Monday, January 8, 2018

მებაღე (ნაწილი 1)

1.
დადას დიდი მწვანე თვალები ჰქონდა. ყველაფერზე დაკვირვება უყვარდა. რასაც ამოიჩემებდა, საათობით ჩააშტერდებოდა და თვალს ვეღარ სწყვეტდა. თითქოს მისი ყოველი დეტალის შესწავლას ცდილობდა, მერე კი ჩაუჯდებოდა და დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს ხატავდა. შესაფერის მუსიკასაც შეარჩევდა, ყურსასმენს მოირგებდა და უსასრულოდ ჩაეფლობოდა თავის შემოქმედებაში.
დადა არ ლაპარაკობდა. ყურში კი კარგად ესმოდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. ზოგჯერ რაღაც ხმოვნებს გამოსცემდა, ხანდახან კი სიტყვის მაგივრად რამდენიმე მარცვალიც კი წამოსცდებოდა და ისიც ბოლომდე გაუგებარი იყო რის თქმა სურდა.არავინ იცოდა ასეთი დაიბადა თუ მერე...
ათიოდე წლისაც არ იყო, როცა საღამური პერანგის ამარა იპოვეს ტყეში. დადიოდა აკვირდებოდა ტყიდან ღრუბლებში მონავარდე ჩიტებს, მათ გალობას უსმენდა და მათ ხმას მიჰყვებოდა.
იმავე ტყეში დაბანაკებულმა ახალგაზრდა ყმაწვილმა იპოვა და პატრონს მიუყვანა.
მოგვიანებით ბანაკი აიყარა და სხვა ალაგს მიაშურა. იქ კი მოპარული ნივთები გაიყვეს და ყველა თავისი წილი ქონებით თავიანთი გზით წავიდა.
პატრონმა თავისი აბგა ზურგზე მოიგდო, გოგონა ხელში აიყვანა, დანარჩენი ბარგი ყმაწვილს აჰკიდა და ახალი ცხოვრების დასაწყებად გზას გაუყვა.
არავინ იცოდა ბავშვი საიდან მოვიდა და ვინ იყო, მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ რამდენიმე ბგერა გამოსცა:
,,.. და... და...’’
ამიტომაც ბანაკში დადა შეარქვეს და ასევე დარჩა მერეც.
მხოლოდ პატრონი ხვდებოდა ბავშვის წარმომავლობა საიდანაც შეიძლებოდა ყოფილიყო. სავარაუდოდ მათი ერთ-ერთი დარბეული, გაძარცვულ-გადამწვარი მამულებიდან თუ იქნებოდა, შემთხვევით გადარჩენილი მსხვერპლი. 
ბავშვი ზოგიერთ ნივთებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და ბევრად დიდ ხანს და დაკვირვებით ათვალიერებდა. პატრონის გამჭრიახ მზერას კი არაფერი გამოჰპარვია. კარგად იცოდა, ბავშვისგან ამოჩემებული ეს ნივთები ერთი და იმავე სახლიდან იყო წამოღებული და შეიძლება ამიტომაც, ბანაკში მოყვანისთანავე ადვილად შეეგუა ყველას და ყველაფერს, მისთვის ნაცნობი ნივთების სამყაროში თავს უფრო შინაურულად და იქნებ ბევრად დაცულადაც გრძნობდა.
ერთ ხანს პატრონი საგონებელშიც კი იყო ჩავარდნილი, საშიში იყო თუ არა ამ ბავშვის მათთან დატოვება, მაგრამ პატარა გოგონა, რამდენს შეამჩნევდა პატრონის დაჟინებულ მზერას, იმდენჯერ ისეთი თბილი და უანგარო ღიმილით ასაჩუქრებდა, რომ მერე პატრონსაც ეღიმებოდა და გული რაღაცნაირი სითბოთი ევსებოდა, ამიტომაც არავის ანდო და თან წამოიყვანა, სრულიად უცხო მხარეს, უცხო ალაგზე დასახლდა და გოგონაც შვილად გამოაცხადა. ახალგზარდა ყმაწვილი კი ისედაც შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა და არც მისი ოჯახის წევრად აღიარება გასჭირვებია.
თავიდან ერთად, ერთ ოჯახად იწყეს ცხოვრება. ქონებაც არ აკლდათ, მერე კი გაიყვნენ. ყმაწვილს ცალკე, უფრო ხმაურიანი ქალაქისკენ გაუწია გულმა და იქ გადასახლდა, თუმცა ხშირად სტუმრობდა და საკმაო ხანსაც რჩებოდა მათთან.
პატრონი სულ მალე ერთ-ერთი თვალსაჩინო მემამულე გახდა, პატივსაცემი და უკვე იმ მხარეში საკმაოდ კარგად ცნობილ, მდიდარ და გავლენიან პიროვნებად ითვლებოდა.
დადა კი იზრდებოდა, კვლავ თავის სამყაროში განაგრძობდა ცხოვრებას და ხატვისა და მუსიკის გარდა სხვა მეტი არაფერი აინტერესებდა ამ ქვეყნად. თუ რაიმე ნივთს მოიწონებდა, ყველაფერს თავის ოთახში მიუჩენდა ადგილს.
ოთახი კი სავსე იყო და ყველა იმ ძველი ნივთით, რომელიც როგორც პატრონი ვარაუდობდა, თავის დროზე შესაძლებელი იყო დადას ოჯახის კუთვნილებაც კი ყოფილიყო.
ახალ სახლს დადა ადვილად შეეგუა და მაშინათვე შეუდგა მის მოწყობას. თავდაპირველად ჯერ კედლები და იატაკი მოხატა, ჩვეულებრივი საღებავით, რის გამოც მამულის ყველა მობინადრე საღებავში ამოთხვრილი დახვდა პატრონს.
მსახურები შეშინებული სახით უმზერდნენ. დარწმუნებული იყვნენ საყვედურს მიიღებდნენ და გოგონაც მკაცრად დაიტუქსებოდა, მაგრამ პატრონს გულიანად გაეცინა. მაშინათვე მიხვდა, რომ ბავშვს ხატვა უყვარდა, ამიტომ სახლში უზარმაზარი ოთახი დაუთმო და უამრავი სახატავი ნივთებითაც აუვსო. დადა კი მიადგებოდა და ხატავდა და ხატავდა. ხან პეიზაჟით იყო გატაცებული ხანაც ვინმეს პორტრეტზე რჩებოდა თვალი და ხან ადამიანის სხეულზე და იმდენს იზამდა და აიძულებდა, რომ მენატურედ დაესვა და დაეხატა. მსახურებიც ემორჩილებოდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ ამ უწყინარი გოგოს აჩემებულ, ასევე უწყინარ კაპრიზს სიამოვნებით უსრულებდნენ.
ყმაწვილი კაცი კი შორიდან აკვირდებოდა დადას, თუმცა პატრონის დანახვაზე მზერას მაშინვე სხვაგან გადაიტანდა. პატრონი ატყობდა ამ ყურადღებას და საშინლად არ მოსწონდა. არ ემეტებოდა თავისი შვილობილი ყმაწვილისნაირი წარსულის მქონე კაცისთვის გაეყოლებინა, მაგრამ თუ დადას სურვილიც იქნებოდა, მაშინ წინააღმდეგობას აღარც გაუწევდა.
მაგრამ დადა კვლავ თავის სამყაროში აგრძელებდა ცხოვრებას და ყმაწვილის ყურადღებაც ყოველთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.
LEX. 2016 წლის 28 იანვარი, ხუთშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1706954056213551/?type=3&theater

No comments:

Post a Comment