130.
პიპამ იმავე ღამესვე დალაშქრა ის ეზო, სადაც მიმის და ფიფოს მანქანები შენიშნა.
ასე განმეორდა შემდეგ დღესაც და იმის შემდეგაც.
„ესე იგი, მიმიმ როგორც იქნა, გადაწყვიტა.
კარგია, ძალიან კარგი.“
მართლა გაუხარდა პიპას და გულზეც მოეშვა. საოცრად მოსწონდა ეს გოგო, უყვარდა კიდევ, მაგრამ საკუთარ თავსაც ბოლომდე არ უტყდებოდა ამაში და თავსაც იმართლებდა, მასზე ასე შეყვარებული გოგო, ასე ცივად რომ მოიშორა თავიდან.
მართლაც, რა აზრი ჰქონდა, მათი დროებით ერთად ყოფნას? ერთმანეთის გვერდით მაინც მომავალი არ ექნებოდათ და უკვე იმდენად უყვარდა მიმი, რომ გასატანჯად, ნამდვილად არ ემეტებოდა და მიუხედავად იმისა, რომ თავად სათოფეზე აღარ იკარებდა ამ გოგოს, მაინც გულით უსურვებდა ბედნიერებას და სიხარულს.
„ახლა მიმი მარტო აღარ იქნება და ეს ძალიან კარგიც არის! გვერდით ძლიერი ადამიანი, როცა გყავს, მაშინ...
ჰმ, და მერე არის, რომ ისეთი ძლიერი?
თუმცა, რას ვერჩი ფიფოს? პირადად მას რას ვერჩი? პირიქით, მადლობელიც კი ვიქნები, ჩემს შვილს თუ მიხედავს და კარგად გაზრდის.
და ცუდად რომ მოეპყრას?
სულს ამოვაძრობ და ისეთ დღეში ჩავაგდებ, რომ საკუთარი თვალით იხილოს თავისივე აღსასრული!
ან იქნებ, არც არის ჩემი შვილი? რა გარანტია მაქვს, რომ მართლა ჩემია და სულაც, ფიფოსი არ არის?
არა, მიმი ნამდვილად არ არის, ცუდი გოგო. პირიქით, ძალიან კარგი ადამიანია, საოცარი ბუნების გოგოა.
თუ ფიფოს, ბოლოს და ბოლოს ცოლად გაჰყვა, ერთადაც ცხოვრობენ და თავისთავად, შვილიც ხომ ეყოლებათ და იქნებ, სულაც არ არის მიმი ორსულად?
რა თავი ავიტკივე? რა მჭირს?
და თუ მართლა მიმი ორსულად არის და ფიფოც არაფერ შუაშია?
იქნებ, ფიფოს სულაც, თავისი ჰგონია ბავშვი?
და მაინც, ჩემი შვილი რომ იყოს?
როგორ გავიგო? როგორ?“
ამ ეტაპზე სიმართლის თქმა, მხოლოდ მიმის შეეძლო.
ან რატომ არაფერი უთხრა? ხომ შეეძლო მიმის ეთქვა, რომ...
იქნებ, ბევრჯერაც დააპირა, მაგრამ აბა, პიპა ისეთი სიცივით იღებდა და თანაც, გამუდმებით სულ დაშორებაზე ესაუბრებოდა. იმასაც კი უმტკიცებდა, რომ მათი უბრალოდ მეგობრობაც კი, გამორიცხული იყო და აბა ყოველივე ამის მერე, მიმი როგორ გაუმხელდა სიმართლეს?
მართლაც, რა გარანტია ჰქონდა მიმის, რომ პიპა აბორტს არ აიძულებდა?
ცოლად მოყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო!
და თუ მართლა ორსულად პიპასგან დარჩა და მას კი კატეგორიულად არ სურდა მიმის გვერდით ყოფნა, აბა რა უნდა ექნა ამ გოგოს? მარტოს რატომ გაეზარდა ბავშვი, როცა მის გვერდით საიმედო და საყვარელი კაცი იცხოვრებდა, უარი რატომ უნდა ეთქვა?
ალბათ, ამიტომაც აღარ ჩააყენა პიპა საქმის კურსში და ისე გაჰყვა ფიფოს ცოლად, რომ შეიძლება ფიფომაც კი არაფერი იცის ბავშვზე.
პიპას ფიქრისგან თავი უსკდებოდა. ხან ასე დააწყო აზრები, ხან ისე დაალაგა, მაგრამ მიმის, არც ერთ შემთხვევაში არ ამტყუნებდა და უწონებდა კიდეც მის ასეთ ნაბიჯს.
- ადამიანს, იმაზე მეტი არ უნდა მოსთხოვო, რის გაკეთებაც მას არ ძალუძს! - სულ ამას უმტკიცებდა აცრემლებულ თვალებიან გოგოს და ახლა თავად, რა უფლებით უნდა მოეთხოვა მისგან სიმართლე?
„და თუ მართლა ჩემი შვილია, მაშინ ფიფო გამოდის მოტყუებული?
ნეტა, თუ იცის სიმართლე? თუმცა...
იქნებ, მე არ ვიცი სიმართლე და სულაც მე ვცდები?“
***
კარი, შუახნეს გადაცილებულმა ქალმა გააღო. ზღურბლზე, უბრალოდ ჩაცმული კაცი, მორიდებით უღიმოდა. მოძველებული, უკვე დიდი ხნის წინ მოდიდან გადასული კეპიანი ქუდი, ლამის ცხვირამდე ჩამოეფხატა.
- ბოდიშს გიხდით ქალბატონო. მგონი თქვენთან გამომიძახეს. შეტყობინება შემთხვევით წამეშალა და ზუსტი მისამართი ვეღარ... - კაცმა პატარა იაფფასიანი ტელეფონი, ხელში შეატრიალა.
- რის გამოძახებაზე ხართ? - გაიკვირვა ქალმა.
- პიანინოს ამწყობი ვარ! - მიუგო კაცმა. - თუ პიანინო გაქვთ, სავარაუდოდ, თქვენთან უნდა ვიყო.
- პიანინო კი მაქვს, მაგრამ რა ვიცი, გენაცვალე? - თავი გააქნია ქალმა. - მე არავინ გამომიძახია.
კაცმა მხრები აიჩეჩა და მორიდებით დაიხია უკან.
- ბოდიში. - ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა უცნობმა.
- იქნებ, ჩემმა შვილმა დაგირეკათ?
- არ ვიცი? - კვლავ მხრები აიჩეჩა კაცმა. - ბოდიშს გიხდით შეწუხებისათვის. - მორიდებით მიუგო უცნობმა. - ალბათ, მისამართი არასწორად დავიმახსოვრე. ჩემი ბრალია. - კაცმა თავი ჩაქინდრა. - რას ვიზამ აბა? - ამოიხვნეშა უცნობმა. - ჩემი დაუდევრობის გამო, დღეს მომიწევს ასე უხელფასოდ დარჩენა. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა უცნობმა კაცმა და თავჩაღუნული ლიფტისკენ წავიდა.
- ერთი წუთით! ჩვენც გვაქვს პიანინო ასაწყობი. - ქალმა კარი ფართოდ გააღო.
კაცს თვალები გაუბრწყინდა.
ლამაზად მოწყობილ, დიდ სასტუმრო ოთახში, ანტიკვარულ ავეჯთან და ნივთებთან ერთად, თანამედროვე ელემენტებიც გემოვნებით იყო შერწყმული.
ტყავის რბილ სავარძელში ჩაფლული სტუმარი ქალი, ყავას მიირთმევდა და მოულოდნელად ოთახში შემოხეტებული, უნიათოდ ჩაცმული უცხო კაცი, უკმაყოფილო, მკაცრი მზერით აათვალიერა.
- როგორ საოცრად ლამაზი და საკმაოდ ძველებური პიანინო გქონიათ. - გაოცება ვერ დაფარა უცნობმა და ინსტრუმენტს სიყვარულით გადაუსვა ხელი.
- დიახ! ამ პიანინოს ჯერ კიდევ, ბებიაჩემი აგრიალებდა! - ამაყად წარმოსთქვა სტუმარმა ქალმა.
- ეტყობა კიდეც, რომ ანტიკვარულია. - ღიმილით მიუგო უცნობმა.
სტუმარმა ქალმა ცალყბად გაუღიმა. ალბათ, იქნებ აგრძნობინა კიდეც, შენ რა გესმის მაგდენიო.
- ძალიან სათუთი სამუშაო ჩანს. - მიუგო კაცმა, როცა პიანინოს თავი ახადა და გულდასმით შეუდგა მის დათვალიერებას. – შეიძლება, აწყობის დროს, უფრო დაზიანდეს, ამიტომ ძალიან შევეცდები, რომ საკმაოდ ფრთხილად ვიმუშაო.
- ჰოდა, თუ არ შეგიძლიათ, გენაცვალე, სულ ნუ დაგვიმტვრევთ! - გესლიანად მიახალა სტუმარმა ქალმა.
დიასახლისმა, სტუმარ ქალს მწყრალად გადახედა და თავის გაქნევით, სამზარეულოში გავიდა.
- ნუ ღელავთ, ქალბატონო. - მშვიდი ხმით მიუგო უცხო კაცმა. - თუ შევატყვე, რომ არ მომყვება აწყობაში, მაშინ დავანებებ თავს, ხელს აღარ ვახლებ.
- იმედია. - კვლავ უკმეხად მიუგო ქალმა.
უცნობმა არაფერი უპასუხა და თავის საქმიანობა განაგრძო.
სტუმარი ქალი წამოდგა და დიასახლისს უკან მიჰყვა, მაგრამ სამზარეულოში არ შევიდა, მხოლოდ კარში გაჩერდა, თითქოს სასტუმრო ოთახი, ბოლომდე არ ეთმობოდაო, ცალი თვალი მაინც უცხო კაცისკენ ეჭირა.
- ყველა ძაღლს და კატას, რომ უღებ კარს, რა იცი ვინ არის? - დაბალი ხმით შეუტია ქალმა დიასახლისს.
- კარგი, რა მოგივიდა? - წყენით უპასუხა დიასახლისმა. - აბა, აქედან რა უნდა წაიღოს ისეთი, რომ ვერ დავინახო? ოქროები და ბრილიანტები კი არ მიყრია ყოველ კუთხეში? შეუმჩნევლად, მაინც ვერაფერს წაიღებს!
სტუმარმა ქალმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და კვლავ უცხო კაცს გახედა.
- ჰმ, ამხელა ვაზები, ისე როგორ უნდა გაიტანოს, რომ ვერ დავინახო? - ჩაეცინა დიასახლისს.
- ოჰ, რა მიამიტი და ბრიყვი ხარ ამხელა ქალი! - კვლავ შეუფუცხუნა სტუმარმა. - კარგად დაათვალიერებს სახლს და მერე მოგისევს თავის ამფსონებს! წასაღებსაც კარგად ნახავენ და შიშით გულსაც გაგიხეთქავენ!
- კარგი ერთი, რაა?! მართლა, გულს ნუ მიხეთქავ! - შეუტია დიასახლისმა. - თუ ასე გეშინია, დარჩი ჩემთან, რატომ არასდროს ათევ აქ ღამეს? ახლა მაინც, მარტო რომ ვარ!
სტუმარმა არაფერი უპასუხა.
- ბოლოს და ბოლოს, შენი მშობლიური სახლია. - განაგრძო ისევ დიასახლისმა. - და აღარც მე ვარ შენთვის უცხო და ახალ მოყვანილი რძალი. - დიასახლისს ჩაეღიმა. - რა ხანია შეგეჩვიე.
მულსაც გაეცინა, რძლის ასეთ თავგამოდებაზე და ისევ უცხო კაცს გახედა, რომელიც ჩანდა, რომ მართლაც გულმოდგინედ იყო ჩაფლული თავი საქმეში.
- ნეტა ესმის რამე? თუ ტყუილად უჩიჩქინებს? უფრო არ აშალოს. - უკმაყოფილო ხმით დასძინა სტუმარმა ქალმა.
- ვნახოთ აბა შედეგი. შენ მთავარი ექსპერტი, აქ არ მყავხარ? - ირონიულად შენიშნა დიასახლისმა და სუფრის გასაწყობად სასტუმრო ოთახს შებრუნდა.
- თან ვივახშმოთ, თან ვიმუშაოთ. - ღიმილით გადახედა უცხობს.
- ნუ წუხდებით ქალბატონო. - მორიდებით მიუგო კაცმა.
- რა შეწუხებაა? აბა ერთი, ეს გამისინჯეთ. - ქალმა თეფში მიაწოდა.
- არა, ნუ შეწუხდებით! - იუარა კაცმა. - ვერ ვიმუშავებ მასე, მერე იყოს, როცა დავამთავრებ.
სტუმარმა ქალმა, ისევ ალმაცერად გახედა უცხოს. ამ კაცის ჩაცმულობის მიხედვით, თუ იმსჯელებდა, კარგად დანაყრებულს სულაც არ ჰგავდა.
თითქოს, უცნობიც მიუხვდა სტუმარი ქალის ფიქრებს და წამით თვალიც გაუსწორა.
- ხაჭაპურით ხელში, ნამდვილად ვერ ვიმუშავებ. - მიუგო ღიმილით უცნობმა. - თან მაშინ, როცა ხაჭაპური ცხელია.
სტუმარ ქალს ჩაეცინა და არც ის ჩამორჩა, მაშინვე უპასუხა:
- ისე, თქვენი პროფესიის პატრონი, ფრთხილად უნდა იყოთ, თითები რომ არ დაეწვას.
- ჰოო, ცხელი ხაჭაპური ისედაც საფრთხილოა და სხვათა შორის, არც არის რეკომენდირებული. - ასევე ღიმილითვე უპასუხა კაცმაც. - მაგრამ აი, ცხელ ჩაის კი, სიამოვნებით დავლევ, მხოლოდ უშაქროს.
„ესეც რა ჩემი სიძესავით არის, უშაქრო ჩაიზეა გაზრდილი.“
ჩაეღიმა დიასახლისს.
- და რამეს ხომ არ შეგვისრულებდით, კიდევაც? - ცინიკურად ხმით უთხრა სტუმარმა ქალმა.
- სიამოვნებით! როგორც კი ავაწყობ. - კვლავ ღიმილით მიუგო უცნობმა. - რასაც თქვენ ინებებთ! რომელ ნაწარმოებსაც მთხოვთ, იმას დავუკრავ, მაგრამ ჯერ მთავარია რომ ეს ინსტრუმენტი, ბოლომდე დაექვემდებაროს აწყობას.
- და, ნუ აიწყობა მერე? - მხიარული ხმით ჩაურთო დიასახლისმა. - ისედაც შეიძლება დაკვრა! თუმცა, მაინც არავინ იკლავს აქ თავს.
- რაც უფრო ძველი ინსტრუმენტია, მით უფრო სათუთია და საინტერესოა მასთან ურთიერთობა.- დაბალი ხმით დაუმატა უცნობმა კაცმა.
***
პიპა სახლში არ დაუხვდა. თუმცა, არც ჰქონდა იმედი. ბავშვი სიხარულით შეხვდა. ბევრი ეფერა, არ შორდებოდა. რამდენჯერმე ისე ძლიერად ჩაეხუტა, რომ მიმის ლამის მუცელი მოეჭყლიტა, წამით სუნთქვაც კი შეეკრა.
უკვე შესამჩნევად ეტყობოდა ორსულობა. პიპას სიდედრს ცოტა ეუცნაურა. ვერაფერს მიმხვდარიყო. პიპას ხსენებაზე, მიმის სახეზე კი ეწერა ყველაფერი, მაგრამ პიპა რატომღა იკავებდა თავს? თან ახლა მაინც.
„ნეტა პიპასგან არის ორსულად?
ან იქნებ, მიმი უკვე ამასობაში გათხოვდა, სანამ პიპამ ნაბიჯი გადადგა?
არადა, როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს.
პიპა ახალ ოჯახს შექმნიდა, თავის ცხოვრებას ახლებურად მოიწყობდა და ჩემი შტერი გოგოც, ვინმე ნორმალურს ნახავდა. აბა სახლში, სულ ერთმანეთს ჭამენ. ამათი ერთ ჭერ ქვეშ ყოფნა, უკვე მართლაც, რომ აუტანელია. ზოგჯერ მეშინია კიდევაც, რომ მართლა არ დახოცონ ერთმანეთი.“
ქალს მიმი ძალიან მოსწონდა. გულით უნდოდა პიპასთან დაეწყვილებინა და იმდენად უნდოდა, რომ საამისოდ შვილიშვილის გამოყენებასაც კი არ ერიდებოდა.
გამუდმებით უხსენებდა მიმის, როცა მარტონი იყვნენ რამე სასუსნავს მიაწვდიდა მიმიმ გამოგიგზავნაო, ასე დამაბარა ჩვენი საიდუმლო იყოს, არავის უთხრაო. ბავშვიც სიხარულით თავს უქნევდა და სიამოვნებით მიირთმევდა გემრიელ ნუგბარს.
გვიანდებოდა, პიპა კი კვლავ არსად ჩანდა. მიმიმ ვერც ის გაიგო, ჩვეულებრივ როდის იყო ხოლმე სახლში, ან საერთოდ, რამდენად დააგვიანდებოდა.
- ხანდახან, უნივერსიტეტშიც კი, ღამით რჩება ხოლმე. - უხსნიდა ბავშვის ბებია მიმის. - ზოგჯერ იმდენი სამუშაო აქვს და ისე დაათენდება თავზე, რომ ვერც კი იგებს.
- და ღამის თევა იქ რატომ უწევს? - გაიკვირვა მიმიმ. მისთვის ცოტა უცნაურიც იყო, ლექტორს რატომ უნდა ეთია ღამე უნივერსიტეტში, თუნდაც პროფესორის ხარისხით ყოფილიყო.
- აბა, ამდენი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და როგორ გინდა? - მიუგო ქალმა. - მერე რამდენი გამოგონება აქვს!
პასუხად მიმიმ გაუღიმა. ყოველ აქ მოსვლაზე, სულ ახალ-ახალ და საინტერესო რამეებს იგებდა პიპაზე და ჯერ კიდევ უკვირდა.
- მხოლოდ ჯერ მანამდე, აუცილებლად შემოირბენს ბავშვის სანახავად. - განაგრძო ქალმა. - მიუალერსებს, ცოტა თუ ადრეა, ეთამაშება კიდევაც, მერე დააძინებს და ისევ უკან მიბრუნდება უნივერსიტეტში.
- ძალიან მოსიყვარულე მამაა. - ოდნავ ნაღვლიანად გაეღიმა მიმის.
- საოცარი ადამიანია. - მიუგო ბავშვის ბებიამ. - ისე, თუ რამე სასწრაფო საქმე გაქვს, დავურეკავ! თუმცა, მაშინვე ან მიპასუხებს და ან არა, მაგრამ შეტყობინებას ხომ მაინც ნახავს? - ქალმა სტუმარს თეფში შეუცვალა. - ჩაის კიდევ დაგისხამ?
- არა, არა! უკვე საკმარისად მივირთი, გმადლობთ. - გაუღიმა მიმიმ. - საჩქარო საქმე არ მაქვს. ისე უბრალოდ, ჩვენი სამეგობრო იკრიბება და ყველას უნდა პიპაც, ჩვენთან ერთად წამოვიდეს, სულ ეს არის.
„უი, რა კარგია, სამეგობროო.“
სიხარულით გაუელვა გულში პიპას სიდედრს.
„პიპას მეგობრებს, არც კი ვიცნობ წესიერად. ყველას თავს არიდებს, თავის გულში იკეტება და ცოდვაა ეს ბიჭიც ასე მარტო! უნდა გაერიოს ხალხში. ახალგაზრდა კაცმა მეგობრების წრეში უნდა იტრიალოს!
იქნებ, მიმიმ დაიყოლიოს და წავიდეს. მეც შევუჩიჩინებ, თუ დამიჯერებს.“
ფიქრობდა ყოფილი სიდედრად წოდებული და ცდილობდა მიმისთვის კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვარი დაეძალებინა.
- მიმი დარჩი, არ წახვიდე რააა!!! - ბავშვი ისევ ჩაეხუტა.
- უკვე ძალიან გვიანია ბებიკო, მიმისაც მოსვენება უნდა. შენი ძილის დროც არის.
- კიდევ მოვალ! აუცილებლად გინახულებ მალე! მხოლოდ უნდა შემპირდე, რომ დაუჯერებ ბებოს.
- დავუჯერო ბებოს, დავუჯერო ბაბუს, დავუჯერო მამიკოს. - ყურებამდე გაიკრიჭა ბიჭი.
„დედას მართლა როგორ არასდროს ახსნებს.“
გაუელვა მიმის.
„ეჰ, არც ის იკლავს თავს. ნუთუ, შეიძლება საკუთარი შვილი ასე მოიძულო?
ნეტა მართლა ვის დაემსგავსა? ოჯახში ყველა თბილი და მოსიყვარულეა.“
მიმიმ ბავშვს საბანი ამოუკეცა.
- სანამ არ დაიძინებ აქ ვიქნები, არსად წავალ.
- მე დავიძინებ, შენ მალე მოდი. - წაიჩურჩულა უკვე თვალებმილულულმა ბიჭმა.
საკმაოდ გვიანი იყო, როცა ბავშვმა ჩაიძინა და მიმიმაც იქაურობა დატოვა. მთელი საღამო იქ იყო. დაუღამდა კიდეც, მაგრამ პიპა მაინც არსად ჩანდა.
ნელი ნაბიჯით მოუყვებოდა სადარბაზოს კიბეებს. ლიფტით სარგებლობას ხშირად ერიდებოდა, ზედმეტად დახშულ სივრცეს ისედაც ვერ იტანდა და ახლა უფრო მეტად, როცა ასეთ მდგომარეობაში იყო ლიფტისკენ გახედვაც არ უნდოდა, მით უმეტეს, თუ მაღალ სართულზე არ იყო ასასვლელი.
ბოლო ბაქანზე შეისვენა. მოაჯირს დაეყრდნო და ის იყო საფეხურზე ფეხი ჩამოდგა, რომ პიპამაც სადარბაზოში შემოაბიჯა.
მიმის დანახვაზე ისევ სიცილი ვერ შეიკავა. მიმიმ ცოტა იწყინა კიდეც. ვერ გაეგო რას ნიშნავდა მისი ასეთი საქციელი. ბოლო შეხვედრაზეც ასე მოიქცა, მაშინაც გემრიელად იცინა.
- რა გაცინებს არ მესმის? ვითომ ასე გაგიხარდა ჩემი დანახვა, თუ მასხრად მიგდებ?
- გამიხარდა. მართლაც ძალიან გამიხარდა და თანაც, ძალიან მეცინება. - პიპამ სიცილით გააქნია თავი. - იმიტომ, რომ შენზე არაფერი ჭრის. ბევრჯერ გთხოვე, აგიხსენი, უამრავი ფაქტებიც კი მოგიყვანე, თუ რატომ არ შემიძლია შენს გვერდით ყოფნა და შენ კი?
- სხვათა შორის, საქმე მქონდა! - თითქოს ნიშნის მოგებით მიუგო მიმიმ. - უსაქმოდ არ მოვსულვარ! თანაც ბავშვიც ვინახულე. თურმე, როგორ მომნატრებია. რა ძალიან საყვარელი და თბილია!
- კი კეთილია. თბილი და შენ ძალიან უყვარხარ. - მიუგო პიპამ თავისი ხავერდოვანი ხმით. - აბა, მამამისივით, გულცივი და მკაცრი კი არ არის!
პიპა კიბეზე ადიოდა, ნელ-ნელა უახლოვდებოდა. მიმის, რომ გაუსწორდა თვალებში ჩახედა. მიმის სუნთქვა შეეკრა. ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა.
პიპამ მხრებში ჩაავლო ხელი და ძალიან დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით უთხრა:
- რა გინდა ჩემგან? რას მოითხოვ?
მიმის ყბა აუკანკალდა. სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. წყლიანი თვალები დახარა.
პიპამ ღიმილით უშვა ხელი და კიბეზე ასვლა განაგრძო. ძლივს მოთოკა თავი გულში, რომ არ ჩაეკრა და ამიტომ სასწრაფო ხელი უშვა და კიბეზე ასვლა განაგრძო.
მიმი ერთ ადგილს მიეყინა. განძრევის თავი არ ჰქონდა.
პიპამ ორი საფეხური აირა და მიმის უკან მოხედა. მიმი ადგილიდან ისევ არ იძვროდა. ზურგს უკან პიპას მზერას გრძნობდა, მაგრამ ვერც უკან მოხედვას ბედავდა და ვერც კიბეზე ჩასვლას.
პიპას ჩაეღიმა. ამოიხვნეშა და უკან მობრუნდა.
- წამოდი. მიგაცილებ სახლამდე.
ისეთი საოცრად რბილი და ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, რომ მიმის სუნთქვა შეეკრა.
- წამოდი, წამოდი. რაღას დგახარ? - პიპა ფრთხილად შეეხო მკლავზე.
- არა, სახლში არ მივდივარ! - უცებ მოეგო გონს და ცოტა ხმამაღლაც მოუვიდა.
- სადაც მიდიხარ, იქ მიგაცილებ. - კვლავ აუღელვებლად მიმართა პიპამ.
- იყოს, ნუ წუხდები, მე თვითონაც მშვენივრად წავალ! - უკან არ დაიხია მიმიმ.
- კეთილი. - გაეღიმა პიპას, მიმის ხელი უშვა და ისევ კიბეს აუყვა.
როგორც ჩანდა, მიმი არ აპირებდა ახალი მისამართის გამხელას და აბა პიპა თავად, ხომ არ ეტყოდა უკვე ყველაფერი ვიციო, ამიტომ ზედმეტადაც აღარ დააძალა.
- სხვათა შორის, მართლა საქმეზე მოვედი შენთან! - გაიწკრიალა მიმის ხმამ.
პიპა შეჩერდა.
- გისმენ აბა! - ღიმილის შეკავება ვეღარ შესძლო პიპამ.
- იცი, იმ კაცმა გაიგიჟა თავი, გინდა თუ არა, ის ბიჭიც წამოიყვანეთო!
- ვინ კაცმა? ვინ ბიჭი?
- აი, შენ რომ დაეხმარე და ნათლიამისი პირადად შენ გეპატიჟება, ძალიან უნდა, რომ პატივი გცეს. თავისთან მიგიწვიოს.
- ჰაჰ! პატივის ცემა ერთად დალევაშია? - პიპას გაეცინა. - რომ არ მიყვარს ეს ქეიფობანა და ტოლჩებით შესმული ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - თხოვნა იყო და მეც გადმოგეცი. ნება შენია, როგორც გინდა.
- უჩემოდ, რომ იქეიფოთ, ვერა? - ისევ ეღიმებოდა პიპას.
მიმიმ არაფერი უპასუხა. ახლა უფრო მოეგო გონს და სადარბაზოს კარისკენ მტკიცე ნაბიჯებით წავიდა.
- მიმი!
მიმი შეჩერდა, მაგრამ უკან არ მოუხედავს.
- წამოვალ!
- რაა? - მიმი გახარებული შემობრუნდა.
- კარგი, წამოვალ! - მოაჯირზე დაყრდნობილი უღიმოდა პიპა.
მიმი სიხარულისგან გაიკრიჭა.
- მხოლოდ პარასკევს, დღის მეორე ნახევარში მცალია. უქმეებიც კი დაკავებული მაქვს.
- კარგი, გადავცემ და...
- სახელოსნოში გამოვივლი და იქიდან, ყველა ერთად წავიდეთ, რა თქმა უნდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რომელიმე. - პიპამ ისევ გაუღიმა და პასუხსაც აღარ დაელოდა ისე განაგრძოო გზა, რომ ლიფტის არსებობა არც გახსენებია.
- არა, რას ამბობ, ძალიან კარგია, რა კარგიაა!!!
LEX. 2017 წლის 27 ნოემბერი, ორშაბათი
(Photo by Tinatin Tskhvedadze)
No comments:
Post a Comment