Thursday, April 19, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 151)

151.
- ერთი ტოტის გახმობით ხე, არ კვდება.
- ვიცი, მამაო, ვიცი! - ამოიგმინა პიპამ.
გულწრფელად განიცდიდა. აღსარებამ, ცოტა შვებაც მოჰგვარა, თუმცა მაინც ბოლომდე, არა
მოძღვარი გულისყურით უსმენდა. წარბიც არ შეტოკებია, როცა პიპას მიერ ჩადენილი მკვლელობების ამბებს ისმენდა. უფრო მეტად გაოგნებული იყო, ვიდრე განრისხებული და მდუმარედ  უგდებდა ყურს, მის გოდებას.
- მხოლოდ ჩემი შვილების ხათრით მინდა, რომ კვლავ ფეხზე დავდგე! კვლავაც ვიქცე ადამიანად! ჩემში ჩაბუდებული ეს საშინელი ურჩხული, ეს საშინელი ბოღმა გულიდან ამოვიგლიჯო! სულიდან ამოვიცალო! მომეცი კიდევ ერთი შანსი! მომხედე, ღმერთო! მომეცი კიდევ ერთი შანსი! კიდევ ერთხელ მაპატიოს უფალმა! სთხოვე! სთხოვე! ჩემი სახელით შეევედრე, მამაო! ნუ გამწირავს ბოლომდე უფალი, ჩემი! მაპატიოს! მაპატიოს! ჩემი შვილების ხათრით, შემინდოს და მომიტევოს! უფალი ხომ მოწყალეა, ხომ ყველასთვის მოწყალეა... ხომ მოწყალეა...
- უფალი მოწყალეა. - დაბალი ხმით მიუგო მოძღვარმა.
- რას მირჩევ? რა გავაკეთო? ზოგჯერ მინდა, ჩემივე ფეხით მივიდე და ყველაფერი, ყველაფერი ვაღიარო! იმასაც კი არ დავმალავ, თუ რისთვის, რატომ ჩავიდინე! - პიპამ წამით იყუჩა. - მერე კი, სულ სხვა თვალით ვუყურებ ამ ყველაფერს. მინდა გავიქცე სადღაც შორს, თუნდაც, ცხრა მთას იქით!
- შენს თავს, ვერსად გაექცევი შვილო, იცი ეს შენ.
- ვიცი, ვიცი! ჩემს თავს კი არ გავურბივარ, იმ საშინელ ხალხს, იმ საშინელ ქალაქს მინდა მოვწყდე და საბოლოოდ დავივიწყო ყველაფერი!
- მაგისთვის მონასტრული ცხოვრებაა, მაგრამ დავიწყების, რა მოგახსენო. - მამაომ ამოიხვნეშა. -  ის, რის დავიწყებასაც ზედმეტად შეეცდები, სწორედ ის გახსოვს ყველაზე მეტად.
- და აბა, რა ვქნა? რა?! რა გზას დავადგე?! თუ კი, მონასტერშიც ვერ დავიმშვიდებ სულს?!
- მე არ მითქვამს, რომ სულს ვერ დაგიმშვიდებს მონაზვნური ცხოვრება, მასე რატომ იფიქრე? სულსაც დაგიმშვიდებს, გულსაც და გონებასაც გაგიწმენდს, მაგრამ უფრო ძლიერად, უფრო მეტი ტკივილით გემახსოვრება, შენს მიერ ჩადენილი ცოდვები და იმას უკვე აღარც ექნება მნიშვნელობა, თუ რისთვის ჩაიდინე. - მოძღვარმა წამით იყუჩა და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - უფლისთვის არა აქვს მნიშვნელობა მიზეზს, თუ რატომ ჩაიდინე.
- ესე იგი, საშველი არსაიდან არის? აბა რისთვის არის საჭირო, აღსარება?
- და შენ მეკითხები მაგას? შენ, მონასტერში გამოზრდილი ბიჭი?
- აბა ვის ვკითხო? ვის?! სულ დავიბენი! სულ ამერია ცხოვრება, ხან რა მიმაჩნია სწორად და ხან, რა!
- უფრო ძლიერად, რომ გემახსოვრება, ის რაც ჩაიდინე, უფრო მეტად შეეცდები, რომ მსგავსიც კი არ გაიმეორო და სხვასაც უბიძგო, სიკეთის გზაზე დააყენო! ილოცო, შენივე ხელით დაღუპულთა სულებისთვის!
- სულ, გამუდმებით ვლოცულობ მათი სულის ხსნისთვის, მიუხედავად ყველაფრისა.
- და წლებია არც ეზიარები და აღსარებაზეც პირველად ხარ ჩემთან და რატომ? რაც შენმა ძმამ, უფალს სული მიაბარა, მის მერე თითქოს, ზურგიც გვაქციე. განა მეც ძმა არ ვიყავი შენი? მოდიოდი და სახეს გვარიდებდი, რატომ? პირველივე, თუნდაც, უნებლიე დანაშაულის მერეც, რომ მოსულიყავი, ახლა ასეთ დღეში კი არ იქნებოდი. - მოძღვარი გაჩუმდა და მალევე დასძინა. - კარგია, რომ მაინც მოხვედი.
- რას მირჩევ? ახლა, როგორ მოვიქცე? რატომ არ მცემ ამაზე პასუხს?
- შენი გადასაწყვეტია.
- იქნებ, არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ? არ უნდა მიმართო სწორ გზისკენ, შენი სულიერი შვილი?
- აი, ოდნავი, პატარა წინააღდეგობაც კი, სიფიცხეში გაგდებს. აბა მე რა უნდა გირჩიო? რა გარანტიაა, რომ აქედან გახვალ და ისევ იგივეს არ ჩაიდენ?
- მე ვარ გარანტია! მე შევძლებ! ჩემი შვილების სიცოცხლის ხათრით, შევძლებ! ვიცი! დარწმუნებული ვარ, ვიცი! ვცადე უკვე და გამომივიდა. თუმცა, არ დავმალავ და სურვილი მქონდა, მაგრამ სულ ჩემს შვილებზე ვფიქრობდი, მათ სიცოცხლეზე ვფიქრობდი და შევძელი! მე ეს შევძელი!
- ადრე რატომ არ ფიქრობდი შენი შვილების სულზე?
- ეჰ. – პიპამ ამოიხვნეშა. - სწორედაც, რომ ჩემი საბრალო შვილის გულისთვის ვიძიებდი შურს და მისთვის ვაკეთებდი ამას და მერე კი გვიან მივხვდი! ძალიან გვიან! მაშინ მივხვდი, როცა კიდევ ერთხელ გამიღიმა ბედმა. - პიპამ წამით იყუჩა. - ვხედავდი, ვგრძნობდი ამ ბედისწერას, მაგრამ ხელს ვკრავდი! ვიცოდი, რომ არ ვიყავი ღირსი, არ ვიმსახურებდი, მაგრამ  მაინც არ მომეშვა ბედი ჩემი და კიდევ ერთხელ მომეცა ბედნიერების შანსი! და მაინც, უკვე გვიანი იყო, ძალიან დააგვიანდა ჩემს ბედნიერებას და მაინც, უფლის ბოძებული საჩუქარი იყო ჩემთვის, მე კი თავი ვერ ჩავთვალე მის ღირსად, უკან დავიხიე! დავემალე! ყველანაირად ვკარი ხელი, მაგრამ ვერ შევძელი, ბოლომდე ვერ შევძელი, ვერ ამოვიგდე გულიდან და თუკი ეს მართლაც ღვთის საჩუქარია, მინდა თავიდან დავიწყო! თავიდან მიდან დავიწყო, თუ უფალი ბოლომდე მომცემს ამის ნებას!
- ჰმ. - ამოიხვნეშა მამაომ. - საშიში კაცი ხარ. საშიში და დაუნდობელი, მაგრამ რადგან ყველაფერს გრძნობ და აღიარებ, ეს გშველის, რომ ბოლომდე არ წაიწყმიდო სული.
- იქნებ, გვიანია უკვე?
- არასდროს არ არის გვიან! მერე რა, რომ ის დრო წასულია და აღარც იმ ასაკში აღარ ხარ. ახალი თვალით შეხედე ცხოვრებას. ახალი, სუფთა თვალით
- ახალი და სუფთა თვალით... - ჩაილაპარაკა პიპამ და გაჩუმდა
ერთხანს, მდუმარედ ისხდნენ, მერე მამაომ დაარღვია დუმილი:
- შვილებიო და მეორე შვილი, როდისღა მოასწარი? და ან როგორ
- მალე მეყოლება. - წაიჩურჩულა პიპამ. - ძალიან მალე.
- როგორ? ქორწინების გარეშე? - შუბლი შეკრა მოძღვარმა. - ვიცი მე, შენი ოჯახს ისტორია და მაგიტომ გეკითხები ასე!
- მეც მაგიტომ გეკითხები, რა ვქნა? როგორ მოვიქცე? - პიპამ ამოიხვნეშა. - თუ ქვეყნიდან დროულად გავაღწევთ და ყველაფერი კარგად იქნება, ბარემ იქ ვიქორწინებთ.
- და სანამ წახვალთ, მანამდე ბავშვი უკანონოდ უნდა დაიბადოს? რატომ გინდა ღვთის საჩუქარი, მრუშობის პირმშო გახდეს?
- არა! მამაო, არა! არავითარი მრუშობა! არავითარი! - პიპა მღელვარებამ მოიცვა. - ვინც კანონიერად შემეძინა, სწორედ ის იყო შედეგი იმ ყველაფერი საშინელებისა, რაც ჩემს თავს დატრიალდა, მაგრამ მერე... - პიპას ხმა გაებზარა. - რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე კიდევ გამიჩნდებოდა ოჯახის სურვილი... კიდევ ვისურვებდი შვილებს და... და მე უღირსს, კიდევ თუ გამხდიდა ამ საჩუქრის ღირსად უფალი.
- რატომ მანამდე არ გინდა დაქორწინდე, სანამ ბავშვი გაჩნდება? მაგაში მაინც რა გიშლის ხელს?
- აქ არ მინდა. აქ არაფერი არ მინდა, თანაც თუ არ გავასწარი აქედან, კარგი დღე არ დამადგება.
- ჰმ, აბა ჩემი ფეხით მივალო და ვაღიარებო?
- სწორედ ის მოლოდინი გამაგიჟებს და ჭკუიდან გადამიყვანს, ერთ დღესაც მე თვითონ მივალ, მაგრამ ჯერ ჩემი შვილები მინდა ჩავიხუტო ერთად! და მერე მე თვითონ მივალ, თუ მანამდე თავად არ... - პიპამ ერთ ხანს იყუჩა. - კვალში ჩამიდგნენ. დიდი ხანია, მაგრამ ოფიციალურად ჯერ ვერაფერს მიმტკიცებენ. შეიძლება, უკვე დღე-დღეზეც მომადგნენ!
- ეჰ, შვილო, ციხე, რომ მართლა გამოსასწორებელი იყოს, იქედან ანგელოზები გამოფრინდებოდნენ. - ამოიხვნეშა მოძღვარმა. -  ციხე, მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ ბოროტმოქმედი, საზოგადოებისგან გახდეს იზოლირებული.
- ჰმ! და არავინ გამოსწორებულა? - მწარედ ჩაეცინა პიპას. - ესე იგი, ამით შენ, კანონის აბსურდობას ამტკიცებ?
- მხოლოდ ის გამოსწორდა და იგივე არ ჩაიდინა, ვინც ჭკუას მოუხმო, ვინც ტყუილად არ გაატარა წლები გისოსებს მიღმა. არც ციხე და არც დილეგი და ცხრაკლიტული ადამიანს არ გამოასწორებს, თუ თავად არ მოეგო გონს!
- ჰო, ალბათ.
- ეჰ, თუმცა მაინც რამდენი ბრიყვი და უდანაშაულოც კი ეწირება ციხის კედლებს. მერე კი სულიერად და ფიზიკურად გატეხილნი უფრო გამოდიან, ვიდრე გამოსწორებულნი. ბევრიც დაღუპულა, აი, სწორედ იმ კანონის უქონლობით და უწესრიგობით დაღუპულა. - მამაო გაჩუმდა.
დიდ ხანს იჯდა მოძღვარი ასე ხმის ამოუღებლად. სადღაც სარკმლის მიღმა, სივრცეში ჰქონდა მზერა მიპყრობილი. მერე ჩუმად, თითქოს უფრო თავისთვითს ჩაილაპარაკა:
- ოცი წლის სამონაზვნო ცხოვრებაც კი ვერ გაშორებს იმ გამოვლილ ვარამს, ბოლომდე მაინც ვერ ამოჰყავხარ, იმ შენივე ხელით გათხრილი უფსკრულიდან. მერე თანდათან, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტად გტკივა გული და ყველაზე მეტად კი ის უფრო გტკენს გულს, რომ შენი საქციელით, შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს მოუტანე დარდი და სატანჯველად გაუხადე ცხოვრება! - მამაომ ამოიხვნეშა. - უფალი კი მოგიტევებს შვილო ცოდვებს, მაგრამ ხალხი, ასე ადვილად არ გაპატიებს, რადგან შენ თვითონ ვერ პატიობ შენს თავს და სხვებს, რა უნდა მოსთხოვო?
ისევ დუმილი ჩამოვარდა.
პიპა მოძღვრის პასუხს ელოდა, თუმცა ყველაფერი ისედაც ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მისი თანხმობა, უფრო მეტად დაამშვიდებდა და დააწყნარებდა მის სულს.
- მარტო შვილის ხათრით, არ იქმნება ოჯახი. - დინჯი ხმით დაარღვია დუმილი მამაომ.
- არა, მხოლოდ ბავშვის ხათრით არა! - წამოიძახა პიპამ. - ყველაფერს ვაკეთებდი, რომ არ მენახა, არც ვურეკავდი, არც მის ზარებს ვპასუხობდი, თუმცა ზედმეტად, არც თვითონ მაწუხებდა. ჩემგან, მისი სითბოსა და სიყვარულის სანაცვლოდ, მხოლოდ სიცივეს იღებდა. თან გული მტკიოდა და თან ვერიდებოდი, ყველანაირად შევეცადე, რომ გულიდან და გონებიდან ამომეგლიჯა. მოგვიანებით კი, ბავშვის ამბავი გავიგე, ისიც სრულიად მოულოდნელად და სრულიად შემთხვევით, თვითონ არც აპირებდა თქმას და კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ არანაირი მრუშობა არ ყოფილა! ვერ დავარქმევ მრუშობას იმას, რაც გულიდან წამოვიდა, ის რასაც სუფთა გრძნობა ჰქვია, არ შეიძლება მრუშობად ჩაითვალოს!
- ძალიან დააშავე, ძალიან. რატომ ადრე არ მოხვედი ჩემთან? რამდენჯერ გთხოვე, სულ თავს მარიდებდი. შენი ამღვრეული თვალები, მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ ვერანაირად ვერ მოგიგდე სალაპარაკოდ, სულ გამირბოდი, სულ სადღაც გეჩქარებოდა, და თან, ისეთი სახე გქონდა, რომ ზედ გეწერა, აი ცოტად დამაცადე და მოვალ შენთანო. - მამაო გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - შენი შვილების მომავალზე, რატომ არ იფიქრე?! რატომ იმაზე არ დაფიქრდი, რომ შენი შვილებისკენ, თითს გამოიშვერენ?! მამა მკვლელი, ნაციხარი, პირველ ოჯახში ინცესტი და...
- აი, სწორედ მაგიტომაც მინდა წასვლა! ჩემი შვილების გულისთვის მინდა, თორემ არც არანაირი ციხისა და საპყრობილის არ მეშინია! ისედაც მასე მქონდა ჩაფიქრებული და მერე...
- ცალკე, იმ გოგოსაც აუბედურებ! - შეაწყვეტინა მამაომ. - აბა წარმოიდგინე, ბავშვით ხელში, ციხე-ციხე უნდა ირბინოს! ბავშვს, რომ არ ელოდებოდეს, მაშინ კატეგორიულად მოგთხოვდი თავის დანებებას!
- როცა გავიგე, კიდევ ერთი შვილის მამა უნდა გავმხდარიყავი, აი სწორედ მაშინ შემეცვალა აზრი და გონება და მით უმეტეს, ვისგან? ვისგან ველოდი სანატრელ შვილს?! ამ ქვეყნად, ყველაზე კარგი გოგოსგან! იმ გოგოსგან, ვისაც ასე საგულდაგულოდ ვემალებოდი და თავიდან ვიშორებდი და თან, გული გახეთქვაზე მქონდა, რადგან არასაიდან საშველი არ ჩანდა, მაგრამ მერე ბავშვის ამბავმა, უკვე სულ სხვანაირად ჩამაფიქრა. ყველაფერი ამოყირავდა და სულ სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას! - პიპამ იყუჩა და მალევე განაგრძო. - თავიდან სულ სხვანაირად ვფიქრობდი, ჩემი ბიჭის უმომავლო ცხოვრებისთვის ვიძიებდი შურს! მისი განადგურებული ყოფისთვის ვაკეთებდი ყველა იმ სისაძაგლეს, რაც ჩავიდინე!
- და შენი საქციელით, კიდევ უფრო გააუბედურე ის ბავშვი!
- ჩემი საცოდავი ბიჭი, მაინც ვერაფერს იგებს, სადა აქვს იმ საბრალოს იმის აზროვნების თავი, რომ გააცნობიეროს კეთილი და ბოროტი? მისთვის ყველა კეთილია, ან უბრალოდ, არ არსებობს, ამიტომაც არ მენაღვლებოდა, თუ რას იტყოდა ხალხი! - პიპამ მძიმედ ამოიხვნეშა. - მაგრამ ახლა? რა ვქნა, ახლა? მართლა მირჩიე, მამაო! აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გზას დავადგე?!
- ზოგჯერ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ყველაზე მეტად მტკივნეულია
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- მე, გირჩევ. - მოძღვარმა თვალებში ჩახედა. - და შენ, გადაწყვიტე!
პიპამ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. მეორე დღეს კი, დილიდანვე მიმის დაპირების შესრულებას შეუდგა და მართლაც, სულ მოკლე ხანში, კურიერის ფორმაში გამოწყობილი, მეგობრი ქირურგის ხელით უკვე წინასწარ გამზადებული კაბა და ფეხსაცმელები გადასცა.
LEX. 2018 წლის 19 აპრილი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment