Friday, March 29, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 156)

156.
ფიფოს, ორად გაკეცილი ჩხრეკის ორდერი, ხელში ეჭირა და წესიერად არც კი უთქვამს, თუ რის საფუძველზე იყო გამოწერილი.
პიპამ კი, ისეთი სახე მიიღო, ვითომდა მართლაც, რომ გაუკვირდა. მერე ორდერის შინაარსითაც დაინტერესდა. თუმცა, ზედაც არ დაუხედავს  და მხოლოდ გამჭოლი მზერით ჩაეკითხა, დაუპატიჟებელ სტუმარს. 
ფიფოს გაუხარდა კიდევაც, პიპამ ორდერს, რომ არც კი ჩახედა და მისგან ითხოვდა, სიტყვიერ ახსნას.
მიზეზიც, რაღაც ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ ძალზე საიდუმლო და ზედმეტი ხმაურის გარეშე უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა.
- შემოვიდა ინფორმაცია, რომ ის რაც აკრძალულია, სტუდენტებმა პროფესორის კაბინეტში გადამალეს და სრულიად შესაძლებელია, რომ სულაც არ იყოს ლექტორი, საქმის კურსში, ამიტომ... 
- და ჩემი კაბინეტიდან უნდა დაიწყოთ? - ჩაეღიმა პიპას.
- ნუ, რას ვიზამთ. - უპასუხა ფიფომ. 
- კი, ბატონო! მობრძანდით! - პიპამ უყოყმანოდ გაუღო კარი და დაუპატიჟებელი სტუმრები, წინ გაატარა. - მხოლოდ ძალიან გთხოვთ, ერთი პირობა დაიცავით, ზედმეტად ნუ ამირევთ კაბინეტს.
- არა, არა. - დაამშვიდა ფიფომ. - ესენი ნამდვილი კრიმინალისტები არიან. ის რიგითი პოლიციელები არ გეგონოს, ყველაფერს, რომ ამოაბრუნებენ. - თან პიპას სახეს ჩააშტერდა და ისე განუმარტა, საქმე ძალიან სერიოზულად იყო.
პიპამ ისევ გაკვირვებული სახე მიიღო.
- იმდენად სერიოზულია, რომ ვერც ინფორმაციის წყაროს დაგისახელებთ და ვერც იმას, თუ კონკრეტულად, რას ვეძებთ! - უფრო მეტი დამაჯერებელი ხმით განუმარტა ფიფომ.
პიპამ ჩვეული სახით, რეაქციის გარეშე დატოვა ეს მინიშნებაც.
ფიფოს დაპირება, ტყუილი არ აღმოჩნდა. კრიმინალისტები, მართლაც სუფთად მუშაობდნენ. დიდი დაკვირვებითა და სიფრთხილით იღებდნენ ნივთებსა და საბუთებს, ამოწმებდნენ და მერე უკანვე, თავისივე ადგილას აბრუნებდნენ. 
ზუსტად რა უნდა მოეძებნათ, თავადაც არ იცოდნენ. ფიფოს იმედიც კი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ იქნებ, რამე ხელჩასაჭიდი ჩანაწერი ენახა. თუნდაც, მოკლულთა სია, ან მათი რომელიმეს მისამართი, სადმე მიწერილი, მაგრამ ვერაფერი, მსგავსიც კი არაფერი იყო იქ. თან გამუდმებით, პიპას აკვირდებოდა. ცდილობდა, მის სახეზე ამოეკითხა მაინც რამე, მაგრამ ამაოდ. პიპას სრულიად მშვიდი და ბუნებრივად გაოცებული სახე ჰქონდა.
ჯერი კომპიუტერზე მიდგა. 
პროფესორის კაბინეტში, როგორც დიდი პერსონალური კომპიუტერი იდგა, ასევე მის საწერ მაგიდაზე ლეპტოპიც იდო, რის ჩართვაზეც, პიპამ კატეგორიული უარი განაცხადა. 
აქ უკვე ფიფო, დაეჭვდა და დარწმუნებულიც იყო, რომ სამხილის დიდ ნაწილს, მისი კომპიუტერიდან ამოიღებდა. 
- აქ ისეთი მასალებია შეტანილი, რომლის ნახვასაც, გარკვეული ექსკლუზიური უფლება სჭირდება. - უხსნიდა პიპა. - ზოგიერთი ნაშრომი, ჯერ არც არის გამოქვეყნებული. ზოგი პროგრამა, დასაპატენტებელია და კიდევ უამრავი მიზეზი შემიძლია დავასახელო, თუ რატომ არ შეიძლება უცხო პირთათვის, ჩემი ფაილების გახსნა. 
კრიმინალისტებმა ერთმანეთს გადახედეს. მთავარი მაინც ფიფოს სიტყვა იყო. ის კი ჩაფიქრებული სახით, სიგარეტის კვამლს უშვებდა ღია ფანჯრიდან.
პიპას, რომ სპეციალურად იმ მასალის გახსნისთვის ცალკე მოეთხოვა ორდერი, მაშინ მანამდე უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკისთვის და ასევე ყალბი ორდერის გამოწერისთვის, ფიფოს ორმაგად მოსთხოვდნენ პასუხს. ნათლია გაყუჩდებოდა და ისევ ფიფოს მოუწევდა თავის დაძვრენა. რაღაც უნდა ეღონა, რაღაც ისეთი უნდა მოეფიქრებინა, რომ სიტუაციიდანაც ადვილად გამომძვრალიყო და პიპას კომპიუტერთანაც, თავისუფლად ჰქონოდა წვდომა. 
- ნუთუ, მართლა ასეთ აუცილებლობას წარმოადგენს, ჩემს კომპიუტერებში არსებული მასალების გახსნა? - „გაკვირვებული“ კითხულობდა, ეჭვმიტანილი პროფესორი.
- ჩვენ, ვალდებულნი ვართ, ყველაფერი გადავამოწმოთ, რასაც წესი და კანონი მოთხოვს! - ფიფო ჯერ კიდევ მედგრად იდგა, თავის პოზიციებს არ სთმობდა, მაგრამ უკვე აღარაფრის იმედი აღარ ჰქონდა.
- მაშინ, რადგან ჩემი ნაშრომების გახსნა, ასეთ აუცილებლობას წარმოადგენს, შემიძლია მოვიწვიო რექტორატი და სიმპოზიუმზე გავიტანო ეს საკითხი, რადგან კონკრეტულად, მარტო მე არ მეხება და მარტო მე არ ვზარალდები. 
პიპამ ისეთი არგუმენტი მოიყვანა, რომ ფიფოს მართლაც სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ასე ეშმაკურად გააცურეს. მართალია, მასალები საკმაოდ ღირებული იყო, მაგრამ არა სამართალდამცავებისათვის, რადგან მხოლოდ, მეცნიერთათვის ჰქონდა საკმაოდ დიდი წონა. მხოლოდ, მათთვის იყო ძვირფასი. სხვა შემთხვევაში ვერავინ გამოიყენებდა, რადგან საავტორო უფლებებიც დაცული იყო და არც თუ ასე ადვილი იყო, მისი გაშიფვრა, მოპარვაც და გაყიდვაც. 
პიპამ ოსტატურად იცრუა და ახლა კმაყოფილი სახით ადევნებდა თვალს, საგონებელში ჩავარდნილ ფიფოს, რომელიც სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ფანჯარას ვერ შორდებოდა. 
„არადა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქ ექნება.“
ფიქრობდა გაგულისებული ფიფო.
„ყველაფერი! მთელი სიები და გეგმები ჩამოყალიბებული და დაწყობილი. ჰო, დაწყობილი, აბა რააა! მაგას, ხომ ჯერ არაფერი შეშლია. ყოველი მისი მკვლელობა, კარგად გათვლილი, კარგად ორგანიზებული დანაშაულია! მარტო ერთი სახელი, მარტო ერთი მსხვერპლის მისამართიც რომ აღმოვაჩინო, მეტი არც მინდა, მაშინვე წავუჭერ ყელში!“
დრო გადიოდა. ფიფომ უკვე მესამე ღერიც ბოლომდე მოწია.
თავიდან, კაბინეტში შესვლისთანავე, ფიფომ სიგარეტი ამოიღო, მაგრამ პიპას უკმაყოფილო სახის გამომეტყველებაზე მიხვდა, ან გარეთ უნდა გასულიყო, ან ფანჯარასთან მაინც უნდა მოეწია. ამით, კიდევ ერთხელ მიანიშნა პიპამ, რომ არ ვეწევიო და არც ჩემს კაბინეტში მიყვარს თამბაქოს კვამლიო. გარეთ გამოსვლას, ფიფოს ისევ ფანჯარასთან დგომა ერჩია.
რა თქმა უნდა, პიპა ცრუობდა. მშვენივრადაც ეწეოდა, როცა მას სურდა. განსაკუთრებით კი, მკვლელობის მომენტში, მსხვერპლის გასამართლებისა და განაჩენის სისრულეში მოყვანის დროს ეწეოდა ძალიან ბევრს. ზოგჯერ ზომაზე მეტიც კი მოსდიოდა, მაგრამ მერე კი, დიდ ხანს აღარც ეკარებოდა. ესეც მისი, ერთ-ერთი უცნაურობათაგანი იყო და მისი ერთ-ერთი, საოცარი ნებისყოფის გამოვლინებაც. 
ეწეოდა, მხოლოდ ნაქირავებ ბინებში. არც სახლში და არც სამსახურში სიგარეტს არ ეკარებოდა. ამით, კიდევ ერთი ალიბი შეიქმნა და მშვენივრადაც ხვდებოდა, სტუმრის დაბნევის მიზეზს. 
ფიფო უნივერსიტეტის ეზოს გადაჰყურებდა და გული ბოღმისგან ევსებოდა.
„ჰმ, ვითომ არ ეწევა, ბატონი პროფესორი? ეგ მეც ხომ შემიძლია? თუ მინდა, მოვწევ და თუ საქმეს დასჭირდება, ისე შევიკავებ თავს, რომ  თავადვე გამიკვირდება.“
ფიქრობდა ფიფო. 
„არა, რა, რაღაც უნდა მოვიფიქრო, როგორმე უნდა ვაიძულო და ჩავართვევინო.“
დრო საოცრად გაიწელა. ცოტაც და ფიფო, კიდევ ერთ ღერს მოწევდა, მაგრამ ახლა თვითონ პიპასაც მობეზრდა ამდენი ლოდინი და თანაც, მშვენივრად ჩანდა, ასე ადვილად არც მოეშვებოდნენ.
- ნუთუ, ასეთ დიდ აუცილებლობას წარმოადგენს, ჩემი კომპიუტერის ჩართვა? - უკვე ღიმილით გაუმეორა კითხვა პიპამ და მაქსიმალურად შეეცადა, ცინიზმი დაეფარა.
- აბა, რა გითხრა? - გამოეპასუხა ფიფო. - ჩემი კაპრიზი კი არ არის, ჩემს საქმეს ვასრულებ, დავალება მაქვს და ვალდებულიც ვარ!
- კეთილი. - ამოიხვნეშა პიპამ. - მხოლოდ, ერთი პირობით.
- ბრძანე, აბა! - ფიფო გამოცოცხლდა.
- რასაც ნახავთ ამ კაბინეტიდან არ უნდა გავიდეს! - სერიოზული სახით უთხრა პიპამ. 
მართალია, ფიფოს სახეზე წყენა და უკმაყოფილება ჰქონდა გამოსახული, სამაგიეროდ კი, გულში სიხარულისგან ცმუკავდა და მაქსიმალურად ცდილობდა, არაფერი შეემჩნიათ მისთვის. 
- და ისეთი რამე, რომ იყოს, რომმმ??? - გამომცდელად ჩაეკითხა ფიფო.
- ისეთი, როგორი? - გაეღიმა პიპას. - კრიმინალური?
- დავუშვათ? მერე?
- კეთილი და პატიოსანი. - პიპა წამით შეყოვნდა. -  თუ ჩათვლით, რომ კრიმინალთან გაქვთ საქმე, მაშინ ამ მასალების გადამკიდე, მე ვალდებული ვარ, რომ ჩემი მხრიდან, ორი კოლეგა მაინც უნდა მოვიწვიო. - უკან არ იხევდა პიპა და შეძლებისდაგვარად ფარავდა ღიმილს.
- რა თქმა უნდა! - დაეთანხმა ფიფო, თუმცა გულში სულაც არ ეთანხმებოდა, მაგრამ მაინც გახარებული მიუჯდა კომპიუტერს.
აქ კი პიპამ გამოუცხადა, რომ ლექციაზე აგვიანდებოდა. 
ფიფოს ბრაზი მოაწვა. ეგონა, რომ კაბინეტის დატოვებას მოთხოვდნენ, მაგრამ შეცდა. ბატონმა პროფესორმა, უპრობლემოდ შეატოვა დაუპატიჟებელ სტუმრებს, მისი ყველა ნივთი, თუ საბუთი და ოთახიდან გავიდა.
საათზე მეტი უტრიალეს და ვერაფერი გაიგეს. ფორმულებითა და ალგორითმებით გამოვსებულ მასალებში, აბა რა უნდა გაეგოთ? რასაც არ გადასწვდნენ, რომელი ფაილიც არ გახსნეს, არსად არანაირი ხელმოსაჭიდი კვალი არ იყო. ელექტრონული ფოსტაც კი გადაქექეს და ვერც იქ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. ან რა უნდა აღმოეჩინათ, როცა ასეთ გონიერ და გამჭრიახ ადამიანთან ჰქონდათ საქმე და ასე ადვილი არ იყო, მისი ანკესზე წამოგება. 
ყოველი ახალი ფაილის გახსნაზე, ფიფოს გული ეკუმშებოდა, არ უნდოდა სხვების თანდასწრებით, სადმე მიმის ფოტოს გადაჰყროდა, მაგრამ გაუმართლა. ფოტოებიდან პიპას, მხოლოდ ბავშვის რამდენიმე სურათი ჰქონდა და მეტი არც არავისი.
- ახლა უკვე ბინაშიც ხომ არ გადავინაცვლოთ? - დაბალი ხმით შეაპარა, ერთმა თანამშრომელმა ფიფოს.
ფიფომ ზანტად გადახედა. ცალკე ნერვებისგან და ცალკე დაღლილობისგან გათანგული იჯდა ეჭვმიტანილი პროფესორის კაბინეტში და მის შემოსვლას ელოდა.
ლოდინმა დიდ ხანს გასტანა. კრიმინალისტებიც გადაიქანცნენ, უკვე ყოველი კუთხე-კუნჭული კარგად ჰქონდათ ათვისებული. იქ ჩხრეკას, მართლაც აზრი აღარ ჰქონდა. ფიფომ ბიჭები დაითხოვა და პროფესორის მოლოდინში, მის სავარძელში გადაწვა.
„იქნებ, სწორედ იმ ფორმულებშია დაშიფრული ის, რასაც მე ვეძებ? ჰაჰ, არც გამიკვირდება, რომ ასეც იყოს, მაგრამ ვინ მომცემს მაგის გაშიფვრის უფლებას?“
ფიქრობდა ფიფო და გული ბოღმით ევსებოდა.
„ამის სიმპოზიუმები და კონსილიუმები მინდა ახლა მე? მერე, რომ მართლაც ვერ გავშიფრო, ისე მე როგორც მინდა? და მერე მართლაც, რა ამოვა თანამშრომლების ყბიდან, ისედაც უკვე რა ხანია, უნდობლად მიყურებენ. დიახ სწორედაც, რომ ბატონო პროფესორო, თქვენს გამო ვარ ასეთ შარში!“
პიპას ოთხი ლექცია ზედიზედ ჰქონდა ჩასატარებელი, ადვილად შეეძლო გათავისუფლება, მაგრამ „პატივი დასდო“ დაუპატიჟებელ სტუმრებს და უფრო მეტი თავისუფლებისთვის, მარტოც დატოვა კაბინეტში და დიდხანსაც აყურყუტა.
შიმშილისაგან და დაღლილობისგან ფიფოს ძილიც მოერია, ცოტაც და ჩათვლემდა, მაგრამ მისდა ბედად, კარი გაიღო და პიპაც დაბრუნდა.
- აბა, აღმოაჩინეთ საიდუმლო შეთქმულება? - ღიმილით მიმართა ფიფოს.
- მხოლოდ და მხოლოდ, ჩემს მოვალეობას ვასრულებდი! - უკმაყოფილოდ მიუგო ფიფომ.
პიპამ ნაძალადევად გაუღიმა. ყოველთვის ელოდა ამას. იცოდა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავზე დადგომოდნენ, ამიტომაც ყველაფერი, სულ პატარა ნიუანსიც კი კარგად ჰქონდა გათვლილი და რაც არ უნდა ეცადათ, როგორც არ უნდა გადაეჩხრიკათ, მაინც ვერასდროს ვერაფერს უპოვნიდნენ. იცოდა და ყოველდღე ელოდა უკვე ფიფოსა და მის ამალას, მაგრამ ახლა, ნამდვილად არ იყო ამ უაზრო ჩხრეკვა-დაკითხვის ხასიათზე. მიმი ენატრებოდა და ახლა მხოლოდ მასზე ფიქრობდა. ფიფოზე ნაკლებად გადაღლილი და გადაქანცული, არც თავად იყო. ერთი სული ჰქონდა, სანამ სახლში დაბრუნდებოდა, ბავშვს მიუალერსებდა, დააძინებდა და მერე მოგვიანებით კი, ისევ ქურდულად შეპარული, მძინარე მიმის ჩაიხუტებდა.
ჯერ ერთი დღეც არ იყო გასული და უკვე საშინლად მოენატრა. შეჰპირდა კიდევაც, წასვლამდე ვეცდები ყოველდღე გინახულოო, მაგრამ როგორც ჩანდა, დღეს ფიფო, ასე ადვილად არ მოეშვებოდა და ბარემ, ბოლომდე მიყოლა არჩია.
- წუხელ გვიანობამდე, ძალიან საინტერესო სტუმარი მყავდა. - პიპა თვალებში ჩააშტერდა, თითქოს ანიშნებდა, ვიცი შენგან იყო მოგზავნილიო.
ფიფო მშვენივრად მიუხვდა, მაგრამ ვითომდა, გაიკვირვა:
- მერე?
- მერე ის, რომ დილით საუზმე ვეღარ მოვასწარი. სადილობის დრო კი თქვენს ვიზიტს შეეწირა.
- და წადი დაახვიეო, არა? - ჩაეცინა ფიფოს.
- არც მიფიქრია! - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ჩემთან ვივახშმოთ, თუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნები.
ფიფო სიხარულით აცმუკდა. ძლივს შეიკავა თავი, რომ სიხარულის ემოცია არ გამოეხატა. სწორედ ეგ აწყობდა. პიპას, რომ არ ეთქვა, მაინც როგორმე თავად დაიპატიჟებდა თავს, თუმცა დაიპატიჟებდა კი არა, უნდოდა ეთქვა, რომ ჩხრეკა ახლა სახლშიც უნდა გაგრძელდესო, მაგრამ რას წარმოიდგენდა, თუ ამას თავად ეჭვმიტანილი შესთავაზებდა, ამიტომაც უკვე თავისუფლად შეეძლო ბინის ჩხრეკა საერთოდ აღარც ეხსენებინა, მაგრამ პიპას წინადადებით აღფრთოვანებულმა ფიფომ უნებურად წამოისროლა:
- ისე წესით, ჩხრეკის მეორე ეტაპი ბინაზე უნდა გაგრძელებულიყო. - და სწრაფადვე გაჩუმდა.
ფიფოს ამ დაუფიქრებელ წამოყრანტალებას პიპას სიცილი მოჰყვა. ფიფო, დაიბნა. მიხვდა, ზედმეტი მოუვიდა და ძალიან პრიმიტიულად გაიშიფრა, რომ საქმე სტუდენტებს კი არა პირადად ბატონ პროფესორს ეხებოდა.
- კეთილი, მხოლოდ ისევ ერთი პირობით. - ეღიმებოდა პიპას. - ძალიან ფრთხილად და ზედმეტი არევ-დარევის გარეშე უნდა იმოქმედოთ, თორემ ბავშვი ისედაც უცხოებს ცოტა არ იყოს უნდობლად უყურებს და ახლა მის ოთახს, რომ გადაქექავთ შესაძლებელია უარყოფითი რეაქციაც მოჰყვეს. - ნაღვლიანად დაასრულა ბოლოს.
- არა! არა! ბავშვი რა შუაშია? მასთან...
- ხომ შეიძლება იფიქროთ, რომ ბავშვის ოთახშიც რაღაცას ვმალავ? თუმცა არც კი ვიცი რას ეძებთ, ამიტომაც ჩემი თხოვნაა, ბავშვთან ძალიან ფრთხილად. სასურველია ოთახიდან გამოვიყვანოთ და მერე როგორც გენებოთ ისე აურიეთ და ნუ მოგერიდებათ, მე თვითონვე დავულაგებ.
- არა! არა! არავითარ ჩხრეკას აზრი აღარ აქვს! - დაამშვიდა ფიფომ. - ისედაც ვიცოდი, რომ ყალბი ინფორმაცია იყო, მაგრამ ხომ იცი, არა? უფროსობას გვერდს ვერ აუვლი.
- ვიცი, მესმის.
- უბრალოდ, ჩხრეკის ორდერში, რატომღაც ბინაც წერია. თუმცა, ისედაც ცხადი გახდა ყველაფერი. - ფიფომ ნაკუწებად ქცეული ორდერის ნაფლეთები ჯიბეში ჩაიკუჭა. თუმცა, ურნის გვერდით იდგა, მაგრამ მაშინათვე ისიც კი იფიქრა, პიპამ ურნიდან არ ამოიღოს და მართლაც არ გადაამოწმოსო, ამიტომ მისი სასწრაფო განადგურება და გაქრობა თავად არჩია. პიპაც მშვენივრად მიუხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- გასაგებია. - ღიმილით მიუგო პიპამ. - არ არის პრობლემა. არც კი მწყენია, ვიცი და მესმის.
- ვალდებული ვიყავი გადამემოწმებინა. მე თუ არა, ჩემს მაგივრად, სხვები მოვიდოდნენ. - ფიფო კიდევ ერთხელ შეეცადა თავის მართლებას. - აურზაურსაც ატეხდნენ, თანაც, სულ არაფრის გამო. ისევ ჩემი სტუმრობა სჯობდა, არა? 
- ჰო, რა თქმა უნდა. 
- თავი ვალდებულად ჩავთვალე, ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩამეტარებინა. მაინც ასეა თუ ისეა, ვიცნობთ ერთმანეთს და კარგად მახსოვს, როგორ დამეხმარე, მე კი წესიერად, მადლობაც არ მითქვამს.
- აბა რის მადლობა? ნებისმიერს დავეხმარებოდი, მით უმეტეს, თუ მართლაც უდანაშაულოა.
- ჰმ, და ისე მაინც, რა დარწმუნებული იყავი, რომ უდანაშაულოს ეხმარებოდი? - გამომცდელად ჩაეკითხა ფიფო.
- როგორ გითხრა? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - თავიდან, ჯერ მიმის თავგამოდება იყო, ისეთი აღელვებული მოვარდა. ჰმ, მოდი და ნუ დაეხმარებოდი, ჰაჰა!
ფიფოსაც გაეცინა.
- მიმი საოცარი გოგოა. - ცოტა დაბალ ხმაზე თქვა ფიფომ და მოსაუბრეს ჩააშტერდა.
- ჰო, კი, კი! ნამდვილად კარგი მეგობარია და ყველაფრისთვის მზად იყო, მეგობრის დასახმარებლად.
- ესე იგი, მიმის უნდა ვუმადლოდე, არა? - ჩაეღიმა ფიფოს.
- თავისთავად! მიმის, რომ არ ებრძოლა, მე ვერც გავიგებდი და რა თქმა უნდა, ვერც დაგეხმარებოდი.
- და მაინც, რომ დამნაშავე ვყოფილიყავი?
- თუ აღმოვაჩენდი, რომ მიმი მართლაც კრიმინალს იცავს, რა ვიცი? შესაძლოა უკანაც დამეხია, მაგრამ?
- მაგრამ? - ვეღარ მოითმინა ფიფომ.
- იმ ვიდეო ჩანაწერიდან, ნათლად ჩანდა, სად და როდის იყავი, ყველაფერი გასაგები იყო, თუმცა ის... ის მეგობარი ქალბატონი... - პიპა გაჩუმდა.
- ჰო, მეგობარია, მაგრამ მოწმედ ვერ... - ახლა ფიფოც გაჩუმდა.
- მიმი იეჭვიანებდა, ინერვიულებდა და თანაც, არ მიმაჩნია სწორად, რომ მე ან ვინმე სხვას, რატომ უნდა გვეჭორავა, სხვისი ქმრის ღალატზე? - პიპას სერიოზული სახე ჰქონდა, მხოლოდ მისი თვალები, აშკარად გამარჯვებას ზეიმობდა, ასე ძლიერ რომ დაზაფრა მეტოქე.
ფიფოს ცივმა ოფლმა დაასხა.
- უმჯობესია, თავად მეუღლემ აუწყოს და არა ვინმე სხვამ. - გააგრძელა პიპამ. - ან იქნებ, სულაც არ ღირს, ორსული ცოლის ნერვიულობა, რაღაც ერთჯერად გატაცებაზე? 
- ჰო... ჰო, რა თქმა უნდა... - წაიბურტყუნა ფიფომ.
- რადგან ფაქტი სახეზე იყო და იმ ქალის გამოჩენა არ შეიძლებოდა, ცხადი იყო მკვლელიც არ იყავი, ამიტომაც სხვა მყარი ალიბი შეიქმნა.
- ჰო. ვიცი, როგორც იწვალე და მართლაც, სამადლობელი სიტყვები არ მყოფნის. - ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ ბურდღუნებდა ფიფო.
- ისე, მოწმე, ცრუ ჩვენებაზე, თუ პასუხს აგებს, ცრუ ალიბის შემქმნელიც დაისჯება, არა? - ეშმაკურად ჩაეკითხა პიპა.
- ჰაჰა! მასეა, მაგრამ მაშინ პირველი, მე უნდა დამიჭირონ!
- ჰაჰა! - ეცინებოდა პიპასაც. - ესე იგი, ჩემი ჩხრეკა-დაკითხვა, დამთავრებულია?
- თავისთავად, უბრალოდ მოვალეობა მოვიხადე და გესტუმრეთ, ჩხრეკაც ფორმალურად ჩატარდა, ჩვენს მეტს არავის გაუგია, აი ბიჭებიც კი გავუშვი უკვე რა ხანია სახლში. - ფიფო თითქოს, თავს იმართლებდა.
- მაშინ წავიდეთ ჩემთან და იქ ვივახშმოთ, თორემ ფეხზე ძლივს ვდგავარ. - მეგობრულად გაუღიმა პიპამ. - რესტორანსაც შემოგთავაზებდი, თუმცა ნაკლებად მიყვარს.
- ისე, თუ მართლა რესტორანი გინდა, მე ვიცი კარგი ადგილი, ნაკლები ხალხია და უაზროდაც არ ღრეობენ. - გაიქაჩა ფიფო, თუმცა ახლა, პიპასთან სახლში სტუმრობა, ყველაფერს ერჩია.
- სხვა დროს იყოს, ახლა კი, ჩემთან გეპატიჟები სავახშმოდ!
გამოსვლისას, წუთით ფიფო შეყოვნდა. მალულად მოავლო თვალი იქაურობას, მოთვალთვალეებს ეძებდა. თითქოს, საეჭვო ვერც ვერავინ შენიშნა. ის იყო, უნდა ეთქვა, წავედითო და მოულოდნელად, პიპას მზერა დაიჭირა.
რაღაც ამოუცნობი სხივი კრთოდა მის თვალებში, არც საშიში, არც ბოროტებით აღსავსე, მაგრამ რაღაც უფრო ღრმა, თითქოს, ცოტა სევდიანიც, მაგრამ უფრო მტკიცე და გაბედული. 
გზაში ფიფომ მანქანა მარკეტთან შეაჩერა. პიპა მშვენივრად მიუხვდა, მაგრამ სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ფიფო უკვე მანქანიდან გარბოდა. ერთი კი მოასწრო და მიაძახა, არაფერი არ გინდა, სავახშმოდ მე გეპატიჟებიო.
„ჰმ, რა საოცარია ჩემი ცხოვრება.“
ფიქრობდა პიპა.
„კაცი დასაჭერად დამდევს და მე სახლში ვეპატიჟები! თანაც, ძღვენით მოდის ჩემთან! ჰაჰა!“
ფიფომ თავი გამოიდო და მართლაც ძღვენით დაბრუნდა. შოკოლადის ტორტთან ერთად, ნაყინი და ხილიც კი არ დავიწყნია. 
- კარგი, რააა, ასე რატომ შეწუხდი? - უხერხულად იგრძნო თავი პიპამ. - რა გამოვიდა ახლა ეს? მე გეპატიჟები და შენ...
- სიამოვნებით ვივახშმებ, ახლა ტორტი ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ვიცი, სახლში ბავშვია. - და სანამ პიპა უპასუხებდა, ისევ ფიფომ დაასწრო. - დარწმუნებული ვარ არაფერი აკლია, მაგრამ სტუმრის მოტანილი მაინც ყველა ბავშვს უხარია, სხვა გემო აქვს!
პიპას ეღიმებოდა. ფიფოს შეეძლო სასმელიც მოეყოლებინა, მაგრამ რატომღაც...
„ვითომ, დაავიწყდა შეძენა? ჰაჰა! არადა ვიცი, რომ ძალიან უყვარს და საკმაოდ ხშირადაც სვამს. იქნებ, იცის, რომ კონიაკების კოლექცია მაქვს.
და საიდან იცის? ჰაჰ! სწორედ ის ბიჭი ეტყოდა, წუხანდელი სტუმარი.
ჰაჰა! ორი ყლუპის მერე, როგორ აჭიკჭიკდა!“
ფიფოც დაახლოებით იმასვე ფიქრობდა. სწორედაც, რომ იონამ აუწყა კონიაკების საუკეთესო კოლექცია აქვსო. ნეტა მართლა შენ რა გესმისო, კი მიაძახა ფიფომ, მაგრამ ვერც კი იფიქრებდა, რომ მეორე საღამოსვე, თავად ჩაუჯდებოდა ამ მართლაც, რომ ასეთი საუცხოო კოლექციას და მისი დაგემოვნების ღირსი გახდებოდა.
LEX. 2018 წლის 27 აპრილი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment