Friday, May 4, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 161)

161.
- ზოგჯერ მგონია, რომ რიგოლეტოს ემსგავსები. - ჩაიქირქილა მხატვარმა და არტისტული ტონით განაგრძო. - იცით? ბატონო დეტექტივო! რომ ფრანგულად, rigoler - არის სიცილი, ხუმრობა! ასე ვთქვათ, მასხარაობა!
- და მასხარას ვგავარ? - წყრომით გადმოხედა ფიფომ.
- მასხარას კი არა, რიგოლეტოს ჰგავხარ!
- და მერე, ვინ იყო რიგოლეტო? ჰაა?! - ბრაზს ვერ ფარავდა ფიფო.
- მასხარა! - უმალ უპასუხა მხატვარმა.
- ჰო, კლოუნიც გავხდი, მასხარა და იქნებ, მალე წარმოდგენებიც გავმართო! - აშკარად გაბრაზდა ფიფო.
- რიგოლეტოს ქცევაზე ვამბობ, რა გჭირს?
ფიფომ უნდობლად შეხედა.
- გაკლია, ხომ იცი?
- დიახ, მაკლია! - უკან არ იხევდა მხატვარი. - ჩვენ, მხატვრებს ყველას გვაკლია!
ფიფოს ჩაეცინა.
- მაგრამ, აი შენ! - თითით მიანიშნა მხატვარმა. - შენ მართლაც, რიგოლეტოს ემსგავსები, ამ შენი ეჭვიანობებითა და ქცევებით! ალბათ, სიამოვნებითაც კი გამოკეტავდი მიმის, მიუწვდენელ კოშკში!
ფიფომ უკმაყოფილოდ ამოხვნეშა. როგორც იქნა, ჩასწვდა მხატვრის აზრს.
- მიმი კი არა, მეც გავგიჟდებოდი, ასე ვიღაცამ რომ მითვალთვალოს. - აგრძელებდა მხატვარი.
- ჰო, კარგი მორჩი! - შეუღრინა ფიფომ. - არ ვიცოდი! მართლა არაფერი ვიცოდი! მიმისგან, რომ არ გამეგო, ალბათ, არც კი მეცოდინებოდა.
- ვაა, მასეა საქმე? უკვე უშენოდ და რამე?
- ამდენი ვიწვალე, და... - ფიფომ ხელი ჩაიქნია.
- მერე, რა გინდა? სამაგიეროდ, საკოლექციო ვისკი კი დაითრიე.
- ჰა, ჰა! - გაეცინა ფიფოს. - ეგ მართლა არავინ გამიგოს, თორემ ქრთამი, მეტი კი არაფერია!
- ჰაჰ! ჰო, ისე რა იცი, რა ხდება. ათასი ბოროტი თვალია. 
- იცოდე, უჩემოდ არ გახსნა! - თითი დაუქნია ფიფომ. 
- არც მიფიქრია! 
თორემ, დანარჩენს აღარ მოვიტან! 
- ჰმ, კიდევ ბევრია? - გაიბადრა მხატვარი.
ფიფომ თავი დაუქნია:
- უცებ, რამდენსაც წამოვავლე ხელი, ის წამოვიღე.
- ისე, რა საოცრებაა? არაა? ეჭვმიტანილს ჩაუძმაკაცდი. კარგადაც იქეიფე, გამოტყვერი, სახლშიც შენივე მანქანით მიგიტანა და თან, კონიაკების მთელი კოლექციაც გაჩუქა! - მხატვარი სიცილისგან ჩაბჟირდა.
ფიფოსაც ცალყბად ეღიმებოდა.
- ჯერ კიდევ, აზრზე ვერ მოვსულვარ რაა. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - დილით ვიღვიძებ, ბახუსზე ერთი ყლუპს, ნებისმიერ სასმელს ვნატრულობ, თუნდაც, მჟავე ლუდს და უცებ ვხედავ, ყუთი სავსეა.
- და თანაც, რა კოლექცია! 
- მეგონა, ჯერ კიდევ მეძინა. მერე მამაჩემი დამაცხრა, ცალკე დედაჩემმაც გამომლანძღა. 
- ჰა, ჰა! ნაცნობი სიტუაციაა, სულ ლოთი გეძახეს, არა?
- ჰო, რაა. - ხელი ჩაიქნია ფიფომ.
- და რას ფიქრობ, საერთოდ?
ფიფომ მხრები აიჩეჩა. სიგარეტის კოლოფი ხელში შეათამაშა.
- არ სვამს, არ ეწევა! თავი, ათასი ინფორმაციითაა აქვს გამოტენილი! რა გინდა, რომ ჰკითხო და არ გიპასუხოს, თავისი არგუმენტების მოყვანით და ყველაფრით.
- ნუ პროფესორია ბოლო-ბოლო. - მხატვარმა ჭიქები შეავსო.
- პროფესორი ბევრია, მაგრამ...
- ეგეც მართალია!
მხატვარი ფიფოსკენ გადაიხარა, თვალები მოწკურა და ფიფოს, რაღაცნაირი გამომეტყველებით ჩახედა თვალებში.
- რა იყო? - შეიშმუშნა ფიფო.
- არა. არაფერი. - თავი გააქნია მხატვარმა. - არაფერი.
- ჰა! ახლა მითხარი, რა ხდება? თორემ, წავიღებ ამ ბოთლებს უკან!
- ხელი არ ახლოთ, ბოთლს! - მხატვარმა არტისტულად შეჰყვირა. - ბატონო დეტექტივო!
ფიფო მოთმინებით ელოდა. ამჩნევდა, მხატვარს აშკარად რაღაც ჰქონდა სათქმელი და თითქოს, ვერც უბედავდა.
- გისმენ, აბა!
- მე მისმენ? - მიამიტი სახით შეიცხადა მხატვარმა.
- ჰო, შენ!
- როგორ ფიქრობ? - როგორც იქნა, დაიწყო მხატვარმა. - მკვლელია?
ფიფო ცოტა არ იყოს, შეცბა.
- ჰააა! ეჭვი შეგეპარა? - არ აცალა პასუხი მხატვარმა.
- ვაღიარებ! მხოლოდ შენთან, იცოდე! - თითი დაუქნია მხატვარს. - დიდი შემართებით კი მივადექი უნივერსიტეტში, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი ჰქონდა იმ მკვლელის პროფილთან საერთო, მხოლოდ ერთ მომენტში კი დავიჭირე პატარა ნიუანსი, მაგრამ ესეც მხოლოდ სიტყვამ მოიტანა და მაინც ისევ, ფაქტების გარეშე დავრჩი.
- და მაინც, რაო? რა ნიუანსი იყო, ასეთი?
- შვილის გულისთვის, ყველაფერზე წავა კაციო, საკუთარ პრინციპეპზეც კი იტყვის უარსო. - ფიფო გაჩუმდა და მერე დაბალი ხმით დაუმატა. - აი, მაშინ კი მართლა ჰქონდა, მკვლელის თვალები.
- იცი? ჩემი შვილის გულისთვის, უკან არაფერზე დავიხევ! თავს მოვაჭრი ყველას! მეც არავის დავინდობ!
- ეს ბუნებრივია. - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- და იქნებ, მართლა არ არის ეგ? და სულ ტყუილად აეკიდე?
- რომ ვუყურებდი და ვესაუბრებოდი, მეც მაგას ვფიქრობდი, მაგრამ... თან, ყველა გზა მისკენ მიდის, თუმცა, მკვლელის პროფილში, მაინც ვერ ჩავსვი.
- იქნებ, სულ სხვა პროფილია საჭირო?
- მაგასაც ვფიქრობ, მაგრამ რომელია, ის სხვა? აბა? მითხარი და კი ბატონო! - წამოიჭრა ფიფო.
- იქნებ, პიროვნების გაორებასთან გვაქვს საქმე? ხომ შეიძლება, თავადაც ვერ აცნობიერებდეს?
- და მერე, რომ ფხიზლდება, აღსარებას აბარებს? ჰაჰ! - ჩაეცინა ფიფოს.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - და მიმისთან? როგორ გგონია? არის რამე მათ შორის?
- მიმის ხსენებაზე, მარტო მაშინ გაუბრწყინდა თვალები, როცა ვუთხარი მასთან ღამე ვრჩებიო. მეგონა იეჭვიანებდა, რისხვას გადმოაფრქვევდა თვალებიდან ის კი, მხიარული სახით მიყურებდა, ისიც კი ვიფიქრე, რომ თითქოს, გაუხარდა კიდეც! - ფიფომ ამოიხვნეშა და სავარძელს დაუბრუნდა.
- ნუ, ესე იგი, არ უყვარს რაა! და გაუხარდა კიდეც, რომ ჩამოიშორა! - დაასკვნა მხატვარმა. - ისე, მიმის ისეთი სახე ჰქონდა, აქ რომ იყვნენ, რომ რაღაცნაირად, შემეცოდა კიდეც. ტიპი, აშკარად ცივად ექცეოდა და ეს საბრალო გოგო კი, ლეკვის თვალებით შეჰყურებდა.
- და რა გინდა ამით, რომ სთქვა? მიმი გიჟდება და პიპას ფეხებზე ჰკიდია? - წყენით მიმართა ფიფომ.
- რაც დავინახე, ის გითხარი! რა იყო? რა გჭირს? - შეუტია მხატვარმა. - გაცილებით კი გავაცილეთ ერთად, მაგრამ ხომ შეეძლო ეთქვა, არ მცალიაო და ცალკე წასულიყო?
- რა ვიცი...
- მანქანის კარიც კი გაუღო, ხელიც შეაშველა! ფეხებზე როცა გკიდია, ასე არ იქცევი. - მხრები აიჩეჩა მხატვარმა.
- ნუ, ეს უბრალოდ, ეტიკეტი იყო. მეც ბევრჯერ გამიკეთებია მსგავსი რამ, მაგრამ იმ ქალებზე კი არ ვგიჟდებოდი, არც კი მომწონდა! მით უმეტეს, თუ ორსულ ქალს დაეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში, მაგაში რა არის საეჭვიანო?
- და როგორ ფიქრობ? მიმის ბავშვი?.. - ფრთხილად შეაპარა მხატვარმა.
- ბავშვი ჩემია! - იყვირა ფიფომ. - ჩემი! და ამაზე მეტი, აღარასდროს ვისაუბროთ! - ფიფო საშინლად გაბრაზდა.
- კი ვიცი, მაგრამ სულ სხვა რამ გკითხე. რატომღაც პიპა მეგონა, დარწმუნებულიც კი ვიყავი, მაგრამ...
- ჰოდა, მოვრჩეთ მაგაზე! ბავშვი ჩემია და მე ვარ მამა! - ფიფომ ნერვიულად ჩასრისა სიგარეტი საფერფლეში და მხატვარს მიუბრუნდა. - ისე, პიპა მართლაც კარგი მამაა. საოცრად უყვარს ბავშვები და ჭკუა ეკეტება თავის შვილზე, დაუჯერებელიც არის იცოდეს, მისგან შვილს ელოდებიან და ეს კი, ყურადღებას არც აქცევდეს! 
- და იქნებ, არ იცის?!
ფიფოს სახეზე სისხლი მოაწვა. ახლა უფრო საშინლად გაბრაზდა და რისხვით შეხედა მხატვარს.
- ფიფო, კარგი რა? რა იყო?
- არაფერი. - წაიღრინა ფიფომ. - ჩვენ იმ პირობით ვართ ერთად, რომ ეს თემა... - ფიფოს შეყოვნდა. - საერთოდ დახურულია ეს თემა! საერთოდ და საბოლოოდ!
- გინდა, მე ვკითხო?
- არ მინდა!
- გინდა! დიახაც, რომ გინდა! - არ მოეშვა მხატვარი. - აბა გაზრდი ბავშვს, მთელი სიყვარულს აჩუქებ და გამოგეცხადება მერე ვიღაც, - მე ვარ მამაო! კარგი იქნება, ეს?
- კარგი რა, შემეშვი! ნუ წაიღე ტვინი! სახლში ჩემებს გამოვექეცი და შენ აქ გამილაყე თავი! - მოიღუშა ფიფო.
- კარგი, რა იყო? უბრალოდ, არ მინდა, რომ ამბიციები გამოძრავებდეს.
- რა ამბიციები? რის ამბიციები? - შეუტია ფიფომ.
- ამბიცია! - ეს ისეთი „კეთილი თვისებაა“, რის შედეგადაც ადამიანი, თავისი პირადი გამორჩენის მიზნით მოქმედებს და...
- და შენ გინდა თქვა, რომ მე მიმისთან, რაღაც გამორჩენა მამოძრავებს? - უფრო მეტად გაბრაზდა ფიფო.
- არა! სულ სხვა რამ გითხარი. მიმისთან, პიპას ჯიბრზე, ნუ იქნები და თუ მართლა, მისი შვილია, სპეციალურად მის ჯინაზეც ნუ იშვილებ! - მხატვარი წამით გაჩუმდა. - და ნუ გწყინს ხოლმე ჩემგან! განა შენი გაბრაზება და გულის ტკენა მიხარია?
ფიფომ არაფერი უპასუხა. ერთხანს, ორივე მდუმარედ ისხდნენ, მერე ისევ ფიფომ დაარღვია დუმილი:
- მეც და მიმიმაც, ჩვენ ორივემ ვიცით, რომ არაფერი გვიჭერს და არავინ გვაიძულებს ერთად ყოფნას, მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებს.
- ვიცი.
- ჰოდა, თუ იცი, მაშინ რაღას მიშლი ნერვებს? - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - მიმის როცა მოესურვება, მაშინ დავშორდებით, თუ ვინმე შეუყვარდება და მასთან ბედნიერი იქნება, ძალათი ხომ არ დავიჭერ? და თვითონაც ამას ამბობს ჩემზე. ასე რომ, ბევრს ნუ ტლიკინებ და დაასხი, თორემ გაშრა ყელი.
- გამოვცალეთ უკვე ეს ბოთლი. - მხატვარმა კუთხეში მიწყობილ, კიდევ ორ ბოთლს გახედა. - გავხსნათ ახალი?
- არა! აღარ მინდა, მერე იყოს. - ჩაიქნია ხელი ფიფომ.
- დღეს, ჩემმა ექს.კნეინამ გადამაგდო. სადილი აღარ მომაწოდა. შენ რომ არ მოგეტანა, შიმშილით გამძვრებოდა სული! ან ამ თავსხმა წვიმაშიც, სად უნდა წავსულიყავი?
- კარგი რაა? რა მოვიტანე ასეთი? ყველი პური და კიტრი-პომიდვრის სალათი.
- სამაგიეროდ, სუპერ ბრენდის სუპერ კოლექცია! - თვალი ჩაუკრა მხატვარმა.
- უჰ, ისე კი, იმ ტოლმას შევჭამდი ახლა, უუუ რა იყო, იცი? - ნერწყვი მოადგა ფიფოს.
- მერე წამო, დავადგეთ! - გაეცინა მხატვარს. - ვითომ, წუხელ რაღაც დაგრჩა. ან აქ დავპატიჟოთ და თან, ტოლმაც წამოიღოს!
ფიფოსაც გაეცინა, დილიდანვე მხატვარი უჩხიკინებდა და ნერვებს უშლიდა. ან იქნებ, თვითონ იყო ასე ნერვებმოშლილი და მხატვრის ყოველ სიტყვაზე, თავად ენთებოდა. ახლა კი დაძაბულობამ გაუარა, მოეშვა. სიამოვნებით მოქაჩა სიგარეტი და სავარძელში გადაწვა.
- ვითომ, მართლა გაორებულ ფსიქიკასთან მაქვს საქმე? - ჩუმად ჩაილაპარაკა ფიფომ.
მხატვარმა არაფერი უპასუხა. მდუმარედ უშვებდა სიგარეტის კვამლს.
- თქვენ რა სიბნელეში სხედხართ? - მხატვრის ყოფილი ცოლის ხმამ, ბიჭები ფიქრებიდან გამოაფხიზლა. - დილიდან თავსხმა წვიმაა, აქამდე ვეღარ მოვახერხე სადილის ჩამოტანა. - ცოტა თითქოს, მოიბოდიშასავით.
- შენც ახლა, ქალაქის ბოლოდან მოდიხარ, რაა! - ჩაიქირქილა მხატვარმა. - ერთი ეზო უნდა გადმოგეჭრა და მორჩა!
- ნუ იკბინები! - შეუტია ქალმა. - მადლობა მითხარი, რომ საერთოდ მშიერი არ დაგტოვე.
- აუუუ, ისე მართლა როგორ მშიოდააა. - აყმუვლდა მხატვარი.
- მერე? ამობრძანებულიყავი და წამოგეღო! - შეუტია ქალმა. - სულ გაზარმაცდი!
- ზანტია, ზანტი! - სიცილით დაუდასტურა ფიფომ.
- ერთი კოვზი ყავა, მასესხეთ რაა. - მუდარით გადახედა ქალმა მხატვარს. - ასეთ თავსხმაში, მაღაზიაში ნუ ჩამიყვანთ.
- ახლავე მოგიმზადებთ. - წამოდგა ფიფო.
- არა, ნუ წუხდებით, სახლში დავლევ.
- სახლშიც გაგატან, და აქაც დაგალევინებ! - სკამზე მიანიშნა მხატვარმა.
ქალმა კიდევ ერთხელ იუარა, მაგრამ მხატვარმა სერიოზული სახით მიმართა:
- დაჯექი. საქმე გვაქვს!
ქალმა კარგად მოათვალიერა სკამი. მერე არც თუ ისე სუფთა ჩვრით გადაწმინდა და ფრთხილად ჩამოჯდა. - ამ ნაგავში, მართლა როგორ ძლებ, რაა?! - უსიამოდ აიბზუკა ცხვირი.
- შენ არ გამომაგდე? - ჩაეცინა მხატვარს.
- წესიერ ქმრებს, ცოლები არ აგდებენ! - მიახალა ნიშნის მოგებით.
- მომიტევეთ! ოთახის ფლოსტებითა და თეთრი ხელთათმანებით რომ არ დაგხვდით!
- ჰოდა, იცხოვრე ამ ბუნკერში!
- ჰოდა, ვცხოვრობ! - მერე ფიფოს გასძახა. - ბარემ, სუფთა თეფშებიც მოაყოლე, რაა!
- ოჰ, შენ არ აწიო ერთი ადგილი. - ჩაეცინა ქალს.
მხატვარი ზლაზვნით წამოდგა.
- ვაიმე, ფრთხილად! კუდუსუნის ძვალი არ დაიზიანო! - დაცინვით მიაძახა ქალმა.
მხატვარმა გაუღიმა, ფიფოს ყავის ფინჯანი ჩამოართვა და რევერანსის მოძრაობით ქალს წინ დაუდგა.
- და თქვენ, რა აზრის ხართ მეხსიერების აღდგენაზე? - ფიფო სავარძელში გასწორდა. - რამდენად სარწმუნოა, რომ ჩადენილი დანაშაული, ჯერ დაივიწყო და შემდგომ, გაიხსენო?
- ამის შესახებ, ასე დამაკმაყოფილებლად ვერ ვიმსჯელებ. - მხატვრის ყოფილი მეუღლე, ახსნას შეეცადა. - არსებობს ორი უმარტივესი ვერსია - ან გჯერა, ან არ გჯერა! უფრო ზუსტად, ან მართლა არ გახსოვს, ან თავად ჩამალე მეხსიერებაში და შეიძლება, უნებურადაც.
- ჰიპნოზის ჩარევით, თუ გამოვა? - ჩაერია მხატვარი.
- ის თერაპია, რომელიც ეხმარება დაკარგული მეხსიერების აღდგენაში, ძირითადად ემყარება, ფსიქიური აშლილობის თეორიას, რომელიც დაკავშირებულია...
- არა, არა! მასე ვერაფერს გავიგებ! - შეაწყვეტინა ფიფომ. - სჯობს ცოტა უფრო, უბრალო ენით ამიხსნათ.
- კეთილი, შევეცდები. - გაეღიმა ქალს. - ზოგჯერ, ინდივიდუუმის ფსიქოლოგიური ტრამვა, მისთვის იმდენად შეიძლება გადაულახავი იყოს, რომ ისინი მიიჩნევენ თავიანთი ინდივიდუალიზმის დაყოფას, გარკვეულ ნიშნებად, რომ გაექცნენ მეხსიერების აღდგენის პროცესს. 
- დაახლოებით ის ვარიანტი, აი ეს ნივთი მახსოვს და ეს კი, საერთოდ არც კი ვიცი რა არის, ან საერთოდაც არც მინახავს. სწორად გავიგე? - შეეკითხა ფიფო.
- მასეა! ესე იგი, უფრო კეტავენ, კარგავენ სადღაც გონების კუნჭულში და იმაზე მეტად ივიწყებენ, ვიდრე ეს სინამდვილეში ახსოვდათ. ეს კი არის, გარკვეული შიში იმ რეალურისა, რომ გააცნობიერონ სინამდვილეში რაც მოხდა იმ დროს. 
- რადგან იციან, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინეს და არ უნდათ, რომ გაიხსენონ. - ისევ ჩაურთო ფიფომ.
- დიახ! სადღაც მასეა. გრძნობს, რომ არასწორად მოიქცა და თავიდან იშორებს იმ ცუდ შემთხვევას. 
- ცუდი სიზმარივით, ცდილობს რომ დაივიწყოს. - ჩაერია მხატვარიც.
- ამ დროს კი, ჭკვიანი და გამოცდილი ფსიქოთერაპევტი ეხმარება მას, ზუსტად იქითკენ წაიყვანოს, ამ შემთხვევაში პაციენტის საუბარი, რომ მივიდნენ იმ კვანძის გახსნამდე. - გააგრძელა ქალმა.
- მაგრამ ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ, ხომ შეიძლება არც ახსოვდეს, რა ისაუბრა, ან რა გაიხსენა და როგორ უნდა განვასხვავოთ მაშინ? მან ნამდვილად თავისით გაიხსენა, თუ მხოლოდ ჰიპნოზის დახმარების დროს მოხდა დაკარგული მეხსიერების აღდგენა? - ჩაეკითხა ფიფო. 
- რა თქმა უნდა, ეს ჰიპნოზის დროს მოხდა. თავისთავადაც ასეა. - დადასტურა ქალმა.
- ასე დაწვრილებით, იცით რატომ ვკითხულობ? ბრალს ვერ წავუყენებ დამნაშავეს, თუ მხოლოდ ჰიპნოზის ქვეშ მოხდა მისი აღიარება. გამოფხიზლდება და იტყვის უარს და თუ ჰიპნოზის გარდა, სხვა მამხილებელი საბუთიც არაფერი მექნება, მაშინ ხომ მომიწევს ეჭვმიტანილის გათავისუფლება?
- ასე გამოდის. ჩვენ ექიმები, კი დავამტკიცებ მის აღიარებას ჰიპნოზის ქვეშ, მაგრამ თუ დამნაშავეს კარგი და საკმაოდ გამოცდილი ადვოკატი ჰყავს, ეჭვმიტანილს თავისუფლად შეუძლია, თავი აარიდოს სასჯელს.
- ჰაჰ! ხედავ შენ, რა ხდება? - ჩაეცინა მხატვარს.
- აი, რა მომენტია იცით? - უფრო დაკონკრეტება სცადა ფიფომ. - დამნაშავემ, ჰიპნოზით აღიარა დანაშაული, გაიხსენა რაც ჩაიდინა, მაგრამ მერე, რომ გამოფხიზლდა უარყო, რადგან რეალურ დროში არ ახსოვს დანაშაულის ჩადენის მომენტი! და აი აქ, როგორ უნდა გავიგო? ინიღბება, გვატყუებს, თუ მართლაც, არაფერი ახსოვს?
- მასეთი რამ, ზოგჯერ მეც მაქვს, ხან რა მახსოვს და ხან კი ვერაფრით ვიხსენებ, მაგრამ ჩემი ინდივიდუალიზმი არ დამინაწევრებია. - ჩაერია ისევ მხატვარი.
ყველას გაეცინა.
- და საიდან იცით, თუ ზუსტად, რომელია რეალური დრო? სინამდვილეში, რომელი სინამდვილე ახსოვს პაციენტს? - არ ეშვებოდა ფიფო.
- ჰმ, კარგი შეკითხვა იყო ფიფო, ყოჩაღ! - ირონიულად შენიშნა მხატვარმა.
ისევ გაეცინათ. ფიფო წამოჭარხლდა კიდეც.
- ჰო, მეც ბრიყვივით ვიკითხე, ჰმ. როცა დანაშაულია მომხდარი და თუნდაც, ჰიპნოზით აღიარებს ეჭვმიტანილი, ეგაა სწორედ ის რეალური დრო. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრებული სახით იატაკს ჩააშტერდა.
LEX. 2018 წლის 7 მაისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment