Tuesday, January 9, 2018

მებაღე (ნაწილი 3)

3. 
რაც პატრონმა დადა შვილად გამოაცხადა, თავის ძველ საქმიანობასაც მოეშვა. იმდენად სძულდა ის ძველი ცხოვრება, რომ გახსენებაც კი აღარ უნდოდა, მაგრამ ყმაწვილი კაცის - ზეკის, გამოჩენა ხანდახან მწარედ ახსენებდა იმ ძველ დროს და გული საშინელი სინანულით ევსებოდა.
ზეკი კი ისევ ისე განაგრძობდა ქურდობასა და ყაჩაღობას, თან იღბლიანიც იყო, ალბათ ამიტომაც ეს აგულიანებდა. ყოველთვის დაუძვრენია თავი რთული სიტუაციიდან.
პატრონი ხშირად შეაპარებდა, რომ იქნებ ახალი ცხოვრება დაეწყო, უკან მოეტოვებინა წარსული და მშვიდ, უხიფათო გზას შესდგომოდა, მაგრამ ზეკს გაგონებაც კი არ უნდოდა. ჯიუტად აგრძელებდა თავის ავაზაკურ ყოფას და უკან არაფერზე იხევდა.
საღამო ხანი იყო. ზეკმა თამამად შეაბიჯა პატრონის სასტუმრო ოთახში. დადას უთხრა ეს შენთვის არისო და მაგიდაზე პატარა ლამაზად მომინანქრებული ზარდახშა ისე ხმაურიანად დადო, რომ ლამის დაახეთქა, თან ნიშნის მოგებით პატრონსაც გახედა - „აი რა მოვიტანეო“.
პატრონს საშინლად არ ესიამოვნა. განრისხებული მზერა სტყორცნა ბიჭს.
დადამ კი, ზარდახშას შეხედა თუ არა წამსვე ცხვირი აიბზუკა. მისთვის ძვირფასი ნივთი არაფერ ფასეულობას არ წარმოადგენდა, მხოლოდ ამოჩემებული საგნის ფორმებითა და აგებულებით თუ დაინტერესდებოდა, ამიტომ მისთვის სულ ერთი იყო ზეკმა ძვირფასი ნივთი მოართვა თუ ქვის ლოდი დადო მაგიდაზე.
ზეკი უსიამოვნოდ აიწურა. დარწმუნებული იყო, მის ასეთ საუცხოო ძღვენს დიდი ემოციებით შეხვდებოდნენ. მათ კი, მადლობის მაგიერ - ერთმა გამწყრალი სახით შეხედა, მეორემ კი ზურგი შეაქცია და ოთახიდანაც კი გავიდა.
დადას გასვლისთანავე, პატრონმა კარი ფრთხილად მიხურა. ზეკს კი დაბალი ხმით, ისე რომ დადას არ გაეგო, უსაყვედურა. გულმოსულმა სტუმარმა ზარდახშა გახსნა. ძვირფასი სამკაულებით ავსილი ყუთი თვალის მომჭრელად აკიაფდა. ზეკმა თავის ჭკუით, ამაყად შეახარბა პატრონს, რომელიც ამაზე უფრო გამწარდა. ძვირფასეულობა თავის დიდ ცხვირსახოცში გამოკრა და ზეკს დაუბრუნა. თან კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ნაპარავი ნივთები აღარასოდეს მიეტანა მის ოჯახში.
ზეკი გაბუტული სახით წამოდგა, ზარდახშას გახედა, ვითომ ეს ხომ მაინც დაიტოვეო, პატრონმა კი მიუგო, ამასაც მოგვიანებით გაგატანო.
ზეკი ვერც კი მიხვდა რა იგულისხმა პატრონმა. უკანმოუხედავად გავარდა და გაბრაზებულმა კარი ძლიერად გაიჯახუნა.
პატრონმა ზარდახშა დადას საყვარელი პატარა ოქროსფერ ქაღალდში გახვეული შოკოლადის ბურთულებით აავსო, მაგიდის შუაგულში, გამოსაჩენ ადგილას დატოვა და ზეკს დაედევნა. იქნებ კიდევ აეხსნა რამე ამ ამპარტავანი და გაგულისებული ბიჭისთვის.
დადამ კარის გაჯახუნების ხმა, რომ გაიგო, ჯერ ძლიერად შეკრთა, მერე ყური მიუგდო. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ფრთხილად გამოაღო ოთახის კარი და როცა დარწმუნდა, რომ არავინ იყო თამამად შეაბიჯა ოთახში, მზერა პირდაპირ ზარდახშაზე გადაიტანა და როდესაც თავისი საყვარელი სასუსნავი აღმოაჩინა, კმაყოფილებისგან ჩაეღიმა.
დადასთვის სულ ცოტა, ძალიან ცოტა და უბრალო რამ იყო საჭირო, რომ მას ბედნიერად ეგრძნო თავი. პატრონმა ეს მშვენივრად იცოდა, ყოველთვის საჭირო მომენტში, ზუსტად გათვლიდა, როდის და უფრო მეტად, როგორ უნდა გაეხარებინა გოგონას გული.
პატრონი საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახი კაცი იყო. სწორედაც, რომ მისი ჭკუის წყალობით შესძლო, თავის დროზე ამხელა ქონება ისე მოხვეჭა, რომ ერთხელაც კი არ გადაჰყრია ხიფათს.
ყველაფერს პატრონი ხელმძღვანელობდა, თუმცა თავად ნაკლებად იღებდა მონაწილეობას, ზოგჯერ მოშორებითაც იდგა და ისე ადევნებდა თვალ-ყურს. სისხლში ხელიც არასოდეს ჰქონია გასვრილი, თუმცა ბრძანებებს კი იძლეოდა. მერე ბოლოს დაიღალა, მობეზრდა აღმა-დაღმა ამდენი ხეტიალი. ბანაკსაც გამოუცხადა უკვე დროა დავიშალოთო. ზოგი უარზე დადგა, ზოგიც დაიბნა. ბანაკი აირია. ბედად დადაც გამოუჩნდა და პატრონს მიზეზიც მიეცა ყველას და ყველაფერს გასცლოდა და თავისი გზით წასულიყო. მით უმეტეს, რომ გოგონას არსად არავინ ეძებდა. რადგან მისი მომკითხავიც არავინ გამოჩნდა, პატრონმა ეს ბედისწერად ჩათვალა და უფრო მეტად, შვილივით შეიყვარა გოგო.
პატრონი დადას სიხარულით ხარობდა და მეტი რა უნდოდა? ბედნიერი იყო.
LEX. 2016 წლის 30 იანვარი, შაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1707856912789932/?type=3&theater

No comments:

Post a Comment