Friday, October 5, 2018

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 1)

(უკვალოდ არ ჩაივლის ანუ ძველი პიანინო - 2)
1.
ფიფო ფანჯარასთან იდგა და წვიმისგან მოჩუხჩუხე ნაკადულებს აყოლებდა თვალს. წვიმა, კიდევ უფრო მეტად ახსენებდა მტკივან ფეხს და ძველ იარებსაც უღვიძებდა.
მაშინაც ასე წვიმდა
თუმცა ასე არა, მაგრამ ასე დაიწყო
და მართლაც, ყველაფერი გაზაფხულის უწყინარი წვიმით დაიწყო და ქალაქის შემზარავ ტრაგედიად გადაიქცა.
მაინც რა საშინელება დატრიალდა. დედაქალაქის ყველაზე მობილიზებული, ცენტრალური უბნების ნაწილი, სრულიად დაუცველი აღმოჩნდა სტიქიის წინააღმდეგ.
 - არადა, ყველაფერი მართლაც, რომ გაზაფხულის უწყინარი წვიმით დაიწყოო... ჰმ! - ჩაიბურტყუნა ფიფომ და კვლავ, მოგონებებში გადაეშვა.
მაშინაც ასე საშინლად წვიმა. ქალაქი, სტიქიას ვერ უმკლავდებოდა. 
ფიფო, მთელი ძალით ცდილობდა, პიპასთვს ხელი კარგად მოეჭიდა, მაგრამ შემოვარდნილმა ღვარცოფის ნაკადმა, ისე გაიტაცა, რომ მის კვალსაც კი ვეღარც მიაგნეს.
ფიფო ლამის, ჭკუიდან შეიშალა. მაშველები ვერ აწყნარებდნენ, ბოლო ხმაზე ბღაოდა და პიპას უხმობდა. ყველას სთხოვდა, ემუდარებოდა, უშველეთო. თვითონ კი, სასწრაფოდ საოპერაციო იყო, ფეხი ლამის მოძრობაზე ჰქონდა, მაგრამ ექიმებს უძალიანდებოდა, არ ემორჩილებოდა.
- გთხოვ იპოვე! - ღმუოდა ფიფო. - შენს კაცობას გაფიცებ! შენს ღირსებას გაფიცებ! - ლამის მოგუდა, ისეთი ძალით ჩააფრინდა ნათლიას საყელოში. - დაეხმარე გთხოვ! ჩემი გულისთვის! ჩემი გულისთვის დაეხმარე! არ მისცე, ასე დაღუპვის საშუალება! არ მისცე, ამის უფლება!
- ახლა შენ მიეცი ექიმებს უფლება, რომ ჯერ შენ დაგეხმარონ! მე კი, გპირდები, რომ ყოველ ღონეს ვიხმარ და მოვძებნი! - ამშვიდებდა ნათლია. 
ფიფო კვლავ ღრიალებდა, ექიმებს იგერიებდა და ცდილობდა, ახლოსაც არ მიეშვა. ნათლიამ კიდევ ერთხელ აღუთქვა, რომ პიპას აუცილებლად მოძებნიდა, დახმარებასაც გაუწევდა და მხოლოდ ამ პირობის მერე დაითანხმა, ლამის ჭკუიდან გადასული ფიფო, ოპერაციაზე შესასვლელად.  
სამი ოპერაცია, ზედიზედ გაუკეთეს და ჯერ კიდევ, არაფრის იმედს არ აძლევდნენ. ცალკე, წვივის ძვლის ღია მოტეხილობა ჰქონდა და ამასთანავე, კოჭიც მთლიანად გადამსხვრეული იყო. ფიფო მაინც არ ეპუებოდა და ამპუტაციაზე, კატეგორიულ უარს აცხადებდა და ამ ყველაფეთან ერთად, რატომღაც, არც მიმისთან დარეკვა უნდოდა. ახლობლები გაკვირვებულები ჩანდნენ, ფიფო კი თითქოს, მიმის ხმის გაგონებასაც ერიდებოდა და თანაც, სხვებსაც მკაცრად აფრთხილებდა, მიმის არაფერი უთხრათო. 
ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც სიცოცხლის გადასარჩენად, ფიფო და პიპა, სტიქიას გამალებით ებრძოდნენ, მიმი უკვე სამშობიაროში იყო გადაყვანილი და შვილის დაბადებისა და ამავე დროს ფიფოს ზარის მოლოდინში, სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ტელეფონს ხელიდან არ უშვებდა და წამდაუწუმ, ეკრანს დასცქეროდა. ამდენი ლოდინიც, უკვე აუტანელი იყო. არც სამშობიარო ტკივილები ჰქონდა ჯერ დაწყებული და მოწყენილობისგან, პალატაში ყურყუტიც, უკვე მეტისმეტად მოსაბეზრებელი ხდებოდა.
- ასე სწრაფად, რას გამომაქცუნეთ! - წუწუნებდა მიმი.
- რადგან წყლების დაღვრა დაგეწყო, მშობიარობაც უკვე ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. - უხსნიდა მეგობარი ქირურგი, რომელიც როგორც კი დროს გამოძებნიდა, წამსვე მიმის პალატაში ჩნდებოდა.
- მერე, ამდენი საათი, რა გახდა?
- პირველი მშობიარობაა და იცის მასე, მოლოდინი შესაძლებელია ექვსი-შვიდი საათიც კი გაგრძელდეს, ან მეტიც.
- ლამის, გათენდა უკვე. - წუხდა მიმი.
- მერე შენც, სად გეჩქარება? - ეცინებოდა ქირურგს. - აუცილებელი კი არ არის სულ იწვე. ადექი, პალატაში გაიარ-გამოიარე! თუ გინდა, ლეპტოპს შემოვატანინებ, რამეს უყურე, გაერთე! ისე შეგიძლია, დერეფანშიც გაისეირნო, შენები ნახო.
- ვაიმე, ახლა მაგათი ქოთქოთის თავი, ნამდვილად არ მაქვს! - ისევ აწუწუნდა მიმი.
- ჰაჰ! - გაეცინა ქირურგს. - ისე, მამიდაშენმა ახლახან დამირეკა.
- ჰოო?
- რომ რეკავდა, თან კუთხის იქედან მითვალთვალებდა, მერე მითხრა, ნომერი შემეშალაო. - ისევ გაეცინა ქირურგს.
- ალბათ, გადაგამოწმა. - გაეცინა მიმისაც. - ინტერესით კვდება, თუ ვინ ხარ!
პალატაში ექთანი შემოვიდა, ქირურგს საოპერაციოდ უხმობდნენ. მარტოდ დარჩენილმა მიმიმ, უფრო მეტად მოიწყინა.
- ვინმე მაინც ყოფილიყო ხმის გამცემი. რაში მჭირდებოდა, ეს ცალკე „აპარტამენტები“? ყუმივით ვზივარ და მანამდე უნდა ვიყურყუტო, სანამ... - მიმი ტელეფონს ეცა. - რაღა სანამ? თვითონ დავურეკავ!
ფიფო კვლავაც არ პასუხობდა და მიმიმ ბევრი ფიქრის გარეშე, ახლა მხატვარს დაურეკა. ჯერ ბავშვი და ბებია-ბაბუა მოიკითხა და დადებითი პასუხიც მიიღო - უკეთ არიანო, მერე კი პიპაც უხსენა. აი აქ კი მხატვარმა, მოაღო პირი და უნებურად, ისეთი რამეები წამოროშა, რაზეც მიმის, საერთოდ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
მართლაც, რომ თავის და უნებურად გამოუვიდა მხატვარს საუბარი. მიმიმ კი, მაშინვე აუღო ალღო და ისე დაიჭირა თავი, ვითომც მართლაც ასე დეტალებში იცოდა და თანაც, ყველაფერზე კვერს უკრავდა, - ჰო, აბა, რას წარმოვიდგენდითო.
- ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ მკვლელი და თანაც, სერიული? - ემოციებს ვერ ფარავდა მიმი. - კიდევ კარგი, მისთვის არასდროს არაფერი მითქვამს, ფიფოს გამოძიების შესახებ. ალბათ, სადღაც მაინც, გუმანით ვგრძნობდი.
- ჰო! კარგი გოგო ხარ! იცის ფიფომ ეს და ყოველთვის გაფასებდა ამის გამო.
- ისე, რა? არ მაფასებდა? - ჩაეცინა მიმის. თუმცა, სიცილიც მწარე იყო ახლა მისთვის.
- ჰა, ჰა! აბა მაგას ფიფოზე, როგორ ამბობ? შენი გულისთვის უკან არაფერზე დაიხევს! პიპასაც კი ეხმარება ახლა და აქაც იმხელა ამბავი დაატრიალა, ყველა ფეხზე დააყენა!
მხატვარი, კიდევ დიდხანს იქაქანებდა, მიმის რომ დროულად არ მოებოდიშებინა და ტელეფონი არ გაეთიშა.
საშინელ დღეში ჩავარდა. ყველაფერი, ყოველი დეტალიც კი სათითოად ამოუტივტივდა მეხსიერებაში და ახლა უფრო, სულ სხვა კუთხით უკეთებდა ანალიზს, პიპას ქცევებს. სახელოსნოშიც, არაერთხელ შეამჩნია, ფიფოსა და მხატვრის, უცნაური მზერაც.
„აი, თურმე რატომ იყო, რომ ყოველ ჩემს იქ მისვლაზე, ბიჭები რაღაცნაირად... ყველაფერს ვგრძნობდი, და ვამჩნევდი, მაგრამ აბა, რას წარმოვიდგენდი?!
ფიფოც კაი ტიპი აღმოჩნდა, რაა! მკვლელის ხახაში ისე მიმაგდო, უკან არც გამოუხედავს! მერე კი აეწვა კუჭი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაშინ გავახსენდი, როცა უკვე ორსულად...
ვაიმე შვილი?.. ვისი შვილი?.. მკვლელის შვილს ვაჩენ?!.. არ მინდა!.. არ მინდა!..“
- მეზიზღება! ყველაფერი მეზიზღება! - აღრიალდა მიმი.
ყვირილი და წივილი სამშობიაროში, არავის უკვირდა, მაგრამ მიმი, ისეთ საშინელ ისტერიკებში ჩავარდა ქირურგიც კი, შეშინდა.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება! - როგორც შეეძლო, ისე ამშვიდებდა მიმის. - ახლა შენი მოვალეობაა, რომ ეს ბავშვი, მშვიდობიანად მოავლინო ამ ქვეყნად, დანარჩენს კი, ყველაფერს მოევლება და ეშველება.
- ბავშვი! ბავშვი! მკვლელის შვილი! მისი შვილი, რა ჯანდაბად მინდა! არ მინდა ეს ბავშვი, არა! - ბოლო ხმაზე ბღაოდა მიმი.
ექიმები მიმის სიტყვებს, ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ, ხშირად ასეც იციან მშობიარეებმა, პირველ რიგში, საკუთარ ქმრებს ერჩიანო. მხოლოდ ქირურგი იყო საგონებელში ჩავარდნილი, სასწრაფოდ პალატიდან ყველა მედ.პერსონალი დაითხოვა და ექთანსაც ანიშნა, მიმისთვის ნემსი მოემზადებინა.
- ეჰ, მაინც რა ბედი ჰქონია, ამ ბიჭს. - მიმის გასაგონად, დანანებით ჩაილაპარაკა ქირურგმა, იქნებ მასში, ცოტაოდენი სიბრალული მაინც გამოეწვია. - არც ერთ დედას, მისგან შვილი არ უნდა! აბა ბავშვმა, რა დააშავა? პატარა, უსუსური, უცოდველი ადამიანი ამ ქვეყნად მოდის და აბა, რა მისი ბრალია? - ნაღვლიანად გაუღიმა მიმის.
- ჰმ, უცოდველი, არა?! მამის ცოდვებს მერე, რა ვუყოთ?! სად გამოვაჩინო, მისი საშინელი სისხლი?!
- შვილი, არაფერ შუაშია! გენეტიკურად მხოლოდ, გარეგნული იერი, ნიჭი, რამე ჩვევაც კი გადადის! საქციელი კი, არ გადადის და კიდევ, ბავშვი იმ ჩვევას უფრო იღებს, სადაც  და ვისთანაც იზრდება, რა გარემოშიც უწევს ყოფნა! შენ კი, რა განერვიულებს? - ისევ დაუყვავა ქირურგმა.
- არ მინდა საზარელი ადამიანის შვილი და არც შენი დანახვა, აღარ მინდა! შენი ბრალია! რას გადაარჩინე?! ჩაძაღლებულიყო და ჩამკვდარიყო! - უკიოდა მიმი ქირურგს.
- აბა, როგორ არ გადამერჩინა? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - ჯერ ერთი, რომ ჩემი მოვალეობაა, ნებისმიერ პაციენტს, მტერიც რომ იყო, მაინც დახმარება უნდა გავუწიო და მეორეც, მეგობრული მოვალეობაა, ადამიანური და ასე შემდეგ.
- ჰო, აბა რაა! დაჭრილ მეგობარს უნდა უშველო, გინდა მკვლელი იყოს და გინდა, არა! - მწარედ ჩაეცინა მიმის.
- დიახაც, უნდა უშველო! - არ ეპუებოდა ქირურგი.
მიმის სხეულში, რაღაც მწარედ დაუარა, ტკივილისგან დაიმანჭა.
- ხომ გითხარი, წადი! აღარ დამენახვო! - კბილებში გამოსცრა მიმიმ. - საწყალი ფიფო... საწყალი ფიფო... ვის გულისთვის გავაგდე, ასეთ თავსხმაში.
- ფიფო? - გაუკვირდა ქირურგს.
- ჰო! ჰო! ფიფო!
- ფიფო, რა შუაშია?
- რა შუაშია და მე სულელმა და ტვინ გამოცლილმა, იმ საზიზღარი მკვლელის დასახმარებლად გავუშვი, ასეთ ავდარში! ნეტა მოეკლა იმ დროს და მაშინვე ჩაეძაღლებინა!
- ვინ? ვის, ვინ უნდა მოეკლა? - ქირურგი მიმის საუბარს მშვენივრად ხვდებოდა, მაგრამ მაინც უკან არ იხევდა.
- ვის და ფიფოს! რა?! ვითომ, არ იცი, არა? ფიფომ რომ ესროლა?! - ცინიკურად ჩაეცინა მიმის. - იმიტომ, რომ ღირსი იყო! ღირსი! გარეწარი, მკვლელი!
- დამშვიდდი, მიმი! ხომ გითხარი, უკვე ბევრჯერ! შენ უნდა დამშვიდდე! შენი სიმშვიდე, ბავშვს...
- წადი! გადი აქედან! გადიი!
- სანამ დამშვიდებულს არ გნახავ, არსადაც არ წავალ! - გაჯიუტდა ქირურგი.
მიმიმ, უკმაყოფილოდ გახედა და მისკენ ნემსით მომართულ ექთანს და უსიამოვნო სახით მიუშვირა მკლავი.
მსუბუქი დამამშვიდებელი გაუკეთეს, ძალიან იყო აღგზნებული და ირგვლივ ყველას ერჩოდა. სამშობიარო ტკივილები არაფერი შუაში იყო, ქირურგი მშვენივრად ხვდებოდა, თუ ვისი გულისთვისაც იყო განადგურებული ასე ეს გოგო.
მოგვიანებით, მართლაც თითქოს, უფრო დამშვიდდა. ცოტა ტკივილმაც გადაურა. ხმას აღარ იღებდა. ჩაფიქრებული გაჰყურებდა ფანჯრის მიღმა, სივრცეს. თუმცა წვიმის ფარდას, ისე დაებურა მინა, რომ აღარაფერი ჩანდა. 
წვიმა კი ჯიუტად არ წყდებოდა და სტიქიაც, ქალაქის ნაწილს ანადგურებდა. მიმიმ არაფერი იცოდა. მხოლოდ თავსხმა წვიმას ხედავდა და ნიაღვარივით მომდინარე წყალი შენიშნა ასფალტზე. ისედაც ანერვიულებულ და მშობიარე გოგოს, აბა ვინ ეტყოდა ასეთ საშინელ ამბავს.
„ნეტა ახლა ყველას დავავიწყდე და აღარავინ მინდა შემახსენოს, ჩემი არსებობა.“
მართლაც არავის დანახვა აღარ უნდოდა, განსაკუთრებით კი, ქირურგის. ის კი მაინც, გვერდიდან არ შორდებოდა.
თითქოს, ძილისკენაც წავიდა, მაგრამ უცებ, ისევ საშინელი მუცლის გვრემა იგრძნო. რაღაც საზიზღარი, საშინლად გულის ამრევი სუნი, ცხვირში უღიტინებდა და უფრო და უფრო უმძაფრებდა, გულის რევის შეგრძნებას. რა უნდა ყოფილიყო, ასეთი საშნელი?
მიმიმ პალატას თვალი მოავლო. სისუფთავით, მართლაც რომ ბზინავდა იქაურობა. სიბინძურის ნატამალიც კი არსად ჩანდა. თითქოს, არც არაფერი უნდა ყოფილიყო ისეთი, რისგანაც ასეთი საშინელი გულის რევა იგრძნო და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ეს საშინელი „სიმყრალე“, დედის გამომცხვარ, ალუბლისა და შოკოლადის ღვეზელს ასდიოდა.
- ფუუ! - საშინლად დაემანჭა სახე, მიმის. - მოაშორეთ აქედან! ეს ნამცხვარი, გულს მირ... - და სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, ისე გადაეყუდა საწოლიდან.
ქირურგი წამსვე მიეშველა. მიმიმ სული ძლივს მოითქვა. მერე ქირურგს, საშინელი მზერა მიაპყრო და კატეგორიულად მოსთხოვა, რომ მისი პალატა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და აღარასდროს, აღარასდროს ეხსენებინა პიპა.
„პიპა! პიპა! როგორ მძულს და მეზიზღება!
ესე იგი, მართლაც ტყვიით ყოფილა დაჭრილი და მე კი, როგორ უსინდისოდ მატყუებდა და მასულელებდა!
მატყუებდა! ყოველთვის მატყუებდა! ყველაფერს მატყუებდა!
საწყალი ფიფო, ვინ იცის ახლა, ჩემი გულის მოსაგებად, იმ მკვლელისა და გარეწარი კაცის დახმარებას, როგორ ცდილობს. 
მთელი დღეა, საცოდავი ბიჭი, მშიერი დარბის! მჭადებიც კი ვერ დავუცხვე და წესიერად, ყავის დალევაც არ შევარგე, ისე გავაქცუნე, იმ საზიზღარი მკვლელისა და ბოროტმოქმედის საშველად! 
და რის გულისთვის?! 
ვის გულისთვის?!
ეჰ, ნეტა დაერეკა მაინც და ვეტყოდი, რომ...“
ფიფო კი თითქოს, მის ჯიბრზე, არც რეკავდა და რატომღაც, ტელეფონიც უკვე გამორთულიც ჰქონდა, მაგრამ აბა მიმის საიდან უნდა სცოდნოდა, თუ რა ხდებოდა ფიფოს თავს, ან საერთოდ, რა ხდებოდა ქალაქში.
თენდებოდა.
მიმის მშობიარობა დაეწყო და სწორედ იმ დროს, როცა ფიფო და პიპა, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად, აბობოქრებულ ღვარცოფს ებრძოდნენ.
სამშობიაროს ვესტიბიულში კი, როგორც ყოველთვის, გულშემატკივართა დაუცხრომელი მღელვარება გუგუნებდა, დერეფანი სავსე იყო მოყაყანე ხალხით.
მამიდა კი სულ იმას წუხდა, ეს ჩვენი ნაფერები და ნალოლიავები გოგო, რაღა მაინცდამაინც, პოლიციელის ცოლიაო. 
- ყველას, ქმარი თან ახლავს და ჩემი გოგო კი, უპატრონოსავით აჩენს ბავშვს და თანაც, პირველ შვილს! - რისხვას ვერ იოკებდა მამიდა.
- რატომ, უპატრონოსავით? - არ შეეპუა დედა. - ჩვენ, აქ არ ვართ? ფიფოს მშობლებიც, წამდაუწუმ რეკავენ, ასეთ ღვარცოფში, ყველა ხომ ვერ მოვა?
- აბა ჩვენ, როგორ მოვედით?! - კოპებს არ ხსნიდა მამიდა.
- ჩვენ, გაგვიმართლა და ჯიპებით მოგვასრიალეს! - გაეცინა დედას.
მამიდამ არაფერი უპასუხა. უკმაყოფილო სახით ადევნებდა თვალს, დერეფანში მოსიარულე ხალხს. რძალი კი კვლავ, მულის გამხნევებას შეეცადა. 
- ისე, ფიფოს ნათლიამაც დარეკა...
- რა ფიფოს, ნათლია?! - შეუტია მულმა, რძალს. - ქმარი უნდა ედგეს გვერდში, ქმარი!
მამიდის მსგავსად, არც დედა ვიშვიშებდა ნაკლებად, მაგრამ მულის წუწუნს, უპასუხოდ მაინც არ ტოვებდა, და როგორც კი იმ ნაცნობ ქირურგს შენიშნავდა, მყისვე მიეჭრებოდა და უამრავ შეკითხვას აყრიდა.
მამიდა შორიახლო ადევნებდა თვალს. მერე კიდევ ერთხელ, სწორედ ის ნომერი აკრიფა, რომელიც მიმიმ, დედის უჩუმრად უკარნახა და კიდევ ერთხელ გადაამოწმა. კაცმაც არ დააყოვნა და მაშნვე უპასუხა. მამიდამ ისევ მოუბოდიშა, შემეშალაო. ქირურგს ყურადღება არ მიუქცევია, კვლავ ცდილობდა, მიმის დედა დაეშოშმინებინა და ყველა ეს უამრავი შეკითხვა, დამამშვიდებელი პასუხებით დაეკმაყოფილებინა.
„განა რა იყო აქ, საჩუმათო? 
მიმის თუ ვინმე ნაცნობი ექიმი ჰყავდა სამშობიაროში, ეს რატომ უნდა დაემალა?“
ფიქრობდა მამიდა.
- ჩვილ ბავშვთა ქირურგი? - მამიდამ გაკვირვება ვერ დაფარა, როცა დერეფანში მიმავალ სანიტარს გამოჰკითხა ყველაფერი.
„ვაიმე, ბავშვს რამე, ხომ არ სჭირს? 
ჯერ არ დაბადებულა და უკვე ქირურგი, თავს დასტრიალებს?“
ამ ფიქრებში იყო, როდესაც რძალმა, ნანატრი შვილიშვილის დაბადება აუწყა. მამიდა მაშინვე დატრიალდა და სანამ ჩვილი, კარგად არ შეათვალიერა და ყველაფერი, დაწვრილებით არ გამოიკითხა, მანამდე არ დამშვიდდა.
LEX. 2018 წლის 5 ოქტომბერი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment