როცა ბავშვი მონათლეს, იმ დროს ფიფო, ისევ ეტლში იჯდა და მისი საბოლოო გამოჯანმრთელებაც, ჯერ კიდევ საკითხავი იყო.
მიმის ძალიან უნდოდა ერთ-ერთი ნათლია, მხატვრის მეგობარი, ის მსახიობი ქალი ყოფილიყო, მაგრამ ფიფომ კატეგორიული უარი განაცხადა და მიზეზიც, ძალიან ადვილად ახსნა.
- რა ამბავია, ამდენი ნათლია?! ისედაც, უკვე ხუთი ნათლია ჰყავს!
თუმცა, მთავარი მიზეზი კი, სულ სხვა რამეში იყო და ეს, როგორც ფიფომ, ასევე მხატვარმაც მშვენივრად იცოდა, ამიტომაც ფიფოს აუბა მხარი და მიმიც უპრობლემოდ დათანხმდა.
ნათლიები, მართლაც ხუთნი იყვნენ. ორი, მიმის მეგობარი გოგონა, მხატვარი, ქირურგი და ის პატარა ფსიქოლოგი ბიჭი - იონა, რომელიც ფიფომ ერთ დროს, „ხანუმა დეიდას“ ჩაუსახლა.
იონა თავიდან, უარზე იდგა.
- აბა ჩემგან, როგორი ნათლია უნდა დადგეს? არც რელიგიური ვარ და აღდგომისაც კი არ მჯერა!
- შენც რა გენაღვლება რა? - „ხანუმა დეიდას“ გაეცინა. - რადგან გთხოვეს, იყავი ნათლია! ლამაზი ჯვარი შეარჩიე, ფულზე არ იდარდო. მე გადავიხდი და ჩვენგან ორივესგან იქნება. მერე სხვა საჩუქრებიც ვაჩუქოთ.
- მარტო ფულზეც ხომ არ არის საქმე? ბოლო-ბოლო შევაგროვებ და მე თვითონ ვუყიდი იმ ჯვარს, მაგრამ რომ არ მწამს?
- ისე, მართალი ხარ! ცოტათი მაინც უნდა გწამდეს. - ამოიხვნეშა ხანუმამ.
- რატომ უნდა მწამდეს? რადგან ბევრს სწამს, იმიტომ? და მერე ვინ არიან, ის მორწმუნე ხალხი? - იონამ ხმას აუწია. - მასა! უბრალოდ მასა! ეს ის მასაა, რომელიც ერთი უკიდურესობიდან, მეორე უკიდურესობაში ვარდება და მხოლოდ თავიანთი საქციელი მიაჩნიათ უაღრესად ჭეშმარიტად და წმინდად!
- ჰოო? - ირონიულად ჩაურთო ხანუმამ.
- ჰო! - დაუმოწმა ბიჭმა. - რადგან დღეს ამ რელიგიას ამოეფარებიან, ხვალ ვიღაც ლიდერი ენთუზიასტი გამოჩნდება და ახლა მის გვერდით არიან და მის მზეს ფიცულობენ და სინამდვილეში, ერთი გრამი საკუთარი აზრი კი არა, საკუთარი ტვინიც კი არ გააჩნიათ! - იონა გაჩუმდა და მერე დაუმატა. - აბა, როგორ უნდა ვიწამო, ვიღაცეებისგან მოგონილი, მათრობელა იდეები?
- ჰა, ჰა! - გაეცინა ხანუმას. - უყურე შენ! სახლში კომუნისტი მყოლია და არც კი ვიცოდი.
- კომუნისტი, რა შუაშია? რადგან მარქსი მომწონს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ...
- სხვათა შორის, მარქსი წარმოშობით, ებრაელი იყო და ლამის მთელი ბიბლია, ზეპირად იცოდა. მისი ყოველი იდეა, მისი ყოველი, ხალხისკენ მიმართული ფრაზა, სიტყვაც კი, ბიბლიის ანალოგიაა.
- აღდგომისაც რომ არ მჯერა, ეგეც მარქსია?
- ჰოო? - ისევ გაეცინა ხანუმას. - არ სჯერა ბიჭს და რა ჰქნას?!
იონამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- აღდგომა, აღდგომა. - წაიბურტყუნა ხანუმამ. - და მერე შენ იცი? რა არის ეს? ან საერთოდ, რას ნიშნავს, აღდგომა?
- როგორ არ ვიცი! - მკვირცხლად მიუგო იონამ. - მაგრამ აი, როცა აღსდგა, მერე სადღა გაქრა? სად წავიდა? თუ იქ არის, ისე როგორც ბევრს ჰგონია, აფრინდა და ხელმარჯვნივ მიუჯდა მამიკოს და ასე აგრძელებს ნეტარებას, არა? და საერთოდ, როცა აღსდგა, აი სწორედ მაშინ, რა მოხდა? რამე შეიცვლა? ჰო, ზუსტად იმ ხალხისთვის, ვინც ასე უაზროდ ეთაყვანება, აი სწორედ იმ ხალხისთვის, რა გაკეთდა? ან ამ თავისი აღდგომით, საერთოდ კი გააკეთა რამე?
ხანუმამ არაფერი უპასუხა. ერთხანს, მდუმარედ ისხდნენ. იონა აშკარად, გამარჯვებას ზეიმობდა. მშვენივრად აუხსნა მოხუცს, რელიგიის მთელი სიცრუე.
- სიყვარული, მრავალგვარია. - დუმილი დაარღვია ხანუმამ.
იონამ ეჭვის თვალით გადმოხედა. თუმცა, არაფერი უთქვამს. ფიქრებში წასული ხანუმა, ალბათ სხვა თემაზე თუ გადაერთოო, გაივლო გულში.
- ჰო, მრავალგვარია. - გააგრძელა ხანუმამ. - ზოგი ამას გპირდება, ზოგი იმას. ზოგიც ტყუილად გპირდება, ზოგიც მართლაც ასრულებს, ზოგს კი, სჯერა თავის პირობის! თუმცა, მერე ავიწყდება და აღარც ასრულებს, მაგრამ რომ იცოდე, ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტი მაინც, უპირობო სიყვარულია!
- უპირობო? - ჩაეკითხა ბიჭი, თან ისეთი სახე ჰქონდა, დარწმუნებული იყო, რომ „ხანუმა დეიდა“, რაღაცას ურევდა და მართლაც სხვა თემაზე იყო გადასული.
- ჰო! უპირობო! რა იყო? რა გაგიკვირდა?
იონას ირონიულად გაეღიმა და არაფერი უპასუხა.
- პირობის გარეშე, ყველანაირი ზედმეტი დაპირებების გარეშე! რადგან სწორედ მასში ხდება, ის განზავება. - ხანუმამ ჩაი მოსვა და ისე გააგრძელა საუბარი, რომ ბიჭისკენ, არც გაუხედავს. - ეს ნამდვილი და ჭეშმარიტი გრძნობა, სამყაროში ყველა სულიერის სულში შეღწევას და იქ დასადგურებას ნიშნავს, ანუ რას ნიშნავს? - ჩაეკითხა გაოგნებულ ბიჭს.
- რას ნიშნავს?
- რას ნიშნავს და, აღდგომას!
- რაა?
- ჰო! რა იყო? აღდგომა, ანუ სიყვარული! - ყოველგვარი დაპირებებისა და ანგარების გარეშე, სულში შემოღწეული, აღდგომის სიხარულია და ამ შემოღწეულის, სულში დამკვიდრებული, ანუ აღმდგარი ქრისტეს დღეა! შენი დღეა! ჩემი დღეა! ჩვენი, მათი და ასე შემდეგ! ჩვენს სულში გამოღვიძებული, სიცოცხლის დღეა! ეს ის დანთებული ლამპარია, რომლის მთლიანად ჩაქრობა გამორიცხულია! ზოგჯერ შეიძლება, ხან ერთი კელაპტარი ჩაქრეს, ხანაც მეორე. შეიძლება, რომელიღაც ნათურა, მხოლოდ ოდნავ ბჟუტავდეს, ზოგი ჩამქრალი კი, შეიძლება აღარც აინთოს, მაგრამ როცა სულში, ჭეშმარიტი გამოღვიძება ხდება, იქ ნათელი სხივი, არასოდეს ქრება!
- ესე იგი, როცა რელიგიას ვეზიარებით და თვალებს ფართოდ გავახელთ, მაშინ ჩვენ, იმ გახელილი თვალების დახუჭვა, აღარც გვემუქრება? - იონას ისევ ჩაეღიმა.
- რელიგია სულაც არ მიხსენებია. - მხრები აიჩეჩა მოხუცმა. - კარგად დამიგდე ყური აბა! აი, ის გამოღვიძება, უნდა ატარო შენში და არა მარტო იმ აღდგომის კვირა დღეს! სამუდამოდ ატარე და იყავი ადამიანი, სულიერი ადამიანი და არა რელიგიური რიტუალების უბადლო შემსრულებელი, სანთლით ხელში და მუხლის ჩოქვით! აი, ესეთი გამოღვიძება ატარე სულში! და არა მარტო იმ ისტორიულად დანიშნულ კვირა დღეს! ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ატარე! თვით აღდგომა ატარე, ყოველ წამს! აღარ დაუშვა შენში, დასადგურებული აღდგომის განდინება! შენ თვითონ ხარ, აღდგომა და შენია სასუფეველი! შენს სულში, აღდგომის დასადგურებლად ეწამა, მაცხოვარი!
იონა, ენაჩავარდნილი შეჰყურებდა მოხუცს და ხმის ამოღებასაც ვეღარ ბედავდა.
ხანუმა დეიდა სულაც არ ჰგავდა რელიგიურსა და მორწმუნე ქალს, არც ეკლესიაში დადიოდა და სახლში, ერთი ხატიც კი არ ჰქონდა, მაგრამ....
„ახლა ნეტავ, რამ უკბინა? მთელი ცხოვრება, ათეისტურად იცხოვრა და ახლა გამოეღვიძა? თუ სიბერის ბრალია? რის ეშინია? ჰმ, უღმერთოდ არ უნდა წასვლა, იმ ქვეყნად?“
დიდხანს იჯდა იონა, ჩაფიქრებული. განძრევა არც უცდია. ცალკე, თავის სავარძელში, ხანუმა თვლემდა და დროდადრო, მისი ფშვინვა ისმოდა.
არა, მართლა როგორ გაუმართლა ამ ბიჭს. ნამდვილად ბედი ჰქონია. მშვენიერ ხალხში მოხვდა. ხანუმას, ბევრად ადრეც იცნობდა, ფიფოს გაცნობამდე ადრე, თუმცა, არასდროს უთქვამს მისთვის, რომ ობოლი და ასეთი უპოვარი იყო. ნიჭიერ ბიჭს პროტექციებს, ხანუმას ძველი ნაცნობი პროფესორი უწევდა. მერე ის კაცი გარდაიცვალა და ბიჭის დახმარება, ანდერძად ხანუმას გადააბარა, რადგან იონა კრიმინალისტიკის ფსიქოლოგიით იყო დაინტერესებული, ხანუმამაც ფიფოს ნათლიისკენ მიუშვა.
ნათლიამ მშვენივრად შეაფასა ამ ყმაწვილის გონიერი შესაძლებლობანი და ფსიქოლოგად აიყვანა. თუმცა, არაოფიციალურად და სწორედ ფიფოს საგამომძიებლო საქმეებში ჩაახედა. თუმცა ბიჭს, ყოველთვის აწვალებდა ის კითხვა, რატომ მაინცდამაინც, ფიფოს საქმე იყო ასეთი საინტერესო და თანაც, ასე გასაიდუმლოებული.
ფიფოსთან, პირველი დღიდანვე ააწყო ურთიერთობა და სწორედ მისი წყალობით, ისევ ხანუმასთან მოხვდა და საბოლოოდ იქ დამკვიდრდა. „ხანუმა დეიდა“, მარტოხელა მოხუცი ქალი, საკუთარი შვილივით უვლიდა. არც მის დატუქსვას ერიდებოდა და არც ბიჭის შექება გამორჩებოდა. ბიჭიც სიყვარულზე, სიყვარულით პასუხობდა და არასდროს ავიწყდებოდა მადლიერების გამოხატვა.
იონა ძალიან ჭკვიანი იყო, გონიერი. თუ რელიგიის არ სწამდა და არანაირ რელიგიურ მოსაზრებებს არ იზიარებდა, სამაგიეროდ მშვენივრად იცოდა, რომ ნებისმიერ რამეში უნდა ნახო, ჭეშმარიტების ნაწილი და სწორედ ის ამოიღო და გაითავისო და შენეულად მიიღო და არა ის, კონკრეტულად ვინ, რა, სად და როდის სთქვა.
პიპას ნაჩუქარი წიგნი, სახლში მოტანისთანავე, თაროზე შემოდო და შეიძლება არც კი გახსენებოდა, ხანუმასთან რელიგიის თემაზე, დისკუსია რომ არ გაემართა.
ლამის მთელი ღამე, იმ წიგნის კითხვაში გაატარა. წიგნი კი არა, უფრო ბროშურა იყო, მაგრამ სათითაოდ ჩაუღრმავდა ყოველ დეტალს, ბევრი რამ აღმოაჩინა და მისთვის, ბევრ რამესაც აეხადა ფარდა. თუმცა ამით, არც რელიგიური გამხდარა და არც აზრი შეუცვლია, მაგრამ ახლა, სულ სხვა მხრიდან შეხედა ცხოვრებას.
დილით, ხანუმას საუბარს მოჰკრა ყური.
- არა მგონია, რომელიმე სხვა რელიგიის მომხრე იყოს, მაგრამ თუ არ უნდა, არც სჯერა და არც კი სწამს, მაშინ რაღას აძალებ? ნათლიებიც საკმარისად გყავს...
„ალბათ, ფიფოს თუ ელაპარაკება?“
გაუელვა გულში იონას და მაშინვე ოთახში შევიდა.
- კი მინდა! მოვნათლავ ბავშვს!
ხანუმამაც არ დააყოვნა და ფიფოს გადასცა, თანახმააო. მერე ბიჭს მიუბრუნდა:
- შენ თუ ხარ, მონათლული?
- კი, ვარ!
- ნამდვილად, იცი?
- მთელი ბავშვობა, ჯვარსაც კი ვატარებდი, მერე როდის და სად წავიღე, აღარც მახსოვს.
- ძალიან კარგი. - გაუღიმა ხანუმამ. - ჩემი ბარათი წაიღე და სამი ჯვარი იყიდე.
- სამი?
- ჰო, სამი! ორი ხის, უბრალო და ერთიც კი ლამაზი ოქროს ჯვარი, იმ პატარა ოქროს ბიჭისთვის.
იონამ მხრები აიჩეჩა და ბარათი გამოართვა. მერე გაკვირვებული ხმით ჰკითხა:
- ამდენი ჯვარი, რად უნდა? ერთი იყოს და ძვირფასი, მაგრამ როგორ შევარჩიო, რომ არ ვიცი? იქნებ, ყალბი შემომატყუონ?
- ფიფოს ნათლია მოვა მალე, მეუღლით. ის წაგიყვანს და აგარჩევინებს. - მერე ჩაფიქრებული ხმით დაუმატა. - ისე, ბიბლიური სახელი კი გქვია, მონათლულიც, რომ იყავი, ისიც კარგად გახსოვს, არა?
- კი, მახსოვს და ჩემდა სამწუხაროდ, კიდევ ბევრი რამეც მახსოვს, მაგრამ გახსენებაც კი არ მინდა!
- ნება შენია. მე ყოველთვის მოგისმენ. - შეაპარა სიტყვა ხანუმამ, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ბიჭის წარსული და წარმომავლობა. ის კი, ჯიუტად დუმდა და თავის თავზე, არასდროს არაფერს ჰყვებოდა.
იონა ყველაფერს მიუხვდა და ჩაეღიმა:
- ნუთუ, ასე საინტერესოა, ჩემი განვლილი, უბადრუკი ცხოვრება?
- მე შენი ინტერესი მაქვს, მინდა ყოველთვის სწორ გზაზე იდგე, არაფერი შეგეშალოს! თუნდაც, უნებლიეთ და მერე... - ხანუმამ ამოიხვნეშა. - იმედია იმ სერიულ მკვლელს არ დაემსგავსები, ხედავ? სადამდე მივიდა, მისი წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვა და არაკაცობა? ნიჭიერი, ასეთი გონება გახსნილი სწავლული, დამსახურებული პროფესორი კაცი, ბოლოს მკვლელად იქცა!
- ჰოო. - თავის ქნევით დაეთანხმა ბიჭი. - თან, სერიულ მკვლელად.
- აბა?! სერიულ მკვლელად! - დაუდასტურა ხანუმამ და მერე უფრო ჩუმი ხმით დასძინა. - ითმინა, ითმინა და ვეღარ შესძლო ატანა.
- ისე, მეც სულ ვფიქრობ, ამაზე. თან, ამდენი წელი, რატომ იყო ჩუმად? ძალიან დიდი დრო მოანდომა, წლები შეალია.
- ალბათ, მართლაც სანამ მისთვის, ყველაზე ძვირფასს არ შეეხნენ, მანამდე...
- და მერე, ამოქმედდა! - დაურთო იონამ.
- ჰო, შვილო, ჰო! კი არ ვამართლებ, მაგრამ გადაეკეტა ყველა ნერვი და ბოლომდე ჩაუწყდა, იმას იქეთ გასცდა ზღვარს! და ამის მთავარი მიზეზი კი, მისი წარსულია! და არც ეს მიზეზია, მისი გასამართლებელი ქცევა! მაგრამ არ შეიძლება ასე, ცოცხალი ადამიანის წარსულის მიჩქმალვა და მიმალვა. აი სწორედ იქიდან დაიწყო, მისი მთავარი უბედურება, რომელსაც კასკადურად მოჰყვა იმ უბედურის, უბედობა. ამიტომაც სავალდებულოა, ადამიანმა კარგად იცოდეს თავისი წარსული და წარმომავლობა! თუ ხმამაღლა არ განაცხადებს, მის გულში მაინც უნდა იცოდეს, რომ მერე სხვის უბედურებაში, არ ჩადგას ფეხი!
- მე მასე, არ დამემართება. - გაეღიმა იონას.
- არავინ, არაფრისგან, არ ვართ დაზღვეულნი, რომ იცოდე.
- ეგ არ მითქვამს! - მიუგო იონამ. - თუმცა, მაგაში მართალს ბრძანებ. არავინ ვართ, დაზღვეულნი!
სიჩუმე ჩამოვარდა. იონა ჩაფიქრებული იჯდა. ხანუმაც, სადღაც ფიქრებში იყო ჩაძირული.
- უფროსი და მყავს. - დაიწყო იონამ. - მამაჩემის, პირველი ცოლისგან. - ბიჭმა წუთით იყუჩა და მერე განაგრძო. - დედაჩემი, ცოლად არ შეურთავს და რატომღაც, არც გვარი მომცა. თუმცა ხანდახან, ყურადღებასაც კი მაქცევდა, უფრო პატარაობისას. ბუნდოვნად მახსოვს, დედასთან ერთად მასეირნებდა, რაღაცეებს მყიდულობდა, ცუდად არ მექცეოდა, პირიქით, ძალიან თბილად და ალერსიანად. - იონა ისევ გაყუჩდა.
ხანუმა გარინდული იჯდა. მოთმინებით ელოდა ბიჭი, როდისღა გააგრძელებდა საუბარს.
- ერთხელ მკითხა, მამაშენი იცი ვინ არისო? არც მახსოვს, მაშინ რა ვუპასუხე. - იონამ ამოიხვნეშა. - მერე აღარც მახსოვს, რა მოხდა, ჩვენთან აღარ მოდიოდა, მერე დედა გარდაიცვალა... - იონა ისევ გაყუჩდა. - მამას ახლა სხვა ცოლი და როგორც ვიცი, კიდევ ხუთი შვილი ჰყავს. - მერე დაბალი ხმით დაუმატა. - ან იქნებ, ახლა უკვე უფრო მეტიც.
იონა წამოდგა, წყალი დაისხა და ჭიქა, ერთი სულის მოთქმით გამოცალა.
ხანუმას უნდოდა ეთქვა, მეტს ნუღარ გააგრძელებო, მაგრამ ბიჭმა დაასწრო და განაგრძო:
- ერთხელ მომაკითხა, იქ! - იონა ბავშვთა სახლს გულისხმობდა. - ვერ ვიცანი. არ ვიცი, ვინ ხარ მეთქი და ასე მიპასუხა იცი შენ, მე ვინც ვარო და მერე აღარც გამოჩენილა. ჰო, როგორც მახსოვს, სახელიც თავად დამარქვა და უკანონო შვილსაც გვარი იმიტომ არ მომცა, რომ მერე ალბათ, მღვდლად ვეღარ ეკურთხებოდა. ასე რომ, მამის საზოგადოებისთვის, დამალული შვილი ვარ! - ბოლო წინადადება, იონამ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ წარმოსთქვა და იქვე, ხანუმას გვერდით, სავარძელში ჩაჯდა.
- შენ, ჩემი შვილი ხარ! - არც აცალა სულის მოთქმა ხანუმამ.
იონა აიწურა. სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა.
- თუ გინდა, შვილიშვილი იყავი. ასე უფრო შემეფერები და თუ გინდა, ბიძაშვილი! მაგრამ მაინც, ჩემი ხარ!
ბიჭი თავის აწევასაც ვეღარ ბედავდა და აცრემლებული თვალების დამალვას ცდილობდა.
- წადი ახლა, პირი კარგად დაიბანე, ეგ წვინტლები მოიწმინდე და შეხვდი ფიფოს ნათლიას! - ისე უთხრა მოხუცმა, რომ ბიჭისკენ არც გაუხედავს. - ამ კიბეებზე ნუ ამომიყვანსო, ქვემოთ დამხვდესო. იცის, ჯვარი რომ უნდა გაყიდინოს.
იონამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ბავშვს, რომ მონათლავთ, ის ორი ხის ჯვარი ცალკე აკურთხებინე და სახლში მოიტანე ერთი შენთვის და მეორე ჩემთვის! - გასცა ბრძანება ხანუმამ.
ბიჭს გულიანად გაეცინა და ნათლიის შესახვედრად გაეშურა.
- რასაც მხოლდ შენი საკუთარი თავისთვის აკეთებ, შენს მეტს არავის სჭირდება, მარტო შენ გინდა, შენ იცი და შენთან ერთადაც კვდება... - თავისთვის ჩაილაპარაკა ხანუმამ. - რასაც სხვისთვის გაიმეტებ ის კი, არასოდეს კვდება...
LEX. 2018 წლის 2 დეკემბერი, კვირა.
No comments:
Post a Comment