Monday, February 12, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 127)

127.
შესვლისთანავე მოჰკრა თვალი. თითქოს, სულ არ შეცვლილიყო, ისევ ისე ამაყად იდგა, ძველებური პატარა როიალი. 
„ეჰ, ნეტა იმ დროს... ჰმ, როგორ დამაყარეს სიცილი.“
პიპას სევდიანად გაეღიმა. 
„შენ გეტყობა, პიანინოც არ გაქვს ნანახიო, - ჰაჰა, როგორ დამცინავად მომახალეს. თუმცა, სულაც არ მწყენია.
ერთი უთვისტომო ბიჭი ვიყავი, ვიღაც უცხო ბაბუს ანაბარად მიგდებული, თავი ყველაზე უბედურ ადამიანად მიმაჩნდა და თურმე, მაშინ ვყოფილვარ ბედნიერი.
ეჰ, როგორ ვერ ვაფასებდი იმ დროს.“
სხვენში მოწყობილი ოთახი, დიდ გაშლილ გალერეას წააგავდა. ნახევარდ წრიული ჭერი და დიდი მრგვალი სარკმელი, საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა. ძველებური ავეჯი იმდენად უსახურად გამოიყურებოდა, რომ ალბათ რესტავრაციასაც ვეღარ გაუძლებდა. ოთახის შუაგულში კი, სწორედ ის კარგად ნაცნობი, უკვე ძლიერ მოძველებული პატარა როიალი იდგა და სწორედ მის დანახვაზე შეეხუთა სული და გულში რაღაც მძიმედ ჩასწყდა. 
ბებიას, მაქმანებით გაწყობილ ფუშფუშა საწოლში ჩაფლულს ეძინა. პიპამ ფეხაკრეფით ჩაუარა მძინარე მოხუცს. ფრთხილად ახადა თავი ინსტრუმენტს და ის, საკმაოდ კარგად ნაცნობი მელოდიის პირველი აკორდები აიღო, ჯერ ძალიან ნაზად, თითქმის უხმაუროდ ააჟღერა, მერე უფრო უმატა ტემპს და აღარც შეჩერებულა.
ბებია გატრუნული უსმენდა. მერე ხელით ანიშნა მოდიო. ძალიან თბილად მიიღო, ცრემლად იღვრებოდა მის ფერებაში. 
- ამდენი წელი, რატომ იფიქრე? აქამდე, რატომ არ მინახულე? 
- არაფერი ვიცოდი შენზე. - ტიროდა პიპაც. - არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევიტყე, რომ ცოცხალი იყავი და თურმე, სწორედ იქ ცხოვრობდი, სადაც ერთი პერიოდი ბინასაც კი ვქირაობდი. 
- ის გარეწარი მამაშენი, რას აკეთებს? ფეხს ვერ მოდგამს აქ! სანამ მე ცოცხალი ვარ, არც გაბედოს აქ მოსვლა!
- არის რა, ორჯერ გადაიტანა ინფარქტი, ჯოხით დადის, მაგრამ თავი მაინც ამაყად უჭირავს.
- თავმომწონედ დადის, გაფხორილი ინდაურივით არა?
პასუხად პიპას ჩაეცინა.
- ეჰ, ყველაფერი მისი ბრალია! ყველაფერი! შენი გაუბედურებაც, მის კისერზეა და იმ საცოდავი გოგოს ნაადრევად შეწირული სიცოცხლეც, მის სინდისზეა! კიდევ როგორ დადის დედამიწაზე, რატომ მიწა არ გაუსკდება და ქვესკნელში არ ჩაიტანს! 
- კარგი, დამშვიდდი, რაც მთავარია მე ხომ აქ ვარ ახლა. - პიპამ მისი დამჭკნარი ხელის მტევანი, ხელებში მოიქცია.
- შენ ჩემი ბიჭი ხარ, ნამდვილად ჩემი სისხლი გაქვს. ამას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ აბა რას წარმოვიდგენდი, რომ... - ბებიას ისევ ტირილი აუვარდა.
პიპა მის დამშვიდებას შეეცადა. 
მოხუცს საუბარი უჭირდა, მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა:
- დედისერთა ახალგაზრდა პროფესორი, მერე ასეთი წარმომავლობა, ასეთი ოჯახის შვილი. - ბებიამ ამოიხვნეშა. - მერე ერთი კი არა, შთამომავლობით გადმოსული, რამდენიმე ცნობილი თაობის წარმომადგენელი! სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, ყველას თვალები ზედ რჩებოდა. თვითონ ხომ გულგრილი არავის მიმართ არ იყო. იმდენჯერ გაახვია ოჯახი შარში. იმდენჯერ მომჭრა თავი და დამაქცია. მერე თითქოს, ყველა მალევე ივიწყებდა ყველაფერს და მიუხედავად, უამრავი ჩახლართული ინტრიგებისა, მაინც ყოველთვის სასურველი სასიძო იყო. ეჰ, ქვეყანა ჩემს რძლობას ნატრობდა, მაგრამ... - ბებიამ წუთით იყუჩა და ისევ განაგრძო. - სოფლიდან ჩამოსული გოგო იყო. ერთი უბადრუკი მრავალშვილიანი ოჯახიდან. საშინლად შეუხედავი. ალალბედზე სახლიდან გამოგდებული. უსწავლელი და უჯიშო შთამომავლობის. სიტყვას სიტყვაზე ძლივს აბამდა. ნებისმიერ სამუშაოს ეძებდა, ღამის გასათევიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ბედმა გაუღიმა და საკმაოდ მდიდარ ოჯახში, ჯერ დამლაგებლად მოეწყო მერე კი, შესანიშნავი მზარეულიც აღმოჩნდა. რა არ გამოსდიოდა ხელიდან! უკუღმა, რომ ჩაეცხო, წაღმა ამოვიდოდა და ისეთნაირად მოახერხებდა, რომ გამოუსვლელს გამოიყვანდა. ალბათ, ესეც ნიჭია. ალბათ კი არა, მასეა! ერთადერთი მისი პრივილეგია და შარმი სისუფთავე და უზადო კულინარია იყო. - მოხუცი ისევ გაჩუმდა. თითქოს, კიდევ რაღაცის გახსენებას ცდილობდა.
- მერე? - პიპას შეკითხვამ ბებია ფიქრებიდან გამოაფხიზლა.
- მერე იმ ოჯახის ერთადერთი „პრინცი“ შეუყვარდა. არც ჩემი შტერი ბიჭი იყო გულგრილი. კინაღამ ჭკუიდან გადავედი. გული შემიწუხდა მისი ორსულობა, რომ გავიგე. ჩემი მზეჭაბუკი იმ გომბეშოს გვერდით! მაგრამ რა უნდა მექნა? გარეთ აბა როგორ გამეგდო? ჩემი შვილიშვილი, ჩემი სისხლი და ხორცი როგორ უნდა გადამეგდო?! და სულ იმას ვნატრობდი, ბავშვი იმ ქალს არ დამსგავსებოდა და გამიმართლა კიდეც, თუ ამას მართლა გამართლება ჰქვია! - ბებიამ ამოიხვნეშა. - ჰმ, ისე, კარგ დღეში კი ვაგდებდი, ჩემს „ნანატრ“ და ძალად შემოტენილ რძალს. სულ ვკბენდი, მაგრამ ღიმილით იტანდა და არასდროს შემპასუხებია! არასდროს გაუბედავს სიტყვა ჩემთვის! მიუხედავად აი, ამ ყველაფრისა, საუცხოო ნახელავს ყოველთვის ვუქებდი, არ მენანებოდა საქებარი სიტყვა! იმსახურებდა და იმიტომ! ჯოჯო იყო, შეუხედავი და ულაზათო, უგემოვნო, ჩაცმაც ძლივს ვასწავლე, ელემენტალური გემოვნებაც კი არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ, რა ხელი ჰქონდაა, რა სადილები იცოდა, ან რა საკმაზიი, უჰ!
- ახლაც იცის, სამზარეულოში შეუდარებელია! - ღიმილით მიუგო პიპამ. - გინდა, მოგიტანო რამე? რა გენატრება, აბა? სპეციალურად შენთვის გავამზადებინებ.
- არაფერი მაკლია, რატომ უნდა გააწვალო. - ბებია წუთით ჩაფიქრდა. - საუცხოოდ აკეთებდა ლეჩოს, რაღაც განსხვავებული რეცეპტით იცოდა.
- ჰოდა, მოგიტან! - პიპა ჩაეხუტა. 
ბებიაც ერთხანს გაყუჩული იყო.
- ახლა რას აკეთებს, ის თხა? შენს დაზე ვამბობ. ჭკუა და გონება, რომ არასდროს უჭრიდა, მაგრამ გულიც, თუ არ ექნებოდა, ამას რას წარმოვიდგენდი. 
პიპამ არაფერი უპასუხა, მის გვერდით მიწვა. მოხუცი თავზე ხელს უსვამდა:
- ჩემი ბიჭი... ჩემი გამწარებული ბიჭი... 
- დედა როგორი იყო? - წაიჩურჩულა პიპამ. -  მომიყევი დედაზე. შენ ხომ კარგად იცნობდი. 
- ანგელოზი იყო... - ბებიას ხმა გაებზარა. - ცაშიც ანგელოზივით გაფრინდა.
- ანგელოზებს მიწაზე რა დარჩენიათ ტანჯვის მეტი და ამიტომ ზეცას შეაფარეს თავი. მომიყევი რამე, გთხოვ.
- კარგი ბავშვი იყო. სულ არ ჰგავდა თავის ამპარტავან მშობლებს. ისე იბზუებდნენ ცხვირს, ვითომ მე არ მყოლოდა სახლში პროფესორი შვილი, ან მე თვითონ არ ვყოფილიყავი, პროფესორისა და მინისტრი მშობლების შვილი! - ბებიამ საჩვენებელი თითი, ზევით აღმართა. 
პიპას გაეღიმა.
- რაღაცას წვალებით მიაღწიეს, ორი კაპიკი იშოვნეს და თავი მოჰქონდათ! - განაგრძო მოხუცმა. - ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი ვიყავი ქალაქში. ძალიან ბევრს უარით ვისტუმრებდი. ქვეყანა მესეოდა, მაგრამ თუ ბავშვი, ნიჭიერთან ერთად, შრომისმოყვარეც არ იქნებოდა, უარს ვამბობდი! სამუსიკო სკოლის დირექტორი ვიყავი, მისი მშობლები რომ მობრძანდნენ და ზემოდან გადმომხედეს. სასტიკი უარი ვტკიცე. მართალია, ბავშვი ჯერ არ მენახა, მაგრამ საერთოდ არ მქონდა თავისუფალი საათი. თან დროც არ მქონდა  და თანაც, არც ის ხალხი მომივიდა თვალში. უნდოდათ, რომ მე თვითონ მევლო მათ სახლში და ორმაგს გადამიხდიდნენ. ჰმ, ეგონათ ფულს დავხარბდებოდი. არ მომეშვნენ, მაინც უარზე ვიყავი, მაგრამ მერე ბავშვი, რომ გავსინჯე, გაოგნებული დავრჩი. - ბებია წამით გაყუჩდა და მერე დაბალი ხმით დაუმატა. - ისევე, როგორც ერთ დროს, შენზე. მისი ნიჭი გადმოგეცა გენით, მისი თმის ფერიც, იმ წყეულ მამაშენს, უფრო მუქი თმა აქვს, თვალები კი... - ბებია გაჩუმდა.
- თვალები ვისი მაქვს? - პიპამ ღიმილით ჩახედა თვალებში.
- იცი, რამდენჯერ მიფიქრია... მამაჩემის თვალები გაქვს და გავხარ კიდეც ძალიან, იმდენად ძლიერად, რომ ზოგჯერ, რაღაცნაირადაც გამკრავდა გულში.
- ჰმ, ნუთუ ასე ძალიან?
- ხო, მხოლოდ შენ, ცოტა უფრო ღია ფერის თმა გაქვს. 
- მერე? მერე როგორ დაგითანხმეს? 
- დღისით სასწავლებელში ვასწავლიდი, დღის მეორე ნახევარში კი სახლში ვიღებდი კერძო გაკვეთილებს, მართლაც არ მქონდა თავისუფალი დრო და რადგან არ ასე მომეშვნენ, ამიტომ შედარებით გვიან ვამეცადინებდი. მხოლოდ ჩემთან მოდიოდა, სხვანაირად ვერ დამიყოლიეს. - ბებია კვლავ გაჩუმდა.
პიპა მოთმინებით ელოდა საუბრის გაგრძელებას და დიდ ხანს ლოდინი არც დასჭირვებია.
- ჩვენგან არც თუ ისე ახლოს ცხოვრობდნენ, რადგან გვიან ვამთავრებდით მეცადინეობას, ამიტომაც ხან დედა აკითხავდა მანქანით, ხან მამა. მერე ჩემი გათახსირებული და გარყვნილი შვილი შეუჩნდა და მას მიჰყავდა მანქანით სახლში ბავშვი. აბა რას ვიფიქრებდი, თუ ამხელა მუტრუკი, უკვე ლექტორი კაცი, ასეთ პატარა გოგონას თუ აეკიდებოდა. შეხედულად კი იყო წარმოსადეგი, მაგრამ რად გინდა? სინდისის გარეშე იცხოვრა მთელი ცხოვრება.
- თუ ასეთი მკაცრი და კაპასი მშობლები ჰყავდა, მიკვირს, როგორ არ მოგივარდნენ.
- მეც ბევრჯერ დავფიქრებულვარ მაგაზე. იმის მერე, რაც შენი ამბავი გავიგე, პირველი რაც იყო, ეგ გავიფიქრე. ალბათ, არაფერი თქვა სახლში იმ საცოდავმა ბავშვმა, თორემ მაგათ დააკავებდა ვინმე? ეჰ, ნეტა ეთქვა, მოვარდნილიყვნენ, დაელეწათ ყველაფერი, გოგონას ჩემთან გადავმალავდი და ვერც ვერაფერს დაუშავებდნენ! მაგათი ბრალია ყველაფერი. გველივით თვალები, რომ მოწრუპა დედამისმა, ის არასდროს დამავიწყდება.
- რატომ? რას გერჩოდა?
- ბავშვი, რომ პირველად მომიყვანეს სახლში და იმ გველეშაპმა დედამისმა ფეხი, როგორც კი შემოდგა, ბოღმისგან გასკდა. ეგონა, მარტო მის ოჯახს ჰქონდა ფული და ქონება. უგვანო! ნეტა ცოცხალია, თუ ჩაძაღლებულია უკვე?
- ჩაძაღლებულია!
- მართლა? შენ რა იცი?
- მე ჩავაძაღლე! - აღმოხდა პიპას.
- რა თქვი?!
- ჰო! მე! ჯერ ეგ და მერე მოგვიანებით, მისი ძვირფასი მეუღლეც მივახრჩვე ქამრით, როგორც... როგორც... - პიპას ხმა გაებზარა.
- ჩემი ბედკრული ბიჭი! - ბებია აქვითინდა. 
პიპამ ყელზე მოწოლილი აღსარება, ვეღარ შეიმაგრა. ის რაც, არასდროს არავისთან უთქვამს, აქ სულ ერთიანად გადმოაფრქვია და გული მოიოხა. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ისიც კი უთხრა, რომ თავიდან, საერთოდაც არც ნანობდა, ერთი წამითაც კი არ უფიქრია უკან დახევა, მაგრამ მერე...
- მაგრამ მერე რა? რა მოხდა მერე? - ვეღარ ითმენდა მოხუცი. - შემოგაწვა ხომ?
პიპამ ერთხანს იყუჩა. ხმას ვერ იღებდა. ბებია მოუთმენლად ელოდა, როდის მოუყრიდა პიპა სიტყვებს თავს.
- რატომ არის ხოლმე, რომ... - პიპა გაჩუმდა, მაგრამ მალევე განაგრძო. - სწორედ მაშინ გეძლევა საჩუქარი, როცა სულაც აღარ გჭირდება და უკვე აღარც იმსახურებ. მთელი ცხოვრება ბრძოლაში გავატარე, ფეხზე წამოდგომაში ვათენებდი და ვაღამებდი და როცა ჩემი შვილის უაზრო სიცოცხლისთვის, შური ვიძიე და თითქმის ბოლოში გავედი, აი სწორედ მაშინ, ზუსტად მაშინ შუბლში მომეხალა! რატომ მანამდე არ გამაფრთხილა? განგებას თუ ჩემთვის ბედნიერება სურდა, რატომ უფრო ბევრად ადრე არ... - პიპას ხმა ჩაუწყდა, სიტყვის გაგრძელება ვეღარ შესძლო.
- მომიყევი, ყველაფერი ბოლომდე მომიყევი და მე ავიღებ ჩემს თავზე! მე დამაბრალე! - მოსთქვამდა მოხუცი. - მე ვარ დამნაშავე ყველაფერში!
- ჰმ, შენ რა შუაში ხარ და ან ვინ დაგიჯერებს ან... ნუთუ, ამდენად გარეწარი ვარ, რომ ჩემი ნამოქმედარი, სხვას დავაბრალო?
- თავს მოვალედ ვთვლი! ჩემი იმედი გქონდეს, სანამ მე ცოცხალი ვარ.
პიპას ჩაეღიმა. ერთხანს, ისევ გატრუნული იყო. მერე კი ჩუმი ხმით დაიწყო:
- მომავლის იმედი მქონდა. ჩემი ცხოვრება თანდათან წინ მიიწევდა. წარმატებები არ მაკლდა და ყოველთვის მჯეროდა, რომ... - პიპამ თავი გააქნია. - ბედნიერებას ველოდი, მშვიდი ცხოვრების იმედი მქონდა! მჯეროდა! მწამდა!
- ზოგჯერ, რწმენა და იმედი, იმ ტელეფონის ზარის მოლოდინს ჰგავს, რომელიც იცი რომ უკვე აღარასდროს დარეკავს, მაგრამ მაინც ელი. მონუსხულივით შეჰყურებ რაღაც პატარა ყუთს და ერთი სული გაქვს, როდის აწკრიალდება. ის კი დუმს, თითქოს შენს ჯინაზე, ჯიუტად დუმს. 
- მეგონა, როცა ვალს მოვიხდიდი, მაშინ დავიძინებდი მშვიდად, მაგრამ უფრო გადამრია! სიცოცხლე და სიხარული შემაჯავრა! მხოლოდ ჩემი შვილის გულისთვის ვითმენ სიცოცხლეს! პატარაობიდანვე თითქოს, საყრდენს ვეძებდი. ამდენი იმედ გაცრუების მიუხედავად, მაინც მწამდა ადამიანების, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად შევეჩვეოდი და შევეთვისებოდი, ყოველთვის სწორედ ის გამომეცლებოდა ხელიდან და მერე ისევ ისე... 
- დამნაშავე ვარ შენს წინაშე, არ უნდა გამეგდე მაშინ სახლიდან. თვალიც ვერ გაგისწორე, ისე მიგითითე კარებზე! ვიცი, მწარედ გახსოვს და...
- მახსოვს! მივდიოდი ყურებჩამოყრილი და სასოწარკვეთილი. უკვე მერამდენედ მივდიოდი ასე იმედგაცრუებული. რამდენჯერ მითქვამს ჩემი თავისთვის, არ არის ეს ხალხი სანდო! არა! არავის უნდა შეეჩვიო ზედმეტად, ზოგი თავისით მიდის შენგან, ზოგი კი, ქუჩაში გაგდებს, მაგრამ მაინც ვერ ვსწავლობდი ჭკუას ვერა და ვერა! - პიპა ბალიშში თავჩარგული აბღავლდა.
- იმავე ღამესვე დააკავეს. - ძლივს ამოღერღა ბებიამ.
პიპა გაყუჩდა.
- იმ ნაწარმოების დაკვრა კულმინაცია იყო. - ბებიამ ამოიხვნეშა. - ბავშვებმა არაფერი იცოდით, ან რატომ უნდა გცოდნოდათ? თვეზე მეტი განყოფილებებში მარბენინეს, ხან სად და ხან სად. სირცხვილისგან, მიწის გასკდომას ვლამობდი. ერთი კი არა რამდენიმე საჩივარი იყო. რაც შემეძლო ვიცავდი, ოღონდ არ დაეჭირათ. მერე ერთ საღამოსაც, იმ გაგიჟებული კაცის თოფით შემოვარდნა და შენმა მუსიკამ ხომ საერთოდ დააგვირგვინა, კინაღამ ჭკუიდან გადავედით.
- მახსოვს, ყველაფერი მახსოვს.
- ოჯახში მიგიღე და ისევ მე გამოგაგდე გარეთ და იცი, რატომ? შენ რა შუაში იყავი, მაგრამ ვეღარ ვაზროვნებდი ისეთი დღეები მქონდა გამოვლილი და ჯერ არც კი ვიცოდი, როგორ დამთავრდებოდა. სახლში ისე მეჭირა თავი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ იმ მელოდიის გაწკრიალებისთანავე ამოხეთქა ყველაფერმა ერთად და... - ბებია ისევ დადუმდა. ამჯერად უფრო დიდი ხნით.
- ერთხელ, შენმა საწყალმა პატარა დედიკომ, ერთი მწვანე რვეულის შენახვა მთხოვა. - სიჩუმეში გაიფაჩუნა ბებიას გაბზარულმა ხმამ.
პიპა სმენად იქცა.
- იმ ნაწარმოებს ჩემთან ამუშავებდა. მარტო ჩვენ სამნი ვუსმენდით. მეტი არავინ იცოდა. ჯერ ცოლიც არ ჰყავდა მოყვანილი. სახლში მარტო ჩვენ სამნი ვისმენდით. მახსოვს, რვეულის შენახვა მთხოვა. მერე ვეღარ ვიხსენებდი, მაშინვე დატოვა თუ არა. ხან მეგონა, რომ მე შევინახე და ისე გადავმალე, ვეღარ ვპოულობდი. ისიც კი ვიფიქრე იქნებ, არც დაუტოვებია, ან ჩემმა იდიოტმა შვილმა გადამალა! და ერთ დღესაც შენ უკრავ იმ მივიწყებულ მელოდიას, სწორედ იმ დროს, როცა მთელი დღე სამინისტროებში სირბილში გავატარე, ვინ არ ჩავრიე, საღამოს კიდევ კინაღამ დაგვხოცეს და შენ უკრავ. მივხვდი, რომ იპოვნე. ჩემს სახლში ნახე. უკითხავად აიღე. თან ჩემიაო, მე დავწერეო! ჩემიაო, უსინდისოდ იბრალებდი. მაპატიე, გვაპატიე ყველას. გვაპატიე... - ბებია ისევ აქვითინდა.
პიპა უხმოდ ჩაეხუტა.
- მაინც, როგორი ძლიერი აღმოჩნდი, ბები გენაცვალე, ჩემი ნატანჯი ბიჭი... - ხმისა და ხელის კანკალით ეფერებოდა პიპას.
- ის რაც მე გადამხდა, სწორედ ეს მაძლევდა ყოველთვის სამოქმედო ძალას, მაგრამ ახლა დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია! დავიღალე! ამ ძალად მორგებულმა ნიღაბმა უფრო დამღალა, ვიდრე გაჭირვებული ცხოვრების გამოვლამ! დავიღალე! სულ დავიცალე!
- ეჰ, შვილო, ადამიანი ისე ეჩვევა მორგებულ ნიღაბს, რომ მერე საკუთარი თავის წინაშეც, სარკეშიც კი ნიღბით წარსდგება, მაგრამ შენ სულ სხვანაირი ყოფილხარ.
- სულიერი შიმშილი, ყველა შიმშილზე და სიცარიელეზე საშიში ყოფილა! ცარიელი ვარ! დაცარიელებული ძველი ჟანგიანი ჭურჭელივით! ჩემს სულს რომ ჩასძახო, ექოს მაგივრად ყმუილი აღმოხდება!
- დედამიწაზე, უამრავი ცოდვილია, იმაზე მეტი, ვიდრე სამყაროს არსებობა შეიძლება მოითვალო. - ბებიამ წამით იყუჩა. - შენ კი, მოიშორე იმაზე ფიქრი, ის რაც უკვე იყო და ვეღარაფერს შეცვლი! ამიტომ, წინ იყურე! შენს შვილს, მოვლა და გვერდით დგომა სჭირდება! მარტო ფული ხომ არ არის არა საქმე? მშობლის სითბო და სიყვარული უნდა. დედა ფაქტიურად არ ჰყავს, მოხუცი ბებია-ბაბუა სადამდე ეყოლება და ახლა მამაც აღარ ჰყავდეს? რა დააშავა ბავშვმა?
- ამართლებ ჩემს საქციელს?
- არ გამართლებ! გამტყუნებ კიდეც, მაგრამ ამით, ხომ არ მთავრდება ყველაფერი? დაივიწყე! მოიშორე! მოჰკიდე შენს ბიჭს ხელი და წადი, სულ სხვა მხარეს იცხოვრე! სულ თუ არ გადაიხვეწები, რაღაც წლები მაინც სიმშვიდეს მოიპოვებ. 
- ჰმ, გისმენ და ვხედავ, რომ სადღაც მაინც ამართლებ ჩემს საქციელს... თითქმის ამართლებ.
- თითქმის და არა მთლიანად, ამაშია საქმე! ჰოდა, რა გიშლის ხელს? მოჰკიდე-მეთქი ბიჭს ხელი და წადით ამ წყეული ქვეყნიდან!
პიპას ჩაეღიმა. ბებია შვილიშვილის დაცვას ცდილობდა. სასჯელს უნდოდა გაერიდებინა, ოდესმე ხომ მაინც მოადგებოდნენ, ამიტომ რაც შეიძლებოდა უბიძგებდა, რომ როგორმე, დროულად დაეტოვებინა ქვეყანა. 
- და სად წავიდე?
- შენი ნიჭის პატრონი, არსად დაიკარგება. მაინც რა გაჩერებს აქ? ყოველთვის იცოდე, რომ მხნეობა, უდიდესი იარაღია! მაგრად უნდა იყო! არ გაქვს მოსუსტების უფლება! და რაც შეიძლება, დროზე მოაბი თავი და...
- რომ არ წავიდე? - ჩაეცინა პიპას. - გეშინია, რომ დამიჭერენ და...
- ჰო, მეშინია! მეშინია! ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ! ვიტყვი, რომ მე გიბიძგე და შენ მხოლოდ ასრულებდი, მე ვიყავი ყველაფრის თავი და ორგანიზატორი! მე! მე! 
- კარგი, კარგი, დამშვიდდი. - პიპას ხმამაღლა გაეცინა. - წასვლაზე მეც ბევრჯერ ვიფიქრე. ვაპირებდი კიდევაც, ყველაფერი ისე მქონდა ბანკში გადანაწილებული, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, არსად არაფერი გამიჭირდებოდა, მაგრამ მერე თითქოს, რაღაც აირია. ყველაფერი აირია.
- რა ყველაფერი? რაღაცას ბოლომდე არ ჰყვები. - მოხუცმა გამომწვევად ისე ჩახედა სახეში, რომ პიპამ თვალი აარიდა.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
- შეიძლება კიდევ ერთი შვილის მამა გავხდე. - დაარღვია დუმილი პიპამ. - არ ვიცი ზუსტად, ზოგჯერ დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ჩემია.
- რა უნდა მაგის გაგებას, მერე? - ჩაეცინა მოხუცს.
- თვითონ არ მეუბნება, არც მე ვეკითხები. იქნებ, არც უნდა რომ საერთოდ ვიცოდე.
- რა თამაშია? რა დროს მაიმუნობაა, როცა საქმე ბავშვს ეხება? 
- არ ვიცი, შევეცდები გავარკვიო. ჩემი მოვალეობაა ყველაფერი ვიცოდე, ის რაც მე მეხება.
- მოვალეობა? მოვალეობა კი არა, ვალდებულებაა!
ერთ ხანს იყუჩეს, მერე ბებიამ ჩუმი ხმით დაიწყო:
- დაჭრილი მწვანე პომიდორი ნიგოზში და სუნელებში, არ ვიცი ასეთს რას უშვებოდა... უჰ...
- მოგიტან. აუცილებლად მოგიტან!
ბებია მართალი იყო. მართლაც რაღას ელოდა, ან ვის ელოდა? ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაერკვია იყო თუ არა მიმის ბავშვის მამა. მართლაც, რა მაიმუნობა იყო? 
რამდენიმე დღე, მიმის სახლის ახლოს იწრიალა. ტელეფონზე დარეკვას მოერიდა. უნდოდა, ვითომდა, შემთხვევითი შეხვედრით ესარგებლა, მაგრამ ვერც დილით ადრე და ვერც გვიან ღამით, მიმის მანქანა ეზოში ვერ დალანდა. 
„საინტერესოა სად არის? საკურორტო სეზონიც კი არ არის, რომ სადმე დასასვენებლად იყოს. იქნებ, მაინც წავიდა?
იქნებ, მანქანა გაუფუჭდა? ან იქნებ, სულაც გამოცვალა? შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, რატომაც არა! ჰაჰ, მაგის საშუალება არა აქვს, თუ რა?“ 
ფიფოსგან განსხვავებით, პიპამ მიმიზე, ყველაფერი დეტალებში იცოდა. თუმცა, მიმის მონაყოლის გარეშეც მშვენივრად გაიგო. თავისი ნიჭის წყალობით, ძალიან ადვილად შეაღწია მიმის დაფარულ ფაილებში და იქიდან გახდა მისთვის ცნობილი, რომ მიმი, ერთ-ერთი დიდი კომპანიის, საკონტროლო პაკეტს ფლობდა და ხალხის მოსაჩვენებლად, ოფიციალურ პირად, სულ სხვა განაგებდა, მიმის ვინაობაც კი დაფარული იყო. 
ფიქრებში ჩაძირული პიპა, სახლისკენ მიუყვებოდა, როცა შორიდანვე შენიშნა, თუ როგორ ჩაუხვია მიმის მანქანამ და სადღაც ეზოში შევიდა.
პიპა მოპირდაპირე კორპუსის სადარბაზოდან შეეცადა ეთვალთვალა, მაგრამ იქიდან მხოლოდ, ეზოში შესასვლელი თაღი მოჩანდა და მეტი არაფერი. ისევ როგორმე ეზოში უნდა შეეღწია და ისე გაერკვია. თუმცა იქნებ, სულაც მალევე გამოსულიყო.
„იქნებ, ვინმესთან სტუმრად არის მოსული? ხომ შეიძლება? რატომაც არა!“ 
პიპა ვეღარ ითმენდა. უკვე საათზე მეტი იყო ჩასაფრებული და როგორც ჩანდა, მიმის მანქანა არც აპირებდა ეზოდან გამოსვლას.
ის იყო, პიპა სადარბაზოდან უნდა გამოსულიყო, რომ იმავე ეზოში, ახლა ფიფოს მანქანამ ჩაუხვია.
LEX. 2017 წლის 15 ნოემბერი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment