Tuesday, January 9, 2018

მებაღე (ნაწილი 2)

2.
დადას გვიან ღამით უნებურად გამოეღვიძა. ოთახს თვალი მოავლო. მთვარის შუქი როდენის პატარა ბრინჯაოს სტატუას ,,მოაზროვნეს’’ ეფინებოდა და თვალის მომჭრელად ირეკლავდა სხივებს. დიდ ხანს არც უფიქრია. წამოდგა. შუქი აანთო. სტატუა მაგიდაზე ჩამოდგა და სახატავად მოეწყო. იმდენად ძლიერად გაიტაცა ხატვამ, იმდენად რომ ვერც კი გაიგო, თუ როდის გათენდა, როგორ ახმაურდნენ ეზოში მსახურები. არც დილით, მისთვის შემოტანილი საუზმისათვის მიუქცევია ყურადღება. თითქოს ამ ქვეყნად არ იყოო. იჯდა და დაუსრულებლად ხატავდა. ხან ასე შემოაბრუნა, ხანაც ისე წამოაყირავა. ნახატებს კი ბოლო არ უჩანდა, მთელი იატაკი ფურცლებით მოიფინა, სადაც სხავადასხვა მხრიდან დახატული როდენის სტატუა იყო აღბეჭდილი.
დადა კი კვლავ არ ცხრებოდა. ხელები იდაყვებამდე ჰქონდა გამურული. საღამური შარვალიც კი ერთიანად ნახშირში იყო ამოთხვრილი. დადა კი მაინც დაუსრულებლად ხატავდა და ხატავდა, არ ჩერდებოდა.
უკვე მეტისმეტიც იყო, შუა დღე ახლოვდებოდა, მალე სადილობის დროც მოვიდოდა, დადა კი ისევ თავის შემოქმედებაში იყო ჩაძირული და არაფერი ესმოდა ირგვლივ.
მისი შემხედვარე მსახურები ცოტა არ იყოს შეშფოთდნენ კიდევაც და დაუყოვნებლივ აცნობეს პატრონს.
მიუხედავად იმისა, რომ დადას ასეთი საქციელი პირველი არ იყო, პატრონი მაინც საჩქაროდ გამოიქცა შინ.
დადა ძირს გაწოლილი, თავის ნახატებზე გაშხლართული დაუხვდა. ჯერ ეგონა, რომ გული წაუვიდა, მაგრამ ახლოს მისვლისას შეამჩნია, რომ დადას თვალები გახელილი ჰქონდა და სადღაც სივრცეში ერთ წერტილს მიშტერებოდა.
მთელი ღამე ასე იყო, დილამდე არც თვალი მოუხუჭავს, წყალიც კი არ დაულევია. რაც მსახურებმა საწოლზე გადააწვინეს, მას მერეც ასე იწვა გაუნძრევლად და თითქოს ამ ქვეყნად არ იყოო, მხოლოდ მისი ხორცი სუნთქავდა, სული და გონება კი სადღაც შორს ფრენდა.
შეფიქრიანებულმა პატრონმა ექიმი მოიწვია. დადას გასინჯვას დიდი დრო არ დასჭირვებია ექიმი მაშინვე მიხვდა. მისი ასეთი მდგომარეობა რაღაც ფარული სტრესით იყო გამოწვეული, რომელიც უთუოდ ბავშვობიდან მოდიოდა.
- ისევ ისე? - ჰკითხა გულდამძიმებულ პატრონს ექიმმა.
პატრონმაც უკმაყოფილოდ დაუქნია თავი. სხვა რა გზა იყო, ექიმმა ჩანთიდან საჭირო ნივთები ამოიღო, დადას წვეთოვანი დაუდგა და უკეთესის მოლოდინში მომდევნო დღეს დაელოდნენ.
გათენებული არ იყო, რომ დადა ჩიტივით წამოფრინდა. საშინელი შიმშილის გრძნობა დაეუფლა, წინა დღეების განვლილი სტრესის ნიშან-წყალიც კი არ ეტყობოდა. მხიარული სახით შემოურბინა სახლს და მის უკანა მხარეს დიდ სამზარეულოში შეუვარდა მსახურებს. შევლისთანავე, ახალ გამომცხვარმა პურის სურნელმა თავბრუ დაახვია, თვალის ცეცებით დაუწყო ძებნა. მსახურები დადას შემოსვლაზე წელში გასწორდნენ, ზოგმა თმები შეისწორა, ზოგმაც წინსაფარი. ალბათ იფიქრეს დადა ახალი ნატურის ასარჩევად თუ შემოვიდაო და კისრები მოიღერეს. დადამ ღიმილით მოავლო თვალი ყველას და ცხელ პურს დასწვდა, ლამის პურის მეოთხედი მოტეხა. ისეთი ცხელი იყო, ისეთი რომ პურიდან ამოსული ცხელი ორთქლის ოხშივარი თითებს უწვავდა. მსახურმა პური შუაზე გაუპო და ყველის დიდი ნაჭრებით გამოტენა.
დადა სიხარულისაგან აცქმუტუნდა, ისეთი მხიარული და მადლიერი თვალებით გადახედა მსახურებს, რომ მათაც მოედოთ დადას სიხალისე და ღიმილით დაასაჩუქრეს. 
გარეთ გამოსულმა პურის დაგემოვნებაც ვერ მოასწრო, როცა დაინახა მსუქანი მსახური ქალი ვიღაც მოხუც მათხოვარს მთელი ხმით რაღაცას უჭყიოდა:
- პურის ნაჭერს მოგიტეხავ! მეტი ვერაფრით დაგეხმარები! ერთიც რომ შემოვუშვა, მერე ყველა მათხოვარი აქ მოაწყდება და ყველა სამსახურში აყვანას მოითხოვს!
ჯოხზე მძიმედ დაყრდნობილმა მათხოვარმა გაკაპასებულ ქალს არაფერი უპასუხა და თავი ჩაქინდრა.
დადამ სიბრალულით შეხედა, თვალები ცრემლით აევსო. ახლოს მივიდა და მათხოვარს მისი ყველით გამოტენილი პური გაუწოდა. თმა-წვერ გაბურძგნულმა კაცმა ოდნავ ქვემოდან ამოხედა, უარის ნიშნად თავი გააქნია და ის იყო, რომ ნაბიჯი უნდა გადაედგა, დადა წინ წაიწია პური ორად გაყო ერთი ნაწილი მათხოვარს გაუწოდა მეორე თვითონ ჩაკბიჩა და უცნობ კაცს გაუღიმა.
მოხუცი გაკვირვებული შეჰყურებდა მისკენ გამოწვდილ პურის ნატეხს და მომღიმარი სახის გოგონას, რომელიც სხვებისგან განსხვავებით არც ზიზღით და არც ფარისევლური სინანულით არ შეჰყურებდა.
მათხოვარს ლამის თვალებამდე ჩამოფხატულ ფართო ფარფლიანი ქუდის ქვეშ მხრებამდე ჩამოშლილი გაუფერულებული თმები მოუჩანდა. ვერ იტყოდი ჭუჭყისგან იყო ასეთი ფერის თუ უკვე საკმაოდ შევერცხლილიც ჰქონდა. სამაგიეროდ დიდ მოშვებულ გაბურძგნულ წვერში კარგად ჰქონდა შერეული ჭაღარა. ერთიანად ძონძებში შემოსილი, ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა. ვერ ბედავდა პურის გამორთმევას, რადგან ასეთ ახლად გამომცხვარ პურს და მით უმეტეს ყველით სავსეს არვინ სთავაზობდა. სადაც მიადგებოდა ყველგან ძველი პურითა და სამუშაოზე უარის თქმით ისტუმრებდნენ. შიმშილისგან კი ისე ძლიერ იყო დაუძლურებული, რომ ჯოხზე დაყრდნობილი თავს ძლივს იმაგრებდა. ამის გამო ზუსტად ვერ გაირჩეოდა თუ რა ასაკისა იყო, დროზე ადრე ჩანდა მოტეხილი.
დადამ კვლავ გაუწოდა პური. ისევ ყოყმანობდა მათხოვარი. ბოლოს კი იკადრა და გამოართვა, სწორედ ამ დროს მსუქანი მსახური ქალიც დაბრუნდა და დადას უკმაყოფილო სახით უსაყვედურა:
- ახალი პური რად მიეცი? მერე აღარ მოგვეშვება, ყოველდღე იწყებს აქ წანწალს! მერე თავისნაირ მათხოვრებსაც აქ მოგვისევს და მაწანწალებით გაივსება აქაურობა! - მსახურმა ქალმა მათხოვარს პატარა აბგით ძველი დაგროვილი პურები გაუწოდა და თან ანიშნა, დროულად გაგვეცალეო.
დადა საშინლად გაბრაზდა. მკაცრად შეხედა მსახურს, ქალს გაწვდილი ხელი გაუშეშდა აღარ იცოდა აბგა მიეწოდებინა თუ უკან წაეღო.
დადამ ეზოს თვალი მოავლო, მოშორებით ეზოში პატრონი შენიშნა და ხელით უბრძანა მსახურს მასთან მოეყვანა.
პატრონი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. ჩამრგვალებული მსახური ქალი კი სირბილ-სირბილით მოსდევდა და ძლივს ეწეოდა, გზაშივე მოახსენა რატომ უხმობდა დადა. დაუძლურებული, ჯოხზე მძიმედ დაყრდნობილი მათხოვარი კი გაკვირვებული იყურებოდა, აღარ იცოდა თავის გზაზე წასულიყო, თუ დაეცადა, იქნებ მაინც მიეღო მისთვის გამზადებული ძველი პურების აბგა.
დადამ ვედრების თვალით ჯერ პატრონს შეხედა მერე კი მათხოვარს გახედა. პატრონი მიუხვდა. მათხოვარს კარგად დააკვირდა:
- რა შეგიძლია? აბა შენ რის გაკეთებას შესძლებ? ისედაც ძლივს დგახარ ფეხზე! - მერე მსახურს მიუბრუნდა. უბრძანა შემოეშვათ. - რამდენიმე დღით ასტუმრეთ და მერე კი ვნახოთ, იქნებ რაიმე შესაფერისი სამუშაოც გამოვუძებნოთ!
დადა სიხარულით აივსო. მსახური კი ბურტყუნებდა, ყველა ასე, რომ შემოვუშვათო მერე ქვეყანა აქ მოაწყდებაო, ეზო ქურდებითა და მაწანწალებით აივსებაო.
დადა არც უსმენდა მსახურის ბურტყუნს, ბედნიერი და გახარებული თვალებით შესციცინებდა პატრონს, რომელიც არასდროს არ ეუბნებოდა უარს დადას ნებისმიერ ახირებაზე.
პატრონიც დადას ცქერით სიხარულით იყო ავსილი, მერე კი უთხრა, ახლა დაჯექი და მოიფიქრე, რით შეიძლება დავასაქმოთ ეს საცოდავი კაციო, თორემ გაუვა მერე სტუმრობის ვადა და მოუწევს ისევ ეზო-ეზო სიარული სამათხოვროდ, ხომ იცი აქ თავშესაფარი არ გვაქვს, ყველანი ვშრომობთო.
საღამოს დადამ პატრონს დიდი ფურცელი შემოუტანა ოთახში და მაგიდაზე გაუშალა. ფორმატზე მათი მამული იყო გამოსახული, სახლს ორნამენტის ტიპის დეკორაცია აკრავდა, ორნამენტის ზოლში კი ყვავილები იყო ჩახატული.
პატრონს გაეღიმა, მიხვდა დადა დეკორატიული ბაღის გაშენებას ითხოვდა მებაღედ კი ახალმოსულს ნიშნავდა.
LEX. 2016 წლის 29 იანვარი, პარასკევი

No comments:

Post a Comment