158.
კარს უკან, აშკარად ვიღაც იდგა და ოდნავ შეღებული კარის ჭრილიდან, ადევნებდათ თვალს. პიპას ღიმილი მოერია და ხელის ქნევით, ოთახში მოიხმო. მოთვალთვალე, შეყოვნდა. პიპამ ისევ მოიხმო. მოთვალთვალე, ისევ შეყოვნდა. თითქოს, არც აპირებდა შემოსვლას, მაგრამ მერე უცებ, კარის გაღებისთანავე სირბილით მიეჭრა პიპას, თავი უბეში ჩაუდო და მაგრად ჩაეხუტა.
ფიფოს გული აუჩუყდა. საოცარი სცენა იყო. მამისა და შვილის, უზომო სიყვარული. მამა ეალერსებოდა თან ძალიან თბილი და რბილი ხმით, რაღაცას ეჩურჩულებოდა, შვილი ბედნიერებისგან ცმუკავდა და უფრო მეტად ეკვროდა მამას.
„მერე შე კაი კაცო, შვილზე, რომ ასე გიჟდები, თავი საციხოდ, რატომ გაიხადე?“
გაიფიქრა ფიფომ.
„ნუთუ, დანაშაულის მომენტში მაინც არ გაგხსენებია შენი შვილი? არ გეცოდება მაინც, რომ შენი დაპატიმრების მერე, უშენოდ რომ მოუწევს ცხოვრება?
ჰმ, არადა, რომ ჰკითხო, ყველაფერი გათვლილი და მოწესრიგებული აქვს და ეს ვეღარ გათვალა? მდააა...
ცოტა არ იყოს, დაუჯერებელიც კი არის.“
ფიფოს ფიქრი, პიპას სიდედრის შემოტანილმა ლანგარმა შეაწყვეტინა. ოთახში, ცხელ-ცხელი ტოლმის, ისეთი ოხშივარი დადგა, რომ სანამ გადმოიღებდა, ფიფოს ლამის სული წასძვრა.
- ჯერ, ეს მიირთვით და დანარჩენიც მალე მოვა.
- არავითარი დანარჩენი! მეტი აღარც არის საჭირო! - გაიკრიჭა ფიფო. - ტოლმაზე უგემრიელესს, ახლა ვერაფერს გეახლებით.
- ჯერ, გასინჯეთ და მერე შემიფასეთ ნახელავი. იქნებ, უგემურია? - ეცინებოდა ქალს.
- რას ამბობთ! - შეიცხადა ფიფომ. - უკვე წინასწარ ვარ დარწმუნებული.
- პიპამ დამირეკა მწვადი და ხინკალი რესტორნებშიც არისო და რამე ისეთი, შინაურულად გემრიელი დაგვახვედრეო.
- შინაურ კერძს, მაინც არაფერი შეედრება. - კვერი დაუკრა ფიფომ. - ისე ხინკალი და მწვადიც მოსაბეზრებელია, ყოველი რესტორანში წასვლა მაგითი იწყება და მერე კი აღარც მახსოვს, როგორ მთავრდება. - დაუმატა სიცილით.
სიცილი სხვებსაც მოედოთ.
- ოჯახში მომზადებული კერძი, მაინც სულ სხვაა და თანაც, გააჩნია ვინ ამზადებს და როგორ. - ღიმილით გახედა პიპამ ქალს.
ქალმა პიპას, მადლობის ნიშნად, მხრებზე ხელი დაადო. აშკარად ჩანდა, უზომოდ უყვარდა და დიდ პატივს სცემდა.
„სიძეს, თუ შვილს?“
გაუელვა ფიფოს.
„თუ დედამისია, საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. რაღაც ხომ უნდა ჰქონდეთ მაინც საერთო. ქალი საკმაოდ შეუხედავია. ნუთუ, მართლა მისი შვილია? და თუ კი სიძეა, მაშინ საკუთარ ცოლს, რატომღა ასაღებს თავის დად?
ვაიმე, როგორ ვკითხო? ნეტა ის მაინც ვიცოდე, საიდან უნდა მივუდგე?“
ბავშვმა სუფრას გადახედა და სახეზე, ცოტა უკმაყოფილება გამოესახა.
- ეს ხაჭაპურს უცდის. - თავზე გადაუსვა ხელი ბებიამ. - ხაჭაპურის გულისთვის, სტუმრის მოტანილი დესერტისგანაც კი შეიკავა თავი.
პიპამ წყრომით დახედა.
ძანემ თავი ჩაღუნა. ჯერ ერთი ხელის საჩვენებელი თითი ასწია, ისე რომ მუხლებიდან ხელი არ აუღია და უმალ მეორე ხელის თითიც მიაყოლა.
პიპამ სიცილი ვეღარ შეიკავა:
- კარგი იყოს, მხოლოდ ორი ნაჭერი და მეტი არა. შევთანხმდით?
ძანემ ყურებამდე გაუღიმა.
- და ნაყინი, ტორტიც ზომიერად! იცოდე, შევამოწმებ! - ცოტა მკაცრი, მაგრამ ალერსიანი ხმით უთხრა მამამ.
ძანემ ნელა დაუქნია თავი, მერე დაბალი ხმით რაღაც უცხოურად ჰკითხა. ფიფოს ყურს, რაღაც ძალიან ნაცნობი სიტყვა მოხვდა, თუმცა უკვე, აზროვნების თავი სადღა ჰქონდა. ცოტა სასმელიც მოეკიდა, მშიერი კუჭი უწრიალებდა და ცხელი კერძის სასიამოვნო ოხშივარი, გონებას უბინდავდა.
- კარგი, ეგ ხვალისთვის გადავდოთ. ახლა კი, მხოლოდ ორი ნაჭერი! - თითის დაქნევით, მაგრამ თბილი ხმით გაუმეორა მამამ.
ძანემ არაფერი უპასუხა.
- გადაიღეთ, თორემ გაცივდება, აბა ცივ ტოლმას, რა ფასი აქვს? - შესთავაზა სტუმარს დიასახლისმა.
- მიდი, მიდი, ნუ გერიდება. - შეაგულიანა პიპამ. - ჯერ შენ გადაიღე, მაინც სტუმრის სტატუსით ხარ, თორემ მეც ძალიან მშია.
- ჩვენ გავალთ, თქვენ უფრო თავისუფლად ივახშმეთ. - ბებიამ ბავშვის გაყვანა დააპირა, ბიჭი გაუძალიანდა.
- იყოს აქ, თუ ჩვენთან უნდა. - გამოექომაგა ფიფო.
პიპა მიუხვდა, ბავშვს რაღაც აწუხებდა. მერე თვალებში ჩახედა და ძალიან რბილი ხმით ჰკითხა:
- მოხდა რამე?
- ჰო, უთხარი ბარემ. - შეაგულიანა ბებიამ. - თუ გინდა, მე ვეტყვი.
ძანემ თავი ჩაღუნა და ჯიბიდან დამტვრეული სათვალე ამოიღო.
პიპამ ძლივს შეიკავა ღიმილი და მაინც საკმაოდ სერიოზული სახით ჰკითხა:
- უი, რა მოხდა? შენ გატეხე? თუ გაგიტეხეს?
ძანემ კუშტად გახედა ბებოს.
- ისევ არ იკეთებს, ყოველ წუთას იხსნის. დღესაც ხალიჩაზე თამაშობდა, მოუხსნია, იქვე ძირს დაუდია.
- თუ ძირს ეგდო, გადაუვლიდნენ ბავშვები, აბა რაა! - გაეცინა პიპას.
- არა! არა! - წამოიძახა ძანემ. - ბავშვები, არა!
- მასწავლებელმა დაადგა ფეხი, შემთხვევით - შეეშველა ბებია. - ისე შეწუხდა საწყალი გოგო. წაღება უნდოდა გავაკეთებო, არ გავატანეთ.
- არა რას გააკეთებს, არაფერი გამოართვათ! ხვალვე მოვუტან ახალს, მე თვითონ! - უპასუხა პიპამ, მერე ბავშვს მიუბრუნდა. - ესე იგი, დამნაშავე მაინც ვინ გამოდის? ის ვინც, საკუთარი ნივთი, ცუდ ადგილას დადო, ხომ?
ბიჭმა უფრო მეტად ჩაღუნა თავი.
- და რატომ დადო? - არ მოეშვა პიპა. - იმიტომ, რომ იხსნის და არ კადრულობს გაკეთებას!
ძანემ უკმაყოფილოდ აბზუკა ცხვირი.
- აი, მეც, სულ სათვალეს ვატარებ. – პიპამ ჯიბიდან სათვალე ამოიღო. - ნახე აბა, ხომ მიხდება?
ბიჭი ყურებამდე გაიკრიჭა.
- ჰო, ასეა, შენც გიხდება და შენც უნდა ატარო! ჩვენ კაცები ვართ და ამ სახლში, ყველა კაცი, სათვალეს ატარებს!
- ბაბუც! - დაუმატა ბავშმა.
- ჰო, ბაბუც! - დაეთანხმა პიპა.
- დიახ, ჩვენ სათვალეებიანთა ოჯახის წარმომადგენლები ვართ! ბებოსაც კი უკეთია და ისევ ჩვენი თხოვნით! - პიპამ ღიმილით ჩაუკრა ქალს თვალი.
ქალმაც სერიოზული სახით, თავზე დამაგრებული სათვალე ჩამოიწია.
ბავშვი ყურებამდე გაიკრიჭა. ახლა უფრო დარწმუნდა, რომ სათვალე აუცილებელი იყო. ბებიამ ისევ სცადა ბავშვის გაყვანა. ძანე კვლავ გაუძალიანდა.
ფიფოს უკვე აღარ ერიდებოდა, გემრიელად შეექცეოდა კერძს და ამ ყველაფერს ღიმილით ადევნებდა თვალს.
პიპამ ჩანგალი ხელში შეათამაშა და ბებიას მიმართა:
- ჩვენთან ერთად დაჯდეს, მხოლოდ ჯერ მაინც ტოლმის ჭამა მოუწევს!
ფიფოსაც გაეღიმა.
ძანე არც გაინძრა, ისევ იმ ადგილას იდგა. ჩანდა, კიდევ რაღაც აწუხებდა. პიპა ფარული ღიმილით შეჰყურებდა და მოთმინებით ელოდა, მის მომდევნო რეაქციას.
ბიჭი ერთ ადგილს მიაშტერდა, არც შემოსვლისას და არც მერე გაუხედავს სტუმრისკენ. თითქოს, ვერც კი ამჩნევდა უცხოს, მაგრამ მოულოდნელად, ფიფოსკენ მობრუნდა, სახეში ჩააშტერდა და ისე ჰკითხა:
- ნაყინი მიმიმ მომიტანა?
ფიფო წამით დაიბნა. თუმცა, უმალვე გასცა პასუხი:
- ჰო! მიმიმ გამომატანა შენთან!
- მიმისაც უნდა? - გულუბრყვილოდ იკითხა ბავშვმა.
ყველას გაეცინა.
- მიმის ნაყინზე უფრო შენ, რომ უყვარხარ, ხომ იცი? - ალერსიანად უღიმოდა ფიფო.
- ვიცი! - სწრაფადვე მიუგო ბიჭმა.
- ისე ენატრება მიმი, რომ ვინც არ უნდა გვესტუმროს, ყველას მიმიზე ეკითხება. - აუხსნა დაბნეულ სტუმარს სიდედრმა. - რაც არ უნდა მოუტანონ ყველაფერი მიმისგან ჰგონია და ისე უხარია, ძალიან უყვარს მიმი.
- მიმი ყველას გვიყვარს. - გაეცინა ფიფოს, თან თვალი პიპასკენ გააპარა. მასაც ეღიმებოდა და არანაირი ეჭვიანი გამოხედვაც არ მოჰყოლია ფიფოს ნათქვამს, რამაც ფიფო, კიდევ ერთხელ დააბნია.
- მიმი მოვა? - იკითხა ბავშვმა.
- აბა, რაა! - მაშინვე უპასუხა ფიფომ. - და თუ არ მოვა, ძალით მოვიყვან, ან შენ წაგიყვან მიმისთან! ხომ წამოხვალ?
ბიჭი გაიკრიჭა, მაგრამ იცოდა, რომ ნებართვა მაინც, მამისგან იყო საჭირო და თვალი პიპასკენ გააპარა, რასაც ყველას სიცილი მოჰყვა.
- თუ სათვალეს კიდევ მოიხსნი იცოდე, არც მიმი მოვა და არც შენ გაგიშვებ! - სერიოზული სახით მიუგო პიპამ.
ძანე დაიჯღანა.
- ბებო, ჩვენ ხომ სათვალეებიანი ოჯახი ვართ? - მხარი აუბა ქალმა, პიპას.
ბიჭმა უცებ, სტუმარს შეხედა. ფიფო მიუხვდა.
- მე არ მაქვს სათვალე. - გაეცინა ფიფოს. - იმიტომ, რომ მე სტუმარი ვარ აქ და არ ვცხოვრობ თქვენთან!
ძანე გაიბუსა.
- მე მოგიტან, ძაან მაგარ სათვალეს. - შეჰპირდა ფიფო. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს, პიპას უკმაყოფილო მზერას გადააწყდა.
- სათვალე, ოჯახის საქმეა! - მთელი სერიოზულობით დაიწყო პიპამ. - ტორტი და ნაყინი კი, სტუმრის! - დაასრულა ღიმილით.
ყველას გაეცინა.
- ახლა ხაჭაპურის მოლოდინში, სამზარეულოდან ფეხს არ მოიცვლის. - აღნიშნა პიპამ, როცა ბავშვი გავიდა.
- ტოლმა არ უყვარს? მართლაც უგემრიელესია. - გაცივებას არ აცლიდა ფიფო.
- ჩემი თხოვნით შეჭამს, უარს ვერ მეტყვის, მაგრამ ხაჭაპურზე სული ელევა. უზომოდ შეუძლია შეყლაპოს. საერთოდ ცომეული, ძალიან უყვარს, მაგრამ არ შეიძლება მისთვის.
- აწუხებს რამე? - გულუბრყვილოდ იკითხა ფიფომ.
პიპამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- ასეთ ბავშვებს, სიმსუქნისკენ აქვთ მიდრეკილება. ძალიან სწრაფად და ზედმეტადაც სუქდებიან, რაც მათთვის ძლიერ საზიანოა. - მერე ნაღვლიანად ხმით დაუმატა. - ისედაც დიდ ხანს ვერ ცოცხლობენ და სიმსუქნე, უფრო უმოკლებს დროს. - პიპა გაჩუმდა.
ფიფო გახევდა. მადაც დაეკარგა. რაც წეღან გუნებაში გაივლო, იმის პასუხი ახლა მიიღო.
„აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე? ამიტომაც არ ენაღვლება, თუ დაიჭერენ, მაგრამ მკვლელობაზე, რომ მიდიოდა, მაინც რა გარანტია ჰქონდა, რომ ბევრად ადრე არ გაებმებოდა ხაფანგში?
ნუთუ, ასე დარწმუნებულია თავის თავში? ან იქნებ, სულაც მე ვცდები?
ვაიმე, რა მჭირს? მერამდენედ უნდა შემეპაროს ეჭვი, ჩემს სიმართლეში?“
ფიფო ფიქრებში ისე იყო წასული, რომ არც შეუმჩნევია, მასპინძელმა როგორ შეუვსო ჭიქა.
- ცას გამოკერებულნი, არავინ ვართ ამ ქვეყნად. - პიპამ ჭიქა, სტუმრის მისამართით ასწია და მოსვა. - ადრე თუ გვიან, ყველანი იქ წავალთ.
„ჰო, წავალთ, ადრე თუ გვიან...
ჰმ, ამდენი თუ იცი, მაშინ ხალხს, რატომღა ხოცავ?
მკვლელად იქეცი იმის გამო, რაც ადრე თუ გვიან, ისედაც მოხდება? ნუთუ, ამდენად უტვინო ხარ? არადა, ყოველი დანაშაული, როგორ დეტალებშია გათვლილი.
ვერაფერი გამიგია.“
ისევ გაუელვა ფიფოს ჭიქას დასწვდა და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
საშინლად ეთანაღრებოდა გული. ინანა კიდეც, რატომ ფეხები არ მომტყდა აქ, რომ მოვედიო და კიდევ ერთხელ გაიფიქრა, იქნებ, მართლა ვცდებიო.
„და, ვინ ვარ მე? რა უფლება მაქვს, სხვები განვსაჯო? სამტროდ მოვედი, ყოველთვის ამ კაცის ხსენებაზე, ბოღმისგან ვსკდებოდი და ახლა კი?..
არა! არა! რაღაც მეშლება, ან რაღაც მაბრმავებს. იქნებ, მართლაც სულ სხვა რამეშია საქმე? საერთოდ ვერ ვამსგავსებ, მკვლელის პორტრეტს. სულ სხვა პიროვნება ზის ჩემს წინ.
ჰმ, მდიდარი გენიოსი და საკმაოდ სიმპათიურიც, შეაყვარებდა მიმის თავს, აბა რაა?“
ფიფომ მის გვერდით, რაღაც მომენტში, თავი არარაობადაც იგრძნო, მაგრამ ბოღმის შურისა და ეჭვიანობის მაგივრად, პირიქით, უფრო და უფრო ემატებოდა მის მიმართ ინტერესი და არა მარტო ინტერესი.
ფიქრებიდან, ისევ მასპინძელმა გამოიყვანა.
- ალბათ, ურიგო არ იქნება ვიკითხო, რატომ დაინტერესდით ჩემით?
LEX. 2018 წლის 1 მაისი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment