Wednesday, July 4, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 164)

164.
ისედაც ფერდაკარგულ მიმის, ახლა უფრო გაფითრებული სახე მიეცა და თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა ფიფოს. 
- რრრაასსს?.. რას ამბობ?.. - ძლივს ამოიკნავლა.
- ჰო, მიმი, ჰო! არაერთხელ გაგხადა, მკვლელობის თანამონაწილე! თუმცა, არც არაფერი იცოდი და ვერც მერე, ვერაფერს მიხვდი!
მიმი კვლავ, გაოგნებული შეჰყურებდა.
- თუ გახსოვს? ადრეც გკითხე. - დაიწყო ფიფომ. - მანქანაში მეძინაო და სად გავჩერდი, არც მახსოვსო.
- ???
- მიმი, მაშინ მკვლელობის ადგილიდან, არც თუ ისე შორს იყავი და გეძინა! არაფერი გაგიგია! და მარტოც არ ყოფილხარ!
- ჰო, მასეა! მშვენივრად მახსოვს და მარტოც არ ვყოფილვარ! მართლაც ორივეს გვეძინა და შენ კი, რის გამოქექვას ცდილობ?! - მკაცრი მზერა მიაპყრო მიმიმ.
- შენ გეძინა, ის კი გაძვრა, მკვლელობა ჩაიდინა და მერე ისევ, უჩუმრად დაბრუნდა! თუ, გინდა მითხრა, რომ მანქანიდან, არც გადასულა? 
- რა სისულელეა! რა მკვლელობა?! ზუსტად მახსოვს, მხოლოდ ხუთი წუთით გადავიდა მარკეტში და ისიც კი გავიგე!
- და შენ რა იცი, ხუთი წუთი იყო, თუ მეტი? შენ ხომ გეძინა? 
- შეუძლებელია, რომ არ გამეგო!
- რამე დალიეთ? ან იქნებ, შენ დაგალევინა?
- რა სისულელეა! - იყვირა მიმიმ, მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - ისე, ძილის წამალი, კი მქონდა მიღებული, მაგრამ ჯერ კიდევ, სახლში გამოვიძინე.
- და მერე მანქანაშიც გააგრძელე, მან კი, დრო იხელთა!
- სისულელეა! პიპამ არც კი იცოდა, რა დავლიე და რა, არა! - მიმი წამით ჩაფიქრდა. - შუაღამისას გამომეღვიძა, მე თვითონ დავურეკე და შეხვედრას არც კი ვგეგმავდით! თანაც, დიდი ხნის უნახავი მყავდა და საერთოდ, რას მამართლებინებ თავს?!
- ისარგებლა შენი უმწეობით, მკვლელობის თანამონაწილე გაგხადა! თავად კი, უტყუარი ალიბი გაიშანშალა!
- არა, არა! იტყუები! უსინდისოდ მატყუებ! უნამუსოდ იქცევი და კიდევ, სხვას აბრალებ?!
- არავის არაფერს არ ვაბრალებ! - ფიფომ წამით იყუჩა. - ისე ვაღიარებ, ერთხელ მეც გამოგიყენე. შენი წყალობით მივიტყუე, იმ ნახევრად დამწვარ სახლში.
- რაებს ბოდავ? რა სახლი? რის დამწვარი სახლი? ფიფო! პიპაზე გელაპარაკები, პიპაზე! ვიღაც ნაძირალა მკვლელზე კი არა! 
- მიმი! არ ვიცი მეთამაშები, თუ მართლაც ვერაფერს ხვდებოდი, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ დაჭრილს, შენ უვლიდი აქ! ამ სახლში! 
მიმის ახლა უფრო მიტკლის ფერი დაედო.
- ჰო! მიმი, ვიცი! - ფიფო მიმის გამოტეხვას შეეცადა. თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და მიმის გამომეტყველებაც, ახლა უფრო მეტად უმყარებდა ეჭვს. - შევეცადე, შენი მაშინდელი მონაჩმახი, მართლა დამეჯერებინა. გამოგიტყდები, თითქმის დავიჯერე კიდეც, მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ დაჭრილს, შენ უვლიდი! აქ!
- ჰო! ვუვლიდი! დიახაც ვუვლიდი, იმიტომ რომ ჩემი...
- მე ვესროლე! - სიტყვის თქმა არ დააცადა ფიფომ. 
- რაა? მისი მოკვლა გინდოდა? მკვლელო! მკვლელო! და კიდევ სხვას აბრალებ მკვლელობას?! - მიმი ღრიალით მივარდა და მკერდზე მუშტები დაუშინა.
- მიმი, დამშვიდდი რა, გთხოვ! - ფიფომ ორივე ხელები დაუჭირა და ძალით დასვა სკამზე. - არავის მოკვლა არ მიცდია და როცა სროლა ატყდა, სწორედ ჩემი ნასროლი ტყვია მოხვდა.
- რა სროლა ატყდა? გინდა დამაჯერო, რომ შენ გესროლა და თავს იცავდი მისგან?
- რაღაც, დაახლოებით მასე იყო.
- იტყუები! საშინლად იტყუები! - მიმის სიმწრის სისხლი მოაწვა სახეზე.
- ჰოო? და ასე დარწმუნებული რატომ ხარ, რომ მე გატყუებ? იქნებ, პიპა გატყუებდა და ვერც ხვდებოდი?
- ხომ ვაღიარე, რომ დაჭრილს ვუვლიდი, მაგრამ პიპა დანით იყო დაჭრილი და არა ტყვიით! აი? ახლა, რაღას მეტყვი? ვინ იტყუება? - ნიშნის მოგებით მიახალა მიმიმ.
- დანით? გამორიცხულია! ნამდვილად ვესროლე!
- რატომ? მკვლელი ხარ?! რატომ უნდა ესროლო ადამიანს? რის გულისთვის?!
- მხოლოდ ეჭვმიტანილს ვესროლე! დანაშაულის ადგილზე ვესროლე და ზუსტად მაშინ, როცა საჭირო იყო, რადგან ჩემი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ, საპასუხო გასროლა იყო! მე არ დამიწყია სროლა!
- არა! არა! პიპა დანით იყო დაჭრილი, დანით!
- ნუ, რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ისე, თუ შენ უვლიდი და ჭრილობასაც ხომ უხვევდი? მაშინ მართლაც უნდა შეგემჩნია ნატყვიარი იყო თუ არა, ან იქნებ, მართლაც სხვას ვესროლე? მაგრამ... - ფიფო ჩაფიქრდა. ვერაფერს მიმხვდარიყო. მიმი, პიპას სპეციალურად იცავდა, თუ მართლაც მასე იყო. 
„ნუთუ, მართლა სხვას ვესროლე? აბა მაშინ, როგორ მოვიტყუე? ან იქნებ, მართლაც ჰყავს თანამზრახველი? და იქნებ, როგორც ადრე ვფიქრობდი, ორნი მოქმედებენ? მაგრამ რაღა ზუსტად იმ დროს დაჭრეს?.. თუ? თანამზრახველმა, მისი გასაღება მოინდომა, და?..“
ფიფოს ფიქრები აერია. სადღაც, ახალმა ვერსიებმაც იჩინეს თავი.
თავის მხრივ, მიმიც ჩაფიქრდა. პიპას ჭრილობისთვის, არც კი შეუხედავს, ყოველთვის ქირურგი უცვლიდა სახვევს და ჭრილობასაც ის უმუშავებდა.
„იქნებ, მართლაც ფიფომ ესროლა და მე დამიმალა, არაფერი მითხრა და ამიტომ მოვიდა ჩემთან, რომ ფიფო აქ ძებნას არ დაუწყებდა? ისე ჰოოო... იმ პერიოდში, ფიფოც ნაჩხუბარი იყო. ვაიმე, მართლა იჩხუბეს? პიპა მოერია და ფიფომ ესროლა? ნუთუ, ფიფო ასეთი ვერაგია? წარმოუდგენელია! არა! არა! რაღაც ისე ვერ არის საქმე, მაგრამ ჯერ ფიფოს წყენინება არ შეიძლება, სასწრაფოდ, როგორმე პიპას უშველოს და მერე აუცილებლად გავარკვევ სიმართლეს!“
ფიქრებში ჩაძირული მიმი, კვლავ გაფითრებული იჯდა.
ფიფო მდუმარედ შეჰყურებდა.
„ძალიან იდიოტურად მომივიდა, უტვინოდ მოვიქეცი. ასე ერთბაშად, ყველაფერი არ უნდა მიმეხალა.“ 
გაიფიქრა ფიფომ და მიმისთან ჩაიმუხლა. 
- გთხოვ, მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი. - ფიფო გაჩუმდა, რადგან არაფერი იცოდა, ან როგორ უნდა აეხსნა, ან საიდან უნდა დაეწყო. 
მიმის მკვდრისფერი დასდებოდა, აკანკალებული ყბიდან, სიტყვასაც კი ვეღარ ძრავდა. ისევ ფიფომ მოიკრიბა გონება და კვლავ მიმის დამშვიდებას შეეცადა.
- სერიული მკვლელის ძიებაში, პიპას მივადექი. სულ სხვა მხრიდან და სულ სხვა გარემოებებიდან, მაშინ არც კი ვიცოდი, თუ შენთან მეგობრობდა ან  საერთოდ, თუ იცნობდი. - ფიფომ ამოიხვნეშა. - მხატვარიც ბევრად ადრე იცნობდა, შენამდე ბევრად ადრე. ბავშვობაში, რაღაც პერიოდი, ერთადაც კი იზრდებოდნენ, თურმე. - ფიფო ისევ გაყუჩდა. 
მიმი კვლავ უსიცოცხლოდ შეჰყურებდა და სიტყვის დაძვრასაც ვეღარ ახერხებდა.
- მიმი. ყურადღებით მომისმინე რა, გთხოვ. მე არაფერს ვაბრალებ და არც პირადად მას ვადანაშაულებ! უბრალოდ, დიდი ძებნის შემდეგ, კვალმა მასთან მიიყვანა. ბევრი რამ იცის, შეიძლება ახლოსაც კი იცნობდეს, იმ სერიულ მკვლელს. მაპატიე, ეს საიდუმლო იყო და ვერანაირად ვერ გაგიმხელდი. თანაც, საიდუმლო და თანაც, ვარაუდი. - ფიფომ ცოტა სიცრუეც შეაპარა, ისევ მიმი დაინდო და სულ ბოლომდე არ მოუწამლა სული, ისედაც ცოცხალმკვდარ გოგოს.
- მერე? როდის იყო, რომ საიდუმლო არ შეგინახე? - ამოილუღლუღა მიმიმ.
- არა, მიმი, არა! სულ სხვა ამბავი იყო. ისეთი დაუმტკიცებელი ვარაუდები მქონდა, არც საქმეში გამოდგებოდა და არც სათქმელად ვარგოდა. - ფიფომ ამოიხვნეშა და განაგრძო. - პიპას ბევრჯერ ვესაუბრე, ოჯახშიც დამპატიჟა. იცი, ცოტა დავმეგობრდით კიდეც!
- ხოო? და მერე? მერე, რა გაუკეთე? ბავშვი მაინც დაგენდოთ, თუ ასეთი მაგრები ხართ!
- მიმი! მათქმევინე ბოლომდე და მერე განმსაჯე! - სასოწარკვეთილი ხმით შეუბღვირა ფიფომ. - გახსოვს, შენ რომ გითვალთვალებდნენ? 
მიმიმ უკმაყოფილოდ დაუქნია თავი.
- ჰოდა, ეგეც შენგან გავიგე. მე არაფერ შუაში ვიყავი და საერთოდ, ახლაც არაფერი ვიცი! ჩემი დაწყებული საქმე, ისე ამართვეს, რომ... ისიც ხომ გახსოვს, ყველაფერს რომ ჩამომაშორეს? 
მიმიმ თავი დაუქნია.
- ჩემს ზურგს უკან იმოქმედეს, მე არც არაფერს მკითხეს და არც კი შემატყობინეს, რასაც აპირებდნენ, თორემ მაგას, როგორ დავუშვებდი?!
- ესე იგი, შენ არ დაიჭერდი პიპას? - ამოიკნავლა მიმიმ.
- დასაჭერი, თუ იქნებოდა, დავიჭერდი აბა რა! მაგრამ არა ბავშვის თვალწინ და ასე მხეცურად და ასე უსაფუძვლოდ! და ვაღიარებ, ყოველგვარი სამხილის გარეშე იმოქმედეს! დარწმუნებული ვარ!
- ესე იგი, ტყუილად დაიჭირეს? 
- არ არის გამორიცხული! - ფიფომ მიმის დასამშვიდებლად, კვლავ  ცოტა ტყუილი მოიშველია. - ამიტომაც გითხარი, დამშვიდდი ყველაფერს გავარკვევ, თუ დამნაშავე არ არის, გვერდში ამოვუდგები, ყველანაირად დავეხმარები, მეტი რა ვქნა აბა?
- ესე იგი... - მიმის ცრემლები წამოცვივდა. - იქნებ, მისთვის არც გისვრია და სულაც, ვიღაც სხვას ესროლე? შენ ნამდვილად დაინახე, რომ...
- მართალი ხარ! არ დამინახავს ვის ვესროლე. ხომ გითხარი? სროლა ატყდა და მეც იმ სროლის ხმისკენ ვისროლე. 
- უჰ... მეგონა, რომ სპეციალურად...
- არა, მიმი რა სისულელეა! სიბნელეში არც კი ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ... 
- და ის საიდან გაიგე, რომ დაჭრილს ვუვლიდი? 
ფიფო შეცბა, თუმცა მიმიმ თავადვე გასცა პასუხი, თავისავე მოულოდნელად დასმულ კითხვას:
- პიპამ გითხრა, არა?.. ჰმ... - სევდიანად ჩაეღიმა მიმის. - ნახვა მინდა! გთხოვ, აუცილებლად უნდა ვნახო! უნდა ვნახო!
- მიმი, შეუძლებელს მთხოვ!
- რატომ? თუ კი, დამნაშავე არ არის და აბრალებენ!
- ჯერ დამაცადე, გავარკვიო! იქნებ, ისე უბრალოდ დაკავებული ჰყავთ, რომ ნამდვილი მკვლელი მიიტყუონ! იქნებ, იმალება, ან მალავენ? ჯერ ხომ უნდა დავადგინო, არა?
- კი, მაგრამ მთელი კვირააა გასული. ამდენი ხანი, რატომ გააჩერეს?
- ალბათ, არ ამბობს, ვინ არის ნამდვილი მკვლელი.
- ნახვა მინდა! სიმართლეს მხოლოდ მე მეტყვის! მე არ მომატყუებს! მართლა არ მომატყუებს! დამიჯერე!
- დარწმუნებული ხარ?
- ჰო! ასეთ სიტუაციაში აღარ მომატყუებს! ვიცი, ვიცი!
მიმი ჩაფიქრდა. ბევრჯერ მოატყუა პიპამ, მაგრამ მხოლოდ თავის საკუთარ, პირად ამბებს მალავდა. მერე ესეც აუხსნა, თუ რატომ და ახლა ნამდვილად, აღარ მოატყუებდა, რადგან ახლა, სულ სხვა სიტუაცია იყო. აბა, რატომ უნდა ჩამჯდარიყო სხვის გულისთვის ციხეში? მიმი დარწმუნებული იყო, პიპა სიმართლეს, მხოლოდ მას ეტყოდა.
- ბავშვიც ძალიან ცუდად ყოფილა. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ნახვა მინდა! ბებიაც და ბაბუაც რეანიმაციაში არიან სამივე და თურმე... 
- მაგასაც მივხედავ, ნუ გეშინია! მხატვარს დავურეკავ, ახლავე დავურეკავ! ახლავე და ჯერ ის მიხედავს, მანამდე კი მე, პიპას ამბებს გავარკვევ, მხოლოდ შენ დამპირდი, რომ მშვიდად იქნები, კარგი?
ფიფოს თბილ და მზრუნველ ხმაზე, მიმის ღაპა-ღუპით ჩამოსცვივდა ცრემლები. ფიფოს გაეღიმა და მიუალერსა.
- გთხოვ, არ ინერვიულო. აბა რის მეგობრები ვართ?
- ფიფო!
- ბატონო!
- შენ მართლა არაფერ შუაში ხარ? გთხოვ, როგორიც არ უნდა იყოს, მაინც სიმართლე მინდა!
- მიმი! მე არც დამიჭერია და არც ბრძანება გამიცია და არც შენთვის და არც არავისთვის, მოთვალთვალე არ დამიყენებია! ხომ გითხარი? პიპამ ბევრი რამ იცის, შესაძლოა, მკვლელსაც კარგად იცნობს. მკვლელი კი, სწორედ იმ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, სადაც პიპა და თავის დროზე, მხატვარიც ცხოვრობდა.
- მართლა? 
- დიახ! მართლა!
- მე არაფერი ვიცოდი.
- ჰო, მასეა! თუმცა, მხატვარი ბევრად პატარა იყო და შედარებით, ცოტა ხანიც ცხოვრობდა, ვიდრე პიპა, ამიტომაც მჭირდებოდა მასთან გასაუბრება და თუნდაც, დაახლოება.
- გეხვეწები, დაეხმარე რაა! გთხოვ! ის... ის ჩემი... - მიმის ხმა ჩაუწყდა. - ის ჩემი...
- გთხოვ დამშვიდდე, შენი ნერვიულობა კიდევ უფრო მაბნევს და ტვინს მირევს! აღარ ვიცი, როგორ ვიმოქმედო. ამიტომ, თუ გინდა, რომ დავეხმაროთ უდანაშაულო მეგობარს, შენი მხარდაჭერა მჭირდება. - თბილი მშვიდი ხმით მიეალერსა ფიფო. - აბა მითხარი ერთი, შენზე ვინერვიულო, თუ საქმეს მივხედო?
- კარგი, შენი იმედი მაქვს. - მიმი ისე ამოიხვნეშა, რომ ლამის გულიც ამოაყოლა. -  ბავშვის ნახვა მინდა, იქნებ მე...
- მაგას დღეს, მხატვარი მიხედავს, ხვალამდე კი, მეც გავარკვევ ყველაფერს და მერე ერთად ვნახოთ, ერთად დავეხმაროთ ყველას! მე შენ და მხატვარი! ჩვენი ყველაზე მაგარი და საიმედო სამეული ვართ! აბა, როგორ გინდა, ნამდვილი მეგობრობა?
- პიპაც... პიპაც ჩვენი მეგობარია... - ქვითინებდა მიმი.
- აბა რა! ზუსტად პიპა იყო, რომ დამეხმარა. უდანაშაულოდ ვიყავი დაკავებული. გგონია, დამავიწყდა სიკეთე? - მიმის დასამშვიდებლად, მშვენიერი არგუმენტი მოიშველია ფიფომ.
- ჰო... ჰო... 
- ჰოდა, დავეხმარებით! ერთმანეთს გვერდში ამოვუდგებით, აბა რა!
- ფული სჭირდებათ, ჩემი ბარათი წაიღე.
- დამშვიდდი რაა, ჯერ ჩვენ მივხედავთ, თუ საჭირო გახდება, მერე შენც გამოგართმევ, აბა რას ვიზამ? - დაუყვავა ფიფომ. - უცებ ჯიბეში რაც მქონდა, მივეცი იმ ქალს უკვე და იმედია, მარტო თავის თავზე არ დახარჯავს.
- კარგი გიქნია, მე ვერც მოვიფიქრე, ისე ვიყავი...
მიმის სევდიანი ღიმილი უმშვენებდა სახეს, ცრემლები სცვიოდა და ფიფოს ეკვროდა. ახლა მისი ერთადერთი იმედი და ნუგეში, ფიფო იყო. მხოლოდ მას შეეძლო, სიმართლის გარკვევა და პიპას დახმარება და სულაც არ ანაღვლებდა თუ ფიფო...
„გაიგოს მერე რა? რატომაც არა! კიდევ რამდენი ხანი უნდა ვმალო, რომ უკვე პიპას ცოლი ვარ? თუმცა. არც კი ვიცი, ზუსტად რისთვის დავმალეთ? თუ, ასე გამოვიდა? იქნებ, პიპამ მთხოვა ასე? ვაიმე, არ მახსოვს...
საწყალი ფიფო. ადრე თუ გვიან, ხომ მაინც გაიგებს. ვიცი, გული დასწყდება, ძალიან ეწყინება, მაგრამ შევეცდები ავუხსნა და თუ მართლაც ჩემი მეგობარია, სწორად გამიგებს. უნდა გამიგოს! თან მეცოდება, ძალიან მეცოდება, ჩემი საუკეთესო მეგობარია.“
- შენი იმედი მაქვს... მართლა. - ზლუქუნებდა მიმი. - მხოლოდ ახლა დაეხმარე! პიპას დაეხმარე! ყველაფერს აგიხსნი, ყველაფერს! გთხოვ, დაეხმარე! - უკვე აღარ ბრაზობდა ფიფოზე, თავადაც ხომ ინახავდა საიდუმლოს. 
- დამშვიდდი მიმი. დღე-დღეზე ბავშვს ელოდები, ახლა ნერვიულობის არც დრო არის და არც მაგის სიტუაცია. მოუგვარებელი არაფერია, ყველაფერს ეშველება. ბევრი რამ დაგიმალე და არ გითხარი, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ...
- მეც! მეც უნდა გითხრა! ყველაფერი უნდა მოგიყვე! - ისევ სლუკუნებდა მიმი.
- ჰოდა, ჯერ მივხედოთ საქმეებს, მერე ერთად ჩავუსხდეთ და ვისაუბროთ რამდენიც გვინდა! იცი, რამდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელი? - თბილად უღიმოდა ფიფო.
- მეც! მეც, უნდა მოგიყვე! ყველაფერი უნდა მოგიყვე რაც დაგიმალე, ოღონდ... - მიმის ისევ ცრემლები წამოსცვივდა. - მხოლოდ ახლა ჯერ პიპას უშველე, უშველე რა, გთხოვ!
- ყველაფერს მივხედავ, მაგრამ სანამ არ დამშვიდდები, არსადაც არ წავალ! და რატომ მაკარგვინებ დროს ტყუილად? რაც უფრო ადრე წავალ, მით უფრო მალე შევძლებ დახმარებას!
- კარგი წადი. - მიმიმ ცრემლები მოიწმინდა. - კარგად ვარ! შენ წადი და მიხედე ყველაფერს, შენს იმედად ვრჩები იცოდე, თორემ მეც მინდა წამოსვლა!
მიმი დამშვიდდა. ცოტაც გულზეც მოეშვა. ფიფო მართლა არ იყო ისეთი ბიჭი, რომ ვინმესთვის ეღალატა და უსინდისოდ მოქცეოდა უდანაშაულო ადამიანს. 
მართალია, მიმიმ ჯვრისწერის ამბავი, თავის დროზე მხატვარსაც კი არ გაუმხილა, მაგრამ ისინიც ხომ თურმე, თავის მხრივ, პიპას ირგვლივ, რაღაც გეგმებსაც ხლართავდნენ. 
„კი, მაგრამ პიპამ თუ მკვლელზე, რამე იცოდა, მე რატომ არაფერი მომიყვა? ვაიმე, რა სულელი ვარ! აბა მართლაც, რომ იცნობდეს იმ მკვლელს, მე ხომ არ მეტყოდა? იქნებ იმ მკვლელმა დაჭრა? ვაიმე! ამიტომაც უნდოდა ქვეყნიდან წასვლა. აჰა, აი თურმე, რატომ დამალა ჩვენი ჯვრისწერა. ახლა უკვე გასაგებია ყველაფერი.“
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. თუმცა ამოსუნთქვამდე, ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი.
LEX. 2018 წლის 29 მაისი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment