Thursday, March 28, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 154)

154.
სახლში იმავე გზით დაბრუნდა. ისევ უჩუმრად შეიპარა კლინიკაში. გამორთული ტელეფონი, ჩართო და ტაქსიც გამოიძახა. მუქი ლურჯი მანქანა, ისევ იმ ადგილას იდგა და ისევ მიმის აეკიდა. 
„ესე იგი, მართლა მასეა!“ 
გაიფიქრა მიმიმ. 
„ფიფომ შპიონები ჩამისაფრა. 
აი, მოსაღამოვდა კიდეც და არც დღეს დაურეკავს და არც გუშინ. თუმცა, ისედაც მოახსენებდნენ ალბათ, სადაც ვიყავი. 
ჰმ. არ ვაპატიებ! დამაცადოს! ვაჩვენებ მაგას, როგორ უნდა ჩემი თვალთვალი.“ 
მიმი ტელეფონს დასწვდა. ფიფომ მალევე გააგონა. 
- შეგიძლია შენს შპიონებს უთხრა, რომ ბანანის ნაყინი ამომიტანონ! მხოლოდ, კარამელით! - მიაყარა მიმიმ და კმაყოფილი სახით ტელეფონი გათიშა.
დარწმუნებული იყო, ფიფო მაშინვე გადმორეკავდა და არც შემცდარა. 
- არა მიმი! შენ არაფერ შუაში ხარ! მანდ სულ სხვა ამბავი იქნება! - არწმუნებდა ფიფო. 
- როგორ თუ, არაფერ შუაში ვარ?! - წამოიყვირა მიმიმ. - ექიმთანაც კი წამომყვნენ! ლამის, საღამომდე იქ გავჩერდი, სპეციალურად არ გამოვდიოდი გარეთ და ისინი კი, იქ მიცდიდნენ და მერე უკან გზაზეც გამომყვნენ! - არ ცხრებოდა მიმი. - თან სპეციალურად, შორი გზიდან წამოვაყვანინე თავი და ზუსტად კვალში მედგნენ! ტაქსის მძღოლმაც კი შენიშნა! 
ფიფო რას არ ეცადა, როგორ არ აუხსნა, ვინ არ დაიფიცა, მაგრამ მიმი, ვერანაირად ვერ დაარწმუნა,რომ მართლაც არაფერი იცოდა. 
- კარგი მიმი, დამშვიდდი და გპირდება ხვალვე გავარკვევ ყველაფერს. ახლა ძალიან დაღლილი ვარ, მთელი დღე სამსახურში დავაღამე. 
- დღეს კვირაა და ასეთი, რა საქმე გქონდა? 
- ეჰ, საქმის მეტი რა იყო. - ამოიხვნეშა ფიფომ, თუმცა იმ დღეს, სამსახურს არც გაკარებია. 
მიმისთვის კი, ნამდვილად არ ეცალა. დაკავებული იყო, მაგრამ არა საქმით, არამედ პირადი ინტერესების გამო, ვერ იცლიდა. 
ფიფო საწოლში წამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ერთხანს, ასე ჩაფიქრებული იჯდა და საერთოდაც არ ესმოდა, მის გვერდით მწოლიარე მსახიობი ქალი, რას ექაქანებოდა. დროდადრო, ღიმილით უქნევდა თავს. ქალი ენას არ აჩერებდა, თან ფიფოს ეხვეოდა და ეალერსებოდა, მერე მისი სიგარეტი ჩამოართვა და თვითონ გააგრძელა მოწევა. ფიფო მხოლოდ ხორცით იწვა იქ, ხოლო მისი სული და გონება კი, სულ სხვაგან დაჰქროდა. 
იცოდა, რომ ეს თვალთვალი, მხოლოდ პიპას სახლთან და სამსახურთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიმისთან რა საჭირო იყო? მიმისგან რაღა უნდოდათ? 
თითქოს, შეთანხმდნენ კიდევაც, რომ მიმის არანაირად არ გარევდნენ და ახლა, რაღა გამოდიოდა? 
ჩანდა, ყველაფერი მის ზურგს უკან ხდებოდა, რაც საშინლად აღიზიანებდა და გულზე ხეთქავდა. ყველაზე მეტად კი, ის უჭამდა სულს, რომ თავისი დაწყებული ნაწვალები და თითქმის ბოლომდე მიყვანილ საქმეს, ახლა სხვები განაგებდნენ და ცალკე კი ამ უაზრო თვალთვალის გამოც, მიმის საბოლოო დაკარგვის საშიშროებაც იდგა წინ. 
- გავარკვევ. ყველაფერს გავარკვევ. - ჩაიბურტყუნა ფიფომ და საწოლიდან გიჟივით წამოხტა. მთელი სისწრაფით იცვამდა, ქალის შეკითხვებსაც უაზროდ პასუხობდა და ისე გამოვარდა სახლიდან, რომ მობილური, საფულეც და მანქანის გასაღებიც კი კომოდზე დარჩა, რის გამოც, მალევე უკანვე აბრუნება მოუხდა. 
სანამ ფიფო მანქანას დაძრავდა, უკვე ნათლიასთან ცხარე კამათში იყო ჩართული.
ნათლიას, თავის მართლება, არც უცდია. მხოლოდ, ფიფოს ამშვიდებდა და უახლოეს დროში, ყველაფრის გარკვევას შეჰპირდა. ოღონდ, ხვალ დილიდან მოდი, ახლა სუფრიდან, ნუ ამაყენებო. 
ფიფო მაინც არ ეშვებოდა და დაუყოვნებლივ მოითხოვდა პასუხებს.
- და მე ხომ გითხარით ყველას და გასაგებადაც აგიხსენით, რომ მიმი! არაფერ შუაშია! შეიძლება მართლაც, მისი მეგობარი გოგო ათევდა იქ ღამეს?! ბოლოს და ბოლოს, მაგასაც გადავამოწმებ! - არ ცხრებოდა ფიფო. - აბა ამხელა მუცლით, დაჭრილ კაცს, მართლაც როგორ მოუვლიდა?
- ეჰ, შე ბოთე შენა. - ჩაეცინა ნათლიას - შეყვარებულ ქალს ფეხებიც, რომ მოჰკვეთო, მაინც ირბენს! ჰი! ჰი!
ფიფო საშინლად გაღიზიანდა. სად წასულიყო აღარ იცოდა. არც მიმის ნახვა უნდოდა, ცალკე ის მოსთხოვდა ამ თვალთვალის ახსნას, ფიფოს კი არაფერი ჰქონდა სათქმელი, გული ბოღმით ევსებოდა და საკუთარ თავს ტუქსავდა. 
„მართლა რა იდიოტი ვარ! ჩავუკაკლე ყველაფერი და მიმიც სულ ტყუილად გავრიე! 
ახლა კი, ყველა თავს კარგად გრძნობს და მე ისევ ვკარგავ იმ გოგოს და რის გულისთვის? იმისთვის, რომ ჩემი მოვალეობის სუფთად და პატიოსნად შესრულება მინდოდა! 
და ყოველივე ამის მერე კი, მიმი საბოლოოდ ზურგს შემაქცევს, ჩემს გამოძიებას სხვები მიიწერენ და დარწმუნებული ვარ, მკვლელი მაინც თავისუფალი იქნება და მე გაბრიყვებული! ქვეყნის სასაცილოდ აგდებული და ალბათ, უხელფასოდ დარჩენილიც! 
ჰმ, ვინ იცის? არც ეგ არის გამორიცხული.“
მართალია, ფიფო თავის დაწყებულ საქმეს, ფაქტიურად ჩამოაშორეს, მაგრამ მაინც უკან არ იხევდა. ყველგან, სადაც კი, თვის ბოლო შაბათს გარდაცვლილის ამბავს შეიტყობდა, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ კარგად გადაემოწმებინა, თუ რა იყო მისი სიკვდილის მიზეზი და სანამ ბოლომდე არ გაარკვევდა, მანამდე არ ეშვებოდა. 
ახლაც თვის ბოლო კვირა იყო და დაგეშილივით ელოდა, მისთვის ხელსაყრელ ამბებს. 
ფიფო თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ის ბოლო მკვლელობაც, ხანძრის ინსცენირებისას ვითომდა კვამლში გაგუდულ მსხვერპლშიც კი, პიპას ხელი ერია. ნამდვილად მისი ჩადენილი უნდა ყოფილიყო, ფიფოს ეჭვიც არ ეპარებოდა. პიპას ხელწერას ჰგავდა და მსხვერპლის საქმიანობასაც, პიპას კვალამდე მიჰყავდა, მაგრამ ალიბი, იმდენად უტყუარი ჩანდა, რომ ვერასდროს დაუმტკიცებდა. 
თუმცა, შემდგომ მაინც კიდევ რაღაც, რატომღაც გაურკვეველი დარჩა. როცა მედ.ექსპერტის პირველად დასკვნას, ფიფო არ დასჯერდა, სადაც სიკვდილის მიზეზად, ხანძარი იყო აღნიშნული და მისი ხელმეორედ გადამოწმება მოითხოვა, აღმოჩნდა, რომ სიკვდილის მიზეზი, ტრაქეის დაზიანება ყოფილა. თავისთავად გამოვიდა დასკვნა, თუ მსხვერპლი მოკლული იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ არსებობდა მკვლელიც. ფიფო დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი ამ ბოლო ვერსიით აღინიშნებოდა და საქმეშიც ასე ჩაეკერებოდა, მაგრამ შეცდა. რატომღაც, საქმეში, სიკვდილის მიზეზად, ისევ ის პირველი ვერსია დარჩა. ფიფო ცოფებს ყრიდა, მაგრამ დაამშვიდეს და ეს ყველაფერი იმით აუხსნეს, რომ ამით, მისი არასწორი ოპერაციის ჩატარებაც მიიჩქმალებოდა და ასე გააჩუმეს.
მაგრამ ფიფო მაინც არ ცხრებოდა და ახალ დანაშაულს ელოდა, ლამის ორი თვე იყო გასული, ჯერ-ჯერობით სრული სიმშვიდე სუფევდა.
„შეიძლება, დროებით მაინც მოეშვას და გაიტრუნოს, არაფერი ჩაიდინოს, რადგან მშვენივრად იცის, რომ ცხელ კვალზე ვდგავარ!“
ფიქრობდა ფიფო.
„და სულ, რომ შეეშვას, მერე? მერე, როგორღა დავიჭერ?
ჰმ, რა საზიზღარი ვარ! რადგან მისი ფაქტზე აყვანა მინდა, ესე იგი მირჩევნია, რომ კიდევ ვინმე მოკლას? რა უბედურებაა! მგონი აქეთ მე ვემსგავსები მკვლელს და ისიც გამიხარდება კიდევ ვინმე, რომ მოკვდეს? ტფუუუ! სულ გავაფრინე მგონი!“
ასეთი საშინელი ფიქრების გამო, ფიფოს ლამის საკუთარი თავი შეზიზღდა, მერე მწარედ ჩაეცინა. 
- რას ათუხთუხებ ამ მანქანას! - პირველი სართულის ღია ფანჯრიდან გამოსჭექა შუახნის ქალმა. - ააყროლა აქაურობა! 
ფიფო ისე იყო ფიქრებში გართული, რომ არც კი შეუმჩნევია, როგორ გადაატრიალა მანქანის გასაღები და ასე დატოვა ჩართული. ხმაზე შეცბა, გონს მოეგო, მყვირალა ქალს მოუბოდიშა. მანქანა ადგილიდან დაძრა და მთელი სისწრაფით გააქროლა, თუმცა საით მიიჩქაროდა,  თავადაც არ იცოდა.
ღამდებოდა. სახლში წასვლა არ უნდოდა. ინატრა კიდევაც, ისევ ის ნაქირავები სახლი მაინც ჰქონოდა, მაგრამ მერე მწარედ ჩაეცინა. ლამის მთელ თავის ხელფასს, იმ ბინის ქირაში ყრიდა. ბოლოს აღარ იცოდა, რა ეღონა და აქ კი მოულოდნელად, მიმის მახვილი გონება მოევლინა მხსნელად. ნაქირავები სახლი, პატრონს ჩააბარეს და ეს ორი თვე, ფიფომაც ამოისუნთქა. 
დარდობდა, ძალიან დარდობდა. გულით უნდოდა, რომ მიმისთან ერთად ოჯახი შეექმნა. იქნებ მერე, დროთა განმავლობაში, მიმის გული მართლაც დაეპყრო. ბავშვს საკუთარი შვილივით გაზრდიდა, ყურადღებასა და სითბოს არ მოაკლებდა. 
„რატომაც არა? დიახაც რომ საკუთარი შვილივით მეყოლება. ჩემი, მიმის და მხატვრის მეტმა, მაინც არავინ იცის, და ისედაც ყველას ჩემი ჰგონია და ასეც იქნება! დიახ, ასეც იქნება!
ვიბრძოლებ მიმის გულისთვის, უკან არ დავიხევ!
და იქნებ იმანაც იცის, რომ ბავშვი?..“
ფიფოს გულზე ბოღმა შემოაწვა. ისედაც კბილები ჰქონდა პიპაზე ალესილი და მიმის გამო, ახლა უფრო მეტად იშლებოდა ჭკუაზე. 
„ყველაფერი ჩემი ბრალია, ყველაფერი! 
მკვლელს მივუგდე გოგო, რომელიც ყოველთვის მომწონდა და მიყვარდა!“
საშინლად მოენატრა ის ძველი დრო. ჯერ კიდევ, როცა მიმი მხოლოდ მას ხვდებოდა. ყველგან ერთად დადიოდნენ, მიმის ყველა მეგობარს კარგად იცნობდა და სულ მის წრეში ტრიალებდა. მაშინ ფიფო დარწმუნებული იყო, რომ მიმისაც უყვარდა. შეიძლება ფიფოზე მეტად არა, მაგრამ არც იმდენად ნაკლებად. მერე კი? თავისი უთავობითა და გაუთავებელი ინტრიგებით,  მიმისთან თავის მართლებაც უწევდა. თუმცა, არც მიმი ჩანდა ზედმეტად ეჭვიანი და ფიფოც უფრო ლაღად გრძნობდა თავს. რამდენიმე მიმის მეგობართანაც კი გააბა ხანმოკლე რომანი, დარწმუნებული იყო, მიმიმ დღემდეც არაფერი იცოდა. მისმა გადაჭარბებულმა მექალთანეობამ კი ერთ დღესაც, მიმი დააკარგვინა. 
საშინელი პერიოდი იყო, იმ დროის გახსენებაც აღარ უნდოდა. მოგვიანებით, ისევ მოიპოვა მიმის ნდობა. კვლავაც თითქოს დაწყვილდნენ, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა მიმის გული, თითქოს მაინც სხვას ეკუთვნოდა და ამაშიც კი დამნაშავე, თავად იყო. პირველმა, თვითონ ჰკრა ხელი ამ გოგოს და თავადვე მიუგდო სხვას და თანაც, ვის? მკვლელსა და ნაძირალას! 
ფიფოს გული შეეკუმშა, ახლა საშინლად მოუნდა მიმის ხმის გაგონება, მაგრამ მიმი, ისე იყო გულმოსული, რომ...
„ახლა სტუმრობა უხერხულია, მიმიც გაბუტულია და თანაც, უკვე ადრეც იძინებს.“
ბევრიც აღარ უფიქრია და გეზი პირდაპირ სახელოსნოსკენ აიღო, თან გზაში, სულ იმას ნატრობდა, ოღონდაც მხატვარი მარტო დამხვდესო.
ხმა გამორთული ტელეფონი კი, მანქანაში წამდაუწუმ ზუოდა, მაგრამ ფიფოს არც ესმოდა, ისე იყო ნერვებზე მოშლილი. აღარც ის გახსენებია, განყოფილებაში ახალი ინფორმაცია, რომ იყო შემოსული და ყოველ წუთს, სამსახურიდან ზარს რომ ელოდა.
ეს შემთხვევაც, ჩვეულებრივ ბუნებრივ სიკვდილად ჩაითვლებოდა, რომ არა, ერთი გარემოება და ამასაც, ფიფომ მიაქცია ყურადღება.
გარდაცვლილი, ასაკოვანი მამაკაცი, სასტუმრო ოთახის შუა გულში, მაგიდასთან სკამზე იჯდა. რატომღაც, შუქის ჩართვა არც უცდია. სამაგიეროდ, მაგიდაზე მდგარ დიდ შანდალში, სანთელი ბოლომდე იყო ჩამწვარი. შორიახლო კი, დიდი ხორცის დასაჭრელი, სუფთა დანა ეგდო ძირს. 
სიკვდილი ბუნებრივი ჩანდა, ასაკიც შესაფერისი. ძალადობის კვალიც არსად შეინიშნებოდა. ყველაფერი ბუნებრივად ჩაითვლებოდა ისევ ფიფოს, რომ არ დაეწყო ქექვა, რასაც თანამშრომლების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, ყველა შემოეცალა, სათითაოდ გაიძურწნენ და შემთხვევის ადგილიც, ფიფოს მარტოს შეაჩეჩეს. 
ფიფოსაც ეს აწყობდა. უფრო დინჯად და გულდასმით გადაათვალიერებდა ყველაფერს. 
ჯერ კიდევ წესიერად გათენებულიც არ იყო, რომ ტელეფონის ზარმა გააღვიძა. მისი მეგობარი უხმობდა. გამოძიებაში დახმარებას სთხოვდა. თავად კი, არ შეეძლო. მიზეზი, კვლავ მისი სუსტი ჯანმრთელობა იყო. სინამდვილეში კი, იმ ღამით სხვა ქალთან ატარებდა დროს და მშველელად, მეგობარ ფიფოს უხმო, ვითომდა, უჩვეულო საქმეაო. თანაც, თვის ბოლოს ემთხვეოდა. 
ფიფოსაც მეტი რა უნდოდა? ფრთებ შესხმული, უთენია გამოფრინდა მიმის სახლიდან. იმ ღამით, შემთხვევით დარჩა მიმისთან. დარჩა კი არა, სიდედრმა ლამის, ძალით დატოვა. არც მიმი იდგა უარზე. მხოლოდ, ფიფოს საშინელი ხვრინვა მოიმიზეზა და ამიტომაც, მამიდის საძინებელი დაუთმო. ფიფოსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. თავადაც დაადასტურა, რომ საზარლად ხვრინავდა და ისედაც, მასე იყო. 
გამთენიისას, ფეხაკრეფით გამოვიდა მიმის სახლიდან. სადღაც უხაროდა კიდეც მიმისთან, რომ თვითონ დარჩა და არა ვინმე სხვა.
თუმცა, ვინ სხვა?
ვის ჰქონდა, ორი თავი, რომ მიმის საძინებელში გაეთია ღამე? 
ფიქრობდა ფიფო, მაგრამ რა იცოდა, თუ გვერდით ოთახში, მიმისთან ერთად, სწორედ იმ ღამით, პიპას რომ ეძინა. ალიბიც, მშვენიერი იყო. მიმიც უყოყმანოდ დაუდასტურებდა, რომ პიპამ, ის ღამე, მასთან ერთად გაატარა. მაგრამ ამ შემთხვევაში, პიპას თავის გამართლება, არც არაფერში დასჭირდებოდა, რადგან იმ ღამით, არავინ მოუკლავს და აღარც შემდგომში აპირებდა უკვე მკვლელობის ჩადენას.
დანაშაულის ადგილი იყო თუ არა, ფიფომ მაინც დაკვირვებით მოათვალიერა. არაფერი ჩანდა ისეთი, რაზეც მკვლელობის მინიშნება იქნებოდა. ცოტა თითქოს, ის შორიახლოს მიგდებული, დიდი დანა ჩანდა საეჭვო. 
- იქნებ, მანამდე დაუვარდა. დაეზარა მაშინვე აღება და მერე, მიავიწყდა კიდეც. მოხუცებული იყო, არც გაახსენდებოდა. - ასე მარტივად ახსნა ფიფოს თანამშრომელმა.
- ჰოდა, წავედით, რაა! არაფერი საინტერესო აქ აღარ არის! მოკვდა კაცი - მორჩა კინო! - დაუმატა ბოლოს ერთმაც და სულ სათითაოდ, ერთმანეთის მიყოლებით გაიძურწნენ. 
მხოლოდ ფიფო დარჩა.
შაბათი დილა თენდებოდა. 
მიუხედავად ასეთი გარემოებებისა, ფიფომ მაინც კატეგორიულად მოითხოვა, გვამის კარგად დათვალიერება და დანაზე თითის ანაბეჭდების კვალის გადამოწმებაც.
მიცვალებული პროზექტურაში გადაასვენეს. თანამშრომლებიც ნელ-ნელა, სათითაოდ შემოეფანტნენ. მხოლოდ ფიფო რჩებოდა ცარიელ ოთახში. ერთხანს, იდგა ასე მდუმარედ. უკვე მერამდენედ ავლებდა თვალს ოთახს. ყველა ნივთი, სავარაუდოდ თავის ადგილას იდო. უწესრიგოდ არც არაფერი ეყარა.
ფიფო მაინც ვერ სწყდებოდა ადგილს. ბოლოს მასაც მობეზრდა. ტყუილად დროს ჰკარგავდა. უმჯობესი იყო, გვამის გაკვეთის შედეგებს დალოდებოდა. გასასვლელისკენ გაემართა და კარში მობრუნდა. კიდევ ერთხელ შეავლო იქაურობას თვალი და ახლა უკვე ყველაფერი სულ სხვაგვარად მოეჩვენა. თვითონ ეს სიტუაცია. მაგიდა სკამები, სანთელი. თითქოს, რომელიღაც სპექტაკლის, ერთ-ერთი სურათი იყო. ახლაღა შეამჩნია. მაგიდასთან, ერთმანეთის საპირისპიროდ მხოლოდ ორი სკამი იდგა. ერთზე ის მსხვერპლი იჯდა და მეორეზე? სავარაუდოდ, ვიღაც შეიძლებოდა მჯდარიყო, მაგრამ სკამი არ იყო გამოწეული, პირიქით, ბოლომდე იყო შედგმული მაგიდაში, ხოლო ამავე ტიპის სხვა სკამები კი, უფრო იქეთ, მაგიდის საპირისპიროდ, კედელთან იყო ჩამწკრივებული. ფიფო ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და მის წინ, აშკარად სცენა გადაიშალა. 
- ჰმ. სცენა სპექტაკლიდან! - ჩაეცინა მწარედ. 
ყველაფერი გასაგები გახდა. აშკარად პიპას ხელი ერია და ახლა უკვე, კატეგორიულად მოითხოვა, გვამისთვის უმაღლეს დონეზე ექსპერტიზის ჩატარება. 
სამსახურში აღარც შეუვლია. ტელეფონიდანვე აუწყა მეგობარ კოლეგას, არაფერიც არ მომხდარა, მოხუცებული თავისი სიკვდილით მოკვდაო. ის კი, თავის მხრივ, დასკვნაში - ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებას ჩაწერდა და საქმესაც დახურავდა, თუმცა, არც კი იყო აღძრული, მხოლოდ და მხოლოდ შეტყობინება შემოვიდა და რადგან, თვის ბოლო იყო, მაშინვე ფიფო მოიშველიეს და თავად,  უქმეებზე ზედმეტ საქმესაც აარიდეს თავი. 
ფიფოსაც სწორედ ეს აწყობდა. რა საჭირო იყო, ზედმეტი ხალხის ჩარევა? 
მშვენიერი იყო. ფიფო კმაყოფილი სახით გაეშურა სახლისკენ. ცოტას დაისვენებდა, ისადილებდა და საღამოსკენ კი, მოხდენილად გამოპრანჭული, მსახიობი ქალის სპექტაკლსაც დაესწრებოდა. უქმეებს, მასთან ერთად გაატარებდა და ახალი კვირიდან, მთელი შემართებით შეუდგებოდა იმ ამბის გარკვევას.
მაგრამ სიმშვიდისა და განცხრომის სიხარული, დიდ ხანს ვერ შერჩა. მიმის ზარმა, გულზე გახეთქა. ნათლიაზე საშინლად გაბრაზებული, უაზროდ დაატარებდა ქალაქში მანქანას. ბოლოს, ძლივს მოთოკა ნერვები და სახელოსნოს მიადგა. 
მხატვარი სახლში არ დაუხვდა. ფიფო მის მოლოდინში სავარძელში მოკალათდა. მანქანაში, ცხელ გულზე გამორთული ტელეფონი, კვლავ ჩართო და შემოსულ ზარებს გადახედა, ყველაზე მეტად, მედ.ექსპერტის ზარი ჭარბობდა.
- ამას რაღა უნდა? - წყრომით ჩაილაპარაკა. - ხომ ვუთხარი, ორშაბათს მომახსენეო.
მერე მესიჯებსაც შეავლო თვალი და ისევ მედ.ექსპერტის შეტყობინებამ ჩააფიქრა. 
„სასწრაფოდ უნდა გნახო. საქმეა!“
ფიფომ როგორც იქნა, იკადრა დარეკვა.
ქალმა მალევე გააგონა და არც საყვედური დააკლო:
- დავაღამე კვირა დღეს აქ და შენ კი, ტელეფონის აღებასაც არ კადრულობ!
ფიფომ მაშინვე სამსახურში გავარდა. 
- ჰო! რა იყო, ასეთი სასწრაფო? ორშაბათამდე ვერ მოითმენდა? ვინმე ხომ არ გააცოცხლე? - უკბილო ხუმრობა სცადა ფიფომ. 
- შენ არ მთხოვე, სასწრაფოაო და ჯერ პირველი, მე უნდა ვიცოდეო! - უკმაყოფილოდ მიახალა ქალმა. მერე მსხვერპლის მაგიდასთან მივიდა და ზეწარი გადახადა.
- გვამს პირიდან ცოტა მოტკბო სუნი ამოსდის.
- ეს რას ნიშნავს?
- ეს იმას ნიშნავს, რომ დიაბეტით იყო დაავადებული და ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ის ინსულინის გარეშე იმყოფებოდა.
- აღარ ჰქონდა, თუ?.. - ჩაეკითა ფიფო.
- ყოველმა დიაბეტიანმა, კარგად იცის, რომ ინსულინი, თუ იმ პერიოდში ხელმისაწვდომი არა აქვს, მაშინ სასწრაფოდ რამე საკვები მაინც უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში სასურველია ცოტაოდენი ტკბილეული, უფრო სწრაფი ეფექტისთვის. თუნდაც, კოვზი შაქარი მაინც ჩაიყაროს პირში, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილს ნაკლებად უნდა გაეკაროს, ასეთი კრიზისის დროს, მაინც სასურველია.
- მერე? მშიერი იყო?
- დიახ! გვამის გაკვეთამ დაადგინა, რომ მის კუჭში, შიმშილის შედეგად დაგროვილი სითხე ჭარბობს.
- და შესაძლებელია, რომ შემთხვევით ან თუნდაც, რომ დავიწყებოდა საკვების მიღება? იქნებ, სკლეროზიც ჰქონდა?
- სკლეროზის დროს, შეიძლება წამლის მიღება კი არა, საკუთარი სახელიც კი დაგავიწყდეს, მაგრამ შიმშილის გრძნობას, ასე ადვილად, ვერაფერი გავიწყებს. ეს უკვე ბუნებრივი ინსტიქტია.
- ჰო, რა თქმა უნდა... ჰო...
- შეიძლება ეს შიმშილიც და წამლის დავიწყებაც, რაღაც გარკვეული შემთხვევის შედეგიც იყოს.
- იქნებ, ვინმემ აიძულა? იჯექი სკამზე და არ გაინძრეო?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ქალმა. - ეგ უკვე შენი გასარკვევია. სკამიდან კი, მოგვიანებით ჩამოვარდა, როცა უკვე მკვდარი იყო.
- იქნებ, წნევამ დაარტყა? 
- არა! ინსტულტი გამოვრიცხე.
- რამემ ან ვინმემ ხომ არ შეაშინა, მაგრამ... - ფიფო ჩაფიქრდა.
- რამე უბედურმა შემთხვევამაც, შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ...
- და თუ ეს, უბედური შემთხვევა არ არის, ესე იგი? - ფიფომ ძლიერად ამოიხვნეშა და თავი გააქნია. - ესე იგი, არსებობს ბრალდებულიიი...
LEX. 2018 წლის 23 აპრილი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment