Saturday, April 28, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 153)

153.
ჯვრის წერამ მშვიდად ჩაიარა. მშვიდად და საკმაოდ ვიწრო წრეში. მიმის მეტი მაინც არაფერი უნდოდა, საყვარელ ადამიანზე იწერდა ჯვარს და რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რამდენი ადამიანი დაესწრებოდა.
მიმი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო. აბა, რაში აწყობდა ახლობლებისა თუ თავისი მეგობრების მითქმა-მოთქმა, ჭორაობა და უამრავი შეკითხვა, როცა პიპას ოჯახის ტრაგედიას გაიგებდნენ? თანაც, თუ დროებით დამალავდა მიმი და არაფერს იტყოდა, მისი რჩეულის წარსულზე, ვიღაც უთუოდ მაინც გამოჩნდებოდა და ჭორსა და სინამდვილეს შერეული ამბებით გამოუჭედავდნენ დედასა თუ მამიდას ყურებს. მერე კიდევ ცალკე, რა აიტანდა მაგათ მოთქმასა და გოდებას, ეს ნაფერები გოგო, ასეთ წარწყმედილ ოჯახში, როგორ შევიდაო. ამიტომაც, ახლა პიპაზე მეტად მიმის უფრო აწყობდა, ასეთი მცირერიცხოვანი ცერემონია. სიმშვიდეში და სილაღეში, ასე უფრო მშვენიერი იყო. ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე ჩატარებულ ჯვრის წერას, მართლაც არაფერი სჯობდა.
- ახლა ხომ უფრო კარგად ხვდები, რომ შენი უძლიერესი მისწრაფება, შენივე უძლიერესად დამანგრეველი გახდა. - მიმართა მოძღვარმა პიპას, როცა მარტო დარჩნენ. - დანაშაულის ქმედებით, სამართალს მაინც ვერ მიაღწიე!
- ეს ჩემი ცხოვრებაა! ჩემი სიცოცხლე იყო თვითონ დანაშაული! მე ვარ თვითონ ის დანაშაული და ის საქციელიც მე ვარ!
- ეჰ, ადამიანის სულის ბნელ მხარეში თუ ჩაიხედავ, იქ იმდენ რამეს აღმოაჩენ, იმდენ რამეს დაინახავ, რომ მანამდე ვერც ვერასდროს წარმოიდგენდი მის არსებობას. - მამაომ ამოიხვნეშა. - შენ გეგონა, რომ ამ შურისძიებით, სამართალს აწარმოებდი! სინამდვილეში კი, შენივე პრიმიტიული ეგო გმართავდა და გაგიჟებდა.
მამაო გაჩუმდა. არც პიპა იღებდა ხმას. მერე ისევ მოძღვარმა დაარღვია დუმილი:
- ვისაც ემსახურები, ბოროტსა თუ კეთილს, სწორედ მას უგებ სალოცავს! შენი ყოველი ახალი ქმედებით კი, კიდევ ერთ აგურს ამატებ მისი ტაძრის ასაშენებლად! იცი ეს შენ! და ადრეც იცოდი!
პიპამ თავი ჩაქინდრა.
- აბა თუ მეტყვი, სინამდვილეში, ვინ აგებს ტაძარს?
- მშენებელი, მუშები, უბრალო ხალხი. - დაუფიქრებლად უპასუხა პიპამ.
- და მერე? სად ჩანან ისინი? ვინ არის ის ხალხი? - ჩაეკითხა მოძღვარი.
- ხალხის საერთო მასა. - პიპამ ამოიხვნეშა. - ლისფსიტებივით ერთნაირი და არავისგან გამორჩეულნი, და არც არსად მოხსენიებულნი. სამაგიეროდ, ტაძრის ამგებად დასახელებული ხუროთმოძღვარი ხდება ცნობილი და იშვიათად იკარგება მისი სახელი.
- და განა მარტო იმიტომ ხდება ცნობილი, რომ პროექტის ავტორია? - ჩაურთო მოძღვარმა. - სულაც არა! ის მხოლოდ შემოქმედია, სილამაზისა და მშვენიერების ავტორი. ტაძრის აგებაში კი მთავარი, მაინც დამკვეთია და სწორედ იმ ტაძრის!
- ესე იგი, ტაძარს აგებს ის, ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს?! - მიუხვდა პიპა.
მოძღვარმა ღიმილით დაუქნია თავი:
- როგორსაც დაუკვეთავ, ისეთი ტაძარი აიგება! შენი სული ვისაც მოემსახურება, სწორედ მისთვის, შენივე დაკვეთითა და შენივე პროექტით აშენდება სწორედ ის ტაძარი! შენივე ნათესს შენვე იმკი, იმიტომ რომ შენია ეს მიწა, შენ ხარ ეს მიწა! ამ მიწაზე აგებ ტაძარს! შენივე მიწაზე! შენივე ხელით! შენივე ფეხ ქვეშ!
პიპამ არაფერი უპასუხა. 
- მაგრამ ერთი რამ, კარგად დაიმახსოვრე! - განაგრძო მოძღვარმა. - წარსული ეს უკვე წასულია! არ მისცე შენს წარსულს უფლება, რომ შენი აწმყო აკონტროლოს, გაგანადგუროს, ოჯახი დაგიგნგრიოს! გიჭირს, ხომ?
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ვიცი, რომ გიჭირს, ვიცი! - ამოიხვნეშა მამაომ. - ტყუილში ცხოვრება საპყრობილეზე უარესია.
- მინდა ვუთხრა! მინდა ყველაფერი მოვუყვე და მერე თუნდაც სულ... - პიპამ თავი გააქნია. - სულ შემაქციოს ზურგი, სახეში მაფურთხოს და თუნდაც შემიძულოს, მაგრამ მერე მის თვალებს, რომ ვუყურებ გული მეწურებასაშინლად მტკივა.
- ძალიან კარგი გოგოა. შეიძლება გაგიგოს, შეიძლება სულაც არა, მაგრამ ახლა არ ღირს არაფრის თქმა. რა აზრი აქვს ახლა? მომლოგინე ქალის ნერვიულობა, განა იქნება? და მერე ბავშვსაც რამე პრობლემა...
- არა! არა! - აღმოხდა პიპას. - ოღონდაც კარგად იყვნენ და სულ არ ამოვიღებ ხმას! დავაცდი და მერე ოდესმე მოვუყვები, თუ მიმიღებს მიმიღოს, თუ არა და...
- თუ არა და, მოხვალ ისევ ჩემთან. - ჩაეღიმა მამაოს. მერე შორიახლო ეზოში მოსეირნე მიმის გახედა. - ლამაზი გოგოა, კეთილი და სანდომიანი. სულაც არ ეტყობა, რომ ამხელა ქონების პატრონია, იმდენად უბრალო და სადაა.
- ყველაზე მეტი სინატიფე, უბრალოებაშია. - გაეღიმა პიპას და სიყვარულით გააყოლა თვალი მიმის.
პიპამ ყველაფერი გამოჩხრიკა მიმიზე, ყველა დეტალი დაწვრილებით იცოდა. ისიც კი გაიგო ამხელა მემკვიდრეობის პატრონი რომ იყო, თუმცა არც თავად იყო ნაკლები და მშვენივრადაც ხვდებოდა მიმი რატომაც მალავდა ამას.
მიმი კი, ისეთი აღფრთოვანებული იყო. თავი ზღაპარში ეგონა. თავიდანვე იცნო იქაურობა. ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით, არც თუ ისე პატარა მეურნეობა. სულ თხუთმეტიოდე წევრისგან შემდგარი, ერთი დიდ ოჯახი. მიწა ლამის ას ჰექტარზე მეტი ჰქონდათ. ოჯახი საქონელსაც უვლიდა და მიწასაც ამუშავებდა. იქვე, ბორცვის ფერდობზე ძველი სასაფლაო იყო, სადაც უძველესი, პატარა მოქმედი ტაძარი იდგა. სამონასტრო კომპლექსი კი, უფრო მთის წვერისკენ იყო შეფენილი. მიმის ყველაფერი გაახსენდა.
ადრე პიპამ ჩამოიყვანა აქ, მხოლოდ მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. გზაც თითქოს მაშინ უფრო გრძელი ეჩვენა, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა მიმი, რომ იმ დროს პიპამ, მისგან საკმაოდ მყარი ალიბიც შეიქმნა და ძალიან შორი გზებიდანაც ატარა.
პიპამ ჯვრისწერის მოწმობა მოძღვარს ჩააბარა შესანახად. უსაფრთხოების მიზნით, ბეჭდების დატოვებაც უნდოდა, მაგრამ მიმიმ კატეგორიული უარი განაცხადა, არც აპირებდა თითიდან მოხსნას, ძალიან ბედნიერი იყო და არც აინტერესებდა უკვე ფიფო რას ეტყოდა.
პიპამ სუფრის გაწყობაზეც უარს ამბობდა, მალე უნდა წავიდეთო.
- შენ არ გინდა, ამ გოგოს უნდა! - არ ეშვებოდა ოჯახის უფროსი. - ამხელა გზაზე ჩამოხვედით და ულუკმაპუროდ გაგიშვებთ, განა? - მერე მიმის მიუბრუნდა. - აბა, რძალო! როგორი ხორცი გინდა? რომელსაც თითს დაადებ, იმას დაგიკლავთ!
- ვაიმე, ცოდოა! არ დაკლათ! - წუხდა მიმი.
- მარხვა დამთავრდა და აბა, რა ვჭამოთ? ასეთი ხალხი გვესტუმრა და მშიერი გავუშვათ? - ეღიმებოდა დიასახლისს.
- ბალახის ჭამა, მარხვაშიც გვეყოფა! - ჩაურთო ოჯახის უფროსმა. - ახლა ბალახი, ძროხებს დავუთმოთ.
მიმიც პიპას მსგავსად უარზე იდგა. თითქოს ატყობდა, რომ პიპას იქ დარჩენა, დიდხანს არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, ორივე დათანხმდა.
- მხოლოდ ცივად მოხარშული ქათმის ხორცი მინდა. - წაიწრიპინა მიმიმ.
- ცივად არა, ცხლად იხარშება და მერე გაგიცივებთ! - სიცილით უპასუხა დიასახლისმა.
მიმისაც გულიანად გაეცინა. ეზოში, მისთვის სპეციალურად გამოტანილ სარწეველა სავარძელში ნებივრობდა და ღიმილით შეჰყურებდა ჰამაკში ჩათვლემილ პიპას.
ცოტა ხანში, პატარა ბიჭმა მოირბინა.
- წითელი თუ მწვანე? - აქოშინებული ხმით მიაყარა მიმის.
- რაა? - მიმიმ გაკვირვებისგან წარბები აზიდა.
- წითელი თუ მწვანე? - გაუმეორა ბიჭმა.
- საწებელიც. - თვალი არ გაუხელია, ისე მიაძახა პიპამ.
ბიჭი უკანვე გაიქცა.
- ტყემალზე გკითხა. - სიცილით აუხსნა პიპამ, გაკვირვებულ მიმის.
მიმისაც გაეცინა.
- ასე მგონია, ზღაპარში ვარ. - წაიჩურჩულა მიმიმ. - მინდა სულ ასე ვიყო, მშვიდად და ბედნიერად.
- ჰოდა, მალე ვიქნებით ამაზე უფრო მშვიდად და ბედნიერად. - პიპამ წამით იყუჩა და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - მხოლოდ, სულ ცოტა უნდა მოითმინო.
- სხვა რა გზაა? - ამოიხვნეშა მიმიმ.
- ნუ წუხხარ, მიმი! გთხოვ, დამშვიდდი და ნურაფერზე იდარდებ. - ალერსიანი ხმით უთხრა პიპამ. - ყველაფერი უკვე მოგვარებული მაქვს. ორშაბათს, უნივერსიტეტშიც გადავაბარებ ყველაფერს და იმავე დღესვე ავიღებ ბილეთს.
- დღეს კვირაა. ორშაბათი ხვალ არის. - ნაღვლიანად დაუმატა მიმიმ.
- ესე იგი, ხვალ!
- ხვალვე წახვალ? - მიმის ხმა გაებზარა.
- შესაძლებელია უკვე ზეგ გავფრინდე!
მიმიმ მოიწყინა.
- ასე მალე? ასე ჩქარა, როგორ მოაგვარე. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მიმიმ.
- მოვინდომე და მოვაგვარე კიდევაც! აბა როდემედე უნდა მეცადა? იცი, ანდერძიც კი დავწერე უკვე, მაინც ყოველი შემთხვევისათვის! - თვალი ჩაუკრა პიპამ, რასაც მიმის მღელვარება მოჰყვა.
- კარგი რააა. - თვალები აევსო მიმის. - გთხოვ, ასე აღარასდროს იხუმრო.
მიმი ლამის ატირდა, ისეთი სახე ჰქონდა. პიპა სიცილით ამშვიდებდა:
- არ ვაპირებ ჯერ სიკდილს და არც შენს უნახავად წავალ.
- საერთოდ არ მინდა, რომ წახვიდე!
- მთელი გული და სული აქ მრჩება, მაგრამ ხომ იცი, ახლა სხვანაირად არ გამოვა.
- არ მინდა, რომ გაგიშვა. ასე მგონია, რომ ვეღარასდროს გნახავ! მიმის ცრემლები 
წასკდა.
- ეიიი, ცრემლებიიი. - პიპას კვლავ ეცინებოდა და ალერსიანი ხმით ცდილობდა, მის დამშვიდებას.
- არ მინდა, რომ წახვიდე! რაღაც საშინელი ცუდი წინათგრძნობა მაქვს, სულ არეულ სიზმრებს ვხედავ. - ზლუქუნებდა მიმი. 
- დამშვიდდი, რაა, მალე ჩამოვალ. - პიპა მის დამშვიდებას შეეცადა.
მაშინ, მაშინ მეც წამოვალ! 
- ახლა შენი მგზავრობა სახიფათოა, რაღა დარჩა? სადღაც სამი კვირაც და უკვე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი შვილის, ყველაზე ლამაზი დედიკო იქნები!
მიმის სევდიანად გაეღიმა.
- რა გაძლებს უშენოდ. - წაიჩურჩულა ნამტირალევი ხმით.
პიპა კვლავ მიმის დამშვიდებას ცდილობდა.
- აი ნახავ, რა მალე ჩამოვალ, იქ უკვე მოგვარებული მაქვს ყველაფერი, ჩემს ჩასვლას ელიან. ბინაც ისეთი შემირჩიეს, იციან, რომ ოჯახით უნდა ვიცხოვრო. დამშვიდდი, ყველაფერი გათვლილია.
- მაშინ არ წახვიდე!
- ??? მიმიიი???
- ბარემ, მოიცადე ეს სამი კვირაც და მერე წადი. - საბრალო თვალები შეანათა მიმიმ. - დაიცადე, დაიბადოს და მერე წადი. - მიმის ხმა გაუწყდა. - გთხოვ...
პიპამ არაფერი უპასუხა.
მიმი ცოტა დამშვიდდა და განაგრძო:
- გული რაღაც ცუდს მიგრძნობს, მინდა აქ იყო, როცა ბავშვი დაიბადება და მერე წადი რა, გთხოვ.
- რა იყო ბიჭო? რას ატირებ ამ ორსულ გოგოს? - შეუტია თავზე წამომდგარმა ქირურგმა.
- არ მინდა, რომ წავიდეს სანამ ბავშვი არ გაჩნდება. - ამოიკვნესა მიმიმ.
- ისე მართლა, რაღა დარჩა? იმშობიარებს და წადი მერე! სანამ ჩამოხვალ, უკვე წამოიჩიტება და მგზავრობაც არ იქნება სახიფათო. - გამოექომაგა ქირურგი მიმის.
- მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ დროის დაკარგვა არ მინდოდა. - შეეპასუხა პიპა.
- კარგი რაა, სამი კვირა არც იქეთ და არც აქეთ! თანაც, ეს მაქსიმუმი ვადაა გამოთვლილი. - ქირურგმა მიმის თვალი ჩაუკრა. - შეიძლება, სულაც ორ კვირაშიც კი გაჩნდეს ჩვენი უფლისწული.
მიმი სიამოვნებით გაიბადრა.
„მართლაც, რომ უფლისწული იქნება.“
- სამშობიარო ბლოკშიც, ექიმივით ისე შეგაპარებ, რომ ეგ თქვენი ფიფო, ვერც კი გიცნობს! - ეღიმებოდა ქირურგს.
- რა ფიფო?! - გაბრაზდა პიპა. - მაგას იქ რაღა უნდა?!
მიმიმ დაბნეულად გახედა.
- მე ჯერ არაფერი მითქვამს. არ მინდა, ჯერ რომ რამე იეჭვოს. - წაილუღლუღა მიმიმ. - მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს, მშვიდად და წყნარად, ხომ ხედავ უკვე, რომ ჩემს სახლში გადმოვედი რა ხანია და მხოლოდ ერთხელ დარჩა ჩვენთან.
- იცოდე, მეტი აღარ გავიგო, რომ შენთან დატოვო, თორემ აღარასდროს ჩამოვალ! - პიპამ ხმას აუწია, მაგრამ მიმის ისეთი თვალები ჰქონდა, რომ მერე გულიანად გაეცინა და მიმის ხელები დაუკოცნა. - მაპატიე, რა გთხოვ. ცოტა ავღელდი! მართლა როგორმე უნდა ჩამოიშორო, შენ თვითონ უნდა ჩამოიშორო, თორემ მე ახლავე მივალ და კატეგორიულად მოვთხოვ, რომ თავი დაგანებოსშენებთანაც მოვალ და გამოვაცხადებ, რომ უკვე ჩემი კანონიერი ცოლი ხარ და ჩემს შვილს ელოდები!
- არა, არა! მე თვითონ! - აღელდა მიმი. - მე თვითონ და სანამ წასვლას არ დავაპირებ, მანამდე არც მინდა, რომ ვინმემ რამე გაიგოს, თორემ გულს შემიჭამენ შეკითხვებით!
პიპასაც ეს უნდოდა, სწორედ იქამდე მიიყვანა მიმი, რომ თავად ათქმევინა. სულაც არ უნდოდა ფიფოს რამე სცოდნოდა. დარწმუნებული იყო, ფიფო ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ მიმისთვის ხელი შეეშალა. პიპამ ისიც კი იცოდა, რომ მისი ყოველი ქმედება, მაინც სარისკო იყო. განსაკუთრებით კი, აქ დიდ ხანს დარჩენა, მაგრამ თან საშინლად უნდოდა, ბავშვის დაბადებას მაინც დასწრებოდა და ისე წასულიყო ქვეყნიდან.
- ჰო, მართალი ხარ. - კვერს უკრავდა პიპა. - ასე სჯობს. ჯერ გავჩუმდები, ავიტან ფიფოს. მერე კი, წაგიყვანთ და ერთად ვიქნებით!
- გთხოვ, დაიცადო ბავშვის დაბადებამდე. მართლა რაღაც ცუდს ვგრძნობ. ბავშვზე მეშინია, რომ რამე... - მიმის ხმა გაებზარა.
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ესე იგი, გადაწყდა? ჯერ არ მიდიხარ? - ჩაერია ქირურგი.
- ჰო, ვრჩები, ვრჩები! - გაეღიმა პიპას.
- ჰოდა, წავედით აბა, მწვადიც მზად არის! - პიპას ზურგს უკან, ცერა თითის აწევით ანიშნა გამარჯვება ქირურგმა, ნირწამხდარ მიმის.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. სახეზე ღიმილიც მოედო. ცოტა წამოდგომა გაუჭირდა. პიპამ და ქირურგმა, მიმის სავარძლიანად აყვანა გადაწყვიტეს, რაზეც მიმი აწივლდა.
- რას აკეთებთ?! არ დააგდოთ ეს გოგო! - გამოექომაგა დიასახლისი მიმის. - აქვე გავშლით სუფრას! აბა ამის შეწუხება იქნება?
სუფრა მართლაც იქვე გაშალეს და კარგადაც მოილხინეს.
დიასახლისი მიმის იქაურობას აცნობდა:
- აი, რასაც აქ ხედავ, ეს მთელი კარ-მიდამო, ეს მთლიანი ნაკვეთი, სულ პიპასია. ის არის ამ ყველაფრის ბატონ-პატრონი, ახლა კი შენიც არის, შენ ხარ ჩვენი ქალბატონი! ჰე, აბა მოისურვე რაც გინდა, გაუჩენელს გაგიჩენთ! - მიესიყვარულა ქალი.
- მართლა რა კარგია აქ. რა სიმშვიდეა. - მიმიმ ღიმილით მოავლო თვალი იქაურობას. - სხვა მოსახლეც არავინ არის ახლო-მახლო. კიდევ კარგი, რომ თქვენ მაინც ბევრნი ხართ.
- აქ ერთ დროს, სულ ჯაგნარი იყო. მარტო ფერდობზე შემორჩენილი ტაძრის ნაშალი და უძველესი მივიწყებული სასაფლაო იყო. ყველაფერი პიპამ გააშენა. გვერდში ამოგვიდგა, გვეხმარებოდა ცალკე ფულით, ცალკე თავისი შრომით და აი, აქამდეც მოვედით! მისმა ხელმა და მისმა მონაგარმა იხაროს ასე, როგორც ჩვენ გაგვახარა და დაგვასახლა!
მიმიმ შეიფერა. გულში უფრო მეტი სითბო და სიყვარული ჩაუდგა, ისედაც უზომოდ შეყვარებულ რჩეულზე და ახლა უკვე მეუღლეზე.
- სულ ახლად დაქორწინებულები ვიყავით, დიდ ოჯახზე და ბევრ შვილებზე ვოცნებობდით, როცა ჩვენი სახლი, ადიდებულმა მდინარემ წაიღო და ესეც არ გვაკმარა განგებამ და ის ჩვენი ნამოსახლარიც კი, მეწყერმა ჩაიტანა. - უყვებოდა დიასახლისი მიმის. - არც ერთ მთავრობას, ჩვენთვის არ ეცალა. დავდიოდით ასე კარდაკარ სამოწყალოდ, მე და ჩემი ქმარი. ლუკმა-პურისთვის, დღიურ მუშად ვმუშაობდით. აღარც შვილების გაჩენა გვახსოვდა და მაშინ თითქოს, უფალსაც ესმოდა ჩვენი გასაჭირი და არც გვეძლეოდა, მერე როგორც კი დავსახლდით და ფეხი მოვიკიდეთ... 
სახლი არ გვქონდა და კარი. ნადირს, რომ არ დავეგლიჯეთ, ზოგჯერ ხეზეც კი გვიხდებოდა ღამის გათევა, აბა ხის ტოტზე, ხომ არ გავაკეთებდით ბალღებსა?! - ჩაურთო ოჯახის უფროსმა.
ყველას გაეცინა.
- ჰო, მასეც იყო! - კვერი დაუკრა დიასახლისმა. - მერე ერთ დღესაც, ღმერთმა ეს ბიჭი მოგვივლინა. - დიასახლისმა სიყვარულით გახედა პიპას. - პირველი შვილიც, მან მოგვინათლა და ასე შევაბერდით ერთმანეთს. ეს სახლიც პიპასია და ახლა უკვე შენიცაა თუ მოგესურვება, შეგიძლია სულ აგვყარო აქედან!
მიმის ხმამაღლა გაეცინა:
- არა! რას ამბობთ?!
- კონტრაქტი გვაქვს და მიმის ტყუილად ნუ აიმედებ. - ჩაერია პიპა.
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ.
- ჰო, მართლა! - დაუდასტურა პიპამ. - ნებისმიერ დროს შემიძლია, ეს ხალხი აქედან გამოვასახლო, მხოლოდ სხვაგან უნდა დავასახლო და რაც უკავიათ, იმ ფართზე ცოტა მეტიც უნდა მივცე. ასე, რომ ამ ეტაპზე, წაგებული ისევ მე ვრჩები და სულაც არ ვაპირებ არავის გასახლებას! - სიცილით აუხსნა პიპამ. მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - ისე კონტრაქტი მართლაც ყოვრლთვის საჭიროა, რომ მერე გაუგებრობა არ მოხდეს. თუნდაც, შვილებში და შვილიშვილებშიც.
„ჰმ, რა ტიპია ეს კაცი. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიცანი.“
ფიქრობდა მიმი.
მის ამოსაცნობად, ყოველ მეორე ფეხის ნაბიჯზე, სულ ახალ-ახალი სიურპრიზები მხვდება.
მართლაც, როგორ ახერხებს ასე ბოლომდე, ასე დეტალებში ყველაფრის გათვლას. ძალიან ჭკვიანია, ძალიან და საკმაოდ საზრიანი. დარწმუნებული ვარ, მასთან უბედნიერესი ვიქნები. ნებისმიერი სიტუაციიდან შესძლებს გამოსვლას და გამოძრომას. არასდროს გაგვიჭირდება, არასდროს!“
- ეს პატარა საყდარიც, პიპას ხელით არის აშენებული. შემოჰკრებდა ყველას ერთად და ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდნენ.
- და იქ, რომ ზემოთ მთაში, მონასტერია? - იკითხა მიმიმ.
- ეგეც უძველესია, პიპა თითქმის მანდ გაიზარდა.
- მართლა? ჰმ, როგორ ძლებდა ასეთ მიყრუებულ ადგილას, თან ბავშვისთვის, როგორი რთულია. - გაუკვირდა მიმის.
- რთული? - გამოეპასუხა პიპა. - სულაც არა! იქ ხალხი, სპეციალურად ამოდიოდა ადრეც და ახლაც ასეა.
- როცა გაუჭირდებათ, მაშინ ხდებიან ყველაზე მორწმუნენი. - ჩაეცინა მიმის.
- ჰმ, მასეა. - დაეთანხმა პიპა. - როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი წაილეკა და... - პიპა გაჩუმდა. წამით დუმილი ჩამოვარდა. - მაგრამ როცა ცოდვისგან, თუ სასოწარკვეთილებისაგან დაეცემი, უფალი ყოველთვის გაძლევს შანსს, რომ წამოდგე და წელში გაიმართო და კვლავ განაგრძო ცხოვრება. - ბოლო სიტყვებით მიმის მოეფერა.
პიპა სიყვარულით შეჰყურებდა. მიმი იყო მისთვის, ის უფლისგან ბოძებული შანსი და ღვთის საჩუქარი.
- ადამიანის გონება კი იმდენად ვიწროა. - განაგრძო პიპამ. - შეზღუდული და დატვირთულია ამ ყოველდღიური ემოციებით, რომ ხშირად უფალი მაშინ ახსენდება, როცა ყელში წაუჭერს ტკივილი და თვალებიდან აყრევინებს სიმწარეს. მაშინღა გაახსენდება სანთლის ანთება
- და არც მაშინ არის გვიან. - დაუმატა მიმიმ.
პიპას გაეღიმა.
- თუ სული მკვდარია, იქ ყველაფერი დამთავრებულია, უკვე აღარაფერი ეშველება მაგ საქმეს. - პიპა მიმის მოეხვია
- მთავარია, სულში იყოს გაზაფხული, თორემ გარეგნობას რამე ეშველება, მაკიაჟი, ვიზაჟი, ლიფთინგი. - აკისკისდა მიმი.
- ჩემი პატარა, ნიჭიერი, ტვინიკოსი გოგო. - მიუალერსა პიპამ.
- ასეთი ნიჭიერი და ტვინიკოსიც ვარ? - სიამოვნებით შეფერა მიმიმ პიპას ალერსი.
- სიყვარულია ნიჭი! აბა ნიჭი რომ არ იყოს, განა ასე ადვილია, რომ უცებ ვინმე შეიყვარო და როცა არ გინდა, გადაიყვარო? 
პასუხად მიმიმ ალერსიანად გაუღიმა.
- ეს ის ნიჭია, როცა ზუსტად არც კი იცი, რატომ და რისთვის გიყვარს! უბრალოდ, გიყვარს და მორჩა!
- როგორ მართლა უზომოდ მიყვარხარ, რომ იცოდე... - წაიჩურჩულა მიმიმ. მერე იქაურობას თვალი მოავლო და ღრმად ჩაისუნთქა. - რა კარგი ჰაერია აქ!
- ჰაერიც ჯანსაღი გვაქვს და საჭმელ-სასმელიც! - გამოეპასუხა დიასახლისი. - როგორც კი ბავშვს გააჩენ, მაშინვე ჩამოდი, მშობლებიც ჩამოიყვანე! მაინც მალე ზაფხული მოვა, სუფთა ჰაერზე გამოზრდი ბავშვს. დამხმარეებიც ბევრი გეყოლება და შენც კარგად დაგასვენებთ.
- მშვენიერი აზრია. - ეღიმებოდა პიპას. - მთელი ზაფხული დაისვენებ, ისე სოფელში შემოდგომაც კარგია და ზამთარშიც მშვენიერი ჰაერია.
- მერე ჩამოდით და იცხოვრეთ აქ! - გაუხარდა ქალს. - შენივე სახლის ზედა სართულს, სულ დაგითმობთ!
- ვნახოთ, აბა მოვიფიქრებთ! - თვალი ჩაუკრა პიპამ მიმის.
მიმი უკმაყოფილოდ აიწურა. ალბათ იფიქრა, ჩვენ თუ წასვლას ვაპირებთ, აქ რაღა გვინდაო. პიპა მშვენივრად ხვდებოდა და ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა.
კარგი იყო ქალაქიდან გასვლა. მიმის სუფთა ჰაერი ესიამოვნა. ზედმეტი დაძაბულობაც მოეხსნა და თავი, ბევრად კარგად იგრძნო. თუმცა, უსიამოვნო წინათგრძნობა, კვლავ უღრღნიდა გულს.
ქირურგი ღიმილით ამშვიდებდა, ორსულების უმეტესობამ, სულ მასე იციანო.
- ნუ ნერვიულობ. აი, ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. მთელი ჩემი საახლობლო იქაა და ყურადღებას არავინ მოგაკლებს!
- მეც იქ ვიქნები! როგორც ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე! - ცალკე პიპა ამშვიდებდა და ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი ეხუმრა.
მიმიც ცდილობდა ხუმრობაში აჰყოლოდა და ცუდზე აღარ ეფიქრა. თუმცა, მაინც რაღაც გაჰკრავდა გულს.
LEX. 2018 წლის 21 აპრილი, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2285319531710331

No comments:

Post a Comment