Wednesday, April 25, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 152)

152.
სადა და უბრალო კაბაო, თავად ამბობდა, მაგრამ მეორე დღესვე, ისეთი ლამაზი და საუცხოო კაბა გამოუგზავნა, რომ მარტო მიმი კი არა, დედაც და მამიდაც აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
ერთმანეთს არ აცლიდნენ და ერთდროულად უამრავ კითხვა დააყარეს ისედაც ბედნიერებისგან გაოგნებულ გოგოს.
- საიდან?
- როგორ?
- ვინ მოგიტანა?
- ასე ზუსტად შენი ზომა, როგორ აარჩიე?
- ვინ შეგირჩია?
- ეს ფეხსაცმელიც, როგორ კარგად გაქვს!
- ზუსტად ამ კაბის შესაფერია!
- რა საოცარია!
- როგორ მოახერხე?
- ასე სახლიდან გაუსვლელად, როგორ შესძელი ზუსტად შეგერჩია?
სახლიდან გაუსვლელადო, რომ ახსენეს, აქ კი მიმი უკვე მოეგო გონს. 
- ინტერნეტით გამოვიწერე! რა გჭირთ? - მიახალა მიმიმ და ამით, ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი.
მშვენივრად ხვდებოდა, კაბა საკმაოდ ძვირადღირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა მაინც უკვირდა, რა საჭირო იყო ამდენის გადახდა, როცა წინ კიდევ უფრო ბევრი და უამრავი ხარჯი ელოდათ და თანაც, მაინც მალე უნდა წასულიყვნენ ქვეყნიდან. ამის გამო იყო, რომ არ ჩქარობდა არც ახალი ტანსაცმლის შეძენას და არც ბავშვის ოთახის მოწყობა მოისურვა. წინასწარ არ ვარგაო, ამას იმიზეზებდა, რაშიც დედა სრულიად ეთანხმებოდა და მამიდაც კვერს უკრავდა. 
ყველა მიმის ემხრობოდა, მხოლოდ ფიფო წუხდა. მერე ერთბაშად ამდენი საშუალება არ ექნებოდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? ცდილობდა, შეძლებისდაგვარად, ხელფასის ნაწილი მაინც გადაენახა. მისი ფინანსური მდგომარეობის გამო, თითქოს მიმისთან იჩაგრებოდა, თუმცა, არც თუ ისე ცოტა ხელფასი ჰქონდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, მიმის ოჯახამდე ვერც კი  მივიდოდა. 
ამ დროს მიმი, სულაც არ იყო მომთხოვნი და ზედმეტად კაპრიზული. მშვენივრად ესმოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა თავადაც შეეძლო შეძენა და ამით სულაც არ ცდილობდა ფიფოს გულისტკენას. არც მიმის დედა ცდილობდა ფიფოს „დაჩაგვრას“, პირიქით სულ აქებდა და თავზე ევლებოდა. მარტო მამიდა წუხდა. თითქოს ვერ იტანდა კიდეც ფიფოს. სულ ზემოდან დაჰყურებდა და ხელიდან არ უშვებდა შანსს, არასასურველი სიძისთვის, რომ არ წაეკბინა. 
- რა საჩქაროა, წინასწარ ყიდვა? როგორც კი დაიბადება, მაშინვე შემოვივლით ქალაქს და მთელ მაღაზიას ვუყიდი! - ამაყად მოიღერა ყელი მამიდამ, როცა შეატყო, რომ ეს იდეა ფიფოს არ მოსწონდა.
- მერე მიმის, რომ არ მოეწონოს? - უკან არ იხევდა ფიფო.
- ყველაზე ძვირიანს და საუკეთესოს შევარჩევ! რა თქმა უნდა, მოეწონება! და თუ მართლა თვალში არ მოუვა, ყმაწვილო! - მამიდამ პიპას არწივისებური მზერა სტყორცნა. - თვითონვე შეიძენს სასურველს! 
მამიდამ გაიმარჯვა, ფიფო კარგად გახეთქა გულზე. სულ ორიოდე წუთით იყო განმარტოებული მასთან ერთად და გემრიელადაც მოიოხა გული. ახლაც კი დარწმუნებული იყო, რომ ეს ულამაზესი კაბა, ნამდვილად მიმის შერჩეული უნდა ყოფილიყო, აბა ის ჯიბეგაღლეტილი პოლიციელი, ან რის შემრჩევი იყო, ანდა, რის მყიდველი? 
„თუმცა, მიმის მაინც ისეთი გაოცებული სახე აქვს, რომ თითქოს, არც კი იცოდა ასეთი კაბის არსებობა, ნუთუ, ვინმემ სიურპრიზი გაუკეთა? კი მაგრამ, ასეთი ძვირფასი საჩუქარი, ვისგან?“
უნებურად მამიდას ეჭვმაც კი, გაჰკრა.
კაბა, მართლაც საოცრად ლამაზი და მიმზიდველი იყო. მხრებზე ოდნავ მოხდილი, წელამდე სადაფითა და მარგალიტის მძივებით მორთული, აბრეშუმივით სრიალა და ქვემოთ მუხლამდე დაშვებული. ისეთი სტილის იყო, რომ ორსულობაშიც ჩაიცმეოდა და ორსულობის მერეც.
„რა საოცარი კაცია. ასე ზუსტად ჩემი ზომის, როგორ შეარჩია? თანაც, რა ლამაზიაა. ძალიან ლამაზია და ორიგინალური. ეს ფეხსაცმელებიც ხომ საუცხოოა, როგორი ლამაზია და თანაც, ესეც როგორ ზუსტად მაქვს!
ჰმ, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დახვეწილი გემოვნება ექნებოდა. არადა, თავად ყოველთვის, როგორ უბრალოდ და უგემოვნოდ ეცვა. თუმცა, ერთი ორჯერ, საკმაოდ კარგად გაპრანჭულიც კი ვნახე.
ისე ძალიან ელეგანტურია, სასიამოვნო ხმა აქვს. ხავერდივით რბილი და ალერსიანი. ალბათ, თავიდან მაგით მომხიბლა, სანამ დამენახებოდა.
ჰაჰ! რა დრო იყო?! 
აბა მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ...“
ფიქრი, ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. მიმიმ ძლიერ გაიკვირვა, როცა გაიგო, რომ ტაქსების კომპანიიდან რეკავდნენ, თქვენი შეკვეთა მიღებულია, ზუსტად ერთ საათში მოგაკითხავენო. მიმი სახტად დარჩა. გაოგნებულმა, ძლივს მოუხადა მადლობა.
„ჰმ, უთუოდ ამაშიც პიპას ხელი ურევია. ჰაჰა! აბა ვნახოთ, ერთ საათში რა იქნება?!“ 
ეღიმებოდა მიმის.
„ძალიან კარგი! ესე იგი, ერთ საათში უნდა ახალ კაბაში გამოვიპრანჭო! აბა რაა!“ 
ახალ კაბაში გამოწყობილი მიმი, მოუთმენლად ელოდა ტაქსის მოსვლას. წამდაუწუმ კედლის საათისკენ გაურბოდა თვალი, თან ტელეფონს ამოწმებდა და ცალკე დედისა და მამიდის ქოთქოთს იგერიებდა. კვლავ ათას შეკითხვას აყრიდნენ და მიმიც, შეძლებისდაგვარად იგერიებდა.
- მიმი! ისე ეს კაბა, რომ უფრო გრძელი იყოს, ბოლომდე დაშვებული, ნამდვილად საქორწილო იქნებოდა, თანაც თეთრია. სადედოფლო კაბასავით როგორ მდიდრულად და გემოვნებით არის მოქარგული.
- ჩვენი გოგო, ჯვარს ხომ არ იწერს, ჩუმად? - თვალი ჩაუკრა დედამ მამიდას.
- ოოო, კარგით რააა! - აწუწუნდა მიმი.
- აბა რა, ფიფოს თავმოყვარეობაზე იმოქმედებს დიდი ქორწილი და ჩუმად უნდათ ჯვრისწერა! - უკმაყოფილოდ წამოიძახა მამიდამ.
- მორჩით, რააა! - გაბრაზდა მიმი. - ისე, მართლაც ჯვრისწერაზე მივდივარ! ჩემი თანამშრომლის! - მიმი უკვე ისე იყო ტყუილების დახელოვნებაში, რომ პირის გაღებას ძლივს ასწრებდა, სიტყვები თავისით იფრქვეოდა. 
„-ზოგჯერ ტყუილი, თავდაცვითი ქმედებაა და რაღაც მომენტში, გამართლებულიც შეიძლება იყოს, მაშინ როცა არავინ ზიანდება. ისე კი, რომ იცოდე, ტყუილი - მაინც ტყუილია, მაგრამ კეთილსა და ბოროტს შორის, მაინც საკმაოდ დიდი სხვაობაა!“
პიპას სიტყვების გახსენებაზე, მიმის გულში სითბო ჩაეღვარა. ისიც კარგად ახსოვს, როგორ სწყდებოდა მაშინ გული, როცა პიპა ბევრ ტყუილში ამხილა, მაგრამ პიპამ სულ ადვილად და მარტივად შესძლო ყველაფრის ახსნა და მერე მართლაც მიმისთვის ბევრი რამ ნათელი, რომ გახდა, უკვე პიპაზეც აღარ ბრაზობდა.
- აჰაა! - მამიდის ხმამ, მიმი ფიქრებიდან გამოიყვანა. - ამიტომაც იპრანჭები ასე?
- დედა, ფიფოც ხომ მოდის? - ჩაეკითხა დედა.
- არა, რა ფიფო!
- აბა, ფიფო არ მოგაკითხავს?
- კარგი, რააა, დეე. აბა სად სცალია ფიფოს, დღე და ღამ მუშაობს.
- დღეს კვირაა, კვირასაც, როგორ წვალობს ის ბიჭი. - შეიცოდა დედამ.
მამიდამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. არ მოსწონდა ფიფო სიძედ და რა ექნა?
- რას ვიზამთ, ასეთი სამუშაო აქვს! - მიმი, უზომოდ ბედნიერი, სარკის წინ ახალ კაბას იხდენდა. 
- და აბა, მარტო როგორ წახვალ? - წუხდა დედა.
- კარგი, რაა, დეე, ტყეში ხომ არ მივდივარ? - ეღიმებოდა მიმის. - ტაქსი მომაკითხავს და წავალ!
- გინდა ჩემი მანქანით წაგიყვანო? - შესთავაზა მამიდამ.
- ჰო! დედი, რად გინდა შვილო ტაქსი? აგერ მამიდაშენი წაგიყვანს!
- არა! - მკაცრად შეუტია მიმიმ.
დედა უკმაყოფილოდ აიწურა. 
- არა და მორჩა! - კოპები შეკრა მიმიმ. - მარტო მე კი არ მივდივარ, სხვებიც იქნებიან! და ნუ დამღალეთ! დეტალებში უნდა მახსნევინოთ ყველაფერი?
- კარგი, შვილო, რას იშლი ნერვებს? როგორც შენ გინდა ისე წადი. - დედა დამშვიდებას შეეცადა.
- უჰ, რა გოგო გვყავს! - სიყვარულით შესცქეროდა მამიდა. - იმ პატარძალს თუ არ აჯობებს, ამ თავს მოვიჭრი!
მიმის გაეცინა.
- აფსუს! - დანანებით გააქნია თავი მამიდამ. - პოლიციელის მეტი, რომ არ შეხვდა ასეთ ნაფერებ გოგოს.
- კარგი, რა მოგივიდა? - შეუტია რძალმა მულს. - ფიფო, ძალიან კარგი და ყურადღებიანი ბიჭია და მერე, როგორ უყვარს ჩვენი გოგო.
- მიმი ვის აღარ უყვარდა და ახლაც ბევრი მსურველიც ჰყავს! - არ სთმობდა მამიდა. - მთელი ქალაქი, მის ცოლობას ნატრობდა და ამან კი პოლიციელი შეარჩია.
- პოლიციელი კი არა, დეტექტივია. - ეღიმებოდა მიმის.
- რას უწუნებ ფიფოს? - გაცხარდა დედა.
- ჰო, მართლა, რას უწუნებ ფიფოს? - ღიმილით ჩაურთო მიმიმ. - აბა, მაინც და მაინც, პროფესორის ცოლი უნდა ვიყო?
- რატომაც არა! - უკან არ იხევდა მამიდა.
მიმის გემრიელად გაეცინა.
„აი, სულ ცოტაც მაცალეთ და გავხდები პროფესორის ცოლიც. თუმცა, შეიძლება იქ, სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ, სულაც არ იყოს პროფესორი და უბრალო მუშად იმუშაოს და მერე, რა? სამაგიეროდ მე ხომ ვიცი, ვინც არის და ისიც ვიცი, რომ უზომოდ მიყვარს!“
- ისე, თქვენ როდისღა აპირებთ ჯვრის დაწერას? - შეაპარა კითხვა დედამ, რომელსაც მიმის კატეგორიული მოთხოვნით, აკრძალული ჰქონდა ამ თემაზე ზედმეტი კითხვების დასმა, მაგრამ მაინც ვეღარ ითმენდა. - ხელი მაინც მოგეწერათ.
- ოოო, კარგი რააა, დეეე. - აწუწუნდა მიმი. - ხომ იცი, არ მიყვარს ეს ძველმოდური რაღაცეები.
- ძველმოდურია, გოგო ეს?! - გაცხარდა დედა. - ხალხი რას იტყვის?!
- უჰ, იჭორაონ რამდენიც უნდათ! სულაც არ მაინტერესებს! - გაწიწმატდა მიმი. - მარბენინე ახლა ამხელა მუცლით ხელის მოწერაზე, მერე უფრო არ იჭორავებენ, ძალათი შეეტენაო? ეგღა მაკლია! მოვა დრო და ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც საჭიროა! - მიმი წამით გაყუჩდა. - მგონი, რაღაც იწვის?
- ვაიმე, ჩემი კოტლეტები! - დედა სამზარეულოში გაიქცა.
- არა მგონია, რომ ფიფო იყოს წინააღმდეგი. - მამიდამ თვალები ეშმაკურად მოწკურა.
მიმიმ არ შეიმჩნია.
- ეს ისევ შენი კაპრიზები იქნება. - განაგრძო მამიდამ. - დარწმუნებული ვარ, რაღაც გაქვს ჩაფიქრებული. 
მიმი შეცბა. ამას უკვე აღარ მოელოდა. მისი ფერწასული სახე, რომ არ დაენახა მამიდას ზურგი შეაქცია.
მამიდა არ მოეშვა, მიხვდა, რომ სწორ გზაზე იდგა, გრძნობდა გოგოს რაღაც აწუხებდა. და შეეცადა იქნებ, როგორმე გამოეტეხა. ხან იქიდან მიუდგა, ხან აქედან, მაგრამ ვერაფერი დააცდევინა.
- ხომ იცი, როგორ მიყვარხარ? - მოეხვია მიმი მამიდას. - განა დედაზე ნაკლებად მიყვარხარ? მაგრამ ახლა ნურაფერს მკითხავ. მოვა დრო და ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ!
- მე ხომ შენი მესაიდუმლე ვიყავი ყოველთვის? - არ ეშვებოდა მამიდა.
- აი, გპირდები, პირველი შენ გაიგებ! ოღონდა ახლა არა!
- ჩემი იმედი გქონდეს ყოველთვის და ყველაფერში, ჩემო სიხარულო. - ჩაეხუტა მამიდა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს დედაც შემოვიდა.
- აბა ვისადილოთ უკვე!
- დედა, ჯერ რა დროს სადილი? პირველი საათიც არ არის. - გაეცინა მიმის.
- შენ თუ არ გინდა, სტუმარს უნდა. - თვალი ჩაუკრა მამიდას დედამ.
ყველას გაეცინა.
- ისე, რამე მაინც მოგეფიქრებინათ. ხელი მაინც მოგეწერათ. - ისევ ძველ თემას დაუბრუნდა დედა. – პატარა სუფრას გავშლიდი აქ და...
- კარგი, რა დედა, რაა! - გაცხარდა მიმი. - რა პატარა სუფრას?!
- პატარა სუფრა, არანაირად არ გამოვა! - მხარი აუბა მამიდამ მიმის. - აქეთ ამას ეწყინება, იქეთ ის გაიბუტება!
- მაშინ დიდი სუფრა გავშალოთ ბარემ და ეგ არის! - არ ცხრებოდა დედა. - რა? არ გვაქვს მაგის საშუალება, რომ ერთადერთ ქალიშვილს, კარგი სუფრა გავუშალო?
- დედა, ხომ იცი ფიფო რა ტიპია? უკან არ დაიხევს, თავად მოინდომებს და ჩავარდება მერე ყელამდე ვალებში!
- ჰო, ჰო. აბა რა. - მხარი აუბა მამიდამ. თუმცა გოგოს ქორწილი, მასაც ძალიან უნდოდა, მაგრამ მაინც მიმის მხარე დაიჭირა.
- მერე ჯერ მარტო ფიფოს თანამშრომლები. - განაგრძო მიმიმ. - იქეთ ნათლია თავისი ამალით! ნათესავები! მეზობლები! გინდა ჩვენი და გინდა იმათი!
- მერე გავიყოთ თანხა, თუ მასეა! - დედა მაინც თავის სიტყვაზე იდგა. - ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ სულ მთლიანად დავფაროთ ხარჯი, მაგრამ თუ ეს ფიფოს თავმოყვარეობაზე იმოქმედებს, მაშინ გავიყოთ და ეგაა!
- დედა! დამიჯერე, ფიფოს ახლა არც იმ ნახევრის საშუალება აქვს! ქირას ძლივს იხდიდა და ეგ რომ გაიგოს შენ ქორწილს მოითხოვ, ყველაფერს გააკეთებს და უკან არ ჩამოგრჩება. ვიცი, ვიცნობ შენზე მეტად!
- შვილო, მე კი არ მინდა ქორწილი, ხალხს უნდა.
- მერე იქეიფონ უჩვენოდ! უჰ, რა გააწყალეთ, მართლა გული! - გამწარდა მიმი.
- კარგი, ნუ შეჭამე ეს ბავშვი, ნუ ანერვიულებ ამ ორსულ გოგოს. - დაიცვა მამიდამ.
- შენი ნერვიულობა, სულაც არ მინდა შვილო. - ჩაილაპარაკა დედამ. - რა ვიცოდი ფიფოს ასე ძალიან თუ...
- აი, სწორედ ეგ ვთქვი, რომ ასეთი გოგო, ჯიბეგაფხეკილი პოლიციელის ცოლად არ მემეტებოდა და აი, შედეგიც! - გაცხარდა მამიდა.
- მშვენიერი ბიჭია ფიფო! - დაიცვა დედამ. - რადგან ხელფასზე ცხოვრობს, ჯიბეგაფხეკილი უნდა უწოდო?
- ერთი ქორწილის გადახდის თავიც რომ არ ექნება კაცს, აბა იმას რა ვუწოდო? - ისევ ცხარობდა მამიდა.
- ქორწილსაც გააჩნია. ძალიან კარგი ბიჭია, ფიფო! - არ ეპუებოდა დედა. - წესიერი, ზრდილობიანი, მოსიყვარულე. შეხედულადაც როგორი ვაჟკაცურია!
- განა გარეგნობას და ხასიათს ვუწუნებ, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს ჩვენი ერთადერთი შვილი, თუნდაც პროფესორის ცოლი? - მამიდამ მიმისკენ გააპარა თვალი და მშვენივრად შეამჩნია, მიმის როგორ შეეფაკლა ღაწვები.
„არა, რა. რაღაცას მალავს ეს ბავშვი. ნამდვილად ასეა! როგორმე უნდა ვათქმევინო, მერე რომ გვიანი არ იყოს! ან იყოს თუნდაც გვიანი. ვისი რა საქმეა! ამ გოგოს თავს, არავის დავაჩაგვრინებ!“
მამიდა ფიფოს გაცნობის დღიდანვე აკვირდებოდა, ის ძლიერად ჩააშტერდებოდა ხოლმე, რომ ფიფო ხშირად თვალსაც არიდებდა. მამიდამ ის ნაქირავები სახლიც კარგად დაათვალიერა და არც ის ორი საძინებელი გამორჩენია მხედველობაში და როცა მიმის სახლშიაც ფიფომ ცალკე მოისურვა დაძინება, აი სწორედ მაშინ შეეპარა ეჭვი, რომ რაღაც სულ სხვა იყო მათ ურთიერთობაში, ვიდრე ცოლ-ქმრობა. სხვა დროსაც ბევრჯერ შეეცადა, მიმი გამოეტეხა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.
როგორც იქნა, გავიდა ის ნანატრი ერთი საათიც და მიმის ტაქსმა მოაკითხა და სანამ მიმი, ხმას ამოიღებდა, მძღოლმა დაასწრო:
- მისამართი ვიცი, მგზავრობის საფასურიც გადახდილია!
მიმის გულიანად გაეცინა. ყველაფერი ოპერატიულად, ზუსტად იყო გათვლილი.
ტაქსი, იმ სამშობიარო სახლთან გაჩერდა, სადაც მეგობარი ქირურგის თანხლებით მიმი და პიპა ერთად იყვნენ ექოსკოპიაზე. მიმი წამით დაიბნა, თუმცა მალეე მოეგო გონს. მიხვდა, პიპა იქ სადღაც ახლოს იქნებოდა, თუმცა სულ ცოტათი შეცდა.
იქ მხოლოდ ნაცნობი ქირურგი დაუხვდა, რომელმაც შენობის სხვა მხრიდან გაიყვანა და სანამ მანქანაში ჩასვამდა, ჯერ მობილური გამოართვევინა, მერე რაღაც ნაქსოვი შალი მოახურა და თავზეც სპორტული კეპიც ჩამოაფხატა. 
- აი, ის მუქი ლურჯი მანქანა, რამდენიმე დღეა შენს სახლთან დგას, ახლა კი შენ აქ გამოგყვა. - სანამ იქაურობას დატოვებდნენ, ქირურგმა გაოგნებულ გოგოს აუხსნა.
- ჰმ, რა საინტერესოა და რატომ? რისთვის?
- არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, ამიტომაც სიფრთხილისთვის ასე აჯობებს. - მერე სიცილით დაუმატა. - და ახლა გელოდონ, სანამ შენ ამ შენობიდან ისევ გახვალ.
მიმის თან უკვირდა და თან ძლიერ ართობდა ეს იდუმალი თამაში.
„იქნებ, ეს ის ხალხია, პიპას, რომ იმ ღამით თავს დაესხნენ? და ახლა ჩემი ხაზით უნდათ მისი პოვნა?
ჰმ, ნამდვილად მასე იქნება, ყოჩაღ პიპას! როგორი გამჭრიახი და წინდახედულია. ჩემი ჭკვიანი!“
მიმის ნეტარებისგან გაეღიმა. აბა რას წარმოიდგენდა თუ ეს თვალთვალი, ფიფოსგან მოდიოდა, თუმცა სულ მასეც არ იყო. უკვე ფიფოსაც აღარ ეუბნებოდნენ და ისე მოქმედებდნენ. ყველაფერი ზემოდან იმართებოდა. ფიფომ შედარებით გვიან და გაიგო და სულ ძალით ეჩხირებოდა, ყველგან ეკვეტებოდა, რომ როგორმე მაინც საქმის კურსში ყოფილიყო, თუმცა მხოლოდ ის იცოდა, რომ მეთვალყურეები მარტო პიპას სახლთან და სამსახურთან იყვნენ ჩასაფრებულნი და მიმისაც თუ უთვალთვალებდნენ, ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
პიპას გონიერ თავს კი, არაფერი გამოეპარა. ისიც კი ივარაუდა, რომ მიმის სახლთანაც ჩაუსვამდნენ ხალხს. ყველაფერს მშვენივრად მიხვდა. თვალთვალიც რაღაც ზემდეტად შესამჩნევი, იყო და მთავარი სათვალთვალო კი, სულ სხვაგან, ან სხვანაირად იყო. მაგრამ უკვე აღარაფერი ადარდებდა, რადგან ყველაფერი უკან მოიტოვა. აღარც დანაშაულის ჩამდენი იყო და აღარც შურისძიება ადარდებდა. ის ბოლო ინციდენტიც კი, უმსხვერპლოდ მოაგვარა და უკვე ქვეყნიდან წავლის დროც იყო, მაგრამ ჯერ მიმის ელოდა, მოუთმენლად ელოდა, თავისივე შერჩეულ კაბაში გამოწყობილს, ჯვრის დასაწერად როდის შეიყვანდა ტაძარში.
LEX. 2018 წლის 20 აპრილი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment