდა ქალისკენ. 
- მშვიდობაა? 
- არა! - მჭახედ მიუგო ქალმა. 
- ესე იგი, ომია? - ფიფოს სახეზე, ღიმილი დასთამაშებდა, თუმცა გული, ბრაზისგან ევსებოდა. 
- ესაა შენი გამოძიებული საქმე? ასე მუშაობთ? - ქალი მოიქუფრა, თავი ჩაღუნა და ასლუკუნდა. 
- კარგი რაა, დამშვიდდი. - ფიფომ ფარულად მოავლო თვალი იქაურობას. - არ გინდა რა, ეს სცენები. 
- რა სცენები, ფიფო! რა სცენები?! - ისტერიულად აღმოხდა ქალს. 
- ჩაჯექი! - ფიფომ მანქანის კარი გამოაღო. 
ქალი მსუბუქად აწუწუნდა, მანქანაში არ უნდოდა ჩაჯდომა, მაგრამ ბოლოს, მაინც დაემორჩილა, რადგან ფიფომ, ლამის ძალით ჩასვა უკანა სავარძელზე და თვითონ, გვერდით მიუჯდა. 
- აბა, სანამ სახლამდე მიგიყვან, უცებ მომიყევი, კიდევ რა ხდება. - ცოტა არ იყოს, მკაცრი ხმით მიმართა ფიფომ აღელვებულ ქალს. 
- აქ ვერ მოგიყვები. - ქალმა ფიფოს, ამაყად აარიდა მზერა. - და თანაც, ასე უცებ. 
- უფროსო, მარკეტში გადავალ... სიგარეტი... - მიმართა მძღოლმა, სანამ მანქანას დაძრავდა. 
- არსადაც არ გადახვალ! - მკაცრად შეუტია ფიფომ, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ მისი მძღოლი, არ ეწეოდა. მერე ქალს გადახედა. - მიგიყვან სახლამდე და იქ დავილაპარაკოთ. 
ქალმა ამოიხვნეშა, თუმცა უკვე სიხარულის ნაპერწკალი გასჩენოდა თვალებში. 
სულ რაღაც ოც წუთში, მანქანა იმ სახლის სადარბაზოსთან გაჩერდა, რომელიც ფიფოს თავის დროზე ჰქონდა ნაგირავები, სპეციალურად ამ ქალთან შესახვედრად. 
ფიფოს თავიდან ძალიან მოეწონა იქაურობა. მყუდრო, სუფთა სახლი, ნაკლები მეზობლებით. დიდი სიხარულით გარბოდა და მშვენიერ დროსაც ატარებდა, მაგრამ ახლა, სადარბაზოს მიახლოებისთანავე, უკვე რაღაცნაირი სიცივე და გაუცხოვება იგრძნო. არანაირი სურვილი აღარ ჰქონდა, იმ სახლში ასულიყო და სანამ მძღოლი, მანქანიდან გადავიდოდა, ფიფომ მაშინვე მიახალა ქალს. 
- აბა მითხარი, რა გინდოდა? 
- იცი, რაა? - გაკაპასდა ქალი. - სულაც არ მინდა, ასე მანქანაში მოსაუბრე დამინახონ და თანაც, საკმაოდ შესამჩნევი ავტომობილით. 
- და ამ მანქანით რომ გაკითხავდი, მაშინ ვერავინ ამჩნევდა? - ფიფოს ხმაში, ირონიამ გაჟონა. 
- ეგ, სულ სხვა რამეა. - ქალმა ნაღვლიანი სახით აარიდა თვალი. - როცა ქალაქში, ყველაზე სიმპათიური მამაკაცი გაკითხავს და თანაც, საკმაოდ გამორჩეული, სამსახურის მანქანით, ეგ სულ სხვაა, ვიდრე იჯდე მანქანაში და რაღაც საქმეებს არჩევდე. 
- აბა, რა ვქნა? - თავი მოიკატუნა ფიფომ. ვითომ ვერც მიუხვდა, ქალის მინიშნებას. 
- ავიდეთ და გაჩვენებ და შენი თვალით დარწმუნდები, რომ არც სამაიმუნოდ და არც არანაირი შანტაჟით არ ვცდილობ არაფერს! 
ფიფომ თავი გააქნია და ვიდრე რამეს იტყოდა, ქალმა მობილური გახსნა და ფიფოს ფოტოებზე შეახედა. 
- აი, დატკბი! - მიმართა ატირებული ხმით ქალმა. - ხედავ, რა დღეშიც ვარ? 
ფიფო სურათებს ჩააკვირდა. არეული ოთახები, ყველაფერი ძირს გადმოყრილი და დამსხვრეული ნივთები. 
- კარგი ავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მაგრამ იცოდე, ძალიან ცოტა დრო მაქვს.
- და რას მემუქრები? - გაკაპასდა ქალი. - ეს ამბები შენც გეხება, თუმცა შენც კი არა, პირადად შენ გეხება, შენს გამოა! 
- ჰო, კარგი. კარგი. - ფიფო ზანტად გადმოვიდა მანქანიდან. - და არ გემუქრები. - ჩამოვალ მალე. - ისე მიმართა მძღოლს, რომ მისკენ არც გაუხედავს.
ქალი წინ შეუძღვა და პოლიეთილენის პარკში შეგროვებული, დამსხვრეული ჭურჭელი აჩვენა და თან, გამუდმებით ქაქანებდა. 
- ფოტოები გადავიღე, მაგდენი კი გავტვინე და მერე მივალაგე სახლი. 
- ეს ნამსხვრევები, რაღატომ შეინახე? თუ გეგონა, არ დაგიჯერებდი? 
- რა ვიცი. 
- სურათები ხომ მაჩვენე და რაღაზე ინახავდი? 
- და როდემდე უნდა ვიყოთ ასე? - ქალს თვალები აუცრემლდა. - რა უნდათ ჩვენგან? ვის რას ვუშავებდით? გარდა... - ქალი გაჩუმდა და ამოისლუკუნა. 
- გარდა? - ჩაეკითხა ფიფო. 
- გარდა შენი ცოლისა. - დაბალი ხმით დაასრულა ქალმა. 
- ოო, კარგი რაა! კარგი რაა! - გაბრაზდა ფიფო და ის იყო, უნდოდა ეთქვა, რომ ჩემს ცოლთანაც იყო ვიღაც მისულიო, მაგრამ რატომღაც, თავი შეიკავა. 
- ფიფო, რა კარგი რაა. - იწყინა ქალმა. - შენს ცოლთან რომ ასე შევარდნილიყვნენ, რა? არ ატეხდი ერთ ამბავს? და თანაც, ორჯერ! ხან მე მცემეს, ხან ეს სახლი დაარბიეს და ვინ იცის კიდევ რას იზამენ, ჰა? იქნებ ახლა, შენც შემოგივარდნენ სახლში?! 
ფიფომ ყელთან, პერანგის საყელო მოუშვა და ბოღმისგან ამოიხვნეშა. 
- შენი ცოლი რომ ეცემა ვინმეს... - კვლავ აგრძელებდა ქალი, თითქოს უნდოდა, რომ ფიფოს ეღიარებინა, ჩემს ცოლთანაც იყვნენო. 
- მერე პოლიცია, ვერ გამოიძახე? - ფიფომ თითქოს, გამოსავალი მოძებნა.
- შენ ძალიან კარგად იცი, თუ რატომაც არ გამოვიძახე! შენს სახელს და ჩვენს ურთიერთობას ვუფრთხილდებოდი! 
- უღრმესი მადლობა. 
- არაფრის, ბატონო ფიფო! - უკმეხად მიუგო ქალმა.
- დავრეკავ და გამოვაგზავნინებ დეტექტივს. - ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა. 
- იმ უტვინო გამომძიებელს, არ დაურეკო! - შეაჩერა ქალმა. 
- ყველაზე სანდო ეგ არის და... 
- არ მინდა! - გაწიწმატდა ქალი. - ვერც ვერაფერი გაარკვია. არც კი დაურეკავს! 
- და რა უნდა გაერკვია? - მიუგო ფიფომ. - შენ ვერანაირი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვერ მიაწოდე. ისე, ვერც შენმა აწყობილმა ფოტორობოტმა ივარგა. 
- ნუუ, თქვენ თუ ტექნიკა, არ გივარგათ. - მწარედ ჩაეღიმა ქალს. 
- ტექნიკა, რა შუაშია? - გაცხარდა ფიფო. - შენ წესიერად, ვერც აღწერე. 
- ვაიმე, არ მახსოვს, ადამიანო! არა! - ქალი ისტერიულად ატირდა. - ისეთი შეშინებული ვიყავი, შიშით თვალს გავახელდი? 
- ნუთუ, სულ არაფერი გახსოვს? რამე მნიშვნელოვანი დეტალი. - ფიფომ ხმა შეარბილა. იფიქრა, მშვიდი საუბრით, უფრო მალე დაუძვრებოდა ანერვიულებულ ქალს ხელიდან. 
ქალმა ტირილით გააქნია თავი. 
- ან თუნდაც, უმნიშვნელო? - განაგრძო ფიფომ. - ზოგჯერ, სრულიად უმნიშვნელო დეტალი აღმოჩნდება ხოლმე, საკმაოდ მნიშვნელოვანი. 
- დეტალი? დეტალი... - ქალი ჩაფიქრდა. - ფეხსაცმელი! ჰო, ფეხსაცმელი! შავი, მაღალ ქუსლიანი! სწორედ იმ ქუსლს მირტყამდა თავშიიი. - ქალმა კვლავ ბღავილი მორთო. 
- ძალიან საინტერესო დეტალია. - სერიოზული ხმით დაიწყო ფიფომ. - ნეტა რამდენს აცვია, შავი ფეხსაცმელი და თანაც, მაღალი ქუსლით. 
- ფიფო, სულაც არ მეხუმრება! - შეუტია ქალმა. 
- და აბა, რა ვქნა? იმ ფეხსაცმლით, როგორ ვიპოვო, რომელიც ნახევარ ქალაქს მაინც აცვია! შენ სახეც კი ვერ აღწერე და გამოგეძახებინა მერე პატრული! 
- ისე ღირსი კი ხარ, რომ მართლა გამომეძახებინა. 
- და გამოიძახე მერე! - აყვირდა ფიფო. 
- ნუ ღრიალებ! - შეუტია ქალმა. - რა დაგიშავე? - ქალი აქვითინდა. - მხოლოდ შენი სიყვარული მინდა, მეტი არაფერი. 
- მე არც არაფერს შეგპირებივარ. - დაბალი ხმით მიუგო ფიფომ. - მეც მხოლოდ სითბო და სიყვარული მინდოდა და ამასვე გავცემდი ყოველთვის, მაგრამ ახლა, არაფერი მინდა! და არც ზედმეტი პრობლემები მჭირდება! 
- ესე იგი, მე გიქმნი პრობლემას? - გაკაპასდა ქალი.
- პირადად შენ კი არ მიქმნი, არამედ ჩვენი ურთიერთობა ქმნის ვიღაცისთვის პრობლემას და სანამ ეს არ გაირკვევა, მანამდე არანაირად არ შეიძლება ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება! აი, ამის ახსნას ვცდილობ და შენ, არ გესმის! 
- ვიღაც გულზე სკდება და სიყვარულს მიკრძალავს? - ამოიხვნეშა ქალმა. 
- ამიტომაც, უნდა შევწყვიტოთ შეხვედრები. - მიუგო ფიფომ, მაგრამ ქალმა, ისეთი მზერა სტყორცნა რომ ფიფომაც შეარბილა სათქმელი. - ნუ, დროებით მაინც. 
- და რატომ უნდა ვიარო, სხვის ჭკუაზე? რატომ? - კვლავ ატირდა ქალი. 
- აბა, რა ვქნათ? შევეწიროთ? 
- შენ რა გიჭირს? შენს ცოლთან არავინ მივარდნილა.
ფიფომ ძლივს შეიკავა თავი პასუხისგან, რომ ჩემს ცოლთანაც მივიდნენო, თითქოს რაღაცამ შეაჩერა, მაგრამ რამ? იქნებ ქალს, მართლაც აინტერესებდა, ფიფოს სახლშიც თუ მივარდნენ? ან იქნებ, სულაც...
„არა! არა! რა სისულელეა?!“ 
გაიფიქრა ფიფომ. 
„მართლაც, რა დღეშია ეს ქალი და თანაც, ჩემს გამო და მე კიდევ, ისევ ამას დავაბრალო ეს შანტაჟური ქმედებები?
გავაფრინე, მგონი.“ 
- შენს ცოლთან რომ შემოვარდნილიყვნენ, მაშინ იმასაც ეტყოდი დავიშალოთო? თუნდაც, დროებით? 
- მაშინვე პატრულს გამოვიძახებდი და რა შუაშია აქ, ჩემი ცოლი? შენც ხომ დარწმუნდი, რომ ის აქ, არაფერ შუაშია? ფოტოებზეც ხომ შეგახედე და ვერ ამოიცანი. 
- იქნებ, ვერ ვიცანი? შეშინებული, დამფრთხალი და გაოგნებული ვიყავი იმდენად, რომ ვერც ფოტორობოტი შევადგენინე წესიერად. - გაწიწმატდა ქალი. 
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ცოლი, აქ ნამდვილად არაფერ შუაშია და აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი, მორჩა! გამოიძახე პატრული და ოფიციალურად გაარკვიონ რა ხდება და ვინ გვებრძვის ასე! 
- კი მაგრამ, მერე შენი რეპუტაცია? 
- არ არის პრობლემა, მე ავუხსნი, ვისაც საჭირო იქნება იმას და იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება. ახლა კი, ძალიან მეჩქარება, უნდა გავიდე. - ფიფო წამოსადგომად მოემზადა. 
- ყავა მაინც დაგელია? - რბილი ხმით მიმართა ქალმა. 
- რა, ყავა? - თავი გააქნია ფიფომ. - სამსახურში ყავის სმით მოვკვდი და თანაც, მართლა ძალიან მეჩქარება. საკმაოდ სერიოზულ საქმეზე, ასე ნერვებაშლილი უნდა მივიდე. 
- ვაიმე, ერთი ჭიქა კონიაკი მაინც დალიე, რა სახე გაქვს. - ქალმა, ფიფოს რჩეული ბრენდი თაროდან ჩამოიღო და ჭიქა შეუვსო. - ნუ გეშინია, ერთი ჭიქა არ მოგკლავს, ცოტა ფერზე მოხვალ და წადი მერე, როდის დაგიშალე? - ქალი შეყოვნდა. - ყავაც მაგიტომ შემოგთავაზე. 
ფიფომ სულმოუთქმელად გადაჰკრა. 
ქალს ჯერ კიდევ ბოთლი ხელში ეჭირა, როცა ფიფომ უთხრა, ერთიც დამისხიო და ისიც ასევე, ერთი ამოსუნთქვით გადაჰკრა და ახლა აშკარად იგრძნო, რომ გულზე მოეშვა. ცოტა კუჭიც აუწრიალდა. მართალია, საღამოს მამიდის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო, მაგრამ ჯერ, სამმართველოში უნდა გაევლო, იქ რამდენ ხანს დაჰყოფდა, ნამდვილად არ იცოდა, თანაც შეამჩნია, ქალი ნელ-ნელა როგორ აწყობდა სუფრას. ცოტა წახემსებაც არ მაწყენდაო, გაივლო გულში და თეფში მისკენ მოიწია. 
დილით ძლივს გაახილა ფიფომ თვალი. თითქოს ოთახიც ვერ შეიცნო, ვერც საწოლი, ვერც კედლები. მერე მკლავის სიმძიმე იგრძნო და ხელი ძლივს გამოაცალა მძინარე ქალს. გაოგნებული წამოჯდა საწოლზე, თავი სიზმარში ეგონა, ძლივს მოკრიბა გონი და მერეღა მიხვდა, თუ სად იმყოფებოდა. გულზე ბოღმა შემოაწვა, საშინლად ბრაზობდა, საკუთარი თავი იმდენად შესძულდა, რომ ჭურჭლის კარადის, სარკესავით აელვარებულ შუშასაც კი თვალი აარიდა. 
მშვენივრად მიხვდა, რაც მოხდა. ღორივით დათვრა და ცდუნებასაც ვეღარ გაუძლო და ვისთვის უნდა დაებრალებინა? რით უნდა ემართლა თავი? საკუთარ სიხარბეს ვეღარ სძლია დაა... 
„აუუუ, მამიდის დაბადების დღეეე.“ 
გაუელვა ფიფოს. 
„მიმი? მიმი, რას იფიქრებდა? არც დამირეკავს... 
და იქნებ, დავრეკე და არ მახსოვს? ვითომ? 
ნეტა, რომელი საათია?“ 
ფიფო მობილურს დასწვდა და აქაც გულზე შემოეყარა. უამრავი გამოტოვებული ზარი. 
„ღმერთო, რა დავლიე ასეთი? ან ამდენი, რომ ასე დამათრო? მობილურის ზარიც რომ ვერ გავიგე, რა ჯანდაბა სასმელი იყო ასეთი?“ 
თავი გასკდომაზე ჰქონდა. ცალკე ბოღმისგან და ცალკე, ბახუსისგან. სამსახურშიც დაგვიანებული იყო.
ერთი კი იფიქრა, დავურეკავ მძღოლსო, მაგრამ მერე ტაქსი გამოიძახა. ქალს კვლავ ეძინა, ფიფომ ფეხაკრეფით დატოვა იქაურობა. ჯერ სამინისტროში გადაწყვიტა მისვლა, მაგრამ მერე ტაქსის მძღოლს სახლის მისამართი უკარნახა. 
სახლში არავინ დახვდა. დილის თერთმეტი საათი იყო, ალბათ ჯერ, ისევ მიმის დედასთან იყვნენ, სტუმრების გადამკიდე, ბავშვიც გვიან დაიძინებდა. ფიფომ ცოტა ამოისუნთქა. გრილი შხაპიც ესიამოვნა. ყავაც მიირთვა. თავი მაინც ძლიერ უსკდებოდა, ახლა სამსახურში არც წასვლა უნდოდა და არც არავის დანახვა. მერე ისევ ტელეფონს ჩაუჯდა. მიმის ბოლო ზარები, მხოლოდ გვიან ღამემდე ფიქსირდებოდა, დილით უკვე, აღარ დაურეკავს. 
„ან იქნებ, ჯერ კიდევ სძინავს?“ 
გაუელვა ფიფოს და საათს დახედა. 
„წესით უკვე, უნდა ეღვიძოს და რატომ არ მირეკავს?
ჰმ, მეც ვიკითხე, რაა...“ 
ფიფომ მიმის ნომერზე გადარეკა და თბილად მოიკითხა. მიმიმ ჩვეული ხმით უპასუხა, არც წყენა ეტყობოდა ხმაზე და არც გაბრაზება. ფიფოს ცოტა გულზე მოეშვა. მოუბოდიშა, ახსნასაც შეეცადა, ლამის დილამდე გასტანა თათბირმაო. მიმიმაც ჩვეულებისამებრ დაამშვიდა, ხდება ხოლმეო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მამიდის შემორიგება მოგიწევსო. 
- ისეთი დაღლილი ვარ, ყავა ძლივს დავლიე, ჭამის თავიც არ მაქვს. - აწუწუნდა ფიფო. 
- მერე გამოდი, აქ იმდენი რამეა, გემრიელობებს დაგახვედრებ. - მიუგო მიმიმ. 
- აბა რას ვიზამ? მაგრამ მამიდას, თუ გადავურჩები... - ეცინებოდა ფიფოს, თუმცა გული გახეთქვაზე ჰქონდა. - სამსახურში პატარა საქმე მაქვს და პირდაპირ, მანდ მოვალ. 
- კვირა დღეს, მაინც დაისვენე? - უპასუხა მიმიმ. 
- გპირდები, მართლა ძალიან მალე მოვალ. - ამოიხვნეშა ფიფომ და თან, ძალიან გაუხარდა, კიდევ კარგი, კვირა დღე ყოფილა, ახლა სამსახურის თავი, ნამდვილად არ ჰქონდა.
მერე მძღოლსაც შეეხმიანა და მისვლა სთხოვა. 
- მართალია, დღეს კვირაა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით მჭირდები. - უხსნიდა ფიფო. - ბონუსად კი ბავშვებს, საუკეთესო ტკბილეულს ვპირდები. 
მძღოლმაც დიდ ხანს არ ალოდინა. ფიფომ სიდედრის სახლისკენ წაყვანა სთხოვა და თან გზაში, მსუბუქად გამოკითხვა დაუწყო. 
- მიმიმ ცოტა გვიან დამირეკა. თათბირზეა მეთქი, ვუპასუხე. - მიუგო მძღოლმა. 
ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი. 
- აბა, ჩემს უფროსს, ხომ არ ჩავუშვებდი? 
- დიდ ხანს მელოდე? - შეეკითხა ფიფო. 
- სადღაც ასე, ერთი საათი. 
- ერთი საათი? - გაუკვირდა ფიფოს. - იქნებ, ორ საათში მოვდიოდი და დაგერეკა მაინც? 
მძღოლმა არაფერი უპასუხა და რაღაცნაირი მზერით გადმოხედა. 
- რა იყო? - ჩაეკითხა ფიფო. 
- ნუ... 
- ჰო, მითხარი ბარემ. სანამ მივედით. 
- ის, მანდილოსანი ჩამოვიდა დაბლა და წასვლა მთხოვა. 
- რაა? - გაოგნებული მიაჩერდა ფიფო. - და მობილურზე, მე ვერ დაგირეკავდი? 
- ეგეც მითხრა. 
- და რა გითხრა? წესიერად ამიხსენი! - გაცოფდა ფიფო. 
- ფიფომ გადმოგცა, დღეს თავისუფალი ხარო, თვითონ ახლა შხაპს იღებს და მაგიტომ ვერ დაგირეკავს, სანამ გამოვა და დარეკავს, ტყუილად რომ არ ელოდოო. 
- მდააა. - ამოიხვნეშა ფიფომ. 
- მანქანა რომ დავძარი, ის ქალი მიყურებდა, ადგილიდან არ იძვროდა და როცა თვალს მოვეფარე, კი გადმოვრეკე მაინც, გადასამოწმებლად, მაგრამ რადგან აღარ მიპასუხეთ, მეც წავედი. 
ფიფომ თავი გააქნია. ბოღმისგან გულზე სკდებოდა, ყველაზე მეტად, საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი. 
- ჰმ. მანდილოსანი. - გამოსცრა კბილებში ფიფომ და მანქანიდან გადავიდა. 
LEX. 2021 წლის 22 თებერვალი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment