133.
როცა მიმის ეგონა, რომ ფიფო და მხატვარი, მხოლოდ ლოთობაში ატარებდნენ ერთად დროს, ძალიან ცდებოდა. სინამდვილეში, სასმელთან ერთად, სხვადასხვა გეგმებს აწყობდნენ და ათას ვარიანტებს ატრიალებდნენ.
როგორც იქნა, დადგა ის ნანატრი პარასკევიც. ფიფოს ერთი სული ჰქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა. თვის ბოლო კვირა იყო. ბატონი პროფესორის ბოლომდე გამოჭერის დრო დგებოდა.
მთელი დღე ფიფო სამსახურში, ადგილს ვერ პოულობდა. სიხარულისგან ისე ცმუკავდა, რომ თანამშრომლებმაც კი შენიშნეს.
- დღეს რაღაც, ძალიან ხარ აჟიტირებული!
- წინასაახალწლო ეიფორიაა?
- თოვლის ბაბუს, საჩუქრების სია, ხომ გაუგზავნე?
- აბა რაა! - მხიარული ხმით პასუხობდა ფიფო.
სამსახურიდან ბევრად ადრეც გათავისუფლდა. სული მისდიოდა, სანამ სახელოსნომდე მიაღწევდა.
ყურებამდე გაღიმებული მხატვარი, ტელეფონზე საუბრობდა. რაღაც ფასებს და მიღების საათებს ადგენდა. მერე როგორც იქნა, მორჩა საუბარს და მთელი სერიოზულობით მიმართა ფიფოს:
- შემომთავაზეს ჰიგიენა, სახლის პირობებში!
- რაა?
- საშობაო ფასდაკლებაა. თან აქციაა, წამოიყვანე მეგობარიო.
- სახლის პირობებში ჰიგიენის შეთავაზება, რა პონტია? როგორ გავიგოთ? - ჩაეცინა ფიფოს
- მიხვალ გაბანავებენ, ზურგზე ხელს წაგისვამენ!
მხატვრის სიტყვებზე, ფიფო სიცილისგან კინაღამ გაიგუდა.
- თითო არ ჩავუფინოთ? - ეშმაკურად გახედა მხატვარმა.
- მიდი დაასხი, ცოტა სიმორცხვის დაძლევაში შეგვეშველება. - ეცინებოდა ფიფოს.
ბიჭები უკვე ერთ ბოთლს ცლიდნენ, როცა მიმი შემოესწრო. საშინლად გაუბრაზდა. საყვედურებიც არ დააკლო.
- არ ვიცი რააა. რა უნდა გიწოდოთ? მაგარ სუფრაზე დაპატიჟებული ხალხი არაყზე და ძეხვზე ქეიფობთ!
- კარგი რა მიმი, რაა. - აბუზღუნდა ფიფო. - ისეთი მშიერი მოვედი, კინაღამ მხატვარი შემომეჭამა.
მიმი გაბუტული ჩამოჯდა და ისევ აბუზღუნდა:
- ეს უკვე მართლა ლოთობაა და მეტი არაფერი!
- მიმი რა გჭირს? - გამოეპასუხა მხატვარი.
- მიმი მართლა რა მოგივიდა? მშვენიერი სიმთვრალე მაქვს, რას გიშლის ჩვენი დალევა?
- მერე საჭესთან მთვრალი როგორ შეიძლება? - აწუწუნდა მიმი. - სულ მაგაზე მაქვს შენთან კამათი და არაფერი გესმის მაინც.
- დავტოვებ აქ და შენი მანქანით ვიმოძრაოთ. - მიუგო ფიფომ.
- შენ ხომ მაინც არ სვამ და რა განერვიულებს მერე? საჭესთან შენ იჯექი, რა ვინ გიშლის? - ჩაერია მხატვარი.
- ჩემი მანქანა პროფილაქტიკაშია. - მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- ჰოდა, ჩემს მანქანას ჩაიბარებ, რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- შენც ჩემი ექსცოლივით, სულ პროფილაქტიკაში როგორ დაარბენინებ?! - გაეცინა მხატვარს.
- პროფილაქიტიკა ხანდახან საჭიროა და აუცილებელიც კი. - ჩაურთო ფიფომ.
- ისე, ახალი ნაყიდი არ გაქვს? რა უქენი ასეთი? - ჩაეკითხა მხატვარი.
- რა არის ახალი? ერთი წელი იქნება უკვე რაც მყავს.
- ოჰ! არ გეკადრებათ ქალბატონო, გასული წლის მანქანით სეირნობა?
- კარგი რაა, ნუ იკბინები. - გამოექომაგა ფიფო მიმის. - მანქანას მოვლა უნდა აბა რაა! აი მიმი იცი, როგორ სათუთად უვლის და ბევრი ქალისგან განსხვავებით, კარგი მძღოლიც არის!
- ჰო, აბა ჩემი ყოფილი ცოლივით კი არ არის! წელიწადში შვიდჯერ ცვლის მანქანას და იცით რატომ? განა, მართლა ამდენი ფული აქვს? მაგრამ იმდენად აზიანებს, რომ მერე ჯართში ჩაბარებულს, ზედმეტი დაპრესვაც აღარ სჭირდება.
ყველას ეცინებოდა მხატვარი კი არ ცხრებოდა:
- აბა რა იქნება? კარტოფილს შეწვავს ჩაასხამს იმ ზეთს და მერე რაღაც ურევსო, ღმუილივით ხმა აქვსო.
მიმიმ გემრიელად იცინა. როგორც იქნა, ბიჭების ხუმრობებმა ხასიათზე მოიყვანა და ისინიც ისე ახმაურდნენ და აჟღურტულდნენ, კარის კაკუნის ხმაც, ძლივს გაიგეს.
- კარზეა ვიღაც. - დაბალი ხმით თქვა მიმიმ.
სამივემ ერთმანეთს ფარული მზერით გახედეს. სამივემ კარგად იცოდა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და თითქოს, არც ერთი არ აპირებდა კარის გაღებას.
კაკუნი განმეორდა.
ისევ მხატვარს ხვდა წილად, სტუმრისთვის კარის გაღება. ბოლოს და ბოლოს, მასპინძელი იყო და თანაც, ამ შემთხვევაში, ნეიტრალური ფიგურაც ბრძანდებოდა.
ფიფო მაქსიმალურად ცდილობდა თავი ხელში აეყვანა. დიდი მოწიწებითა და პატივით შეხვდა პიპას. მიმიმ კი მშრალი ღიმილით დააჯილდოვა.
- ცოტა შენც შემოგვეშველე. - თვალი ჩაუკრა მხატვარმა და ჭიქა შეუვსო.
- არ ვსვამ! - მოკლედ მოუჭრა პიპამ.
- ვაა?! აბა ქეიფს, რომ ვაპირებთ, იქ არ დალევ? - გაიკვირვა ფიფომ.
- ნუ, იქ ცოტას დავლევ. - პიპამ თავაზიანად გაუღიმა.
- ეეე! მასე არ გამოგვივა ქეიფი! - ირონიულად აღნიშნა მხატვარმა. - განა მე მინდა დალევა? უბრალოდ, ორგანიზმი მთხოვს!
- ქეიფი მარტო ის ხომ არ არის, დალიო და ბოლომდე გამოტყვრე? - მკვახედ მიახალა მიმიმ.
ბიჭები უკმაყოფილოდ ახმაურდნენ. პიპა მიმის დაეთანხმა. მიმი კვლავ აპროტესტებდა დალევას და ლოთობად მოიხსენიებდა. პიპა ისევ ეთანხმებოდა.
ფიფო იბოღმებოდა, თუმცა გული უკვე სიამაყით ევსებოდა. სადაცაა კლანჭებში მოიქცევდა. მხატვარი მალულად გახედავდა, ხან ერთს ხან მეორეს. ცდილობდა, არაფერი გამოჰპარვოდა.
- აღარ მივდივართ? - მიმის უკვე მოთმინება გამოელია.
- არა! - მშვიდი ხმით მიუგო ფიფომ.
ყველამ გაკვირვებით შეხედა.
- კი, მაგრამ რატომ არ მითხარი მერე? - გაიბღუზა მიმი.
მხატვარს წარბები აეწია და დაბნეული სახით შეჰყურებდა ფიფოს.
მხოლოდ პიპა არ იყო არც გაოცებული და არც დაბნეული. აშკარად ჩანდა, რომ გაბრაზდა, საშინლად გაბრაზდა. თუმცა, ფიფოს მეტს არავის შეუმჩნევია, პიპას მხოლოდ წამით, საშინელი რისხვით ანთებული თვალები და გულში გაუხარდა კიდეც.
შაბათის გეგმები ჩაუშალა ბიჭს.
- და რა პონტში არ მივდივართ? - როგორც იქნა, დასვა კითხვა მხატვარმა.
ფიფომ ამოიხვნეშა. კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მერე მიმის გახედა და უკანვე ჩააბრუნა:
- აი, შენი ხათრით აქ არ მოვწევ.
- რატომ არ მივდივართ? - მიმის მოთმინება ელეოდა.
- სანამ შენ მოხვიდოდი, მანამდე დამირეკა ნათლიაჩემმა და ამ საღამოს, არანაირად არ გამოვაო, ხვალისთვის გადავდოთო და თანაც, ბოდიშიც მოგიხადათ თქვენ, ყველას.
- აჰა! ესე იგი ნათლიაშენი იყო ხომ, რომ ელაპარაკებოდი, რის ბოდიში, რა ბოდიშიო? - სწრაფადვე აუბა მხარი მხატვარმა. თუმცა, ძალიან კარგადაც იცოდა, რომ არავის დაურეკავს. აშკარად ხედავდა, ფიფოს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
- ჰო, რა იყო, მიმი? რას იბუზები? დღეს ვერა და ხვალ წავალთ! - ფიფო მიმის დამშვიდებას შეეცადა და თან, თვალს პიპასკენ აპარებდა.
პიპა კი, რეაქციის გარეშე იჯდა. ვითომ, სულაც არ ადარდებდა გეგმები, რომ აუწეწეს.
- კეთილი. იყოს ხვალ! - მხიარული ხმით წარმოსთქვა პიპამ.
ფიფოს გულში ჩაეცინა. მშვენივრად შეამჩნია, როგორ არ ესიამოვნა ბატონ პროფესორს, წინასწარ დაგეგმილი საღამოს ჩაშლა. იმასაც კარგად მიუხვდა, დღეების გადანაცვლებით, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. აბა რა მნიშვნელობა ჰქონდა, პარასკევს ღამით მოკლავდა ვინმეს, თუ შაბათს? თუ დანაშაული ჩადენა სურდა, ისედაც ჩაიდენდა, მაგრამ დაწყობილი გეგმის აწეწვა კი, სულ სხვა განსაცდელში ჩააგდებდა მკვლელს.
ფიფო წამოდგა, სიგარეტის კოლოფს ხელი დაავლო და ბიჭებს მიმართა:
- წამო რა გარეთ მოვწიოთ, აქ მიმის შევაწუხებთ.
- არ ვეწევი. - მშვიდი ხმით უპასუხა პიპამ.
ამას უკვე აღარ მოელოდნენ. ფიფომაც და მხატვარმაც, მშვენივრად იცოდნენ, რომ მკვლელი მწეველი იყო და განსაკუთრებით კი, მკვლელობის მომენტში ეწეოდა ბევრს.
ბიჭები წამით შეყოვნდნენ. ფეხზე წამომდგარმა მხატვარმა, აღარ იცოდა, უკანვე დამჯდარიყო, თუ ფიფოს გაჰყოლოდა. თუმცა, ფიფოც წამით გახევდა და თითქოს ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა.
- არა, ისე თუ გინდათ, მეც გამოვალ გარეთ. უბრალოდ, არ ვეწევი და. - სიტუაციის განმუხტვა სცადა პიპამ და თან მიმის, თვალი აარიდა.
- არა, იყოს! შენ იყავი, მოვწევთ და შემოვალთ! - ფიფო შეეცადა, ბრაზი დაეფარა და სწრაფადვე გავიდა გარეთ.
მხატვარიც უმალ მიჰყვა.
- დაა, როდიდან არ ეწევი? - ცინიკურად ჩაეკითხა მიმი, როგორც კი ბიჭები გარეთ გავიდნენ.
- დიდი ხანია ვცდილობ, საბოლოოდ გადავაგდო. ისედაც, იშვიათად ვეწევი. ხან უცებ რამდენიმე ღერს ზედიზედ მოვწევ, ხან კი, თვეობით არა. - გაუღიმა პიპამ.
„ჰმ, მშვენივრად დაიძვრინა თავი.“
გაიფიქრა მიმიმ.
სანამ ბიჭები შემოვიდოდნენ, უხმოდ ისხდნენ. პიპა მიმის თვალს არ აშორებდა. ისეთი დაუფარავი ვნებით უყურებდა, რომ მიმიმ ცოტა არ იყოს, უხერხულადაც იგრძნო თავი. ყოველთვის გაყინული ცივი კაცი, ასე რამ გაალღო და გააცხელაო ფიქრობდა გულში.
პიპა მართლაც აღარ ფარავდა მიმის მიმართ ვნებიან გრძნობებს. ლამის თვალებით ჭამდა, მაგრამ ხმას არ იღებდა და მიმისაც სწორედ ეს აკრთობდა.
რა ხდებოდა?
რაში იყო საქმე?
ხომ არ აჩქარდა, რომ ფიფოსთან ერთად დაიწყო ცხოვრება?
იქნებ, არც ახლაა გვიან?
- არა! - უცებ წამოიძახა მიმიმ.
- რა მოხდა, მიმი? - საოცარი რბილი ხავერდოვანი ხმა ჰქონდა პიპას და ახლა უფრო მეტი სითბოთი შეხედა გაღიზიანებულ გოგოს.
- იცი, ჩვენ უკვე ერთად ვცხოვრობთ. - დაიწყო მიმიმ, ლამის აკანკალებული ხმით.
- ვიცი. - მიუგო პიპამ თბილი ხმით და წამოდგა, მიმის ძალიან ახლოს ჩაუარა. ხელი ხელზე მოუჭირა და იმ კედლისკენ გააგრძელა გზა, სადაც ნიღბები ეკიდა.
პიპას წამიერმა შეხებამ, მიმის მთელს სხეულში ძლიერად დაუარა. ვერაფერს მიმხვდარიყო. რა უნდოდა ამ კაცს, თან ახლა მაინც.
ბიჭები სწორედ კი, იმ დროს შემობრუნდნენ, როცა პიპა, ნიღბების თვალიერებაში გართული, აღფრთოვანებას ვერ ფარავდა.
„ვითომ, პირველად ხედავს.“
გაივლო გულში მხატვარმა. პიპას ადრინდელ ვიზიტზე, არც ფიფოსთან და არც მიმისთან სიტყვაც არ დასცდენია და თავადაც ვერ ხსნიდა, რატომ მალავდა.
- იმ ნიღაბს, საშინლად ვერ ვიტან, ყორნის ფორმა რომ აქვს. - ჩაერია საუბარში მიმიც.
- სხვათა შორის, ეგეც ვენეციური ნიღაბია და კარნავალზეც, საკმაოდ ხშირად იყენებენ. - მიუგო მხატვარმა.
- როგორც ვიცი, ჩიტის ნისკარტიანი ნიღბები, მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოდის და კარნავალის გარდა, ცოტა სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. - დაუმატა პიპამ.
- რა თქმა უნდა, აბა რაა! - დრო იხელთა ფიფომ და საუბარში ჩაეკვეტა. - ამ ნიღბით, რომ ღამე ვინმე გამომეცხადოს, თუნდაც ხუმრობით, ხომ გამისკდა გული!
მხატვარს გაეღიმა. პიპას კი ნერვიც არ შეტოკებია, მშვენივრად მიხვდა, ფოფოს საუბარი საითკენ მიჰყავდა და ჩვეული მშვიდი ხმით დაიწყო ახსნა:
- დიახ, ნამდვილად საშიში და ამაზრზენი ფორმა აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. სინამდვილეში კი, უფრო სხვა დანიშნულება ჰქონდა. იმ პერიოდის ექიმბაშები ამ ნისკარტს ავსებდნენ სანელებლებითა და სამკურნალო თვისებების მქონე ბალახეულით და ასე, სასუნთქი გზების საშუალებით, ათასგვარი ვირუსებისგან ცდილობდნენ თავის დაცვას.
- ჰმ, საინტერესოა. - ჩაილაპარაკა ფიფომ.
- აუუუ!!! - წაიყმუვლა მხატვარმა.
ყველამ გაკვირვებით შეხედა.
- დღეს სუფრაზე ვაპირებდით წასვლას და ჩემს ექსკნეინას უარი ვუთხარი, სადილი აღარ მოვატანინე.
- მერე რა პრობლემაა? - წამოიძახა ფიფომ და მაშინვე მობილური მოიმარჯვა. - შევუკვეთოთ მწვადი, ხინკალი და სხვა რამეებიც!
- აუ ხინკალიიი! - გაიბადრა მიმი.
მხატვარს სურდა, მათი საუბარი თუნდაც პატარა, მცირე სუფრასთან მაინც გაგრძელებულიყო, რასაც ფიფოც მყისვე მიუხვდა და მხარიც აუბა, მაგრამ აქ პიპამ კატეგორიული უარი განაცხადა.
მიზეზად, ხვალინდელი ქეიფი დაასახელა:
- ბარემ, ხვალის საქმეს დღეს მოვილევ და ხვალ ცოტა უფრო მეტად თავისუფალი ვიქნები.
- კარგი რაა! აბა ხინკალზე უარის თქმა, როგორ შეიძლება? - ფიფო არ იხევდა უკან.
- ახლა არ თქვა, სიგარეტივით და სასმელივით, არც ხინკალს არ ვეკარებიო. - გაიკრიჭა მხატვარი.
პიპას გაეცინა:
- მარხვაზე ვარ და ამჯერად, ხინკალზეც უარი უნდა გითხრათ!
- მაშინ სოკოს ხინკალი? - წაიწრიპინა მიმიმ. - ან კარტოფილის!
ყველას გაეცინა.
- უბრალოდ, მარხვის დარღვევა რაღაცის გამო და განსაკუთრებით კი, ასე ვთქვათ, კუჭის გამო. - პიპა ღიმილით შეეცადა ახსნას. - რასაც პირველივე დღიდანვე დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო.
- ესე იგი, მთავარი მაინც, პირველი ნაბიჯებია, არა? - მრავალმნიშვნელოვნად ჩაეკითხა ფიფო და თვალი თვალში გაუყარა.
- თავისთავად. - მშვიდი ხმით მიუგო პიპამ.
- მაშინ, გავშალოთ სამარხვო სუფრა! - უკან არ დაიხია ფიფომ.
ჩანდა, პიპას წასასვლელად, ყველა გზას უჭრიდნენ, ამიტომ თავის დაძვრენა, მეტად აღარც უცდია.
- მაშინ მე დაგპატიჟებთ! - განაცხადა თუ არა, ერთდროულად აყაყანდნენ ფიფოც და მხატვარიც და ისევ მიმიმ გაანეიტრალა სიტუაცია.
- დღეს ჩვენ გეპატიჟებით! - ამაყად ამოუდგა ფიფოს მხარში. - და მოვრჩეთ ახლა, თორემ საშინლად მომშივდა!
როგორც იქნა, მორიგდნენ. დაშოშმინდნენ. საუბარიც, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ფიფო გაოგნებული დარჩა, პიპას საკმაოდ მაღალი ინტელექტითა და გადმოცემის საოცარი უნარით და სადღაც გულის კუნჭულშიც კი გაჰკრა, ნეტა მართლაც ვცდებოდეო, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ის დამნაშავე, ვისაც ასე ეძებდა, საკმაოდ ჭკვიანი გამჭრიახი, კარგად, მოაზროვნე პიროვნება იყო.
- შუასაუკუნეების ექიმებს მიაჩნდათ, რომ ყველაზე ადვილად, ქათმებს შეეძლოთ დაავადებების გადატანა, გავრცელება და ცდილობდნენ, რაღაც კავშირი მაინც დაემყარებინათ ფრინველსა და იმ დაავადებულებს შორის, ვისაც მკურნალობდნენ. ათასი ექსპერიმენტი ტარდებოდა და ასე ცდილობდნენ, მის სრულ განკურნებას თუ არა, დაავადების შემსუბუქებას მაინც.
პიპას ხმა სასიამოვნოდ ჟღერდა და ყველა სულგანაბული უსმენდა. თითქოს უკვე თავადაც გაუტკბა და წასვლასაც აღარც ჩქარობდა.
მაგრამ, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, ფიფოსთან შემოსული ზარები, ყოველგვარ იდილიას არღვევდა.
ფიფო წამოდგა. სხვა გზა არ იყო. იქაურობა უნდა დაეტოვებინა. ამდენი დროც აღარ ჰქონდა, რომ მიმი სახლში გაეყვანა და მერე თვითონ, სულ სხვა მხარეს, სამსახურში გასულიყო.
- წადი შენ გეჩქარება და მე ტაქსს გამოვიძახებ. - სწრაფადვე შეაფასა მიმიმ სიტუაცია.
ისედაც ჩანდა, რომ ფიფოს მიმის იქ დატოვება არანაირად არც უნდოდა და არც არაფერში აწყობდა.
- მე გავაცილებ! - შესთავაზა პიპამ. - ტაქსშიც ჩავსვამ და თუ უნდა, სახლამდეც მივყვები.
ფიფო ლამის გულზე გასკდა. სახეზე ღიმილი კი მოირგო, მაგრამ სახალისოდ სულაც არ ჰქონდა საქმე და სხვანაირადაც უკვე მაინც აღარ გამოდიოდა. რადგან მეგობრულად ეჭირა თავი, ბოლომდე ასე უნდა გაეგრძელებინა თამაში.
- კარგი, ფიფო, რა იყო? ნუ გეშინია. მივიყვანთ მიმის სახლამდე, აბა მარტო ხომ არ გავუშვებთ! - ჩაერია მხატვარი და ფიფომაც ცოტა შვებით ამოისუნთქა.
LEX. 2017 წლის 25 დეკემბერი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment