Saturday, November 3, 2018

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 2)

2.
ფიფომ ბავშვის დაბადება, მხოლოდ მეორე საღამოს გაიგო და იმდენი გააკეთა, რომ უკვე მომდევნო დილიდან, მიმის ეჯდა პალატაში. სხვა დროს ალბათ, ამის უფლებას, არც ერთი ექიმი არ მისცემდა, მაგრამ ახლა ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქაოსი და არეულობა სუფევდა. ზოგი დაშავებული სად მოათავსეს და ზოგიც კი, სად. უკვე აღარც აღარავინ კითხულობდა იმას, რომ ტრავმატოლოგიურიდან, ნებაყოფლობით გაქცეული პაციენტი, სამშობიაროში რატომ იშუშებდა იარებს.
ფიფომ, ბავშვი დანახვისთანავე ისე შეიყვარა და შეითვისა, რომ უკვე წუთითაც ვეღარ შორდებოდა. ინვალიდის ეტლში მოსიარულე, ჩვილს ეფერებოდა, კალთაში ისვამდა და ისე ნელ-ნელა ცდილობდა გადაადგილებას. მთელი ქალაქი, მის გმირულ საქციელზე ლაპარაკობდა. თავად კი, ჯერ კიდევ ერიდებოდა, მიმისთვის თვალებში ჩაეხედა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა აეხსნა მისთვის, რომ მართლა გულით უნდოდა პიპას გადარჩენა და მართლა საშინლად განიცდიდა, და ძალიან წუხდა, რომ ვერაფრით დაეხმარა. 
მერე დაუჯერებდა მიმი? 
განა, რამდენი ქალი ირწმუნებდა ასეთ სიტუაციაში კაცის სიმართლეს?
მიმი კი ამ დროს, ყველაზე და ყველაფერზე, მთელს სამყაროზე განაწყენებული, უხმოდ იტანდა თავის პალატაში ფიფოს არსებობას და არა მარტო, ფიფოსი.
და ყველაფერი, იმ საშინელი კოშმარული დღით დაიწყო. თუმცა, ალბათ უფრო კი არ დაიწყო, არამედ ყველაფერი მაშინ დამთავრდა. სწორედ იმ საღამოს დაემსხვრა ოცნებები, სიყვარული, სიხარული და პიპასთან ფარულად შექმნილი ოჯახიც.
ქირურგი, მიმის პალატაში მართალია, აღარ შედიოდა, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ის, რის შიშიც მიმის და პიპას, თავის დროზე ჰქონდათ, არ გამართლდა.
- ისე ცოტა, უცნაურიც არის. - უყვებოდა პალატის ექიმი, ქირურგს. - თითქოს, ბავშვის დანახვა არ უნდაო. არადა მისი ქმარი, ჭკუაზე არ არის! რძე რომ ჰქონდეს, ალბათ, ძუძუსაც მოაწოვებდა. - თავისივე ნათქვამზე გაეცინა ქალს.
ქირურგმა ცალყბად ჩაიღიმა.
- მაინც, რას აკეთებს ასეთს? ბავშვს ვერ აჭმევს? იქნებ, საკმარისი რძე არა აქვს? სუსტად არის, ჯერ კიდევ და ალბათ, უფრო მეტად, სულ ძილი უნდა.
- რძე არ მაქვსო, ეგ კი, გასაგებია, მაგრამ არც კითხულობს ბავშვს რა აჭამეს. იქნება, მშიერია? როგორც კი იტირებს, მაშინვე ექთანს უხმობს და თვითონ კი, არც გადმოხედავს, ზურგშექცევით აგრძელებს ძილს. - ქალმა გაკვირვებით აიჩეჩა მხრები. - რა ვიცი, დედების უმეტესობა, თან როცა პირველი შვილია, გიჟებივით არიან. ყველაფერს მრავალჯერ ამოწმებინებენ. ყურებს უმოწმებენ თავის ადგილზე თუ აქვსო, რა ფერის თვალები აქვსო, თითებსაც კი უთვლიან და ეს გოგო კი, რა ვიცი?..
- ალბათ, ჯერ ისევ შოკშია. ხომ გახსოვს? როგორი მოვიყვანეთ და რა პირობებში. - ქირურგი, მიმის გამართლებას შეეცადა.
- კი მესმის, მაგრამ თავისიანებიც, რომ მოდიან, მაშინაც ძილს იმიზეზებს! მართლაც უცნაურია! - თავი გააქნია ქალმა. - თითქოს, არავის დანახვა არ უნდა! ჰმ, მეოთხე დღეა უკვე, რაც იმშობიარა და...
- მდააა, მეოთხე დღისთვის, უკვე მართლაც რომ ძალიან უცნაურია ასეთი ქცევა. - თუმცა, ქირურგმა მშვენივრადაც იცოდა, რაშიც მდგომარეობდა მიმის უცნაურობა, მაგრამ აბა სხვა, რა უნდა ეთქვა?
- მეც მაგას არ ვამბობ? უცნაურია! მესმის, პირველი დღე, ნუ მაქსიმუმ, მეორე და ეს უკვე ცოტა, ფსიქიკის შერყევაა! - ექიმმა წამით იყუჩა. - არა, მარტოხელა გოგო, რომ იყოს, მაშინ არც არაფერია გასაკვირი, არ უნდა ბავშვი და მორჩა! რა პრობლემაა? დატოვებს, მაგრამ ამას, ქვეყანა თავს ევლება.  ვინ აღარ მოაკითხა, საიდან აღარ დარეკეს და რა ვიცი?..
- ერთი შენი ფონეიდოსკოპი მათხოვე. - მოულოდნელად მიმართა ქირურგმა.
- რად გინდა? - გაკვირვებით გაუწოდა ქალმა.
ქირურგმა პირბადე აიფარა. ქუდი უფრო მეტად ჩამოიფხატა. ფონეიდოსკოპი გულზე ჩამოიკიდა და ქალს მიმართა:
- აბა გამომყევი!
ქირურგი, ექიმი ქალის თანხლებით, მიმის პალატაში „შემოვლაზე“ იყო. მიმის არც გამოუხედავს. ეძინა, ან იქნებ, არც ეძინა. იქვე კუთხეში, ინვალიდის ეტლში ჩათვლემილი ფიფო, ღიმილით შეხვდა მოსულებს.
- ვნახოთ აბა, აქ ვინ არის. - ქირურგმა ბავშვი აიყვანა. ეფერა. გასინჯა, შეამოწმა, თან სულ აქებდა. ეს რა ჯანმრთელი ვაჟკაციაო. 
- ეტყობა, დედას ნოყიერი რძე აქვს! კარგადაც მოუმატია! - ქირურგმა მიმის, ცალი თვალით გადახედა.
- აბა რა, დედის რძე, მაინც სულ სხვაა! -  ექიმმა ქალმაც, უჩუმრად ჩაუკრა თვალი ქირურგს. თუმცა, მშვენივრად იცოდა, რომ დედა, არც აჭმევდა და ბავშვი უკვე, ხელოვნურ კვებაზე იყო გადაყვანილი. 
მიმი არც ახლა განძრეულა. სამაგიეროდ კი, ფიფომ შეიფერა.
- ვაიმეე! - გაეცინა ექიმ ქალს. - როგორ დაგასველათ!
- უყურე შენ! - გაეცინა ქირურგსაც! - არა ძმაო, ამის ერთი ნათლია, მე უნდა ვიყო! აი, ხედავთ? როგორ მომნიშნა? - ქირურგმა, სველი ხალათი აჩვენა ფიფოს.
ფიფო სიცილით ეთანხმებოდა, რატომაც არაო. ქირურგსაც, სწორედ ეს აწყობდა.
- ერთი, სანიტარს დაუძახე! იატაკზეც ტბა დააყენა! - ღიმილით მიმართა ექიმს, ქირურგმა.   
მერე ფიფოსკენ მობრუნდა. გადახვეულ ფეხზე გამოჰკითხა.
- წყალდიდობის დროს დავიშავე. სამჯერ ზედიზედ გამიკეთეს ოპერაცია და კიდევ მპირდებიან. - ჩაეღიმა ფიფოს. - უნდა მომაჭრან, მე კი, არანაირად არ მინდა.
- ნუ, ახლა თუ საჭიროა და განგრენა დაიწყო, მაშინ ამაზე გაჯიუტება, არც ღირს. - აუხსნა ქირურგმა.
- იქნებ, რამე სხვა გზაც გამოჩნდეს. იმედს, მაინც არ ვკარგავ.
- აი, სწორედ ეგ შველის ადამიანს, თავის გადასარჩენად! აუცილებლად მოვიძიებ რამეს და შეგატყობინებთ! - დააიმედა ქირურგმა. - ჩემს უცხოელ კოლეგებსაც შევეხმიანები. იქნებ, მართლაც გამოვიდეს რამე.
- უცხოეთში მკურნალობას, არა მგონია, რომ გავწვდე. - ნაღვლიანად უპასუხა ფიფომ. - აქ სახელმწიფომ ითავა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იქაურთან შედარებით.
- წინასწარ, ნუ ჩამოვყრით ყურებს! წუთის წინ, უფრო მედგრად მომეჩვენეთ. - გაეცინა ქირურგს. - ვნახოთ, ჯერ შევეხმიანები, გავარკვევ და მერე ვისაუბროთ ხარჯებზე! ისე შეიძლება, აქაც მოვიწვიოთ სპეციალისტები. ცოტას, იქიდან დაგაფინანსებენ, ცოტას აქედან, მეგობრები, ახლობლები და რამე იქნება! მთავარია, კარგი შედეგი ჰქონდეს, თორემ ახლობელი ხალხისთვის, გაუჩენელს გააჩენენ, ასე არ არის?
ქირურგს, აჭყიპინებული ბავშვი, ჯერ ისევ ხელში ეჭირა, უნანავებდა და თან, ფიფოსთან საუბარს აგრძელებდა. მართალია, დაბალ ხმაზე საუბრობდნენ, მაგრამ მიმის, მაინც ყველაფერი კარგად ესმოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, ნელ-ნელა იკადრა და მოსაუბრეებისკენ გადმობრუნდა.
- მომეცით ბავშვი! - ზედმეტად ხმამაღლა შეუძახა მიმიმ.
მისმა მოულოდნელმა ხმამ, კაცები შეაკრთო. ქირურგი წამით დაიბნა. თითქოს, არც ეთმობოდაო ჩვილი, მერე ფრთხილად ჩაუწვინა კალთაში და შორიახლო გაჩერდა.
მიმი ბავშვს თვალს არ აცილებდა და ემოციებისგან ხმას ვეღარ იღებდა, მერე ცრემლებმა მაინც თავისი გააკეთა, გადმოსკდა და სახე დაუსერა. ბავშვიც გაუჩერებლივ ჩხაოდა.
- ასე რატომ ტირის? ჭამის დროა, თუ ჯერ არ შეიძლება? - წუხდა მიმი და აჩხავლებულ ბავშვს ნაზად ეფერებოდა.
- შენც აჭამე მერე! დედის რძე, არაფერს ავნებს! - მიმართა ქირურგმა.
- და იქნებ? უკვე ნაჭამია და მეტი, არ შეიძლება? - შეწუხებული ხმით იკითხა მიმიმ.
- თუ არ უნდა, არც შეჭამს. - მიუგო ქირურგმა. - ბავშვმა, თვითონ იცის, რამდენი უნდა ჭამოს.
- გინდა, ჩვენ გავალთ? - ფიფომ ქირურგს გადახედა.
ამდენი ემოციებისგან მიმი, ხმას ვეღარ იღებდა. არც ჰო უთქვამს და არც არა, მხოლოდ ბავშვს დაჰყურებდა და სიხარულისგან გაფართოებული თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
- ექთანს დავუძახებ, დაგეხმარება. - მიმართა ქირურგმა და ფიფოც გაიყვანა. 
კიდევ დიდ ხანს ისაუბრეს. ფიფომ თავის მკურნალ ექიმსაც დაალაპარაკა, რენტგენის სურათებიც მოატანინა.
მოგვიანებით კი, ყველაფერი უკეთ აეწყო. ფიფოს კიდევ, ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ამჯერად უკვე უცხოეთში და ორივეჯერ, სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე. თუმცა, საბოლოო რეაბილიტაციისათვის, ეს თანხა, მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. აქ კი, მიმიმ ითავა და ფიფოს უჩუმრად, მკურნალობის სხვა ყველა ხარჯი, ერთიანად დაუფარა.
მართალია, ფიფოს ფეხი შეუნარჩუნეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ განიკურნა. ჯერ მთელი წელი, ეტლით უწევდა გადაადგილება, მერე თანდათან, ფეხზე წამოდგომაც შესძლო. თუმცა, ხელჯოხის გარეშე, უკვე ნაბიჯსაც ვეღარ დგამდა.
სამსახურშიც მშვენივრად აეწყო საქმე. ასმაგად დაუფასდა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრამვა და კარგადაც დააჯილდოვეს. იუსტიციის სამინისტროში გადაიყვანეს, ერთი-ერთი საპატიო პოსტიც ჩააბარეს. ახლა უკვე, საკმაოდ დიდი ხელფასიც ჰქონდა, ცალკე მძღოლი, სამსახურის მანქანით ემსახურებოდა და ცალკე საუკეთესო მანქანითა და ბინითაც კი დაასაჩუქრეს. 
ფიფო მშვენივრად ხვდებოდა, თავი ასე რატომაც გამოიდო სახელმწიფომ და ასე მსუყედ, რატომაც დაჯილდოვდა. იცოდა, ყველგან ნათლიის ხელი ერია და არა მარტო მისი. იქნებ, საქმე სულ სხვა რამეში იყო? იქნებ ამით, ფიფოს გაჩუმება უნდოდათ? მაგრამ რატომ? სერიული მკვლელის, ასე უკვალოდ გაქრობა, რისთვის იყო საჭირო? თუ ვისთვის?
მართალია, ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ პიპას გაუჩინარება, მაინც სულს უღრღნიდა ფიფოს. 
სტიქიისგან დაზარალებული მსხვერპლი, არც თუ ისე ცოტა იყო. უამრავი დაშავებული და დაკარგული ხალხი, დანგრეული და გაპარტახებული სახლები. უზარმაზარი ზარალი. ბევრი ამოუცნობი გვამი გამოირიყა, ბევრის გვამსაც კი, ვერ მიაგნეს.
ფიფომ ერთი ამბავი ატეხა. ყველა და ყველაფერი კარგად დაათვალიერებინა. ყოველ გვამზე, ხელმეორედ ჩაატარებინა ექსპერტიზა. ყოველი ფოტოც კი, ზედმიწევნით გადაამოწმა. დანამდვილებით იცოდა, რომ პიპას, ნატყვიარი მარცხნივ, ქვედა მხარეს, სავარაუდოდ, წელთან უნდა ჰქონოდა და მისი ზუსტი მდებარეობა კი, თავის დროზე, მიმისგან შეიტყო. ეს იმ დროს, როცა პიპას დასახმარებლად გარბოდა, გზიდან მიმის ბევრი რამ გამოჰკითხა და მიმისაც რაც შეეძლო, ყველაფერი მოუყვა, ოღონდაც პიპასთვის დროულად ეშველა და საპატიმროდან დაეხსნა. 
ფიფომ ბევრი ეძება, მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. თუმცა, ამ ნატყვიარების არსებობაზეც, ბოლომდე დუმდა და არავის უმხელდა.
ერთხანს მიმისთან ცხოვრობდნენ. ფიფო ოფიციალურად, მამიდის ოთახში დამკვიდრდა. მამიდა კი, რძალს შეეხიზნა და ახლა, ერთ ოთახში ეძინათ. მამიდამ თავისი სახლი, მთლიანად გააქირავა და თანხას, სულ ბავშვის  ანაბარზე რიცხავდა. უკვე აღარც ფიფოს პროფესიაზე წუწუნებდა, რადგან ამხელა თანამდებობის სიძე ჰყავდათ ოჯახში. ცოტა კი მაინც უცნაურად ეჩვენებოდა, ცოლ-ქმარს, სხვადასხვა ოთახში, რომ ეძინათ, მაგრამ ესეც, მიმის ერთ-ერთი კაპრიზი იყო. თუნდაც, იმიტომ რომ ბავშვს, თავის ოთახში იწვნდა. ფიფო მართლაც საშინლად ხვრინავდა, რასაც მამიდა, ნამდვილად ემოწმებოდა. მისი ხვრინვის ხმა, სასტუმრო ოთახშიც ისმისო და ამის გამო, ცოლ-ქმრის სხვადასხვა საძინებლები, უკვე უჩვეულოდაც აღარ ჩანდა.
მიუხედავად მიმის ამდენი ნერვიულობისა და ასეთი ძლიერი სტრესისა, ბავშვი ძალიან მშვიდი აღმოჩნდა. არც მთელი დღეები გამუდმებით ტიროდა და ღამეც მშვენივრად ეძინა. მამიდა ძილის წინ შეუჭყიტავდა, მოინახულებდა, თან ცდილობდა, რამე მაინც გამოეკითხა და გამოექექა. ყოველთვის უნდოდა გაეგო, ვინ იყო, ის ქირურგი კაცი და საიდან იცნობდა, მიმის. ათასი აზრი ებადებოდა, მაგრამ მიმი, ისე ოსტატურად იგერიებდა, რომ კითხვებს თავს, ვეღარ უყრიდა და საუბარსაც იმ თემაზე, ვეღარ აგრძელებდა. მიმი ჩვილს, სულ თვითონ უვლიდა. ძიძაზეც კატეგორიული უარი განაცხადა. თუმცა, დამხმარეები სახლში, ისედაც არ აკლდა. 
რაც შეეხებოდა ქირურგს, ფიფოს ძალიან დაუმეგობრდა. ოჯახში სტუმრობას, ხშირად თავს არიდებდა. მის დანახვაზე მიმი, ბავშვს იმიზეზებდა და ოთახში შეიკეტებოდა, რასაც მამიდის მახვილი თვალი, უყურადღებოდ არ ტოვებდა. ქირურგიც მშვენივრად ხვდებოდა მიმის უხასიათობას და ძირითადად, ფიფოს ტელეფონზე ეხმიანებოდა ან სამსახურში შეურბენდა. ფიფოსთვის კი ეს კაცი, ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო. სწორედ მისი წყალობით შესძლო, ჯანმრთელობის აღდგენა. თუმცა, ბოლომდე ვერა, მაგრამ რადგან, საბოლოოდ ეტლს მიჯაჭვული და ფეხ მოჭრილი არ დარჩა, საწუწუნო მაინც არაფერი ჰქონდა.
ქირურგსაც თავის მხრივ, პირადი ინტერესები გააჩნდა. პიპას ირგვლივ, ყველაფერი აინტერესებდა, მაგრამ ისიც კი არ წამოსცდენია, რომ მიმის, ბავშვის დაბადებამდე ბევრად ადრე იცნობდა. 
ხშირად ჩამოუგდებდა ხოლმე ფიფოს სიტყვას, ხან რაზე და ხან რაზე, თუმცა ფიფო, არ იყო ის კაცი, რომ ასე ადვილად დაეფქვა რამე. აბა რატომ მოუყვებოდა უცხო პირს, გამოძიების დეტალების შესახებ? მით უმეტეს, თუ მხოლოდ თვითონ და ძალიან ჩუმად, ყველასგან ფარულად მაინც იძიებდა, პიპას მივიწყებულ ამბავს.
ქირურგი კი, იმედს მაინც არ კარგავდა, როდესმე რაღაცას ხომ მაინც შეიტყობდა, თავის ძველ და ასე უკვალოდ გაუჩინარებულ მეგობარზე.
LEX. 2018 წლის 3 ნოემბერი, კვირა.

No comments:

Post a Comment