132.
- მოკლედ რააა, თქვენ ორის ერთად შეყრა და უკვე მიდის დალევა დათრობამდე! - სიცილით შენიშნა მიმიმ.
- დათრობამდე უნდა დალიო, აბა ყელში სავლებად კი არა. - გაეცინა ფიფოს.
- ჩემო, მიმი! მარტოხელა ადამიანის ყოფა ძალიან რთულია! საწყალი, მარტო სულია! ისე მართლა, მარტო რა დამალევინებს? როცა მინიმუმ ორნი მაინც ვართ და დავლევთ გავიხარებთ! აბა მეტი სხვა რა დაგვრჩენია? - აჟღურტულდა მხატვარი.
- აბა მართლა, მეტი რა საქმე უნდა გვქონდეს, როცა ერთად შევიყრებით? - აღნიშნა ფიფომ. - ვჭამთ, ვსვამთ და ვერთობით! საქმეები და გარჩევები სამსახურშიც მეყოფა!
- მართალია ეს ახალგაზრდა! - კვერი დაუკრა მხატვარმა.
- დალიეთ, დალიეთ. - ხელი ჩაიქნია მიმიმ. - წავედი მე დედასთან. - კარში შეჩერდა და ბიჭებს გამოხედა. - და რომ მოვალ!
- გვემუქრები კიდევაც? - ჩაეცინა მხატვარს.
- და რომ მოვალ! - ღიმილით გააგრძელა მიმიმ და გაჩუმდა.
- დამშვიდდი, სახლი არეული არ დაგხვდება. - დააიმედა ფიფომ.
- საერთოდ არ ავდგებით სუფრიდან, შენ არ ინერვიულო. - დაუმატა მხატვარმა.
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი და გავიდა.
ძალიან გაუხარდა, როცა დედასთან მისულს მამიდაც იქ რომ დაუხვდა.
- ისე რა გინდა მარტო სახლში? გადმოდი აქ და ორივემ ერთად იცხოვრეთ.
- მთელი ცხოვრებაა მარტო ვცხოვრობ და არ გამჭირვებია. - ამაყად წარმოსთქვა მამიდამ.
- მეც მაგას არ ვეუბნები მერე? - ჩაერია დედა. - გადმოდი აქ და ვიყოთ ერთად.
- შენ შენი სახლი გაქვს, მე ჩემი კუთხე მინდა. - უკან არ იხევდა მამიდა.
- სამზარეულოში ტრიალი, შენ მაინც არ გიყვარს და ხელს არც შემიშლი, პირიქით მოგემსახურები და ნაირ-ნაირებს მოგართმევ!
- სახლს ხომ არ გამოვკეტავ? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მამიდამ.
- მერე შენც გააქირავე ან გაყიდე! - მიუგო მიმიმ.
- ოჰ, ერთი ღამე აქ დავრჩი და უკვე ბინა უნდა გავყიდო არა? თქვენ გგონიათ სიმარტოვის შემეშინდა? სულაც არა! დედაშენზე ვდარდობ!
- რა იყო დე? ცუდად ხომ არ იყავი? - შეშფოთდა მიმი.
- არ იცი რა „პანიკიორშა“ მამიდაც გყავს?
- რა იცი ვინ არის ან და რა ჯიშის იყო? -
მამიდას ჩაეცინა. - შენ მოგიფრთხილდი და მაგიტომაც დავრჩი!
- რა ხდება აღარ მეტყვით?
- პიანინოს ამწყობი მოვიდა დედიკო და მამიდაშენი გადაირია, რას შემოუშვი ეს ვიღაც უცხო კაციო.
- მერე რა მოხდა? ვერ ააწყო?
- ააწყო კი არა, ისეთი დააგრიალა და ისე გაგვართოოო! - დედამ ხელები გაშალა და წრიულად დაატრიალა. - ისეთი ვალსები დაგვიკრა მამიდაშენიც კი ააცეკვა.
- ძალიან კარგი მერე, მშვენიერი დრო გაგიტარებიათ! - გაეცინა მიმის.
- შესანიშნავი პიანისტი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც შემეშინდა! სიფრთხილეა საჭირო! რა იცი, მართლა ვინ არის? - იხტიბარს არ იტეხდა მამიდა.
- ოო, კარგი რააა! - მიმიმ თავი გააქნია. - აბა ვნახოთ ერთი, როგორ აგვიწყო.
- ნახე, ნახე. - მიუგო დედამ.
მიმიმ პიანინოს თავი ახადა და გაკვირვებული შეხედა დედას:
- ეს რა ფულია აქ?
- უი, საწყალი! - შეიცხადა დედამ. - დარჩენია ფული იმ კაცს.
- აი ხედავ? არ წაიღო ფული, იმიტომ რომ მოგისიოს თანამზრახველები! - ნიშნის მოგებით მიახალა მამიდამ. - და მერე, გაგიქურდოს ბინა.
- კარგი რააა, დარჩებოდა ალბათ! - შეუტია დედამ. - ისეთი გასაცოდავებული კაცი იყო! არადა, რას უკრავდააა!
- ხომ, მასე იციან თავის შეცოდება. - მამიდა ისევ თავის სიტყვაზე იდგა.
მიმი ღიმილით შეჰყურებდა ხან ერთს და ხან მეორე.
- საწყალი ცოლს მიუტოვებია, შვილს მარტო ზრდის თურმე. დედა ჰყოლია პიანისტი, თვითონაც მუსიკოსი გამოვიდა, მაგრამ ხან ბავშვი ავადმყოფობდა, ხან მშობლები და ვერ ააწყო სამსახური. დადის ასე და პიანინოების აწყობით ირჩენს თავს. - დედა კვლავ უცნობის დაცვას ცდილობდა.
- აჰა! ანკეტაც შეგივსიათ! - მიმის გულიანად გაეცინა.
- ისე მართლაც რა საოცრად უკრავდა. - თავი გადაქნია მამიდამ. - თან რა გამოთლილი თითები ჰქონდააა. მე ის მელოდია მომეწონა ძალიან, რაღაც სევდიანი და რაღაცნაირი იყო.
- დედაჩემის დაწერილიაო რომ სთქვა? - შეეშველა დედა.
- ჰო, ჰო! - კვერი დაუკრა მამიდამ.
მიმი, რომელიც აქამდე ღიმილით შეჰყურებდა ხან ერთ და ხან მეორეს, ახლა თითქოს რაღაც ენიშნა, მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა, რომ იმ დროს, როცა თავად პიპას მოლოდინში მასთან იჯდა სტუმრად, პიპა მის სახლში პიანინოს ამწყობად მოვლენილი, ვალსების დაკვრით ართობდა მიმის დედას და მამიდას.
ქალები ცდილობდნენ გაეხსენებინათ ის მშვენიერი და რაღაც საოცარი მუსიკა. მიმიმ თავისდაუნებურად იმ ძველი, უკვე მისთვის კარგად ნაცნობი მელოდიის რამდენიმე აკორდის აღება შესძლო, რასაც ოვაციები მოჰყვა.
- ჰო! აი სწორედ ეგ არის! შენც გცოდნია!
- ცოტა მანდ უფრო ასე ადიოდა ხმა. მიმი საიდან იცოდი?
- ასე კი არა ისე! - არ ცხრებოდნენ ქალები
მიმის გულში ჩაეღიმა.
„რა მაიმუნობაა?
ძველ ტანსაცმელში გამოწყობილი, როგორც ერთ დროს მე გამომეცხადა, ახლაც ასე მოიქცა.
რა უნდა ჩემგან? რის გაგება სურს?
ჰმ, გაგიჟდება ადამიანი, რაა!
წუხელ, რომ შევხვდი ორი სიტყვა ძლივს მაღირსა, თურმე აქ კი, უფასო კონცერტები გაუმართავს!
ისე, აქ თუ ძველმანებით იყო და მერე მე რომ ვნახე, მაშინ უკვე მშვენივრადაც ეცვა, მაშინ ალბათ სადმე გამოიცვალა და ისე დაბრუნდა სახლში.
ნუთუ, კიდევ სხვა ბინაც აქვს?“
- ჰო, მახსოვს ეგ კაცი! ჩემს მეგობარს უწყობდა პიანინოს! მერე მეც ვთხოვე, მგონი შარშან და ალბათ, ახლა გაახსენდა. - ჩაერია საუბარში მიმიც.
- აი! ხომ გითხარი! - ნიშნის მოგებით გადახედა დედამ, მამიდას. - შენ კი ვიღაც ქურდი, მაწანწალა გეგონა.
- დამშვიდდით! არც ქურდია და არც მაწანწალა! - მიმი ბრაზისგან გულზე სკდებოდა.
- აბა, მე რა ვიცოდი? - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები მამიდამ. - ეთქვა მერე, თუ მიმის გამოგზავნილი იყო!
- დაავიწყდა ალბათ სახელი, მისამართი კი ადრევე ჰქონია, თურმე ჩანიშნული. - ისევ იცავდა დედა.
- ისე, ბევრად ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან მეგონა. ბაბუაჩემივით ეცვა და აბა, რას წარმოვიდგენდი?! - გაეცინა მამიდას.
- ახალგაზრდა და სიმპათიურიც! - ჩაურთო დედამ. - და ამ დროს ძველმოდურად, ცოტა ბებრულადაც კი ეცვა.
- ჰო, მართლაც, ტანსაცმელი როგორ ცვლის ადამიანს, არა? მიმი!
მიმიმ ავტომატურად დაუქნია თავი. ისევ ფიქრებში იყო გართული.
- დარდმა და უიღბლობამ, ისე იცის კაცის გასაცოდავება, რომ ასაკს კი არა და, საკუთარ გვარ-სახელსაც გავიწყებს. - ამოიხვნეშა დედამ. - ეჰ, საცოდავი. ან ეს ფულიც როგორ დარჩა, ნეტა შემეხედა მაშინვე.
- მერე მიმი აქ არ არის? მისი გამოგზავნილია და დაურეკოს, მოვიდეს და წაიღოს!
- აჰა, ესე იგი, კიდევ მოვიდეს არა? შენ რაღაც ძალიან ხომ არ მოგეწონა? - გაეცინა დედას.
- რას ამბობ, ქალო?! - შეიცხადა მამიდამ. - შვილად შემფერის!
ყველას გაეცინა.
- ისე, საკმაოდ სიმპათიური კი იყო. ჰმ, ცოტა ასე, ათი წლით უფროსი, რომ მაინც ყოფილიყო... - ჩაეცინა მამიდას.
- კარგი ერთი, რა! ათი წელი, არც იქეთ და არც აქეთ! - შეუძახა დედამ, რასაც მამიდას გამძაფრება მოჰყვა.
- იმ კაცს, თუ ჰკითხეთ? მოსწონს მამიდაჩემი, თუ არა? - ჩაერია მიმი.
დედა სიცილისგან გაიჭაჭა.
მამიდამ ცხვირი აიბზუა.
- კარგი რაა? მოხდა მერე? რას იბუტები? - დედა მამიდას დამშვიდებას შეეცადა.
- იქნებ, მასაც მოეწონე და მერე, რა? - ეშმაკურად ჩაეღიმა მიმის.
მამიდა ისევ აბუზღუნდა, დედა სიცილით ამშვიდებდა.
- ჰო, კარგი ახლა, მართლა! ნუ აყაყანდით! - შეუტია მამიდამ ორივეს.
- მეც თავი ამტკივდა უკვე! - შენიშნა მიმიმ.
წუთით ყველა გაჩუმდა.
- ისე, რატომ არ შეიძლება, რა? - დაარღვია დუმილი მიმიმ. - იქნებ, მართლაც მოეწონე? წესიერი, მდიდარი, შეძლებული, ბინიანი, მანქანიანი, კეთილშობილი ქალბატონი, პატიოსნების განსახიერება! ჯერ კაცისთვის, არა თუ გიკოცნია, არამედ კინოშიც კი არ ხარ ნამყოფი მამაკაცთან ერთად! - მიმიმ სახე მოარიდა, რომ არ გასცინებოდა.
- ჰო, აბა! - კვერი დაუკრა დედამ, რომელიც ღიმილს ძლივს იკავებდა.
- მერე, შენი ნაცნობი არ არის? იმას ჰკითხე, მე რას მეკითხები! - ამაყად წარმოსთქვა მამიდამ. ჩანდა, რომ მიმის ხუმრობა სერიოზულად მიიღო და ესიამოვნა კიდეც.
- მიმი, მართლა დედა, თუ მართლაც იცნობ იმ კაცს, იქნებ, მიაწოდო ეს ფული? ცოდოა, ახალგაზრდა კაცი ასე დაჩაჩანაკებული დადის, მთელი ოჯახი კისერზე აწევს.
- კარგი, რამეს მოვიფიქრებ. მივაწვდენ როგორმე. - უკმაყოფილოდ მიუგო მიმიმ.
თავიდან მიმი, საშინლად გაბრაზდა, მაგრამ მერე უკვე, ეღიმებოდა პიპას უცნაურ საქციელზე. თუმცა, მაინც ვერანაირად ვერ მიხვდა რა თამაშს თამაშობდა, ან ახლა მაინც, რა უნდოდა?
„და მაინც, რა გარანტია ჰქონდა, რომ ან სახლში არ დავხვდებოდი, ან თუნდაც, ვინმე ნაცნობს არ გადაეყრებოდა ჩემთან? ან...“
აბა მიმის საიდან უნდა სცოდნოდა, რომ პიპას უკვე ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. მშვენივრად იცოდა, რომ მიმი, იქ არ დახვდებოდა და იმასაც მშვენივრად უწყოდა, სადაც იმ დროს იყო.
სწორედაც, რომ სახლიდან გამოსვლის წინ შენიშნა, მიმის მანქანამ როგორ ჩამოუხვია ქუჩაზე და მისი კორპუსის წინ გაჩერდა. მიმის არც კი შეუმჩნევია. ამიტომაც ისარგებლა და პიანინოს ამწყობის როლში სახლში ესტუმრა. ბევრი რამ გამოსციცნლა ქალებს. თავისიც მოუყვა. გაამხიარულა და ააცეკვა კიდეც. ისე გაართო, რომ ძლივს დააღწია თავი მათგან.
მართალია, ბევრი რამ ათქმევინა და ააჟღურტულა, მაგრამ არც არაფერი ისეთი, რომ ადრეც არ სცოდნოდა.
მიმი მართლაც ფიფოს გაჰყოლია ცოლად და ცალკე გადასულან. მალე ბავშვსაც ელოდნენ. ეს ხომ ისედაც იცოდა. მათი რომანი კი ბევრად ადრე დაწყებულა. სადღაც იმ პერიოდში თავადაც, რომ გაიცნო მიმი და როგორც იქნა, დააყენეს საშველიო, ბედნიერი სახით უყვებოდა მიმის დედა. მერე მამიდამაც დაუმატა, აი კარგი იყო ზღვაზე, რომ წავიდნენ, უფრო შეუყვარდათ ერთმანეთი, უფრო გაუგეს და მიმიც ფეხმძიმე დაგვიბრუნდაო. აქ კი ჩაფიქრდა პიპა. ამ ქალებისგან ცხადი იყო, უკვე მეტს ვერაფერს გაიგებდა და ისევ მიმის უნდა ეთქვა სიმართლე, მაგრამ ეტყოდა კი?
მიმიმ კი, თავისი მხრიდან, რამდენჯერაც დააპირა თქმა ან მინიშნება, იმდენჯერვე პიპასგან ისეთი სიცივე და ზურგშექცევა იგრძნო, რომ უკვე აზრიც აღარ ჰქონდა რამის თქმას.
აქეთ კი ფიფო იყო მიმის გულისთვის ყველაფრისთვის მზად. თანაც, მეგობრულად, სრულიად უანგაროდ სთავაზობდა გვერდში დგომას და რატომაც, არა?
„მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე და ის ყინულივით კაცი, თავის დროზე ვერანაირად ვერ გავალღვე, ახლა დაუპატიჟებლად მეჭრება სახლში, თანაც რაღაც კონცერტებსაც მიწყობს!
რა თამაშია?
პირდაპირ მოსულიყო სტუმრად, ჩვეულებრივად, როგორც ჩემი რომელიმე, მეგობარი, თანამშრომელი. რა საჭირო იყო ამ სცენების დადგმა? და პიანისტის ნიღბის მორგება?
ისევ ნიღაბი... ღმერთო ჩემო.“
მიმი თან ბრაზდებოდა და თან ეცინებოდა პიპას უცნაურ საქციელზე.
„დამაცადოს ერთი. მოვთხოვ პასუხს, როგორც საჭიროა ისე. ამ ამბავს, ასე არ დავტოვებ, ისეთ დროს ჩავურთავ, რომ თავი ვეღარ დაიძვრინოს.“
იმავე დღესვე მიადგა პიპას. კარი არავინ გაუღო. ცოტა ხანს იცადა. იქნებ, სადმე ეზოში ბავშვს ასეირნებენო, მერე კი უკან გამობრუნება დააპირა.
„საინტერესოა, სად არის მთელი ოჯახი?“
ერთიც დარეკა ზარი და ის იყო, რომ მობრუნდა და კარის საკეტმაც გაიჩხაკუნა.
ანაფორასავით, გრძელ პერანგ-ხალათში გამოწყობილი, მხრებამდე ჩამოშლილი, გაწეწილი თმებით, ძლივს ახელდა პიპას და თვალებს.
- ვაა, მიმიი? - ამოილუღლუღა ნამძინარევი ხმით.
მიმი პიცის კოლოფით ხელში, გაოგნებული შეჰყურებდა ახლად გამოღვიძებულ ქალს.
- შემოდი. - თავით ანიშნა ქალმა და ზურგი შეაქცია.
მიმიმ ფრთხილად შეაბიჯა, თითქოს კიდევ ვინმეს გაღვიძებას ერიდებოდა.
სახლში პიპას დის მეტი, მართლაც არავინ იყო.
- უჰჰ, რა კაია ცხელი პიცა! - ქალმა მოურიდებლად ჩამოართვა კოლოფი და ერთი დიდი ნაჭერი ისე იტაკა პირში, რომ სტუმრისთვის არა თუ პიცა, არამედ სკამიც კი არ შემოუთავაზებია.
მიმის ცალყბად ჩაეღიმა, ის იყო სკამი უნდა გამოეწია, რომ უტიფარი მასპინძლისგან ახლა დავალებაც კი მიიღო.
- აუ მიდი რაა, ბარემ ყავაც გააკეთე, შენთვისაც და ჩემთვისაც! შინაურულად! - ყურებამდე გაუღიმა ქალმა.
- მე ჩაის დავლევდი. - მიმიმ კარადის თაროებს მოავლო თვალი.
- აი მარჯვნივ, გამოაღე, მანდ უნდა იყოს, პიპას საყვარელი მწვანე ბერგამოტის ჩაი. შავი ჩაიც აქვს და კიდევ სხვანაირებიც.
მიმიმ კედლის კარადის პატარა კარი გამოაღო.
- ჰო, ეგ ანანასი და მანგოა! მაგაზე ჭკუა ეკეტება და სხვათა შორის, ყველას არც დაუთმობს! აიღე, აიღე! ნუ გეშინია! შენ არც გაგიბრაზდება! ამ ქვეყნად მხოლოდ მე მერჩის. - ჩაეღიმა ცინიკურად.
მიმის ერთი სული ჰქონდა გაეგო, თუ სად იყო გაკრეფილი მთელი ოჯახი, მაგრამ ხმის ამოღებას ვინ აცლიდა. ქალი გამუდმებით ქაქანებდა, ხან რაზე და ხან რაზე.
ბოლოს მიმიმ ისიც კი გაარკვია, რომ წინა საღამოს, ფიფოს და მხატვარს, ერთად სულაც არ დაულევიათ, რადგან მთელი საღამო გვიანობამდე, მხატვართან თვითონ ეს ქალი იყო სტუმრად.
„ესე იგი, ფიფომ მომატყუა? ჰმ, და რაში დასჭირდა მერე? მე ხომ არ ვუშლი? მართლა ცოლ-ქმარი კი არ ვართ, სადაც უნდა იქ წავიდეს! რატომ მატყუებს?
და თავი დამნაშავედ, რომ არ ეგრძნო, ამიტომაც რომანტიკული ვახშამი და ყვავილებით სავსე ოთახი დამახვედრა?
რა სასაცილოა და თან რა საყვარელია.“
მიმი თავის ფიქრებში იყო, მასპინძელი კი კვლავ ქაქანებდა.
თურმე პიპამ, თავისი ხარჯებით, სპეციალური პანსიონატი მოაწყო, სადაც ბავშვი ბებიასთან ერთად, უქმეების გარდა, უკვე ყოველდღე იქ დადიოდნენ.
- ბებიაჩემმა უბოძა, უფრო სწორად ბებიაჩვენმა! სამი უზარმაზარი სახლი და ერთ-ერთ სახლში მოაწყო ეს პანსიონატი, ასეთი დეფექტური ბავშვებისთვის. დედაჩემიც იქ მუშაობს, ძირითადად სამზარეულოში. მთელი დღე იქ არიან. ტრანსპორტიც შედის მიყავთ-მოყავთ. რაღაცეებს სწავლობენ ვითომ, ან მაგათ რა უნდა ასწავლონ ნეტა? მღერიან, ხატავენ. მოკლედ რააა!
- ისე კარგია, ბავშვები გაერთობიან. - მიმის აშკარად მოეწონა პიპას ქმედება. - იქნებ, რამეც ისწავლონ მათთვის სასარგებლოდ, რომ მომავალში გამოადგეთ.
- კარგი რაა, მაგათ ტვინში რამე შევა? ან საერთოდ სადა აქვთ ტვინი? ან რომელი მომავალი? - ქალმა ყავა მოსვა და ფინჯანი გვერდით გასწია, მერე მიმის ჩააშტერდა. - როდის ელოდები?
- გაზაფხულზე, აპრილიდან. - შემცბარი ხმით უპასუხა მიმიმ.
- ჰოო? და შენ ახლახან არ გათხოვდი?
- მერე რა?
- არა, არაფერი. - მხრები აიჩეჩა ქალმა. - მე რატომღაც, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ და პიპა...
- საიდან მოიტანე? - წამოენთო მიმი.
- შენ ისედაც სახეზე გეწერა, პიპა კი - ინიღბება! - ქალმა სიგარეტს მოუკიდა. - ინიღბება, როგორც ყოველთვის!
ნიღბის ხსენებაზე მიმის ტანში გასცრა.
- როცა ზედმეტად გაყინული მზერა აქვს, აი სწორედ მაშინვე ვხვდები, რომ რაღაცის დაფარვას ცდილობს. - განაგრძო ქალმა.
„ღმერთო ჩემო, ისევ ეს ნიღაბი.“
გაიფიქრა მიმიმ. უკვე ნერვებს უშლიდა ამ ქალის უაზრო ლაყბობა. პიპა კი...
„თუ ასე ვუყვარდი, მერე ვინ შეუშალა ხელი?“
- ისე, ჩვენში დარჩეს და მაგარი უტვინო კი ყოფილხარ! რა უნდოდა გოგო, პიპას შებმას?! ერთ ორი თბილი სიტყვა და უკვე „გატოვი“ იყო!
მიმი წამოენთო, მაგრამ არაფერი უპასუხა უტიფარ ქალს.
„ჰმ, გეგონოს ერთი და ორი.
ყოველთვის თბილი ვიყავი მის მიმართ და რა ვიცი. ალბათ, მართლა არც არასდროს გასჩენია ჩემს მიმართ გრძნობა.
უბრალოდ, არც მოვწონდი არასდროს.“
- შენ თან ძაან მაგრად ევასები და ყველაზე საკაიფო ის არის, რომ შენ იმდენად ვერ ხვდებოდი ამას, რომ ადექი და გათხოვდი! - ქალმა ახალ სიგარეტს მოუკიდა. - ჰო, რას მიყურებ?! კინაღამ ყელი გამომჭრა შენზე, რომ რაღაც ვთქვი!
- რაა?!
- ხო! ჭიქა გადამატეხა ლამის თავზე! ხელზე ჯერ კიდევ ეტყობა ნაკერები! თუ არ გჯერა ჰკითხე!
აქაქანებული ქალის კლანჭებიდან ძლივს დაიძვრინა თავი. რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ყველგან როგორ ხილულ თუ უხილავ ნიღაბს უნდა გადაეყაროს? არც იმდენად პატარა გოგონაა, რომ ასე ადვილად მოტყუვდეს.
ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, ცალკე კი პიპას უცნაურ საქციელი უღრღნიდა გულს.
„თუ მართლა რამე გრძნობა ჰქონდა ჩემს მიმართ, იქ არ ვიყავი? არც იმდენად მორცხვია, სახლიდანაც ისე მოურიდებლად გამომაბრძანა და თანაც, არა ერთხელ!
არა! არა! ალბათ სხვებს აჩვენებდა ასე. ვითომ ჩემზე გიჟდებოდა და მერე კი ვითომ დარდობდა, „საწყალი“, როგორ უცებ მივატოვე და გავთხოვდი!
ჰმ! ამას უკვე აფერისტობა ჰქვია და მეტი არაფერი! რას იტყუება? ვის ატყუებს? ან რატომ?
ფიფოსაც აუცილებლად უნდა დაველაპარაკო! იაროს სადაც უნდა და ვისთანაც უნდა, მაგრამ რას მატყუებს, ან რას მებოდიშება?“
მიმი ფიქრებიდან, ძლიერმა ჭახანმა გამოაფხიზლა. ასე ეგონა, მის ზურგს უკან რაღაც გასკდა. დამუხრუჭება ძლივს მოასწრო, რომ მის წინ მიმავალ მანქანას ძლიერად არ შესკდომოდა. თუმცა ოდნავ, მაგრამ მაინც მოასწრო შეჭყლეტვა.
სანამ მიმი გადმოძვრებოდა. ორივე მძღოლი მის წინ გაჩნდა. ქალი, როგორც კი დაინახეს, ისე დაიწყეს მოქცევა, თითქოს მართლა მიმის ბრალი ყოფილიყო.
- არა რააა, ქალებს საერთოდ უნდა აუკრძალონ მანქანის მართვა!
- საჭესთან არ უნდა მიაკარო! თან ორსული!
- მომავალი დედა ხარ და გოგონი, შენს თავს თუ არ უფრთხილდები, ბავშვს მაინც გაუფრთხილდი!
- რას ერჩით ამ გოგოს?!
მიმის დასაცავად, ტაქსის მძღოლი და მისი მგზავრიც მოევლინნენ. თუმცა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ავარია მიმის უკან მომავალი მძღოლის გამო მოხდა, რის შედეგადაც მისი მანქანა, მხოლოდ წინა მხრიდან იყო დაზიანებული, მიმისი კი ორივე მხრიდან იყო შესაკეთებელი და ასევე, მიმის წინ მიმავალი მანქანაც არ იყო კარგ დღეში.
დამნაშავე მძღოლი, ზედმეტ პრობლემებს მოერიდა და სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება, მანქანების რემონტს თავისთავზე იღებდა. თუმცა, ისედაც ყველაფერი, მისი ბრალი იყო.
სახლში მისულ მიმის, მხატვარი ისევ სტუმრად დაუხვდა. სასტუმრო ოთახი ნიკოტინისა და ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენთილი. ცხვირ აბზუებული მიმი თავის ოთახში შეიკეტა.
არა, მაინც რა უიღბლო დღე იყო.
„დილიდანვე ასე იყო გაუფერულებული. უაზრო და უშინაარსო დღე. ხვალ ნეტა როგორი დღე მექნება? ხვალ პარასკევია, პიპაც და ფიფოც ერთად მიუსხდებიან სუფრას. რა საინტერესოა. კარგად უნდა ჩავხედო თვალებში. მისი გაყინული მზერა, თურმე ნიღაბი ყოფილა.
ჰმ, ისევ ნიღაბი, ნიღაბი... ნიღაბიიი...“
ფანჯრიდან ნაცრისფერი ნისლი შემოდიოდა. ცაც ნაცრისფერში გახვეულიყო. მიმის სიზმრად ჩაყოლილ სევდას უფრო ამძიმებდა უფერული ფერი.
ისევ ის ძველი სადარბაზო, მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი. თითქოს მსგავსი ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში უცხო და უცნობი. მიმი სიცივისგან კანკალებდა. წვიმისგან დასველებული პიპას პერანგი თეძოებს ძლივს უფარავდა. ირგვლივ ყველაფერი წყალს დაეტბორა. მხოლოდ სხვენში იყო სიმშრალე. სახურავის სარკმლიდან შემოჭრილ მკვეთრ სინათლეს, თვალს ძლივს უსწორებდა. რაღაც ხმები იყო. ვიღაც რაღაცას ეძებდა. ვიღაცას უხმობდა. ყველაფერი აირია, აიმღვრა და მერე ისევ მკვეთრმა შუქმა მოსჭრა თვალი. ყინულივით ცივი შუქი...
ცივი შუქი....
ცივი თვალები...
ყინულივით ცივი თვალები...
პიპას გაყინული მზერა...
სიცივისგან კანკალებდა...
რატომ ეცვა მიმის, პიპას სველი პერანგი?
მიმის ისე ძლიერ შეაჟრჟოლა, რომ საწოლში შეხტა და გამოეღვიძა.
უკვე კარგად დაღამებულიყო. ფანჯრებიდან ნაცრისფრის მაგივრად, ახლა ქუჩის ლამპიონების ყვითელი შუქი შემოჭრილიყო. პლედში თბილად გახვეულს, არც სველი პერანგი ეცვა და არც სიცივისგან კანკალებდა.
„ხვალ პარასკევია. იმ ერთ საღამოსაც ავიტან და მერე აღარასდროს, აღარასდროს აღარ ვნახავ! შევეცდები თავიდან ამოვიგდო, საბოლოოდ ამოვიგდო გულიდან და გონებიდან ის გაყინული კაცი!
დავიღალე! დავიღალე უკვე!“
LEX. 2017 წლის 19 დეკემბერი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment