163.
მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა. პიპა არსად ჩანდა. მიმი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. დარწმუნებული იყო, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად გამოჩნდებოდა და ცდილობდა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. სამაგიეროდ, ფიფო ლამის ყოველდღე იქ იყო და მიმიც, მის ყოველ ხუმრობაზე, გულიანად იკრიჭებოდა. ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს.
- ქალაქში ისეთი ნიაღვარი მოდის, მანქანის საბურავებს, უკვე გარეცხვაც აღარ სჭირდება! - ხუმრობდა ფიფო.
მიმის ცალყბად ეღიმებოდა. ფიფო უხმოდ შეჰყურებდა.
„როგორ შეიცვალა ეს გოგო. სულ სხვანაირი გახდა. ადრე დაძაბული, გაღიზიანებული იყო, ახლა კი პირიქით მშვიდი, დინჯი, ლმობიერი თვალებით იხედება.
მალე დედა გახდება, მე კი მამა...
ნეტა მართლა, ვისია ბავშვი? პიპასია, ვითომ? მერე რამდენჯერ ვუხსენე იმ კაცს, მიმის სახელი და ეჭვის ნატამალიც კი ვერ შევამჩნიე. არ იცის, ვითომ?
ნუთუ, მართლა არ აინტერესებს? ან ამ დონეზე ინიღბება? ჰმ, შეუძლებელია!“
- ასეთ ნიაღვარში, როგორ წავიდეთ? მანქანა არ გაიტაცოს წყალმა. - მიმართა დედამ მამიდას.
მამიდა ჯერ ჯიუტობდა, არაფერი მოგვივაო, მაგრამ მერე ფანჯრიდან, რომ დაინახა, როგორ გაუჭირდა ვიღაცას მანქანის მობრუნება, მაშინ კი იკადრა უკან დახევა.
- აი, ფინჯან ყავას თუ მომიმზადებთ, მე წაგიყვანთ! - ღიმილით შესთავაზა ფიფომ.
- ახლავე, ახლავე. - დედა უკვე სამზარეულოდან იძახდა.
- მართალია, ჩემი ავტო ძველია და მიმის საშინლად არ მოსწონს, მაგრამ ჯიპია მაინც და მაღალ საბურავებზე დგას.
ფიფოს სიტყვებზე, მიმის ისევ გაეცინა.
- ჰო, წაყევით ფიფოს, რადგან არ იშლით ამ თქეშში და უბედურებაში წასვლას. შენს პატარა მანქანას, ისევ ფიფოს მოძველებული ჯიპი სჯობს.
- კვირაზე მეტია, გამომწყვდეულივით ვარ აქ. სახლში ვეღარ მივსულვარ, სულ უფრო და უფრო უმატებს წვიმა. - აწუწუნდა მამიდა.
- შენც რა გეჩქარება? იყავი აქ, ვინ გაგდებს? - უკმაყოფილოდ შენიშნა მიმიმ.
- გაგდება, რა შუაშია, ჩემი ნივთები მჭირდება თან, სახლსაც დავხედავ. - ამაყად ასწია ცხვირი მამიდამ.
ფიფო ღიმილის შეკავებას შეეცადა, თუმცა მაინც შეამჩნიეს.
- ჰოო, იცინეთ, იცინეთ! ასე ყველაფერზე სიცილი, მაინც რა არის? - წყენას ვერ ფარავდა მამიდა.
- ახალგაზრდებმა უნდა იცინონ და იმხიარულონ! აბა, როგორ გინდა? - ჩაერია დედა.
- მეც ვიყავი ახალგაზრდა და ნუთუ, მეც ასეთი ვიყავი? - ისევ ნაწყენი ხმით განაგრძო მამიდამ.
- უკვე წარმომიდგენია. - მიმი უკვე სიცილს ვერ იკავებდა. - რა სერიოზული ბავშვი იქნებოდი, დინჯი, მკაცრი, პრინციპული და საშინლად ჯიუტიც!
ყველას გაეცინა. მამიდამაც, როგორც იქნა, გახსნა შუბლი. მიმის მსგავსად, მასაც საშინლად არ მოსწონდა ფიფოს ძველი მანქანა, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალს, ვერ ხედავდა. თუმცა, მანქანა კი არა და, არც თვითონ ფიფო ეხატებოდა მაინც და მაინც, გულზე.
- მაშინ, წავედით! - მკვირცხლად წამოხტა ფიფო, თუმცა კი, ძალიან ეზარებოდა, მაგრამ მიმის ისეთი სახე ჰქონდა, რომ ძნელი არ იყო ვერ მიმხვდარიყო, ცოტა ხნით ესენი წაიყვანე, დამასვენეთო.
- მოიცათ! - სამზარეულოდან თავი შემოჰყო დედამ. - ჯერ მჭადებს დავაცხობ და მერე წავიდეთ! - მოზელილი გუნდა, კიდევ უფრო ააგუნდავა ხელში.
მიმიმ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები. ფიფო ადვილად მიუხვდა.
- ჯერ გაგიყვანთ და მერე იყოს რაა. თან, ისე მომინდა სიგარეტი, მანქანაში მაინც გემრიელად გავაბოლო. - ფიფო წამოდგა და გასაღები ხელში შეათამაშა.
- ჰო, მიმის გადამკიდე, მეც სულ აივანზე ვარ გაგდებული. - მხარი აუბა მამიდამაც.
- ჰოდა, რაღას უცდით? - მოთმინება ელეოდა მიმის. - დროზე წადით და დროზე მოდით, გზაში მოწიეთ რამდენიც გინდათ!
- კარგი წავედით, წავედით! – „ბრძანა“ მამიდამ.
- აბა, არ დავაცხო მჭადი? - წუხდა დედა.
- მე დავაცხობ, ოღონდაც თქვენ ცოტა გადით, გაისეირნეთ! - მიმი უკვე თავს ვეღარ იკავებდა.
მთელი კვირა, ამ საშინელი ამინდების გამო, სულ სახლში იყო გამოკეტილი და დედის ქოთქოთთან ერთად, ახლა მამიდის დაუსრულებელი ჭკუა-დარიგებების მოსმენა უწევდა.
- ჰო, რა იყო? პირველად ვაცხობ? ორსულად ვარ, ავად კი არა!
- სულგუნი ჩაუდე გულში და ისე გამოაცხვე. - შენიშნა მამიდამ.
- მიბრძანდით, თუ შეიძლება და მე თვითონ ვიცი, როგორს გამოვაცხობ!
- წავედით! - მოთმინება დაკარგული ფიფო, უკვე ლიფტიდან ყვიროდა.
მშვენივრად ესმოდა მიმისი, თუ რატომ უნდოდა, თუნდაც ცოტა ხნით, მარტო დარჩენა და ცდილობდა, ხელი შეეწყო.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა.
- ძლივს არ დაისვენა, სახლმა, კედლებმა, ავეჯმაც კი! - აკისკისდა ხმამაღლა. - მჭადსაც გამოვაცხობ და ნამცხვარსაც! ჩემს ჭკუაზე! რა თქმა უნდა, სანამ მოვლენ!
ფიფოს ყველაფერი უყვარდა. პრეტენზიული სულაც არ იყო, არაფერზე იტყოდა უარს.
„ნეტა, პიპას თუ უყვარს ნამცხვრები? ჰმ, არც კი ვიცი.
რა საოცრებაა, თითქმის არაფერი ვიცი მასზე და მზად ვარ, ცხრა მთას იქეთ გავყვე და მთელი ცხოვრება, მის გვერდით ვიყო!“
მიმი სიამოვნებისგან გაიბადრა.
„დარწმუნებული ვარ, მშვენივრად ვიცხოვრებთ. მართლა მჯერა მისი. ისე რა საოცარია და რა უცნაური! არაფერი ვიცი და ყველაფერი მინდა მასთან ერთად!
არც ვიცი და არც მაინტერესებს იმაზე მეტი!
უბრალოდ, მიყვარს და მორჩა!
მართლა მიყვარს და არც არაფრის გაგონება აღარ მსურს!
მიყვარს!“
ფიქრი, გაბმულმა ზარმა შეაწყვეტინა.
- ასეთ ამინდში, რომელი სტუმარი მოვიდოდა ნეტა? ალბათ, რამე დარჩათ და თავისი გასაღებით, ვერ გააღებს? იქნებ, ვერც წავიდნენ? წვიმა კი არა, წარღვნაა... - მიმიმ ბუტბუტით გააღო კარი და გაოცებისგან, ენა ჩაუვარდა.
ზღურბლზე, ერთიანად გალუმპული, პიპას და იდგა.
უკვე მეორე ვიზიტი იყო და ორივეჯერ, ასეთი გაწუწული და აგრესიული სახით ესტუმრა. თუმცა, ახლა დათრგუნული და განადგურებული უფრო მოეჩვენა მიმის.
„ალბათ, ისევ მხატვართან კონფლიქტი აქვს.“
გაუელვა მიმის.
„კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ასე გიჟივით, რომ დამაცხრება თავს.“
- მოდი, შემოდი. ვაიმე, რა სველი ხარ, პირსახოცს მოგცემ.
ქალი უხმოდ ჩამოჯდა. სასოწარკვეთილი თვალები მიმის მიაპყრო. უპეები საშინლად ამოსიებული ჰქონდა. მიმი შეცბუნდა. თუმცა, დიდი მნიშვნელობა მაინც არ მიუნიჭებია, მშვენივრად იცოდა ამ გოგოს საქციელები და დიდად, არც გაჰკვირვებია.
- სულ გალუმპულხარ, წამოდი აბაზანაში, ხალათს მოგცემ და ეგ სველი ტანსაცმელი გაიხადე.
ქალი კვლავ მდუმარედ იჯდა. თითქოს, სულაც არ ანაღვლებდა, მისი წუწებისგან ჩამოღვენთილი წვიმის წყალი, იატაკზე პატარ-პატარა გუბეებს რომ აყენებდა.
- ნუ მიყურებ მასეთი მიამიტი სახით! - შეუტია ქალმა. - ვითომ, არაფერი იცი, არა?!
მიმი შეცბა.
- შენ აქ თბილად ზიხარ, ფუფუნებაში ნებივრობ და სულაც არ განაღვლებს, რომ... რომ... - ქალს ხმა ჩაუწყდა.
მიმიმ ახლაღა შეამჩნია, მისი ამოწითლებული თვალები.
- რა იყო?.. რა მოხდა?..
- ჰმ, რომ გეკითხა, ყურებამდე იყავი შეყვარებული ახლა გაინაღდე პოლიციელის ცოლობა და იმას იქეთ, აღარც იხედები და აღარც გადარდებს, რა ხდება! - გესლი არ დააკლო ქალმა, თუმცა ბოლოში, მაინც ხმა გაეხრინწა.
- ან ამიხსნი რა ხდება, ან არა და, დატოვებ ჩემს სახლს! - მიმის მოთმინების ფიალა აევსო.
- ჰო, აბა რაა? პოლიციელი ქმარი გყავს და დიდ გულზეც ხარ!
მიმის უნდოდა ეთქვა, რომ ჩემი ქმარი პიპა არისო, მაგრამ დროულად შეიკავა თავი. სტუმარმა კი, განაგრძო დაგესვლა.
- ყველა პოლიციელი ძაღლია! ძაღლი! ძაღლი! ძაღლების ხროვაა!.. - ქალმა ბღავილი მორთო.
მიმი ისე იყო დაბნეული, რომ აღარ იცოდა რა ექნა და მაინც მის დამშვიდებას შეეცადა.
- გინდა, ცხელი ჩაი მოგიმზადო?
- რა ჩაი?! - იჩხავლა ქალმა. - გგონია, ახლა შენთან ერთად დავჯდები ჩაიზე და ცხელ ხაჭაპურს გავწელავ?! - საშინელი ტირილი აუვარდა. - მთელი კვირაა, ლუკმა წესიერად პირში არ გადამსვლია, არც მინდა! და არც მშია! და საერთოდ, არც არაფერი მინდააა! აღარც არაფერი მინდაა!.. უბედურ დღეზე გავჩნდი და ასე...
მიმი ვერაფერს მიხვდა და ისევ კომპრომისზე წასვლა არჩია.
- წამოდი, რამე შევჭამოთ! მეც იცი? როგორ საშინლად მშია. გინდა, ყავას მოგიმზადებ, ისე თუ გინდა, სიგარეტიც მოწიე აქ, არაუშავს, ავიტან.
- არ მაქვს სიგარეტი! და არც ფული მაქვს! აქამდეც, ძლივს მოვაღწიე...
- რა პრობლემაა? სიგარეტიც გექნება და ტაქსითაც გაგიშვებ. მოდი ახლა ნახე, როგორ მჭადებს დავაცხობ და ერთად ვჭამოთ!
მიმისთვის, მართალია ეს ზედმეტად ვულგარული ქალი ყოველთვის ამაზრზენი იყო, მაგრამ მაინც შეეცოდა და რაც არ უნდა ყოფილიყო, პიპას ხათრით, ხელს ასე ადვილად ვერ ჰკრავდა, თანაც ნათლად ჩანდა, საშინელ დღეში იყო.
- რა მჭადი?.. რა სულგუნი?.. - ამოიღმუვლა ქალმა. - ერთი ღერი, მომაწევინე რა...
- მე არ მაქვს. - მხრები აიჩეჩა მიმიმ და მერე უცებ გამოერკვა. - მოიცა აბა, მამიდაჩემს თუ აქვს დარჩენილი. - მიმი ოთახიდან გავიდა და მალევე შემობრუნდა. - ვიპოვნე, ჰქონია! - მხიარული სახით მიაწოდა და საფერფლეც დაუდგა „საპატიო“ სტუმარს, მერე ცხელი ყავაც დაუსხა. - შენ დალიე, მე მანამდე მჭადს...
- რა მჭადი! მომისმინე! - ხმას აუწია ქალმა.
მიმი უხმოდ ჩამოჯდა.
- ძაღლების ხროვა შემოგვესია. - ჩამწყდარი ხმით დაიწყო ქალმა. - შუა ღამისას... პიპას ეცნენ...
- რააა?!
- ჰო, რა?! ვითომ, არ იცი არა?! შენი ქმარიკო იყო ზუსტად, წინა ღამით სტუმრად! მეორე ღამეს კი მისი ხროვა შემოგვისია! ისედაც, იმ საშინელი ჭექა-ქუხილისგან გულ გახეთქილი ბავშვი, ღამის სამ საათზე, სიცხიანი წამოაგდეს ლოგინიდან!
- რას?.. რას... ამბობ?... - ძლივს წარმოსთქვა მიმიმ.
ქალმა სიგარეტი ორ-სამჯერ ღრმად მოქაჩა და გაფითრებულ მიმის, სახეში ჩახედა:
- შენ რა? მართლა არაფერი იცი?!
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი. ისეთი სახე ჰქონდა, რომ ეტყობოდა, მართლაც არაფერი იცოდა.
- ძაღლები! მათხოვრები! - კბილებში გამოსცრა ქალმა. - რომ ჰკითხო, სამართალს იცავენ! და ჩემი შვილის უფლებებს, ვინ დაიცავს?! ვინ?! - ხმას აუწია ქალმა.
მიმი ახლა უფრო გაოგნებული შეჰყურებდა.
„ალბათ, თავის ცხოვრებაში, პირველად აღიარა, რომ შვილი ჰყავს, მაგრამ პიპა? პიპა რა შუაშია?.. რა ხდება?..“
- პიპა? - ძლივს წარმოსთქვა მიმიმ.
- მხეცებივით შემოვარდნენ! მთელი ოთახები გადააქოთეს, მძინარე სიცხიანი ბავშვი წამოაგდეს! არც მოხუცებს მოერიდნენ და არც ავადმყოფ ბავშვს!
- რას... რას ყვები?..
- იმას, რასაც ჩემი თვალები შეესწრო! იმას ვყვები! პიპა დაიჭირეს! გიჟებივით შემოცვივდნენ! შეშინებული ბავშვი, მამას მივარდა, ხომ იცი? მარტო პიპას შეუძლია მისი დამშვიდება. არაფრით არ მიუშვეს, ჩახუტების უფლებაც კი არ მისცეს! იმასაც ერთბაშად რამე საიდუმლო დოკუმენტი არ გადაეცა, რაა!! ან რა შეუძლია საერთოდ, საცოდავ დაუნ ბავშვს? რა უნდა გადასცეს? რა საიდუმლო?!
- პიპა... - მიმის ხმა წაერთვა.
- პიპაც ბავშვისკენ გაიწია, ძლივს ააგლიჯეს, გამეტებით ურტყამდნენ! ბავშვმა გასისხლიანებული მამამისი, რომ დაინახა ამაზე სულ გადაირია, უფრო მეტად ჩავარდა ისტერიკაში, უფრო ძლიერად მორთო ბღავილი და ვერ გავაჩერეთ, სანამ სასწრაფომ არ გააკავა. - ქალმა კიდევ მოუკიდა სიგარეტს. - ახლა მე, რა ვქნა?! მე?! მშობლები დარდისგან, იქვე წამექცა ეს არანორმალური და გაგიჟებული ბავშვი სამივე რეანიმაციაშია და მე ვარ მათი პატრონი, მე! რომელსაც, არაფრის გაკეთება არ შეუძლია... - ქალმა ისევ ტირილს უმატა. - პიპა დაჭერილია, მთელი კვირაა, არაფერი ვიცი და ჩემი პატრონიც, არავინ არის... რა მეშველებააა, რა ვქნააა... - ქალი მუხლებზე დავარდა და ბოლო ხმაზე მოთქვამდა. - ვინ მიშველის!.. ვინ!..
მიმის არაფერი ესმოდა. გაოგნებული, გაფითრებული სახით იჯდა და თითქოს, ეს ყველაფერი, სულ სხვაგან, სხვა სახლში ხდებოდა.
- ძაღლები! მხეცები! - ღრიალებდა ქალი.
ალბათ, კიდევ დიდ ხანს გააგრძელებდა, რომ შემოსწრებულ ფიფოს არ დაეწყო მისი დამშვიდება. ცალკე, დედა და მამიდა მოთქვამდნენ. მიმის ერთი ორჯერ, კი შეუძახეს რა გჭირსო, მაგრამ მთელი ყურადღება, მაინც უცხო, ისტერიკებამდე მისული სტუმრისკენ იყო მიმართული.
ფიფომ ძლიერად მკლავებში მოუჭირა ხელი და შეანჯღრია. ქალი გამოერკვა. ახლაღა შენიშნა, რომ ფიფოს მარწუხებში იყო მოქცეული. სლუკუნს მოუკლო, მერე ნელ-ნელა მის წინ, მუხლებზე დაეშვა, ფეხებში ჩააფრინდა და ახლა უფრო ძლიერი ხმით დაიწყო მოთქმა:
- გევედრები, გვიშველე რამე! გევედრები! გთხოვ! გემუდარები! გთხოვ! გთხოვ!..
ფიფო ვერაფერს ხვდებოდა. რა უნდოდა ამ ქალს ან მისგან, ან მიმისგან. ასე ძლიერ, რამ გააგიჟა და მის დაშოშმინებას ცდილობდა. ბოლოს, როგორც იქნა, მისი დამშვიდება შესძლო. დახმარება აღუთქვა, თუმცა ვერ ხვდებოდა ზუსტად, მაინც რა მოხდა. მათთან დარჩენაც კი შესთავაზა, მაგრამ ქალი უარზე დადგა.
- ისევ სავადმყოფოში უნდა მივბრუნდე სამივე რეანიმაციაშია. ჩემი მისახედია ყველა! ამას, რას წარმოვიდგენდი... რომ მე... მე... - ქალი სლუკუნით წავიდა კარისკენ.
ფიფომ, მანქანით გაცილებაც კი დააპირა, მაგრამ უცებ, სიდედრისა და მამიდის შეცხადებამ გადააფიქრებინა და უკვე კარში გასულ ქალს, ტაქსით წადიო, ფული ხელში ჩაუკუჭა, კიდევ ერთხელ აღუთქვა დახმარება და სახლში შებრუნდა.
მიმი ისე ცუდად იყო, ძლივს მოვიდა გონს. თუმცა, გულზე არ წასვლია, მაგრამ გაფითრებული, გაოგნებული იჯდა და უსიცოცხლო თვალებით, ერთ წერტილს იყო მიშტერებული. დედა და მამიდა ხელის მტევნებს უზელდნენ, წამდაუწუმ ეკითხებოდნენ როგორ ხარო, ექიმის მოყვანასაც სთხოვდნენ.
- ასე მგონია, სიზმარში ვცხოვრობ და სადაცაა უნდა გამომეღვიძოს... - ძლივს დაიჩურჩულა მიმიმ და ახლა მისი ხმის გაგონებაზე, წამსვე ახალი შეკითხვები მიაყარეს.
ფიფო ამ სიტუაციაშიც, ოპერატიულად მოიქცა და დიდი რიდითა და მუდარით ქალებს სთხოვა, ოთახიდან გასულიყვნენ.
- ცხელი საჭმელი, მაინც მივაწოდო, მერე რაა, თუ ვერ შეჭამს... სამაგიეროდ, ეცოდინება, რომ მასზე ზრუნავენ... - ისევ დაიჩურჩულა მიმიმ.
- მიმი. - ფიფომ ჯერ დაბალ ხმაზე მიმართა.
მიმი კვლავ ურეაქციოდ იჯდა და ფიფოსთვის
გაუგებრად რაღაცას ბუტბუტებდა.
- მიმი! - ახლა უფრო ხმამაღალ შეუძახა ფიფომ.
- მიმი! - ახლა უფრო ხმამაღალ შეუძახა ფიფომ.
- და შენ, არაფერი იცოდი, არა?! - როგორც იქნა, მიმი გამოერკვა და მთელი აგრესია, ფიფოზე გადაიტანა.
- რა?! მიმი! რა უნდა ვიცოდე?
- მატყუებ! უსინდისოდ მატყუებ! მთელი კვირაა, ყოველდღე აქ მოდიხარ და გატრუნული ხარ!
- მიმი!
- რა, მიმი?! რა, მიმი?! ჰაჰ, ახლა მივხვდი, სწორედ რაც გამოძრავებდა, ის რასაც ნებით ვერ მიაღწიე, ძალით გინდა ხომ მიაღწიო!
- მიმი!
- არაფერი გამოგივა! ახლავე წადი აქედან! გაეთრიე! გაეთრიე! - აწივლდა მიმი.
- ნაბიჯსაც არ გადავდგამ, სანამ არ მეტყვი, თუ რა ხდება!
მიმიმ დამცინავად შეხედა:
- კიდევ მე უნდა გითხრა, რა ხდება? ეს გადარეული ქალი, რომ არ მოვარდნილიყო აქ, ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებდი! თურმე!.. ჰმ, ღმერთო ჩემო!.. პიპა!.. პიპა!.. პიპა!.. - მიმი აქვითინდა.
- მიმი. - მშვიდი ხმით მიმართა ფიფომ. - წყნარად, მშვიდად მომიყევი, რა ხდება. მოვისმენ და წავალ. გპირდები, როგორც კი მომიყვები, მაშინვე წავალ.
- სპეციალურად მოიქეცით არა ასე? ავადმყოფი შვილის თვალწინ, მამას წიხლით, როგორ შედექით?! - ცრემლებს ვერ იკავებდა მიმი.
- მიმი, რას ამბობ?! რას?! - იღრიალა ფიფომ.
მიმი ცრემლად იღვრებოდა.
ფიფომ მიმისთან ჩაიმუხლა:
- მართლა, არაფერი ვიცი! ამიხსენი, გთხოვ. და გეფიცები, მაშინვე წავალ!
მიმი აღელვებული უყვებოდა. ფიფო გაოგნებული უსმენდა და ბრაზს ვერ ფარავდა. ისევ თავზე გადაახტნენ, ყველაფერი მის უჩუმრად, მის ზურგს უკან მოხდა და ვინ არის თვითონ? ვინ გამოვიდა? მაძებარი ძაღლი?
- გავარკვევ! ყველაფერს გავარკვევ! აი ნახავ, ყველას ვაზღვევინებ! დამაცადონ! - იმუქრებოდა ფიფო და თან გულზე სკდებოდა.
თურმე მთელი კვირა იყო გასული და არსად არავისგან არაფერი სმენია. ასე როგორ, დაუმალეს? ნუთუ, ნათლია მაინც ამდენად პატივს აღარ სცემდა, რომ...
ფიფო მართლაც გაოგნებული იდგა და სიბრაზისგან ბოღმა ყელში აწვებოდა.
მიმი, როგორც იქნა, ცოტა დამშვიდდა. ახლა ნამდვილად დარწმუნდა, რომ ფიფო არაფერ შუაში იყო, თუმცა სადღაც მაინც ეჭვობდა.
- მეგონა, რომ ჩემი გულისთვის გააკეთე ეს, პიპას ჩამოშორება გინდოდა. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- რა სისულელეა! არ გრცხვენია მიმი? ვისაც მინდა, პირისპირ დავემუქრები კიდევაც და შევებრძოლები, მაგრამ რაც შენ მოყევი, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება!
- პიპა... პიპა... საწყალი პიპა, როგორ მეცოდება, ვერ წარმოიდგენ! ხომ მართლა გაათავისუფლებ? ხომ მპირდები? გეხვეწები! გთხოვ!
- მიმი, მე არ დამიჭერია და...
- კი, მაგრამ ასეთი, რა დააშავა? და შენ კიდევ, რის მაქნისი ხარ? ნუთუ, არაფერი შეგიძლია? აბა, რისთვის მუშაობ? რა სამართალს აწარმოებ, თუ არ ძალგიძს, უდანაშაულო ადამიანის გამართლება!
მიმი ენას არ აჩერებდა. წამდაუწუმ, ფიფოს საქმიანობას წიხლს აჭერდა, თან მისი ეჭვიანი ხასიათი და პირადი ინტერესიც კი გაურია, მიზეზად.
ფიფო მშვიდად ელოდა მიმის დაშოშმინებას, რომელსაც უკვე, ბოლო არ უჩანდა.
- რა დააშავა პიპამ, რა?! ახლავე მიდი და გამოუშვი, ისე როგორც დააკავეთ! ასეთი რა დააშავა?! რა?! - წივილზე გადავიდა მიმი. - მაფიოზებსაც კი არ ექცევიან ასე, შვილის თვალწინ და პიპა რომელი კრიმინალი ნახეთ?! რომელი?! რომელი?!
- მკვლელია, ეგ შენი პიპა! მკვლელი! - ბოლო ხმაზე იღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა ფიფომ. - სერიული მკვლელი!
LEX. 2018 წლის 17 მაისი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment