- რა გინდა ფიფო? რატომ ბრაზობ? - სერიოზული სახით შეუტია ნათლიამ. - ხომ ხედავ არა, ასე სპეციალურად კეთდება, შენ რომ არ გამოჩნდე იმიტომ! ვითომ, შენ სულაც აღარ გეხება ეს საქმე და მერე მართლაც, რომ ბოლოში...
- ჰო, მერე მართლაც რომ ბოლოში გახვალთ, ფიფო ვიღას გაახსენდება. - წაიღრინა ფიფომ. - გეთქვათ მაინც, რომ უკვე აპირებდით ოპერაციის დაწყებას!
ფიფომ სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა. ნათლია უხმოდ ადევნებდა თვალს.
- მიმიმ, გაგიჟებულმა დამირეკა! ქალთა კონსულტაციაშიც კი გამომყვნენ და მელოდებოდნენო, რა ხდებაო? მე კი, იდიოტივით ავიწურე, თავიც ვეღარ ვიმართლე, ან რა უნდა მეთქვა? როცა არც არაფერი ვიცოდი! წარმოდგენაც კი არ მქონდა! და შემთხვევით, მშობიარობაზე დასწრებასაც, ხომ არ გეგმავთ?! - ხმას აუწია ფიფომ.
- სამი დღეა სახლში არ გამოჩენილა და მიმისთანაც იმიტომ ჩავასაფრეთ, რომ შესაძლებელი იყო...
- რა?! რა იყო შესაძლებელი?! მიმის გინეკოლოგთან გაყოლა?!
- ჰო, ეგ ისე მართლაც, ზედმეტი მოუვიდათ. მართალი ხარ, სისულელე იყო მიმისთან კონტროლის ჩასაფრება. ისედაც კუდში უნდა სდიონ და მიმისთან თუ მართლა, მივა მაგას ვეღარ გაარკვევენ?
- და ვინ მოიგონა ეგ? საიდან მოიტანეთ, რომ მიმისთან დადის? - ფიფო წამით გაჩუმდა. - მიმი უკვე ჩემი ცოლია და ეჭვმიტანილთან... ნუ მეგობრობა, სულაც არ ნიშნავს, რომ... - ფიფოს ხმა ჩაუწყდა. - ისიც კი ვიცი, რომ მიმისთან სტუმრად არასდროს ყოფილა! ეს ნამდვილად ვიცი! ხომ შევთანხმდით, რომ მიმის არანაირად არ გავრევდით!
- ჰო, კარგი. დამშვიდდი.
- ვერ ხვდები, რომ ამ საქციელით, შეიძლება ოჯახი დამენგრეს? მერე იქნებ, ბავშვთანაც აღარ გამაკაროს! - ფიფომ ყველანაირი არგუმენტი მოიშველია.
- თუ გინდა, ქალის დაკარგვის შიში არ გქონდეს, მისთვის შეუცვლელი უნდა იყო! ვერვინ უნდა შეგცვალოს და დაიკავოს შენი ადგილი და ამისთვის, ბავშვის გამოყენება, სულაც არ არის საჭირო!
- გმადლობ! ფრიად საჭირო რჩევა იყო, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ის გოგო გადარეულია და ვიღაც ავადმყოფი ვგონივარ! ცხრა თვის ორსულ ქალზე, იმდენად ვეჭვიანობ, რომ გინეკოლოგთანაც შპიონები გავაყოლე?!
- კარგი დამშვიდდი. ხომ იცი, ეს უფრო შიდა, ფარული ორგანიზაციაა. ოფიციალურად არსად არ იქნება მოხსენიებული. - ნათლია ქალაქის ტელეფონს დასწვდა. - ახლავე მოვახსნევინებ მიმისთან თვალთვალს.
- და საერთოდ, რატომ დანიშნე?
- ასე დეტალებში არ დამიკონკრეტებია, უბრალოდ ითქვა და მათაც შეასრულეს. - თავის დაძვრენას შეეცადა ნათლია. - რაც შეეხება ყალბი ორდერის გამოწერას კი, ახლავე გაგიშანშალებ. ჩემს ორ ბიჭსაც გაგაყოლებ, უფრო სერიოზული სახე, რომ მიეცეს ამ ყველაფერს. მიდი და მიადექი სახლშიც, სამსახურშიც და ვნახოთ მერე!
- მამშვიდებ არა ცოტას, ვითომ? ბრალდებას მაინც ვერანაირად ვერ წავუყენებ! და მაინც, რას ჩაწერ ორდერში? რის საფუძველზე უნდა ჩავატარო ჩხრეკა?
- ეგ არ არის პრობლემა. რამეს ისეთს მოვიფიქრებ. შენ შენს საქმეს გააკეთებ, მერე ვითომ აღმოჩნდება, რომ სულ ტყუილად გაისარჯე.
- ხომ არ მოვუბოდიშო კიდევაც? ჰაა? - ჩაეცინა ფიფოს.
- რა თქმა უნდა! აბა რა! მოუბოდიშებ კიდევაც, რომ არასწორი ინფორმაციის გამო, ამხელა პროფესორი კაცის შეწუხება მოგიხდა. ამასობაში კი, გაესაუბრები. მის რეაქციებს დააკვირდები. უფრო ახლოდან შეისწავლი.
- შენ მართლა არ იცი, ვისთან გვაქვს საქმე! - ფიფომ სიგარეტი ზედიზედ მოქაჩა. - არც ისე ადვილი გამოსატეხია! წარბსაც კი არ შეირხევს, სულ რომ მთელი კაბინეტი ამოვუტრიალო. ნებისმიერ რამეს მოუძებნის ახსნას, ძალიან ადვილადაც გამოძვრება და მართლაც, საბოდიშოდ გამიხდის საქმეს!
- მერე? როცა ცდილობ, რომ ეჭვმიტანილი გამოტეხო, მისი ტყუილი უფრო საინტერესოა, ვიდრე აღიარება! სწორედაც რომ ის ტყუილი შიფრავს ადამიანის ნატურას! ტყუილი, ყოველთვის ზუსტად ასახავს იმ ადამიანის ჭეშმარიტ სახეს!
- გმადლობ, ესოდენ ფილოსოფიური რჩევისთვის! - წაიღრინა ფიფომ. - ჰაჰ! იქნება და როგორმე, ისეთი ტყუილი თქვას, რომ აღიარებაც გამოუვიდეს! - ცინიკურად ჩაეცინა ფიფოს.
- ზოგჯერ, წინასწარი აღსარებაც, რაღაც მომენტში, საუკეთესო ალიბია და აი სწორედ მანდ, თავის მართლების წინასწარ მცდელობაში იშიფრება.
- ჰო, ჰო, ჰო! ერთბაშად არ აღიაროს რაა! - მიახალა ფიფომ. - ყელში მაქვს უკვე ეგ აფორიზმები! - და არც დაემშვიდობა, ისე დატოვა კაბინეტი.
„რა ჰგონიათ, მაგათ შევარჩენ? ვითომ, თავი მოიკატუნა. მშვენივრად ვხვდები, უჩემოდ უნდათ საქმის გახსნა და თავად მიიწერონ. ნათლიაჩემიც იქ ზემოთ, კუდს უქიცინებს უფროსობას. ჰო, აბა ბიჭო რამდენი იწვალეს!
წლებია ამ საქმეს შევალიე. მერე მომიგდებენ ერთ პრემიას, როგორც ვიღაც რიგით თანამონაწილეს! როგორც უბრალო დამხმარეს, შეიძლება ორდენითაც კი დამაჯილდოვონ და ასე გამაჩუმონ და თვითონ?..
არც მაგათი ჯილდო მინდა და არც მაგათი ჩინ-მედლები!
ამ საქმეს, ასე ადვილად არავის დავუთმობ!
ან მე გავხსნი და ან სხვა არავინ!
ჰმ, სამი დღეა არ გამოჩენილიაო. ჰა, ჰა, რა თქმა უნდა. აბა რააა, კვირა საღამოა. დღეს უეჭველი დაბრუნდება. უქმეებზე ბიჭს, „ოპერაცია“ ექნებოდა ჩასატარებელი.
და ზუსტად თქვენს დასანახად მთავარი შესასვლელიდან გამოვიდოდა რაა, ჰაჰ! გასაძრომების მეტი რა ექნება!
ჰაჰა, იყავით და ელოდეთ ასე ყოველი კვირის ბოლოს, როდის გამოვა სახლიდან და როდის შევა! ჰა! ჰა!“
***
პიპამ მართალია ბინა გაყიდა, მაგრამ ჯერ კიდევ, იქ ცხოვრობდა. ბინას თანდათან ცლიდა, რომ მისი აბარგება, მეზობლების თვალში ნაკლებ შესამჩნევი გამხდარიყო. ახალ სახლში ყველაფერი ახლებურად ჰქონდა უკვე მოწყობილი და ავეჯის დიდ ნაწილსაც, ძველ სახლში ტოვებდა.
ბინის გაყიდვაზე, ოჯახშიც ჯერ არაფერს ამბობდა, ისიც კი არ უთქვამს, რომ თუნდაც დროებით, უცხოეთში აპირებდა მუშაობას.
ერთ საღამოსაც, საკუთარი ჯვრისწერიდან დაბრუნებულს, უჩვეულო სტუმარი დახვდა სახლში.
უჩვეულო იყო იმიტომ, რომ ეს გამხდარი ხუჭუჭა ბიჭი, ვისთან შეიძლებოდა ყოფილიყო სტუმრად, როცა მისი ტოლი და სწორი, არავინ იყო იმ ოჯახში. მერე გაიფიქრა, იქნებ ჩემი სტუდენტია და სახლში მომადგაო, თუმცა ამის ყოველთვის წინააღმდეგი იყო, უნივერსიტეტის გარდა, სტუდენტებს არსად იღებდა.
სტუმარი გემრიელად შეექცეოდა ახლად გამომცხვარ ხაჭაპურს და მურაბიან ჩაის აყოლებდა, თან ძანეს რაღაცაზე, ძალიან თბილად ესაუბრებოდა და ბავშვიც საუბარში, სიამოვნებით ჰყვებოდა. აშკარად ჩანდა, რომ ძალიან მოსწონდა სტუმარი. სიდედრი სტუმარს თავს დასტრიალებდა. პიპას ისე მოეჩვენა, თითქოს დიდი ხანია ერთმანეთს იცნობდნენ.
„იქნებ, ესეც მოგზავნილია, ზოგ-ზოგიერთი ახალი მეზობელივით“.
ნათლიის მიერ, აგენტებად ჩასახლებული, ახალი მეზობლებიც კი არ გამოჰპარვია, პიპას მახვილ თვალს. იმასაც მშვენივრად მიხვდა, თუ საიდან მოდიოდა. თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ამის უკან, ფიფო იდგა.
პიპას გულში ჩაეცინა და მაგიდას მიუჯდა. გუმანით გრძნობდა, რომ ამ სტუმარს, რამეს მაინც დააცდევინებდა, მაგრამ შეცდა. ბიჭი აშკარად, კარგად იყო მომზადებული და არც ასე ადვილი აღმოჩნდა მისი გამოტეხა. პიპას შემპარავ შეკითხვებზე, შეკითხვითვე პასუხობდა და მშვენივრად ეჭირა თავი. მშვიდად, უდარდელი სახით იჯდა და თითქოს, მართლაც დიდი ხნის ნაცნობს, თავისივე ტოლსა და სწორს ესაუბრებოდა.
რაც უფრო გადიოდა დრო, პიპა მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს ვითომდა, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო ბიჭი, საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახი იყო, ვიდრე თავს აჩვენებდა.
თავის მხრივ, იონამაც მშვენივრად შეაფასა. პიპა ბევრად უფრო გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთოდ წარმოიდგენდა.
დესერტად მასპინძელმა, სასმელი შესთავაზა.
იონა ჯერ უარზე დადგა არ ვსვამო, მაგრამ სიდედრმა შეაგულიანა:
- არც პიპა სვამს, უფრო სტუმრების ხათრით, ცოტას წაწრუპავს.
მართალია, იონა სასმელზე უარს ამბობდა, მაგრამ მერე დათანხმდა, რადგან პიპა ამისთვის, თავის კაბინეტში ეპატიჟებოდა და იქ რომ გადაინაცვლეს, იონამ შეამჩნია, რომ კარადას, წიგნების დიდი ნაწილი, აშკარად აკლდა და კაბინეტიც თითქოს, დაცარიელებული მოეჩვენა.
„მარტო ორი სავარძელია. აქეთ კი ცარიელი ადგილი, კედლის ფერზე ჩანს, აქ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აშკარად დივანი იდგა.
კედელში ჩაშენებული, ლამის ცარიელი წიგნების კარადა. სამუშაო მაგიდაზე, ნათურაც კი არ არის და არც სკამი დგას. სავარძლებთან, რაღაც ბარის მსგავსი ჟურნალის მაგიდაა თუ, ტორშერი?
ამხელა ოთახი ცარიელია ან...
ან... ან იქნებ, ზედმეტად გადატვირთული ოთახი არც მოსწონს? ან იქნებ სულაც, სულ სხვაგან ცხოვრობს?“
იონა, ჩაფიქრებული ათვალიერებდა ოთახს, მერე პიპას მზერაც დაიჭირა.
მასპინძელი მშვენივრად მიუხვდა, სტუმარი რასაც ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, ბიჭი უთუოდ მოგზავნილი იქნებოდა, მაინც ძლიერ მოეწონა, გაუხარდა კიდევაც, რომ ასეთ ახალგაზრდა და ნიჭიერ ასპირანტთან ჰქონდა საქმე. რაღაც მომენტში, თავის თავსაც აგონებდა და ყველაზე სასიამოვნოდ ის შენიშნა, რომ მისი შვილით, ასე იყო დაინტერესებული და სტუმრის მიმართ, ბავშვიც დადებითად განწყობილი ჩანდა, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა.
- ამ ბავშვების საოცარი ფენომენი, ჯერ კიდევ გამოუკვლეველია. - უხსნიდა პიპას სტუმარი.
- ყველა სიკეთე, ერთად არის თავმოყრილი და იმდენად ბევრია ეს სითბო, რომ ბოროტებისთვის, ადგილი აღარ რჩება.
- დიახ, სწორედაც, რომ მასეა! - ეთანხმებოდა იონა პიპას. - იცით? მეც ბავშვთა სახლში გავიზარდე!
- შენ - ც! - ჩაეღიმა პიპას. - კი, მაგრამ შენ რა იცი, მე სად გავიზარდე?
სტუმარი ძალიან მარტივად გაიშიფრა, ის რაც სამი საათის საუბარმა ვერ მოახერხა, ორმა ყლუპმა კონიაკმა, წამებში ახადა ფარდა.
იონას ფერმა გადაჰკრა. მიხვდა, რომ შეეშალა წამით დაიბნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და თავის გასამართლებლად, ძანეს ბებია მოიშველია, ვითომდა, მისგან გაიგო.
და აბა რა იცოდა იონამ, რომ პიპას ყოფილ სიდედრად წოდებული ქალი, არასდროს ახსენებდა ბავშვთა სახლს და ყველგან სიძეს, საკუთარ შვილად ასაღებდა.
პიპამ ღიმილით დაუქნია თავი. ვითომ, მართლაც მოტყუვდა და სტუმარმაც შვებით ამოისუნთქა. დაიჯერა, რომ ადვილად გამოძვრა.
- საინტერესო პროფესია გაქვთ. - პიპამ სწრაფადვე შეცვალა თემა.
იონაც მოეშვა და აჟღურტულდა:
- დიახ, მართლაც რომ საინტერესოა, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ფსიქიკაა.
- ალბათ, ძალიან რთული იქნება, დღეში რამდენიმე პაციენტის მიღება. სხვადასხვა ადამიანები, ასაკი, ამბიციები, სხვადასხვა პრობლემები.
- თავიდან ყველაფერი რთულია, მაგრამ როდესაც შენი საქმე გიყვარს, ადვილად უღებ ალღოს და მერე, თავისით მიდის.
- რა თქმა უნდა, შენი საქმე თუ არ გიყვარს, ისე არაფერი გამოგივა. - პიპამ კიდევ ჩამოასხა კონიაკი. - და მაინც არ არის ადვილი, სათითაოდ ჩასწვდე ადამიანის ფსიქიკას. თანაც, ზოგი შეიძლება, საკმაოდ რთული და ზედმეტად პრეტენზიული პაციენტიც იყოს.
- ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა, ეშმაკობაც კი გამოვიყენოთ! - გაიკრიჭა იონა. - ისე უმნიშვნელო, რომ არაფერი გავაფუჭოთ.
- ჰმ, მართლა? - ჩაეღიმა პიპას. - საინტერესოა.
- თუ გაინტერესებთ, გეტყვით!
- ნუ, თუ დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგეს, სიამოვნებით მოვისმენდი.
- ეს უბრალოდ, ყოველ ადამიანთან, რაღაც თავისებური გარკვეული მეთოდით მიდგომაა. - იონამ კონიაკი მოსვა.
- რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინდივიდუუმი აქვს!
- ჰო, დიახ! და პაციენტის ბოლო ორ შეკითხვას, პერიფრაზს უკეთებ და იქეთ უსვამ კითხვას, რის შედეგადაც, პაციენტი ადვილად, ცოტა უხეშად, რომ ვთქვათ წამოეგება ანკესს და თავადვე პასუხობს თავისივე შეკითხვებს და უკვე თვითონ აანალიზებს, თავად გთავაზობს ვარიანტებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.
- ესე იგი, გამოდის, რომ ის პაციენტი კი არა, მეგობარია და რჩევას მეგობრისგან უფრო იღებს, რადგან სადაც ექიმის მცნებაა იქ სიტყვა, ავადმყოფიც ფიგურირებს და რაღაც ასპექტში, მათ შორის უნდობლობაც შეიძლება ჩამოყალიბდეს, რადგან შუაში მაინც ფინანსური საკითხი იჩენს თავს. სწორად გავიგე? - ჩაეკითხა პიპა.
- დიახაც, სწორედაც, რომ მასეა!
- მაშინ გამართლებული მეთოდი ყოფილა, რადგან ადამიანს ეძლევა საშუალება, თუნდაც ცოტა ხელის წაკვრით, თავად განსაჯოს და განაგოს თავისი ცხოვრება, თავადვე გამოძვრეს რთული სიტუაციიდან, ისე, რომ მთლიანად დამოკიდებული არ იყოს სხვაზე და ესე იგი, სულაც არ არის ავად!
- დიახ. არც არაფერი სჭირს! ფსიქოთერაპიის დიდი ნაწილი, უფრო რჩევაა, ბიძგი იმ რჩევისკენ და აძლევ საშუალებას, რომ მან თავად, დამოუკიდებლად იაზროვნოს! თანაც, დაიცალოს იმ პრობლემებისგან, მოგიყვეს რაც აწუხებს, რაშიც თავს დამნაშავედ გრძნობს, ან...
- მაგას სხვა შემთხვევაში, აღსარებას ეძახიან. - გაეღიმა პიპას.
- ჰო, მაგრამ ყველა, ხომ არ არის მორწმუნე?
- რა თქმა უნდა! ყველაზე მეტად კი მაშინ ხდებიან მორწმუნენი, როცა ალბათ, ფსიქოთერაპიის სეანსში, ფულის გადახდა ენანებათ! - სიცილით დაამატა პიპამ.
იონასაც გაეცინა. მოეშვა, ძალიან თავისუფლად და თბილად საუბრობდნენ. ცოტა სასმელიც მოეკიდა.
- აღსარება კი უფასოა. - პიპამ ისევ დაუსხა.
იონამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- რა იყო? - ჩაეკითხა პიპა. - ათეისტი ხარ?
- არ მჯერა მე ამათი რელიგიის!
- ამათი? ვინ არიან ისინი? - პიპა მშვენივრად ხვდებოდა, სტუმარი რასაც გულისხმობდა.
იონამ არაფერი უპასუხა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
პიპა ჩაფიქრებული შეჰყურებდა. სტუმარმა რამდენჯერმე თვალიც აარიდა. აშკარად რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ თითქოს ერიდებოდა.
- გისმენ აბა. - შეაგულიანა პიპამ.
იონამ უხმოდ მოსვა და არაფერი უთხრა.
- ვფიქრობ, რომ შენი მოსაზრება რელიგიის მიმართ, ჯიპებთან ასოცირდება. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას.
იონა შეგულიანდა და თამამად უპასუხა:
- დიახ! და მართლაც მასეა! ხალხს აბოლებენ, თავად კი, რასაც უნდათ, იმას სჩადიან! ღმერთის სახელით, ხალხზე ფსიქოლოგიურად ახდენენ ზეწოლას!
- ოჰო! და მერე, მერე? - პიპა ღიმილს ძლივს იკავებდა.
- რა მერე? რელიგია, რომ ხალხისთვის სპეციალურად მოგონილი ოპიუმია, ეგ ხომ ცოცხალი ფაქტია!
პიპამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
- კარგია, რომ კითხვა გიყვარს, კარგია. - სიცილისგან, ძლივს მოითქვა სული.
იონამ ცოტა არ იყოს, ცივად შეიფერა.
პიპა ერთხანს აკვირდებოდა. იონამ თვალი ვეღარ გაუსწორა და დაბნეულმა, ისევ კონიაკი მოსვა.
- ნუ, რადგან კითხვა ასე გიყვარს... - პიპა წამოდგა. თაროდან წიგნების შერჩევა დაიწყო, მერე ერთი შეარჩია. - ამ წიგნს გათხოვებ. - გაუწოდა იონას. - მხოლოდ, ზერელედ არ გადაიკითხო. მშვიდად, დაკვირვებით წაიკითხე.
წიგნი, უფრო პატარა ბროშურას ჰგავდა.
ბიჭმა წიგნს დახედა თუ არა, უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
- მე რელიგიური არ ვარ და ასეთი წიგნებიც, არ მიზიდავს.
- რელიგია, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია. - ცალყბად გაუღიმა პიპამ. - აქ მხოლოდ ის იგავებია თავმოყრილი, რაც ბიბლიაშია. პატარ-პატარა მოთხრობებია და მეტი არაფერი. ისე, მითოლოგიებიც სულ ღმერთებზეა და დავიჯერო, არასდროს წაგიკითხავს? - პიპას ჩაეცინა.
იონამ უნდობლად დახედა წიგნს.
პიპამ კონიაკი ისევ ჩამოასხა, თან სტუმარს თვალს არ აცილებდა. ისიც დაბნეული ბავშვივით, აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს. თავიდან თუ მედგრად იდგა, დიდი შემართებით, დაუპატიჟებლად მიადგა კარს და დარწმუნებული იყო, თავისი ფსიქოლოგიური ზეწოლის წყალობით, დამნაშავეს სააშკარაოზე გამოიყვანდა, ახლა თითქოს, შეეცვალა აზრი, ძალიან დადებითადაც კი განეწყო, მასპინძლის მიმართ. სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში, როგორც თავიდანვე ფიქრობდა. პირიქით, პიპასგან საკმაოდ დიდი სითბო მოდიოდა. ისე ესაუბრებოდა, როგორც უმცროს მეგობარსა და კოლეგას.
ინსტიტუტშიც კი დართო ნება, რომ ხანდახან, ღია ლექციაც ჩაეტარებინა.
- შეგიძლია, პანსიონატშიც გვესტუმრო, იქ ბევრი ბავშვია. სათითაოდ დააკვირდე, შეძლებისდაგვარად გაესაუბრო. საერთო დიაგნოზი კი ერთი აქვთ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან. - უხსნიდა პიპა.
პიპა არანაირ ჩამჭრელ შეკითხვებს არ უსვამდა. უკვე ისედაც იცოდა, იონა კარგად მომზადებული მოვიდოდა. ამიტომაც, სხვა ხერხი აირჩია და თავად აალაპარაკა. თუმცა, ბევრიც არაფერი წამოსცდენია, მაგრამ პიპამ მაინც დაიჭირა, მისთვის საჭირო რამდენიმე ფრაზა, რომელიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ სტუმარი, ბოლომდე გაშიფრულიყო, თუ ვისგან მოდიოდა.
გაცილებისას, უკვე კარში გასული იონა, პიპას სიტყვებმა მოაბრუნა.
- რაც შეეხება მარქსს, თავისი წარმომავლობის წყალობით ძალიან კარგად იცოდა ბიბლია, თითქმის ზეპირადაც, ამიტომ მცნება - ოპიუმს, რომელსაც იგი უწოდებდა, თავადვე იყენებდა ხალხზე, ოპიუმად!
იონამ, პიპას მოცემული წიგნი ხელში შეათამაშა. მშვენივრად მიხვდა, მასპინძელი რასაც გულისხმობდა.
შინ გახარებული დაბრუნდა. აღფრთოვანებული უყვებოდა ფიფოს, თუ როგორ ადვილად დაუმეგობრდა პიპას, როგორ დაიპატიჟა თავი ლექციებზეც და როგორ გახდა, ყოველთვის სასურველი სტუმარი, მათ ოჯახში.
- და საერთოდ, ვინ გთხოვა, ესტუმრეო? - ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ ჰკითხა ფიფომ.
- სრულიად მარტივად! - გაიკრიჭა იონა. - ძანეს ბებიამ შემიპატიჟა და მანამდე არ მომეშვა, სანამ სავახშმოდ არ დამსვა.
- და შენც გადაწელე ყველი ხაჭაპურში. - გაეცინა ფიფოს.
- მურაბიანი ჩაიც. - ღიმილით დაუმატა იონამ.
რაღაც მომენტში ფიფოს, იონა ზედმეტად თამამიც მოეჩვენა.
- მერე?
- თავის კაბინეტში შემიპატიჟა.
- და რამე ნახე იქ, უჩვეულო?
- თითქოს, ადრე უფრო მეტი ავეჯი უნდა ყოფილიყო, ახლა რაღაც დაცარიელებული მომეჩვენა.
- ეგ ბევრი არაფერია! იქნებ, გაყიდა, ან გააჩუქა. შეიძლება სულაც, სამსახურში წაიღო.
- ისე, ცოტა კი ეჭვი შემეპარა. - დაამატა ბოლოს იონამ.
- ჰოო? - ჩაეკითხა ფიფო.
- რა ვიცი, რაღაც ნაკლებად დასაჯერებელია, რომ...
- ჰაა! ახლა არ მითხრა, მკვლელს არ ჰგავსო, თორემ ვიყვირებ!
იონა გაიტრუნა.
- ჰმ. - ჩაეცინა ფიფოს. - მოგნუსხა არა, თავისი ბაასით. გაგაბრუა და გაგთიშა!
იონა ხმას არ იღებდა. თვალები სადღაც ჭერში ჰქონდა მიპყრობილი და ბედნიერად იღიმოდა.
ფიფო ახლოს მივიდა და ისე დააკვირდა.
- აბა დაილაპარაკე.
იონამ გაკვირვებით ამოხედა.
- მითხარი აბა, რამე. - არ მოეშვა ფიფო.
- რა? რა გინდა, რომ გითხრა? - იონას ისევ ცოტა, თითქოს უაზროდაც ეღიმებოდა.
- გამოგათრო? ჰაჰა! - გაეცინა ფიფოს. - მაგიტომაც ჟღურტულებ ასე! ესე იგი, დალევაც დაიწყე? ჰაჰა!
- ჰო, რა იყო? ასე სასწრაფოდ, რომ დამიბარეთ? - შემოსვლისთანავე დაიროხროხა ნათლიამ. - სახლისკენ მივდიოდი უკვე.
- გაგვილოთეს ბიჭი. - ჩაიქირქილა ხანუმამ, რომელიც თავიდანვე მიხვდა იონა, რომ ნასვამი იყო და ჩუმად ადევნებდა თვალს.
ნათლიამ ფიფოს გახედა რა ხდებაო.
ფიფოს კი ისე წამოდგა, არაფრის ახსნის თავი არ ჰქონდა, ისედაც ცოფებს ყრიდა. ცალკე მიმის ნახვაც ერიდებოდა, იმ უაზრო თვალთვალის გამო და ცალკე ის უშლიდა ნერვებს, რომ მის ზურგს უკან დაიწყეს ოპერაციის ჩატარება.
„ამ ლაწირაკმა ბიჭმაც არ მოინდომა ჩემი საქმის კურსში ჩაყენება. ესეც ჩემს ზურგს უკან მოქმედებს!“
ფიქრობდა გაგულისებული ფიფო.
უძილობისგან თავი უსკდებოდა. ისე წამოვიდა ხანუმასგან, რომ არავის გამოემშვიდობა.
LEX. 2018 წლის 25 აპრილი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment