98.
- რაო, მიმი? - ღიმილით მიმართა ფიფომ. - მტრულად, რატომ მიყურებ?
მიმიმ უპასუხოდ აიჩეჩა მხრები და სუფრის ალაგება განაგრძო.
- შენ გგონია, რომ მე გული არ შემტკივა ამ ახალგაზრდებზე? - განაგრძო ფიფომ. - მაგრამ არ შეიძლება ასე.
- რა არ შეიძლება? - მიმიმ კოპები შეკრა. - არ შეიძლება რომ დავეხმარო?
- არ შეიძლება!
- რატომ?
- იმიტომ!
მიმიმ ხმა არ გასცა.
ფიფომ ჭიქაში ჩარჩენილი კონიაკი ბოლომდე გამოცალა.
- სამსახურში აღარ მიდიხარ?
- გინდა, რომ წავიდე? - ჩაეცინა ფიფოს.
- ბავშვია მოსაყვანი.
- ძანესთან არის?
- ჩემებთან.
- ესე იგი, ჩემი ბიჭი, ჩემს საყვარელ სიდედრთან ყოფილა და ამას მიმალავდით?! - ღიმილით აღნიშნა ფიფომ.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- მიმი, რა გაბრაზებს ვერ ვხვდები. - დაიწყო ფიფომ. - რომ გეუბნები, არ არის საჭირო დახმარება, ესე იგი, არ არის და აღარ უნდა ამას მიმიკების კერვა!
- კარგი, ჰო. - ნაწყენი ხმით მიუგო მიმიმ და კარის გასაღებად წავიდა.
- ვააა! - გაიკრიჭა ფიფო. - ჩუკიც მოსულააა.
- ჩაშუშულს შევათბობ და ხაჭაპურსაც შამფურებზე გავამზადებ. - მიმი შეყოვნდა. - მერე ბავშვს მოვიყვან.
- არ გინდა მიმი. ნუ წუხდები. - შეაჩერა ჩუკიმ.
- არ ვწუხდები. - უხალისოდ მიუგო მიმიმ.
ჩუკის მიმის უხასიათობა, არ გამოჰპარვია და მალულად შეავლო ფიფოს თვალი, რომელიც მთელი სიმშვიდით უშვებდა სიგარეტის კვამლს და სადღაც სივრცეში გაშეშებოდა მზერა.
- ბავშვის მობილური აღარ გაკეთდა? - იკითხა მიმიმ და თან სუფრის განახლებას შეუდგა.
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- ამდენი ხანი, მართლა რა გახდა? - განაგრძობდა მიმი ბუზღუნით. - თუ აღარ ვარგა, მაშინ ვიცოდე მაინც და ახალს ვუყიდი.
- მოვიტან, ჰო, მოვიტან. - ჩაიბურდღუნა ფიფომ. - აღარც კი მახსოვდა.
მიმიმ აშკარად გაბრაზებული მზერა მიაპყრო ფიფოს, თუმცა არაფერი უთქვამს.
- გატყობ, რაღაც ხასიათზე არ ხარ. - ღიმილით მიმართა ჩუკიმ მიმის. - ფიფომ ხომ არ გაწყენინა?
- დიახაც! მე ვაწყენინე და ყურებს ამიწევ? - გაეცინა ფიფოს.
- ჰოო. - გაეღიმა ჩუკის. - აბა, ასეთ კარგ გოგოს, კაცი აწყენინებს?
- მეც მაგას არ ვამბობ? - ეცინებოდა ფიფოს. - არ მინდოდა მიმის წყენინება, მაგრამ არ შეიძლებოდა სხვანაირად.
სანამ მიმიმ სუფრა განაახლა, ფიფომ მოკლედ მოუყვა ჩუკის, სტუმრების ვიზიტზე და ისიც მიაყოლა, თუ რატომ იყო მიმი ასე გაბღუზული, რაზეც ჩუკიც დაეთანხმა.
- მიმი, ვხედავ რომ შენ მართლა გულწრფელად გინდა დახმარება. - დაიწყო ჩუკიმ. - მაგრამ ახლა ამას, სულ სხვა მხრიდან შეხედე. იცი შენ? რამდენი ხალხი მოგაწყდება აქ? გასაქანს არ მოგცემენ. ჯერ ისინი, ვისაც მართლა არა აქვს საშუალება და მერე ისინიც, ვისაც უნდა, რომ მუქთაზე გამოვიდნენ და შენ ვეღარ დაიწყებ არჩევას და გარჩევას, ამას დავეხმარო და იმას არაო და მერე ყველაზე მთავარი საშიშროება კი, შენს შვილზე აისახება!
- დიმეოზე? - გაიკვირვა მიმიმ. - ნამდვილად მე გავაჩინე და...
- არა, ეგ არც მიგულისხმია. - გაეღიმა ჩუკის.
- იმდენი პატრონი მადგა თავზე, რომ ვინ გამიბედავდა? - ამაყად მოიღერა სახე მიმიმ.
- მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. - მიუგო ჩუკიმ. - პატრონები შიგნით და გარეთ და თან, ბავშვის მამის თანამდებობაც.
- მაშინ სულაც არ ვმუშაობდი სამინისტროში. - ჩაურთო ფიფომ. - ჯერ კიდევ, სამმართველოს თანამშრომელი ვიყავი, თუმცა ვინ აღარ დარეკა, ქალაქში იმ დროს ისეთი სტიქია მძვინვარებდა, ეს ფეხიც მაშინ დამიშავდა და...
- და, მერე? რას ამბობდი? - მიმიმ ჩუკის მიაპყრო მზერა.
ჩუკის არ გამოჰპარვია, მიმიც და ფიფოც როგორ არიდებდნენ თვალს, როცა დიმეოს დაბადების პერიოდზე ალაპარაკდნენ ორივე ცოლ-ქმარი.
- როცა კარგად და მშვენივრად ჩანს. - ჩუკიმ დაწყებული საუბარი განაგრძო. - რომ მშობლებს საკმარისზე მეტი ფული აქვთ, იმდენად ბევრი, რომ სასწრაფო და გადაუდებელ ოპერაციას კი არა, არამედ სულ სხვა სიკეთეს, ძალიან მარტივად და უპრობლემოდ აფინანსებენ, აი მანდ უკვე, შენი ოჯახის წევრების, ახლობლების უსაფრთხოებაზეც უნდა იფიქრო. იმაზე, რაც ერთხელ უკვე გადაიტანეთ.
მიმი მოწყვეტილივით დაეშვა სკამზე.
- აი! - ფიფომ თითი ჩუკისკენ გაიშვირა. - სწორედ მეც ეგ ვიგულისხმე და მიმი კი, იბღუზება აქ!
- უბრალოდ, ვიფიქრე რომ... - წაილუღლუღა მიმიმ. - ამ ახალგაზრდებს დავეხმარებოდი.
- მიმი. - თბილი ხმით მიმართა ფიფომ. - დამიჯერე რა, არ უნდათ. არ არის საჭირო. თვითონ იწვალონ, ირბინონ, გააკეთონ ფონდი, იშრომონ და შეაგროვონ ფული, ქვეყანა ააწრიალონ, სოციალური ქსელიც მოიშველიონ, ხალხი ფეხზე დააყენონ, ხანდახან შეიძლება ცოტ-ცოტა, ჩვენც ჩავურიცხოთ, ისე რომ არც კი გამოვჩნდეთ. დამიჯერე მიმი, ასე აჯობებს.
- ჰოო, ჰოოო. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ჰო, მაგრამ იქნებ, არც უნდათ ასე გახმაურება?
- და ჩუმად იმოქმედონ? - ჩაეღიმა ფიფოს.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- არა, მიმი! არა! - თავი გააქნია ფიფომ. - აღარ შეიძლება ამდენი დუმილი და ამდენი ჩაჩუმება, თვითონ ეს ხალხი უნდა იყოს მოწადინებული სიმართლის გარკვევაში! თვითონ ამათ ინტერესებში უნდა შედიოდეს და იმდენად, რომ მართლაც ქვეყანა ფეხზე დააყენონ, თორემ ერთი დაიწყებს გამოძიებას, დაიძვრება საქმე, მიიყვანს რაღაც გარკვეულ ზომამდე, მერე ყოჩაღო, ტაშს დაუკრავენ, მისცემენ პრემიას, დააწინაურებენ კიდევაც და ახლა უფრო სხვა საპასუხისმგებლო საქმეს ჩააბარებენ და იმ წინა საქმეს კი ისეთს გადასცემენ, ვინც ძალიან ადვილად და მარტივად ჩაფარცხავს ან სულაც შეაჩერებს, ვითომდა დროებით, თაროზეც კი შემოდებს შემდგომი გამოძიებისთვის. სინამდვილეში კი, სამუდამოდ იდება თაროზე დაცარიელებული საქაღალდე, საიდანაც ბევრი საჭირო დოკუმენტიც უკვალოდ იქნება გამქრალი.
- და მომჩივანი ხალხი? - იკითხა მიმიმ.
- ახლა აბა, რას გიხსნიდი? - ჩაეღიმა ფიფოს. - თაროზე შემოდებულ საქმეებს, რომლის გახსნასაც უცდიან და უცდიან და ძვრა არ ექნება მანამ, სანამ ერთი ამბავი არ ატყდება.
- და ნუთუ აქამდე, არავის ხმა არ ამოუღია? - კოპები შეკრა მიმიმ.
- როცა ატყდება, ასე ვთქვათ ერთი ამბავი. - განაგრძო ფიფომ. - ჩამოიღებენ თაროდან იმ უკვე კარგად დამტვერილ საქაღალდეს, გადახედავენ, რაღაც ისეთ მიზეზს წააწყდებიან, რომ სწორედ ამ მიზეზითა და მიზნით სულ სხვა გამომძიებელთან და სულ სხვა განყოფილებასა თუ ქალაქში გადააგზავნიან და მერე. - ფიფო გაჩუმდა და სიგარეტს დასწვდა.
- და მერე? - ვეღარ მოითმინა მიმიმ.
- მერე ახლა ის ვიღაც სხვა დაიწყებს გამოძიებას თავიდან. ამ დროს კი მომჩივანი მოლოდინშია, იმედი აქვს. ახალი გამომძიებელი, ჯერ კიდევ საქმის შესწავლასა და გადამოწმებაშია და ამასობაში მას სხვა, ახალი და ბევრად უფრო სასწრაფო საქმეც შეიძლება დაავალონ, რადგან ვიღაც-ვიღაცეების ინტერესებში, სულაც არ შედის, იმ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მომჩივანის საქმე და ისევ ისე, თაროზე აღმოჩნდება ეს საქაღალდე, მერე კი ამდენი თაროდან თაროზე მოგზაურობით ის, საქაღალდე ან მართლა გამიზნულად ქრება, ან შეძლება, მართლაც უნებლიეთ დაიკარგოს, სხვა საბუთებს შეერიოს, განადგურდეს და მიდი და სდიე მერე!
- ესე იგი, ეს ბავშვები, სულ ტყუილად უნდა გაისარჯონ? - გაკაპასდა მიმი. - გეთქვა მერე, რომ აზრი არ ჰქონია არაფერს, იმ ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არის!
- მიმი, ყოველთვის აქვს აზრი ცდას. - მიუგო ფიფომ. - ჯერ ერთი, რომ დღეს უკვე, სოციალური ქსელი, ძალიან კარგად მუშაობს და ესენი უკვე აღარ უნდა გაჩერდნენ, რაც შეიძლება მეტი ხალხი აიყოლიონ, თუმცა არ იფიქრო, რომ მართლა ყველა დაკარგულ ბავშვს იპოვნიან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ბევრმა ჩაიხუტოს, თავისი მოპარული და გაყიდული შვილი, და-ძმა და ახლობლები!
- მეც ვიცი, ეგ ამბები. - ჩაურთო ჩუკიმ. - ფიფო, ერთ დროს, შენ იძიებდი, არა?
- მე კი არ ვიძიებდი. - ჩაეღიმა ფიფოს. - მე გავხსენი ეგ საქმე და მე დავიწყე!
მიმიმ ამოიხვნეშა.
- იმდენი ხალხი ჩაერთო მერე. - ფიფომ თავი გააქნია. - იმდენი გადამალული, გაყიდული და საერთოდაც გადაკარგულ-გამქრალი ბავშვების სიები აღმოვაჩინეთ მაშინ და ვინ იცის კიდევ, რამდენი სიის მიღმაც კი დარჩა.
- რა საშინელებაა. - აღმოხდა მიმის.
- უბედურებაა. - თავი დაუქნია ფიფომ. - და შენ საიდან, ამდენი ინფორმაცია? - მიუბრუნდა ფიფო სტუმარს. - ნუთუ მაშინ უკვე, მუშაობდი? თუ ჯერ კიდევ, სკოლაში დადიოდი? - ღიმილით დაასრულა ფიფომ.
- იმ პერიოდში, უკვე დიპლომზე ვმუშაობდი. სტაჟირებას კი, ერთ საკმაოდ, დიდი სკანდალებით ცნობილ ადვოკატთან გავდიოდი. ტელევიზორშიც კი ვიყავით, არა ერთხელ. უფრო სწორად, ის იყო და მე უკანა ფონზე ვჩანდი. ჩემებს უხაროდათ, ტელევიზორში გნახეთო. - ეცინებოდა ჩუკის.
ფიფოსაც გულიანად გაეცინა.
- ისე, ძაან მძიმე საქმეები კი იყო. - დაბალი ხმით დაიწყო ჩუკიმ. - გახსენებაც კი არ მინდა.
- ჰოო? - დაინტერესდა ფიფო. - და რომელი საქმე იყო? იქნებ, მეც ვიყავი მაშინ გამოძიებაში ჩარეული?
- არ არის გამორიცხული, რომ შენც ყოფილიყავი, თუმცა იმათი გვარები, აღარც მახსოვს, ვისთანაც უშუალოდ არ მქონია კავშირი.
- ნუ ეგ თავისთავად და ზუსტად, რას შეეხებოდა გახსოვს?
- სწორედაც რომ იმ შენს ამოქექილ ჩვილ ბავშვებს ეხებოდა, თუმცა შენ არ მახსოვხარ, ალბათ არ გვქონია ურთიერთობა.
- ალბათ. - კვერი დაუკრა ფიფომ. - არც მე მახსოვხარ. - ფიფომ ამოიხვნეშა და განაგრძო. - ყოველი მეორე ამბავი, ერთმანეთზე დიდი სკანდალი იყო, მაგრამ რა, მერე? რა შეიცვალა?
- არც არაფერი! - მიუგო ჩუკიმ. - და იმ პერიოდში, სერიულ მკვლელზეც მგონი, შენ აწარმოებდი ხომ გამოძიებას?
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი და გვერდიდან, მიმის მწველი მზერაც იგრძნო, თუმცა გახედვასაც მოერიდა.
წუთით, დუმილი ჩამოვარდა. ჩუკიმ აშკარად შენიშნა, ცოლ-ქმარს შორის, რაღაც დაძაბულობა.
„იქნებ, უდროო დროს მოვედი?“
გაიფიქრა სტუმარმა.
„ხომ არ წავიდე?“
თუმცა გაფიქრებაც წესიერად ვერ მოასწრო, რომ ფიფო სიგარეტს გადასწვდა, თითქოს ამით, ის რაღაც უხერხული დუმილიც გაფანტა. მერე მიმიც წამოდგა, ხაჭაპურს შამფურზე, კიდევ გავიმეორებო.
- ნუღარ წუხდები მიმი. - გაუღიმა ჩუკიმ.
მიმიც ყურებამდე უღიმოდა, მაგრამ სტუმარს, წეღანდელზე ბევრად უფრო ფერმკრთალი მოეჩვენა, ხმაც თითქოს, უკანკალებდა და ფიფოც, რაღაც არეული ჩანდა, აშკარად არ იცოდა თვალები სად წაეღო.
„რატომ უნდა ყოფილიყო სერიული მკვლელის ხსენება, ასეთი კატასრტროფა?“
კვლავ ფიქრობდა ჩუკი.
„იქნებ, სულ სხვა რამ ხდება?
ან იქნებ, მანამდე რაღაც ისეთი ვახსენე?
მაგრამ რა?
ჩვილებით ვაჭრობა?
იქნებ, თავიდან ვიკითხო?
თუ სჯობს, საერთოდ გავჩუმდე?“
მაგრამ ჩუკის ინტერესმა იმდენად სძლია, რომ ვეღარ მოითმინა და კვლავ ჩვილების ამბები შეაპარა.
ფიფოც თითქოს, უფრო თავისუფლად ალაპარაკდა, თუმცა მშვენივრად ჩანდა, რომ თავს არიდებდა და ხშირად გვერდსაც უვლიდა.
- წარმომიდგენია, რამდენი მშობელი იძიებდა შურს. - ჩაურთო მიმიმ.
სტუმარს, მიმის ხმა, წეღანდელთან შედარებით, ახლა თითქოს უფრო გამოცოცხლებულად მოეჩვენა.
- აბა, მაშინდელი კანონებით, ვერაფერს მიაღწევდნენ. - განაგრძობდა მიმი.
- მაშინდელი და დღევანდელი მიმი, ერთი და იგივეა. - მიუგო ფიფომ. - მაგრამ მისი უშუალო დამცველები არიან სწორედაც, რომ ყველაზე დიდი კრიმინალები!
- ამიტომაც ამდენი საქმე მიიჩქმალა და თავისუფლადაც გამოძვრნენ. - დაუმატა ჩუკიმ.
- ფიფო, შენ რას აკეთებდი, მასეთ შემთხვევაში? - მიმიმ მზერა ახლა, ფიფოს მიაპყრო.
- უჰ, რა ვიცი, მიმი. რა ვიცი. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მეგონა, საქმეები გავხსენი და სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი, დამაწინაურეს კიდევაც და ისეთი ბედნიერი და ამაყი დავდიოდი. მერე უკვე სულ სხვა საქმეებს ვიძიებდი და ჩემს გახსნილ, ასე ვთქვათ ძველ საქმეებს, სხვებმა მიხედეს. ზოგმა გულიანად და ზოგმაც უგულოდ.
- კი მაგრამ, მოწმეები? - იკითხა მიმიმ. - ნუთუ ყველამ თვალი დახუჭა? თუ ასე ძლიერ დააშინეს?
- დააშინეს? ჰმ. - მწარედ ჩაეღიმა ჩუკის. - ეგ კიდევ, რბილი ნათქვამია. ძალიან რბილი.
- ასე როგორ უნდა შემაშინონ, რომ სიმართლის თქმას მოვერიდო, როცა საქმე უმანკო ჩვილებს ეხება? - გაკაპასდა მიმი. - ბავშვის ბედს რაც ეხება...
- ჰო, ბავშვის. - ფიფომ კბილებში გამოსცრა.
- იცი, ხომ შენც? - ჩაეკითხა ჩუკი ფიფოს.
ფიფომ, უხმოდ დაუქნია თავი.
- რა? - იკითხა გაკვირვებულმა მიმიმ. - რა იცის? ფიფო, რა იცი?!
ბიჭებმა ერთმანეთს, მალულად შეავლეს თვალი.
- იქნებ მითხრათ, რას მიმალავთ? - ხმა გაუმკაცრდა მიმის.
- მიმი, შენ არაფერს გიმალავთ. - უპასუხა ფიფომ. - არ არის ეს შენი მოსასმენი და საერთოდაც, ყველაფერი არც არის მოსასმენი.
- კარგით, რააა. - თავი გააქნია მიმიმ. - ისეთები მსმენია და ეჰ. - მიმიმ ნაღვლიანად ამოიხვნეშა. - ისეთები გადაგვიტანია ერთად რომ, ახლა რამე გამაკვირვებს?
- შეიძლება, უარესებიც კი გსმენია, მაგრამ... - ფიფო გაჩუმდა.
- აუუუ. - გაბრაზდა მიმი. - მაშინ, საერთოდ არ უნდა წამოგეწყოთ ამაზე საუბარი.
- მიმი, რა გაბრაზებს? - შეუტია ფიფომ. - მაინც და მაინც, იმის მოსმენა გინდა, რომ ექვსი წლის ბავშვი ისე სცემეს, რომ საბოლოოდ დააინვალიდეს!
- რაა? ბავშვი სცემეს? - მიმის ხმა აუკანკალდა.
- ჰო, მიმი, ჰო! - ფიფომ ნერვიულად მოქაჩა სიგარეტი. - ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, სახლში შეუცვივდნენ და ბავშვი ისე უცემეს, რომ ეტლში... - ფიფოს ხმა ჩაუწყდა. საუბრის გაგრძელება ვეღარ შესძლო.
- გარდაიცვალა უკვე. - დაბალი ხმით დაასრულა ჩუკიმ. - მხოლოდ ხუთი წელი, იცოცხლა იმის მერე, ინვალიდის ეტლში გაატარა დარჩენილი სიცოცხლე.
- რას ამბობთ? რას?! - მიმის ცრემლები გადმოსცვივდა.
- ამიტომაც რთულია, ამ თემაზე საუბარი. - ფიფომ ცრემლები ძლივს შეიკავა.
- მე ვიყავი იმ პროცესზე. - დაიწყო ჩუკიმ, როცა წყლიანი თვალები შეიშრო.
- მერე? - დაბალი ხმით ჰკითხა ფიფომ.
- დედა ამტკიცებდა, რომ მისი ვითომდა, მკვდრად გამოცხადებული ტყუპები, ცოცხლები და გაყიდულები იყვნენ.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მიმიმ.
- დამნაშავეებიც ამხილა, მაგრამ მაინც, ვერაფერს გახდა. - დაასრულა ჩუკიმ.
- მერე? - გაწიწმატდა მიმი. - ფიფო, შენ სად იყავი მაგ დროს?
- მიმი, მე დავიწყე მაგ საქმეების ამოქექვა და ხომ იცი, რომ ქვეყანა ჩავრთე!
- მერე? - არ მოეშვა მიმი.
- რა მერე, მიმი! რა მერე? - ფიფომ კოპები შეკრა. - უამრავი ბავშვი აღმოჩნდა მოპარული და გადამალული, ყველას სათითაოდ, მე ხომ არ ვდევდი?
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი.
- მეგონა, რადგან საქმეები დავძარი, ყველა ავამუშავე და რაღაც სამართალს მაინც მივაღწევდი. - დაიწყო ფიფომ. - და ის მცირედიც კი მიხაროდა, თუმცა უფრო მეტი, უსამართლობა იყო.
- და ის მოწმე? - მიმიმ ახლა სასოწარკვეთილი სახე, ჩუკის მიაპყრო. - ვისი შვილიც...
- ის მოწმე, ერთი კეთილი ბებიაქალი იყო, რომელმაც უშუალოდ ამხილა ის ხალხი, ვინც ბავშვების გაყიდვაში მონაწილეობდა და ერთ-ერთ დაზარალებულ დედას, გვერდშიც კი ამოუდგა, თუმცა ერთ-ერთი ასეთი სასამართლო პროცესის მერე, სახლში შეუცვივდნენ და ბავშვი ასე დაუღუპეს და ვერც ეს დაამტკიცა, რომ სწორედ ეს საპროცესო ამბები იყო, მისი შვილის დასახიჩრების და შემდგომ სიკვდილის მიზეზი!
- და მერე, იმ მოპარული ტყუპების დედამ? - იკითხა მიმიმ.
- ის საცოდავი დედა. - მიუგო ჩუკიმ. - და კიდევ ბევრი სხვაც, ათასი რამით გააჩუმეს. ზოგი ავადმყოფად გამოაცხადეს, ზოგიც მატყუარად. - მიუგო ჩუკიმ.
- როგორ თუ, მატყუარად? - არ ცხრებოდა მიმი.
- ზოგს დაუმტკიცეს, რომ რადგან შენი შვილი გარდაიცვალა. - განაგრძო ჩუკიმ. - ახლა, სხვისი შვილის მითვისება გინდაო. ზოგსაც კი, ისეთი საბუთები გაატანეს და ისეთ რამეებზე მოაწერინეს ხელი, რომ გამოვიდა, თითქოს საერთოდ არ გაუჩენიათ ბავშვი.
- რას ამბობ?! - კვლავ შეიცხადა მიმი. - მერე რაზე აწერდნენ ხელს, არ უნდა ენახათ კარგად?
- მიმი, ახლა შენ რომ მოგიტანონ ნებისმიერი საბუთი. - ჩაერთო ფიფო. - ყველაფერს კარგად წაიკითხავ, აწონ-დაწონი და მერე გადაწყვეტ, მოაწერო თუ არა ხელი.
- აბა, რა! - კვერი დაუკრა მიმიმ.
- მაგრამ ქალმა, რომელმაც ახლახან იმშობიარა და ასე წვალებითა და ვაი-ვიშით მოავლინა შვილი. - განაგრძო ფიფომ. - იმ წუთას, არ აჩვენეს, ან ვერ აჩვენეს, შესაძლოა და თურმე რაც ხშირად ხდებოდა დამამშვიდებელიც არა ერთხელ გაუკეთეს. მოგვიანებით, გამოფხიზლდა, მოიკითხა შვილი და აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილა, ან სულაც მკვდარი დაიბადაო, ასე მოახსენეს.
- მერე? - კვლავ არ ცხრებოდა მიმი. - ყველა დედა, ხომ მარტოხელა არ იყო? პატრონები, რას აკეთებდნენ? პასუხს, რატომ არ ითხოვდნენ?
- ჰოო, ეგ კარგი კითხვა იყო. - თავი დაუკრა ფიფომ. - იმ პერიოდში, როცა ბავშვის დედა სპეციალურად, გამიზნულად გათიშული ჰყავდათ, ქმარს ან მათ მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ჩვილი კი არა, ჯერ დედას მივხედოთ, კვდებაო და მთელი ყურადღება, მშობიარე ქალზე გადაიოდა და მერე უცებ, ორ სამ დღეში, ჩვილის სიკვდილსაც აუწყებდნენ. ამის მერე კი, ვის რაზე მოაწერინებდნენ ხელს და ვის რაზე, კაცმა არ უწყის!
- ისე შეატყუებდნენ სულ სხვა ფურცელს, ვერც გაიგებდნენ. - ჩაურთო ჩუკიმ.
- ეჭვიც არ მეპარება. - კვერი დაუკრა ფიფომ. - ზოგს გამოუცხადეს მკვდარი დაიბადაო და დააჯერეს. მოგვიანებით, უფრო აზრზე მოვა, იმასაც იხსენებს, რომ დაბადებისას ბავშვმა იტირაო. ესე იგი, გამოდის, რომ მკვდარი, არ დაბადებულა. ამაზე კიდევ ცალკე ატყდა ერთი ამბავი.
- ზოგი დედა, გიჟად გამოაცხადეს და ისე დააშინეს, რომ ფსიქიატრიულში გამოკეტვითაც კი დაემუქრნენ. - ჩუკიმ ამოიხვნეშა. - მართლა, სერიოზულად.
- მე ალბათ, არ ვიცი, რას ვიზამდი. - დაურთო მიმიმ. - მაინც არ გავჩერდებოდი.
- მიმი! - შეუტია ფიფომ. - სერიოზულად ემუქრებოდნენ, მიმი! ზოგს სახლში, სხვა შვილებიც ჰყავდა! მათი სიცოცხლით დაემუქრნენ! გიჟადაც გამოაცხადებდნენ, ისე რომ უკან არაფერზე დაიხევდნენ! ამ წუთას, იმ მოწმის ამბავი, არ მოგიყევით? ბავშვი მოუკლეს! მარტოხელა დედას, ერთადერთი შვილი დაუღუპეს და პასუხიც ვერ აგებინა ვერავის!
- და აღარც არის გასაკვირი, რომ მერე ვინმეს, კანონის ავლით რომ ეძია შური. - დაურთო ჩუკიმ.
- მე არ ვიცი, მის ადგილას რას ვიზამდი. - გაკაპასდა მიმი. - ალბათ, მოვკლავდი კიდეც ვინმეს!
- და დანაშაულს ჩაიდენდი? - მდარედ ჩაეღიმა ფიფოს. - კრიმინალი გახდებოდი?
- და მართლაც! - თავი გააქნია მიმიმ. - ყოველივე ამის, მერე მოთხოვე, მსხვერპლს პასუხი! ჰმ.
- მსხვერპლი, არ ითვლება დამნაშავედ, მანამ სანამ ის, თვითონ არ ჩაიდენს დანაშაულს, ამ შემთხევაში კი, თავად ხდება კრიმინალი, რომელსაც უკვე, თავად ჰყავს მსხვერპლი. - დაბალი ხმით დაასრულა ფიფომ და აშკარად აარიდა თვალი ჩუკის.
LEX. 2021 წლის 7 თებერვალი, კვირა.
No comments:
Post a Comment