წვიმა არ წყდებოდა. მიმის ფანჯრიდანაც მშვენივრად მოსჩანდა, ქუჩებში როგორ მიედინებოდა ნიაღვარი. ჯერ კიდევ არ იცოდა, რა საშინელება მძვინვარებდა ქალაქში, რადგან უბნის იმ ნაწილში, სადაც მიმი ცხოვრობდა, ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო.
რამდენჯერმე კი, ისე საშინლად დაიგრუხუნა, კინაღამ გული გაუსკდა და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ თავადაც გუბეში იდგა და წყალი წურწურით გასდიოდა.
- ვაიმე, რამდენი ვინერვიულე! ისე როგორ ჩავისველე, რომ ვერც გავიგე. - წაიკრუსუნა მიმიმ, მაგრამ გადადგა თუ არა ნაბიჯი, ისევ დააყენა პატარა გუბე.
ახლა კი შეშინდა. ვერ ხვდებოდა ეს რა იყო.
- ვაიმე... დედა!.. დეეე! - მიმიმ ხმას უმატა.
ჯერ მამიდა შემოვარდა ქოთქოთით, მერე დედა მოჰყვა.
- დედა! რა მჭირს?! - შეშფოთებული კითხულობდა მიმი.
- ვაიმე, დაეწყო უკვე! - დედა ტელეფონს ეცა.
ქალების ფაცი-ფუცმა, ისედაც დაბნეული მიმი, უფრო მეტად გააღიზიანა.
- ჩქარა დარეკე! - არ აცლიდა მამიდა, დედას ნომრის აკრეფას! - უთხარი, რომ მუცელი ძალიან სტკივა!
- არ მტკივა! - წამოიძახა მიმიმ. - სულაც არ მტკივა!
არც დაწოლა მინდაო, მიმი გაიძახოდა, მაგრამ ვინ მოუსმინა. სასწრაფოდ სტაცეს ხელი და დივანზე, ძალით წამოაწვინეს. თან თავზე დაქოთქოთებდნენ და თან ტელეფონს არ უშვებდნენ ხელიდან და წამდაუწუმ ეკითხებოდნენ, ძალიან გტკივაო.
- არ მინდა დაწოლა! - მიმიმ წამოდგომა დააპირა.
დედა და მამიდა მაშინვე ეცნენ.
- აღარ შემიძლია, ამდენი წოლა! - კვლავ წუწუნებდა მიმი.
- წამოწოლილზე, უფრო ნაკლებად გეტკინება. - გამოცდილი ქალივით უთხრა მამიდამ.
- ისე, როგორც მახსოვს, პირიქით! უნდა იმოძრაოს და იაროს. - ჩაფიქრებული ხმით დაუმატა დედამ. - უფრო ადვილად იმშობიარებს.
- თუ მუცელი სტკივა, აბა როგორ უნდა იაროს! - უკან არ იხევდა მამიდა.
- არ მტკივა! არა!
- აუცილებელი კი არ არის, მაშინვე ასტკივდეს. - დედა ახსნას შეეცადა.
- მერე ვერ თქვი, თუ მასე იყო? - უსაყვედურა დედას მამიდამ.
- ზოგმა, ზუსტად მშობიარობის წინ იცის, ზოგმაც, უფრო ადრეც! - დედამ ზურგი შეაქცია და კვლავ სასწრაფოში დარეკვას შეეცადა. ამაში არც მამიდა ჩამორჩა და ორივე გამალებით ელოდნენ პასუხს.
დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა, ყოველ დარეკვაზე, ერთი და იგივე პასუხი იღებდნენ, - დაელოდეთ, ყველა მანქანა გასულია, ქალაქი საშინელ დღეშიაო.
ქალები მაინც განაგრძობდნენ რეკვას, ხან ქალაქის ტელეფონიდან და ხან თავიანთი მობილურებიდან.
ღამდებოდა. სასწრაფო კი, მაინც არსად ჩანდა. ქუჩებში კი, ისეთი ნიაღვარი მოდიოდა, რომ მამიდის პატარა მანქანით, შეუძლებელი და სახიფათოც იყო ახლა სადმე გასვლა.
- ეს ფიფო მაინც, სად დაიკარგა? - წუხდა დედა. - ხომ დაურეკე?
- კი იცის ფიფომ უკვე, მაგრამ ჯერ ვერ იცლის! - იცრუა მიმიმ. აბა ახლა, რა დროს ფიფოს მოცდენა იყო, როცა პიპას საშველად ჰყავდა გაგზავნილი.
- რას ჰქვია, ჯერ ვერ მოიცლის?! - აბუზღუნდა მამიდა. - პირველი შვილი უჩნდება და სამსახურია მიზეზი?!
- ასეთი სამსახური აქვს და რა ჰქნას, აბა? - გამოექომაგა დედა სიძეს.
- აი, ამიტომაც არ მინდოდა, რომ ჩემი გოგო, პოლიციელის ცოლი ყოფილიყო! - ბუზღუნებდა მამიდა.
- რა შუაშია ეგ? ჩვენ აქ არ ვართ? როგორც კი მოიცლის, მოვა, აბა, სად წავა?
დედა ეპასუხებოდა, მამიდა არ ცხრებოდა, სასწრაფო კი კვლავაც არ ჩანდა. მიმის ლამის, გული შეუღონდა.
მამიდამ კიდევ დარეკა, ერთი ამბავი დააწია, მაგრამ იგივე პასუხი მიიღო. მერე ისევ დედამ დარეკა, ისევ მამიდამ და თან გამუდმებით, ერთმანეთს არ აცლიდნენ, თუ ფიფოს ქებასა, თუ მის ლანძღვას.
- დედა! - შეჰყვირა, ქალების ყაყანისგან გულშეღონებულმა მიმიმ.
- გტკივა დედა? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა დედამ.
- არა! არ მტკივა! ჩაი მინდა, დეე. - მუდარით შეხედა მიმიმ.
- ჩაი?
- ჰო, ჩაი მინდა, პიტნის ჩაი, შენ რომ იცი, ისე.
- ჟოლოს ჩაის გაგიმზადებ. - წამოხტა მამიდა.
- არა! - შეაჩერა მიმიმ. - დედამ მინდა, რომ მომიმზადოს, ის პიტნის ჩაი.
- ახლავე, ახლავე. - დედა სამზარეულოსკენ გაიქცა.
მამიდას ცოტა ეწყინა კიდეც, ჩაის მომზადების ნება, რომ არ დართეს, მაგრამ მიმის რაღაცნაირად მომზირალმა თვალებმა მიახვედრა, გოგოს მასთან მარტო დარჩენა სურდა.
- აბა სინამდვილეში, მართლა რა გინდა, მეტყვი? - დაბალი ხმით უთხრა მიმის.
მიმიმ ამოიხვნეშა და მამიდას უცხო ნომერი უკარნახა.
მამიდა ქალაქის ტელეფონს ეცა.
- არა. შენი მობილურიდან დარეკე. - ჩურჩულით უთხრა მიმიმ. - დარეკე და უთხარი, რომ უკვე დამეწყო.
მამიდას არც უკითხავს, ვისი ნომერი იყო, ისე შეუსრულა თხოვნა.
ვიღაც კაცის ხმამ გააგონა. გასაგებიაო, მეტი არც არაფერი უკითხავს და ტელეფონიც, წამსვე გაუთიშა.
- ყველაფერი გასაგებიაო. - უცნობის სიტყვები გაუმეორა მამიდამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
მამიდას ინტერესი ჰკლავდა, ვინ უნდა ყოფილიყო, ის უცხო კაცი?
„ანდა, ეს ფიფო მაინც, სად დაიკარგა დღეს? ამდენი ხანი, რატომ არ გამოჩნდა?
რა ხდება ნეტავ ჩვენი გოგოს თავს? იმ სტუმარი ქალის გამო, ხომ არ არის, რომ ფიფო, ასე მთელი დღით დაგვეკარგა? მაგრამ...
ნუთუ სამსახური, შვილის დაბადებაზე, უფრო ძვირფასია?
საოცარია, პირდაპირ.“
- არაფერი მკითხო. - მიმიმ მუდარით გადახედა მამიდას. - და არაფერი თქვა. - მიმიმ, სამზარეულოში მოფუსფუსე დედაზე მიანიშნა.
მამიდამ თავზე გადაუსვა ხელი. მართალია, ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ ერთადერთ ძმის შვილს, არასდროს უღალატებდა.
რაღაცას გუმანით გრძნობდა, რომ მიმის რჩეული...
„იქნებ, ბავშვის მამა, სულაც სულ სხვაა და არა ფიფო? აბა, რაღას დაიარება? აქ რაღას დადის?
ვაიმე, იქნებ არც კი, იცის?
მაგრამ მე როგორ გავიგო? ისევ მიმი თუ მეტყვის, მაგრამ მეტყვის?“
რადგან ყველა სასწრაფოს მანქანა გასული იყო, მიმის ორი ჯიპით, ექიმთა ბრიგადა მოადგა. მამიდა ამაოდ ათვალიერებდა ყველას სათითაოდ, მაგრამ მაინც ვერ ამოიცნო ის, ვისთანაც მიმიმ დაარეკინა.
ერთი კაცი, თითქოს უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა, მაგრამ ვერც მისი ასაკი და ვერც მისი ქცევა, მიმის რჩეულად, მაინც ვერ წარმოიდგინა.
- ყველაფერი კარგად იქნება. - პულსი გაუსინჯა, პიპას მეგობარმა ქირურგმა. - ნუ გეშინია!
- არ მეშინია, მაგრამ... - მიმიმ ისეთი თვალებით შეხედა, რომ ქირურგი მშვენივრად ხვდებოდა, გოგოს რაც ანერვიულებდა.
- ხომ გითხარი, ყველაფერი კარგად იქნება! - დაამშვიდა ქირურგმა. მერე ღიმილით დაუმატა. - აქაც და იქაც.
მიმი ცოტათი დამშვიდდა. მშვენივრად მიხვდა, ქირურგმა, რაც იგულისხმა.
- ძალიან გტკივა? - ქოთქოთებდა დედა.
- როგორც კი ატკივდა, მაშინვე დავიწყეთ რეკვა! - არ აცლიდა მამიდა.
- ვაიმე, არ მტკივა! არა! - შეუყვირა მიმიმ ქალებს.
- დამშვიდდი მიმი და თქვენც დედებო და დეიდებო, დამშვიდდით. - ღიმილით სცადა, მათი დაშოშმინება, ქირურგმა.
- დეიდა კი არა, მამიდა ვარ! - ამაყად ასწია თავი ქალმა.
ყველას გაეცინა.
- დამშვიდდით ქალბატონო, მამიდა. - ახლა პირადად მას მიმართა ქირურგმა. - ჩვენი ბრიგადა, ყველანაირად მობილიზებულია და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მამიდამ. - სასწრაფოს მანქანის მაგივრად, ჯიპებით მოხვედით, და!
ექიმებს გაეცინათ.
- ასე უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ მოვედით. - ამშვიდებდნენ ქალებს ექიმები.
- მართლა რა სასწაული ამინდია! - შუბლშეკრული ვიშვიშებდა მამიდა. - ლამის, წარღვნაა.
- ქალაქის დაბალი ადგილები, სულ დაუტბორავს!
- ხალხი ცურვით ტოვებდა ბინებს!
- ტელევიზორში აჩვენეს!
აყაყანდნენ სხვებიც და თითქოს, სულ გადაავიწყდათ, რისთვისაც იყვნენ მოსულები, აქტიურად ჩაებნენ ქალაქის, სტიქიისგან დაზარალების, ჭორსა თუ სიმართლეში.
არც დედა ჩამორჩა, ინანა კიდეც, რატომ ტელევიზორი ადრე არ ჩავრთეო. ახლა კი, ვიშვიშით უყურებდა ახალ ამბებს. არც მამიდა იყო ჩუმად და ყველგან ცდილობდა, სიტყვის ჩაკვეტებას. მერე რაღაც მომენტში მოეჩვენა, რომ თითქოს, ერთ-ერთი ექიმი და მიმი, რაღაცას ჩურჩულებდნენ.
იქნებ, სულაც არ ჩურჩულებდნენ და უბრალოდ, დაბალ ხმაზე საუბრობდნენ?
„ან იქნებ, ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს?“
მამიდამ ვეღარ მოითმინა და მიუახლოვდა. მიმი შეწუხებული თვალებით ეჩურჩულებოდა ქირურგს. სახეზე, საშინელი ტანჯვა ჰქონდა ასახული.
- ძალიან გტკივა მიმი? - შეწუხდა მამიდა.
- არა, საერთოდ არც წამომტკენია ჯერ. - მშვიდი ხმით მიუგო მიმიმ და გაღიმებასაც შეეცადა.
- ძალიანაც კარგი, მაშინ სამშობიაროში გადაყვანასაც მოვასწრებთ! - ანიშნა სხვებს ქირურგმა. - თან, წყლებიც უკვე დაღვრილი აქვს, დროა უკვე.
მიმის, კიდევ ერთხელ გაუზომეს წნევა. კიდევ ერთხელ მოუსმინეს ბავშვის გულის ცემას. ყველაფერი წესრიგში ჩანდა. საგანგაშო, არაფერი იყო.
დედა მაინც ვიშვიშებდა. მანქანაში, რომ დაეწყოს მშობიარობაო, ექიმები კი სიცილით ამშვიდებდნენ აბა ჩვენ აქ, რისთვის ვართო.
- დაწყნარდით ქალბატონო, მოვასწრებთ გადაყვანას! და თუ ვერ მოვასწრებთ, იცოდეთ, რომ მაინც საიმედო ხელშია! - ამშვიდებდა ქირურგი.
- აბა, მზად ვართ? - იკითხა ერთმა ექიმმა.
მიმიმ მოწყენილად გახედა ქირურგს, თითქოს, მის თანხმობას ელოდა.
- რაღას ვუცდით? წავიდეთ! - ქირურგი წამოდგა.
- ჩანთა ჩალაგებულია?! - მბრძანებლური ტონით მიმართა მამიდამ, რძალს.
- ყველაფერი მზად მაქვს! - უპასუხა დედამ და მიმის მიუბრუნდა. - მეც უნდა წამოვიდე! - უფრო ექიმების გასაგონად განაცხადა.
- რა თქმა უნდა, ქალბატონო! - დაეთანხმა ექიმი.
მამიდა უკმაყოფილოდ აიბუზა და სანამ რამეს იტყოდა, ქირურგმა დაასწრო:
- თქვენც, ქალბატონო, გაემზადეთ!
- მერე იქნება მანქანაში, ჩემი ადგილი? - სიხარული ძლივს დაფარა მამიდამ.
- ორი მანქანით ვართ, დავეტევით ყველა.
- არა, თუ ადგილი არ არის... - მამიდამ ვითომ ყოყმანობდა.
- მოვთავსდებით, როგორმე! - ღიმილით მიუგო ქირურგმა.
- ვაიმე ნიაღვარია, სანამ მანქანაში ჩაჯდები მიმი. - დედამ ბოტები მოურბენინა.
- არ შეწუხდეთ, ქალბატონო. - გაეცინა ქირურგს. - მიმის მანქანაში ხელში აყვანილს ჩავსვამთ.
- ჰოო? - კარგია. - ჩაილაპარაკა მამიდამ და დედას კითხვის თვალით გახედა. ეს ერთი წყვილი ბოტები, რომელს შეხვდებოდა ნეტავ?
- თქვენც აგიყვანთ და ისე ჩაგსვამთ, დამშვიდდით, არ დასველდებით! - დაამშვიდა მეორე ექიმმა. - საწვიმარაც შეიძლება არც დაგჭირდეთ.
მაგრამ არავინ უსმენდა. დედამ ქოლგებიც საწვიმარაც მოათავსა, მეორე დიდ ჩანთაში.
მამიდაც კიდევ რაღაცას ტენიდა, დასჭირდებაო.
- დედა, საცხოვრებლად კი არ გადავდივარ. - ეღიმებოდა მიმის.
- არ არის ბევრი ნივთების წამოღება საჭირო! - ცოტა არ იყოს, საყვედურის ტონით მიმართა მეორე ექიმმა. - მარტო ხალათი და ოთახის ჩუსტები, არავითარი ზეწარი და ლეიბ-საბნები!
- აბა საავადმყოფოს თეთრეულში, როგორ დავაწვინო ბავშვი? - შეიცხადა დედამ.
მამიდამაც თავის დაკვრით დაუდასტურა, აბა რაო.
- კარგი წამოიღონ თეთრეული, არ არის პრობლემა. - მხარი აუბა ქირურგმა.
- თერმოსი, კოვზი, ჩანგალი, თეფში, ხომ ყველაფერი ჩაუდე? - ეკითხებოდა მამიდა და თან, ჩანთას ათვალიერებდა.
- ბებიაჩემის ნაჩუქარი სერვიზი, არ დაგავიწყდეთ! - მიმიმ ხუმრობა სცადა.
ყველას გაეცინა.
ქირურგმა წამოსადგომად, მიმის ხელი შეაშველა. მიმიმ ხელი ჩაჰკიდა და რაღაცნაირი მავედრებელი მზერა მიაპყრო ქირურგს. თითქოს, ხელიც უფრო მაგრად მოუჭირეს ერთმანეთს, თუ ისევ მამიდას მოეჩვენა ასე?
კვლავ გადაუღებლად წვიმდა.
თენდებოდა.
ფიფოს ფეხის გასათავისუფლებლად, პიპამ არაერთხელ ჩაყვინთა. ფიფო კი მაინც, სულ იმას ღრიალებდა, წადი, დროზე გაასწარი აქედანო.
პიპა უკან არ იხევდა და ფიფოს ღრიალს, ყურადღებას არ აქცევდა. წუთით შეისვენა. მიხვდა, ასე მარტო გისოსებში გაჩხერილი ფეხის ქაჩვით, ვერაფერს გახდებოდა. ამიტომ სხვა ტაქტიკა იყო საჭირო. პიპამ, ერთი კიდევ ღრმად ჩაისუნთქა და ისევ ჩაყვინთა. ამჯერად, უფრო მეტ სიღრმეზე მოუწია ჩასვლა. ფიფო ლამის მხარზე შეისვა და ისე ძლივს ძლივობით შესძლო და ქვემოდან მოწოლით, მოახერხა კიდევაც მისი ფეხის გათავისუფლება.
ბიჭებმა რის ვაი-ვაგლახით, სარდაფის დერეფანში შეცურეს. თუმცა, ამას ცურვაც არ ერქვა, თვითონ წყლის ნაკადი მიაქროლებდა და ხან იქეთ მიახეთქებდა და ხან აქეთ. ეზო მთლიანად დატბორილი იყო, წყალი კი ისე ტრიალებდა, რომ ბიჭებს უჭირდათ ეზოსკენ გასვლა.
ფიფომ როგორღაც შესძლო და ღვარცოფისგან მოგლეჯილი, ჩასასვლელში გაჩხერილი კარის იმ ნაწილს მოეჭიდა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა გარეთ გამოღწევა და გარეთა კედლის მეშვეობით, ზემოთ სართულზე აძრომაც. თუ ამას მოახერხებდა, შედარებით უფრო დაცულიც იქნებოდა და იქიდანაც თუ ვერსად გავიდოდა, წყალში მაინც არ დაიხრჩობოდა და მერე იქნებ, მაშველსაც მოესწრო.
ფიფომ, პიპას შეუძახა, აქეთო, მაგრამ პიპა ისევ მორევში ტრიალებდა, რამდენიც წინ გამოაღწევდა, იმდენად ნაკადი, ისევ შიგნით, იმ ჯურღმულისკენ აგდებდა. ერთადერთი გზა რჩებოდა, რომ ფიფოს მოსჭიდებოდა და როგორღაც მოახერხა კიდეც.
ფიფო ერთი ხელით კარს ეჭიდებოდა, მეორეთი კი პიპას იჭერდა, რომ წყლის ნაკადს, ისევ არ გაეტაცა. ძლივს ამოითრია ფიფომ, ცალ ხელზე დაკიდებული მეტოქე, ეჭვმიტანილი მტერი, თუ მოყვარე, უკვე თავადაც აღარ იცოდა, მხოლოდ ერთი რამ ესმოდა, აუცილებლად უნდა გადაერჩინა ეს კაცი და მერე აუცილებლად დაიწყებდა იმის ძიებას, თუ ვინ იყო სინამდვილეში და რას წარმოადგენდა.
ბიჭები ორივე ხელებით ჩაფრენოდნენ მოგლეჯილ კარს და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდნენ. ცალკე წვიმის თქეში სახეში ასხამდათ, ღვარცოფი კი თითქოს, სპეციალურად მათკენ მოედინებოდა და ისედაც ნიაღვარში მოტივტივე კარებს, უფრო ძლიერად არყევდა.
- ასე არაფერი გამოგვივა. - დაიწყო პიპამ.
- რა ჩაიფიქრე? - მიუხვდა ფიფო.
- იქეთ უფრო მეტი განათება ჩანს, აშკარად შორს მანათობელი შუქი მოძრაობს. ალბათ, მაშველებიც იქნებიან.
- ჰოდა, ახლოს ყოფილან! - დააიმედა ფიფომ. თუმცა, თავადაც უკვე აღარ სჯეროდა.
- რომ ვერ მოგვისწრონ?
- ჰაჰ! - ჩაეცინა ფიფოს. - შენ რა? პესიმიზმი შეგეპარა, ბიჭო?
- და რას ველოდოთ? როგორმე იქნებ შევძლო, იქამდე გავცურო.
- რას ამბობ?! არც გაბედო! - შეუღრინა ფიფომ.
- ასე გაჩერებაც უაზრობაა, ხომ ხედავ? ორივეს ვეღარ გვიჭერს, ეს კარი!
- მაშინ მეც გამოვცურავ!
- შენ ფეხი გაქვს მოტეხილი და ვერ...
- შენ ცხვირი!
ორივეს გაეცინათ.
- ცხვირი, ყბა და კბილებიც. - ჩაეცინა პიპას.
- ჰმ, აბა რა გეგონა, ასე ადვილად გამოძვრებოდი?
- არც არაფერი მეგონა და არც არსად გაძრომას ვაპირებდი.
- ვითომ?
- თუ გინდა, ნუ დაიჯერებ.
- ჰო, ისე ცოტა მეც მიკვირს, ამხელა გონების პატრონი ასე ადვილად, როგორ გაები? მით უმეტეს, უკვე დიდი ხანია იცოდი, შენზე რომ ვნადირობდი.
- ესე იგი, არასწორად ნადირობდი, თორემ მართლა აბა იმას ხომ არ დაველოდებოდი, როდის დამიჭერდი! - ჩაეცინა პიპას, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ ფიფოს, ასე ადვილად ვერ მოატყუებდა, მაგრამ არც აღიარებას აღირსებდა.
- ესე იგი, არ გინდა, რომ აღიარო, არა?
- აბა მე რა ვიცი, რის აღიარებას მთხოვ? - უკან არ იხევდა პიპა.
- და მიმისთან?.. - ფიფომ ვითომ, თემა შეცვალა, მაგრამ მაინც ძალიან აინტერესებდა მიმიზე და პიპაზე, უფრო მეტი გაეგო.
- მიმი?
- ჰო! მიმი! რა გაგიკვირდა? - ჩაეცინა ფიფოს.
- მიმიმ თვითონ უნდა აირჩიოს. - მშვიდი ხმით მიუგო პიპამ.
ფიფომ ყველაფრის პასუხი მშვენივრად იცოდა და ფიქრობდა, იქნებ ასეთ სიტუაციაში მაინც გაეგო სიმართლე, მაგრამ ეჭვმიტანილისგან, ვერც დანაშაულის აღიარებას მიაღწია და ვერც მიმისთან მიმართებაში გაიგო მისგან რამე.
ერთი კი გაიფიქრა, ეს ვინ ყოფილაო, მაგრამ აღარც ფიქრის დრო იყო ახლა და აღარც მეტოქეზე ეჭვიანობის, რაღაც მართლა უნდა ეღონათ. პიპას წინადადება უფრო მისაღები იყო, თუ გაცურვას შესძლებდა, მაშველსაც უხმობდა, მაგრამ სახიფათო იყო, რამდენად შესძლებდა იქამდე მიცურვას?
თავად ფიფო ვერ გაცურავდა. გისოსებში მოყოლილი ფეხი, აშკარად მოტეხილი ჩანდა, მაგრამ უკვე ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა და არც პიპა იყო უკეთეს დღეში, მაგრამ მაინც გაცურვის გეგმა უტრიალებდა თავში. ფიფოს მიტოვებას არც აპირებდა, აუცილებლად დაბრუნებოდა მის საშველად და მერე უკვე რაც მოხდებოდა, ამას აღარც ექნებოდა მნიშვნელობა. მთავარია, ჯერ ფიფო გადაერჩინა, რომ მიმისთვის სუფთად ჩაეხედა თვალებში, გადაერჩინა და შეიძლება მერე, გაქცევაც მოესწრო.
- ვაიმე, რაღაც მოცურავს ჩვენკენ! - დაიყვირა ფიფომ.
- ხის ტოტია? თუ მთლიანი ხე მოაქვს, მაშინ ცუდად არის ჩვენი საქმე. - პიპა ცალი ხელით ჩაეჭიდა კარს და მეორე ხელით ცდილობდა, მათკენ მომავალი ხისთვის, როგორმე გეზი ეცვალა. საბედნიეროდ, მოცურავე ხე, ერთ ადგილას გაეჩხირა, მათკენ აღარ მოდიოდა. თუმცა საშიშროება, ყოველ წუთს მაინც მოსალოდნელი იყო.
- არა! ასე აღარ შეიძლება! უნდა გავცურო და...
- არ გაბედო! - შეუყვირა ფიფომ.
- ხომ ხედავ, ორივეს ვეღარ გვიჭერს ეს კარი! იქნებ, გავაღწიო და შენც გიშველო!
- არ გაბედო! გესმის! არ გაბედო! - გაუმეორა ფიფომ.
- და ერთად დავიხოცოთ? ნუ გეშინია, დავბრუნდები. - ჩაეცინა პიპას.
- შენც ხომ კარგად იცი, ლაფში ვერ შესძლებ ცურვას. ან ეს ლაფი დაგახრჩობს და ან რამე მოტივტივე...
ფიფომ სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ ის მოცურავე ხე, მოულოდნელად მოტრიალდა და მთელი ტანით ძლიერად, შეასკდა კედელს. კარი ამოყირავდა და ბიჭებმა, ძლივს შესძლეს ამოყვინთვა. პიპა, ფიფოს იჭერდა, რომელსაც უკვე არაქათი ჰქონდა გამოცლილი. მოტეხილი ფეხიდან სისხლი სდიოდა და ძალაც თანდათან ეცლებოდა. გადაყირავებული კარი ღვარცოფისგან მოტანილმა ნივთებმა, ახლა ისე გაჩხირეს, რომ ზედ შემოჯდომაც შესაძლებელი გახდა, თუმცა, მაინც სახიფათო იყო. პიპამ, ღონე გამოცლილი ფიფო, კარზე შემოსვა. თავისივე შემოფლეთილი შარვლის ტოტიდან ფეხი გადაუჭირა, რომ სისხლი შეეჩერებინა. ფიფომ ამოისუნთქა, შედარებით უსაფრთხოდ იყო, მაგრამ ახლა პიპა იყო მთლიანად ლაფის მორევში და ძლივს ეკიდებოდა ფიფოს ნარს, რომელსაც დროდადრო, სტიქიისგან მოვარდნილი ღვარცოფი არყევდა.
- ამოდი შენც! - მიმართა ფიფომ. - აქედან ამოძვერი, როგორმე დავეტევით.
- ვერ გაგვიძლებს ორივეს. - პიპა დაღლილობისგან, ძლივს სუნთქავდა. - იყავი ჯერ შენ, მერე ვნახოთ.
ცოტა თითქოს ნიაღვარი შეწყდა. ლამპიონის შუქზე განათებული, საპატიმროს დატბორილი ეზო, ახლა წინანდელთან შედარებით, მდორედ მოძრაობდა.
თენდებოდა.
წვიმამაც იკლო, უკვე ისე აღარ ასხამდა. ფიფოს ჩამოეყვინთა. დაღლილობისგან, პიპაც თვლემდა. მაშველი კვლავ არსად ჩანდა. თითქოს თანდათან, ყველაფერი წყნარდებოდა, მაგრამ მოულოდნელად, შხუილით დაიძრა, მანამდე ერთ ადგილას გაჩხერილი ნიაღვარი და უიმედოდ კარს ჩაფრენილი ბიჭები, ისევ ლაფის მორევში გადაეშვნენ. ახლა ფიფომ იმარჯვა, ღონე მოიკრიბა, დიდ მოგლეჯილ ხეს ჩაეჭიდა და მთელი ძალით, პიპას ამოქაჩვას ცდილობდა. არაფერი გამოდიოდა, ლაფისგან ხელები უსრიალდებოდა, ფიფო ღრიალებდა. ეჩვენებოდა, რომ პიპა თითქოს, უკვე აღარც ცდილობდა მოჭიდებას. რაღაც მომენტში, ყველაფერი გაირინდა, პიპამ ფიფოს თვალებში ჩახედა...
თუ მოეჩვენა?..
აი სულ ცოტაც და იქნებ, უფრო მეტად ამოექაჩა წყლიდან, მაგრამ ღვარცოფის ახალი ნაკადის დატრიალებამ, პიპა ისეთი ძალით გაიტაცა, რომ ფიფომ, დაყვირებაც კი ვერ მოასწრო...
ინათა.
წვიმა შეწყდა.
ისეთი მზიანი დილა იყო, ღამის საშინელი კოშმარი თითქოს, არც ყოფილაო.
ახალი დღის გათენებით სამყაროს, ახალი სიცოცხლის დაბადებაც ეუწყა.
LEX.2018.წლის 11 ივლისი, ოთხშაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2120253214883631
ყველა მკითხველს უღრმესი მადლობა . :)
იქნება გაგრძელება, სათაურით - „უკვალოდ არ ჩაივლის“.
ყველა მკითხველს უღრმესი მადლობა . :)
იქნება გაგრძელება, სათაურით - „უკვალოდ არ ჩაივლის“.
No comments:
Post a Comment